ახალი ამბები,  კულტურა/ლიტ.თეორია

ლიდსის ბიბლიოთეკაში პანდემიის დროს მინიატიურული ბიბლია აღმოაჩინეს

ლიდსის ბიბლიოთეკაში პანდემიის დროს კოლექციის ხელახალი დათვალიერებისას 1911 წლით დათარიღებული ბიბლია იპოვეს, რომლის არსებობის შესახებ წარმოდგენა მომუშავე პერსონალსაც არ ჰქონდა.

წიგნის დასათვალიერებლად ვიზიტორებს გამადიდებელი შუშის „ან ძალიან ძლიერი სათვალეების“ წამოღება მოუწევთ, ამბობს რიან ისააკი, ლიდსის უფროსი ბიბლიოთეკარი. ბიბლია 876 გვერდისგან შედგება, მოიცავს როგორც ძველ, ისე ახალი აღთქმის წიგნებს, თუმცა სიგრძეში მხოლოდ 5 სანტიმეტრია.

„თავის დროზე, ალბათ, სიახლე იყო, თუმცა ძვირი არ ეღირებოდა“, – ამბობს ისააკი. „მსოფლიოს ყველაზე პატარა ბიბლიად გამოაცხადეს, მაგრამ წყაროებს თუ ჩავხედავთ, ესეც არ შეესაბამება სიმართლეს“.  როცა ოქსფორდის უნივერსიტეტის ამერიკულმა ფილიალმა გამოსცა, ინსტრუქციაში დაურთო, რომ „გამადიდებელი შუშით მარტივად იკითხებოდა“.

პანდემიის პირობებში ბიბლიოთეკას საშუალება მიეცა არაკატალოგირებული ნივთების საფუძვლიანი გამოკვლევა ჩაეტარებინა. ჩხრეკის შედეგად 3000-ზე მეტი აღუნუსხავი არტეფაქტი აღმოაჩინეს. ისააკის თქმით, მართალია, რიცხვი, ერთი შეხედვით, ძალიან დიდია, მაგრამ გასაკვირი არაა: „ვფიქრობ, უმეტესი ბიბლიოთეკა მსგავსი პრობლემის წინაშე დგას. დღეს თუ ნივთი ელექტრონულად აღნუსხული არაა, ხალხს ჰგონია, რომ არც არსებობს“.

მინიატიურული ბიბლიის მიღმა, ახალ კატალოგში შეიყვანეს: 1904 წლის კაპიტან სკოტის ანტარქტიდაში სამაშველო ექსპედიციის ამსახველი ფოტოსურათები; პრისცილა სუზან ბერის 1831-1243 წლებში გამოქვეყნებული შესანიშნავი და უიშვიათესი ილუსტრირებული ბოტანიკის წიგნი, რომელიც სიგრძეში 64 სანტიმეტრია და ჯამში სულ 79-ჯერ თუ გამოუწერიათ. მათ შორის ერთ-ერთი ჩიტების ამერიკელი ილუსტრატორი ჯონ ჯეიმს ოდუბონია.

ლიდსის ბიბლიოთეკაში დაცული არტეფაქტების ნახვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. „არ არის საჭირო იყო მკვლევარი ან აკადემიკოსი“. დაინტერესებულ ვიზიტორთათვის ნებადართულია გამოიწერონ და საფუძვლიანად გაეცნონ მასალებს, რომლებიც ხშირ შემთხვევაში საუკუნეებს ითვლის.

რაც შეეხება აღმოჩენილ ბიბლიას, ბიბლიოთეკარებისთვისაც უცნობია ლიდსის კოლექციაში საერთოდ როგორ ან რატომ აღმოჩნდა.

© არილი

Facebook Comments Box