პოეზია

მაია სარიშვილი – “ახლა ქარიშხალმა სხვაგვარად გადააწყო შეშლილები”

***

ახლა ქარიშხალმა სხვაგვარად გადააწყო შეშლილები.
სხვაგვარად ჩაამწკრივა.
ბოლოებში ბავშვები დააყენა რითმებად
და წამოვიდა დემონსტრაცია,
როგორც შეშლილთა ლექსი.
მე კი ღიმილი, როგორც ნატკენი ფრთა,
ძირს მეთრევა და უხერხულია.
ვერ ავიკეცე. ვერ ვიმაგრებ.
ჩემს ღიმილზე ებიჯება სუყველას ფეხი –
ხალხმრავლობაში უარესია.
თურმე თავსხმაა.
ავიხედე – წვეთები გვანან პაწაწინა მეგაფონებს,
რომელთაც დავსდევ და სათითაოდ
ყოველ მათგანს ვუკითხავ ლექსებს.
ეს სიგიჟეა. ერთი წვეთიც არ დამრჩენია.
თან მახსენდება ბლანტი სცენა
სავსე დარბაზში,
სადაც ავედი ზუსტად ისევე სულელურად,
როგორც ოდესღაც ბავშვობისას,
როდესაც დედა მიკვდებოდა
და მაგიდაზე შევდექი შიშით,
რომ ახლოდან გაეგონა ღმერთს ჩემი ლოცვა…

* * *

ბავშვობისას დარდი ან ასეთია –
რომ ორმოში დგახარ და სიცოცხლე ზემოთაა,
ან ასეთი –
სადაც არ წახვალ,
ოთახის რომელიღაც კუთხე დაგყვება თან.
ან ვერ იცილებ
და ორმოთი უზიხარ დედას კალთაში,
ორმოთი გძინავს
და ორმოთი გაბანავებენ,
ან ოთახის კუთხეს ვერ იცილებ,
როგორც მარადიულ დასჯას და მუქარას.
ან ორმოს გამო
დარდი თანდათან ისე გაშეშებს,
თითქოს ძვლები გიფართოვდება,
ხორცში შედის
და რბილობის ადგილს იკავებს,
ან ამ კუთხიდან
სასტიკად ალესილ მკლავებს
ენებივით ამოყრიან ხოლმე
ყველაზე კარგი მასწავლებლები
და ყველაზე ახლო ნათესავები.
და თუმცა გჭრიან, გჭრიან,
შენ მაინც წყალივით,
მაინც ჯიუტად,
ისევ უწყვეტ ნაკადად
მიედინები დიდობისაკენ,
რომელშიც არა და არ არის ხსნა.

* * *
კედლის საათის შიში იყო,
დილით რომ ყოველთვის მციოდა ბავშვობისას.
თითქოს ამ კედელში დედინაცვალი იდგა უძრავად
და არ უჩანდა საშიში ტანი.
ნამდვილ დედას კი
ჰქონდა მუდამ ცხელი ხელები.
და ცერს ქვემოთ რომ რბილობია,
ჰქონდა ისეთი განიერი,
მაღალი და გავარვარებული,
ასე მეგონა,
ამ რბილობით მაინც იცოცხლებს,
მთელი სხეულიც რომ მოუკვდეს ოდესმე მეთქი…
და მივდიოდი ჩემს სკოლაში –
ფოლადის ყუთში,
რომლის პატარა ფანჯრებიდანაც
ვხედავდი ხეებს, რომელთაც სძულდათ
სკოლის ეზოს უნიჭო მიწა,
და უგემური მისი საზრდო
ფესვებიდან მთელ სხეულში აღარ აჰქონდათ.
მხოლოდ ფოთლები –
სულელები, სულელურად ხუთოსნები
მუდამ და მუდამ
სულ თავის დროზე ამოდიოდნენ
და ხმებოდნენ სულ თავის დროზე…
ჩემი სკოლიდან ძალიან შორს კი
დედას ჰქონდა სამსახური ჩვეულებრივი,
სადაც ერთ დილას წამიყვანა რაღაც მიზეზით
და იქ კოლბები სითხეებით,
უცნაური ხელსაწყოები,
დამხვდნენ ისეთი სათნოები, სულიერები,
ვერ მოვითმინე,
გაოცებული სტუდენტების თვალწინ ავტირდი,
დედას ხალათის ცალ ჯიბეში ჩავყავი სახე.

* * *
მამა ნიკოლოზს
ვერ გადავამოწმებ, რა მაქვს მოწესრიგებული.
ძილმა ამომაყირავა.
და უმწეო ხელ-ფეხს წყალმცენარესავით ვიქნევ.
რა შორიდან მოდიოდა ეს ნაღველი,
როგორც ქარბორბალა.
ამან გადაკეცა ზეცა ოთხად, მერე რვად.
და დავინახე
გამოგონილი ხეივანივით ჩემი ლოცვები –
ისევ ნამდვილ ბაღს გარეთ რომ მწიფს
უშთამომავლო სიტყვა…

* * *
ირმას, რომელიც გარდაიცვალა

თავსაფარს ვხმარობ,
თავის ქალიდან რომ არ გაჟონოს ლოცვისას იმ დღემ,
რომელსაც ასე ნამცეც-ნამცეც ვიკოწიწებდი.
რომელშიც ფრთხილად, უხმაუროდ შემქონდა ეზო,
სულ აგურ-აგურ, ფიცარ-ფიცარ შემქონდა სახლი,
ფრთხილი ბაკუნით, თითო-თითოდ შევდენე ცხვარი,
სულ ღრუბელ-ღრუბელ, ჩიტ-ჩიტობით შემქონდა

ზეცა…

სასტიკი პასუხი

თქვენ მეუბნებოდით, რომ იმ ოთხიდან
ორი ბავშვი მაინც უნდა ჩამეძაღლებინა,
მაგრამ მე ვერ ამოვარჩიე – რომელი…
და ამასობაში დაიზარდნენ.
თავის დაცვა უკვე კარგად შეუძლიათ.
ისე ადვილად ვეღარ დახოცავ…
ერთი რომ მყოლოდა,
ოთხივეჯერ მას გავუღიმებდი
და არავინ ეტყოდა, რომ დანარჩენები
იმ სამი გაღიმებისათვის დაიხოცნენ.
ვერ მოვიქეცი გონივრულად,
ვერ ამოვითხარე სტერილური თოხებით
შვილები – როგორც გლანდები –
და საქმე საბოდიშოდ გავიხადე,
რადგან სულ მეგონა, რომ
თუ დაგიჯერებდით,
მუცელი მაინც გამომეზრდებოდა
და მთელი ცხოვრება
ზუსტად იმდენი ბორცვი უნდა მეტარებინა,
რამდენ ბავშვსაც ტანში ჩავიკლავდი.
და ესენი კი იქნებოდნენ
ბევრად უფრო საშიშნი და მარადიულნი –
ჩემივე შვილების საფლავის ბორცვები.
თქვენ მეუბნებოდით, რომ ამ ოთხიდან
ორი ბავშვი მაინც უნდა ჩამეძაღლებინა,
მაგრამ მე ვერ ამოვარჩიე – რომელი,
და ამასობაში დაიზარდნენ,
ლოყებზე თითები მომაფინეს,
ალაპარაკდნენ…

ალბათ სამშობლო

აქ ნუგეში მუდამ ასეთია –
ჯერ ფარგლის წვერივით ჩაგესობა
და მერე შემოხაზავს წრეს.
აქ სიცილის ოთახშია შეგდებული რაღაც საიდუმლო
და ისევ სარკეები ბრეცენ და ამასხარავებენ სათქმელს…
აქ ზოგჯერ თავისით ითხრება მიწა, უნიჩბებოდ.
და ფრთხილად და თავისით ირგვებიან ხეები.
აქ ჰაერის ყველა მოლეკულაც რომ
კარებივით სათითაოდ გამომიჯახუნონ,
რჩება დუმილი, რომელიც წმინდანია და მაცოცხლებს.

სუნთქვა

ამოსუნთქვა –
რასაც ვუყურებ,
ყველაფერი უკან-უკან გარბის.
ოთახის ნივთები შავი წერტილებივითღა ჩანან.
ყურიც ვერ ეწევა გაქცეულ ბგერებს.
ასეთი სიმარტივე კი დროს აჩერებს
და გხდის უხილავს.
დამაკვირდი,
ჩემი საწოლიდან ბავშვი თავის საწოლში გადავაწვინე.
მართლა მე ვიყავი, რომელიც ბავშვს შეეხო?
ჩასუნთქვა –
ახლა ისევ ჩემსკენ მოექანება ყველაფერი.
დრო დაბრუნდა.
დროს კი იმდენი მზე აქვს,
ძალით ნაყლაპი ერბოსავით გულს მიმსუყებს.
დღეს ვეღარ ვიტან.
მხოლოდ ღამეა ჩემი.
დილები და შუადღეები კი არასდროს ჩამითვლია.
ესენი დასაბნევად გამომიგზავნეს…

* * *

სულ არ შეგეხები შენ –
მიწას, რომელიც ნამდვილად არსებობ
და არც გედავები.
უბრალოდ, არსად ჩავვარდები,
თუ უგზოდ ვივლი, უტერფებოდ.
უბრალოდ, სახლიც ყველგან მექნება,
თუ უგზოდ ვივლი, უტერფებოდ.
თუმცა თავსხმაა, ხელს არ ვუშვებ
დედამიწის არც ერთ, არც ერთ ეტლს.
აივნებზე, საძინებლებში და სკვერებში
რაც საბავშვო ეტლებია, ყველა ჩემია.
მხოლოდ აქა ვარ –
მიწის ზემოთ და ეტლებს ირგვლივ.
ზეცას კი ვკარგავ – ის უძრავია,
რადგანაც წვიმის გვირისტები – შავი და გამძლე –
გადაატარეს სუყველა ჩიტზე
და ცოცხალი აღარცერთია…

* * *

სილვია პლათს

როგორ ყველანი გაგისტუმრეთ ამ სიგიჟიდან,
სადაც არ არის სავარძლები მოსასვენებლად.
მხოლოდ ქვებზე
ან გაურანდავ ფიცრებზე თუ ჩამოსხდებოდით,
მაგრამ სულ ჩქარობთ,
საათებში ჩანჩქერები გყავთ –
მისი შხეფების ნაკვალევზე ახტუნებთ სიტყვებს,
რომელთაც ვიჭერ
და საცირკო რაღაც ხრიკებით
თქვენს შინაურ ხმებს
ბგერა-ბგერა ვაგარეულებ.

(c) „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

Facebook Comments Box