ლუი-ფერდინან სელინის (1884-1961), ალბათ, მე-20 საუკუნის საფრანგეთის ყველაზე ბრწყინვალე და საძულველი მწერლის, ხელნაწერები თითქმის 80 წლის გაუჩინარების შემდეგ აღმოაჩინეს. ფრანგული გამოცემა Le Monde მომხდარს სასწაულს უწოდებს. ნამუშევრები დაიკარგა, როცა 1944 წელს ანტისემიტი მწერალი ნაცისტურ გერმანიაში გაიქცა. დღეს კი The Gallimard-ის გამომცემლობა აქვეყნებს მანუსკრიპტებიდან ამოღებულ პირველ ტექსტს, „ომს“ (Guerre), რომელშიც შეულამაზებლად აღწერილია პირველი მსოფლიო ომის გამოცდილება, როცა დაჭრილი მწერალი ფლანდრიაში იმყოფებოდა.
„მარცხენა ყური სისხლით მთლიანად მიწას მისწებებოდა, პირიც. ამ ორს შორის კი გამაყრუებელი ხმაური მძვინვარებდა. ხმაურში ჩამეძინა და შემდეგ კოკისპირულად წამოწვიმა,“ ამ სიტყვებით იწყება 150 გვერდიანი წიგნი. „1914 წლის დეკემბრიდან სულ ასეთ ხმაურში მეძინა. ომი თავში გაუჩერებლივ მიგუგუნებდა“. ასე გვიყვება სელინი თავისტკივილის, გაბმული ხმაურისა და თანამედროვე ფრანგული ლიტერატურის ერთ-ერთი ამოუხსნელი საიდუმლოების შესახებ.
„აღარც მჯეროდა, ამ ხელნაწერებს თუ მივაგნებდით,“ – ამბობს ფრანსუა გიბო, ვერონიკ შოვინთან ერთად სელინის მემკვიდრეობის განმკარგველი. „1944 წლის ივნისი. მოკავშირეები ეს ესაა დაეშვნენ ნორმანდიაში. სელინმა, როგორც რამდენიმე ანტისემიტური ბროშურის ავტორმა და ნაცისტური ოკუპანტების მხარდამჭერმა, მეუღლესთან და კატასთან ერთად მონმარტრი დატოვა და მატარებლით გერმანიაში გაემგზავრა. კარადის თავზე კი ათასობით ხელნაწერი დარჩა. ვიღაცამ სიტუაციით ისარგებლა და ნამუშევრები მიითვისა. თუმცა შემდეგ ქურდობას მთელი ცხოვრება ნანობდა და დოკუმენტები აღარც უნახავს:.
გიბო დარწმუნებულია, რომ „დამნაშავე ოსკარ როზემბლია”, ებრაული წარმომავლობის კორსიკელი, სახასიათო პიროვნება: რეპორტიორი, მუნიციპალური მთავრობისა და წინააღმდეგობის წევრი, რომელიც მოგვიანებით დააპატიმრეს თანამშრომელთა ბინების ძარცვისთვის. მოგვიანებით კალიფორნიის გურუდ იქცა და სიცოცხლე კორსიკაზე დაასრულა, მთებში ფეხშიშველი სეირნობითა და ქალაქის შადრევანში შიშველი ბანაობით.
თვითონ სელინიც როზემბლის ადანაშაულებდა ქურდობაში, მაგრამ ვერაფერი დაუმტკიცეს. 2020 წლამდე არავინ არაფერი იცოდა, სანამ ჟან-პიერ ტიბოდამ დაკარგული საგანძური – 5 324 ფურცელი მოულოდნელად არ გამოაჩინა.
„პირველად რომ ვნახე, აღტაცებამ ამიტანა. არც კი ვიცოდით შიგნით რა ეწერა – კარგი თუ ცუდი,“ ამბობს გიბო. ხელნაწერი ძირითადად მარტივად ამოკითხვადია, თან დართული აქვს ანოტაციები და შესწორებები.
გამოცემული რომანი “ომი” სელინის ტიპური ნამუშევარია: უხეში ენით, ჟარგონებითა და სისასტიკით სავსე. თუმცა ამავდროულად, არასტანდარტულად ლაკონიურია. ალბათ, რადგან დაუსრულებელია, მხოლოდ და მხოლოდ მონახაზი, თუმცა ტექსტში არც შეინიშნება, რომ მწერალი მის განვრცობას აპირებდა. „შეიძლებოდა, სელინს დრო რომ ჰქონოდა, ამ ნამუშევარს მიბრუნებდა, თუმცა ამ შემთხვევაში ნაწერი ბუნებრიობასა და შოკურ ეფექტს დაკარგავდა. ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ სავალალო შეცდომა შესაძლებლობად იქცა“.
© “არილი”