AUDIO,  ახალი წიგნები,  რეცენზია

მალხაზ ხარბედია – მიხეილ ჯავახიშვილი – 130

წლევანდელი წელი XX საუკუნის ორი ყველაზე გამორჩეული ქართველი პროზაიკოსის, ნიკო ლორთქიფანიძისა და მიხეილ ჯავახიშვილის საიუბილეო წელია. მათი დაბადებიდან 130 წელი გავიდა. ამჯერად გადაცემა “ბიბლიოთეკა” მიხეილ ჯავახიშვილის შესახებ მოგვითხრობს:

რამდენიმე თვეში ნიკო ლორთქიფანიძისა და მიხეილ ჯავახიშვილის დაბადებიდან 130 წელი შესრულდება. ამის მიუხედავად, ორივე მწერლის იუბილე ლიტერატურის ინსტიტუტმა უკვე აღნიშნა სამეცნიერო კონფერენციით. ახლა ჩვენი ჯერია, სექტემბრამდე და ნოემბრამდე (სწორედ ამ თვეებში უწევს იუბილეები) კი იქნებ სხვებსაც გაახსენდეთ ეს ორი შესანიშნავი მწერალი.
ამჯერად მიხეილ ჯავახიშვილის პროზაზე ვისაუბროთ.
ეს მწერალი, ისევე როგორც ბევრმა ჩემმა თანატოლმა, წიგნამდე სპექტაკლით გავიცანი. კარგად მახსოვს თემურ ჩხეიძის ტელესპექტაკლი “ჯაყოს ხიზნები”, რომელმაც თავისი სიმკაცრით, ალბათ მიხეილ ჯავახიშვილის ეფექტი გაიმეორა და დიდხანს ალაპარაკა ქართული საზოგადოება. თავად წიგნი მოგვიანებით წავიკითხე, შემდეგ დანარჩენი ნაწარმოებების ჯერი დადგა, ბოლო რაღაცეები კი აგერ, შარშან წავიკითხე მიხეილ ჯავახიშვილისა. ესაა მწერალი, რომელიც არაერთხელ გადამიკითხია, ავტორი, რომელსაც ყველა თავისებურად აღიქვამს, უყვარს ან ტკბება მისი ოსტატობით. მწერალი ბესო სოლომანაშვილი ერთ-ერთი მათგანია, თუმცა ყველა სხვა მკითხველისგან განსხვავებით, მისი დამოკიდებულება მაინც განსაკუთრებულია:
“ჩემი პირადი დამოკიდებულება მიხეილ ჯავახიშვილისადმი, შეიძლება ითქვას, ბავშვობიდანვე ჩამოყალიბდა, ლამის დაბადებიდან, რადგან მე იმ ეზოში დავიბადე და იმ სახლში ვარ გაზრდილი, ელბაქიძეზე, საიდანაც მიხეილ ჯავახიშვილი წაიყვანეს 1937 წლის 14 აგვისტოს. თან 14 აგვისტო ჩემი დაბადების დღეცაა და შემდეგ და შემდეგ, გახსოვთ ალბათ, კომუნისტების დროს მხოლოდ “არსენა მარაბდელი” იყო სასკოლო ლიტერატურაში, და რატომღაც სულ პატარობიდანვე დავიწყე მიხეილ ჯავახიშვილის კითხვა. ალბათ იმიტომ, რომ იმ ეზოში ვიყავი გაზრდილი და ლეგენდასავით იყო. სამეზობლოში იყო უცნაური დამოკიდებულება იმ სახლისადმი, რადგან, მიხეილ ჯავახიშვილი მართლაც უდიდესი პიროვნება იყო არამარტო ქართული ლიტერატურისათვის, არამედ მთელი ქართული საზოგადოებისთვისაც”.
მიხეილ ჯავახიშვილი თაობის ალბათ ყველაზე გამორჩეული მწერალი იყო. მან, შეიძლება ითქვას, სახე მისცა ქართულ XX საუკუნეს, თავისი რომანებით, მოთხრობებით და რაც მთავარია, თავისი ტრაგიკული ბედით. იგი უდიდესი ოსტატი იყო, შესანიშნავი მთხრობელი, მწერალი, რომელიც თითოეულ სიტყვაზე მუშაობდა და წლების მანძილზე აგროვებდა მასალას რომანებისთვის. ამაში ქართველი მკითხველი რამდენიმე წლის წინ კიდევ ერთხელ დარწმუნდა, როდესაც მისი 500 გვერდიანი “უბის წიგნაკები” გამოიცა.
“მე მხიბლავს მიხეილ ჯავახიშვილის ნაწერები იმ თვალსაზრისით, რომ ეს არის მწერალი, რომელიც არ კეკლუცობს ფორმით, რომელიც თავს არ გახვევს თხრობის მანერას, ის უბრალოდ გიყვება ამბავს და ამბავში გითრევს. მთელი მისი წერის მანერა საოცარი რიტმით ხასიათდება და აქ ყველაფერი საპირისპირო ემოციებითაა ერთმანეთთან დაკავშირებული. თუკი ერთი წინადადება კომიზმითაა სავსე, შემდეგ წინანდადებაში ყველაფერი ტრაგიზმითაა გაჯერებული”.
მისი ყოველი ახალი ნაწარმოები სრულიად განსხვავდებოდა ხოლმე წინამორბედისგან, თითოეული რომანით იგი თითქოს რაღაც მნიშვნელოვან ეტაპს ამთავრებდა ქართული ლიტერატურის ისტორიაში და ახალს იწყებდა: “ასეთი ჟანრობრივი მრავალფეროვნება ალბათ არც ერთ მწერალს არ ჰქონია. მას შეეძლო ჯერ დაეწერა, ვთქვათ, “თეთრი საყელო”, უშველებელი ფილოსოფიური ტილო და უცებ შეექმნა “გივი შადური”, დაეწერა “ჯაყოს ხიზნები”, ამხელა ტკივილით გაჯერებული ნაწარმოები და “კვაჭი კვაჭანტირაძე, ასე ვთქვათ, ავანტიურისტული რომანი”.
ეს “ავანტურისტული რომანი” ბოლო რამდენიმე წელია ჩემი საყვარელი ქართული რომანია. იყო დრო, როცა “ჯაყოზე” მეტს ვფიქრობდი ხოლმე, ახლა კი, როგორც ვატყობ, “კვაჭი კვაჭანტირაძის” პერიოდი მაქვს, ამიტომ ორი სიტყვით ამ რომანსაც გავიხსენებ.
კვაჭი კვაჭანტირაძე ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ცოცხალი პერსონაჟია ქართული ლიტერატურის ისტორიაში. ავტორმა მას ასეთი ფორმულა გამოუძებნა – “არც მარჯვნივ, არც მარცხნივ… არც აქეთ, არც იქით… შენც მინდიხარ, ისიც მიყვარს…” შესაბამისად, კვაჭის ფეხი ხან მარცხენა ბანაკში ედგა, ხან მარჯვენაში, ხან “ჭკუიანთან ჭკუიანი იყო, დინჯთან – დინჯი… მხიარულთან – მხიარული, ძლიერთან – მორჩილი, პირმოთნე, ქლესა, თავაზიანი და მოღიმარე“, ხან კი სუსტთან კადნიერდებოდა და თავხედდებოდა, მუხას ლერწმად უხვდებოდა და ლერწამს მუხად, რკინასთან – ბამბა იყო და ბამბასთან – რკინა. ზოგჯერ სუსხს აისახავდა ხოლმე კვაჭიკო სახეზე, ხან კი “გულმოსალოკი ღიმილით” მოინადირებდა მსხვერპლს, დატკბებოდა შაქარსავით. მოკლედ რამდენიმე ასეული გვერდის მანძილზე კვაჭის ყველაფერი მოასწრებინა ავტორმა, რა არ აგემა, როგორი საქმეები არ გააჩარხინა და რა ქარ-ცეცხლში არ გამოატარა. წინანდელი კვაჭი ყოველ 50 გვერდში ერთხელ კვდება ხოლმე და მისგან ახალი კვაჭი იშვება, უცნობი და ახალი, თამამი და უდრეკი, გულადი და შეუპოვარი… ასეა მთელი რომანის განმავლობაში, სანამ კვაჭი სტამბულში არ წავა და ლიზა ხანუმის საროსკიპოში არ მოიკიდებს ფეხს. კვაჭი იქ ნახავს ბოლო ნავსაყუდელს, მეძავებთან, მოირებივით რომ ესევიან გარს და მისი ჭრელი გულიც კვნესას იწყებს ამ ორმოში. თუმცა კვაჭი ბოლო სიტყვასაც გვიტოვებს. ეს სიტყვა ჩვენს პატარა სამშობლოს შეეხება და იგი ქვეყნის ერთიანობის იდეას სევდითა და მწარე ირონიით ასველებს.
“რა არის დიდი საქართველო? ბათომში რომ თავი მისდო დასაძინებლად, ფეხები ქიზიყს უნდა მიაბჯინო; სოხუმში რომ ცხვირი დააცემინო, სიღნაღიდან იძახიან: “ხეირიო”, ქუთაისში ლაითაძესთან ან ერემოსთან დანიელა ურიამ რომ “მრავალჟამიერ” დაიწყოს, ყაზბეგიდან ბანს ეტყვიან, ხოლო თელავიდან დედას ლევანა “მადლობელს” შემოსძახებს… მყრალი ხელსახოცი რომ იპოვნო, მთელი საქართველო მორბის ყვირილით, ჩემია! წილი დამდეო”
მიხეილ ჯავახიშვილმა ამაზე გაცილებით უფრო მწარე რაღაცეებიც თქვა ჩვენს ქვეყანაზე, იგი ბზარავდა და რაც მთავარია, დღემდე ბზარავს მოდუნებული ქართველების გულებს. სწორედ ამიტომ, მისი ნაწერები არასდროს იქცევა ტკბილ წარსულად და იგი ყოველი წაკითხვისას ახლებურ ზეგავლენას მოახდენს.
© radiotavisupleba.ge

Facebook Comments Box