ესე,  კრიტიკა,  კულტურა/ლიტ.თეორია,  პოლემიკა

მალხაზ ხარბედია – დაუმორჩილებელი გმირის დათრგუნვიდან ნარცისიზმის გამრუდებულ სარკემდე

თოროს, სოკრატეს და არენდტის სამი კათედრა

ეს გახლავთ პირველი თავი ვრცელი ესედან, რომელიც სოკრატეს, თოროს და სხვების დაუმორჩილებლობის გამოცდილებას ეძღვნება და რომელიც ბოლოს დაუმორჩილებლობის შესახებ ჰანა არენდტის ნაშრომით გვირგვინდება. ეს მრავალსაუკუნოვანი თემა დღესაც გრძელდება და საქართველოში მიმდინარე მოვლენებმა კიდევ უფრო მეტი დეტალით შეავსო ხანგრძლივი გადაძახილი სამ ეპოქას შორის და შექმნა გრძელი სიუჟეტი, რომელშიც ამჯერად საქართველოს უახლესი ისტორიის სამართლებრივი და ფილოსოფიური ამბებიც მოთავსდა. ამ ესესთვის ძირითადი ამოსავალი მორჩილება და დაუმორჩილებლობაა, ასევე პრინციპულ პატიმრობაზე წასვლა და უსამართლობის მორჩილება, როგორც კანონიერების და სიმართლისთვის ბრძოლის მთავარი შემადგენელი.

თოროს დაუმორჩილებლობის შესავალი

ზუსტად ასე ერქვა. „სამოქალაქო დაუმორჩილებლობა“. ასე ერქვა ჰენრი დევიდ თოროს სახელოვან ტექსტს, ქეთი ქანთარიას თარგმანში, რომელიც 2009 წელს გამომიგზავნა და რომელიც „ლიტერატურა – ცხელ შოკოლადში“ გამოვაქვეყნე. 2011 წელს „სიესტას“ მიერ გამოცემულ „უოლდენი ანუ ტყეში ცხოვრებაში” ამ ტექსტს სხვა სათაური აქვს, „სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მოვალეობაზე“ და იგივე სათაურია შენარჩუნებული „ინტელექტის“ ხელახალ გამოცემაში (2023). ქართველი მკითხველი ამ ორი სათაურით იცნობს თოროს ტექსტს და სათაურებზე კიდევ ბევრია მოსაყოლი ქვემოთ, თანაც დეტალურად, რადგან არც ერთი ეს სათაური თოროს არ ეკუთვნის და საერთოდაც, უცნაურად განვითარდა ამ კლასიკური ნაწარმოების ბედი.

ტექსტის ბიოგრაფია ცვლილებებითა და რედაქტირებებით იყო სავსე (სათაურიდან დაწყებული, შინაარსით დამთავრებული) და ათწლეულების მანძილზე მნიშვნელობებიც კი შეიცვალა მასში, თუმცა დღემდე დარჩა ინდივიდუალური პროტესტისა და დაუმორჩილებლობის, თავისუფალი აზროვნებისა და გაბედულების ცოცხალ და ქმედით სახელმძღვანელოდ. 

ზემოთ „კლასიკური ნაწარმოები“ ვახსენე და მასზე წერა ტექსტის ასევე კლასიკური, ყველაზე ცნობილი სიტყვებით მინდა დავიწყო, მისი პირველი აბზაცით. უმრავლესობას გეცნობათ ალბათ სიტყვები: ,,საუკეთესო ხელისუფლება ისაა, რომელიც ყველაზე ნაკლებად მართავს”, ამბობს თორო და სურვილს გამოთქვამს, რომ რაც შეიძლება მალე და სისტემურად განხორციელებული იხილოს ეს ამბავი. საბოლოო შედეგს კი ავტორი ასე ხედავს: ,,საუკეთესო ხელისუფლება ისაა, რომელიც საერთოდ არ მართავს”. 

ეს სიტყვები იმდენად მომნუსხველია პირველივე აბზაცში, რომ ავტორი იძულებული ხდება დიდხანს შეინარჩუნოს მისი სიმხურვალე. იგი გვეუბნება, რომ „მთავრობა ადამიანებს საკუთარი ნების გამოხატვის საშუალებად გამოუგონიათ“, სამაგიეროდ, თუკი ადამიანები გათითოკაცებულნი არიან, მთავრობა ამით მხოლოდ ხეირობს, ყველაფერს  კი ის  ურჩევნია, მათთან, ვისაც მართავს, საერთო არაფერი ჰქონდეს“. ინტრიგა თავიდანვე ჩნდება, თოროსგან ველით პასუხს, რომ მასაც ურჩევნია არაფერი ჰქონდეს საერთო მთავრობასთან, ანდა სულაც უხელისუფლებოდ გააგრძელოს არსებობა, მაგრამ იგი მოქალაქეობრივი ვალდებულებების სიმაღლეს ინარჩუნებს და გვეუბნება, „უხელისუფლებობას  კი არა, უკეთეს მთავრობას ვითხოვ“-ო.

ასეთი მახვილი აზრების მცირე ზვავით იწყება ეს უკვდავი ტექსტი. აი რამდენიმე ამოსავალი დებულება:

„განა მთავრობა ისეთი არ  უნდა იყოს, რომ მისი მმართველობის დროს მართალი და მტყუანი სინდისით განისჯებოდეს, და არა  უმრავლესობის ნებისამებრ?“.

„განა შეიძლება, რომ მოქალაქემ როდისმე, თუნდ ერთი წუთით, სულ მცირე ხნით, საკუთარ სინდისზე უარი თქვას და კანონმდებელს მიაბაროს? მაშ, თითოეულ ადამიანს სინდისი რაღად  უნდა?“.

„ჯერ  კაცნი  უნდა ვიყვნეთ, ადამიანები, და ქვეშევრდომნი კი მხოლოდ ამის შემდეგ“.

„ერთადერთი ვალდებულება, რომელიც გამაჩნია, ისაა, რომ მუდამ იმას ვაკეთებდე, რაც სწორად თავად მიმაჩნია“.

„კორპორაციას სინდისი არ გააჩნია“.

„კანონს ადამიანი უფრო სამართლიანი ჯერ არასდროს გაუხდია; პირიქით, მისდამი მორჩილებით ყველაზე თვალსაჩინო ადამიანებიც  კი ყოველდღიურად  უსამართლობას ამრავლებენ“.

ასეთი „მორჩილები“ კი, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, „ძალოვნები“ არიან, ვინც საკუთარი სხეულით ემსახურებიან სახელმწიფოს, როგორც მანქანები, „მუდმივი ჯარის ჯარისკაცები, ჩვენი სახალხო ლაშქარი, მეციხოვნეები, კონსტებლები, შერიფის თანაშემწეები და სხვა მათი მსგავსნი“ და მათ შორის არანაირი ზნეობრივი განსჯა და გრძნობა არაა, ისინი არიან შეშები და ქვები, ხისგან გამოთლილი ადამიანები, რომლებსაც სინდისი არ აქვთ, თუმცა არიან ერთეულები, რომლებიც ცხოვრების უდიდეს ნაწილს წინააღმდეგობაში, დაუმორჩილებლობაში ატარებენ, სახელმწიფოს უპირისპირდებიან და ამ  „გმირებს, პატრიოტებს, წმინდანებსა და ფართო გაგების რეფორმატორებს, ვინც სახელმწიფოს თავიანთ სინდისსაც ამსახურებენ“ , სახელმწიფო მტრებივით ექცევა და მათი დამარცხების ან დათრგუნვის შემდეგ თავად ამ სახელმწიფოს უსახო წარმომადგენლები შემდეგ ერთმანეთს უწოდებენ გმირებს, პატრიოტებს და წმინდანებს. საკმარისია დასაჯონ რომელიმე დაუმორჩილებელი გმირი და მყისვე თავად იქცევიან ერთმანეთის თვალში გმირებად, მთავარია დათრგუნონ პროტესტით სავსე დაუოკებელი პატრიოტიზმი და ამით თავად ხდებიან პატრიოტები.

            ეს ადამიანები, რომლებიც სახელმწიფოს თავიანთ სინდისს ამსახურებენ და საკუთარ რეფორმატორულ ბუნებას ზნეობაზე აფუძნებენ, ერთეულები არიან, სამაგიეროდ ამ ერთეულებზე ზნეობის ცხრაას ოთხმოცდაცხრამეტი ნარცისი დამცველი მოდის. ცხადია, მოლაპარაკება იმ ერთ ზნეობრივ ადამიანთან უფრო ადვილია, ვიდრე დანარჩენ ცხრაას ოთხმოცდაცხრამეტთან, ვის ხელშიც მოლაპარაკების საგანს მხოლოდ გაუვლია და ვისაც მხოლოდ სახით ვიცნობთ და არა ნააზრევით. გადაწყვეტილებებსაც, როგორც წესი, ეს მოუქნელი და აზელილი უმრავლესობა იღებს, განათებული სახით, ვისაც წარმოდგენა არა აქვს, თუ რაზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები და რა გადაწყვეტილება უფრო სასარგებლოა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებისთვის. ამ პროცესებში კი ერთეულების სიმართლე და ძალა იჩაგრება და უმრავლესობის ზედაპირულობა და ზერელობა იმარჯვებს, რადგან ძალაუფლება მასობრივი პროტესტის მოწესრიგებასაც ახერხებს და ის საწყისი, ინდივიდუალური იმპულსები, რომლებმაც წარმოშვა წინააღმდეგობა, ადვილი სამართავი ხდება. თორო განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს მართებული, გნებავთ, აუცილებელი საქმის აღსრულებაში ხალხის როლზე და ამბობს, რომ უბრალოდ ხმის მიცემა საქმეს არაფერს მატებს, რადგან ასეთი ხმის მიცემა მხოლოდ სურვილის უღიმღამო გამჟღავნებაა, სიტუაცია, როცა ხალხი ამა თუ იმ საქმის გამარჯვებას ჩუმად გულშემატკივრობს, არადა „გონიერი კაცი საგულშემატკივრო საქმეს შემთხვევას არ მიანდობს, და არც უმრავლესობის ღონით ისურვებს მის შესრულებას. მასების ნამოქმედარს მუდამ აკლია სიქველე“.

            თორო ამბობს, რომ „ჭეშმარიტად თავისუფალი და განათლებული სახელმწიფო მანამ ვერ იარსებებს, სანამ სახელმწიფო პიროვნებას უზენაეს და დამოუკიდებელ ძალად არ აღიარებს, რომლიდანაც საკუთრივ მისი ძალა და ღონიერება წარმოდგება და რომელსაც ისე მოეპყრობა, როგორც პიროვნება იმსახურებს. თავს იმგვარი სახელმწიფოს წარმოსახვით ვინებივრებ, რომელიც იმას მაინც მოახერხებს, სამართალი ყველა ადამიანს თანაბრად გაუყოს და პიროვნებას მოყვასისადმი მისაგები პატივისცემით მოეპყროს“; ამ პიროვნების საფუძველს კი სინდისი წარმოადგენს, სინდისი, რომელსაც დღევანდელ საქართველოში ხალხი აქციებზე გამოჰყავს, ერთმანეთისგან განსხვავებული პიროვნებები, და ისინი ქმნიან ისეთ დროებით ერთობას, როგორიც ადრე იშვიათად ყოფილა. 

დღესდღეობით დიდი რესურსია ჩადებული პოლარიზაციაში, ბევრი რამ უშლის ხელს განსხვავებული პრინციპების შერიგებას, თუმცა სინდისი ალბათ მაინც ახერხებს დათრგუნოს პირადი ამბები და საერთო საქმეზე კონცენტრირდება. რაც მთავარია, დღევანდელმა სახელმწიფომ დაკარგა თავისი საფუძველი კანონის სახით, მან ხელიდან გაუშვა კანონი, უფრო სწორად, ცომივით მოზილა ეს კანონი. ეს კანონი აღარაა მუდმივი ფასეულობა, არამედ რაღაც, რაც ყოველდღიურად შეიძლება შეცვალო ერთი ადამიანის ნება-სურვილის მიხედვით და არა საზოგადოების ან ბევრი დამოუკიდებელი სინდისის მიხედვით. აქედან, ჩვენი მხრიდან, ხალხის ხმა ისმის, პიროვნებებისგან შემდგარი ხალხის, იმათგან კი გარდა ხელისუფლების წარმომადგენლების თუთიყუშის დისკურსისა, არანაირი ხმა არ ისმის. ხელისუფლების მდუმარე მხარდამჭერებსა და შეგუებულებსაც საერთოდ დაკარგული აქვთ აზრის გამოთქმის უნარი და ხალხის ხმად ხელისუფლება სახელდახელოდ გამოჭერილ თავის „აქტივისტებს“ ასაღებს.

            ისევ თოროს და ინდივიდუალიზმს რომ დავუბრუნდეთ, ვნახავთ, რომ მისთვის, როგორც ტრანსცენდენტალისტისთვის, ამოსავალი ამერიკული (1775) და საფრანგეთის (1789) რევოლუციებია, რადიკალური ინდივიდუალიზმი და სინდისი, როგორც უმაღლესი და უწმინდესი პრინციპი ადამიანის არსებობისთვის. ეს კი, თავის მხრივ, დგას პირად და უნიკალურ ურთიერთობაზე ღმერთთან (პროტესტანტული რეფორმაციის გაგებით) და წმინდა წერილის განმარტებაზე, ინტერპრეტაციაზე, რომელიც სასულიერო პირების, ორგანიზებული რელიგიის ან სხვა კანონების გარეშე სრულდება.

საქართველოში ასეთიორგანიზებულობა (არამხოლოდ რელიგიური, არამედ კუთხური, კლანური, პროფესიული და ა.შ.)დიდი ხნის მანძილზე ქმნიდა მითებს, რომ მაგ. თეატრალური სამყარო ბორდელივითაა, რომ მედიას წარმომადგენლებს ღირებულებები და პოზიცია არა აქვთ და მრავალი სხვ. ეს მითები ბოლო თვეების მანძილზე აქტიურად ინგრევა, სწორედ ამ ადამიანებმა აჩვენეს თავიანთი ინდივიდუალური ბუნება და პასუხისმგებლობა. ისინი აქციაზე არაერთხელ გამოვიდნენ ერთად, მაგრამ ყველას მაინც განსხვავებული აზრი ჰქონდა. მთელი ნოემბერი, დეკემბერი და იანვარი ავადმყოფმა, მწოლიარემ გავატარე და ყველაფერი მოვისმინე, რასაც ამბობდნენ, ყველა განსხვავებული აზრი. ხელისუფლება კი იმეორებდა და იმეორებდა მწარე, შიშით სავსე ხუმრობებს, მკაცრ განცხადებებს და ა.შ. ყველა იმეორებდა ერთი და იმავეს. აქეთ, დაუმორჩილებლებს შორის კი ასპარეზზე გამოვიდნენ და თვალსა და ხელს შუა გაიზარდნენ მსახიობები, იურისტები, რეჟისორები, მხატვრები, დიზაინერები, დრამატურგები, პოეტები, პროზაიკოსები, სოციოლოგები, ფილოსოფოსები, რომელთაც მკვეთრი პოზიციები ჩამოუყალიბდათ და არამხოლოდ ლოზუნგებით, არამედ მრავალსვლიანი გეგმებით აგრძელებენ წინააღმდეგობას, თავიანთი უფლებებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით. იმ ინსტიტუციებიდან, ვისაც ყველაზე მეტად მოეთხოვებოდა რაღაც ერთიანი პასუხი, არა ინდივიდუალური, ეს იყო ეკლესია (იხ. ამ სიტყვის, ამ ცნების ეტიმოლოგია, რომელიც ერთიანობას გულისხმობს), და სწორედ მან ვერ მოახერხა ქრისტიანული ფასეულობების დაცვა, არ გამოსულა ძალადობის, მასობრივი დაპატიმრებების წინააღმდეგ და ა.შ., მიუხედავად იმისა, რომ არაერთი მორწმუნე და მღვდელმთავარი ინდივიდუალურად გამოხატავდა თავის პოზიციებს. თავად ეკლესიამ, როგორც ერთობამ, ვერ აჩვენა თავისი პოზიცია და დარჩა გამჭრიახი, ორპირი დამკვირვებლის როლში.

            არადა ერთ-ერთი პირველი ქრისტიანული ქმედება სწორედ პროტესტია და პირველი კონტრქმედება კი დაპატიმრება და სამაგალითო დასჯა – ქმედება, სადაც „ხელების დაბანის“ უმნიშვნელოვანესი ცნება შემოდის, ცნება, რომელიც თოროსთან და სხვა მოაზროვნეებთანაც არაერთხელ შეგვხვდება. ამ ცნებას კიდევ დავუბრუნდებით ქვემოთ.

            თორო ამერიკული საზოგადოების ცხოვრების წესის შეფასებით იწყებს თავისი პრინციპების შესახებ საუბარს. „ადამიანთა მასები ჩუმ უიმედობაში ცხოვრობენ“, ამბობს იგი და ვრცლად ახასიათებს იმ რუტინულ ცხოვრებას, რომელსაც იგი დაუპირისპირდა, წავიდა უოლდენის ტბის ნაპირას და დეტალურად ჩამოაყალიბა ყოველდღიური ცხოვრების და უფრო ფუნდამენტური საკითხების მთავარი პრინციპები. მაგალითად, წელიწადში თურმე მხოლოდ 6 კვირიანი მუშაობა ყოფილა საკმარისი, რათა მიღებული ანაზღაურებით მთელი წელი თავი გაეტანა. მას განათლებაც არ აკლდა (ჰარვარდის უნივერსიტეტი დაასრულა) და არაერთ პროფესიას ფლობდა: მეტყევე, მეფანქრე, დურგალი, მებაღე, ხურო, გეოდეზისტი, რეპეტიტორი, ლექტორი და ა.შ. და სწორედ ამ ცოდნის წყალობით ცხოვრობდა 1845 წლის 4 ივლისიდან 1847-ის 6 სექტემბრამდე განმარტოებით. უსისხლოდ უპირისპირდებოდა XIX საუკუნის ამერიკის მომხვეჭელ, კომფორმისტ და მორალისტურ კულტურას. უარს ამბობდა კლუბების, საეკლესიო გაერთიანებების და პროფესიონალური საზოგადოებების წევრობაზე და თავის ფიზიკურ საქმიანობას მხოლოდ პირადი არსებობის უზრუნველსაყოფად იყენებდა.

            მთელი ამ დროის მანძილზე იგი წერდა, კითხულობდა და სეირნობდა, მუშაობდა თავისი შემოქმედების ყველაზე მნიშვნელოვან ტექსტებზე. გაემიჯნა ნაპატივებ და ჩამთბარ-ჩაკომფორტებულ ამერიკელებს და ცხოვრობდა ცნობიერად, გონიერად. ყველაზე არსებითს აქცევდა ყურადღებას, სარგებლობდა ცხოვრების სიღრმითა და ნაყოფიერებით და მედიტაციისთვისაც ბევრი დრო რჩებოდა. რაც მთავარია, მის ცხოვრებაში აგრესიულად არ იჭრებოდა სახელმწიფოსთვის დამახასიათებელი უსამართლობა და მისი წესებით ცხოვრება არ უწევდა. მიუხედავად ამისა, ეს სახელმწიფო, სახელისუფლებო მანქანა თავისი კანონებით, ძალიან ახლოს იყო და მუდმივად უთვალთვალებდა მას. სწორედ ასე ჩამოყალიბდა მისი აზრები კანონმორჩილებასა და დაუმორჩილებლობაზე.

            მაგალითად, სახელისუფლებო მანქანა სხვა ადამიანების მიმართ უსამართლობის ჩადენას მოითხოვს შენგან. როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ დროს? რა თქმა უნდა, ასეთ დროს კანონი უნდა დავარღვიოთ და არ უნდა ვემსახუროთ იმ ბოროტებას, რომელსაც ვგმობთ და ვუპირისპირდებთ.თოროს მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბოროტებისაღმოსაფხვრელადცოტას აკეთებს. თუკი ცდილობს რაღაც ასეთი გააკეთოს, მიზნის მიღწევას დიდი დრო სჭირდება, არადა ადამიანის ცხოვრება მალე გადის. სწორედ ამ დროს ამბობს თორო თავის უმნიშვნელოვანეს სიტყვებს, რომლებსაც კიდევ დავუბრუნდები:„ამ ქვეყანაზე იმიტომ კი არ მოვსულვარ, რომ იგი ცხოვრებისთვის უფრო შესაფერ ადგილად ვაქციო. როგორიც არ უნდა იყოს ქვეყნიერება, კარგი თუ ცუდი, იმისთვის დავიბადე, რომ ვიცხოვრო“.

            სხვა ადამიანებზე ძალადობის გარდა სახელმწიფო ბევრ რამეს ითხოვს შენგან, მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში კი იგი უსამართლოდ გაპატიმრებს. ჩნდება კიდევ ერთი მორალური იმპერატივი: „მართალი კაცის ადგილი ციხეშია“.

            დროა მოკლედ მოვყვეთ თოროს დაპატიმრების და ზოგადად ციხის გამოცდილების ამბავიც. მიუხედავად იმისა, რომ თორომ მხოლოდ ერთი ღამე გაატარა საპატიმროში, ეს მისთვის ცხოვრების უმთავრეს იმპულსად იქცა.

            უოლდენის ტბის ნაპირას განმარტოებით ცხოვრებისას, თორომ ერთხელაც გადაწყვიტა კონკორდში ჩასულიყო ფეხსაცმლის შესაკეთებლად (1846 წლის ივლისში), სადაც კონსტებლი და ციხის ზედამხედველი სემ სტეპლსი შეხვდა. მან სულადი გადასახადის გადახდა მოსთხოვა თოროს, რომელსაც თორო უკვე ექვსი წელი აღარ იხდიდა. თოროს წინააღმდეგობის მიზეზი მექსიკა-ამერიკის ომი და მონობის პრობლემა იყო. თორომ ისევ უარი თქვა თანხის გადახდაზე და სტეპლსმა დააპატიმრა იგი, მაგრამ პროტესტი ვერ შეერგო მწერალს, რადგან მის ნაცვლად დეიდამ გადაიხადა ჯარიმა. მეორე დღეს, იგი, თავისუფალი და ბრაზით სავსე, ვერ ინელებდა, რომ არ დასცალდა ბოლომდე გამოეხატა პროტესტი და სწორედ ამ ფაქტმა უბიძგა მას დაეწყო მუშაობა ტექსტზე „წინააღმდეგობა სამოქალაქო ხელისუფლებასთან“, რომელიც მოგვიანებით „სამოქალაქო დაუმორჩილებლობის“ სახელით შევიდა ისტორიაში.

            თორო აღწერს ორი-სამი ფუტის კედლებში გატარებულ ღამეს, ლითონით ნაჭედ სქელ კარებს, რკინის გისოსებს. არ შორდებოდა ფიქრი საზოგადოებრივი ინსტიტუციების სიბრიყვეზე, რომლისთვისაც იგი ხორცის ნაგლეჯი აღმოჩნდა, სისხლის და ძვლის ტომარა, ვისი ოთხ კედელში გამოკეტვით მისი მორჯულება იქნებოდა შესაძლებელი. უკვირდა, რომ მისთვის ამაზე უკეთესი დანიშნულება ვერ მოიგონეს, უფრო გონივრულად ვერ გამოიყენეს. არადა პატიმარი თავისუფლად გრძნობდა თავს, მას ერთი წუთითაც კი არ უგრძნია თავი ტუსაღად, კედლების ქვა და კირი კი სულ ტყუილად იყო დახარჯული, რადგან ვერანაირად ვერ ქმნიდა პატიმრობის შეგრძნებებს:

„თავს ისე ვგრძნობდი, თითქოს მთელს ქალაქში გადასახადების ერთადერთი გადამხდელი ვყოფილიყავი. არავინ იცოდა, რა მოეხერხებინათ ჩემთვის, როგორ მომპყრობოდნენ, ამიტომ ისე იქცეოდნენ, როგორც ბრიყვებს შეეფერებათ. ყოველ მუქარასა და ყოველ ქათინაურში შეცდომა მოსდიოდათ, რადგან რატომღაც გადაეწყვიტათ, რომ ყველაზე მეტად იმ ქვის კედლის მიღმა დგომას ვნატრობდი. მეცინებოდა, როცა ვფიქრობდი, რა გულმოდგინედ ურაზავდნენ საკნის კარს ჩემს ფიქრებს, რომლებიც ციხის გარეთ ლაღად და დაუბრკოლებლად დანავარდობდნენ, არადა, ჩემგან ყველაზე დიდ ხიფათს სწორედ ის ფიქრები უქმნიდნენ, სხვა კი არაფერი. რაკი მე ვერ მომწვდნენ, სხეული დამიპატიმრეს და მისი დასჯა გადაწყვიტეს; განა ბიჭებიც ასე არ იქცევიან ხოლმე, როცა იმის მაგიერ, ვისი ბოღმაც გულში ჩაუდვიათ, მის ძაღლს ერჩიან ხოლმე? მაშინ ცხადად დავინახე, რომ სახელმწიფოს ჭკუასუსტობა დამართვნოდა, რომ ისეთივე უსუსური გამხდარიყო, როგორც ვერცხლის კოვზების ამარა დარჩენილი შინაბერა, რომელიც მტერს და მოყვარეს ერთმანეთისგან ვეღარ ასხვავებდა; მაშინ იყო, რომ პატივისცემის ის მონარჩენიც დამეკარგა, რომელიც მის მიმართ კიდევ მქონდა შერჩენილი, და შემებრალა“.

არსებითად, სახელმწიფოს მან ომი გამოუცხადა, თუმცა არ დასცალდა ბოლომდე განეხორციელებინა ეს აქტი და მეორე დღეს უკვე გარეთ იყო, თავისი შეკეთებული ფეხსაცმელიც მოირგო და ტყეში მაყვლის მოსაგროვებლად გაჰყვა კონკორდელებს. ციხიდან ისევ დაუბრუნდა ტყეს, სადაც სახელმწიფოს ნასახიც კი არ ჩანდა, თუმცა მოგვიანებით შენიშნავდა, რომ იმ შემთხვევებში, როცა თავად ჩათვლიდა საჭიროდ, კვლავ გამოადგებოდა სახელმწიფოს, და მისი არსებობით მონიჭებულ უპირატესობებსაც გამოიყენებდა. თოროს კონფუციუსის სიტყვებიც მოჰყავს: ,,როცა სახელმწიფო გონიერებით იმართება, სიღარიბე და გაჭირვება სამარცხვინოა; თუ სახელმწიფოს უგუნურება მართავს, სამარცხვინოდ სიმდიდრე და პატივი იქცევა.”

ეს მოსაზრებები და კიდევ ბევრი სხვა, წელიწად-ნახევარში ჩამოაყალიბა თორომ, მას შემდეგ, რაც ამ ერთდღიანი პატიმრობის გამო ბევრი კითხვა გაჩნდა საზოგადოებაში. ჯერ თორომ ლექცია წაიკითხა 1848 წლის 26 იანვარს, სათაურით “ინდივიდის დამოკიდებულება სახელმწიფოსადმი”, მოგვიანებით, ბოსტონურ გამოცემაში, The Aesthetic Papers-ში გამოქვეყნებულ ტექსტს დაარქვა „წინააღმდეგობა სამოქალაქო ხელისუფლებას“ და 1866 წლის ვერსიას, ავტორის  გარდაცვალების შემდეგ, როგორც იცით, სულ სხვა სათაური შეურჩიეს რედაქტორებმა თუ რედაქტორმა.

რედაქტირებების ეს გრძელი გზა უფრო დეტალურ აღწერას იმსახურებს.

როგორც ვთქვი, 1846 წელსვე დაიწყო თორომ ტექსტზე (უფრო სწორად, ლექციაზე) მუშაობა. მისი მეგობრის, მწერლისა და მოაზროვნის, ბრონსონ ოლკოტის დღიურებში ვკითხულობთ, რომ ლექცია 1848 წლის 26 იანვარს წაიკითხა Concord Lyceum-ში. თებერვალში ხელახლა წაუკითხავს ლექცია, რასაც ემერსონისადმი მიწერილი წერილიც ადასტურებს. ლექციის შესახებ მალე შეიტყო ელიზაბეტ პიბოდიმ, ცნობილმა განმანათლებელმა და გამომცემელმა, შეიტყო თავისი დისგან, სოფიასგან, რომელიც ნათანიელ ჰოთორნზე იყო გათხოვილი. Aesthetic Papers სწორედ პიბოდის გამოცემა იყო. მეორე პუბლიკაციის თარიღი იყო 1866 წელი, რომელიც თოროს გარდაცვალების შემდეგ მისი ესეების კრებულში, A Yankee in Canada, with Anti-Slavery and Reform Papers-ში გამოქვეყნდა. კრებული თოროს დის, სოფია თოროს და მისი მეგობრების, უილიამ ელერი ჩენინგის და რალფ უოლდო ემერსონის რედაქტირებით გამოვიდა. ამ და 1849 წლის ტექსტს შორის მოგვიანებით, XX საუკუნის კომენტატორებმა 13 განსხვავება იპოვეს, რომელთაგან 4 არსებითი იყო. მათ შორის ახალი სათაური. თუ 1849 წლის ტექსტს ერქვა „წინააღმდეგობა სამოქალაქო ხელისუფლებას“ (“Resistance to Civil Government”), 1866-ისას „სამოქალაქო დაუმორჩილებლობა“ (“Civil Disobedience.”) ერქვა.

1866 წლის სათაურის ვერსია გამომცემლობა Ticknor and Fields-ს ეკუთვნოდა (თორო 4 წლის გარდაცვლილია ამ დროს) და უფრო მშვიდი „სამოქალაქო დაუმორჩილებლობა“ ამჯობინა, თანაც სამოქალაქო ომი ახალი დამთავრებული იყო და ავტორები ცდილობდნენ თორო უფრო მსუბუქად წარმოეჩინათ და არა ისეთი პრინციპულობით, როგორც 1849-ში ჩანდა. იგი და მისი ძმა, ჯონი ჯერ კიდე 1841 წლიდან მოყოლებულნი ეკამათებოდნენ ბრონსონ ოლკოტს, სწორია თუ არა ძალადობრივი წინააღმდეგობა და პასუხობდნენ, რომ სწორია. 1844 წელს თორო იმასაც ამბობდა, რომ მონობის წინააღმდეგ ბრძოლა უფრო რადიკალური ხერხებით უნდა მოხდეს, ვიდრე sorrow and bitterness of complaint, ანუ ნაღველი და ჩივილის სიმწარეა.

კონკრეტულად ვინ იყო ამ ცვლილებების (1866) ავტორი დღემდე ბოლომდე გარკვეული არაა, მით უმეტეს, რომ გადიოდა წლები და ყოველ ახალ გამოცემაში სულ უფრო მეტი სიახლე ჩნდებოდა თოროს ტექსტში. დიდ ბრიტანეთში 1890-იან წლებში ახალი სიცოცხლე შეიძინა თოროს ნაწარმოებმა, იგი რუსულადაც ითარგმნა ლევ ტოლსტოის თაოსნობით და XX საუკუნის დასაწყისში მაჰათმა განდის ხელშიც ჩავარდა „დაუმორჩილებლობა“. ეს 1905 წელს მოხდა, როცა განდიმ არტურ ფაიფილდისეული გამოცემა წაიკითხა (ეს მისი მეორე გამოცემა იყო, პირველი 1903 წელს გამოვიდა). მისი ეს გამომცემლობა, Simple Life Press, ძირითადად თხელყდიან, იაფიან და დიდტირაჟიან წიგნებზე მუშაობდა. თოროს ამ ტექსტმა ფაიფილდის ხელში კიდევ ერთხელ განიცადა მნიშვნელოვანი ცვლილებები. ჯერ ერთი, სათაური შეუცვალა გამომცემელმა და მას „სამოქალაქო დაუმორჩილებლობის ვალდებულება“ დაარქვა, თავისი პაციფისტური მოსაზრებებიდან გამომდინარე. მას ხელთ ჰქონდა თოროს 1849 წლის ესეს 1866-ში დაბეჭდილი ვერსია, რომელსაც, როგორც ვიცით, „სამოქალაქო დაუმორჩილებლობა“ ერქვა და სადაც მისი მემკვიდრეების მიერ უკვე ამოღებული ან შეცვლილი იყო 1849 წლის ვერსიის გარკვეული პასაჟები. შეგახსენებთ, რომ ტექსტს თავდაპირველ ვარიანტში ერქვა „წინააღმდეგობა სამოქალაქო ხელისუფლებას“ (“Resistance to Civil Government”), სადაც სისხლისღვრაზეც იყო საუბარი:

„გადასახადების ამკრეფმა, ან სხვა სამოქალაქო მოხელემ რომ მკითხოს, მაშ, როგორღა მოვიქცეთო, ვუპასუხებდი: ,,თუ მართლა გინდა საქმის კეთება, მაშინ სამსახურზე უარი თქვი”. როცა ქვეშევრდომი მორჩილებაზე უარს იტყვის, როცა მოხელე სამსახურიდან გადადგება, რევოლუციაც მაშინ შედგება. წარმოვიდგინოთ, რომ სისხლიც კი დაიღვარა. განა ეგ იმგვარი სისხლისღვრა იქნება, როცა სინდისია დაჭრილი? ასეთი [ჭრილობიდან მოედინება[1]] ნამდვილი ადამიანობა და უკვდავება [და იგი სისხლად იღვრება მარადიული სიკვდილისთვის[2]]. მე დღესაც ვხედავ როგორ იღვრება ასეთი სისხლი”[3].

მოგვიანებით, ჯონ ბრაუნის ჰარპერს ფერიზე სისხლიან თავდასხმის შემდეგ[4] თორო ღიად უჭერდა მხარს ბრაუნს და გმირად მიიჩნევდა მას, რომელმაც დაარღვია კანონი, მაგრამ არ უღალატა თავის სინდისს.

            გავიხსენოთ კიდევ ერთი ციტატა „სამოქალაქო დაუმორჩილებლობიდან“, სადაც მონობის გარდა მეორე მთავარი თემაც, აშშ-ს მექსიკასთან ომიც იგულისხმება:

„რევოლუციის მოხდენის, აჯანყების  უფლება ყველა ადამიანს აქვს. ეს უფლება ხელისუფლებისადმი მორჩილებაზე უარის თქმას და მისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს ისეთ ვითარებაში, როცა ხელისუფლების ტირანია და მართვის უუნარობა  ზღვარს აჭარბებს და ხალხისთვის აუტანელი ხდება.

                                    <…>

ხახუნი და წინააღმდეგობა ყოველი მექანიზმის მუშაობას თან ახლავს, მაგრამ შესაძლოა, თვით მექანიზმის მუშაობის შედეგი ღირდეს ამად, და მისი ნაკლი გადაწონოს. ასეა თუ ისე, ყურადღების მხოლოდ ხახუნზე გამახვილება დიდი ბოროტება იქნებოდა, მაგრამ თუ ხახუნი მთელ მანქანას მოედება, ადამიანების დათრგუნვას და ძარცვას დაიწყებს, მაშინ ვიტყვი, რომ ასეთ მანქანაზე  უარი გვაქვს სათქმელი. სხვაგვარად მოგახსენებთ: როცა იმ ერის ერთი მეექვსედი, რომელსაც თავი თავისუფლების ნავსაყუდლად გამოუცხადებია, მონებისგან შედგება, როცა  უზარმაზარი ქვეყანა წრეგადასულ  უსამართლობასა და უცხო ჯარის ბოგინს  უნდა შეეგუოს, და საომარი დროის  კანონებს  უნდა დაემორჩილოს, მაშინ, ასე მგონია, პატიოსან  კაცს ამბოხის დრო  უდგება. ამ მოვალეობის აღსრულებას მნიშვნელოვნებას კიდევ უფრო მეტად ის ფაქტი ჰმატებს, რომ დაპყრობილი ჩვენი ქვეყანა არაა, ჩვენი სწორედ მის მიწაზე შეჭრილი ჯარია“[5].

            საომარი დროის კანონები და მათი მორჩილება თუ ამბოხი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელია თოროს ნააზრევისა და იგი დღევანდელი საქართველოს სიტუაციასაც ერგება. ჩვენთან ომის პირობებში მიღებული საკანონმდებლო გადაწყვეტილებებს დაუმორჩილებლობის, პროტესტის დროში შექმნილი კანონების სახელდახელო ნაკადები აგრძელებენ, როცა ხელისუფლება ნაბიჯ-ნაბიჯ მისდევს პროტესტის პროცესს და კრძალავს ყველა ფორმას, რითაც პროტესტი გამოითქმება. მთავრობის ეს ისტერიული კანონშემოქმედებითობა თვალსაჩინოდ ავლენს ძალაუფლების სიბრიყვესა და გონებასუსტ რეაქციებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე. თანაც კარგად ვიცით როგორი მწვავე რეაქციები ჰქონდა თოროს ამ სიბრიყვესა და ძალადობაზე, როგორ უჭერდა მხარს ჯონ ბრაუნს და სისხლიან აჯანყებასაც დასაშვებად მიიჩნევდა. სწორედ მის ამ ძალადობრივ პასუხს არბილებდნენ ათწლეულების განმავლობაში თოროს ტექსტზე მომუშავე მოღვაწეები, რომელიც XX საუკუნეში განდისა და მარტინ ლუთერ კინგის მშვიდობიანი ბრძოლით დაგვირგვინდა. ამ სელექციური მითვისებით (როგორც ერთი თანამედროვე კომენტატორი უწოდებს მას) გახდა შესაძლებელი თოროს მოთვინიერება და გაიფანტა მისი რადიკალური მოსაზრებები.

როგორც ზემოთაც ვთქვი, განდიმ თოროს 1905 წლის ვერსია წაიკითხა, სამხრეთ აფრიკაში და 1907 წელს იგი უკვე ინგლისელ მკითხველს ურჩევდა Indian Opinion-ში ამ ნაწარმოებს. ბევრის აზრით, განდი ასე არ იჩქარებდა, თოროს თავდაპირველ ვერსიები რომ სცოდნოდა და არა ეს, ფაიფილდის, სადაც უკვე ბევრი რამე იყო შეცვლილი და რეალურად უკვე მეორე ან მესამე „მოთვინიერების“ შედეგს წარმოადგენდა, 1866 და 90-იანების წლების შემდეგ.

ახალი სათაური “დაუმორჩილებლობის ვალდებულება” რაღაც საერთო ვალდებულებას გულისხმობს, რომ არ დავემორჩილოთ უსამართლო კანონებს, არადა თორო პირად პროტესტზე საუბრობდა. ფაიფილდის გამოცემაში საერთოდ ამოღებული იყო ყველაფერი, რაც თოროს საპყრობილეში ყოფნას შეეხებოდა და სახელმწიფოს ჭკუასუსტობის (imbecility of the State) შესახებ განსჯებიც შეეწირა „მოთვინიერებას“. ფაიფილდთან საერთოდ აღარაა საუბარი უსამართლო კანონებთან ძალადობრივი ფორმებით დაპირისპირების შესახებ. მართალია ეს პროცესები 1866 წლის გამოცემაში დაიწყო, თუმცა ფაიფილდთან მან ყველანაირი კავშირი გაწყვიტა ჯონ ბრაუნის დასაცავად გამოთქმულ მოსაზრებებთან და უფრო ტოლსტოურ მოსაზრებებს დაუახლოვდა. 

თოროსთან არ გვხვდება ქრისტიანული ანარქიზმის ჯგუფური სულისკვეთება, ან ის, რაც საფუძვლად დაედო ბურების ომის წინააღმდეგ პროტესტს ინგლისში. სწორედ ამ პერიოდის (1899-1902) შემდეგ იწყება განდის აქტიურობა, მისი ე.წ. პასიური წინააღმდეგობა. რადგან პასიური წინააღმდეგობა “სუსტების იარაღად” ითვლებოდა, განდის სურდა ფართო მასობრივ, ერთიან ძალად  ექცია პასიურობა, ეს იყო ტაქტიკური დათმობა, რომელსაც უფრო აგრესიული, ძალადობრივი ფორმების მიღებაც შეეძლო, თუკი ამის საშუალება მიეცემოდა. ამიტომ განდი, რომელიც არაძალადობის ურყევი მომხრე იყო, შეეცადა ახალი ტერმინი მოეფიქრებინა სახრეთ აფრიკაში ინდოელების საპროტესტო მოძრაობისთვის, რათა იგი პასიურ წინააღმდეგობაში არ არეოდათ. იგი გუჯარატული წარმოშობის ცნებაზე სატიაგრაჰაზე (satyagraha) შეჩერდა, რაც ნიშნავს “ძალას, რომელიც ჭეშმარიტებიდან, სიყვარულიდან ან არაძალადობიდან იშვება” (“the Force which is born of Truth and Love or non-violence”).

სატიაგრაჰა მანამდეც აქტუალური იყო სამხრეთ აფრიკაში ინდოელთა ბრძოლაში, სანამ თოროს წაიკითხავდა განდი. მოგვიანებით განდი უარყოფდა კიდეც მის გავლენას, მაგრამ თორო  განსაკუთრებულად სასარგებლო აღმოჩნდა მისთვის, რადგან ტერმინი “სამოქალაქო დაუმორჩილებლობა” ყველაზე ახლო ინგლისური შესატყვისი იყო გუჯარატულ „სატიაგრაჰასი“, არადა განდიმ მაშინ არც იცოდა, რომ ცნება “სამოქალაქო დაუმორჩილებლობა” თოროს არ ეკუთვნოდა და არასდროს გამოუყენებია იგი, მაგრამ ამას ხომ არანაირი აზრი არ ჰქონდა, რადგან 1866 წლიდან მოყოლებული თოროს სახელი უკვე განუყოფლად უკავშირდებოდა სამოქალაქო დაუმორჩილებლობას.

თოროსთვის ერთად-ერთი კანონი, რომელსაც ის არღვევდა, იყო კანონი გადასახადების შესახებ. იგი უარს ამბობდა ამაზე, განდის დროს კი “სამოქალაქო დაუმორჩილებლობა” საპროტესტო ქმედებების დიდ არჩევანს გულისხმობდა, რომელიც სავალდებულო იყო და არაძალადობრივი.

ბევრის აზრით, განდიმ აშკარად გადაამეტა თოროს დამსახურება მასობრივი სამოქალაქო დაუმორჩილებლობის საქმეში. იგი იმასაც ამბობდა, რომ მონობის გადავარდნის მთავარ მიზეზად თოროს დაპატიმრება და მისი ტექსტის გამოქვეყნება იქცა და ეს ამბები ინდოელებსაც შეეხებოდა ტრანსვაალში.

თანამედროვე მკვლევრების აზრით, განდიმ წესით მშვენივრად იცოდა, რომ თოროს ქმედებებს და ესეებს განსაკუთრებული როლი არ შეუსრულებიათ მონობის გადაგდების საქმეში, მაგრამ მას სჭირდებოდა თოროს გავლენა სამხრეთ აფრიკაშიც გამოეყენებინა. თოროს მაგალითის მიხედვით განდი ამტკიცებდა, რომ რადიკალური რეფორმები აშშ-ში ერთმა ადამიანმა გამოიწვია, სამხრეთ აფრიკაში კი ერთი კიარა, ათასობით ადამიანი იქნებოდა ამაში ჩართული და მასობრივი სატიაგრაჰა მოახდენდა ცვლილებზე გავლენას: „იქ, სადაც ბრძოლა მთლიანად შინაგან სიძლიერეზეა დამოკიდებული, ის ვერ განვითარდება მასობრივი დისციპლინის გარეშე“.

საინტერესოა მარტინ ლუთერ კინგის მოგონებაც იმის შესახებ, თუ როდის წაიკითხა თოროს ტექსტი და როგორი შთაბეჭდილება მოახდინა მასზე. ეს Morehouse College-ში მოხდა (ატლანტა, ჯორჯია) და იმდენად მოსწონებია, რომ რამდენიმეჯერ გადაუკითხავს.

კინგი შემდეგნაირად აყალიბებს არაძალადობრივ დაუმორჩილებლობას:

1. არაძალადობრივი დაუმორჩილებლობა დაუმორჩილებლობის ფორმაა.

2. არაძალადობრივი დაუმორჩილებლობა მოწინააღმდეგის დამარცხებაზე და დამცირებაზე კი არაა მიმართული, არამედ მისი გულის მოგებაზე და გაგებაზე.

3. არაძალადობრივი დაუმორჩილებლობა ბოროტების ძალებს უპირისპირდება და არა იმათ, ვინც ამ ძალების ხაფანგში მოხვდა.

4. არაძალადობრივი დაუმორჩილებლობა გაურბის სულის არამხოლოდ გარეგან, არამედ შინაგან ძალადობასაც. არაძალადობის ცენტრში სიყვარულის პრინციპი დგას.

5. არაძალადობის მეთოდი დაფუძნებულია რწმენაზე, რომ სამყარო სამართლიანობის მხარესაა. მომავლის სწორედ ეს ღრმა რწმენაა, რომლის გამოც არაძალადობრივი დაუმორჩილებლობა შურისგების გარეშე იღებს ტანჯვას. მან იცის, რომ სამართლიანობისთვის ბრძოლაში მას კოსმიური მხარდაჭერა აქვს.

კინგის არაძალადობრივი გზის საფუძველი, რა თქმა უნდა, არაძალადობაშია, თუმცა თოროსგან იმით განსხვავდება, რომ თოროს ინდივიდუალური ქმედებების ნაცვლად, კინგი განდის გზას იმეორებდა, თუმცა მასზე გაცილებით დისციპლინირებული კოლექტიურ ქმედებებს ანიჭებდა უპირატესობას.

კინგი არაა კანონის დარღვევის მომხრე, მისი აზრით, ეს ანარქიამდე მიგვიყვანს. ის, ვინც უსამართლო კანონს არღვევს ღიად, სიყვარულით და მზადყოფნით უნდა მიიღოს სასჯელი. ის ვინც არღვევს ასეთ კანონს და ნებით თანხმდება ციხეში ჩაჯდეს, ცდილობს საზოგადოების სინდისი გააღვიძოს ამ უსამართლობასთან დაკავშირებით, ამით კი იგი კანონის მიმართ უდიდეს პატივისცემას გამოხატავს. 

ასეთ შემთხვევებში კანონის მიმართ პატივისცემა სწორედ იმას ნიშნავს, რასაც თოროს დაუმორჩილებლობა გულისხმობდა. ერთი ადამიანის გემოვნებას მორგებული კანონის წინააღმდეგ წასვლა სწორედ კანონის პატივისცემის განსახიერებაა, პრინციპულ პატიმრობაზე წასვლა და ყველაზე აბსურდული უსამართლობის მორჩილება კანონიერების და სიმართლისთვის ბრძოლის მთავარი შემადგენელია და თოროს მაგალითის გარდა, კიდევ უფრო აშკარა ნიმუშად სოკრატეს გადაწყვეტილებები გამოდგება, გადაწყვეტილებები, რომელიც პლატონისა და ქსენოფონტედან მოყოლებული საუკუნეების მანძილზე ანალიზდებოდა და უკვე მკვეთრ, ჩამოყალიბებულ კონცეფციად იქცა.


[1] ფრჩხილებშია ჩემი თარგმანი. ქეთი ქანთარიას თარგმანშია: „ასეთ ჭრილობებზე დგას ნამდვილი ადამიანობა და უკვდავება“. დედანში: „Through this wound a man’s real manhood and immortality flow out, and he bleeds“ to an everlasting death. I see this blood flowing now.

[2] დედანში: „and he bleeds to an everlasting death“. ეს ფრაზა ქეთი ქანთარიას თარგმანში არ გვხვდება.

[3] ჰენრი დევიდ თორო, უოლდენი ანუ ტყეში ცხოვრება, ინგლისურიდან თარგმნა ქეთი ქანთარიამ, „სიესტა“, 2011. გვ. 21.

[4] ეს თავდასხმა (John Brown’s bloody raid on Harpers Ferry) ფედერალურ არსენალზე (Harpers Ferry-ში) 1859 წლის 16-18 ოქტომბერს მოხდა ვირჯინიაში და მომავალში ეს მოვლენა სამოქალაქო ომის დაწყების ერთ-ერთი უმთავრეს მიზეზად იქცა. თავდასხმის მიზანი იყო იარაღის ხელში ჩაგდება და მონების აჯანყების დაწყება. ორ დღეში თავდასხმა საზღვაო ქვეითებმა ჩაახშვეს რობერტ ე. ლის მეთაურობით, ბრაუნი კი სიკვდილით დასაჯეს.

[5] ჰენრი დევიდ თორო, უოლდენი ანუ ტყეში ცხოვრება, ინგლისურიდან თარგმნა ქეთი ქანთარიამ, „სიესტა“, 2011. გვ. 10-11 გვ.

© არილი

Facebook Comments Box