გამომცემლობა “სიესტამ” წლის დასაწყიში იოსებ გრიშაშვილის “ძველი ტფილისის ლიტერატურული ბოჰემა” გამოსცა. წიგნი აქამდეც არაერთხელ გამოცემულა, მაგრამ ეს მაინც განსაკუთრებულია, რადგან 1928 წლის გამოცემის სრულ ასლს წარმოადგენს, წიგნისა, რომელიც უკვე კარგა ხანია ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად იქცა.
იოსებ გრიშაშვილს ერთხელ უნატრია, იქნებ ვინმე პოეტმა “ჩვენი მხარე სწორი ფერებით შეანაზუქოსო” და შემდეგ ამ ნატვრის აღსრულებისთვის თავადვე მოუკიდია ხელი. როგორც იოსებ გრიშაშვილის მემკვიდრე, მისი სახლ-მუზეუმის მასპინძელი, ნოდარ გრიგორაშვილი ამბობს (და ამას პოეტი თავადაც აღნიშნავდა წიგნში), “ბოჰემის” დაწერის იდეა საათნავას წიგნზე მუშაობისას გასჩენია პირველად:
“როცა საიათნოვაზე ვმუშაობდი, XVIII საუკუნის შესახებ ბევრი მასალა მოვიძიე არქივებში და წიგნსაცავებშიო, რამაც მომცა ბიძგი, რომ ძველ თბილისზე დამეწერა წიგნიო. ასევე ძალიან ბევრი საინტერესო მასალა ვნახე XIX საუკუნის მეორე ნახევრის თბილისზეო. ბევრი მასალა მოიძია: ეთნოგრაფიული, ლიტერატურული, სტატისტიკური, ეს ყველაფერი გააერთიანა და გამოსცა უნიკალური ნაშრომი, რომელიც ყველასთვის, ვისაც ძველი თბილისი უყვარს, სამაგიდო წიგნად იქცა”.
წერა თბილისში დაუწყია 1926 წელს და რამდენიმე თვის შემდეგ წაღვერში დაუსრულებია შრომა, როგორც ჩანს ტფილისს გარიდებია. თუმცა კი თბილისურ ენას ვერსად გაექცა, ანდა სად გაექცეოდა, როცა წიგნის უმთავრესი თავები სწორედ ჩვენი ქალაქის ენასა და მეტყველებას მიუძღვნა. მისი თქმით, “თბილისმა ფრთხილად მოანარუქა სხვადასხვა ერის წახნაგოვანი სიტყვები და მისცა თავისებური ეშხი და მზეოსნობა”, თუმცა კინტოს უდიერ და უასაკო სიტყვებს პოეტი ვერ იტანს და დასძენს, “მაგალითები ნუ გვინდა!”-ო.
ტფილისური ენის გარდა წიგნში შესანიშნავი თავებია მიძღვნილი ყეენობისადმი და კრივისადმი. ყეენობა მასიური, გრანდიოზული ტფილისური გასართობი იყო, საერთო-სახალხო დღესასწაული, სადაც ქალაქი ორად განიყოფოდა ხოლმე. ერთ მხარეს აღმოჩნდებოდნენ ავლაბრელები, ჩუღურეთელები და გარეთუბნელები (ანუ კუკიელები), რომელთაც თავადები, ჭავჭავაძე, ჩოლოყაშვილი, ვახვახიშვილი, ჯანდიერი და ჯორჯაძე მფარველობდა. მეორე მხარეს კი ვერელები და სოლოლაკელები თავიანთი მუხრან-ბატონით, ორბელიანით, ბარათაშვილითა და ერისთავით. ავტორს გაზეთ “კვალში” აღწერილი მაგალითი მოჰყავს, სადაც ერმოლოვს ვერა-სოლოლაკელების მხარე დაუჭერია. კრივისას კი, რომელსაც აქვსენტი ცაგარელი თურმე მუშტის ქუხილს უწოდებდა, იოსებ გრიშაშვილი რამდენიმე კატეგორიას გამოჰყოფდა: მუშტის კრივი, ხრიდოლი (კრივი ცალი ხელით) და სალდასტი (ქვის კრივი). ზოგიერთი მოკრივესთვის ხალხს თურმე სახელებიც შეურქმევია: “ქარაფქანდოღა” (კლდის დამაქცევარი), დნგრ სოლომონა (ცხენის ნალს ხელითა ჰღუნავდა და დაჩოქილი კრივობდა თურმე), ქაჩალ სტეფანე (ერთხელ აგური დასცემია და უთქვამს, “ვინ ოხერია, რომ მეკენჭავებაო!”).
მაგრამ ძირითადი ნაწილი წიგნისა მაინც ბოჰემაზეა, ბოჰემა კი პირველ რიგში ხომ ლიტერატურასთან და ლექსთან, ხშირად მთვრალ ლექსთან ასოცირდება ხოლმე:
“მის საარქივო მასალებში ასეთ ლექსს წავაწყდი, რომელიც “ძველი თბილისის ლიტერატურულ ბოჰემას ეძღვნება”. ეს ლექსი მას არსად არ დაუბეჭდავს, უბრალოდ, შავ ქაღალდებში იყო მოქცეული:
ამ ჩემს ბოჰემას, – არ ვტრაბახობ – სხვა ვერ დასწერდა,
ვერც პოეტი და მით უმეტეს ვერც თვით მკვლევარი,
ვინც ამას დასწერს, უნდა იყოს ორივე ერთად,
პოეტ-მკვლევარი – ძველ დროების შემაქცევარი
1942 წლის 2 იანვარს დაუწერია ეს ლექსი”.
წიგნში აუარება მოიპოვება უცები და მოსწრებული თბილისური კაფიები და ისეთებიც, საკუთარი “გულის ბუხრის გასანელებლად რომ მღეროდნენ”. მარტო წიგნის სათაურები რად ღირს: “ჯიგი-ჯიგი, ვახე-ვახე და სხვა ახალ-ნახალი სიმღერები, ამის პლასტინკა გრამაფონში ნახე”, “ქართული კლუბის ლოტოს ამბავი”, “კინტო საქულას შიქასტა და ბაიათები”, “დარდანელის გახსნა და თავისუფლად მოკავშირეთ გემების მიმოსვლა ყოველ მხარეს”, “ლექსი დანით მოკლულ პოღოსა მათუზოვზე”, “შენი გულისთვის შემწვარ ქათამს შევჭამ” და ა.შ. დიდად პოპულარული იყო “ყარამანიანი”, რომლის შესახებაც ანტონ ფურცელაძე ამბობდა, “დანჯღრეულ და გალაღებულ ოცნების სიზმარს” ჰგავსო. იყო კიდევ ერთიც, ვინმე ლუკა თათეიშვილი, ვისაც შოთასებური ლექსით უზარმაზარი პოემა დაუწერია სახელად “სიყვარული”, რომელსაც ხალხი “გოჭისტყაოსანს” უწოდებდა.
„ბოჰემა“ რამდენიმე ნაწილისგან შედგება – “თბილისისათვის”, “საქართველოს გული”, “ქალაქის ენა”, “ყეენობა”, “კრივი”, “ამქრობა”, “მზითევი”, “აბანო”, “აშუღები დღეობებში”, “გივიშვილი და სკანდარნოვა”, “იეთიმ გურჯი” – და ყოველი მათგანი გარკვეული მითის განმარტებას თუ პირიქით, ლეგენდის კიდევ უფრო გაბუნდოვანებას ემსახურება. წიგნში ერთი თავია, “ძველი თბილისის ბიბლიოთეკა”. ჩვენს გადაცემასაც ხომ ბიბლიოთეკა ჰქვია? იოსებ გრიშაშვილიც ხო განთქმული იყო თავის ბიბლიოთეკით? ჰოდა ამიტომაც, ბატონ ნოდარ გრიგორაშვილს პოეტის სახელოვანი ბიბლიოთეკის შესახებაც ვკითხეთ: “გრიშაშვილი და წიგნები ძალიან ვრცელი თემაა, ამაზე შეიძლება საათობით ისაუბროს კაცმა. ბავშვობიდან მოყოლებული წიგნის სიყვარული ახასიათებდა და შეიძლება ითქვას, ჯერ კიდევ იმ დროიდან დაიწყო წიგნების შეგროვება, გიმნაზიიდან რომ გარიცხეს უსახსრობის გამო. პატარ-პატარა წიგნებს აგროვებდა, რომელსაც “სემიჩკებს” ეძახდა, ძირითადად კი აინტერესებდა რაც დაწერილი იყო კავკასიაზე, საქართველოზე, თბილისზე. არამარტო წიგნებს, არამედ რაც იყო დაბეჭდილი ქართულ, უცხოურ, რუსულ პრესაში და უამრავ ასეთ მასალას, წიგნებს მოუყარა თავი. წიგნებს წარწერებიც აქვს, ამა და ამ ადგილას საუბარია საქართველოზე, აქ კი კავკასიაზეა და ა.შ. ეს ადგილები ყველა მონიშნული ჰქონდა. ამოუწურავი ცნობები შეაგროვა კავკასიაზე, სხვადასხვა მოგზაურების და ეს ყველაფერი ერთად არის თავმოყრილი”.
ამ წიგნში კი, „ძველი ტფილისის ლიტერატურულ ბოჰემაში“ მთელი ქალაქია თავმოყრილი, ქალაქი, რომელიც ზოგისთვის, როგორც მაგალითად ნიკოლოზ ბარათაშვილისთვის, უსარგებლო იყო გულისა და გონებისთვის, სხვები კი მასზე ოდებს თხზავდნენ.