წელს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ლიტერატურული თარიღი აღინიშნება, ნიკო ლორთქიფანიძის დაბადებიდან 130 წლისთავი, მწერლისა, რომელიც საქართველოში უყვართ, მაგრამ ხშირად არასწორად ესმით.
წლების მანძილზე თითქმის ყველა ქართველი კალმოსანი მოვალეობად მიიჩნევდა, რაღაც მაინც დაეწერა ნიკო ლორთქიფანიძის შესახებ. ხშირ შემთხვევაში ეს წერილები ძალიან ზედაპირული შთაბეჭდილებების თავმოყრას წარმოადგენდა და ვერაფერს არსებითს ვერ გვეუბნებოდა XX საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ქართველ პროზაიკოსზე. განსაკუთრებით ლიტერატურულ იმპრესიონიზმზე წერდნენ ბევრს, წერდნენ დაუღალავად, იმდენად, რომ ათწლეულების მანძილზე ყველას, სკოლის პედაგოგსა თუ უნივერსიტეტის პროფესორს, ნიკო ლორთქიფანიძის სახელის ხსენებაზე მხოლოდ ეს სახელოვნებო მიმდინარეობა, იმპრესიონიზმი ახსენდებოდათ.
ის, თუ რა ნაწარმოებები დაწერა ნიკო ლორთქიფანიძემ, თითქოს ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ რატომღაც, სულ ერთიდაიგივე მოთხრობებს სწირავდნენ ხოლმე მსხვერპლად ლიტერატურის ქურუმები და ჩვენც, სკოლასა თუ უნივერსიტეტში ყურები გვქონდა გამოჭედილი: წაიკითხეთ “თავსაფრიანი დედაკაცი”, “ტრაგედია უგმიროდ” და “შელოცვა რადიოთი”. ეგ კი არა და, ერთხელ გავოგნდი, როცა ოთხ სხვადასხვა ავტორთან, ნიკო ლორთქიფანიძის გენიალობის დასტურად ერთიდაიგივე ციტატა აღმოვაჩინე. როგორც ჩანს, ოთხმა სახელოვანმა მწერალმა ვერაფერი ნახა ნიკო ლორთქიფანიძის ოთხტომეულში, გარდა ამ ერთი წინადადებისა: “ყეფდა ძაღლი, სახურავიდან ამოდიოდა კვამლი და იყო პატარა ოჯახი”.
აქედან გამომდინარე, ნიკო ლორთქიფანიძის პროზა ახლიდანაა წასაკითხი. კრიტიკოს ეკა ცხადაძის აზრით, მისი თემები ჯერ კიდევ შეძრავს მკითხველს:
“ნიკო ლორთქიფანიძის ადგილი ქართულ პროზაში და საერთოდ ლიტერატურულ სივრცეში თავიდანვე მოინიშნა. მისმა ნიჭის თაყვანისმცემლებმა რა თქმა უნდა თავიდანვე იცოდნენ ვინ იყო ნიკო ლორთქიფანიძე, მაგრამ XXI საუკუნის მკითხველისათვის ნიკო ლორთქიფანიძის თემატიკა, მისი აზროვნება, მის მიერ წამოწეული თემები მაინც საინტერესოა, მიუხედავად იმისა, რომ როგორც ვიცით, 130 წელი გავიდა მისი დაბადებიდან. მას არ შეხებია დრო”.
მემგონი მაინც ჯობდა, რომ ნიკო ლორთქიფანიძეს შეხებოდა დრო, ცხადია გახუნებასა და მოძველებას არ ვგულისხმობ, არამედ იმას, რომ ჩვენ, რეალურად არცა გვაქვს ნიკო ლორთქიფანიძის წაკითხვები, არ ვიცით, როგორ აღიქვამდნენ მას 20-30-იან წლებში, 50-60-იანებში, ძალიან ცოტა რამ დაიწერა მის შესახებ 90-იანებიდან დღემდე მოყოლებულ პერიოდში. როგორც ზემოთაც ვთქვი, ნიკო ლორთქიფანიძის კანონიკურ ტექსტებში სულ რამდენიმე მცირე ნოველა მოხვდა, არადა მის შემოქმედებაში კიდევ ბევრი რამეა აღმოსაჩენი:
“ჩემი აზრით, თანამედროვე მკითხველს უთუოდ დააინტერესებს ნიკო ლორთქიფანიძის ის ნაწარმოებები, რომლებიც ძალიან პოპულარული არ არის, მაგრამ სპეციალისტებმა ვიცით მათ შესახებ და ნებისმიერ დროს შეგვიძლია, რომ ვუთხრათ და ვურჩიოთ მკითხველს. განსაკუთრებით საინტერესოა ნიკო ლორთქიფანიძე, როგორც მოდერნისტული ეპოქის შემოქმედი, მაგრამ ის ამის შემდეგაც ისეთ თემებს ამუშავებს, რომელიც გადის მოდერნიზმის ჩარჩოებიდან”.
ნიკო ლორთქიფანიძის ბიოგრაფია ცალკე საუბრის თემაა:
“ნიკო ლორთქიფანიძის ბიოგრაფია ძალიან საინტერესოა. მას ორჯერ ჰქონია დუელი, და მის განსხვავებულობას ალბათ ესეც მოწმობს. უნდა ითქვას, რომ თვითონ ნიკო ლორთქიფანიძე არაა ტრაფარეტული ბიოგრაფიის მქონე ადამიანი. ის არ იზრდებოდა გაჭირვება, უფრო პირიქით, ძალიან ცნობილი და კარგი ოჯახის შვილი იყო, მისი წინაპრები თურმე ფიცის კაცები ყოფილან, რაც ნიშნავდა იმას, რომ ისინი ძალიან, ასე ვთქვათ, ეროვნული ადამიანები იყვნენ. ისინი სოლომონ II-ის დასაყრდენ ძალას წარმოადგენდნენ იმ ძნელბედობის ჟამს. ნიკო ლორთქიფანიძესაც ყოველთვის ახასიატებდა ეს შინაგანი ღირსება, იგი ძალიან დახვეწილი კაცი იყო და ერთი ქართველი პოეტი მწევარსაც კი ადარებდა მას. პირველი დუელი მას უცხოეთში სწავლის პერიოდში ჰქონდა, ავსტრიაში, რომელიღაც დოცენტთან და ერთი შეხედვით ჩვეულებრივი სიტუაცია დუელის მიზეზი გახდა. მეორე დუელი უკვე რუს ოფიცერთან ჰქონდა, აქ, საქართველოში და ამ შემთხვევაშიც ძალიან ღირსეულად გამოსულა ამ მდგომარეობიდან. პირველი დუელისას მან ფარიკაობაც კი არ იცოდა და ერთი ღამის ნავარჯიშებმა შეძლო დუელში მოანწილეობის მიღება, მეორე დუელისას უკვე სროლაზე მიდგა საქმე…”
ნიკო ლორთქიფანიძის შესანიშნავი პორტრეტი დაგვიტოვა სიმონ ჩიქოვანმა. გასული საუკუნის ათიან წლებში, გარდა სამწერლო, სარედაქციო და სხვა საქმიანობისა, მწერალი ქუთაისის რეალურ სასწავლებელში გერმანულსაც ასწავლიდა. მისი მოსწავლე იყო სიმონ ჩიქოვანი, რომელმაც მოგვიანებით ესეც მიუძღვნა მასწავლებელს. ფოტოზე ყველასა გვყავს ნანახი ნიკო ლორთქიფანიძე, მაგრამ პოეტისა და მოსწავლის მეხსიერებაში დარჩენილი სახე, შესაძლოა რაღაც უფრო მნიშვნელოვანს იფარავდეს: “კაფანდარა იყო, სქელი ტუჩებით, მეჩხერი ულვაშითა და კოხტად შეკრეჭილი მოკლე წვერით. სათვალიდან დაღლილი იცქირებოდა, მშვიდი ნაბიჯით დადიოდა, სახეზე მუდამ ნაღვლიანი შთაგონება ეფინა და ჩუმი ირონიით შეფერილი “მწარე” ღიმილი იცოდა. ძალზე თავისებური და შეუცნობელი გარეგნობა ჰქონდა.”
მისი პიროვნული თვისებებიდან პირველ რიგში თავმდაბლობა და ღირსების გრძნობა უნდა დავასახელოთ:
“სხვათა შორის, მისი ბიოგრაფია ერთგვარად ქვაკუთხედია მისი მენტალობის და ყველაზე უფრო საინტერესო რაც არის და რაც ძალიან მოგვხიბლავს დღევანდელი გადასახედიდან, ისაა, რომ მას უყვარდა ჩუმად ყოფნა, არ უყვარდა საკუთარი თავის წინ წამოწევა. ჩვენ ვიცით როგორი გრან სენიორის პოზა ჰქონდა კონსტანტინე გამსახურდიას, როგორი გამომწვევი და პომპეზური იყო გრიგოლ რობაქიძე, ცნობილია ცისფერყანწელების პოზაც… ნიკო ლორთქიფანიძე კი ემიჯნებოდა ყველაფერ ამას. მას არ უყვარდა ეს პომპეზურობა, თავის მოწონება, ზედმეტი რაღაცეები და ეს ყველაფერი აისახა მის შემოქმედებაშიც”.
ამაში დარწმუნება საკმაოდ ადვილია, რადგან ნიკო ლორთქიფანიძის თზულებების რამდენიმე გამოცემა არსებობს. მკითხველს შევახსენებ, რომ მისი ტომები 20-იან წლებშიც გამოვიდა, 30-იანებშიც, 40-იანებშიც და 50-იანებშიც. ყველაზე სრული კი, მაინც, ალბათ, 70-იან წლებში გამოცემული ოთხტომეულია, სადაც “თავსაფრიანი დედაკაცის“, “ტრაგედია უგმიროდ” და “შელოცვა რადიოს“ გარდა, კიდევ ბევრ ძლიერ ტექსტს ნახავს მკითხველი.
© radiotavisupleba.ge