ესე,  კრიტიკა,  კულტურა/ლიტ.თეორია,  ლიტერატურათმცოდნეობა,  პორტრეტი

მალხაზ ხარბედია – შეთხზული “მე” – მწერალი და ავტობიოგრაფია (III)

გაგრძელება, დასაწყისი იხ. არილი, #2, 3, 2022

შესავლები და დასკვნები – კრძალვა და თავის დაძვრენა

ავტორთაგან, ვისი ტექსტებიცაა შესული ამ დიდ ორტომეულში, უმრავლესობას არასდროს უმუშავია ავტობიოგრაფიის და მის მიმდებარე ჟანრებში, არც დღიური უწარმოებია და არც მემუარები დაუწერია. გიორგი ქუჩიშვილი პირდაპირ წერს შესავალში: „დღიურების წერა არ მიწარმოებია. ამის უმთავრესი მიზეზი ის მოსაზრება იყო, რომ ჩემს პირად ცხოვრებას უგულებელს ვჰყოფდი“-. ეს ბიოგრაფიები ერთგვარი ვალდებულებაა, C, კურიკულუმ ვიტე, რომელსაც ზოგი მშრალად ავსებს, ზერელედ, სხვები კი თავს არ ზოგავენ, ბოლომდე აღწერენ ყველაფერს. ბევრს პირველად მიეცა გულახდილობის შესაძლებლობა, ფრთებს შლიან და ცდილობენ, ხმა დაიჭირონ, სტილი ჰქონდეს მათ მონათხრობს. სხვა როდის მიეცემა კიდევ ასეთი შანსი?

ცხადია, გულახდილობა აქ პირობითადაა ნათქვამი. თითქმის ყველა ეს ავტობიოგრაფია საბჭოთა პერიოდშია დაწერილი და სისტემის ან რელიგიური გრძნობების შესახებ ან, თუნდაც ზოგიერთი პრინციპის გამო, იქ თითქმის არაფერია ნათქვამი, ნებადართულ „პრინციპებს“ თუ არ ჩავთვლით.

არიან ისეთები, ვისაც დღიურის წარმოება ან ავტობიოგრაფიის წერა ეხმარება საკუთარი წარსულის გააზრებაში. ისინი საკუთარ გრძნობებში, ფიქრებში ერკვევიან, ბოლო-ბოლო უკეთ წერას სწავლობენ, აზრის გამოხატვას ეჩვევიან, თუმცა უმრავლეს შემთხვევაში, რა თქმა უნდა, საკუთარი მე-ს წარმოჩენისთვის ან მასთან გასამკლავებლად იწერება ასეთი ტექსტები. შესაძლოა მეც, როცა ამ წიგნს ვწერ, ჩემს მე-ს ვუმკლავდები სხვისი მაგალითებით.

არ დაგვავიწყდეს, რომ ამ ავტობიოგრაფიების ავტორები მწერლები არიან, მათმა უმრავლესობამ წერა იცის, ზოგიერთი ძალიან კარგადაც წერს და ამიტომ ამ მშრალ ბიოგრაფიაში, CV-ში ბევრი მაინცდამაინც არ ინდომებს. არ ცდილობს. ზედმეტ ენერგიას არ ხარჯავს. თუმცა არიან ისეთებიც, ვინც ძალიან ინდომებენ, განსჯებში ეფლობიან, შეიძლება ითქვას, პირველად უფიქრდებიან თავიანთ ცხოვრებას.

ძირითადად, საკუთარ ღვაწლსა და სხვა მაღალ-მაღალ რაღაცეებზე ლაპარაკობენ. ერთეულები არაფრად აგდებენ ამ განვლილ გზას, უმრავლესობა კი ძალიან უფრთხილდება ყველა ნაბიჯს. ისინი, ვინც ხშირად რჩებოდნენ საკუთარ თავთან მარტონი, ვინც დღიურებს წერდნენ, თავს ესაუბრებოდნენ, მათთვის ასეთი სავალდებულო ავტობიოგრაფია არაფერია, ხოლო ბევრი იმ ავტორთაგანი, ვისაც მწერალთა კავშირმა თუ სხვა უწყებამ შეუკვეთა ეს ტექსტები, შესაძლოა პირველად აღმოჩნდა საკუთარ თავთან. მწერალიც კი, შესაძლოა ისეთი რიტმით ცხოვრობდეს და წერდეს, რომ ვერ იცლიდეს საკუთარი თავის გააზრებისთვის, წარსულის გადახედვისთვის. ამიტომ, ძირითადად, ფაქტებს შეხვდებით ამ ტექსტებში, თუმცა განსჯებიც ხშირია. განსჯები საკუთარ თავზე და, ზოგადად, ავტობიოგრაფიაზეც, აღსარებითობაზე, გულახდილობაზე.

ამ თვალსაზრისით კლასიკურია სანდრო შანშიაშვილის ავტობიოგრაფია, სადაც მას „აღსარების“ ცნება შემოაქვს და მასში სისწორით, შეულამაზებლად, გამოგონების გარეშე წერას გულისხმობს:

„…რასაც იზრახავდი და ვერ შეასრულე, ან და შეასრულე მაგრამ შესრულებული შენვე შეგზიზღებია – მოკლედ, მომხდარ ფაქტებთან ერთად რომ გააშიშვლო შენი საკუთარი სული და სხვისთვის დასანახი გაჰხადო თავის ღირსება-ნაკლოვანებით – ეს დიდი ვაჟკაცობაა – ამას შესძლებს მხოლოდ დიდი ადამიანი (დიდბუნებოვანი) ან მხოლოდ რეგვენი, რომელსაც არ გაეგება რა შეფასებას აძლევს თავის თავს.“

ამ მიზეზით მისთვის ავტობიოგრაფია სიცრუეა, სიყალბე, „მაიმუნის პრანჭიობა“, თავის მოჩვენება, შეთხზული ამბების თხრობა, ლამაზი სიცრუე და ლამაზი ლეგენდები:

„თვით ისეთი ადამიანიც-კი, რომელსაც თავის ცხოვრების მანძილზე ბოროტების, ავკაცობის, მკვლელობის და ათასნაირი სხვათა დამღუპველი მახინაციების მეტი არაფერი გაუკეთებია-რა, ავტობიოგრაფიაში ისე გამოილამაზებს თავს, რომ მასთან შედარებით რომელიმე წმინდა მოციქული ჩრდილქვეშ მოექცევა.

ამიტომ ავტობიოგრაფია, იმ ნაწილის გარდა, სადაც აღნიშნულია დაბადება და სიბერე (ხანდახან ეს ნაწილიც კი) უმეტეს შემთხვევაში საეჭვოა“.

და, რაც მთავარია, ავტორს მიაჩნია, რომ დიდი განცდების, თავგადასავლების, მწუხარებისა თუ სიხარულის, დაბრკოლებებისა და სიკვდილთან ბრძოლის გარეშე ვერც მწერალი შედგება მწერლად, ხოლო მისი ნაწარმოებები „ღარიბ, ცალმხრივ და ფუქსავატ“  ნაწარმოებად დარჩება. დასკვნა ასეთია: „მწერლის ავტობიოგრაფია უმთავრესად მისი ნაწარმოებია“ , რომელიც ან მჭლე და ღარიბულია, ან სიცოცხლითაა სავსე.

საკუთარ ნაწერებთან ასეთი გადამისამართება ხშირია ავტობიოგრაფიებში. გამოუქვეყნებელ ტექსტებსაც იმოწმებენ, ისე, თითქოს ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს. სხვები კი მის შესახებ დაწერილ კრიტიკულ წერილებთან თუ რეცენზიებთან გვაგზავნიან. ეუხერხულებათ საკუთარ თავზე საუბარი და ამბობენ, რომ ყველაფერი მათ ლექსებშია თქმული. დავით კლდიაშვილი საერთოდაც, ყაზარ კარაპეტიანცის მიერ თარგმნილ, სომხურ ენაზე გამოქვეყნებულ თავის ბიოგრაფიაზე მიუთითებს დამკვეთს, ის თარგმნეთ ისევ ქართულად და გამოგადგებათო. ბიოგრაფიიდან გაქცევის და ე.წ. თხრობის გადავადების ყველაზე ხშირი შემთხვევა მაინც სანდრო შანშიაშვილთანაა ალბათ. ხშირად გვხვდება: „ამაზე ოდესმე შემდეგ, თუკი დამცალდა“, „ამ ამხანაგებზე ცალკე მოვილაპარაკოთ“, „აღარ მოგითხრობთ ჩემს დაქორწილებას“, „ამაზე სხვა დროს“, „ამაზე შემდეგ“, „ამის მოთხრობა გრძელია და სხვა დროისთვის გადავდოთ“ და ა.შ.

საკუთარ თავზე წერა უჭირს ია ეკალაძესაც, ასე მიმართავს მწერალთა ფედერაციის პრეზიდიუმს: „აბა, როგორ უნდა ვსთქვა ჩემს თავზე, რომ ერთ დროს მოწინავე და სახელოვან მწერლად ვითვლებოდი და დიდი გავლენაც მქონდა საზოგადოებაზე“.

ჩვენს ორტომეულში მესამე პირში დაწერილი ავტობიოგრაფიებიც გვაქვს. ან დაკვეთა იყო ასეთი, ან თავად ავტორების არჩევანია ეს. ზოგი კი ცდილობს, გაექცეს პირობითობას და ორიგინალურად იწყებს თხრობას, სტილურად გამორჩეული ფრაზებით და აბზაცებით.

მაგ. ანასტასია თუმანიშვილი-წერეთელი თავის დაბადების თარიღზე ამბობს, როგორც ოჯახის სახარებაზეა აღნიშნული, მე დავიბადე…“. დღეს ეს გამოთქმა ბევრს შეიძლება უცნაურად ეჩვენოს მშრალ ავტობიოგრაფიაში, მაგრამ მე-19-20 საუკუნეთა მიჯნის ტექსტებისთვის ჩვეულებრივი ამბავია.

შესავლებს ხშირად ზოგადი აზრებისთვის იყენებენ. შალვა დადიანის ავტობიოგრაფია ამის ერთ-ერთი მაგალითია. იგი ტიციან ტაბიძისადმი მიმართვით იწყება (როგორც ჩანს, მან დაუკვეთა ავტობიოგრაფია 1929 წელს):

„ჩემს ცხოვრებაში, საყვარელო ტიციან, ცოტა რამ უცნაურიც ურევია და ამითი თუა საინტერესო ჩემი ავტობიოგრაფია.

<…>

მე თუ ამ ჟამად რასმე წარმოვადგენ, ეს იმდენათ ჩემი ბრალი არ არის, რამდენათაც ჩემი წინაპრებისა.

მე თითქო მემართა, ვალდებული ვიყავ თუ რჩეულთაგანი არა, აუცილებლათ სასარგებლო მოქალაქე მაინც ვყოფილიყავ“.

ამას მოსდევს ოჯახის ბრწყინვალების, ხარისხისა და ჯიშიანობის აღწერა. მას სწამს ევგენიკა. თავისი დროისთვის შესაფერისი კულტუროსნობით გამოარჩევს თავის ოჯახს, მოწინავე რიგებში ღირსეულად დგომის საუკუნეობრივ ტრადიციასაც ახსენებს და მას თავის ტვირთად მიიჩნევს. უკვირს, რატომ არაა იგი თავად უკეთესი და სიხარულით იხსენებს ყველა იმ ადამიანს, ვინც უწინაპროა და თავად შექმნა თავისი თავი:

„და რამდენათაც ნაკლებია აღზრდა ესეთი პიროვნებისა, რამდენათ დაბალ-ხარისხოვანია ის წრე, საცა იგი ვაჟკაცდებოდა, იმდენი მეტი დიდების ღირსია, მეტი განცვიფრების და აღტაცების.

აქ მოსჩანს ადამიანის გონების მართლა სიდიადე, რის წინაშეც მე მუდამ ქედს ვიდრეკ“.

შემდეგ ქვეთავს ასეც ჰქვია, „თვით შექმნილნი“, სადაც შალვა დადიანი ტიციანს მიმართავს, რომ სწორედ ასეთების ბიოგრაფიაა საინტერესო, თუ „როგორ გამოჰკვეთეს თავის თავი“. კითხულობ ტექსტს და გგონია, რომ ავტორი სხვებზე ამბობს, შორიდან შეჰხარის მათ, არადა აღმოჩნდება, რომ იგი შემოვლით გზას გადის და ბოლოს „თვით შექმნილებს“ საკუთარ თავსაც უერთებს.

ხშირია წუხილი და ამ წუხილს, როგორც წესი, ტექსტის დასაწყისში მოაქცევენ ხოლმე, მეტი ყურადღებისთვის. მაგ. დავით ნახუცრიშვილი (დ.1874 წ.):

„მართალია, „ჩემი ავლადიდება – კურდღელს აეკიდება“, მაგრამ რაც შემძლებია და სადაც საჭირო ვყოფილვარ, ყველგან თავდაუზოგავად მიმუშავნია საზოგადო საქმეში. და მგონია, ის კი სწორე უნდა დაფასდეს, რომ კაცს რამდენიც შეუძლიან, თუკი იმდენს გააკეთებს. მაშასადამე, მას თავის მოვალება მოქალაქისა პირნათლად შეუსრულებია და არც უგულებელყოფილ უნდა იქნეს ასეთი ადამიანი. ხშირად კი ასე არ ხდება. სამწუხაროდ, მე ჩემს თავზე გამოვცადე „ასეთი ბედის ტრიალი“. ზოგისა ბამბა ჩხრიალებს, ზოგს გადამეტებული ყურადღება აქვს მიქცეული, ზოგს – უბრალოც კი არა. ზოგი ზნეობრივადაც დაკმაყოფილებულია და მატერიალურადაც დიდად უზრუნველყოფილი, ზოგი კი იხრჩვება ყოველდღიურ ლუკმის შოვნაში, ენერგია იხარჯება კანცელარიის საწყობში, რაც დაუწერია ვერ გამოუცია უსახსრობის გამო. რის დაწერაც შეუძლიან, ვერა სწერს სამსახურის სამუშაოთი დატვირთვის გამო. თუმცა ძალიან მერიდება, მაგრამ იძულებული ვარ, ქვემოთ მოვიხსენიო მცირეოდენი ცნობები ჩემი წარსულის შესახებ“.

ბევრს მართლაც ეჩოთირება ავტობიოგრაფიის წერა, სხვებს კი უბრალოდ ეზარებათ და არც ამთავრებენ ბოლომდე ტექსტს. შალვა რადიანი, საერთოდაც, ბენვენუტო ჩელინის სიტყვებით იწყებს ავტობიოგრაფიას, შემდეგ ალფრედ დე მიუსეს სიტყვებს ურთავს და თამამად აცხადებს, რომ არ სურს საკუთარი ამბის თხრობა, არამედ სხვების შესახებ სურს საუბარი.

ჯანმრთელობაზე ჩივილიც არაერთხელ გვხვდება შესავლებში, ხანდახან კი დასკვნით ნაწილშია მათი ადგილი. მაგ. ალექსი მირიანაშვილის ბიოგრაფიაზე ბაგრატ მირიანაშვილის მინაწერი გვხვდება, სადაც ვკითხულობთ, რომ მწერალი ბოლო 4 წელი „გულის ასთმით“ იყო დაავადებული და მცირე ავტობიოგრაფიის წერას 3 წელი მოანდომა. 

დავით კლდიაშვილიც უჩივის ჯანმრთელობას, მისი ადრესატი ივანე გომართელია, რომელსაც ებოდიშება ტექსტის დაგვიანების გამო და ავადმყოფობაზე საუბრობს, რაც გამხდარა კიდეც ამ დაგვიანების მიზეზი. ტექსტი 1907 წელსაა დაწერილი. აი ფრაგმენტი:

„კაცი გამზადებული ახალი ცხოვრებისთვის, – რადგან მე ვაპირებ სამსახურიდან გამოსვლას, – ისეთნაირად უძლური, ავადმყოფი შევიქნი, რომ ახლაც მგონია, რომ ჩემი სიცოცხლე გათავებულია და რაიმე გამობრუნება არ მეღირსება; შიში მკლავს, იმისა, რომ არ მომესპოს უნარი შრომისა, განსაკუთრებით იმ ჩემთვის ძვირფას შრომისათვის, რომლისათვის მასალა შემზადებული მაქვს და ერთგვარი გეგმა შედგენილი. ნუ თუ ბედი ჩემი ისეთია, რომ იძულებული ვიქნები შევწყვიტო შრომა იმ დროს და იმ ადგილას, როცა იგი უფრო საინტერესო და საყურადღებო ხდებოდა?! აი, ამის შიში სისხლს მიშრობს და ტვინს მიღალავს. უკანასკნელმა წლებმა იმდენი არყიეს ჩემი ნერვები, ისეთი შრომა ხვდებოდა მათ, რომ ჩემმა სუსტმა აგებულებამ მეტი ვეღარ შეიძლო და უძლური შემქნა. ოჰ, ღმერთო, ნეტავი თუ კიდევ ერთრიგად გამოვბრუნდები და მეღირსება დაწყებულ შრომის გაგრძელება!“

ალექსანდრე მიქაბერიძე „გულის სიგანივრითა“ და რევმატიზმითაა დაავადებული და პენსია 200 მანეთი არ ჰყოფნის (1936 წელია). ითხოვს გაზრდას, რაც მას მკურნალობის საშუალებასაც მისცემს.

ჯანმრთელობას უჩივის ია ეკალაძეც, ვისაც 1926 წელს ზურგის სიმსივნე აღმოაჩნდა და 8 ოპერაციის გადატანა მოუხდა, თუმცა თავს მხნედ გრძნობს და იმედი აქვს, რომ (ტექსტი 1930 წელსაა დაწერილი, ავტორი ამ დროს 58 წლისაა) კიდევ დიდხანს იმუშავებს კულტურულ ფრონტზე და მოესწრება, როგორც თავისი ნაწერების გამოცემას, ისე იდეალების განხორციელებას.

იაკობ ფანცხავა გულისტკივილს გამოთქვამს, რომ მთელი ძალ-ღონით მწერლობაში არ იყო ჩაფლული:

„ვასილ წერეთელი სწერს, „როგორც ტარიელი იტანჯებოდა ნესტან-დარეჯანის უნახაობით, ისე ჩვენი მწერალი იტანჯება სულიერად, რომ თავის სატრფოს, ლიტერატურას, შორიდან ემსახურება და არ შეუძლია, მთლად თავისი სული, გული, თავისი განუზომელი სიყვარული ანაცვალოს. ამ დიდს სულიერ ტანჯვას გაიგებს მხოლოდ ის, ვინც მოწოდებით მწერალია“… – ვსთქვი და ამით სული და გული დავიწყნარე, დავიმშვიდე. Dixi et animum levavi!“

ლევან მეტრეველი (დ. 1885) თავიდანვე აცხადებს, რომ კარგი ავტობიოგრაფია, ამავე დროს, კარგ რომანს ნიშნავს, თუმცა იგი არ აპირებს ამ რომანის დაწერას, მიუხედავად იმისა, რომ ძალზე ხატოვნად აღწერს ამ „რომანის“ შეუძლებლობას:

„ძნელია არა დაწერა, არამედ შარაგზაზედ გამოტანა იმ ხელმეორედ მოუპოებელ დოვლათისა, ურომლისოდაც გეზარება მიწაზე სიარული.

ყველაფრის აღწერით, ასე მგონია, ვკარგავ ყველაფერს, გაძარცული კი ძნელი არის როგორც სიცოცხლე, ისე სიკვდილი.

ჩვეულებრივ სახით მოცემული ავტობიოგრაფია მეტად უბადრუკი ჩარჩო არის მდიდარ სურათზე შემოვლებული.

მე შემიძლიან ქვეყნად მოვლენის გზა-სავლიდან გადმოვაგდო ჩემი არსების ყველა ძვლები, მაგრამ რა სხეული აერთებდა მათ? რა სული თრთოდა, რა გული ფეთქავდა, რა სისხლი ჩქეფდა, რა იდუმალი ძალა გრგვინავდა მთელ არსებაში? ამის სრულყოფილი აღწერა ჩემს ხელთ არ არის, როგორც ჩემ ხელთ არ არის ჩემი შობა და ჩემი სიკვდილი.

ჩონჩხით კი შეიძლება ადამიანის გაცნობა – ჰა, გამიცანით!

ქვეყნის წინაშე გაშიშვლება, ადამიანის წინაშე მე მერიდება როგორც ვაჟკაცს. გაშიშვლება კი შეუძლია მხოლოდ სხეულს. ჩემი ჩონჩხი კი უსხეულოა. ვაჰ, რა ღარიბი მასალაა ადამიანის გასაცნობად.“

უზარმაზარი შესავალი აქვს ალიო მირცხულავას (დ. 1903) ავტობიოგრაფიას, სადაც ვერ შეხვდებით განსჯებს პირადი ამბების თხრობაზე, ავტობიოგრაფიის თეორიულ გააზრებას, თუმცა პირად ჩანაწერებს კი ეხება ეს შესავალი. აქ ავტორი ერთ არასასიამოვნო ამბავს იგონებს, 1930 წელს მომხდარს. თურმე მისი 7 წლის ნაშრომი დღიურები ერთ მის „მეგობარ“ კრიტიკოსს წაუღია დიდი ხვეწნა-მუდარის შემდეგ და აღარ დაუბრუნებია. გასულა ხანი და ეს დღიურები რუსთაველის თეატრის დარბაზში მიმდინარე კომკავშირის აქტივის კრებაზე ამოტივტივებულა, თანაც ვისი, „ხალხის მტრის“, ლ. ღოღობერიძის ხელში აღმოჩენილა და ტრიბუნიდან აუფრიალებია. როგორია, ზის არხეინად ალიო მირცხულავა პირველ რიგებში, კომკავშირელი, პროლეტპოეტი, მწერალთა ფედერაციის პ/მგ მდივანი და ამ დროს ცეკას მდივანი ხსნის პორტფელს, იღებს მის დღიურებს და იწყებს კითხვას. თან კითხულობს, თან ამათრახებს ახალგაზრდა ავტორს.

ალიო მირცხულავა შიშისგან უფსკრულს სტუმრობს, მიწა უსკდება, არ ახსოვს როგორ გამოდის დარბაზიდან, განადგურებულია. არადა იმ დღიურებში ფილიპე მახარაძეც გაუკრიტიკებია პოეტს. როგორ გაბედა? არ მოსწონდა თურმე მისი მედიდური, უკმეხი ხასიათი, ხედავდა, როგორ არ უყვარდა მას ახალგაზრდობა, პროლეტპოეტები, სამაგიეროდ ხელს აფარებდა ისეთ საეჭვო და თავზეხელაღებულ მწერლებს, როგორებიც პ. ქიქოძე და ფ. ნაროუშვილი იყვნენ, ვისაც „კაციჭამიური“ ბრძოლა ჰქონდათ გაჩაღებული კლასიკოსების, პირველ რიგში კი, ილიას წინააღმდეგ. იხსენებს იმ შემთხვევასაც, 1926 წელს ნახევარ საათზე მეტი როგორ ალოდინეს ფილიპე მახარაძის კართან, ვისაც „მნათობიდან“ მისი წერილის ამონაბეჭდი მიუტანა საკორექტუროდ. დღიურებში ყოფილი რევოლუციონერის, 1924 წელს დახვრეტილი ვასო ცაბაძის სახლიდან ალექსანდრე აბაშელის მიერ მის გამოსახლებასაც აღწერს, რომელსაც „შავჩოხელი“ მწერლებიც დაურაზმავს და კოლექტიური საჩივრით მიუმართავს ფილიპე მახარაძისთვის. აბაშელმა ს. ორჯონიკიძესთანაც გააგზავნა საჩივრის წერილიო, წერს მირცხულავა. ბოლოს იგი იძულებული გამხდარა, სასტუმრო „პალასში“ გადასულიყო საცხოვრებლად, ცაბაძის ნაბინარში კი შინაურული სასადილო გაუხსნიათ, სადაც აბაშელის მეუღლე დიასახლისობდა თურმე.

ამ შესავალში კიდევ ერთი „ხალხის მტერი“ ჩნდება, „ახალგაზრდა კომუნისტის“ რედაქტორი დავით ვოლსკი. მის ხელში გაუვლია დღიურებს და მისი დამსახურებით მოხვედრილა იგი ღოღობერიძესთან. შედეგი კი ის გახლდათ, რომ ალიო მირცხულავა მდივნობიდან გადაუყენებიათ. 

ეს შესავალი საუკეთესო მაგალითია ამ ეპოქის დასახასიათებლად, თანაც, გარკვეულწილად, გაბედულებაც ახლავს თან ტექსტს, რადგან ჯერ კიდე 1952 წელია, თუმცა ალიო მირცხულავა, როგორც ჩანს, საკუთარი სტატუსითაც სარგებლობს ამ დროს, ანდა სულაც თარიღია შეცვლილი, რადგან ანკეტა 1956 წელსაა შევსებული, ხოლო ბიბლიოგრაფია კი 1957 წელსაა შედგენილი (ორივეს სამდივნოს გამგე ნ. თოფჩიშვილი ადასტურებს). ერთი სიტყვით, მხოლოდ ასეთი ვრცელი შესავლის შემდეგ ეძლევა აზრი ბიოგრაფიის მოყოლას, თუმცა იგი კიდევ ერთხელ უბრუნდება დღიურებს და ნანობს მის განათხოვრებას: ვინ იცის, რამდენი საინტერესო მასალა გაქრა მისი ცხოვრებიდან ამ დღიურებთან ერთად, „ასე, ერთბაშად კი ძნელია ავტობიოგრაფიის დაწერა.“

მწერალი გიორგი ქავთარაძე პირველივე აბზაცში აცხადებს, რომ 1907-1908 წლებშია დაბადებული, დეკემბერში, მეტრიკაში კი 17 აპრილი უწერია. უცნაური დასაწყისია არა? თუმცა მწერალი იქვე დასძენს:

„მთავარი მწერლისთვის ის არის, თუ რას დაუტოვებს იგი სამშობლო, შთამომავლობას, და არა ის, თუ სინამდვილეში როდის დაიბადა“.

გულახდილობითა და უშუალობით გამოირჩევა გრიგოლ ჩიქოვანის შესავალი, სადაც იგი პირდაპირ აღნიშნავს, რომ მის ბიოგრაფიაში არანაირი მნიშვნელოვანი მომენტი არ ყოფილა, გარდა მისი პირველი მოთხრობისა და ვაჟის, ოთარ ჩიქოვანის მედიცინის მეცნიერების კანდიდატობაზე დისერტაციის ბრწყინვალე დაცვისა. იგი ახსენებს თავის 60 წლის იუბილესაც და ამბობს, რომ თურმე 15 მარტს დაბადებულა, მანამდე კი ეგონა რომ 18 სექტემბერს იყო დაბადებული და 60 წლის იუბილეც ამ თარიღით აღუნიშნავს.

სტილის თვალსაზრისით გამორჩეულია ქართველ-ებრაელი მწერლის, სამუელ მოძღვრიშვილის შესავალი. მასაც ეძნელება ავტობიოგრაფიის წერა, თითქოს მტკივანი ხელით ლოდსა წევდეს. არ სიამოვნებს თარიღების აღნუსხვა და, საერთოდაც, მიაჩნია, რომ პოეტი ავტობიოგრაფიას არ უნდა წერდეს. მისი ცხოვრება მხატვრულ ქმნილებებში უფრო „ღრმად და ბუნებრივად მჟღავნდება“.

შესავლის დასკვნა ნახეთ როგორი ჩახვეულია:

„პოეტის შემოქმედება სხვა არაფერია, თუ არა გარემო სინამდვილესთან გარკვეულ კონტაქტში მყოფი პირადი სულიერი ცხოვრების განზოგადებულ ფორმებში მხატვრული სიტყვით გაცხადება“.

ასეთივეა ავტობიოგრაფიის ბოლო აბზაცებიც, სადაც იგი პოეტურ რიტორიკას თავისი დროის ნიშნებს ურევს და შედეგად უცნაურ ნაზავს იღებს. აღწერს სამუშაო დღის განრიგს, გვაუწყებს, რომ, ძირითადად, დილის საათებში მუშაობს და გაცილებით მეტს წერს, ვიდრე ბეჭდავს: „ჩემში ვიღაც მძლავრად გალობს ან აზროვნებს“.

იგი ბევრს კითხულობს, მუდამ თან აქვს ნიკოლოზ ბარათაშვილის წიგნი. ლექსებს იზეპირებს და გულში იმეორებს, „როგორც მორწმუნე ებრაელი ლოცვებს“, ახსენებს მუზას, მის განუყრელ მეგობარს და მფარველს, რომელიც სამყაროსთან აკავშირებს და ებრძვის წარმავალობას:

„სამყაროში სიცოცხლე ჩემთვის საცნაურია, სიკვდილი კი – უცნაური. მძაფრად განვიცდი მოკრიალებულ ცაზე ახალი მთვარის გამოჩენას, ბალახის ამოსვლას, კვირტის გახსნას, ტალღის რხევას. ვგრძნობ არსისა და მოვლენის წარმოშობისა და გაქრობის იდუმალ საწყისებს…“.

ამ საწყისებს იგი ლადო გუდიაშვილის ზოგიერთ ნამუშევარში ხედავს:

„ცხოვრების გზებზე მრავალი ადამიანური სახე და ხასიათი აღმებეჭდა სულის ფრთებზე. ამათგან უკვე ბევრის მზე ჩაესვენა ბუნებაში, მაგრამ მე კი სიტყვაში ხორცშესხმას ცოცხლებივით მევედრებიან“.

და უცებ, ამ პოეტურ-მისტიკური დისკურსის შემდეგ იგი ახსენებს მასზე ნიჭიერ ქართველ ებრაელებს, რომლებიც საქართველოს დალოცვილ მიწას ამოეფარნენ და ამბობს, რომ ისიც, მათი პატარა შთამომავალი შეიძლებოდა უსახელოდ გამქრალიყო, ახალ საქართველოს რომ არ მოენათლა პოეტად.

ტექსტი 1970 წელსაა დაწერილი და ადვილი მისახვედრია რას ნიშნავს აქ „ახალი საქართველო“, რატომ გამოურია ამ მხურვალე სტრიქონებში ეს გამოთქმა. თუმცა ავტობიოგრაფიის ფინალური მონაკვეთი სწორედ ამ ნაზავითაა საინტერესო, რაღაც ზედროულისა და სრულიად ხელშესახები დროის ნიშნების შეერთებით.

ბოლოს ვკითხულობთ:

„ჩემი მსოფლმხედველობა, ბუნებასა და საზოგადოებასთან დამოკიდებულება, სულში აღბეჭდილი ცხოვრებისეული მოვლენები და ეპიზოდები შეძლებისამებრ გავამჟღავნე მხატვრულ თხზულებებში, რომელთა დიდი ნაწილი ჯერ-ჯერობით გამოუქვეყნებელია“.

ყველასგან განსხვავებულია ვლადიმერ თორდუას (დ. 1914) ავტობიოგრაფია, ირონიით, სიმწრით და უცნაურობებით სავსე. ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ ასეთი ავტობიოგრაფიის ავტორები საერთოდ ცოტას წერენ, ან უჯრაში წერენ (ყოველ შემთხვევაში თავად ასე აღნიშნავენ). იგი პირველივე აბზაცში ამბობს, რომ ტოლი არა ჰყავს ქაღალდის ეკონომიაში, წერს მოკლედ და აქვს თანდაყოლილი შიში თავი არავის მოაბეზროს, ამიტომ ან ხმას არ იღებს, ან ცოტას ამბობს. შემდეგ კი თავისებურად უღრმავდება ავტობიოგრაფიის მნიშვნელობასაც.

„…ავტო, მოგეხსენებათ რთული სიტყვის პირველი ნაწილია და იგი წინ უძღვის ბევრის, ასე ვთქვათ, სწორხაზოვან ავტომატურ ბიოგრაფიას: ჩაისახა; განვითარდა; იშვა; ძუძუ აწოვეს; გაზარდეს; სკოლაში შეიყვანს – დაამთავრებინეს; სამსახური უშოვეს; ცოლი შერთეს; შვილები დააზრდევინეს და ა.შ. თუ რამ ზიგზაგი შეიმჩნევა ცხოვრების ამ ლარივით სწორ ხაზზე, ეს არის შვებულება, აგარაკები, მოგზაურობა, გართობა…

ჩემი ბიოგრაფია უფრო ავტონომიურია: ჩავისახე; განვვითარდი; ვიშვი; ძუძუ ვწოვე; მერე, ძუძუ რომ გამაშვებინეს და მჭადზე გადავედი, ისე აიბურდა ჩემი ცხოვრების გზა, როგორც ჩემი ბავშვობის დროის თეკლათის ღობეებში ჩახლართული ეკალბარდი, საიდანაც ჩიტს კურკანტელი ვერ გამოჰქონდა“.

ეს ტექსტი სახეებითაა გადავსებული და თავად მთხრობელი, შეიძლება ითქვას, რომანის გამზადებული პერსონაჟია, იმდენად გამოკვეთილი ხმა აქვს: აქაა ქარი, გრძნეული მოხეტიალე მუსიკოსი, რომელიც თავის ქალაში სტვენს, რაღაც „შემაძრწუნებელს, სამგლოვიარო-სალაშქრო მარშს“  წივის. მისთვის ფათერაკებით აღსავსე ცხოვრებიდან ავტობიოგრაფიის ამოღება მღელვარე ზღვიდან პეშვით წყლის ამოღებასავითაა. ახსენებს რკინის ნიაღვრებს, თავს პაპიროსის ქაღალდს ადარებს, პერგამენტს, შემდეგ უცებ თავის წონასაც გვეუბნება (48 კგ.), ჩივის, რომ ასადუღებელ რძესავით ყარაულობენ, რომ ვერავის აჯობოს, არავის აცდეს, არ გადმოვიდეს. ფრთხილად დადის თავის დანაღმულ გზაზე და თავს ისე გრძნობს, თითქოს სასტუმროშია:

„…დუმილის ტყვიით განგმირული და უმადურობის ცივ სამარეში ჩაგდებული შევიქენი. ჩემი ღონიანი მედუმილენი ყოველ მოშურნეს ნებას აძლევდნენ, ჩემთვის თავში წაეთაქებინა და მერე მასვე შეშფოთებით ეკითხებოდნენ, ხელი ხომ არ გატკინა ამ საძაგლის თავმაო. <…> ეს მარიფათიანები არ იშურებდნენ ჩემს კოინდარზე მაზუთის გადასხმას, რკინიგზის ლიანდაგზე ჩამომჯდარსაც გვერდით მომისკუპდებოდნენ და იდაყვსა მკრავდნენ, გაიჩოჩეო;

<…> ვიღვწოდი, ვიღვწოდი, ვიღვწოდი – ვიწვოდი პატარასავით, მაგრამ საქმე გაძვრომაზე რომ მიდგებოდა, იმხელა ვხდებოდი გარეთ ვრჩებოდი.“

საკუთარ მწარე წარსულთან მიკარება უჭირს, თითქოს საყვარელი მიცვალებულის ნეშტი საფლავიდან ამოეღოს – სხვაგან გადასასვენებლად, ხელახლა დასატირებლად… და კალამი ხელიდან უვარდება.

„ვისთვისაც კი გამიზიარებია, რა ცეცხლი მწვავდა, ჩემს ხანძარზე ხელი მიუფიცხებია, და იქიდან აღებული ნაღვერდალით თავისი ყალიონი გაუჩაღებია.

ქვები!

ცხოვრებამ მასწავლა, ჩემკენ ნასროლი ქვებისგან სახლის აგება“.

აქაც, მთელს ტექსტს რაღაცის ვერ მოსწრება, ვერ თქმა, ვერ შეძლება გასდევს, „ამიტომაც, რაც ვერ შევძელი, სევდით მახრჩობს, რაც შევძელი – უკმარისობით“.

გალაკტიონის ავტობიოგრაფია ცალკე განხილვის, უფრო ზუსტად კი, ცალკე გაცოცხლების ღირსია, რადგან მასში ერთმანეთშია შერწყმული მშრალი თარიღები და მძაფრი, ექსპრესიული სტილი, ზმნური ფორმების მომართული ნაკადი, რომელიც განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს ამ, ერთი შეხედვით, სახელდახელო CV-ში. აი უბრალო ჩამონათვალი ამ ზმნებისა, აწმყო დროში, რომელშიც პოეტის ავტობიოგრაფიის ამოკითხვაა შესაძლებელი:

„ვიმყოფები / ვსწერ (პირველ ლექსს) / ვიწყებ (შთაბეჭდილებათა დღიურს) / ჩავყავართ / ვმონაწილეობ / ვკითხულობ / ვთარგმნი (ოდისეას, სრულად) / მოვითხოვ (წიგნის გამოცემას) / ვეხმაურები (ილიას მკვლელობას) / ვამთავრებ / ვიგზავნები / ვიმარჯვებ / გამოვცემ / მიწვევენ / თავს ვანებებ / მივდივარ / ვხდები / ვთანამშრომლობ / ვტოვებ / ვიწყებ / გამოვდივარ / ვმოგზაურობ / მაღიარებს (აკაკი აღიარებს) / ვწერ / ვხვდები (ისევ აკაკის) / ვესწრები / ვბეჭდავ / ვცხოვრობ / მივემგზავრები / ვხვდები / ვეცნობი / მივემგზავრები / ვბრუნდები / მონაწილეობას ვიღებ / მაპატიმრებენ / ვახერხებ თავის დაღწევას / ვცხოვრობ / გამოვდივარ (მიტინგებზე) / ჩამოვდივარ / ვხვდები / ვეცნობი / მივემგზავრები / მონაწილეობას ვიღებ / ვხვდები / მივემგზავრები / მოწმე ვხდები / ვბრუნდები / ვხდები (ცენტრი ხდება) / მაცხადებენ (მეფედ აცხადებენ) / ვაწყობ / ვმუშაობ / გვითმობს / ვაქვეყნებ / განვაგრძობ / ვაწყობ / ვაარსებ /“

            უცებ, სადღაც 1927 წლიდან ზმნათა რიგი იცვლება:

                                    „იცემა / იბეჭდება / იმართება…“

რის შემდეგაც დროებით ისევ ბრუნდება ძველი ფორმები და 1936 წელს დასკვნასავით ჟღერს: „გალაკტიონი დაჯილდოებულია ლენინის ორდენით“.

ზოგიერთ ავტობიოგრაფიაში საერთოდაც არაფერია ბიოგრაფიული. მაგ. რევაზ ჯაფარიძის ავტობიოგრაფია მხატვრული ტექსტია, სადაც ომიდან დაბრუნებული ახალგაზრდა სხვებზე წერს, გამქრალ წარსულზე, დაკარგულ ადამიანებსა და საკუთარ მოწოდებაზე, იყოს ამ ადამიანების მესაიდუმლე, მათი მწერალი, „მათი ჭირისა და ლხინის მოზიარე“. ზემოთაც ხომ მოვიყვანე რამდენიმე მაგალითი, სადაც მწერალს სხვაზე წერა ურჩევნია. ვინც საკუთარ თავზე წერას ახერხებს, შესაძლოა ისინიც გარკვეულწილად სხვასავით უყურებენ თავს. 

სხვათა შორის, ერთხელ მეც წამიცდა ხელი და ავტობიოგრაფიული ტექსტი დავწერე. შეკვეთა იყო, ევროპულ ღირებულებებზე რაიმე სტატია უნდა დამეწერა და გადავწყვიტე, ჩემი სწავლის პერიოდი (ბოლო კლასები და სტუდენტობა) და დასავლურ ფასეულობებთან პირველი ზიარება დამეკავშირებინა ერთმანეთთან. გადავწყვიტე, ერთ-ერთ თავად შემეტანა ამ წიგნში, ვნახოთ, რა გამოვიდა. თან სამართლიანიც იქნება სხვების ავტობიოგრაფიების ანალიზთან ერთად, ჩემი თავიც გავიმეტო გასაანალიზებლად, მითუმეტეს წიგნი ამ ტიპის ავტობიოგრაფიული ტექსტების გაჩენასაც ისახავს მიზნად, რაზეც ბოლო თავებში უფრო კონკრეტულად ვილაპარაკებ.

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)

© არილი

Facebook Comments Box