ახალი ამბები,  ახალი წიგნები

მალხაზ ხარბედიას “შეთხზული „მე” – „პირველი პირის ნაცვალსახელები აგუგუნდნენ“

„ამ ტექსტის წერა publika.ge-სთვის დავიწყე 2020 წელს, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო მალევე შეწყდა მისი პუბლიკაცია. დროთა განმავლობაში, ჩაფიქრებული რამდენიმე ბლოგი ვრცელ კვლევად იქცა, ე. წ. განვრცობილ რეცენზიად, სადაც „ლიტერატურის მუზეუმის” მიერ 2013 წელს გამოცემულ დიდ ორტომეულზე დაყრდნობით („მწერალთა ავტობიოგრაფიები”: 1600-ზე მეტი გვერდი საერთო მოცულობა, 300-ზე მეტი ქართველი მწერლის ავტობიოგრაფია XIX-XX საუკუნეებიდან) საშუალება მომეცა, ჟანრის თავისებურებებზეც მესაუბრა და კონკრეტული მასალის გათვალისწინებით მეკვლია ავტობიოგრაფიული ტექსტების სტრუქტურა, სტილი, ისტორიული განზომილება და სხვ. საკითხები“ წერდა მალხაზ ხარბედია არილში გამოქვეყნებული ტექსტის „შეთხზული „მე” – მწერალი და ავტობიოგრაფია“ შესავალში.

ახლახან გამომცემლობა „პალიტრა L-მა” გამოსცა მისი წიგნი „შეთხზული „მე“, რომელზეც ავტორი თითქმის სამი წელი მუშაობდა.

რატომ და როგორ იწერება ავტობიოგრაფია? რა მიზანი აქვს „მე“-ს შესახებ წერას, თვითრეპრეზენტაციას? არის ეს რეალური ამბავი თუ მწერლის ინტერპრეტაციაა? რა ლიტერატურული და ისტორიული ღირებულება შეიძლება ჰქონდეს „ავტობიოგრაფიულ“ თუ „ავტობიოგრაფიაზე“ დაწერილ ტექსტებსა და მეტატექსტებს? – წიგნში არაერთი შეკითხვა ისმის. მწერლების ავტობიოგრაფიების ანალიზის პარალელურად გვხვდება თეორიული ჩანართებიც (მაგალითად, ვილჰელმ დილთაი და ავტობიოგრაფია, როგორც ჰერმენევტიკა) და, რა თქმა უნდა, ჩნდება თავად ავტორიც.

 „ბიოგრაფიამ, უფრო სწორად კი ავტობიოგრაფიამ, ახალი ძალები მოიკრიბა. პირადმა გვერდებმა სოციალურ ქსელში უსასრულო შესაძლებლობები შექმნეს პიროვნების ნაკვთების გამოსაძერწად, მისი ფორმების შესავსებად თუ დასახვეწად. ერთი სიტყვით, „მე”-მ ახალი ძალით ამოიღო ხმა, პირველი პირის ნაცვალსახელები აგუგუნდნენ“ – ვკითხულობთ ტექსტის დასაწყისში. იქვე გამოყოფს მალხაზ ხარბედია მწერალთა ავტობიოგრაფიების შემადგენელ რამდენიმე ნაწილს: შესავლები, წინაპრების ამბები, დაბადება, მშობლები, ნათესავები, ბავშვობა (მწარე თუ ტკბილი მოგონებები), აღზრდა, განათლება, შრომა, ბრძოლა და გზაზე დადგომა და რაც მთავარია, შემოქმედებითი ბიოგრაფია, ღვაწლი. ავტორი ეხება ავტოფიქციის ჟანრსაც, მის მსგავსება/განსხვავებას ავტობიოგრაფიასთან („გარკვეული თვითანალიზის შემდეგ იგი თავის კვალს ტოვებს, რომელიც, შეიძლება ითქვას, ფაბრიკაციაა, მთლიანად შეთხზულია, მაგრამ, ამავე დროს, ყველაზე ნამდვილი და სანდოა. ერთი სიტყვით, ფაქტები ფიქციად იქცევა“).

იმ მწერალთა ავტობიოგრაფიებს, რომლებსაც წიგნში ავტორი განიხილავს, ერთმანეთისგან განასხვავებს არა მარტო ის, რაზეც წერენ, არამედ ისიც, თუ როგორ წერენ – ზოგიერთი მათგანი მაინცდამაინც არ ინდომებს წერისას, მაგრამ არიან ისინიც, ვინც ავტობიოგრაფიის წერისას „პირველად უფიქრდებიან თავიანთ ცხოვრებას“. საინტერესოა ისიც, რამდენად განსხვავებულად აფასებენ თავიანთ განვლილ შემოქმედებით გზას. როგორ უფრთხილდებიან ან, პირიქით, არაფრად აგდებენ საკუთარ მიღწევებს.

ხარბედია ეხება იმ საკითხსაც, რომ ხშირად მწერლები ავტობიოგრაფიებში საკუთარი ნაწერებისკენ მიუთითებენ, წერენ, რომ „მწერლის ავტობიოგრაფია უმთავრესად მისი ნაწარმოებია“. მწერალთა ავტობიოგრაფიების კრებულში გვხვდებიან ისინიც, ვისაც უჭირს საკუთარ თავზე წერა, ან, უბრალოდ ეზარება. ამ მხრივ, ყურადღებას იქცევს შესავლები, სადაც წერენ იმის შესახებ, როგორ აპირებენ ავტობიოგრაფიის წერას, ახასიათებენ ეპოქას, წინაპრებს…

მრავალფეროვანია მწერლების ბავშვობის მოგონებები: მათში ამოიკითხავთ მეგობრობის, მარტოსულობის, ნადირობის, თამაშის, სექსუალური ძალადობის, ჩაგვრის, ხეტიალის, ჭირვეულობის, ცელქობის ამბებს;

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია განათლება – აქ მათი მასწავლებლები, მშობლები და ოჯახის წევრები, სასწავლებლები, სასწავლო პროცესი თუ თვითგანვითარებაა აღწერილი. ხშირად ახსენებენ უსისტემოდ და მუდმივად კითხვის როლსაც მათ ცხოვრებაში. სკოლის პერიოდის აღწერას მოსდევს უმაღლესი სასწავლებლები, ქართული თუ უცხოური და იქ მიღებული გამოცდილების ანალიზი. ავტობიოგრაფიებში ფიგურირებს ომის, გადასახლების თემაც და ამ მხრივაც იქცევს ყურადღებას მალხაზ ხარბედიას მიერ გამოკვლეული ტექსტები.

გარდა ამისა, ავტორი ვრცლად განიხილავს ავგუსტინეს ტექსტს „აღსარებანი“, რომელსაც ხშირად პირველ ნამდვილ ავტობიოგრაფიად მიიჩნევენ. განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს რამდენიმე ეპიზოდს: მაგალითად, ქურდობის სცენას ავგუსტინეს ბავშვობიდან, მისი სასოწარკვეთის აღწერას, ვიდრე მეზობელი სახლიდან გაგონილი ხმა წმინდა წერილის წაკითხვისკენ უბიძგებს. აქვე უსვამს ხაზს, რომ ტექსტის „შეგონებითი ფუნქცია სულაც არ გამორიცხავს ავტობიოგრაფიულობას“ და ასკვნის, რომ სწორედ ეს ტექსტი, რომელიც ინდივიდუალობას უარყოფს, იქცა დიდ იმპულსად „მეს“ წარმოჩენისა და ავტობიოგრაფიული ნაწარმოებებისთვის.

დიდი ადგილი უჭირს რუსოს და მის „აღსარებას“. რუსოსთან უკვე დიდი მნიშვნელობა ენიჭება ბავშვობას, ავტორს (და მის ავტონომიურობას), საზოგადოებას, მის ფუნქციონირებას, თავად წერის აქტსაც. საინტერესოა ისიც, როგორ ექცევა ამჯერად ფოკუსში არა ღმერთი, არამედ სინდისი (ავგუსტინესგან განსხვავებით, ღმერთი წერის ადრესატი უკვე აღარაა).

წიგნის დასასრულს მოკლე მიმოხილვასაც წაიკითხავთ იმის შესახებ, თუ რა ხდება რუსოს შემდეგ (როგორია ლიტერატურული ტენდენცია, რა ბედი ეწია ავტობიოგრაფიულობას თანამედროვე სამყაროში).

„შეთხზული „მეს” სრულად წაკითხვა მკითხველს უკვე შეუძლია, რამდენიმე თავი კი ჩვენს წინა ნომრებშია გამოქვეყნებული.

© არილი

Facebook Comments Box