პოეზია

ლია სტურუა – ახალი ლექსები

თურმე

ვზივარ. ველოდები.

რატომ არ მოდის ის კაცი,

სინათლეში რომ ჩავიფიქრე?

მეგონა, არწივი უჭამს ღვიძლს,

თურმე, C ჰეპატიტი,                                                             

ე. ი. სინათლესთან დაკავშირებით

თავს ვიტყუებდი?

მაგრამ “თურმე” ის ყოყმანია,

მეტაფორაში რომ გადადის,

თურმეობითი – ჩემი სიმართლე

და ისიც მოვა ან მოვიყვან:

მთიდან ჩამოვტეხავ,

ხავსს გავუპარსავ სახეზე,

ოჯახის მარადიულ თემაზე ვეტყვი:

ჯერ რომ სახლი, მერე შვილები,

მერე ხეები, უსათუოდ, ვაშლის –

ცოდვამ ფანტომური ტკივილი იცის,

აქედან სიტკბო, ყველაფერზე თანახმაა,

ფინალი არ მოსწონს – ერთად სიკვდილის

სენტიმენტები, როცა არის მთა,

არის არწივი, თუ C ჰეპატიტი, სულერთია.

ნერვების მორიგი აქცია კი არა,

სრულიად ტკივილი! ჰიპერბოლა!

რაც შეეხება ქვეყანას,

ახალდაწერილი ლექსივით ანთია

და უკონტროლოა.

მერამდენედ, აპოკალიფზე

თუ არ იცი, ვინ გყავს მშობლები,

არც უნდა ეძებო, აქვე არაა

მზე, წვიმა, ქარი?

მზის და მთვარის დედმამობა

ფოლკლორში გიწერია,

ისიც ხომ იცი:

ტვინის წუხილი თუ არ დაემთხვა

ტანის ჟრიალს, ბავშვი არ შედგება!

ამას რას უშვრები?

ამ სიჩუმეებს სიტყვის და წიაღის,

როცა ერთს კრიზისი ჭირს,

მეორეს – სიბერწე?

მოეშვი მაქსიმებს! ბავშვი ბავშვია,

წყალ-წყალა თავზე ტანი მიაბი კონსტრუქტორის,

რომელიმე გიჟი იშვილებს,

ყველაზე ალისფერტვინიანი,

ვისაც ბავშვის მასალაც აქვს,

ლექსის მასალაც, ისიც იცის,

ტვინის წუხილი რომ დაემთხვეს

ტანის ჟრიალს, ბავშვი შედგება!

ბავშვი, თუ, სულაც, ლექსების კრებული,

0000 წელს გამოცემული

საყოველთაო წარღვნის მერე…

ქალი ვაშლით

აი, ჩემი ხელი!

ვაშლი მიჭირავს.

ერთ ფერში ვართ შესრულებული,

მხატვარი ცნობილია,

ამას თუ მოყვა “გულზე ვარდი”

და მსგავსი რამეები, პოეტი უცნობი,

მაგრამ ხომ იყო,

ვაშლებს და ვარდებს ეთამაშებოდა,

ფორმის უნაკლობას, ინტენსიურ ფერებს,

ბოლოს, მაინც, სრულყოფილებას

ჭია შეუჩინა და ჩემს ბავშვობას

მაგიდის ქვეშ თეთრი ფეხებით არ უვლია,

პირდაპირ ვაშლი, სექსი, შვილები!

უმწიფარი ტექსტები ბრტყელი მუცლიდან…

დედა მირეკავდა, სისხლძარღვებით

კრეფდა ნომერს, ხელები გაუცვდა

ჩემი შვილის მოვლაში,

ჩემი ნერვების აკრეფაში ცალხაზიანი რვეულებიდან

(პრინტერი რომელიღაც მომავალში)

და რაღა ნერვები?

ლითონის მავთულები,

გარჭობილი კმაყოფილ ხორცში –

ანტიდეპრესანტის დამსახურება,

“ქალი ვაშლით” გამოფენაზე…

რომ ვთქვა, დავიღალე-მეთქი სიმბოლოებით

და ვაშლი ჩამოვაგდო,

ომი დაიწყება?

* * *

სანამ კაცი მყავდა ახლოს,

ისე ახლოს, რომ მისი მხრებიდან

მეზრდებოდა ხელები, მეგონა,

რომ მარტოობა მანძილით იზომება,

ტკივილები კი თავზე მეყარა,

მაგრამ ტონობით საღებავს აჭმევდა:

წითელს, ალისფერს, სისხლისფერს,

გაუთავდა და წავიდა…

ახალ მკვდრისთვისაც, სანამ სულის

ერთი პროცენტი უნთია,

ეს მანძილი, ჯერ კიდევ,

მისტიკური არაფერია,

მერე ეზრდება ხორცი, რომ მეტკინოს…

ტკივილსაც თავისი კანონები აქვს:

შიში, მარტოობა, სინანული,

რისგანაც კონსტიტუციას ვერ შეადგენ:

მშიერ ტვინს ლოგიკა არ ეყოფა,

პარლამენტს – ლირიკა.

რომელიღაც შესწორებაში შეპარული დედა

დუმილის უფლებით ისარგებლებს,

გირაოთი გამომიყვანს

და იქვე, მიწაში!

– ცოტა ხანი მაცადე, დედა!

ვიღაცებს კიდევ ვუყვარვარ,

თუ მოვწონვარ, თუ ვეცოდები,

მკაცრად კი მაფრთხილებენ:

– იყავი, ოღონდ, თვალსაჩინოდ

ნუ გეტკინება!

* * *

იმ იშვიათ წუთებში, როცა

კისრიდან სიზიფეს ჩამოვიგდებ

და წერას ვიწყებ, ანუ ცხოვრებას

პირიქით ქვეყანაში,

სადაც ტკივილი არ უნდა ჩანდეს,

თუ, მაინცდამაინც, მისი კვალი –

ლოკოკინების საზეიმო სვლა

წვიმის შემდეგ სადაფის ღილები

და არავითარი აპელირება შთაგონებასთან!

მით უფრო, ამ ღილებზე შეკრულთან,

რაც ჩემი არ არის,

არც კონვენციური მუსიკის ძალადობა!

ჩემი ხმოვნები ისეთი მდუღარე ფერებით

ყვირიან, ვინ ჩააქრობს?

პასტელის მოყვარულები

რევოლუციონერები ვერ იქნებიან.

რა დიდაქტიკა? რა სადაფის ბარიკადები?

რა ესთეტიკის მასტერკლასს მიტარებენ?

როცა კისრიდან სიზიფე ჩამოვიგდე

და ვიწყებ წერას.

© არილი

Facebook Comments Box