გადაარჩინეთ ჩვენი სულები!
მანანა ილურიძეს
ეკლესია, ხომ, ისედაც,
ცას ელაპარაკება,
მაგრამ ზარების რეკვა –
მთელი სამყაროს ორკესტრების ჯამი,
პირდაპირ ღია ფანჯრებში
მორთმეული სიტკბო –
საკონცერტო დარბაზის,
საკრავების აწყობის
და კაბაზე შიფონის ფრთების გარეშე!
როდის შექმნა ღმერთმა მუსიკა?
ადამიანამდე თუ ადამიანის შემდეგ?
ბალახი თუ ფარავდა მიწას,
სამოთხიდან ჩამოტანილი,
ვაშლები, ისევ, ქალწულებრივად
ოქროსფერები იყვნენ,
თუ კაცის ნერწყვისგან
უკვე ტკბილად აჟრიალებდათ?
ან ჯვარცმულმა შვილმა
რომ დაუძახა: – მიშველეო!
და ვერ გააგონა,
იმის მერე თუ მოიგონეს ზარები…
ადამიანს, ყოველთვის, ჭირდება
ვიღაცის გაყიდვა,
უფრო მოყვარის, ვიდრე მტრის
და ჯვარზე გაკვრა,
მაგრამ ყველა ხომ ღვთის შვილი
არ არის და ვერ იტყვის:
“ელი, ელი, ლამა საბაჰთანი”
მხოლოდ, ზარებს აქვთ ამის უფლება
მხოლოდ, ზარებს, შეიძლება ვთხოვოთ:
– გადაარჩინეთ ჩვენი სულები!
* * *
შეიძლება, კიდევ, კაცმა
იფიქროს ისეთ მკაფიო საგანზე,
როგორიც გეომეტრიაა?
ხაზები და კუთხეები
ფუძის ჩრდილიდან
წვეტების სიმაღლემდე
როგორ ადიან
და პოეზიის ბუნდოვანებაზე?
ადრე უნდა გადაერჩინა ისინი,
წარღვნამდე,
სანამ სისხლის კოლტები
ჩამოუვარდებოდა ზაფხულს მუცლიდან,
მაინცდამაინც, რკინიგზის ლიანდაგთან –
გასრესილი ყაყაჩოები…
ეს უფრო პოეზია არ არის,
ვიდრე სადაფის წვიმაში სიარული,
სიტყვის ესთეტიკა, მეტაფორები…
ღმერთო, არ მინდა ამდენი სილამაზე!
მეშინია მისი…
მართი კუთხეები იშლებიან
და წრეხაზებს ქმნიან,
რომლებშიც მიდის ცხოვრება,
ტრიალი ღერძის გარშემო,
ან ვარსკვლავის, ან სისხლის კოლტის,
თუ დაუბადებელი სიტყვის…
ამდენი მკვლელობა სილამაზის გულისთვის!
ნერვიული მხატვრების გამოფენაზე
სიცივე კაწრავს რბილ ამინდს,
გლუვად რომ მედო მხრებზე,
ხელშესახებად ხორკლიანს ხდის,
ფასი ედება სითბოს
მაგრამ ოთახის მცენარედაც
რომ ვიქცე, მაინც,
შავი ყვავილები ამომივა თავიდან,
ღია ფერები აქაურებისთვისაა,
მე უცხო ვარ აქაც,
საკუთარ სახლშიც,
მხოლოდ, მუზეუმები მაძლევენ შეღავათს,
თავისი ფართო ბუნების გამო…
ხაიმ სუტინი…
ისიც უცხო იყო,
ამიტომ ხატავდა ისე,
თითქოს, ქვეყანას ებრძოდა,
მოხარშული კიბოებივით
წითელი კიბით შედიოდა
ჩვეულებრივ პეიზაჟში
და მოყავდა თავისი გუნდი:
ქალები და კაცები,
დაგრეხილები,
მასზე უფრო უცხოები,
რომლებმაც იცოდნენ,
რომ გამოფენებს შეეხიზნებიან
და მოისვენებენ…
შავი ყვავილები
ისე ხშირად ამომდის თავიდან,
რომ თმის დავარცხნა მიჭირს,
მუზეუმები სიურრეალისტების
ნახატებისგან ვეღარ მარჩევენ…
* * *
ნინო ახვლედიანს
ლინზები –
შუშის დედები
ხელში უჭერიხარ
და სინათლეში გაბანავებენ,
ისე მკვეთრდება აქამდე უჩინარი
ყველა ხაზი და ნაოჭი,
რომ შეიძლება თვალით გამოედო
რომელიმე მათგანს
და დაინგრეს მთელი სამყარო…
იქნებ, ამიტომ სჭირდებოდა
ამდენი საღებავი ვან გოგს:
ხერხემლების, კონსტრუქციების
კულისებში დასამალად,
რადგან მთავარი იყო სახე
ხის, მინდვრის, ფეხსაცმელების,
რომლებშიც იები ამოვიდოდა
ვაჟა ფშაველას გაცნობის მერე საიქიოში…
მზის უპასუხობამ მოკლა ორივე…
ჩვენ წნევა მოგვკვლავს,
ან ინფარქტი, ან რომელიმე
ბანალური ავადმყოფობა,
ჩვენს კვალზე ამოვა
და ამოვა ხალხი,
მაგრამ არა იები…
სიკვდილის მერე
ისეთი აშკარა ხდები,
რომ ფრჩხილებიდანაც კი ვერ გაჟონავ,
ხელის თითებზე ნასწავლი არითმეტიკა
არ გაგიშვებს
და წითელი ლაქის შუქნიშანი…
სიკვდილის მერე
უნდა ისწავლო ცხოვრება,
იმათ გარშემო იფრინო,
ვინც გიყვარს,
შეეგუო, რომ ვერასდროს
ვერ შეგამჩნევენ,
რადგან ჭიანჭველაც კი არა ხარ,
მხოლოდ, ჰაერის სიმჭიდროვე.
ოდნავ თუ გაახალისებ, კარგი ამინდივით,
რადგან მჭიდრო ჰაერი
უფრო ლურჯია, მაგრამ ვის უნდა
ამინდად გადაქცევა?
ჯობია, აშკარა იყო,
როგორც სამიზნე, გესროლონ,
სისხლი წამოგივიდეს,
ტრაგედიას შეწვდე
ამ წვრილმან ცხოვრებაში,
ვიდრე უსუსური ზრუნვა
ახლობლებზე, ვინც ვერ გამჩნევს,
არ წუხს, რომ ესწრები
მის უზნეობას,
კედელივით კი იყენებენ
შენს ხსოვნას, გეფარებიან,
როცა უჭირთ…
ოპერა
ხელების შვეულ ხაზებს
მუსიკის ოქრო
სააშკარაოზე გამოაქვთ,
მომღერლებს უნაწილებენ
და საორკესტრო ნიჟარიდან
ამოდის მშვენიერი ქალბატონი ოპერა
მუქი იისფერი ბანი
ხავერდს აფენს მის გზაზე,
ალტები
თივთიკივით რბილ ჰაერს მოარბენინებენ,
აქედან ამოტეხილი კრინი
ვერცხლის სურებით დგამს
თავის თავს
სცენის ყველა კუთხეში,
მის მტერსაც მკერდში
თაფლიანი გობი აქვს ჩაშენებული
და იმაში აწობს ხმას,
ქალი მერყეობს
და ლიბრეტოს
გულუბრყვილო კანონებს ეხიზნება,
ხოლო ორკესტრს
გონიერი თავი განაგებს
და იქიდან მთელი ოქრო გამოაქვს,
რომელსაც, ამჯერად,
ავაზაკები ეპატრონებიან…
სასტიკი ქუჩა, მუნჯი შენობა,
ტანზე ტატუირებული
აფიშების ნეკროლოგით:
“კარმენის” ანონსი,
“ტრავიატას” საკონცერტო შესრულება,
იმედი საგასტროლოდ ჩამოსული
ვერცხლის სურების
და თაფლიანი გობების,
რომლებსაც იისფერ ხავერდს
ფეხქვეშ ძველებურად გაუფენენ
და საორკესტრო ნიჟარიდან
ამოვა მშვენიერი ქალბატონი
ოპერა, რომელიც მოკლეს…
© ”არილი”