გაზაფხული
ის, რაც ყველასთან მოდის,
მე უნდა შემემთხვეს:
იისფერი დეციბელები,
ყურებში რადიოები,
მემბრანები გასკდომაზე…
როდის იყო ასეთი ხმამაღალი
გაზაფხული?
გადაშენებული რომანტიკოსივით მოდიოდა,
მუქთი სიმართლე მოქონდა,
უწვალებელი, თითქოს,
ღია ბარათში ცხოვრობ,
რომელსაც, უქმეებზე,
ახლობლებთან ეგზავნები, იების ბუჩქით,
ალიტერაციის პრეტენზიული თანხლებით.
მთლიანად რომ ამოვბარგდე,
ამ გაპრიალებულ ქვეყნიდან:
ზღვა – ჭიქაში, პალმები – ლიტრიან ბოთლებში,
მერცხალი – ტანზე
და იისფერი ორკესტრების ხელმძღვანელობა!
უკან დამრჩეს გაძვირებული ელექტრონი
და გაზის სუნი,
პასიურობა, თითქოს, იები,
იქით მწყვეტენ,
მაჯების დაუცველობა
რეკლამირებული სამართებლის წინაშე,
შალს ვიხდი, ლამის, კანიანად,
გაზაფხული შემემთხვა…
ირაკლი ფარჯიანს
სად გინახავს ასეთი ყვავილები?
ძონძების მაღაზიებში?
ტალახიან ორღობეს რომ
შინაგანი ცეცხლი წაუკიდო?
თავფურცელი – ხავერდის ხმიანი,
დანარჩენი – აბრეშუმზე გასმული ფრჩხილის,
გულში – თაფლი,
გაჭირვებული კაცის მინიშნება ფუფუნებაზე. . .
აშკარა მიდრეკილებისთვის სად ეცალა?
სანთლები ჰქონდა საყიდელი,
სახარების ფურცლები გასაჭედი
ცხვრების და წმინდანების კომპოზიციით,
თბილ სიცარიელეებში – ტექსტით,
შუაში, აუცილებელი ბილიკით, რომელიც,
წესით, ჰორიზონტალური უნდა იყოს,
ბალახში ჩაწვენილი, არადა, შვეულია,
ცვილისფერი რომ გაამკაცრო, ისეთი.
საიდან იღებს ამ თეთრს?
რომელი ონკანის ქვეშ რეცხავს
და ცისკენ უშვებს?
ღმერთს უყვარს მისი მშიერი მხატვრობა,
თვითონაც ამ გზით წაიყვანს. . . .
რატომ?
მოკვდა ლექსი. ღამე მომივიდა თავში,
ადგომა დამეზარა, არ მეგონა თუ დამავიწყდებოდა,
ისე გულმოდგინედ ვაშენებდი,
სამკუთხედის ფორმა ჰქონდა,
წყვეტიდან დავიწყე, მერე გავშალე,
უადგილოდ გამახსენდა, ერთ
მწერალს რომ აფრთხილებდნენ:
-ზედსართავს არ ენდოო!
ჩემს შემთხვევაში, მეტაფორას
და თუ სისხლიანი ბოლოთი
ჩემსკენ მოვაბრუნებ,
სილამაზის შესაძლებლობით გამფრთხილებლებისკენ?
მაგ. “ვარდბულბულიანის” მუსიკა ხომ ფაქტია,
თეიმურაზი, ტრაგიკული, მაგრამ არარუსთაველი,
ფაქტი,
ამ ორი ფაქტიდან ერთ
ბულბულის ყეფას ვერ ამოვიყვან
სტვენის ნაცვლად? (საშაქრეების გადატრიალება,
ამბოხი)
ზედსართავი უწყინარი ანგელოზია
მეტაფორასთან შედარებით, სადაც
ყელაფერი აზელილია: დედა,
სისხლი, ტყუილი,
ბავშვობიდან წითელ რძეს ვსვამ.
– მეტაფორას არ ენდოო! მაფრთხილებენ
რაღა დროს ჩემი ჭკუის სწავლებაა?
ვენდე და ეგ არი!
* * *
რას უნდა გამოაკლო შენი თავი,
რომ ნაშთი დარჩეს?
სახის ნაწილი, მაჯის ყოყმანი
ამოვარდნის წინ,
დაუხამხამებელი სინათლე თვალებში?
იმ კაცის ნახევარს, რომელიც
ყოველდღე კვდება ბურთულებიან საწოლში,
მიწაზე, ყაზარმაში,
სისხლს მტვერში მოათრევს
და მოდის შენთან?
ის უფროა შენახული
მეხსიერების ფსკერზე,
რომელსაც შენ აკრიალებდი,
შუშის ჭურჭელივით,
მისი ბოლო ამოსუნთქვა
ყელზე გაინასკვე სქლად,
ჯერ კიდევ, მგრძნობიარემ
სიცივის მიმართ!
ამ ნაშთებს შორის პლუსი,
უკვე, სითბოა,
სულ ბოლო სიმართლე,
ვარსკვლავებზე დაყრდნობილი. . .
ალქიმიკოსი უკუღმა
სახეზე უნაკვთობა,
ერთი თეთრი ლაქა,
წერე,წერე, იკითხე, იკითხე,
კონცერტებზე სიარულმა
უსმენობის ლოკოკინები
ამოგიგდო ყურებიდან,
აბსოლუტური ნიჟარები დაგიტოვა,
მუსიკა…
სულ ოქროსაც ვერ შეჭამ,
ანემია დაგემართება, ვიტამინები გჭირდება:
ცოტა ვაშლი, ცოტა რევოლუცია,
მაგრამ ლუ-ში-კუნის დამტვრეული თითები,
სისხლი? იმდენი, რომ ვერ მოინელებ,
100 ვედრო დაჭყლეტილი პამიდორივით,
ლოყაწითელ აღსარებაში
არ არის მონანიება…
თუ მარცხენა თვალი გაცდუნებს,
მარჯვენათი სილამაზე ამოთხარე!
ორივე თვალი შეგრჩება,
შენი დეკადანსიც დაიღალა სიმაღლით,
ხომ გინდოდა ქუჩაში გასვლა,
XIX საუკუნის ხალხოსანივით,
ლიტერატურის ჩამორიგება ყველასთვის,
როგორც თეთრი, უცხო პურის
ღარიბულ სადილზე…
(c) “ცხელი შოკოლადი”