ესე,  კრიტიკა

მალხაზ ხარბედია – რომანი და განმეორებები

romani dok 11 copy

თანამედროვე ქართული პროზა სიმართლის ძიებაში

ეს წერილი მიმოხილვითია და არც მიფიქრია, რომ ამით თანამედროვე ქართულ პროზაში შექმნილ ვითარებას სრულად ავსახავდი, მითუმეტეს ამ მიმოხილვით წერილში მხოლოდ გარკვეული ნიშნითაა გაერთიანებული წიგნები, ნიშნით, რომელსაც პირობითად აქტუალურ ლიტერატურას დავარქმევდი. ამის გარდა მომავალში კიდევ რამდენიმე წერილი მომზადდება ალბათ, სადაც ერთი მხრივ დამწყები პროზაიკოსების, დებიუტანტების ნაწერებში გამოკვეთილ ტენდენციებზე ვისაუბრებთ, ხოლო მესამე წერილში კიდევ ერთ მწერალთა ჯგუფს შევეხებით, რომლებიც უფრო თამაშებრივ, გნებავთ პოსტმოდერნულ წერას არიან აყოლილები და გარკვეული ნიშნებით განსხვავდებიან დღევანდელი წერილის გმირებისგან. ეს განსხვავება ყველაზე მეტად თემატურ პლანში ჩანს, იქ, სადაც მწერლები რაიმე პრობლემას, უახლეს წარსულს ან თანამედროვე მოვლენებს უტრიალებენ, ცდილობენ ამ ისტორიული თუ მენტალური არსებობის გააზრებას, რადგანაც ესაა ლიტერატურა, რომელიც მეტ რეფლექსიას მოითხოვს, მეტ თვითიდენტიფიკაციასა და პასუხისმგებლობას.

ცხადია, ჩემი დღევანდელი წერილი ვერ მოიცავს სრულად იმ აქტუალურ ლიტერატურას, რომელიც მართალია მწირად, მაგრამ მაინცაა წარმოდგენილი თანამედროვე ლიტერატურაში, ამიტომ იმ რამდენიმე ავტორით შემოვიფარგლები, რომლებიც ბოლო წლების მანძილზე წავიკითხე, ავტორები, რომლებიც, ჩემი აზრით, სწორედ ამ ნაკადში თავსდებიან. სხვათა შორის, დღევანდელ წერილს ნაწილობრივ ბოლო ოთხი წლის მანძილზე რადიო “თავისუფლებისთვის” მომზადებული გადაცემებიც დაედო საფუძვლად.

წარსულის გაცნობიერება – ნაირა გელაშვილის ცდა

ახალი ამბავი არ არის, რომ დღეს თანამედროვე ქართული ლიტერატურა ძალიანაა მოწყვეტილი რეალურ თანამედროვეობას, ისტორიას, ჩვენივე ქვეყნის ახლო წარსულს თუ ბოლო დროს მომხდარ მოვლენებს. ჩვენში თითქმის არ იწერება დოკუმენტური ჟანრის ნაწარმოებები, იშვიათად ნახავთ პროზაში არეკლილ საქართველოს ბოლოდროინდელ თავგადასავალს, მწვავედ დასმულ კითხვებს. ნაირა გელაშვილის ბოლო რომანი “პირველი ორი წრე” სწორედ ასეთი ხარვეზების შევსების მცდელობაა. ესაა რომანი ჩვენი დროის შესახებ, უფრო სწორად კი იმ მიზეზებზე, რამაც ჩვენი დრო შვა. სწორედ ამიტომაც, რომანის ერთ–ერთი მთავარი გმირი წარსულია, უფრო ზუსტად, უახლოესი წარსული. რომანში ერთი ეპიზოდია, რომელიც წარსულის საშიშროებებს ეხება, იმას, რომ წარსული “თან უნდა გახსოვდეს და თან არა. წარსულიდან მხოლოდ ის უნდა იცოდე, რასაც აცნობიერებ, სხვა ყველაფერი უნდა გადაყარო, რათა ტვირთად არ გექცეს”. “პირველი ორი წრე” სწორედ ამ გაცნობიერებას ეძღვნება, მოქმედება კი ერთ კონკრეტულ ადგილას, უფრო სწორად, კონკრეტულ დაწესებულებაში ვითარდება, “მთარგმნელობით კოლეგიაში”.

ამ რეალურ დაწესებულებაში, რომელიც ნაირა გელაშვილმა საკუთარი გამონაგონითაც შეავსო, პერსონაჟები სხვადასხვა ტექსტების, შესაბამისად კი სხვადასხვა კულტურათა თარგმნით არიან დაკავებულნი, ამასობაში კი მათ გარშემო ახალი ქვეყანა იბადება, ჩნდებიან ახალი ლიდერები, რომლებიც სწორედ ამ “სხვას” ებრძვიან, იწყება “მთარგმნელობითი კოლეგიის” თანამშრომლების დევნა, დაშინება, რომელიც შემდეგ დარბევაში გადაიზრდება და მსხვერპლიც მოჰყვება. კულტურის ამ კერის რეალურ თუ გამოგონილ ხვედრს უკავშირდება საქართველოს ისტორიის ფაქტებიც, რომელიც რომანში ხან პერსონაჟების მიმოწერიდან აღწევს, ხანაც ქუჩიდან, საიდანაც გამუდმებით მოისმის სკანდირების ხმა, ირხევიან დროშის წვერები, ერთმანეთს ცვლიან ლოზუნგები.

ნაირა გელაშვილის რომანში კულტურისა და ბარბაროსობის ამ დაპირისპირებას დიდი ადგილი უკავია, ავტორმა რომანის დაწერამდე რამდენიმე წლით ადრე, თავის ერთ-ერთ წერილში, რომელიც 1990 წელს დაიბეჭდა ქართულ პრესაში, ის ფაქტორები დაასახელა, რომელიც პირველ რიგში უნდა დაგვეძლია ქართველებს დამოუკიდებლობისკენ სავალ გზაზე. მომავალში სწორედ ეს თეზისები იქცა რომანის საფუძვლად. მთავარი ამ ფაქტორებში შემდეგია: რომ ჩვენ ინტელექტუალურად მოუმზადებლები აღმოვჩნდით ახალი დროებისთვის, ამ დროისთვის ჩვენი მორალური საყრდენები ანუ ღირებულებათა სისტემა მორღვეული იყო, ფსიქიკურად არასტაბილური ხალხი კი ამის გარეშე უფსკრულის წინაშე აღმოჩნდა.

რომანი კიდევ ერთ მნიშვნელოვან თემას ეძღვნება, რომელიც დღეს ტოტალურად ბატონობს საქართველოში, ქვეყანაში, სადაც საზოგადოებას განათლება რეალურად არ სჭირდება, განათლებული ადამიანი კი ხშირ შემთხვევაში დაცინვის ობიექტი ხდება. ესაა შემეცნების წყურვილის არარსებობა, ხელჩაქნეულობა და უპერსპექტივობა.

ცალკე თემაა რომანის ჟანრული განსაზღვრა და ის, თუ როგორაა იგი აგებული სტრუქტურულად. პირველ რიგში რომანს ავსებს ბიოგრაფიები, მთარგმნელთა ბიოგრაფიები, რომელსაც კოლეგიის ერთ-ერთი თანამშრომელი ადგენს “ორგანოებისთვის”. მათ უფრო ნოველები შეგვიძლია ვუწოდოთ, სადაც თხრობა ხან მდორედ მიედინება და ხანაც შექსპირული ვნებები ტრიალებს ამ პატარა ნოველებში. მთავარი კი ის არის, რომ კონკრეტული ადამიანების ბედში ქვეყნის ცხოვრებაც აირეკლება.

რა თქმა უნდა, რომანი “პირველი ორი წრე” არაა დოკუმენტური, თუმცა ეს ის შემთხვევაა, როდესაც დოკუმენტების, ასევე ავტორისეული ხედვებისა და ტკივილების ერთიანობა ახლიდან განგვაცდევინებს ჩვენი ქვეყნის არეულ თავგადასავალს. ეს წიგნი სწორედ ამ არეულობის გააზრებისა და მის არსში წვდომის მცდელობაა. ეს მცდელობა კიდევ უფრო ეფექტური გამოუვიდოდა ავტორს, წიგნს რომ რედაქტორი ჰყოლოდა. ეს უზარმაზარი რომანი დაუმთავრებელის შთაბეჭდილებასაც ტოვებს, აქ ძალიან ბევრი სიუჟეტური თუ დისკურსიული ხაზია, რომელსაც თავმოყრა სჭირდება, ხშირია ვრცელი ჩანართები, რომელიც მნიშვნელოვნად აგდებს რიტმს, გვხვდება ავტორის მიერ სხვადასხვა დროს დაწერილი, რომანის ქარგას ბოლომდე ვერ მორგებული და ამოსაღებად ვერ გამეტებული ფრაგმენტებიც.

ირაკლი სამსონაძის ორი რომანი

ირაკლი სამსონაძე-პროზაიკოსი ზუსტად 10 წლის წინ გაიცნო ქართველმა მკითხველმა. მანამდე ირაკლის მხოლოდ პიესებით იცნობდნენ, პირველი მოთხრობები 2002-2003 წელს დაიბეჭდა ლიტერატურულ პრესაში და იმავე პერიოდში გამოქვეყნდა ჩვენთან, ჟურნალ “არილში” მისი ყველაზე ცნობილი პროზაული ტექსტიც, მცირე რომანი “ყურთბალიში”, რომელიც 2004 წელს გამომცემლობა “არეტემ” წიგნადაც დაბეჭდა. “ყურთბალიში”, ჩემი აზრით, ბოლო პერიოდში ქართულ ენაზე დაწერილი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და თანამედროვე ტექსტია, თუმცა პირველ რიგში იგი თავად ავტორისთვის აღმოჩნდა მნიშვნელოვანი, იმდენად, რომ მისი დაწერიდან რამდენიმე წლის შემდეგაც ირაკლი სამსონაძე ვერ ახერხებდა “ყურთბალიშის” გავლენისგან გათავისუფლებას. ამას იგი თავადაც აღნიშნავდა ხოლმე პირად საუბრებში… და აი, თითქმის 10 წლის შემდე, ირაკლიმ მოახერხა დაშორებოდა თავის Opus Magnum-ს, მთავარ ნაშრომს, და დაეწერა ორი ახალი, სქელტანიანი რომანი, “ლეას საათი” და “ღრუბელი სახელად დარინდა”, წიგნები, რომლებმაც, “ყურთბალიშთან” ერთად ტრილოგია შეადგინეს.

“ლეას საათი” რომანი-საგაა, ვრცელი პანორამული ნაწარმოები, სადაც უნგრეთიდან წამოსული ბაგარების გვარის თავგადასავალია მოთხრობილი, გვარისა, რომლის პირველი წარმომადგენელიც XIX საუკუნის დასაწყისში გამოჩნდა და დამკვიდრდა საქართველოში. ბაგარების ცხოვრება საქართველოში მიმდინარე რეალური მოვლენების ფონზე ვითარდება და 2 საუკუნის მანძილზე ავტორი იმდენ, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ სიტუაციაში გამოატარებს ამ გვარს, რომ ხვდები, წიგნში ამ რეალურ მოვლენებზე უფრო მნიშვნელოვანი სხვა რამეა, ის, რაც ლამის მემკვიდრეობით გადადის ბაგარიდან – ბაგარზე და რასაც რომანი ისტორიულიდან ანთროპოლოგიურ, ფსიქოლოგიურ პლანში გადაჰყავს. ისტორიული მოვლენები აქ ადამიანების გამოსაცდელად გაიელვებენ. ამ რომანის თემა არაა ქვეყნის ბედი, ერები, სახელმწიფოები, ქალაქები, ძველი და ახალი, მაღალი და დაბალი, აქ მხოლოდ ადამიანები არიან, ერთ ჯაჭვად გადაბმული ერთი გვარის შვილები, ამბავთა ხლართები, მითოლოგიური კომპლექსები. აქ მხოლოდ გამეორების, მარადიული დაბრუნების დემონები მოქმედებენ ან მართავენ სხვათა მოქმედებას.

რომანში ისტორიული გმირებიც გვხვდებიან – ახმედ ფაშა და მამია გურიელით დაწყებული, ხრუშჩოვითა და ორჯონიკიძეთი დამთავრებული, თუმცა გადამწყვეტი ქმედებები მაინც ბაგარებზეა. წარსულის მოვლენები იქნება თუ ცხელ-ცხელი თბილისური ამბები, ბაგარები ყველგან ჩანან. აი მაგალითად, ბიჭოლა ბაგარი სულმთლად ახალ ამბავში მონაწილეობს. იგი თბილისის დასუფთავების სამსახურის ზემდეგად მუშაობს და დარბეული მიტინგის ადგილის “დალაგებისას” ბუჩქებში გადამალულ გვამს აღმოაჩენს. ბიჭოლა სწორედ აქ გააცნობიერებს რას ნიშნავს სიტყვა “ზემდეგი” დასუფთავების სამსახურში. იგი მაშინვე იღებს გადაწყვეტილებას და თავის ორ ქვეშევრდომთან ერთად გვამი ოქროყანისკენ ააქვს დასამარხად. ეს ბაგარების ერთ-ერთი ბოლო “გმირობაა”. ასეთი ფარული “დაკრძალვის” ცერემონიალებში მისი წინაპრებიც იღებდნენ მონაწილეობას, სხვა ბაგარებსაც არაერთი გვამი გადაუმალავთ, თავისი თუ სხვისი მოკლული.

რომანში ძალიან ბევრი პერსონაჟია. ამდენი გმირი კაი ხანია თანამედროვე ქართულ რომანში არ შემხვედრია და მწერლის ყველაზე დიდი ოსტატობა, ჩემი აზრით, სწორედ ამ პერსონაჟების სახეთა გამოკვეთაში ვლინდება. ლასლო, მისი ვაჟი კარლო ბაგარი, კონსტანტინე ბაგარი, კონსტანტინე და გურანდუხტ ბარათაშვილები, თავადი იასონ აბაშიძე, მაიორი ტრისტან ლეფსვერიძე და მისი მეუღლე ლეა, მეძავი მარგო, თავადი დავით მაჭუტაძე და მისი ქალიშვილი კესარია, ორი მანია, იმედა და უმცროსი ლასლო ბაგარები, სერგო ბაგარი, კოლია, ფოთოლა, ნადიაკვნარი ტიმოთე და ნაფოფოდიარი დარია, ბიჭოლა ბაგარი… ეს მხოლოდ ძირითადი, მთავარი ხაზის პერსონაჟები არიან, მათ გარდა აუარება წვრილფეხობაა რომანში, რომელთათვისაც ავტორი არც სიტყვას იშურებს და არც შთაგონებას. ამ თვალსაზრისით, ირაკლი საკმაოდ ხელგაშლილი, ბარაქიანი მწერალია.

რომანში, განსაკუთრებით მის პირველ ნაწილებში, არქაიზმებსაც შეხვდებით. ეს არქაიზმები ბევრს შესაძლოა უხერხულად მოხვდეს ყურს, მათ შორის, მეც, ამოვარდნილი მეჩვენა ეს ხერხი, მითუმეტეს იგი არანაირ ენობრივ-ჰედონისტურ მიზნებს არ ემსახურება და არც მაინცდამაინც ფილოლოგიურ სიზუსტეზე აქვს პრეტენზია. იგი ლიტერატურული სიამოვნებისთვის, სასეიროდ ჩასმული სტილიზაციები არაა, არამედ პირიქით, ამით ავტორი ალბათ გარკვეული პირქუში სიზანტის განწყობილებას ქმნის. ყოველ შემთხვევაში მე სხვა ახსნა ვერ მოვუძებნე ამ არქაიზმებს.

რომანში თხრობის ძალზე მრავალფეროვანი ხერხებია გამოყენებული. ავტორი ოსტატურად იყენებს ანაქრონიებს – პროლეფსისებს, ანალეფსისებს. თუმცა ყველაზე ძლიერი ირაკლი სამსონაძე მაინც რეტროსპექტივებშია, პანორამულ, მრავალშრიან თხრობაში, სადაც იგი დროსთანაც თამაშობს და მკითხველთანაც. მე ირაკლის ამ რომანმა ოთარ ჭილაძის პროზა გამახსენდა და ერთი პირობა მისი ბაგარები ჭილაძის “გოდორის” კაშელებთანაც კი მივიყვანე.

რომანში რამდენიმე ძლიერი სცენა თუ მონაკვეთია, რომელიც იმედია გააკვირვებს ქართული ლიტერატურის მოყვარულებს და მცოდნეებს. რა თქმა უნდა, ცენტრალურია ბორდელის სცენა, რამდენიმესაათიანი მოქმედება, რომლის აღწერასაც 30 გვერდი მოანდომა ავტორმა. თხრობის ასეთი შენელება ნაწარმოების ბოლოშიც გვხდება, მაგრამ ეს ეპიზოდი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან ქუთაისის ბორდელში შემდგარი უცნაური სექსუალური აქტი, რომელშიც ერთი ბაგარი და 12 მეძავი იღებენ მონაწილეობას, შემდეგ მთელი რომანის სიუჟეტს განსაზღვრავს, ხოლო ამ სცენის ერთი შეხედვით უმნიშვნელო როლის შემსრულებელი, ვინმე მარგო, რომანის მეორე ნაწილში ამბის მთავარ წარმმართველად და ყველა ძაფის თავმომყრელად მოგვევლინება.

კიდევ ბევრი რამის გახსენება შეიძლება რომანიდან – ფოტოგრაფისა და კონსტანტინე ბაგარის დედის ურთიერთობა, იარაღით მოვაჭრე სერგო ბაგარის, ასევე მანიასა და სამტრედიელი გოგონას ამბავი. მესმის, რომ ასეთ ჩამოთვლას აზრი არა აქვს და ეს სახელები და მინიშნებები არაფრის მთქმელი იქნება, სანამ თავად არ წაიკითხავთ რომანს და თავად არ შეეცდებით გაერკვიოთ ამ მრავალსახოვან, არეულ, ფორიაქითა და გიჟური ვნებებით აღსავსე სამყაროში. იქ თქვენ ერთიორგან ავტორსაც გადაეყრებით, ხან ყოვლისმცოდნე, ხანაც დაბნეულ მთხრობელს, რომელიც თავად ცდილობს რაღაცეებში გარკვევას.

ავტორი უფრო აქტიურად ჩანს ირაკლი სამსონაძის ტრილოგიის მესამე რომანში, “ღრუბელი, სახელად დარინდა”, რომელიც ასევე “ინტელექტმა” გამოსცა. ამ ბოლო რომანში ავტორმა ყველაფერს მოუყარა თავი, პირველი წიგნის, “ყურთბალიშის” უკიდურესი გულახდილობაც დაიბრუნა, ისტორიულ მასალასაც ახლებურად მიუდგა და თხრობის ხერხებიც უფრო მრავალფეროვანი გახადა. ამ რომანით ირაკლი სამსონაძესთან ერთად, შეიძლება ითქვას, მწერლის გულახდილობის მოკლე კურსი გავიარეთ და არამხოლოდ იმიტომ, რომ აქ მთხრობელი, მთავარი გმირი სამსონაა და იგი ბოლომდე აშიშვლებს თავის არსებობას. ამ წიგნის გულახდილობა კიდევ იმაშიც გამოიხატება, რომ იგი ქვეყნის ბოლოდროინდელი ისტორიის, თაობის ბედისწერის, ეპოქის შესახებაც ძალიან ღიად და მტკივნეულად საუბრობს.

განსაკუთრებულია რომანის დასაწყისი, სადაც დეტალურად, მიკროსკოპული სიზუსტითაა აღწერილი ალკოჰოლში დაკარგული კაცის მდგომარეობა, ამ მდგომარეობას ქართულად გაბმულა ჰქვია, თუმცა უფრო ხშირად მას “ზაპოის” ეძახიან. ეს ალბათ ლოთის მდგომარეობის ერთ-ერთი ყველაზე თანმიმდევრული აღწერაა, რომელიც კი ქართულ ლიტერატურაში შექმნილა. ჩვენთან ხომ ლამის ყველა ლოთობს, ვინც წერს, მაგრამ ამის გულახდილად აღწერას აქამდე ვერავინ ახერხებდა, ვერ ბედავდნენ, ბევრს არც უცდია. იყო გამონაკლისები – ვაჟა გიგაშვილის და გიგი სულაკაურის პროზაში. ზოგადად ქართველი მწერლები ძალიან მოიკოჭლებენ ამ საკითხში, განსაკუთრებით კი რამდენიმე რუს, და რაც მთავარია, ამერიკელ მწერლებთან შედარებით, რომლებმაც ალკოჰოლურ და ნარკო დამოკიდებულებებზე უმწვავესი აღსარებები დატოვეს.

მთხრობელს, სამსონას, სწორედ ასეთ მდგომარეობაში გავიცნობთ, იგი ლამის ვენიჩკა ეროფეევის “მოსკოვი-პეტუშკების” პროტაგონისტივით იწყებს, გულაღმა წევს, უმძიმეს ნაბახუსევზე, და ჯერჯერობით მხოლოდ გულსა და ღვიძლს გრძნობს. გადაბრუნდება გულის მხარეს, გული აწუხებს, ღვიძლის მხარეს – ღვიძლი. მან ლოთობის ისეთ სიმაღლეს მიაღწია, როდესაც მხოლოდ ყავას აყოლებს არაყს, ადრე არასდროს დაწერდა მთვრალი, ახლა კი გადაკრულში წერასაც არ ერიდება, უფრო მეტიც, სხვანაირად ვეღარ მუშაობს. ხშირად სდის ლოთური ცრემლები, მთელს ფულს სიგარეტში და სასმელში ხარჯავს, ჩაცმულობაზე კი მეგობრები და შვილები ზრუნავენ. მისი მთავარი საქმე საკუთარი თავის გადაფხეკაა, მისთვის “ლოთობაც და მრუშობაც გზაა იმ წამამდე, როცა სურვილი გეუფლება დაუზარელად ფხიკო და ხეხო შენი თავი, ფხიკო და ხეხო იქამდე, სანამ ჯერ ჩემს ხმას არ გაიგებ, შემდეგ კი იმ მესამე სამსონასაც არ დაინახავ”.

ამ სიტყვებს სამსონას მეორე, უფრო სწორად, პირველი მე ამბობს, იგია პირველი სამსონა, არსებობს მეორე სამსონაც და ჩვეულებრივი პერსონაჟი, ანუ მესამე სამსონა. რომანს ასეც უწოდებს მთხრობელი – მონორომანი სამ პირში – მე, შენ, ის. აი როგორაა გართულებული აღსარებითი მოდელი ირაკლი სამსონაძესთან, სხვანაირად, როგორც ჩანს, შეუძლებელიცაა ქართველი მწერლისთვის ამგვარი გულახდილობა.

აღსარებითის გარდა რომანში ძალიან ძლიერია მითოლოგიური შრეც. ჩემთვის ცოტათი გადამეტებულიც კი. პირადად მე რომანის დასაწყისის მიკროსკოპულ სინტაქსსა და ნაბიჯ-ნაბიჯ სვლებს უფრო მეტი აზარტითა და ყურადღებით მივადევნებდი თვალს, ვიდრე ამ ჩართულ ისტორიებს, რომელიც მართალია ძალიან ძლიერი და ტემპერამენტიანი რიტმული პროზითაა დაწერილი, მაგრამ იმ თავდაპირველ დაძაბულობას მაინც ამეჩხერებს და ფანტავს, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი თავი ლამის მთლიანად ბგერწერაზეა აგებული, ხშირია ალიტერაციები და ა.შ..

ეს მითოლოგიური კომპლექსები მთლიანად გამსჭვალავს რომანს, აქ ბევრია მეტამორფოზები, ხილვები, პოსტსაბჭოთა მაგიური რეალობა, რომელიც ამბის მოყოლის ერთ-ერთ უმთავრეს ხერხად იქცევა ირაკლი სამსონაძესთან. რომანს რეფრენად გასდევს ფრაზა, უფრო სწორად წარმოსახვითი კვლევის სათაური: “მითები და ზღაპრები საბჭოური და პოსტსაბჭოური სინამდვილიდან”… ეს რომანიც ხომ, არსებითად, ამაზეა, ამ მითებზე, მითებზე, სადაც ყველაფერს ჟანგი აქვს მოდებული, სადაც არაფერი გაგიტაცებს, სადაც მხოლოდ ჭრილობებია და რომლის კვლევაც სასჯელივითაა. აი მაგალითად, როგორ აღწერს ირაკლი სამსონაძე აფხაზეთიდან დევნილების უღელტეხილზე გადმოსვლას:

“მოდიოდნენ… მოეზიდებოდნენ მაგნოლიებს, ზღვას, ნესტსა და სიცხეს, ნაპირზე დახეთქებული ტალღის ხმას, დაბალ კოინდარს… ხურმის შეცეცხლილ ხეებს… უღლიან ღორებს, ნეკნებდამჩნეულ თუ მაძღარ საქონელს, ფერად იხვებს, ერთმანეთის გატანასა და ვერგატანასაც მოეზიდებოდნენ და მათი მსვლელობა იყო მძიმე რიტმში ამოთქმული ჰოუ-ნანასავით შენელებული… ხალხის თვალუწვდენელი, გრძელი რიგი მოეზიდებოდა დამარცხების სიმწარეს, მამა-პაპის სამარეებსა და თოვლიან მთებს, შემოდგომის წვიმებს, ყავახანებსა და მოხალული ყავის არომატით გაბრუებულ ბულვარებს, მოეზიდებოდა ფიჭვებს, სახლს, კერიას, შეჩვეულ და შეუმჩნეველ აქამდე ნივთებს, რომლებიც მერე გაგახსენებენ თავს…”.

რომანში კიდევ ერთი რეფრენია, “ვრემია”. ბევრ თქვენთაგანს ახსოვს ამ საინფორმაციო გამოშვების ეპოქა, ვრემიას დრო, დრო, რომელიც დღესაც გრძელდება: ვრემია ყველაფერია, ვრემიაზე საათს ასწორებენ, ვრემიამდე სახლში უნდა იყო, ვრემია ჩაგვისახლდა, “ბევრი მეგობარი წაგვართვა ვრემიამ”… ეს “ვრემია” დღესაც აგრძელებს თავის საქმეს, დღესაც იმ “ვრემიადან” გამოსულ მატარებელში ვსხედვართ, დღესაც ვცდილობთ საკუთარ თავს არ ვგავდეთ, ვიყოთ კმაყოფილნი ტაშისცემით, ზეიმით, მარადიული დაბრუნებით და წრეზე სიარულით. “ეს მატარებელი ვერასდროს გაიგნებს გზას ადამიანისკენ”, ამბობს სამსონა, “ცხოვრება ლამის გაილია ნაბიჯების უსაგნო თვლაში, ვიღაცის ზეიმებში, ლოთობასა და მეგობართა დაკრძალვებში, ცხოვრება მიდის პოსტსაბჭოეთის ერთ მარშრუტზე, ბაქნიდან ბაქნამდე პოლიტიკაზე ყაყანში, დღიდან დღემდე ერთ ხედს ხედავ მატარებლის სარკმლიდან, დღიდან დღემდე ერთიდაიგივე სახეები ახმაურებენ ერთსა და იმავე, წინასწარვე ნაცნობ აზრებს… ქვეყანა კი კვლავინდებურად ვიღაცისთვის ცოცხლობს თითქოს, თავისთვის არა, ვიღაცისთვის, ვისაც თავი უნდა მოაწონოს…”.

ირაკლი სამსონაძე, როგორც პროზაიკოსი არავის აწონებს თავს, იგი არ ცდილობს შეგიმსუბუქოთ კითხვის პროცესი, გაგიტაცოთ ნათელი სევდით სავსე გამონაგონით, იგი თავისას აწვება, მძიმედ და თავდავიწყებით. გამოცდილ მკითხველს არ შეაშინებს ასეთი პროზა, მაინცდამაინც ყველამ ფამუქივით ფაფუკად ხომ არ უნდა წეროს თავისი და თავისი ქვეყნის ჭრილობებზე?

ზემოთ წრეზე სიარული ვახსენე და ეს რომანიც ერთ რამეს გვიმტკიცებს, ფორმითაც და შინაარსითაც, რომ სიმწარის, მოსაბეზრებელი, გაუთავებელი სიმწარის გარეშე ვერ გამოვალთ ამ ჩაკეტილი წრიდან. ნურავის ჰგონია, რომ ლაღი, საგანცხრომოდ საკითხავი ტექსტებით, ოცნებებითა და ტაშფანდურით დავტოვებთ წარსულის სიმძიმეს. ეს გათავისუფლება მხოლოდ მოსაბეზრებელი განმეორებებით მოხდება, ამ განმეორებების გააზრებით. სწორედ ამიტომ, ირაკლი სამსონაძის პროზა ე.წ. აქტუალური ლიტერატურის ერთ-ერთი საუკეთესო ქართული ნიმუშია.

“გაცვლა” და “გათვლა”

ჩემი მიმოხილვა მარინა ელბაქიძისა და თამთა მელაშვილის ორი წიგნით მინდა გავაგრძელო. ორივე წიგნი „დიოგენემ“ გამოსცა და არსებითად ორივე ერთ მწარე თემას უტრიალებს, ერთი ქართული 90-იანების პირმშოა, მეორე კი 2000-იანების.

“გაცვლა” “არილში” 2002 წელს გამოქვეყნდა, ვრცელი მოთხრობა აფხაზეთის ომის შესახებ. კარგად მახსოვს ის ნომერი, ყდაზე ახალგაზრდა ვიტოლდ გომბროვიჩის ფოტო იყო გამოტანილი, იმ ნომერში მისი დღიურები და სლავომირ მროჟეკისა და ჩესლავ მილოშის სტატიები დავბეჭდეთ გომბროვიჩის შესახებ, იმავე ნომერში იყო ბესიკ ხარანაულის „წიგნი ამბა ბესარიონისას“ პირველი პუბლიკაცია და სწორედ ამ ტექსტს მოსდევდა მარინას ეს ძლიერი მოთხრობა.

ამ ხუთ მოთხრობაში „გაცვლა“ მართლაც გამოირჩევა, ყველა დანარჩენი მოთხრობა, ვერ ვიტყვი რომ ყველა ინფანტილურია, მაგრამ ამ მოთხრობებში რეალობა, რეალური მეტყველება, რეალური ისტორიები, შედარებით მზა მასალად შემოდის ტექსტში, „გაცვლაში“ კი ავტორის ძლიერი ხელიც ჩანს. მაგალითად, ორ ადრეულ მოთხრობაში, ზღვარი ავტორსა და 90–იანების რეალობას შორის ძნელად გასარჩევია, იგი ერთგვარად ემორჩილება ეპოქის ნიშნებს, ხოლო „გაცვლაში“ ავტორი მეტ ძალისხმევას ახმარს ამ რეალობის აღწერას და სიმართლეც უფრო ზოგადი და საყოველთაო მოჩანს და არა კერძო. სწორედ ამიტომაა ეს მოთხრობა ერთ-ერთი საუკეთესო მოთხრობა, რაც კი აფხაზეთის ომზე დაწერილა.

მოთხრობას დოკუმენტური ამბები უდევს საფუძვლად, მისი ერთ-ერთი მთავარი გმირი პაატაა, იგი აფხაზეთის ომში მონაწილეობს, ოღონდ ომით არაა დაკავებული, არც იარაღი აქვს, იგი „ცვლის ცოცხლებს და მიცვალებულებს ცოცხლებზე და მიცვალებულებზე“, ვაჭრობს, წონის, ანგარიშობს… მოწინააღმდეგის მხარესაც ჰყავს თავისი პაატა, სახელად ბატალი, და ისიც ასევე ანგარიშობს, მასაც პაატასავით დავთარი დააქვს, სადაც ყველა დაკარგულის, დასახიჩრებულის, მოკლულის, გაუპატიურებულისა და მოტაცებულის სახელი აქვს აღნიშნული. ერთი ეგ არის, რომ პაატას სხვადასხვა ფერის მელნის კალმები დააქვს და სხვადასხვა ფერში აჭრელებს დავთარს, სადაც თითოეული ფერი რაღაცას ნიშნავს. მოკლედ, შუაში ეს ორნი არიან, პაატა და ბატალი, აქეთ–იქით კი უამრავი დედა, ცოლი, ქმარი და მამა ელოდება თავისიანის ცოცხლად ჩამოყვანას თუ მკვდრად ჩამოსვენებას. ერთ-ერთი ასეთი მამაა გოგი, მოთხრობის მეორე მთავარი გმირი, რომელიც თბილისიდან გამოქცეული და ტყვედჩავარდნილი შვილის საძებრად ჩამოდის აფხაზეთში და პაატასთან ერთად იწყებს შვილის ძიებას.

ომისთვის არც ერთი არ არის გაჩენილი, პაატას „დაბალი, თბილი ბარიტონი აქვს, ასეთი ხმით სუფრაზე უნდა ღიღინებდეს და ქალებს აბამდეს, ან შვილებს უყვებოდეს ზღაპარს გამოთქმით…“, გოგი კი მსახიობია, ჰამლეტიც კი აქვს ნათამაშები, შექმნა უსიყვარულო, სამკაულივით ოჯახი, გამოსაფენი, სხვების დასანახად. ცხოვრობს სათბურის თუ ნაკრძალის პირობებში, რუდუნებით ძერწავს თავის იმიჯს, კაი თბილისელი ბიჭის იმიჯს, ამ იმიჯის შესალამაზებლად ზომიერად უძველბიჭია კიდეც, „ოღონდ უსაფრთხოების ნორმების დაცვით“, ჰყავდა საყვარლები, არ აკლდა ტაში და ყვავილები, ერთი ორჯერ „ყოფნა–არყოფნაზეც“ ჩაფიქრდა, ყოველ შემთხვევაში მონოლოგის წაკითხვა მაინც მოუწია სცენაზე და უცებ, ეს ადამიანი საფლავს თხრის, სხვისი შვილის საფლავს, მიცვალებულიან საფლავს. კაცს, ვისაც პანაშვიდზე სიარულის ეშინოდა, ახლადდამარხულ მკვდარს თხრის და რაც მთავარია, თხრის „თავდავიწყებით, ლამის ბედნიერი იმით, რომ ეს მისი შვილის სამარხი არ იყო. სულ სამნი იყვნენ, პაატა და გოგი თხრიდნენ, დამარხულებიდან ერთ–ერთის მამა იქვე იჯდა, უფრო იდო მიწაზე და გოგის ეშინოდა, ისიც იქვე არ შემატებოდა ცხედრებს“.

გოგი ომში ისე ხვდება, რომ შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ერთი ფილმიდან მეორეში გადააბიჯა. მას სხვანაირად არ შეუძლია დაინახოს ეს რეალობა, იგი ტოვებს ფილმს, სახელად თბილისი და თეატრი და მიდის ფილმში სახელად ომი და აფხაზეთი, აქ იგი უიარაღოდაა, პაატასავით, და ამიტომ მას კაცადაც არავინ აგდებს, უიარაღო მშვიდობის მტრედი და შვილის მაძიებელი მამა აქ არავის აინტერესებს, თუმცა მოთხრობის ემოციურად ყველაზე დატვირთულ მომენტებში, რა თქმა უნდა, სწორედ ეს ორი ადამიანი მონაწილეობს. მთავარ, საკვანძო სცენაში გოგი ძალზე სარისკო წარმოდგენას თამაშობს მტრის თვალწინ, თამაშობს როგორც ნამდვილი არტისტი, ყველაფერი რაც ამის შემდეგ ხდება, მხოლოდ რეზიუმეებია, ორ-ორი წინადადებით მოყოლილი ამბები და ზუსტი აღწერები. მარინა ელბაქიძე, საერთოდ აღწერების ოსტატია, მას შესანიშნავად გამოსდის პორტრეტებიც, იგი ვრცლად, დეტალურად ხატავს ამ პორტრეტს და ავსებს დეტალებით, თუმცა შთაბეჭდილება რჩება, რომ 20–30 გვერდიანი მოთხრობა საკმარისი სივრცე არაა ასეთი სახეებისთვის. ამისთვის ალბათ რომანია საჭირო. მცირე რომანი მაინც.

პირობითად მცირე რომანი შეიძლება ვუწოდოთ თამთა მელაშვილის ვრცელ მოთხრობას “გათვლა”. ეს წიგნი ავტორის სადებიუტო ნაწარმოებია და ბოლო 15-20 წლის მანძილზე მე ვერ ვიხსენებ ასეთ სერიოზულ დებიუტს. იყო ძალიან ნიჭიერი, მახვილგონივრული ან ოსტატური დებიუტები, მაგრამ ასეთ თანმიმდევრულსა და სულისშემძვრელს, იშვიათად. ესაა წიგნი ომის შესახებ, სადაც არც ერთი გასროლის ხმა არ ისმის, სადაც სულ რამდენიმე ზარმაცი მეომარი ჩანს, მაგრამ ამის მიუხედავად, იგი მთელი თავისი სიმძაფრით გვაჩვენებს ომის საშინელებას, რადგან საქმე ბავშვებს ეხება.

ცხადია, მკითხველი პირველ რიგში სამაჩაბლოზე და 5 წლის წინანდელ ომზე გაიფიქრებს და მართალიც იქნება, რადგან თავად თამთასთვის იყო ეს ომი წიგნის მთავარი იმპულსი, თუმცა დაასრულებთ კითხვას და მიხვდებით, რომ ამბავიც და პერსონაჟებიც სცილდებიან ერთი კონკრეტული ომის ფარგლებს. ჯერ ერთი, მოქმედება ქალაქში ვითარდება, რომელიც არც ცხინვალია, არც ახალგორი და არც გორი, აქ არც ქართლური აქცენტით ლაპარაკობენ, გვარებიც სხვადასხვა კუთხისაა, სახელები კი უცნაური, მთავარი გმირებისა – ხაზგასმით თბილისური, უფრო სწორად კი, კარიკატურულად, საწყლად თბილისური. ავტორმა ერთი მცირე ჩანაფიქრიდან ვრცელი მოთხრობა გადმოადნო, სადაც გამაოგნებელი სიზუსტითაა აღწერილი გრძნობები, ფიქრები და საუბრები და რაც მთავარია, ეს ყველაფერი თითქმის მთლიანადაა დაცლილი სენტიმენტებისგან.

თამთას წინა 2-3 მოთხრობასთან შედარებით, რომელიც ადრე მქონდა წაკითხული, “გათვლა” სერიოზული ნახტომი აღმოჩნდა. ამბის სიმწვავის გარდა აქ პირველ რიგში ოსტატობაა აღსანიშნავი. ჯერ ერთი, თხრობის ოსტატობა –იმედი მაქვს, წლების შემდეგ ქართველი ნარატოლოგები არაერთხელ მიაკითხავენ ამ პატარა ტექსტს ზოგიერთი ხერხის ილუსტრირებისთვის, თუმცა ეს არაფერია თამთას დრამატურგიულ ალღოსთან შედარებით. საქმე ისაა, რომ ნაწარმოების ყოველ თავში ხდება რაღაც ისეთი, რაც ყველაზე არსებითი შეიძლება მოეჩვენოს მკითხველს, ანუ ტემპერატურა თხრობისას არასდროს კლებულობს, პირიქით, მატულობს და ყოველი მომდევნო სცენა სულ უფრო ნაკლებ დროსა და ადგილს გიტოვებს ამოსუნთქვისთვის – ასეთია დაუმარხავი მკვდარის ამბავი, დაღუპულების ტანსაცმლის დაწვის, ეპილეფსიის სიმულაციის და სხვ. სცენები, რომელიც ნაწარმოებს ერთ მხურვალე მთლიანობად აქცევენ.

თამთა მელაშვილმა, ჩემი აზრით, კარგ დროს დაიწყო წერა. იგი 31 წლის იყო “გათვლის” დროს, ბევრის აზრით კი ეს ასაკი საუკეთესო პერიოდია პირველი, ყველაზე მნიშვნელოვანი აზრების და გრძნობების გადმოსაცემად, პროზაში გადმოსაცემად.

თამთა საკმაოდ ცოტას წერს, თუმცა ასეთი, ერთი შეხედვით, უბარაქობა შესაძლოა მეტი ნაყოფიერებით შემოუბრუნდეს მწერალს, თუ რა თქმა უნდა იგი “გათვლის” მიღწევებით არ დაკმაყოფილდება და კიდევ უფრო გააფართოებს თავისი ნაწერების თემატურ და ფორმალურ შემადგენლობას და რაც მთავარია, არ გაჩერდება. დაბოლოს, ერთი წინადადებით ვიტყვი იმას, რაზეც უახლოეს მომავალში შეიძლება უფრო მოზრდილი წერილიც დავწერო: ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე თანამედროვე ქართულმა მწერლობამ ბევრს დაანახა, რომ ყველაზე ადეკვატურად ხედავს და კითხულობს ომს, განსხვავებით სატელევიზიო მედიის ან პოლიტიკოსების ყალბი ისტერიულობით სავსე ხედვებისგან.

Obolé საქართველო

ბოლოს აკა მორჩილაძით დავამთავრებ, მისი Obolé-თი, რომელიც ერთი ამოსუნთქვით დაწერილი რომანია, თუმცა კითხვისას აუცილებლად იფიქრებთ, რომ დიდი ხნის მანძილზე დიდი სიყვარულით ნაგროვები მასალა გადმოალაგა აკა მორჩილაძემ. ეს რომანი ზოგჯერ სენტიმენტალური, ცრემლისმომგვრელიც კია, ალაგ-ალაგ კი ჩახვეული და ჩახლართული. ვიღაცამ შეიძლება აკას ნაწერების ლოგიკურ გაგრძელებად მიიჩნიოს ეს რომანი, ჩემთვის კი ბევრი რამე გაიხსნა ამ რომანში, კონკრეტულ ავტორთან დაკავშირებითაც და ზოგადად ქართულ პროზასთან მიმართებაშიც.

რომანში თავიდან ნელი ტემპია, მიიზლაზნება ამბავი, ხოლო ავტორი შიგადაშიგ გამოსაფხიზლებლად ხან სასაცილო ამბებს ყვება, ხანაც სევდიანს. წვრილ-წვრილ სევდიან ამბებს. ასეთები ყოველთვის აქვს ხოლმე გიოს, მაგრამ უცებ რაღაცა ხდება და თხრობაში ყველაფერი იცვლება. ჯერ ერთი ეს წვრილი სევდა იზრდება უზომოდ და ხვდები, რომ ავტორმა გვარიანად შეტოპა. ადრე აკა იშვიათად იძირებოდა ხოლმე ასე დეტალებში, აქ კი ძალიან წვრილმანებშია ყველაფერი, ბოლომდე მიდის, ყოველ გამოცლილ ჭიქას უთვლის პერსონაჟებს, ყოველ გაღეჭილ ლუკმას, გადადგმულ ნაბიჯს… ქართველი კლასიკოსები ასე არ წერდნენ, არ ჰქონდათ ამისთვის დრო, ვერ იცლიდნენ ამისთვის, დიდ-დიდ რაღაცებს უტრიალებდნენ და ხშირად მთავარი გემოები ეკარგებოდათ.

რა თქმა უნდა, სამშობლოდან წასულ მწერალს შეიძლება პირველ რიგში მონატრება და ნოსტალგია დააბრალო, მაგრამ არამხოლოდ ნოსტალგიური ტექსტია Obolé. ვიღაცისთვის შეიძლება ეთნოგრაფიული რომანიც იყოს, ქცევების რომანი, ადამიანთა ურთიერთდამოკიდებულებების გაბმული ენციკლოპედია. რომანი კიარა, ჩვეულებების და ურთიერთობების მუზეუმია.

ზედმეტად დაზუსტებული არ არის, მაგრამ გეოგრაფიულად ლეჩხუმია რომანის მოქმედების ადგილი. იმერეთსაც მიამატებდა კაცი ამ ერთი ბეწო მიწას და უფრო მეტიც, მთლიანად საქართველოზეც განავრცობდა იქაურ ამბავს. მოკლედ, ეს არის რომანი საქართველოზე, ძველ და ახალ ქართველებზე და რაც მთავარია, ამის მიუხედავად, ეს არ არის ე.წ. “ნაციონალისტური დისკურსი” და არც “ძმისკურსი”. ეს სევდის, ოცნების, სხვა საქართველოს რომანია, სადაც კლიშეებზეცაა საუბარი, უცნობ განცდებზეც და ყველაზე პირადულზეც. და ეს პირადული არ არის მხოლოდ აკასი (გიოსი). მე მაგ. ყოველ გვერდზე ვპოულობდი ჩემს სოფელს, ჭიშკარს, ბიძაჩემებს, ბაბუაჩემებს, ნაცნობ ადამიანებს, ნაცნობ გრძნობებს, სურნელებს.

აი მაგ. რომანის პირველი თეზისი ქართველობაზე: “ქართველმა თუ წარსულის ამბები არ გადმოალაგა, დღევანდლისას რას ამბობს, ვერ გაუგებ”. ეს თეზისი მოგვიანებით შემდეგნაირად ზუსტდება: “საერთოდ, მგონი ქართველების იმიტომ არ ესმით მსოფლიოში, რომ ჩვენ ძალიან შორიდან ვიწყებთ ლაპარაკს… შორი ხალხი ვართ, და აბა იმათ არ უყვართ ეგ სიშორე, მგონი აბრაზებთ კიდეც”, ჩვენ კი, გვგონია, რომ შორიდან თუ არ დავიწყეთ ვერავის ვერაფერს გავაგებინებთ. მეორე თეზისი: “ჩვენი საწებელი ჩვენს სისხლზე მაგარია”, მესამე – “სიცოცხლის ერთ წამს ვიქნები ყველაზე ოქრო, მართალი და სასურველი, იმიტომ რომ ქართველი ვარ”. მეოთხე – “რანაირი სითბოები აქვთ ხოლმე შეზარხოშებულ კაი ხასიათის კაცებს. მგონი ეს არის ყველაზე ნამდვილი, რაც კაცს შეუძლია ხოლმე მისცეს მეორე კაცს. ჩვენთან ეგრეა, ემაგ გადახვევაში ლამის ყველაფერია ხოლმე. ოღონდაც, მთლად ფხიზელზე გადახვევა ეგეთი ვერ გამოდის…”. მეხუთე – “ქართული სტილი ეგრეა, ზედა ღილი ყოველთვის გახსნილი და ქვედა კი შეკრული”, მეექვსე და მთავარი – “სიკვდილზე ლაპარაკს რა ჯობია ხოლმე ქართველურ ღვინონაკრავობაში”.

რომანში ერთხელ ჭურსაც მოხდიან და ამ დროს აღმოხდება მთხრობელს ნაცნობი და მშობლიური სიტყვები: “ჭური მოვხადეთ. და ამოვარდა. დალევა კი არ არის მთავარი. მთავარია, რაც ამოვარდება. საქართველო ამოვარდება ხოლმე. თუ იკადრებს და მოეწონება ღვინო”.

გორის ტრასა არ უყვარს მთხრობელს, მაგრამ “გორის ტრასის გარეშე საქართველო არ არსებობს”, კიდევ ერთი გეოგრაფიული დაკვირვება: “თბილისიდან დასავლეთში რომ მიდიხარ, გზის პირველ ნახევარს ფიქრობ შენს ჩვეულებრივ საფიქრალს, რიკოთზე კი ეგ ყველაფერი თავდება და იწყება ლოდინი… ღმერთო, რატომ არის, რომ როგორც კი რიკოთს გადავალ, მიკანკალებს ფეხები, მერე ხელები, მერე მხრები და მთელი ამ დროის განმავლობაში გულიც? რატომ არის ეგრე?”.

და ადამიანები როგორები არიან? ესენი არიან კაცები, რომლებსაც უფრო განწყობა და გარემო ათრობს, ვიდრე ღვინო, შეჭიკჭიკებული მთხრობელები… კოწო, 20-22 წლით უფროსი ბიძაშვილი, უფრო ბიძად რომ გერგება – თავზეხელაღებული ჩახუტებით და ფულების ჩაკუჭვით. ბაბუცა მამიდა, ცეცხლის, თონის სურნელებით. სწორედ ბაბუცასთან დაკავშირებით წამოცდება ავტორს ყველაზე მხურვალე სიტყვები: “რა მიყვარს, რა მკლავს, რა მატირებს და – ბებიების ჩახუტება. ჩემი პატარა, მჩატე, სუფთა ბებიების ჩახუტება, აწევა და დატრიალება. ეგრე გგონია, რომ რაც კარგი გვქონდა ცხოვრებაში, იმას ეხუტები.”

ამ რომანში რომ ჩამოსხდებიან სალაპარაკოდ, ძირითადად სახელდახელო სუფრასთან, და რომ დაიწყებენ… ეს საუბრები დიდი მუსიკასავითაა, მოცარტის და ჰაიდნის ტრიოებივით, კვარტეტები, კვინტეტები, შუბერტი, შუმანი და მისი ჯანი. ჯერ ორი იწყებს, დუეტში, მერე კი შემოდიან და შემოდიან, ხან გადიან, ან ჩუმდებიან, იცინიან, ტირიან. სუფრიდან სასაფლაოზე გადადიან ვენახ-ვენახ, გრაფინით ხელში, სანთლებსაც მოანთებენ იქ, შემდეგ დამალავენ გრაფინს და სატირალში მიდიან მღვრიე, არეული ნაბიჯით.

რომანის ერთ-ერთი მთავარი გმირი თოფია, ობოლე, ქალივით თოფი, რომელსაც თამამად ასხამს ხოტბას მთხრობელი. რატომ? იმიტომ, რომ ამ ადამიანს, ბევრი ჩვენთაგანივით “სროულობის”, “სახალხო სროულობის” დრო აქვს გამოვლილი, ანუ 90-იანი წლები და იცის, რომ ამ ქალბატონის ქება-დიდებას არავინ ჩაუთვლის მანკიერებაში. ეს არც კალაშნიკოვია, არც ბერეტა და არც გლოკი. თანაც არავის ახსოვს, ბოლოს როდის გაისროლა ამ თოფმა. იგი თოფადაც არ მიაჩნიათ, ეგ კი “რამხელა შეღავათია, თოფი რომ თოფი არ გეგონება”.

ბოლოს ერთ სცენას გავიხსენებ, ბაბუცა მამიდა და მთავარი გმირი დაბალ მაგიდას უსხედან, მათ შორის დიდი ნათურა კიდია. დიდი, ძველებური ნათურა, შიშველი ნათურა: “შიშველი ნათურები, აი რა მიყვარს აქ. რატომღაც სანთლებივით ანათებენ. ეტყობა იმდენად ძველი ნათურებია, რომ დიდი ძალა აღარ შერჩენიათ…”.

აკას ამ რომანში ის აქტუალობა, რაზეც წინა ავტორებთან ვსაუბრობდით, გარკვეულწილად მორბილებულია და წარსულის ლანდებშია გაბნეული. აქ ყველაზე დაძაბული სცენები პერსონაჟის წარმოსახვაში თამაშდება, მაშინ როცა წინა რომანის გმირების უმრავლესობა, შეიძლება ითქვას, ჩაგდებულია ისეთ ვითარებაში, სადაც მისი და თანამედროვეობის ბედი მწვავედაა ერთმანეთთან გადაჯაჭვული. ასეთი გადაჯაჭვა შეიძლება ბევრისთვის გამაღიზიანებელიც კი იყოს. არსებობენ მკითხველები, რომლებიც სრულ ტექსტუალობაში დარჩენას ამჯობინებენ და ადვილად ამოსაცნობ რეალობის ნიშნებს წარმოსახვის თამაში ურჩევნიათ. თავის დროზე მეც მიტაცებდა ასეთი ლიტერატურული თამაშები, როდესაც ავტორი მაქსიმალურად შორდებოდა რეალობას, მაგრამ ბოლო წლებში, მემგონი, ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა დოკუმენტურობის ეფექტმა, გამოხატვის გაცილებით პირდაპირმა ხერხებმა, სიმართლემ, რომელმაც შეიძლება უშუალოდ ასახოს ჩვენი ბოლოდროინდელი თავგადასავალი. ასეთი ასახვის მოთხოვნილებას კაი ხანია ცხადად ვხედავ, განსაკუთრებით იმ გარემოში, რომელიც მხოლოდ უკუღმართი, მართული და სხვაზე დამოკიდებული სატელევიზიო მედიის ამარაა დარჩენილი. ერთი სიტყვით, ქართულმა პროზამ თავისი სიმართლე უნდა იპოვოს, ან დაიბრუნოს, სხვანაირად ჩვენი ლიტერატურა ვერ იქნება “ჩვენი” და მით უმეტეს, ვერც უცხოელ მკითხველს დააინტერესებს იგი.

© “არილი

Facebook Comments Box