რეცენზია

მაგდა კალანდაძე – მილან კუნდერა, ”სალაღობო ტრფობანი”.

ავტოსტოპით ტრაგედიიდან კომედიამდე

მილან კუნდერა, ”სალაღობო ტრფობანი”. მთარგმნელი პაატა ჯავახიშვილი, რედაქტორები ანა ჭაბაშვილი, ლალი ქადაგიძე, თბ. ”დიოგენე”, 2006.

ახალი თარგმანების გამოჩენა წიგნის მაღაზიების თაროებზე ისე მახარებს ხოლმე, რომ მაშინვე მიკერძოებული ვხდები იმ ავტორის მიმართაც, რომელიც თარგმნეს და, მთარგმნელი ხომ, ვინც უნდა იყოს, მთლად გმირად იქცევა ჩემს თვალში. ასე დამემართა, როცა მილან კუნდერას ”სალაღობო ტრფობანის” ქართული გამოცემა პირველად ხელში ჩამივარდა. თუმცა, როგორც იქნა, გადამიარა აღფრთოვანების ტალღამ და რაციონალური შეფასებისთვისაც მოვიცალე. წიგნი კუნდერას შემოქმედების ადრეულ ხანას ეკუთვნის, იგი ჩეხეთში დაიწერა, შემდეგ კი ფრანგულ თარგმანს თავად ავტორმა შეავლო ხელი და თავიდან გამოსცა. მასში შვიდი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი მოთხრობაა შესული (”არავინ იცინებს”, ”მარადიული ლტოლვის ოქროს ვაშლი”, ”ავტოსტოპობანა”, ”სიმპოზიუმი”, ”დაე ძველმა მკვდრებმა ადგილი დაუთმონ ახალ მკვდრებს”, ”დოქტორი ჰაველი ოცი წლის შემდეგ”, ”ედუარდი და ღმერთი”), რომელთაც თემატიკა და ამ თემატიკისადმი ავტორის მიმართება აერთიანებთ – სასიყვარულო ურთიერთობები და მათი არასერიოზულობა, ყოველდღიურობა, რომელსაც ერთმანეთის გრძნობებით თამაში ავსებს.
არცაა გასაკვირი, რომ სოციალისტურ საზოგადოებაში პოპლარული გახდა ეს წიგნი – იმ ეპოქოსთვის, როცა ხელოვნებისა და კულტურის ყველა გამოვლინებაში ეგზისტენიალიზმის აჩრდილებს ეძებენ, პირდაპირ მისწრებაა ისეთი ტექსტის დაწერა, სადაც პერსონაჟები ადგილს ვერ პოულობენ, პირად ცხოვრებაში არ უმართლებთ, ნიჰილიზმი ღრღნით… თუმცა, ეს ყველაფერი ავტორმა დასაწყისშივე ”სახალისოდ” მონათლა და მკითხველსაც პირდაპირ მიანიშნა, მაინცდამაინც ნუ გაგიტაცებს პერსონაჟების ბედზე ფიქრი და დარდიო. თითქოს ასევე ნათლავენ თავიანთ ცხოვრებასაც მოთხრობების ტრაგი-კომიკური გმირები. მათი ყოველდღიურობა იმდენად ცარიელი, ერთფეროვანი და მოსაბეზრებელია, რომ ხშირად წარმუმატებლობა და მარცხი ერთგვარ საინტერესო თამაშადაც კი ეჩვენებათ და ეს ახალისებთ. მაგალითად, როდესაც პროფსორის თანაშემწე, ერთ-ერთი წარმატებული და ანგარიშგასაწევი ხელოვნებათმცოდნე, თავისი დაუდევრობისა და ახირებების გამო ყველაფერს კარგავს – სამსახურით დაწყებული საყვარელი ქალით დამთავრებული, მას სულაც არ მიაჩნია თავისი მდგომარეობა მომაკვდინებლად და რეაქციაც შესაბამისია: ”ცოტა დრო კიდევ დამჭირდა იმის მისახვედრად, რომ მთელი ეს ამბავი (მიუხედავად გარშემო ჩამოწოლილი ყინულოვანი სიჩუმისა) ტრაგიკული კი არა, უფრო კომიკური ჟანრისა იყო. და ამან ერთგვარი შვება მომგვარა”. (“არავინ იცინებს”).
ხშირად კუნდერას მოთხრობების პერსონაჟები თავადვე იწყებენ თამაშს, რომლის მონაწილეებიც თვითონ არიან; ხელოვნურად ქმნიან არაბუნებრივ, მათთვის აქამდე უჩვეულო გარემოს და ალბათ ქვეცნობიერად იციან კიდეც, რომ ამ წამოწყებას ფატალური შედეგი მოჰყვება – ცვლილება გარდაუვალი იქნება, და კარგისკენ თუ ცუდისკენ – ეს უკვე აღარ ადარდებთ: ”ყმაწვილკაცი გვერდზე მიწვა. არ უნდოდა ქალის სახის დანახვა. იცოდა, რომ თამაში დასრულდა, მაგრამ არავითარი სურვილი არ ჰქონდა, მათი ჩვეულებრივი ურთიერთობების სამყაროს დაბრუნებოდა” (“ავტოსტოპობანა”), – ეს ერთ-ერთი მოთამაშე წყვილის საძინებელი ოთახია, და იქვე ავტორი გვახსენებს, რომ ამ ოთახში მათ შვებულების კიდევ ცამეტი დღე აქვთ ერთად გასატარებელი. ”სალაღობო ტრფობანის” პერსონაჟებს, მათს ამბებს და თავგადასავლებს, განცდებს თუ ემოციებს ის საერთო ნიშანი გასდევთ, რაც შემდეგ კუნდერას გვიანდელი რომანის სათაურში გახმოვანდა – მოთხრობების გმირებს ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქე ტანჯავთ. ამავე დროს, მათი თვითირონიულობა და, ხშირ შემთხვევაში, თვითკმაყოფილებაც კი, მკითხველს აიძულებს, გაეღიმოს ადამიანების წარუმატებლობასა და მარცხზე, გაეცინოს არშემდგარ სასიყვარულო ურთიერთობებზე და იხალისოს მათს თავგადასავლებზე. თუმცა, რამდენად ელის ”სალაღობო ტრფობანის” ქართველ მკითხველს ეს ხალისი და ავტორისგან შეპირებული სილაღე, ამის დანამდვილებით თქმა გამიჭირდება. წიგნის ქართული თარგმანი ცოტა არ იყოს, ხელოვნური სტილიზაციებით გადატვირთული მომეჩვენა. არაერთგან ყურს ჭრის თანამედროვე სალიტერატურო ლექსიკისათვის შეუფერებელი ფრაზეოლოგია და მკვდარი სინტაქსი, რაც საბოლოოდ არათუ ძნელად აღსაქმელს ხდის ტექსტს, ხშირად შინაარსის გამოტანაც შეუძლებელი ხდება. ”მინდოდა, სარმა გამომედო მიზეზობრიობის ამ პრინციპისათვის. თავისუფალი მსაჯულის ერთი ხელის მოსმით ჩამეფუშა სამყაროს დინების წინასწარ განჭვრეტის პირქუში შესაძლებლობა”, – ამ სიტყვებით დოქტორ ჰაველი მთავარ ექიმს უხსნის, როგორ და რატომ გაკუზა ესა თუ ის მახინჯი ქალი (“სიმპოზიუმი”). მსგავსი ამოვარდნა ტერმინოლოგიური აპარატიდან საკმაოდ ხშირია თარგმანში, რაც საბოლოოდ ტექსტის გამტარობის ხარისხზე უარყოფითად მოქმედებს და შედეგად იმას ვიღებთ, რომ დამახინჯებული ფორმა მკითხველს შინაარსამდე მისასვლელ გზას უღობავს. მით უმეტეს, მსგავსი შემთხვევებს არა მარტო პერსონაჟების სამეტყველო ენაში ვაწყდებით, არამედ მთხრობელის ტექსტშიც, თუმცა კი ეს უკანასკნელი ყველაზე მეტი სისადავით და უპრეტენზიობით გამოირჩევა: ”სწორედ ამგვარად წარმოუჩინა დირექტორმა ედუარდს აზრთა უწყვეტი მდინარებით ხან საკუთარი გულმოწყალების მომხიბლავი შესაძლებლობები და ხანაც საკუთარივე სიმკაცრის კუშტი შესაძლებლობები”. (“ედუარდი და ღმერთი”). ამ ენობრივი ხარვეზების მიუხედავად, თავად ის ფაქტი, რომ წიგნის თაროებს კიდევ ერთი ახალი ქართული თარგმანი შეემატა, იმდენად სახალისო და სასიხარულოა, რომ ტექსტის მიმართაც ასევე განაწყობს “სალაღობო ტრფობანის” ქართველ მკითხველს.

© “ცხელი შოკოლადი”

Facebook Comments Box