© Lorenzo Meloni / Magnum Photos
ავტორი: დუაიტ გარნერი, The New York Times-ის ჟურნალისტი
ედვარდ საიდმა მე-20 საუკუნეს დევნილთა ხანა უწოდა. თუმცა დღეს, როცა გაეროს მონაცემებით, უკრაინელ ლტოლვილთა რაოდენობამ მეორე მსოფლიო ომის მიგრაციის მასშტაბებს მიაღწია, გაცხადდა, რომ „ისტორიის დასასრული“ ჯერ არ დამდგარა. ბუნკერები, საგუშაგოები, საჯარო საპირფარეშოები, მეტროში დაბადებული ბავშვები, უძილობა, დაღლილობა, დაგვიანება და უეცარი სიკვდილი. ახალი ამბები რამდენადაც შოკისმომგვრელი, იმდენად ნაცნობი და მილიონჯერ გაგონილია. ისტორია კი, როგორც კლაივ ჯეიმსმა თქვა, მხოლოდ და მხოლოდ „ამბავია ხდომილობებზე, რომელთა თავიდან არიდებაც შეიძლებოდა“.
მიმდინარე მოვლენები გვახსენებს, თუ რაოდენ ხშირად შეჭიდებია ლიტერატურა სამშობლოდან გამოხიზნულთა ამბებს, რომ მათი დანგრეული ცხოვრება მოეხელთებინა და პასუხი გაეცა კითხვისთვის „რას ნიშნავს, [როცა] ადამიანს მეტი გზა და ჩარა აღარ აქვს?“ ვერ ვიტყვით, რომ წიგნები აუცილებლად დადებითად ზემოქმედებს მკითხველის მორალურ განვითარებაზე. ბოლო-ბოლო, ნაცისტებიც ბევრს კითხულობდნენ. მაგრამ ჯოის კეროლ ოუტსი სწორად აღნიშნავს, რომ „კითხვა არის ერთადერთი საშუალება, რომელიც ჩვენდა უნებურად სხვის ტყავში, ხმასა თუ სულში შეჭრას გვაიძულებს.“
ენტონი ვეასნა სოს კრებული „წვეულებების შემდეგ“ (2021) ემიგრაციისა და ტრავმის გამოცდილებით თაობებს შორის გაჩენილ უფსკრულს, კამბოჯიდან პოლ პოტის რეჟიმს გამოქცეული ოჯახის ცენტრალურ კალიფორნიაში ცხოვრებას აღწერს. ვიეტ ტან ნგუენის „ჩადენილი“ (2021), რომელიც აგრძელებს მის პულიცერის პრემიის მფლობელ რომან „თანაგრძნობას“ (2015), აღწერს ნავით მოგზაურობას – მთხრობელი ვიეტნამიდან საფრანგეთში გარბის და თან ფიქრობს: ინგლისელი პილიგრიმებიც ჩემსავით ჩავიდნენ ამერიკაში, მაგრამ მათ გაუმართლათ – ვიდეოკამერებს არ დაუფიქსირებიათ მათი მილეული, დაბნეული და მღრღნელებით ნაჭამი სხეულები. ამის ნაცვლად მხატვრებმა მათი დიდებულება შეთხზეს და უკვდავყვეს.
სიცოცხლის გადასარჩენად სამშობლოდან გამოქცეულთა ისტორიებს სამი საუკეთესო მემატიანე ჰყავს: ჰაიტელი ამერიკელი ედუჯი დანტიკატი, ეთიოპელი ამერიკელი დინავ მენგესტუ და სომალელი მშობლების შვილი, ბრიტანელი პოეტი და პროზაიკოსი, ვარსან შაირი.
დანტიკატის „ზღვის შვილების“ კრებულის ერთ-ერთ მოთხრობაში “კრიკ? კრაკი!” ჰაიტიელები გაურბიან პოლიტიკურ ძალადობას პატარა ნავით. „გინდათ იცოდეთ, როგორ ისაქმებს ადამიანი ნავზე?“ – კითხულობს მთხრობელი. „არ გინდათ.“
მენგესტუს „პატიოსანი გასასვლელი“ აღწერს ეთიოპიელი კაცის ამბავს, რომელიც ევროპაში მიმავალ გზაზე ვერ ახერხებს საპორტო ქალაქიდან გასვლას. სველ ფილაქანზე სძინავს, პოლიციელების ძალადობას იტანს და ძალიან შია. მისთვის და მისნაირი დევნილებისთვის ვინმეს სიცოცხლის სანაცვლოდაც ერთი კერძი მაინც რომ შეეთავაზებინა, „სიკვდილის მომლოდინეთა რიგი კილომეტრები გაიწელებოდა.“
შაირი დეპორტაციის ცენტრში მიღებულ გამოცდილებას აღწერს: „დღეები და ღამეები სატვირთო მანქანის მუცელში გავატარე, სადაც ჩემი სილამაზე არავის ანაღვლებდა, სილამაზედ არ აღიქმებოდა.“
თითოეული ავტორი ეხმიანება ზეიდი სმითს, რომელიც ამბობს: ემიგრანტებს ეცინებათ ნაციონალისტებზე, რომლებსაც თავიანთი კულტურის პოტენციური დაბინძურება ზარავთ, რადგან თავად კულტურებს შორის თუ მათ მიღმა გაუჩინარების საფრთხის წინაშე დგანან.
დღევანდელი კრიზისი მეორე მსოფლიო ომის მასობრივი მიგრაციის მოგონებებს აღვიძებს. ალბათ, ამიტომაც დასავლეთის ქვეყნები ყველაზე მეტად უთანაგრძნობენ უკრაინელებს, მათში საკუთარი წარსული ირეკლება. ომმა ყველას გაახსენა, რომ სახლი დიდი ხანია, დაკარგეს.
© არილი