ბოჰუმილ ჰრაბალი „მეტისმეტად ხმაურიანი მარტოობა“. ჩეხურიდან თარგმნა სულხან მუხიგულაშვილმა. თბ. „დიოგენე“, 2016.
„რაც არ გკლავს, გაძლიერებს“
ნიცშე
შენობაში, სადაც რამდენიმე ათეული ათასი წიგნია, საინტერესოდ ჟღერს, თუ ერთ-ერთი წიგნის გარეკანმა, რომელზეც დიდი ცისფერი თვალებით, შეშინებული სახით და ბინძური სამოსით, მარიონეტია გამოსახული, თვალი მოგჭრა. მაგრამ იმდენადვე აღარაა საინტერესო, როცა ამავე წიგნს, იმ ეპოქაში, სადაც მთელი რიგი ბინარული ოპოზიციები ყრია კიჩ ლიტერატურ ნაგავსაყრელზე, სახელად „მეტისმეტად ხმაურიანი მარტოობა“ ჰქვია. ეს უკანასკნელი მე-20 საუკუნის ჩეხ მწერალს, ბოჰუმილ ჰრაბალს ეკუთვნის, რომლის არსებობა აქამდე არც კი გამეგო და საერთოდ არსებობა, როგორც ასეთი, ან სულაც, როგორც ისეთი, ამ წიგნის შემდეგ მეტ-ნაკლებად პირობითიც კი მოგვეჩვენება.
რომანის პროტაგონისტი ხანშიშესული მამაკაცი ჰანტაა, რომელიც 35 წელია მაკულატურაზე იმ სარდაფში მუშაობს, სადაც სუფთა არაფერი მოიძებნება, გარდა პერსონაჟის ცნობიერებისა. პერსონაჟი საკუთარ თავს ცოცხალი და მკვდარი წყლით ავსებულ დოქს უწოდებს, რომლის ოდნავ გადახრის დროს სიბრძნე გადმოიღვრება, რადგან მაკულატურასთან განსაკუთრებულმა დამოკიდებულებამ განაპირობა ის, რომ იგი თავისდაუნებურად ერუდირებულია. ჰანტას მიმართება როგორც წიგნებთან, ისე მაკულატურის დამწნეხავ მანქანასთან, ავტორს ძალიან ორიგინალურად და სკურპულოზულად აქვს აღწერილი: „ჩემს ირგვლივ სამყაროს შევეზარდე, იმიტომ, რომ როცა ვკითხულობ, კი არ ვკითხულობ, არამედ ყოველ ლამაზ წინადადებას ნისკარტში ვიქცევ და კამფეტივით ვწუწნი, დიდხანს ვაგემოვნებ, თითქოს ლიქიორს ვსვამო“.
ერთი მხრივ, ჰანტა ქართული ლიტერატურისთვის ნაცნობ გმირს, ვასიკო კეჟერაძეს მოგვაგონებს, მაგრამ მათ შორის განსხვავება ისაა, რომ ჰრაბალის შემთხვევაში პერსონაჟს წიგნებთან არცთუ ისე საკრალური დამოკიდებულება აქვს. ტექსტს ლაიტმოტივად გასდევს პერსონაჟის ინტუიცია, რომ ერთ დღესაც საწოლის ზემოთ დამაგრებული ფიცარი ჩატყდება და ორი ტონა წიგნი მიწაზე გააბრტყელებს მას.
რაც შეეხება ნაწარმოების ექსპოზიციებს, სადაც პერსონაჟი მის საქმიანობაზე საუბრობს, ეს შეიძლება იმის კლასიკურ მაგალითად იქცეს, თუ რამხელა ოსტატობა სჭირდება ფორმისა და შინაარსის ასეთ ადეკვატურ სინთეზს, რომლის შედეგმაც პრაქტიკულად გამათვითცნობიერებინა უოლტ უიტმენის სიტყვები პოემიდან „ბალახის ფოთლები“: „წერისას, მე ვმოქმედებ შენი ენით შენსავე პირში, რადგან ჩემში ის აღარაფერს წარმოადგენს“.
მართლაც, როდესაც ჰრაბალი საუბრობს ჰანტას პროფესიაზე, რომელიც ჰიდრავლიკურ წნეხში მაკულატურის გატარებას გულისხმობს, იგი ჰიდრავლიკურადვე ჩახვეული წინადადებებით მოგვითხრობს ყოველივე ამას, რითიც ენას ფიზიკურ დისკომფორტს უქმნის და ენის გასატეხივით გვიწევს ამ პასაჟების წაკითხვა. აქვე, უდავოდ აღსანიშნავია მთარგმნელი სულხან მუხიგულაშვილი, ჩვენ სწორედ ამ პასაჟის თარგმანი შეგვიძლია მის მაგნუმ ოპუსად ჩავთვალოთ.
„მეტისმეტად ხმაურიანი მარტოობა“, რასაკვირველია, პოსტმოდერნისტული კონცეპტების მთლიანობაა. გარდა იმისა, რომ მკითხველი ხშირად გადააწყდება გერმანული კლასიკური ფილოსოფიის წამყვანი ფიგურების ციტირებას, იგი აგრეთვე ხშირად შეხვდება გაცოცხლებულ ქრისტესა და ლაო-ძის. ავტორი ცდილობს ორი ძველი პერსონაჟის არსებითი თვისებების, პრინციპებისა და მოქმედებების აღწერით შექმნას ახალი, პოსტმოდერნისტული ტექსტი. მკითხველი ხანდახან ერთდროულადაც კი ამოყოფს თავს სხვადასხვა დროსა და სივრცეში. ერთი მხრივ, თუ კვანძი იკვრება კანალიზაციის მილებში, სადაც რუხ და შავ ვირთხებს გაცხარებული ომი აქვთ, მეორე მხრივ ინტრიგა სარდაფში მწიფდება და იქვე აღწევს ნაწარმოები მთავარ კონფლიქტს.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სარდაფში სუფთა არაფერია, თვით ჰანტაც კი, რადგან ძალიან იშვიათად იღებს შხაპს. ასეთი ჭუჭყიანი მუშა, რომელიც 35 წელია ჰიდრავლიკური წნეხით მაკულატურას წნეხს და წნეხს მაკულატურას ჰიდრავლიკური წნეხით და არჩევანი რომ ჰქონდეს სხვას მაინც არაფერს აირჩევდა, გადაეყრება აპრიორ ბინძურ ბოშა ქალს, რომელთანაც რომანტიზებული ურთიერთობა ექნება. ჩვენ გვაქვს მოცემულობა, სადაც ორი ჭუჭყიანი პერსონაჟი იყრის თავს, მაგრამ ავტორი რაციონალურობას უპირისპირდება და ტექსტში დეკონსტრუქცია ხდება. იგი ისე ესთეტურად მოგვითხრობს ამ, ერთი შეხედვით ამაზრზენ და არაესთეტურ ეპიზოდს, რომ მკითხველს საერთოდაც ავიწყდება ის ბინძური რეალობა, რომელშიც, დიდი ალბათობით, საშინელი სუნი უნდა იდგეს.
მიუხედავად იმისა, რომ რომანი ტრაგიკულია, ტექსტის მრავალფეროვნებას ქმნიან კომიკური ლიტერატურული დისონანსებიც. ერთ-ერთ ბარში ყოფნისას მოულოდნელად კარი იღება, საიდანაც გოლიათი შემოდის. მისი ბრუტალური ქმედება, კერძოდ სკამის დამტვრევა, ნაწარმოების ქრონოტოპოსს რეპრესიულს ხდის. მკითხველი ემზადება იმისთვის, რომ ფრეიტაგისეული კლიმაქსიზაცია მოხდეს. სადაცაა გოლიათმა უნდა დახოცოს ხალხი, რომ უცაბედად იგი სკამის ფეხებით დირიჟორობას იწყებს. პერიპეტიული ცვლილება, ტექსტის შინაარსიდან გამომდინარე, ვერ ინარჩუნებს კომიკურობას და პასაჟის დასასრული ისევ და ისევ ტრაგიზმით სავსე პათოსში გვაბრუნებს, სადაც ნაწარმოების მკაცრად დეტერმინირებული ხაზია, მას კი დიდი უბედურებისკენ მივყავართ.
ჟან-პოლ სარტრი ესეში „რატომ ვწერთ ჩვენ“ ამბობს, რომ კითხვა შედგება ჰიპოთეზების, ოცნებების, უეცარი გამოფხიზლების, იმედისა და გულგატეხილობისაგან. მართლაც, „მეტისმეტად ხმაურიანი მარტოობის“ კითხვისას, მკითხველის ცნობიერებაში მალევე გაჩნდება ჰიპოთეზა, თითქოს ჰიდრავლიკური წნეხის მანქანა რეიფიცირებული, განივთებული ცხოვრებაა, რადგან ეს ორი უკანასკნელი ერთმანეთს უფრო და უფრო ემსგავსება: „ყველაფერი, რაც ამქვეყნად მინახავს, წინ მიდის და უკან ბრუნდება, როგორც ვთქვათ საბერველი სამჭედლოში ან ჩემი წნეხი“
ტექსტის მხატვრულ სრულყოფილებას ემატება კიდევ ერთი ფაქტორი. ავტორს კარგად აქვს გააზრებული, რომ ნებისმიერი სრულიად დეპოლიტიზებული ტექსტი აბსურდია და მის ნაშრომში სოციალურ-პოლიტიკურ მოვლენებს, შეიძლება ითქვას, ცენტრალური ადგილიც კი უკავიათ. ერთ დღესაც ჰანტა გაიგებს, რომ მისი სამუშაო დაზგა, რომელთან ერთადაც აპირებდა პენსიაზე გასვლას, სულ მალე ამოწურავდა საკუთარ თავს, რადგან მის წნეხის მანქანას ქალაქში გიგანტური, რობოტიზებული წნეხის მანქანა ჩაანაცვლებს, რომელსაც სოციალისტური შრომის ბრიგადიდან მართავენ. ავტორი ინდივიდისა და კოლექტივის ანტაგონიზმით ცდილობს, აღწეროს ის იდეოლოგიური კრახი, რომელიც საბჭოთა კავშირის სახელთანაა დაკავშირებული: „მე იმის შეგნებამ შემაშინა, რომ ეს გიგანტური წნეხი სასიკვდილო დარტყმაა ყველა პატარა წნეხისთვის, მივხვდი, რომ ის, რასაც ახლა ვხედავ ახალი ეპოქის დასაწყისია, ახალი აზროვნების სტილია“. ჰრაბალი, ყველაფერთან ერთად, ბევრი სხვა მწერლისგან სოციალიზმის კრიტიკითაც გამოირჩევა. მისი მიკუთვნება გაგვიჭირდება იმ მწერალთა და ინტელიგენტთა რიგებს, რომლებიც საბჭოთა კავშირის კრიტიკიდან დაიბადნენ. ჰრაბალის უარყოფითი დამოკიდებულება სოციალიზმის მიმართ საერთოდ არაა რომანტიზებული. იგი იქვე დასძენს, რომ ახალი ჰიდრავლიკური მანქანა მეტად გამართული და მომგებიანია ძველთან შედარებით.
მართლაც, ზემოთ აღნიშნული პოლიტიკური ფაქტორები ჰანტასთვის ფატალური აღმოჩნდება და სულ მარტოდმარტოს დატოვებენ ჰიდრავლიკური წნეხის, ან უკვე საკუთარი თავის, ან სულაც ცხოვრების პირისპირ, რომელშიც ჰანტა საგნების, სხვა პერსონაჟების და საკუთარი არსებობის მწარმოებელია. დასაწყისშივე ვთქვი, რომ არსებობა, ამ წიგნის შემდეგ პირობითი ხდება, ნაწარმოების ფინალი კი იმაზე მიგვანიშნებს, რომ ნიცშე შეცდა. ხანდახან იმან შეიძლება მოგკლას, რაც ოდესმე გაძლიერებდა.
© არილი