ჩემი დრო
ვიხედები წყალში, სადღაა
ჭაში ჩავარდნილი ვარსკვლავების კლასიკა?
შიგ ამოტრიალებული ქვეყანა ჩანს – მკვდარი პოეტების სამშობლო.
რეინკარნაცია არ გამოუვიდათ –
რუსთაველზე ჭადრები მოჭრეს,
აქ უყვარდათ დგომა,
90-იანებში ფარნებივით ანათებდნენ.
მერე იმდენი სინათლე გაჩნდა;
თვალებს ჭრიდა: ქუჩის, რესტორნების,
რეკლამის, ლექსი კი აღარ გამოდიოდა.
რა ექნათ?
ტრაქტატები ეწერათ ზნეობაზე?
ვიღაც ცაში ავიდა,
ვიღაც ჭაში ჩაიღვარა,
ჭერი და ფსკერი გაგიკეთეს შენ,
რომელიც სულ სწორ ხაზზე დადიხარ,
რომ, შიგადაშიგ, გვერდზე გაიხედო,
ვინმე დაინახო, შეიყვაროთ,
ან შეიბრალოთ ერთმანეთი,
ან შეიძულოთ, ან ფეხებზე დაიკიდოთ –
უკვე ამბავი, სიტყვა ჭირს
ეს ქვეყანა განუხორციელებელი პოეტებისაა…
სადაა ზღვა?
ცხელი ზაფხული, ფანჯრები
ზღვითაა სავსე. ვიტყუები,
სადაა ზღვა? ცხრა მთას იქით:
გამოგონილი მთა
უფრო ძნელი გადასალახია,
ვიდრე რეალური:
სიტყვა „მწვერვალი“ რომ დამარცვლო,
ჟღერს, ისმის, თუ არა და
ყინულით გამოიხედავს,
„ქვა“ უფრო დახშული სიტყვაა,
თუ ვერ მიხვდი, სად სახე აქვს,
სად კეფა, ფეხებში გაგეჩხირება…
მაინც, რა ვუყო ზღვას?
ზაფხულია, ლურჯ ფერს შემოუშვებ
სახლში, მოჯახუნებულ კარებში თუ მოყვა,
არაფერი არ ეტკინება, არ დააჩნდება,
საერთოდაც, ჯინსის ნაჭერს დაემგვანება,
თინეიჯერები გაქაჩავენ აქეთ-იქით,
მუხლებთან გაეხევათ, ზუსტად ისე,
როგორც საჭიროა,
მომხმარებლური სიყვარულით გაკეცავენ,
მერე ისევ გაიშლება და ზღვა იქნება
და დამესიზმრება, რომ ცხელი ზაფხულია,
ფანჯრები ზღვითაა სავსე,
მაგრამ ვიტყუები, სადაა ზღვა?
გადასახლება
როგორ გიყვარდა ეს სახლი!
მაგიდასთან დამჯდარი არ იყავი,
წერა გინდოდა.
პეიზაჟები ქალაქში სადაა
და ბუნების კარიდან დამახსოვრებულს
ფანჯარაზე აკრავდი,
შემდეგ ფურცლამდე
უკვე წინა გენატრებოდა…
ჩქარ მატარებელში რატომ გადაგსვეს
ასე ადრე, რომლის ფანჯრებში
არც ერთი მზე ან ჭადარი არ ირეკლება?
ბოლო გაჩერება –
საწოლის უკაცრიელი კუნძული…
მაგიდასთან რომ იჯდე და წერო,
დროს უნდა უყვარდე,
თუ არა და, მკვდარი ვერ იტყუება,
პროზექტურა ბოლო სიმართლეა.
რომელიმე ლექსისთვის რომ
წერტილი დაგესვა, ღმერთს დაინახავდი,
მაგრამ ეს გაუთავებელი მრავალწერტილი –
კანონიერი პუნქტუაცია,
თუ უკონტროლო შიში?
თუ კიდევ უფრო უკონტროლო იმედი,
რომ შენიანები ვაშლის ბაღს დაგახვედრებენ
და თუ იქ არაფერია, არავინ და არაფერი?
ივლისი
სპილოს ძვლის კოშკი
განვადებით არ იყიდება.
ან მთელი ნერვები უნდა დახარჯო
და კიდევ რაღაც კაპიკები
ან იმდენი ფული, რამდენიც არ გაქვს,
მაშინ უფრო კომფორტული იქნება,
დაგავიწყებს,
მარტო თეთრი კრიალისთვის გინდოდა,
თუ სიტყვებთან ინტიმური ურთიერთობისთვის:
ამ შემთხვევაში. ღამეს გვერდებს ჩამოატეხავ –
და გათენებასავით წყნარი ხელებით
იწყებ წერას: თხრობა, ტექსტი, ნარატივი…
ლექსი თუ გინდა, დღეს უნდა დაელოდო,
ივლისი იყოს, მზემ სიცხე წაგისვას
სახეზე, ხელისგულებზე – თაფლიანი პური
შვილებისთვის – ნორმალური მზრუნველობა.
თავგანწირვა სხვა რამეა,
სიტყვა „ნორმალურს“ ვერ იხდენს,
მაგრამ იგივე ივლისმა რომ თავი აგხადოს,
და შიგ მზესუმზირები ჩაგიტენოს,
ამის ქაღალდზე გადატანა,
ყველა ნერვის მონაწილეობით,
უკვე სხვებისთვისაა და მათი შვილებისთვის,
რომლებიც კითხვის ნიშნებივით
ცნობისმოყვარე და მრგვალი თავებით
შეშვერილი არიან სინათლის ზმნას.
რეფრენი
ისეთი დღეა, სარკეში რომ ჩავიხედო,
ერთად გავდნებით, მაკიაჟის იდეა
იფრიალებს ჰაერში წითლად…
წითელი, ცხელი ეპითეტები იმისი,
რაც მთავარია, მაგრამ არ ჩანს,
მუდმივია, მაგრამ მთლად ასეც არ არის,
შეიძლება მოკვდეს. ჩემი ბრალია,
რეფრენში უნდა ჩამეგდო
და ყველა ლექსში სამ-სამჯერ, მაინც,
მემეორებინა, რომ მიყვარს და ცეცხლს ვჭამ
და ალისფერი ტყუილი ამომდის პირიდან,
თუნდაც, უხერხული გარემოს გასატეხად.
ალისფერია და სასტიკია,
ალისფერია და ეპატიება,
რომ „მარტო ვარ, ე.ი. ვარსებობ!“
ციტირება? პლაგიატი? რა მნიშვნელობა აქვს?
თარგია უკვდავი: „ვწერ, ე.ი. „მტკივა, ე.ი“…
ვარიაციები ყოფილი ცეცხლის თემაზე,
იმდენი აღარ არის, რომ ვჭამო
და პირით ვანათო,
ლექსის რეფრენში ჩავაგდებ,
იმეორონ და იმეორონ პოეზიის მოყვარულებმა!
არც გარემოს განათებაა ჩემი ფუნქცია,
მაგრამ დავიღალე არსებითი სახელებით,
ზმნა კი ალისფერია და ლექსს უხდება…
თითქმის, სამშობლოზე, ზოგადად
მოეჭიდე ხეს, ქვას, უკანასკნელ ბალახს,
ოღონდ, მიწიდან არ გადავარდე!
როცა ზემოდან გიყურებენ
შემაწუხებლად იდეალურები.
ცოცხლებს კიდევ დაემალები,
ციდან მეთვალყურეებს – ვერსად.
ვარსკვლავიან ცაზე კი ფიქრობ,
ნათესავების და მათი ნათესავების
ბატალიაზე არა, მით უფრო, თუ
საჩვენებელი თითები
შენკენ აქვთ მოშვერილი:
- აი, როგორი არ უნდა იყოთ!
ეუბნებიან ბავშვებს, რომლებსაც ასწავლი,
რომ ცაში კომუნალური ბინები არ არსებობს,
ზამბახზე სწორების იისფერ წესებს,
თვითონ რასაც ემორჩილები,
საგიჟეთის კარი ღიაა…
ერთი პოეტი ამბობდა:
- მზე სიყვარულით კლავს!
მეორე – ჩემი პრემია მთვარეს მიეცითო!
მიწაზე იდგნენ და ცას უყურებდნენ,
იქიდან მეთვალყურეობა მათი საქმე არაა,
არც შენი, როცა შეგიძლია მზის დარტყმა
თავში, მხატვრისგან აიღო,
გაცვეთილი კანის გამო,
პირდაპირ სისხლძარღვებით წერო,
მოეჭიდო ხეს, ქვას, უკანასკნელ ბალახს,
ოღონდ, მიწიდან არ გადავარდე…
„ნარნარა“ თანხმოვნები
ძალიანაც ნუ აგიყვავდება ფიქრი!
მართლა გჯერა, რომ ბაღებში ვიფრიალებთ
და ჰაერს ვაშლის სუნი ექნება?
მორჩა ვაშლამდელი გულუბრყვილობა!
შენს ფოტოს ვუყურებ:
რა კატარაქტა, რის მინუს შვიდი?
როცა ვხედავ აშკარა ცხენს,
შუბლში რომ გყავდა ჩამონტაჟებული!
მე არა და ის წაიყვანე,
მაინც ბრინჯაოსია, უკვდავია
უკვდავები მიწაშიც ფიქრობენ?
მაგ. უნაკლო ფორმაზე?
(საუკეთესო ნიმუში – ვაშლი),
რომელმაც რენესანსი გამოიარა,
შინაარსი დაჭკნა, სევდა მოემატა,
შინაარსი უფრო ქალებისაა,
მაგრამ რა შემიძლია მარტო
სევდიანი ადამიანობით ან ფილოლოგობით?
ხმოვნების ღიაობაში
რამდენიმე თანხმოვანი შევუშვა:
მნრლ, მნრლ – მანერული გრამატიკისთვის,
აბსოლუტური ყურისთვის – მშობლიური –
შავ-თეთრი კანონიერების გადახრა სიჭრელისკენ,
გზააბნეული ნაპერწკლები იმ დროიდან,
სახლში რომ ვიჯექი
და ცეცხლი ორღობეებში დარბოდა,
რასაც ქალაქის ქუჩებშიც აგრძელებს,
ოღონდ, ცვალებადი წარმატებით…
© არილი