დათო გაბუნია
სასტიკი პოეზია
მაია სარიშვილი, მიკროსკოპი, ლექსების კრებული, თბ. “Link”, 2007.
“ახლა ქარიშხალმა სხვაგვარად გადააწყო შეშლილები.
სხვაგვარად ჩაამწკრივა.
ბოლოებში ბავშვები დააყენა რითმებად
და წამოვიდა დემონსტრაცია(…)”
ამ სიტყვებით იწყება მაია სარიშვილის პოეტური კრებული “მიკროსკოპი” და ალბათ, წიგნის შედგენისას, შემთხვევით არ აარჩიეს ეს ლექსი “გამხსნელად”. ეს გამჭოლი თემა სარიშვილის პოეზიის კონცეპტუალურ ღერძს წარმოაგდენს.
ამ ტექსტებს პოეტის სახელი რომ მოაცილოთ, თვალის ერთი გადავლებითაც ნებისმიერი მკითხველი გეტყვით, რომ ავტორი ქალია. ხოლო კრებულის სათაურს თუ კომპოზიციურ მეტაფორად დავინახავთ, ხელთ ქალურობის ანატომია შეგვრჩება: ავტორი თავის ქალურობას მიკროსკოპში ათვალიერებს, ძალიან ახლოდან უყურებს და ასე უჯრედებამდე დაშლილი სიმართლე ხშირად ალოგიკურ, თითქმის დაუკავშირებელ სახეებად იქცევა. თითქოს ეს მოკლე ლექსები მართლა მიკროსკოპში დანახული უჯრედებია და თუ მათგან დისტანცირებას ვერ მოვახერხებთ, ვერც ვერაფერს გავიგებთ, რადგან რთულია, ერთი უჯრედით წარმოდგენა შეიქმნა მთელ ორგანიზმზე.
ამ ლექსებს ვერ დაახარისხებ პერიოდებად ან თემატურ ციკლებად, რადგან სამოცივეს ერთი მთლიანი ემოცია ჰკრავს, ერთ დიდ პოეტურ ქსოვილად აერთიანებს. უმთავრესი თემა შვილებია – მარადიული წყევლა და კურთხევა, თითქმის ყველა უჯრედის ბირთვი. გადაჭარბებად არ ჩამეთვლება, თუ ვიტყვი, რომ მაია სარიშვილის ლექსებში არის ბავშვებთან დაკავშირებული ერთი განმეორებადი მოტივი, რომელიც პოეტის საკუთრებად მიმაჩნია (ყოველ შემთხვევაში, ქართულ პოეზიაში მისი ანალოგი ნამდვილად არ მეგულება): ლირიკული სუბიექტი აქ ხშირად არის ერთდროულად დედაც და ბავშვიც. ეს ქალი “უნებლიე დედაა”, ჯერ კიდევ საკუთარი ბავშვობის ხატებითაა გარემოცული, მაშინ, როცა უკვე თავადაც გამხდარა დედა. “…რაღაც რკალები და ხვეულები / ნამდვილსიტყვება წერილებად მექცნენ, / თოჯინების ცივი ნესტოები – / შვილების მსუნთქავ ცხვირებად. რა ვუყო ასეთ სიცოცხლეს?..” ეს გარემოება ნაწილობრივ ხსნის დამძიმებულ, მეტად არასაბავშვო განწყობას, რომელიც შვილებისადმი მიძღვნილ ლექსებში ასეთი ეფექტური და ხშირად შოკის მომგვრელიც კია. ბავშვები სასჯელის უმაღლეს ზომად, გაუსაძლისი ტანჯვის წყაროდ იქცევა: “ბავშვების მზერა ასეთია – / თითქოს ქერი მოზიდეს თვალებით. / …და აქედან ამოგვჭამეთო – პირდაპირ თვალებიდან.” კრებულიდან უამრავი მსგავსი ციტატის მოტანა შეიძლება, სადაც “ბავშვურობის” ცნება (ტრადიციული გაგებით) თავდაყირა დგას, ერთგვარ პოეტურ პერვერსიად გადაქცეულა. ასეთი სასტიკი მხატვრული სახეები უცხოა ქართული პოეზიისთვის, სადაც დედაშვილობის მოტივი მეტწილად ამაღლებულ-პათეტიკურ ხასიათს ატარებს და მით უფრო საინტერესოა, რომ ამ სტერეოტიპებს, ერთი ხელის მოსმით, სწორედ ქალი ავტორი ანგრევს.
მაია სარიშვილის ლექსებში ხშირად შეხვდებით გარდაცვლილი დედის სახეს, რომელიც მფარველი ანგელოზის ფუნქციას იძენს. დედისეული გამოცდილების ცოდნა, ალბათ, სწორედ ის გასაღებია, რაც ლოგიკურად ახსნის შვილების მოტივის ორიგინალურობას: ქალი, რომელიც ინტუიტურად ხვდება, რომ საკუთარი დედის ხვედრს ვერსად გაექცევა – (მშობიარობის შესანიშნავი მეტაფორული სცენა ერთ-ერთი ლექსიდან: “…წითელი პიონები მცვივა სხეულიდან / და ამათ გამოჰყავხარ შენ… / ხომ საქარგავ დაფაზე ვარ გადაჭიმული / და მაკივლებენ…”) – ჯერ დათმობს უზრუნველ ბავშვობას, შემდეგ ცოლი გახდება (“უთხარით ჩემს ქმარს,/ რომ ეს ფატა თავის ქალიდან ამომეზარდა…”), შემდეგ კი თავად გააჩენს ბავშვებს და ტრაგიკულ ყოველდღიურობაში ჩაიძირება. ერთი შეხედვით, განსაკუთრებით ორიგინალური ეს თემები არ უნდა იყოს, თუმცა, მაია სარიშვილის ერთ-ერთი მთავარი ღირსება ესეცაა: იგი წარმატებით ახერხებს, თავიდან აიცილოს სწორხაზოვნება. ვერსად, ვერცერთ ლექსში მას ვერ დავდებთ ბრალს “ქალურ წუწუნში”, მიუხედავად იმისა, რომ თავისი არსით ეს სწორედ პროტესტის პოეზიაა. თუმცა, როდესაც პროტესტი სიღრმისეულია და არა ზედაპირული, ის პოეტის ხელში მძლავრ იარაღად იქცევა. ავტორი ემიჯნება ყოფითობას და რეალობის პრიმიტიულ, ორგანზომილებიან ხედვას, სადაც არსებობს ერთმნიშვნელოვნად დადებითი და უარყოფითი პოლუსები. მათ შორის მაია სარიშვილის ლექსებში უზარმაზარი სივრცეა, ერთდროულად სისასტიკითა და სიყვარულით სავსე კონტინუუმი, რომელსაც არა აქვს არც დასაწყისი და მით უმეტეს, არც დასასრული.
თუ პოეტურ გავლენებსაც შევეხებით, უთუოდ უნდა ვახსენოთ სილვია პლათი, რომელსაც მაია სარიშვილმა ერთვარი “ხარკი” გადაუხადა პირდაპირი მიძღვნით. შეიძლება ითქვას, რომ მაია სარიშვილის ლექსები ქართულ პოეტურ სივრცეში პლათის პოეზიის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი და უშუალო გამოძახილია, თუმცა, ამით არამც და არამც არ კნინდება მათი ორიგინალურობა ან მხატვრული ღირებულება.
და ბოლოს, გარდა მრავალი მხატვრული ღირსებისა, რითაც “მიკროსკოპი” ქართულ პოეზიაში სიახლედ შეიძლება მივიჩნიოთ, ეს კრებული უაღრესად მნიშვნელოვანი მოვლენაა ჩვენს სოციალურ რეალობაშიც – იგი უთუოდ გამოიწვევს ფემინისტ მკვლევართა ინტერესს, როგორც სრულებით უნიკალური, აქამდე არნახული მასშტაბისა და სიძლიერის მხატვრული ამოძახილი, რომელშიც ქალმა ავტორმა მოახერხა მთავარი: აუჯანყდა დედის სტერეოტიპს და “სასტიკი პასუხი” მიაგო მას. საქართველოში ყბადაღებულმა და საყოველთაო ქილიკის საგნად ქცეულმა “ქალურმა ლიტერატურამ” დიდი ნაბიჯი გადადგა. მაია სარიშვილი ერთ-ერთი პირველია, ვინც არ გაურბის ქალურ გამოცდილებას საკუთარ შემოქმედებაში და ვინც მას მოყირჭებული სენტიმენტალიზმისგან გათავისუფლებულ, შესანიშნავ მხატვრულ ლიტერატურად აქცევს.
© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“