რეცენზია

მალხაზ ხარბედია – განტისკულნი

bolo zari

ლაშა ბუღაძე, ბოლო ზარი (რომანი). ყდის დიზაინი ირაკლი ვარვარიძისა. თბ. “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”, 2004.

გახსოვთ ალბათ, შარშან, ცრუ განგაშების მთელმა ტალღამ რომ გადაუარა თბილისს. დღეში რამდენიმე ანონიმური ზარი გაისმოდა ქალაქის სკოლებსა და სხვა დაწესებულებებში, აფეთქების მოლოდინით შეძრწუნებული ხალხი კი შენობებიდან გამორბოდა და მათ ადგილს სიმპატიური კოკერ-სპანიელები, ლაბრადორები, და ნერვებაშლილი გამნაღმველები იკავებდნენ. ტელევიზიით მოზრდილი სიუჟეტები გადიოდა, რამდენიმე უსაქმური დააკავეს კიდეც ამ ამბავზე. ერთი სიტყვით, თბილისში ცრუ აფეთქებების კვირეული დაწყებულიყო და ადამიანები შიშნარევი ღიმილით დააბიჯებდნენ, რადგან არავინ იცოდა როდის გაისმებოდა ის საბედისწერო ზარი, ნამდვილი აფეთქების შესახებ რომ აუწყებდა რომელიმე სკოლის დირექტორს. თბილისს იმ ხანად ცუდად ეძინა, არ ეძინათ პოლიციელებსა და მასწავლებლებს, არ ეძინათ მშობლებს, რომელთაც ვერ გაეგოთ, გაეშვათ თუ არა შვილები სკოლაში და რაც მთავარია, არ ეძინა ლაშა ბუღაძეს. ისიც აფეთქებაზე ფიქრობდა, ისიც ამ თბილისურ კვირეულში ჩართულიყო და კომპიუტერთან მიმჯდარი, ცდილობდა როგორმე ერთმანეთთან დაეკავშირებინა სულელი მოსწავლის წარმოსახვაში აფეთქებული სკოლა და თბილისში ოდესღაც მომხდარი რეალური აფეთქება. როგორც მიხვდით, ლაშა რომანს წერდა, თავის პირველ რომანს, რომელსაც აფეთქებით დაიწყებდა, მოხერხებულად გაჭრიდა ვაკე-საბურთალოს გამყოფ ქედს და ერთმანეთზე მიუშვებდა ორივე უბნის მაცხოვრებლებს.
გავა დრო, და ლაშა ბუღაძე აფეთქებითვე დაასრულებს თავის რომანს, მიქელანჯელო ანტონიონის “ზაბრისკი პოინტის” პონტში, გოგონას ცნობიერებაში გაათამაშებს ამ სცენას, ჰაერში აყრის დაფებს, აგურებს, მინის ნამსხვრევებს, მოსწავლეებს, მასწავლებლებს. გააყრუებს ქალაქს, დაბოლოს, გაურკვეველ მომავალში გადაისვრის საბრალო პერსონაჟებს. თუმცა ჯერ თავად ავტორმა ამის შესახებ არაფერი იცის, იგი კომპიუტერს მიჯდომია და ინტონაციის შერჩევას ცდილობს, ხმაზე მუშაობს. ბოლოსდაბოლოს რომანს წერს და მთხრობელი სჭირდება. ინტონაციას კი ავტორი ადვილად აგნებს, კერძოდ კი 50-იანი წლების ქართულ კინოში პოულობს მას. მაგალითად, გაიხსენებს ეროსი მანჯგალაძის ხმას ფილმიდან “ჩვენი ეზო” და მყისვე ამოიელვებს რომელიმე ფრაზა, ვთქვათ ეს, “აი, ჩვენი ვაჟაც” და დაიწყებს: “ო, როგორ ეშინოდა დემურს ბოლო ზარის! ხვალინდელი დღის, სკოლის დამთავრების… მაგრამ იმედი მაინც ჰქონდა. ოღონდ კაცმა არ იცის, რისი”.
რომანი სავსეა ასეთი გაუგებარი იმედებით და ნაწარმოების ბოლოს საერთოქართული, ყველა ასაკისთვის მნიშვნელოვანი შეკითხვის დასმით ავტორი ერთი მხრივ თხრობას ასრულებს, მეორე მხრივ კი თითქოს ჯოჯოხეთურად ერთფეროვანი რეალობისკენ გვაბრუნებს. ესაა “ქართველთა მტანჯველი, შხამიანი შეკითხვა: – ამ საღამოს, რა ვქნათ?”, შეკითხვა, რომელიც რუსული, უფრო სწორად სკვითური პათოსითაა დასმული, თუმცა კი დანტეს იმპერატივივით ჟღერს: “თქვენ, აქ მოსულნო, იმედები დატოვეთ ყველა…”
და ჩვენც ვტოვებთ ამ იმედებს.
ისე, სიმართლე ითქვას, რას უნდა მოელოდე დაძაბული, დაბღვერილი ბიჭებისგან და ფლეგმატური გოგონებისგან? არც არაფერს, გართობის გარდა, და ერთად-ერთი ისღა დაგვრჩენია, გულიანად ვიცინოთ მათ ჟესტებზე, ფრაზებსა და ოცნებებზე.
ლაშა ბუღაძეს თავიდანვე შემოჰყავს მთავარი გმირი, წიგნიერი ნინველი (თინეიჯერის სულხან-საბასეული შესატყვისია), სახელად დემური და იქვე განსაზღვრავს კიდეც თავისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს თბილისურ თემას, რომელიც წიგნიერი ბიჭების დაჩაგვრაში გამოიხატებოდა. “სუფრა ისე არ აიშლებოდა, ერთი კარგად მოტიკტიკე, განათლებული, ჭორფლიანი და სათვალოსანი ჯეელი არ გალახულიყო”-ო, წერს ავტორი და იქვე ამ წამებულთა საგმირო საქმეებით გადაჭედილ მოზრდილ აბზაცს გვთავაზობს:
“ოთარ ცინცაძე, მაგალითად, უბეჯითესი ბალღი, გაილახა პლეხანოველი ჩარლიკას მიერ, მხოლოდ იმიტომ, რომ გოგონებს აცინებდა; გიორგი მაზმანიშვილი, გალახულ და გალანძღულ იქნა ვინმე ჭიჭიკას მიერ, მრგვალი ბაღის მიდამოებში, აქ მოთრეული აღარ გნახოო…” და ა.შ. თანაც ამ წამებულთა საქმენი ბლომად დაგროვებია ავტორს და რომ არა მკითხველისადმი რიდი და მოწიწება, ბარე ორ წიგნს გაავსებდა მოთმინებითა და რისხვით აღსავსე ამგვარი თავგადასავლებით.
ერთი სიტყვით, ჩვენი დროის “საქმე მოციქულთა” ჩაფლავდა, სამაგიეროდ ლაშა ბუღაძეს ეყო სითამამე დაეწერა პირველი ქართული “სიტყუაი ნინველთათვის”, წიგნი თინეიჯერებისთვის, სადაც იშვიათად გამომკრთალი ჰიპერბოლებისა და დაუჯერებელი სარაინდო-საფალავნო ჰეროიკის მიუხედავად, კონკრეტულ ადგილებსა და კონკრეტულ ადამიანების თავს გადამხდარი ამბებია მოთხრობილი.
აქაც დასუნსულებენ და იქექებიან დაბღვერილი ბიჭები, გოგოები კი შეუბრალებლად მოტკეცილი შარვლებით დადიან. მაგარ ბიჭებს თავიანთი სავაჭრო ნიშნით, ფურთხის გუბეებით, მზესუმზირის ქერქებით, კანგადაქერცლილი ცხვირებითა და გადაგლესილი თმებით გამოარჩევთ, გარდატეხის ასაკში მყოფნი კი აქლემებს დამსგავსებიან. ახლა სახელები ნახეთ: კაწკა, გვაჯი ვახო, კაკუჩა, ფანჩულა, სულიჩა, ლადუნა, პუსკა, ჯღიბო, ჟვირავა, ბათუმელი ამირანა…
დემურს, იგივე ბუბას, იგივე დემუჩას ნინჩო უყვარს, ნინჩოს ნადრიკუჩა, ოცდაერთი წლის კრიმინალი. მას “ხუთი წლის წინ, წყნეთის კინოთეატრის წინ შემოჰკვდომოდა ძმაკაცის ქალაჩუნა ნათლია, ბატონი ოთარ თევზაძე, რომელსაც ზოგადად წყნეთის და კონკრეტულად ნადრიკუჩას სამეგობროს დაწყევლა არ ეპატია…” ნუციკო დემურ-ბუბას ეტრფის და შიგადაშიგ საპირფარეშოში იკეტება, ვრცელ მონოლოგებს კითხულობს სარკის წინ. დემურის მეგობრები, ხურციძე და ანდრიკო, ნძრევაში ათენ-აღამებენ, ინტერენეტში გამოკიდული თემქელი ცირასა და გლდანელი ანჟელას ფოტოებით იოხებენ გულს, სულიჩა კი ძირითადად რწყევითაა გატაცებული და თავის შინასამყაროს ხან ლიფტის შახტაში ჩაათქრიალებს ხოლმე და ხანაც მეგობრების კალთაში. პუპა ყოვლისმცოდნეა, ამ გოგონამ ყველას ასავალ-დასავალი იცის, იცის ვის რა მანქანა ჰყავს მიწიერ და ზეციურ საქართველოში და ვინ ვის “დაადო” და რა ვითარებაში. ნარკომანი ვანჩო თავისი ცოლის, თეიკოს ძუძუთა დამზელ ქალზე ეჭვიანობს. ერთი სიტყვით, ყველას თავისი მისია აკისრია და პირზეც თავ-თავიანთი ფრაზები აკერიათ.
გამორჩეულია მშობლების სახეებიც. თეიკოს დედ-მამა, ორივე პარლამენტარია, ხოლო ნინჩოს მამა, კარლო ღვანფერიძე ნამდვილად გადაცემა “დროებაში” მოხვდებოდა, როგორც ჩვენი დროების გარგანტუა თუ გრანგუზიე. კარლო ღვანფერიძე გაუთავებელი და მელოდიური კუილ-ქარებით გამოირჩევა, ხან სევდიან, ალერსიან და ხანაც მოცარტის სიხალისით აღსავსე ქარებს ამღერებს თავისი გაუხედნავი სხეულით. ეს კაცი ყველაფერს ჭამს, გაბრაზებულ გულზე შეუძლია ვაზა შესანსლოს, კარგ გუნებაზე კი შვილს ეხუმრება, წაიკითხე, თორემ მშია და შეგიჭამ მაგ წიგნსო (გავა დრო და ბატონი კარლო მეგრულ ფაცხებში დაასრულებს თავის ქარიშხლიან ცხოვრებას. კუჭი გაუსკდება.). ნადრიკუჩას მამა, ვერელი კოლორიტი ხუტა, ციროზით გარდაიცვალა, დემურის დედა, თამარ ჩიჯავაძე ექიმია, იგი სიყვარულით შესცქერის ხოლმე შხამიანი ფიქრებისგან გამწარებულ თავის შვილს და ერთთავად იმაზე ოცნებობს, მისი სახელი დაარქვან რომელიმე ავადმყოფობას (“ჩიჯავაძე შემეყარა”, “ჩიჯავაძე მოვიხადე”), მამა, ბესიკ ჩხიკვიშვილი კი მხატვარია და უკურნებელი ნევროზი სჭირს, იღვიძებს დილის სამ საათზე, ცოლსაც აღვიძებს და თხოვს “თქვი გამარჯობა ჩვიდმეტჯერ, თორემ ვერც მე დავიძინებ და არც შენ დაგაძინებო” (სხვათა შორის, ბატონი ბესიკის ამ დაავადებას თამამად შეიძლება “ჩიჯავაძე” ვუწოდოთ), ხატვით კი ეს კაცი მხოლოდ ძროხებს ხატავს, თანაც იმდენს, რომ ბოლოს პეიზაჟზე აღარც ბალახი ჩანს და აღარც ცა.
ცალკე თემაა მასწავლებლები და აქაც ბევრს გაერთობა დაკვირვებული მკითხველი. სკოლაში – რომელიც პეტრიაშვილის ქუჩაზე მდებარეობს და ზოგისთვის ადვილად ამოსაცნობიც შეიძლება იყოს – სექსოლოგიას 70 წლის ვლადიმერ დოჩია ასწავლის (“მაშდამე დევიწყოთ… სპერმატოზოიდი რომ არა, შენ ხარ ჩემი ბატონიიიი…”), ქართულს და კიდევ სხვა რაღაცეებსაც ქეთო მასი განაგებს, ბავშვებს “მობი დიკის” წაკითხვას უკრძალავს და ასე ამბობს, თუკი ვეშაპი მაინცდამაინც გაინტერესებთ, ბიბლია წაიკითხეთ, იონას ამბავიო. დემურს მუსიკას რუსიკო ასწავლის, დეპრესიული, გაუთხოვარი და საკუთარი სიმახინჯისგან გაავებული ქალი, ბოტანიკის მასწავლებელს, სოსო ლაბუციძეს კი ბუტკოს ეძახიან. ინგლისურის მასწავლებელი ჯენიფერი ყველას და ყველაფერს უღიმის, დაბზარულ კედლებზე მღოღავ მწერებსაც კი. სკოლას კიდევ ერთი ეკზოტიკური პერსონაჟი ჰყავს, დაცვის ბიჭი მერაბი, რომელსაც რიგ-რიგობით მოჰყავს ცოლად სკოლის ახალგაზრდა მასწავლებლები, მოიტაცებს ხოლმე ხაშურში და იქ გოგონებს ხან ბრმა ნაწლავი უსკდებათ, ხან კი მშვიდობიანად მთავრდება ყველაფერი, როგორც წესი და რიგია.
უგემრიელეს ლუკმას სთავაზობს ლაშა ბუღაძე თანამედროვე ქართული ესტრადის “მოყვარულებსაც”, ესაა როკ-ვარსკვლავი ჯამბულა, რომელიც მართალია მეორეხარისხოვანი პერსონაჟია, მაგრამ ისე ზუსტადაა დახატული და ისეთი მონდომებით, რომ ნებისმიერ გმირს დაჩრდილავდა რომანის გამონაგონ სამყაროშიც და რეალურ ქართულ სცენაზეც.
ჯამბულა, თავისივე აღიარებით, რელიგიურ როკს უკრავს და ტექსტებიც, შესაბამისად, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიას, წმინდა ნინოს შემოსვლას და რუსულ-ქართულ ურთიერთობებს ეძღვნება. გამოაცხობს ეს მელოტი და წვერებიანი როკერი უშველებელ, ხრიალა სიმღერას ეგზარქოსების მიერ კირით გადაღებილ ეკლესიებზე და შემდეგ ცეცხლმოკიდებული ჯვრების ფონზე მღერის ხოლმე. მის ჯგუფს ხან “მირიანი და ნანა” ერქვა, ხანაც “ჯამბულა და მოციქულები”. ახლა მისი ჰიტები ნახეთ: “რა გვიქნა დედა-აფეთქებულმა შაჰ-აბასმა!”, “არ მოგწონვარ?.. ბებიაშენისამ!”, “ნანაი-ნანაი-ნა-ნა… ღმერთო, დალოცე თინეიჯერები!”, “ზემელი არ მიყვარს, თემქა მირჩევნია”. ბოლოს ისე ხდება, რომ ჯამბულას ტრაკში დაჭრიან ნადრიკუჩას ძმაკაცები, ხუთი გასროლით (ჯონ ლენონივით კვდებოდა შობელძაღლი), ბათუმელი ფანი ამირანა კი ისტერიულად გაჰყვირის, “ჯამბულა დაგვიჭრენ, ბოის შვილნი ვიყვეთ… ქართველ მსმენელს ჯამბულიე დაუჭრენ!”
ცალკე თემაა პერსონაჟთა მეტყველება. მაგალითად ნადრიკუჩა მხოლოდ სამი ფრაზით გამოხატავს სათქმელს, “შეჩემა”-თი და “ბოიშვილო”-თი, კარგ ხასიათზე კი საალერსოდ “წარეკეს” იყენებს. უცნაური მოსიყვარულება იცოდა ამ ბიჭმა, ციხიდან რეკავდა ხოლმე ნინჩოსთან და ეუბნებოდა “გამოვალ, ჯერ ენას ამოგაცლი, მერე პირში მოგ… მ… აგკუწავ, ჩემი გოგო, იმიტო რო მიყვარხარ… უპროჭესი ვარ, ნინ, იცი… გადაგივლით!.. ჩაგპიზ… ვთ!” რომანი სავსეა ასეთი მაზალო ფრაზებით, უჩატისკულესი, უსაყვარლესი და უსიცოცხლევესი ბავშვებით, თუმცა კი ისიც უნდა უნდა აღინიშნოს, რომ მარტო ამ ბალღურ დიალექტს არ შეხვდებით ნაწარმოებში. ყველა სოციალური თუ კულტურული ფენის წარმომადგენელი თავისებური მეტყველებით ხასიათდება, პოლიციელები, ჯიხურის გამყიდველები (რომანში წარამარა გაიელვებენ პლედშემოხვეული “კოკა-კოლის” ქალები), ტაქსის მძღოლები. ეს უკანასკნელნი განუწყვეტლივ ერთდაიმავე ისტორიას ყვებიან, მაგალითად ასეთს: “ჩამოვდივარ ამასწინათ ოქროყანიდან… ვხედავ ქალი დგას… რა ქალი, გოგო ტო!… გავუჩერე, გვერდით მომიჯდა…უცებ არ გადმოყო, ამ შობელძაღლმა ხელი!… მეთქი აიღე, შენხელა შვილი მყავს” და ა.შ.
ზემოთ ვთქვი, ამ თანამედროვე ისტორიაში ჰიპერბოლებისა და დაუჯერებელი სარაინდო-საფალავნო ჰეროიკისთვისაც მოიძებნა მეთქი ადგილი. და მართლაც, ნადრიკუჩა ახლო ნათესაობას ამჟღავნებს ქართული თუ მსოფლიო ლიტერატურის დევ-გმირებთან, მიუხედავად იმისა, რომ ამ ბიჭის სახის გასრულყოფილებისთვის საპნის ოპერიდანაც ბევრია ნასესხები (მკითხველს გავანდობ, რომ მარიო ვარგას ლიოსას “დეიდა ხულია და ცრუ მწერალი” ლაშა ბუღაძის საყვარელი რომანია). საქმე ისაა, რომ ნადრიკუჩას ციხიდან გაქცევისა და მოკვლის სცენა დაუჯერებლად მოჩანს, თუმცა კი სწორედ ეს ე.წ. ფანტასმაგორიულობა და ზღვარგადასული მღერა-ლაღობა იძლევა საშუალებას, “ბოლო ზარი” ნამდვილ ლიტერატურად ვაღიაროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ხელთ მხოლოდ “გატისკული” თაობის მოსაწყენი ქრონიკები შეგვრჩებოდა და არა რომანი.
“დაუჯერებელი იყო ნადრიკუჩას გაქცევის ამბავი, თითქმის ზღაპარივით.
როგორც ამბობდნენ, ნადრიკუჩას ისე გაზრდოდა თმა-წვერი, დავარცხნის შემთხვევაში, თხუთმეტ-ოც მეტრზე გაიჭიმებოდა.
სიბრძნის კბილი, რომელიც ციხეში ამოსვლოდა, საკუთარი ხელით ამოუძვრია და საკნის გისოსები ახალმოძრობილი, ბასრი კბილით გადაუხერხავს, მერე სასწაულებრივად გრძელი თმა-წვერიც მოუჭრია (შესაძლოა დაეპუტა კიდეც), გადაუხლართავს ერთმანეთისთვის და ერთი ბოლო საწოლის ფეხისთვის მიუბამს, ხოლო მეორე ვიწრო ფანჯრიდან გადაუგდია. ამის შემდეგ, რის ვაივაგლახით გამძვრალა ფანჯარაში, მოსჭიდებია თოკად ქცეულ საკუთარ თმა-წვერს და მშვიდობიანად დაშვებულა მიწაზე. მისი საკნის ფანჯარა სამარშრუტო ტაქსების გაჩერებას გადაჰყურებდა, შესკუპებულა ერთ-ერთ პაწია ავტობუსში, მძღოლს დამუქრებია, შენნაირებს პირში ვაძლევ, გადაეთრიე, თორემ მოგკლავო, და ფეხი გაზისთვის მიუჭერია, თანაც უყვირია, ციხიდან დიდი პროჭი ვინმე გამოიქცა ჩემი სახითო”.
ასეთები დღესაც დაქრიან ჩვენს ქალაქში, დაქრიან და გაიძახიან, “ამ საღამოს რა ვქნათ? რა ვქნათ ბოიშვილი ვიყო?”

© “წიგნები – 24 საათი”

Facebook Comments Box