ესე,  კრიტიკა,  კულტურა/ლიტ.თეორია,  ლიტერატურათმცოდნეობა,  პორტრეტი

მალხაზ ხარბედია – შეთხზული „მე” – მწერალი და ავტობიოგრაფია  (V)

გაგრძელება, დასაწყისი იხ. არილი, #2, 3, 4, 5, 2022

ავტობიოგრაფია ძველად

ანტიკურობაში ერთი გარკვეული ტერმინი ავტობიოგრაფიული ტექსტის აღსანიშნად არ არსებობდა, თუმცა არაერთ ჟანრში დახატეს მწერლებმა თუ პერსონაჟებმა თავიანთი პორტრეტები, მოყვნენ პირადი ისტორიები: ეპიკურ ტექსტებშიც კი, ელეგიებში, სატირებში, ფილოსოფიურ დიალოგებში, წერილებში, სიტყვებში, ისტორიულ ქრონიკებში. ავტობიოგრაფიასთან მეტნაკლებად ახლოს იყო ტერმინები: Ὑπομνήματα (მოგონებები, ჩანაწერები), vitae (ცხოვრებანი), commentarii, res gestae (საქმენი) და სხვ.

ცხადია, ეპიკური გმირებიდან, პირველ რიგში, ოდისევსი გვახსენდება, ვინც ხშირად ჰყვება თავის ამბავს, თუმცა ჰესიოდემდე, „სამუშაონი და დღენიმდე“ რთულია ნამდვილ ავტობიოგრაფიულ ფაქტებზე საუბარი.

საკუთარი თავის, საკუთარი არსების გაცნობიერების საუკეთესო მაგალითებია მითოლოგიაში ნარცისი, დრამაში კი, პირველ რიგში, ოიდიპოსი, ასევე მედეა და კიდევ არაერთი გმირი. ნარცისი ალბათ ავტოფიქციის პირველი მაგალითია, რადგან მისი ოცნება ვერ სწვდება თავის თავს და მე-ს როგორც სუბიექტსა და მე-ს როგორც ობიექტს შორის გადაულახავ დისტანციას აჩენს. ფროიდი “ეგო”-ს განიხილავდა, როგორც “ნარცისიზმის” წინაპირობას, ლაკანის აზრით კი, “ეგო” ნარცისისტული თვითრეფლექსიის შედეგია, რის მიხედვითაც ეგოს ეს იდენტობა წმინდა ფიქციის სახეს იღებს და აქაც გამონაგონი თამაშობს მთავარ როლს.

ინდივიდუალურ, ავტობიოგრაფიულ ეგო-გამონათქვამებს ვხვდებით მაგ. საფოსთან, კატულუსთან და ანტიკურობის ბევრ სხვა პოეტთან. კატულუსთან ე.წ. ავტოფიქციურობა განსაკუთრებულ სიმაღლეებს აღწევს. იგი ხშირად მიმართავს საკუთარ თავს, საკუთარ ლექსებს, საზომებს, გვიყვება ბიოგრაფიულ დეტალებს, გვიზიარებს თავის დარდებს, მარცხსა თუ გამარჯვებას. ბევრი ლექსის დამოწმება შეიძლება, თუნდაც ჩემი საყვარელი ლექსის, ავტოფიქციის ერთ-ერთი უძველესი ნიმუშის: Adeste, Hendecasyllabi, quot estis (42)…

                                    „მოდით, მოჯარდით, იამბებო, ახლა მჭირდებით,

                                    მოდით უკლებლივ, რამდენიც ხართ, ბევრნი, ცოტანი –

                                    მაგ ბოზანდარამ გადაწყვიტა, მასხრად ამიგდოს,

                                    ჩემი ლექსები გაიტაცა, დასტა-ფურცლები!“[1]

            კიდევ ერთი ნიმუშია მე-16 ლექსი, რომელშიც იგი მკვეთრად გამიჯნავს ხელოვნებასა და ცხოვრებას და, ფაქტობრივად, საკუთარი თავის ბოლომდე გამოხატვის შეუძლებლობაზე საუბრობს. იგი თავის მეგობრებს, ფურიუსსა და ავრელიუსს მიმართავს ძალიან უხამსი სიტყვებით (Pedicabo ego vos et irrumabo[2]) და თავის მთავარ სათქმელზე გადადის:

                                    „სიტყვაზე დამდევთ? ზნედაცემულ კაცად მაცხადებთ,

რაკი სტრიქონში იმნაირიც გამომერია?

უნდა პოეტი თავად იყოს შეუბღალავი,

თორემ სტრიქონი შეიძლება ზღვარსაც გადასცდეს.“

            რომაულ პოეზიაში აქტიურად შემოდის პერსონაც, ნიღაბიც, რომელიც კლასიკური დრამიდან იყო ნასესხები. მისი დახმარებით ავტორი ერთგვარად დისტანცირდებოდა თავისი ტექსტის პროტაგონისტისგან. ამასთან დაკავშირებით მეცნიერები ხშირად იმოწმებენ ტერენციუსს, ჰორაციუსს და სხვა ავტორებს. ჰორაციუსთან დაკავშირებით პოლ დე მანის ცნებას, დეპერსონალიზაციას, გა-უ-პიროვნებას, გაუსახურებასაც („De-Facement“) კი იყენებენ.

            ავტობიოგრაფიული ნიშნით კითხულობენ ელეგიკოს პოეტებსაც, არქილოქოსს, მიმნერმოსს, სოლონს. არსებობს ქრესტომათიული ავტობიოგრაფიული სტრიქონებიც, პოეზიის მოყვარულებისთვის კარგად ნაცნობი. თუმცა მე არქილოქოსის სახელთან ერთად სულ ერთი პატარა ფრაგმენტი მახსენდება, რომელიც გიგლა სარიშვილის თარგმანში ასე ჟღერს:

                                    „დავტოვე პაროსი,

ლეღვის ხეები და სანაპირო…

და ახლა ვდარდობ…“

            სიტყვასიტყვით თარგმანში კი ავტორი თავის თავს მიმართავს და გაცილებით მკაცრ ავტობიოგრაფიულ სურათს ხატავს:

„დატოვე პაროსი, იქაური ლეღვის ხეები და ზღვის ცხოვრება“

მნიშვნელოვანი განსხვავებაა, აქ თითქოს საკუთარ თავს ეუბნება არქილოქე: დაანებე თავი ამ პაროსს, დაივიწყე ეგ ზღვაც, ზღვისპირა ცხოვრებაც და ლეღვის ხეებიც, დაივიწყე, რომ შენი სამშობლოა… ჟარგონზე რომ ვთქვათ, „დაიკიდე!“. The Hell with it!, „ეშმაკსაც წაუღია!“, ვკითხულობთ ამ ფრაგმენტის უილიამ ჰარისისეულ თავისუფალ ინტერპრეტაციაში.

ზოგადად, ელეგიის ფესვები მყარადაა გადგმული ავტობიოგრაფიულობაში, ეგო-თემატიკაში, მიუხედავა იმისა, რომ იგი ძლიერად გამოხატავს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ საწყისსაც. მას „თრენოდიებსაც“ (θρηνῳδία) უკავშირებენ, სამგლოვიარო სიმღერებს. იგი ავლეტური ჟანრი იყო, მხოლოდ ჩასაბერი ინსტრუმენტის თანხლებით სრულდებოდა და, როგორც წესი, სევდიან სიმღერას ნიშნავდა. გრიგოლ წერეთელს თავის „ბერძნული ლიტერატურის ისტორიაში“ (თბ. 1927, გვ. 155) ევრიპიდეს სიტყვები მოჰყავს, სადაც იგი ხმით ნატირალს ელეგიას უწოდებს, ელეგიას, რომელმაც ლირა (ანუ სიმებიანი საკრავი) არ იცის. მოკლედ ჭმუნვა, მწუხარება, სინანული, სევდა, უკმაყოფილება, იმედგაცრუება… ელეგიის შინაარსი ამით ივსება, თუმცა გრიგოლ წერეთელი კიდევ ერთ რამეს უსვამს ხაზს:

„ყოველ ელეგიურ პოეტს, რაც არ უნდა სუბიექტური იყვეს ის, უყვარს ჰესიოდეს ზნეობით-დამრიგებელ ტონზე გადასვლა, უყვარს ცხოვრების სიბრძნის გაკვეთილებით მიმართოს ადამიანს. ამის გამო  მ ს ჯ ე ლ ო ბ ი თ ი  ხასიათი, რომელიც საზოგადოდ მთელს ბერძნულ პოეზიას ემჩნევა, თითქოს განუყოფელია ელეგიისგან, რომელიც ასე ხშირად იძლევა რჩევას ან გამოსთქვამს შეუცდომელ მაქსიმებს“.

            სწორედ ელეგიაში იხვეწება ავტობიოგრაფიისთვის დამახასიათებელი უმთავრესი ნიშნები – ეთიკა, ზნეობა, გააზრება, თავის გამართლება, აპოლოგია და ა.შ. რაც მომდევნო საუკუნეებში განმსაზღვრელი გახდება ამ ჟანრისთვის. ცხადია აქ თეოგნიდეც გვახსენდება, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს მიმართულება, თავის სტრუქტურული სიზუსტითა და ინდივიდუალური ბიოგრაფიული მიღწევებით ყველაზე ცხადად პირველად სოლონთან გამოჩნდა. აი სტრიქონები მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ლექსიდან (frg. 36)

                                    „გავათანაბრე მე კანონის წინაშე ყველა –

ღატაკიცა და დიდებულიც, ერთ-წეს ვქმენ მათთვის

და ყველასათვის სამართალი ვქმენი მართალი.

სხვას რომ ხელთპყროდა ეს კენტრონი[3], მე რომ მიპყრია,

ბოროტის მზრახველს ან მომხვეჭელ კაცთაგანს ვისმე,

ვერ ივარგებდა ხალხის მწყემსად. მე რომ მესურვა,

მეამებინა ყველა ჯურის მოწინაღმდეგე

და ყველგან ყველას ყაყანისთვის ყური დამეგდო,

შინამტერობა წარხოცავდა სრულად ჩვენს ქალაქს.

მე კბილდახრჭენილ მტერთა შორის ისე ვიდექი,

როგორც ძაღლების აზვავებულ ხროვაში მგელი.[4]

            რომაელ ელეგიკოსებს შორის, ავტობიოგრაფიულობის ნიშნით, რა თქმა უნდა, ოვიდიუსი გამოირჩევა. მისი „ნაღვლიანი ელეგიები” და „წერილები პონტოდან“ ამ ელეგიური ავტოფიქციის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშებია.

            „ნაღვლიანი ელეგიების“ არაერთ ლექსში ოვიდიუსი დეტალურად გვიამბობს თავის ბიოგრაფიას და ამ თვალსაზრისით იგი სრულად შეესაბამება ჟანრის, ავტობიოგრაფიის წესებს: ლექსები განკუთვნილია პუბლიკაციისთვის (მკითხველისთვის), ასევე მნიშვნელოვანია რეტროსპექტულობა, ქრონოლოგიური თანმიმდევრობა, პირველი პირის თხრობა და ა. შ. აქ მისი ცხოვრება და შემოქმედება მჭიდროდაა გადაჯაჭვული ერთმანეთთან: წერა, რომელიც ეგოსა და სამყაროს დაპირისპირებულ პოლუსებს შორისაა მოქცეული, დევნილობის დაწვრილებითი ჩვენება, ელეგიური „ეგო“-ს შიში იზოლაციის მიმართ.

            ოვიდიუსის ამოცანა, შეიძლება ითქვას, თერაპიულიცაა, ავტობიოგრაფიული თვითზრუნვა, ერთგვარი ასკეზა (ვარჯიში) საკუთარი ცხოვრების გაცნობიერების მთავარ წინაპირობად იქცევა. განვლილი ცხოვრების გააზრება, მომავალ აღსასრულზე ფიქრი… იგი სწორედ ამით ინარჩუნებს ფორმას, თავის პოეტურ და ბიოგრაფიულ იდენტობას. ოვიდიუსის შემდეგ არაერთმა დევნილმა / გადასახლებულმა / დაპატიმრებულმა პოეტმა გაიმეორა მისი მოდელი. სამწუხაროდ, ეს ტრადიცია დღემდე გრძელდება.

ჩავხედოთ პირველი წიგნის მე-11 ელეგიას:

                        „ამ წიგნის ყოველი ასო, რომელსაც კითხულობ ახლა,

არის მშფოთვარე გზაში ტანჯვით ნაწერი ჩემგან.

მხედავდა ადრია, როგორ კანკალით ვიჯექ და ვწერდი

ზღვის შუა წყლებში, როცა იდგა დეკემბრის სუსხი.

ორი ზღვით შემორტყმულ ისთმუსს გავცდით და ვუქციეთ გვერდი,

და სხვა ხომალდით წაველ მე დევნილობის მხარეს,

კიკლადებს ეოცათ მეტად – ასეთ დროს მწერალი მნახეს,

„ეს ვინ პოეტობს, როცა ლამის დაგვემხოს ზეცა!“

თვითონაც არ ვიცი, მიკვირს, ეს ბორგვა სულის და ზღვების,

როგორ დასძლია მაშინ ჩემმა ჯიუტმა ნებამ

რა ერქვა სახელად ამას?! სიშლეგე? სიკერპე სულის?

წერის მუდმივი ჩვევა ალბათ მმატებდა ძალას.“[5]

            სოკრატემდელთა ფილოსოფიაში ავტობიოგრაფიულობის ამოკითხვა შეიძლება ემპედოკლესთან, ჰერაკლიტესთან… თუმცა სოფისტების ასპარეზზე გამოსვლასთან ერთად ბიოგრაფიული მომენტი კიდევ უფრო აქტუალური ხდება. პლატონსაც, ცხადია, თავისი წვლილი შეაქვს ბიოგრაფიის და ავტობიოგრაფიის ჟანრის გამოკვეთაში. მისი „სოკრატეს აპოლოგია“ (ამას დაუმატეთ ქსენოფონტეს ტექსტებიც) და ბევრი სხვა ტექსტი, სოკრატეს დაიმონიონი და სხვა ასეთი თემები თუ მოტივები, ბიოგრაფიული მოდუსის გაძლიერებაზე მეტყველებს.

რიტორი ისოკრატე მაგ. ძალიან უფრთხილდება თავის იდენტობას, „მე“-ს და სპეციალურ მეთოდსაც მიმართავს – ავტობიოგრაფიაში საკუთარი ტექსტებიდანაც მოჰყავს ციტატები, ავთენტურობისთვის, მეტი დამაჯერებლობისთვის, წინააღმდეგობათა დასაძლევად და მორალური პოზიციების გასამყარებლად.

კლასიკურ ანტიკურობაში ადამიანი საჯარო არსებაა, „გარე“ ცხოვრებით ცხოვრობს. ბახტინთან ასეთ შენიშვნასაც ვხვდებით, რომ ანტიკურ ადამიანში „ყველაფერი სხეულებრივი განსულიერებული და ინტენსიფიცირებულია, ხოლო ყველაფერი სულიერი (ჩვენი თვალსაზრისით სულიერი) განსხეულებულია და გარეთაა გამოტანილი“.

მდუმარე შინაგანი ცხოვრება, უსიტყვო, გამოუთქმელი აზროვნება უცხოა კლასიკური ხანის ბერძნისთვის. ასეთი რამ მხოლოდ ელინისტური ეპოქიდან მოყოლებული ვიცით. ეგ კიარა, საუკუნეების შემდეგ შექმნილ ტექსტშიც, ნეტარი ავგუსტინეს „აღსარებანში“, ბახტინის აზრით, ჯერ კიდევ ცოცხლობს ბერძნული აგორას, მოედნის სული, საჯარო თვითშეგნება. ესაა ორატორის საჯარო აპოლოგეტური ანგარიში, რომელიც ბახტინისთვის იდეალურ ქრონოტოპოსში, დრო-სივრცეში, ანუ „აგორაზე“ ხვდება, სამოქალაქო და პოლიტიკურ აქტად აქცევს საკუთარ არსებობას. ამას პედაგოგიური დანიშნულებაც აქვს (პაიდეია) და მომავალშიც ანტიკური ბიოგრაფია მთელი თავისი არსებობის მანძილზე მჭიდროდ იქნება დაკავშირებული აღზრდასთან, ეთიკასთან, „პაიდეიას“ კულტურულ პარადიგმასთან, რომელმაც მწვერვალს პლუტარქესთან მიაღწია.

ეთიკის თემაა წამყვანი ციცერონთანაც. იგი, როგორც ζῷον πολιτικόν, პოლიტიკური ცხოველი, პოლიტიკური არსება, ზრუნავს, რაც შეიძლება ღირსეულად წარმოჩნდეს საჯარო სივრცეში და ამიტომაც, სოციალურად მიღებულ ნორმებზე აქვს ორიენტაცია. დიდ როლს თამაშობს აქ Oἰκείωσις-ის ცნებაც (სიტყვასიტყვით – გაშინაურება, გათავისება), რომელიც თვითრეალიზაციას, თვითმოხელთებას, საკუთარ იდენტობაში გარკვევას გულისხმობს, საკუთარი ძლიერი მხარეების განვითარებას და მათ ყოველდღიურობაში დანერგვას. ამით ჩვენ სულიერ აშლილობას (perturbationes animi) ავიცილებთ თავიდან, არ ვიქნებით სხვათაგან მართულები და ა.შ.

მეცნიერთა აზრით, თავიდანვე ავტოფიქციურ ჟანრად ჩამოყალიბდა წერილების ჟანრი, ეპისტოლეები. ἐπιστολή = εἰκὼν ψυχῆς (epistula = imago/speculum animi/vitae) ანუ წერილი სულის, ცხოვრების სარკეა. ასეთი ელემენტები უკვე პლატონის მეშვიდე წერილში გვხვდება, სადაც იგი დიონისიოსთან სტუმრობას აღწერს სიცილიაზე, სირაკუზში და ცდილობს, ახსნას თავისი საქციელი, თუ რატომ ჩავიდა იგი ამ კუნძულზე სამჯერ. ბევრი ავტობიოგრაფიულ ტრაქტატსაც უწოდებს ამ წერილს და მასში ძალზე მჭიდროდ უკავშირდება ერთმანეთს ავტობიოგრაფიული თემატიკა და ეთიკური პრობლემები.

ამ ჟანრზე საუბრისას ისევ უნდა ვახსენოთ ციცერონი და მისი წერილების 36 წიგნი (სულ 864 წერილი), ასევე პლინიუს უმცროსის 247 წერილი, საიდანაც 121 იმპერატორ ტრაიანესთვის გაგზავნილი ოფიციალური წერილები იყო. ცნობილია სახელოვანი ექიმის, გალენოსის წერილებიც, რომლებმაც შესაძლოა, ისოკრატეც გაგვახსენოს, თუმცა მასთან თვითპრეზენტაციის გარდა გარკვეულწილად საავტორო უფლებებზეცაა საუბარი, ერთგვარ ბიბლიოგრაფიულ, ბიობიბლიოგრაფიულ ანგარიშზე. ხშირად მისი ნაშრომები სხვა სათაურით ვრცელდებოდა, შინაარსს ამახინჯებდნენ, ამიტომაც მან გადაწყვიტა, დეტალურად მოეთხრო თავისი ნაწერების შესახებ, როდის რა დაწერა, რა ასაკში, რასთან დაკავშირებით და ამით სამწერლო ავტობიოგრაფიაც დაგვიტოვა.

ეს მოდელი ელინისტური ხანიდან იღებს ალბათ სათავეს და რომაულ პერიოდში განსაკუთრებით აქტუალური ხდება. რომი ბერძნებზე მეტადაა გამსჭვალული ისტორიის სულით, დაინტერესებულია საკუთარი პერსონის წარმოჩენით, განდიდებით, დახვეწით, ბოლოსდაბოლოს, შეთხზვით. ამ ტიპის ბიობიბლიოგრაფიული ავტობიოგრაფიები უშუალოდ მკითხველისთვის და მომავალი თაობებისთვის იწერება. ხშირად მას მეგობრისადმი მიწერილი ტექსტის ფორმა აქვს, თუმცა სხვებისთვისაც, ყველასთვისაა განკუთვნილი.

სწორედ ასეთი ტექსტია გალენოსის „საკუთარი წიგნების თანმიმდევრობის შესახებ“. იგი ვინმე ეუგენიანოსს წერს და მადლიერია, რომ სთხოვა, მისი წიგნების ქაოსში თავად ავტორს შეეტანა წესრიგი. ზოგი ტექსტი მეგობრების თხოვნით ან დაკვეთით დაიწერა, ზოგი დამწყებთათვისაა განკუთვნილი, თუმცა გალენოსი ხაზს უსვამს, რომ არც ერთი ტექსტი არ ყოფილა დაწერილი გასავრცელებლად, არამედ კონკრეტული ადრესატები ჰყავდა. სხვათა შორის, ანტიკურ სამეცნიერო ტექსტებში არაერთხელ გვხვდება სიტუაცია, როცა ავტორი საერთოდ არ ცდილობს თავისი ტექსტის გავრცელებას, ეს ხანდახან შეიძლება რიტორიკული ტოპოსიცაა, ხან კი, ცხადია, რომ ამა თუ იმ ტექსტს არ აქვს საჯაროობის პრეტენზია და მხოლოდ კონკრეტული შემთხვევისთვის ან ერთი ადამიანისთვისაა დაწერილი. ასეთი რამ გვხვდება ციცერონთან, ტერტულიანესთან… პლატონთან, მაგ. „პარმენიდესში“ ზენონი თავის ერთ ნაწარმოებს ახსენებს, რომელიც მას მოჰპარეს და მხოლოდ ამის გამო გახდა იგი სხვებისთვის ცნობილი.

            გალენოსს მყარად აქვს გადაწყვეტილი, არ გამოსცეს თავისი წიგნები, თუმცა მაინც იძულებულია, უკვე გავრცელებული და გასაჯაროებული ტექსტების სიმრავლეში სინათლე შეიტანოს. აქ სხვა ავტობიოგრაფიულ დეტალებსაც ვხვდებით. იგი იხსენებს მამას, ვინც პირველდაწყებითი განათლება მისცა, არითმეტიკას, ლოგიკას და გრამატიკას ასწავლიდა, შემდეგ, 15 წლისა, დიალექტიკას აზიარა, ბოლოს კი ესიზმრა, რომ შვილისთვის ფილოსოფიის და მედიცინის საფუძვლებიც უნდა ესწავლებინა.

ავტობიოგრაფიული ელემენტები მრავლადაა პოლიტიკურ ბიოგრაფიებში და ისტორიოგრაფიაში, განსაკუთრებით კი ავტობიოგრაფიულ ისტორიულ ტექსტებში, რომლის საუკეთესო მაგალითიცაა იულიუს კეისრის ტექსტები.

ძალზე საინტერესოა პოლიტიკური ბიოგრაფიების წარმოშობა, მისი წყაროები და გენეზისი. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ იგი მიცვალებულთა კულტიდან იშვა. აქ წამყვანი თემა სიკვდილია, ამით იგი შესაძლოა, ელეგიასაც უკავშირდება გარკვეულწილად. ესაა სიკვდილის გადასახედიდან დანახული ცხოვრების გზა. „სიკვდილის პერსპექტივა“ ეგვიპტეში იყო ძალზე მნიშვნელოვანი და ანტიკურ სამყაროზეც (ძვ. საბერძნეთი, ელინისტური ხანა, რომი) მოახდინა გავლენა. არ უნდა დაგვავიწყდეს რომაული წინაპართა კულტიც, მთელი თავისი ცვილის ფიგურებითა და laudatio funebris-ით, მიცვალებულთა განდიდებითა და ქებით. ამ საქებარ სიტყვებს ხანდახან ინახავდნენ, იწერდნენ და საოჯახო ქრონიკის ნაწილიც ხდებოდა ხოლმე. ასეთ კატალოგებს შემდეგ vitae-ში, „ცხოვრებებშიც“ იყენებდნენ.  

            ასევე შეგვიძლია ვისაუბროთ პოლიტიკურ ავტოპორტრეტებზეც, რომლებიც დროთა განმავლობაში ჟანრულადაც ჩამოყალიბდა. Ὑπομνήματα ზემოთაც ვახსენე, არსებობდა სხვადასხვა სახის ბიოგრაფიული ანგარიში, დღიურები, პირველ ან მესამე პირში მოთხრობილი პირადი ისტორიები. პირველი პოლიტიკური (ავტო)ბიოგრაფიები ხაზგასმით აპოლოგეტურია, თუმცა შემდეგ წერის სტილი იხვეწება, ესთეტიკა იცვლება, ჩართული ამბები ჩნდება, ხანდახან კი აშკარად ჩანს, რომ ესა თუ ის ისტორია გამოგონილია. ეს ჟანრი თავის მწვერვალს ალექსანდრე მაკედონელის პერიოდში ან მის სახელთან დაკავშირებით აღწევს. ჰომეროსის ეპიკური ტექსტების შემდეგ გმირების (ამ შემთხვევაში კი რეალური ადამიანის) ასეთი PR არავის ჰქონია.

            ძალზე მნიშვნელოვანია ლუციუს კორნელიუს სულას „მემუარები“. ციცერონიც ძალიან ზრუნავდა თავისი ცხოვრების განდიდებაზე და ზემოთ დამოწმებული ტექსტების გარდა, მცირე ეპიკური პოემების თხზვასაც ცდილობდა. დღემდე მოაღწია სათაურებმა: De consulatu suo და De temporibus suis და ფრაგმენტებმა, რომელთა ინტერპრეტირებისასაც ზოგიერთი მეცნიერი გარკვეულ ჟანრულ სიახლესაც ახსენებდა.

იულიუს კეისრის ანგარიშებზე ზემოთაც ვთქვი, ზოგი არც მიიჩნევს მათ ავტობიოგრაფიად, თუმცა საკმაოდ ცხადად გვაჩვენებს მის ავტორს, მესამე პირში.

რა თქმა უნდა, ავგუსტუსიც უნდა ვახსენოთ და მისი ორი ტექსტი, არსებობს ტიბერიუსის, კლავდიუსის, ადრიანეს, სეპტიმუს სევერუსის ბიოგრაფიები და ავტობიოგრაფიული ტექსტები. ასევე არ გვიხსენებია მ. ტერენციუს ვარო, კორნელიუს ნეპოსი, დიოგენე ლაერტელი, მარკუს ავრელიუსი. იოსებ ფლავიუსმაც შემოგვინახა „იუდეველთა ომში“ (Bellum Iudaicum) ავტობიოგრაფია. რა თქმა უნდა, ცალკე საუბრის თემაა პლუტარქოსი, ძველი დროის უმთავრესი ბიოგრაფოსი, რომელმაც ზემოთაც გაიელვა და მისი ერთი მოკლე ფრაგმენტიც კი „პარალელური ბიოგრაფიებიდან“ („ალექსანდრე და კეისარი“) ზუსტად გვიხასიათებს მწერლის მიდგომას:

„მე ცხოვრებასა ვწერ და არა ისტორიას. დიად ამბებში ყოველთვის ცხადად როდი ჩანს სიკეთე თუ მანკიერება; ერთი პატარა საქმე, ერთი სიტყვა ან მოსწრებული თქმა ხშირად უფრო ნათლად გვიჩვენებს ადამიანის ხასიათს, ვიდრე სისხლისმღვრელი ბრძოლები, დიდძალი ჯარის სარდლობა და ქალაქთა გამორემოცვანი[6]“.

ბევრის აზრით, გვიანანტიკურ ხანაში ფაქტობრივად აღზრდის რომანიც (Bildungsroman) ყალიბდება და ჩნდება ავტორი, რომელიც გადამწყვეტ როლს შეასრულებს ავტობიოგრაფიის განვითარებაში. ნეტარი ავგუსტინეს „აღსარებანი“ დიდხანს ჩაითვლება პირველ ნამდვილ ავტობიოგრაფიად. აქვეა ბოეციუსი და მისი ტექსტი, „ნუგეში ფილოსოფიისაგან“. ავგუსტინეზე ქვემოთ უფრო მეტს ვიტყვი, მანამდე კი ერთი უმნიშვნელოვანესი თემა არ ითმენს და თავის რიგს ელის. ესაა შრომა. შრომითი გამოცდილება, როგორც ავტობიოგრაფიული ტექსტის, ავტოფიქციის მნიშვნელოვანი ნაწილი.

შრომამ შექმნა ავტობიოგრაფია  

ჩვენი გმირების შრომითი ბიოგრაფია ძალზე მრავალფეროვანია. ისინი ბავშვობიდან შრომობენ და უკვე ხანდაზმულობაში ხან ბედნიერი ან ირონიული სევდით, ხანაც ბრაზით იხსენებენ თავიანთ სამსახურებს. აქ თავს მოვუყრით ყველანაირ შრომას: ბავშვობის საქმიანობიდან – დიდ თანამდებობამდე.

ივანე როსტომაშვილი ბოსტანში მუშაობას იხსენებს, მოსე ჯანაშვილი კი ფეხშიშველა მწყემსავს ხბორებს, ტყიდან შეშაც ჩამოაქვს, მოგონების ბოლოს კი დასძენს: „მოვხუცდი შრომაში არა ურგოდ მოძმეთა და კვლავაც ვშრომობ დღეში 6-10 საათს დაუღალავად, სიყვარულით“.

ზოგი მოჯამაგირეობს, ზოგი შეგირდია დალაქთან, სხვებს სატაცურს აკრეფინებენ სადილისთვის ან კალო-საბძელში ამუშავებენ, ეზოს ასწორებინებენ, მატყლს აწეწვინებენ, ქათმის ბუმბულს არჩევინებენ.

ბავშვობას ხშირად მწყემსობაში ატარებენ, 12–13 წლისებმა ხანდახან რამდენიმე ხელობა იციან – მჭედლობა, ზეინკლობა, ხარატობა, დურგლობა, ხატვა. ამბაკო ჭელიძე ნათლია–მჭედელთან მიუბარებიათ, რომ მოხელე გამოსულიყო და ოჯახთან კავშირი არ გაეწყვიტა, თუმცა მალე გაზეთ „ივერიაში“ ამოჰყოფს თავს, ექპედიტორად. გიგო ხეჩუაშვილი მამამისს ნაბატონარისთვის მიუგვრია მსახურად. ნაბატონარს ფეხების ფხანა ჰყვარებია და 7 წლის გიგოსთვის ეს ძირითად საქმიანობად ქცეულა. გარდა ამისა ევალებოდა წაღების წმენდა, ქვაბების ხეხვა და „გაგზან-გამოგზანა“. 14 წლის გიგო გაექცა ნაბატონარს, თუმცა ისევ მოჯამაგირედ დადგა მანგლისში, მეწვრილმანესთან. მუშაობდა სახლშიც და დუქანშიც. 17 წლისა თბილისს ეწვია, ტივით შემოვიდა ქალაქში – სადგურში შეშის ვაგონებს ცლიდა, ცხენების მომვლელად მუშაობდა, ბოლოს კი მზარეულადაც გადაიყვანეს. შემდეგი დამქირავებელი ვანქის სომეხი ეპისკოპოსი იყო, ანაფორას და წუღებს უწმენდდა. ეპისკოპოსის ეჩმიაძინში გადაყვანის შემდეგ გიგო კალატოზობდა, გრიგოლ ჩარკვიანის სტამბაში მუშაობდა ჩარხის დამტრიალებლად და ასოთამწყობად.

ზოგი 10 წლისა დგება მოჯამაგირედ, ზოგი უფრო პატარაც. 10 წლიდან საზეინკლო, სადურგლო, საკონდიტრო და სასტამბო ხელობებსაც სწავლობენ. სტამბაში შეგირდობით იწყებენ, სხვები ჩაქვში ჩაის კრეფენ, დუქანში დგებიან, მეხრეობით გააქვთ თავი, მოჯამაგირეობენ, ცემენტის ქარხანაში მუშაობენ, სხვები კი ჯარში მსახურობას არჩევენ. გვხვდებიან 7 წლის მწყემსები, სხვისი ყანების მთოხვნელები. ზოგი 14 წლისა უკვე ტყიბულის შახტში მუშაობს, თან სწავლობს, იქვე, სამთამადნო სკოლაში.

ვასილ სანაკოევი ჯერ კიდევ ბავშვობისას იწყებს მუშაობას რკინიგზის საავადმყოფოში, მაგრამ სამუშაოდან აძევებენ, რადგან „პირადად გამგეს“ შეშა არ დაუპო. ერთი მწერალი ბავშვობიდან მსახურობდა რკინიგზის სადგურში ხელზე მოსამსახურედ, ასევე საგაზეთო ექსპედიციის შიკრიკად.

იაკინთე ლისაშვილი 6 წლიდან მუშაობდა ყანაში და ტყეში. მისი ბავშვობა თოხნა, ხვნა, შეშის, შპალებისა და სხვა მასალების დამზადება იყო, „აშმორებული საქონლის ნაკვალევში ჩამდგარი ყვითელი წყლის სმა და კოღოების მწვავე კბენა მინდვრებში თუ ტყეებში“. ბათუმში ჩასული სტამბაშია, მოწაფედ, ძუნწ მეპატრონე გ. თავართქილაძესთან. სტამბაში მუშაობის გარდა ბევრ სხვა საქმესაც ავალებენ, სადილობისას დარაჯად უდგანან, რომ პურზე მეტად წვნიანზე მიიტანოს იერიში. იგი ჰყვება საწარმოო ტრავმის შესახებაც:

„ერთხელ ღამის პირველი საათი იქნებოდა, მე ვმუშაობდი მანქანა „ამერიკანკაზე“, მეძინებოდა და საკუთარი ხელი შიგ მივაბეჭდე, ძლივს მეორე ხელით უკანვე დავაბრუნე მანქანა და ჩემი ხელი დაემსგავსა თორნის პურს.“

ნოე ქურიძეს (ზომლეთელს) გაუმართლა და 13 წლისა ბიბლიოთეკარად დანიშნეს ს. აკეთში, გურიის წიგნთსაცავში. საერთოდ, არაერთხელ გვხვდება, რომ რომელიმე მეურვეს ბავშვი სწავლა-განათლების მისაღებად მიჰყავს და შემდეგ ხელის ბიჭად ამუშავებენ. ასეა გიორგი ქუჩიშვილიც, ვისაც მისი შორეული ნათესავის, ვინმე მაშო ლოპატოს სახლში იატაკისა და ოჯახის წევრთა ფეხსაცმლის წმენდა უწევს, ჭურჭლეულობის რეცხვა, წყლის ზიდვა და სხვ. მოგვიანებით მეწვრილმანესთან დგება მოჯამაგირედ, ბაყალთან, მენახშირესთან, მენავთესთან, ღვინის სარდაფში („ბოთლების და ბოჩკების მრეცხავად“). მუშაობს სარაჯიშვილის არყის ქარხანაში, ზეინკალთან, ოქრომჭედელთან.

            ვარლამ რუხაძე წერს: მამამ ქუთაისში წამიყვანა და სამიკიტნოში ამჭედა”, პაწა დახლიდარს ეძახდნენ, ციბრუტივით ტრიალებდა „ფეშტემალ შემოკრული”, ზოგთან ხარჩო მიჰქონდა, ზოგთან ღვინო, ზოგთან წყალი. მამამისს ერთი მტარვალი დახლიდარი ჰყოლია, წიგნით ხელში დაინახავდა თუ არა ვარლამს, მაშინვე გამოგლიჯავდა და სილასაც უთავაზებდა.

თავისი დროისთვის ძალზე აქტუალურ საქმეშია ჩართული იაკობ ფანცხავა. იგი გორის მაზრაში ვაზის დაავადების, ფილოქსერას კერებს ეძებს. მოკლედ აღწერს სამუშაოსაც:

„მუშა ზერელედ შემოუბარავდა ვაზის ძირს, აიღებდა მიწის მცირე ბელტს და მოგვაწვდიდა. ჩვენ ამ ბელტს ან ბელტის ამ ნაფჩხვენებს გავმიჯნავდით მთელი დაკვირვებითა და გულისყურით ლუპითა, გამადიდებელი შუშით“.

            შემდეგ იგი ფოთშიც აგრძელებს იმავე საქმიანობას, კერძოდ კი პორტში გემებს სინჯავს, ხომ არ შემოაქვთ დაავადებული მცენარეები. მოგვიანებით იაკობ ფანცხავას მოლარედ ვხედავთ, არის სახბანკის განყოფილების კონტროლიორის თანაშემწე, ქალაქის გამგეობისა და ქალაქის საბჭოს მდივანი, ქალაქის მთავარი ბუხჰალტერი, ქალაქის თავის მოადგილე. ქუთაისში ქალაქის თავადაც აირჩიეს, მაგრამ მეფისნაცვალმა ვორონცოვ-დაშკოვმა არ დაამტკიცა თანამდებობაზე.

მიხეილ დევაძე ზეინკალია, ორთქმავალზე თანაშემწე, ხდება მემანქანეც. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია დავით სულიაშვილის ჟენევური გამოცდილება, როცა პირველი მსოფლიო ომის დროს პაპიროსებს აკეთებდა და ყიდდა („გილზებში თუთუნს ვტენიდი და პაპიროსებს ვყიდდი“), უვლიდა 17-18 წლის სულიერად დაავადებულ ბიჭს, დაიწყო მაწვნის კეთება – კაფე-რესტორნებში დაჰქონდა და საკმაო შემოსავალიც გაუჩნდა. მოგვიანებით მასაჟისტობაც კი სცადა.

იოსებ გრიშაშვილი მეეტლეობაზე ოცნებოდა, „მეინტერესებოდა ცხენების ხათქახუთქი, აღვირის გაწურვა მკლავებში, „ხაბარდას“ ძახილი…“  იმდენად უყვარდა ეს საქმე, რომ ყველა ეტლის ნომერი ზეპირად იცოდა.

თედო კიკვაძე შავი ქვის კანტორის გამგედ მუშაობს სადგურ გომში, სადაც ჭიათურიდან მადანი ურმებით გამოჰქონდათ და აქედან ფოთში იგზავნებოდა მატარებლით. „კანტორა“ სამიკიტნოს ერთ პატარა ოთახში იყო მოთავსებული. სხვათა შორის, 1892 წელს აქვე მუშაობდა ეგნატე ნინოშვილიც. თედო კიკვაძის ავტობიოგრაფიაშივე ვხვდებით ინფორმატორის თანამდებობასაც, რომელსაც იგი 1922 და 1923 წლებში იკავებდა. ჯერ სამხედრო კოოპერატივში იყო ინფორმატორი, შემდეგ კი სასურსათო კომისარიატში.

ზოგიერთი თავისი საქმიანობით პირადი პრობლემების მოგვარებასაც ცდილობს. დავით გაბრუაშვილი-ვეძელი 17 წლისა პარიკმახერად მუშაობს ქალაქში, როდესაც მისი ყოფილი ბატონი მამისეულ სახლ-კარს და ვენახს ჰყიდის და ფულს ითვისებს. თბილისში ჩამოსულს საჩივარი შეაქვს, თუმცა „მიროვიპოსრედნიკი“ სიმონ ანდრონიკაშვილი საქმეს აგვიანებს, რადგან იმ ბატონის ნათესავია, გაბრუაშვილი კი შემდეგ გამოსავალს ნახულობს:

„1889 წელს სასახლის ქუჩაზე ბერლიმონთან გადაველ. ეს იყო თბილისში განთქმული საპარიკმახერო. რაც დიდრონი ხალხი იყო, სულ აქ დადიოდნენ. აქ ჩემი ნამუშავით ბევრ დიდრონ პირს თავი შევაყვარე, მათ შორის თვით გუბერნატორ შერვაშიძეს და მეფის მოადგილე შერემეტოვს. ამათ ჩემზე დიდი მფარველობა გამოიჩინეს და ანდრონიკაშვილს წინადადებას აძლევდნენ, რომ საქმე მალე დეებოლოვებინა“.

ბოლოს ყველაფერი მაინც გაფიცვით მთავრდება. იგი და მისი თანამშრომლები ბერლიმონს გაეფიცებიან და მისი საპარიკმახეროს გვერდით თავისას გახსნიან, რითაც დიდ ზარალს მისცემენ, რადგან მუშტრებს გადაიბირებენ. მოგვიანებით პირველ კავკასიურ პარიკმახერების არტელსაც ხსნის, იუნკერთა სასწავლებლის საპარიკმახეროშიც მუშაობს, თუმცა უცებ ვკითხულობთ:

„1921 წელს, 25 თებერვალს, მუშათა გამარჯვების ისტორიულ დღეს, გადავდივარ მე-11-ტე წითელ არმიაში“.

            ზუსტად აქაა ალექსანდრე მიქაბერიძის შენიშვნის ადგილიც, რომელიც მის ავტობიოგრაფიაში გვხვდება. იგი მესამე პირში წერს:

„საქართველოს გასაბჭოებისას, როდესაც განათლების სამინისტროს შემადგენლობა გაიქცა, ალექსანდრე მიქაბერიძე ერთი პირველთაგანი იყო, რომელიც დარჩა ტფილისში, მიაწოდა განათლების სახალხო კომისარიატს მისთვის საჭირო ცნობები ყოფ. სამინისტროს მუშაობის შესახებ და როგორც განათლების კომისარიატის საქმეთა მმართველი, ენერგიულად შეუდგა დანგრეულ საქმის მოგვარებას“.

ზემოთ ფილოქსერა ვახსენე და მასთან ბრძოლის საქმეში იაკობ ფანცხავას გარდა სხვა მწერლებიც იყვნენ ჩართული. 1894 წელს „ფილოქსერის პარტიაში“ იყო დასაქმებული თედო სახოკიაც, სიმონ ქვარიანი კი თავის ავტობიოგრაფიაში ხაზგასმით ამბობს:

„1887 წ. მე პირველმა აღმოვაჩინე საქართველოს კავკასიაში ვაზის გამანადგურებელი ფილექსერა, აგრეთვე მე პირველმა შემოვიღე ამერიკ. ვაზებზე ნამყენებით აღდგენა ფილექსერით განადგურებულ ვენახებისა…“

            მანამდე ქვარიანი ორი წელი წინანდლის საუფლისწულო მამულში მსახურობდა და საფუძვლიანად იცნობდა ევროპულ მევენახეობა-მეღვინეობას.

            ცხოვრების გარკვეული ეტაპიდან ჩვენი გმირები მასწავლებლობას იწყებენ. ლადო ბზვანელი მაგ. რამდენიმე სოფელში ასწავლიდა. ს. მერევში, ნიკორწმინდა-ხოტევის დაწყებით სასწავლებელში, ს. ეწერის სასწავლებელში, ს. ტობანიერის ორკლასიან სამინისტრო სასწავლებელში. იპოლიტე ვართაგავა ჯერ თბილისის სასულიერო სემინარიაში, შემდეგ კი მე-8 გიმნაზიაში კითხულობს რუსულ სიტყვიერებას, მსახურობას განაგრძობს ჭიათურაში, ჰუმანიტარულ ტექნიკუმში ქართული და რუსული ენების მასწავლებლად, 9 წლედის გამგედ, გადადის ხეთაში (ხობის რ-ნი), არის ფინსახკომის გამგებლობაში მყოფი უმაღლესი ეკონომიკურ-ფინანსური ორწლიანი კურსების საწავლო ნაწილის გამგე. შემდეგ „ახალგაზრდა კომუნისტში“ იწვევენ სტილისტ-კორექტორად და მალევე საქ. ცაკის საორგანიზაციო განყოფილების საინფორმაციო სექტორის გამგედ ნიშნავენ. 1931 წელს მებრძოლ უღმერთოთა ცენტრ. საბჭოს პრეზიდიუმი იწვევს ჟურნალ „რელიგიის წინააღმდეგ“ პ/მ მდივნად და ცენტრალ. საბჭოს გამოცემათა რედაქტორად. გადადის სოხუმში მასწავლებლად, გადმოდის გორის პედ. ინსტიტუტში, შეთავსებით ცხინვალშიცაა. იპოლიტე ვართაგავას მოღვაწეობის დასკვნასავით ჟღერს მისი თანამდებობების 9 პუნქტიანი ჩამონათვალი.

            ნინო ნაკაშიძე კაზაკების მიერ გადამწვარი გურიის სოფლების დამხმარე კომიტეტის წევრი-ხაზინადარი იყო, ცდილობდა გადამწვარი ბიბლიოთეკის განახლებასაც.

            ია ეკალაძეს ერთი უცნაური საქმის შესრულება მოუწია. ამიერკავკასიის საქართველოს სამნეო განყოფილების შეკვეთით პეტერბურგის ერთ-ერთ სტამბას შეცდომით დაუბეჭდავს რამდენიმე ათეული ათასი საგზაო ბილეთი ბაქო-საბუნჩი (საბუნჩის ნაცვლად საბუნგი იყო). ია ეკალაძეს კი ხელის ბეჭდით გაუსწორებია ყველა. მწერალი დეტალურად აღწერს, თუ როგორ გაიწაფა ხელი ამ რთულ საქმეში.

            ნიკოლოზ კურდღელაშვილი იგონებს, პარიზში როგორ გააგზავნა ერთმა კანტორამ ავენიუ დე შუაბიზე მაღაზიის ვიტრინის გასაწმენდად. გაიდო მხარზე მსუბუქი კიბე, ჩვრები, ცარცი, წყლის ვედრო და გზას დაადგა. გზაში ფიქრებს წაუღია, ფიქრი სევდად გადაქცევია, სევდა ნაღველად, ნაღველი ბოღმად, ბოღმა კი სასოწარკვეთად. ჩამომჯდარა სკამზე და ტირილი დაუწყია. დასევია ხალხი, გასაჭირზე ეკითხებოდნენ, მაგრამ პასუხს ვერ იღებდნენ, ფულს აძლევდნენ, ავადმყოფი ეგონათ. ბოლოს წამოუკიდებია თავისი ბარგი-ბარხანა და ხალხს გარიდებია, ხელში კი ნაჩუქარი ფული შერჩენია, რომელიც ნაღვერდალივით წვავდა მთელს სხეულს.

„რამდენიმე ფრანკი იყო. დავწმინდე შუშები, მაგრამ კიბე დამისხლტა და ძირს გავიშხლართე. კარგი, რომ შუშები სქელი იყო, თორემ ვინ ზღავდა იმის ფასს. საღამოზე ამხანაგებს უამბე ჩემი თავგადასავალი და სიცილი დამაყარეს. მე კი დავიფიცე, რომ შიმშილით რომ მოვკვდე, აღარ წავალ ასეთ სამუშაოზე. იმ დღიდან კასიდან მოცემულ (ქართველ ემიგრანტთა ე.წ. კასა არსებობდა მაშინ პარიზში – მ.ხ.) კვირაში ორი ფრანკით გავდიოდი იოლად“.

            ამის გამო ძალიან უჭირდა თურმე, მაგრამ მაინც ბედნიერად და კმაყოფილად გრძნობდა თავს. დილიდან საღამომდე ლუვრის ან ლუქსემბურგის მუზეუმში ატარებდა დროს. ერთხელაც იაკობ ნიკოლაძე შეხვდა თურმე ქუჩაში და თავის ატელიეში აუყვანია. დაუნიშნავს მისთვის ყოველდღიური ორი ფრანკი, მოვალეობებში კი ატელიეს დალაგება და იაკობის ორი კატის გამოკვება შედიოდა. მალე თავადაც დაუწყია გამოქანდაკება. თბილისში ჩამოსული, დამოუკიდებელი საქართველოს წლებში, საქმის მწარმოებლად იწყებს მუშაობას ფინანსთა სამინისტროში, მინისტრის საბჭოში, 1923 წლიდან კი გაზ. „კომუნისტში“ დაუწყია მუშაობა მთარგმნელად.

მთარგმნელობა კიდევ ერთი ხშირი პროფესიაა ჩვენი გმირებისთვის, როგორც ზემოხსენებული მასწავლებლობა. გარდა ამისა, არაერთხელ გვხვდებიან კორექტორი, სტილისტი და რედაქტორი მწერლებიც. სხვათა შორის, კურდღელაშვილი აკაკი შანიძის თანაშემწედაც მუშაობდა რომელიღაც ლექსიკონზე, მოგვიანებით კი ფინანსთა კომისარიატის თარჯიმნადაც უმუშავია, კანცელარიაში უფროს საქმის მწარმობლადაც და რევიზორ-ინსტრუქტორადაც.

            საოცარი ქვესათაური / ტიტული აქვს ილია ელეფთერის ძე ზურაბიშვილის ავტობიოგრაფიას – „საქართველოს სსრ სახალხო კომისართა საბჭოს საქმეთა მმართველობის სარედაქციო განყოფილების გამგე“ – და მთელი ავტობიოგრაფიაც, ძირითადად, საქმიანობაზეა და იმაზე, თუ როგორ ვერ იცლის მწერლობისთვის, რადგან სამსახურს მიაქვს მთელი დრო. იგი ჯერ კიდევ 16-17 წლისა მუშაობდა თელავის სამაზრო სამმართველოში, თბილისში სისხლის სამართლის საქმეთა განყოფილებაში მდივნის თანაშემწედ და თარჯიმნად მუშაობს, 1903 წლიდან ქართლ-კახეთის თავადაზნაურობის მდივანია, იყო კანცელარიის გამგის ამხანაგი, დამოუკიდებლობის წლებში დამფუძნებელი კრების კანცელარიის გამგე. 1921 წლის 25 თებერვალმა ბათუმში მოუსწრო, სადაც დამფუძნებელი კრება იყო გადასული და, როგორ ფიქრობთ, რა მოიმოქმედა ჩვენმა გმირმა? რა თქმა უნდა, „დაუძვრა“ დამფუძნებელ კრებას, პირველივე მატარებლით თბილისში დაბრუნდა და საქართველოს რევკომის საქმეთა მმართველობაში გამოცხადდა. ოკუპანტებმა მაშინვე დანიშნეს კანცელარიის უფროსად, შემდეგ საკანონმდებლო განყოფილების გამგედ გადაიყვანეს, რასაც სხვა წინსვლებიც მოჰყვა.

მსახიობობა და რეჟისორობაც ხშირია ჩვენს ავტობიოგრაფიებში. ზოგჯერ სახელდახელო ან როგორც ყმაწვილური გატაცება. დავით ნახუცრიშვილის პირველი სამუშაო ხაშმის სახალხო თეატრის საფუძვლის ჩაყრა ყოფილა. შემოსული თანხით წიგნები უყიდიათ და უფასო წიგნსაცავ-სამკითხველო დაუარსებიათ.

ხაშმში მუშაობდა მამასახლისად იოსებ იმედაშვილი, შემდეგ კი გარეკახეთ-ივრის ხეობის მამასახლისთა მამასახლისადაც აურჩევიათ. იყო პირველი სახელმწიფო სათათბიროს ჯერ სამაზრო, მერე კი საგუბერნიო ამომრჩეველი. „რეაქციის გაძლიერების შემდეგ“ საკრამიტეში მუშაობდა ტალახის მზელელად და კრამიტის მჭრელად. ეკავა ქართული თეატრის საქმეთა მმართველის თანამდებობა, ბიბლიოთეკარადაც უმუშავია და დირექტორადაც. საბჭოთა პერიოდში „მუყაითი მუშაობისთვის დაჯილდოვებული ვიქენი სახელით და მკერდზე სატარებელ სახელობითი ნიშნით“.

კოტე მაყაშვილი, სანამ მწერალთა კავშირის თავმჯდომარედ აირჩევდნენ, დამფასებლად მუშაობდა სათავადაზნაურო ბანკში, ხოლო შემდეგ დირექტორიც გახდა ამავე ბანკში. მიხეილ ჯავახიშვილი ალავერდის სპილენძის ქარხანაში მუშაობდა, 1918 წელს კი სხვებთან ერთად სავაჭრო-სამრეწველო პალატას აარსებს. მარიამ გარიყული „აქტიორია“ ქუთაისის თეატრში, მოგვიანებით ბოზარჟიანცის თუთუნის ქარხანაში იწყებს მუშაობას, მაგრამ თუთუნის სუნს ვერ იტანს და თავს ანებებს სამუშაოს. სტამბაშიც, ფეხზე დგომას და „კასების“ მტვერს ვერ გაუძლო, 1918-1919 წლებში კი უმოქმედობა დაეუფლა.

სხვათა შორის, დამოუკიდებლობის პერიოდს, როგორც წესი, კარგად არავინ იხსენებს. ეს მონაკვეთები თითქოს ურთიერთ და ზემდგომებთან შეთანხმებითაა დაწერილი. მთხრობელები ან სრულ უმოქმედობაში არიან, ან უმუშევრობას უჩივიან, ანაც დევნიან. გიორგი ლეონიძე: „რადგან მენშევიკური მთავრობა მწერლობას არავითარ დახმარებას არ უწევდა…“. ლიდია მეგრელიძე: „1917-1918-მა წლებმა მე დამარწმუნა, რომ მენშევიკური მთავრობის რევოლუციონური გზა სავსებით ეწინააღმდეგებოდა ჩემს სოციალისტურს რწმენას“. ალექსანდრე აბაშელიც უსვამს ხაზს საბჭოთა ხელისუფლების დამყარების წელს და ანა ხახუტაშვილიც აღნიშნავს, რომ საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე მის ნაწარმოებს „მზის სინათლე ცალკე გამოცემის სახით არ უნახია“. დაახლოებით იმავეს წერს აღფრთოვანებით დავით სულიაშვილიც, დავით კასრაძე კი იხსენებს, რომ საქართველოს გასაბჭოებამდე არასდროს აუღია თავის ნაწერებში ჰონორარი. არჩილ კორინთელი გასაბჭოების დღიდანვე ინიშნება დუშეთის მაზრის რევკომის საფინანსო განყოფილების უფროსად. 1922-დან იმავე მაზრაში ცეკავშირის სავაჭრო პუნქტების და კოოპერატივების დაარსებაში მონაწილეობს აქტიურად, 1925 წელს კი აწინაურებენ და ცეკავშირს თბილისში გადაჰყავს სამუშაოდ, მუშაობს აქტიურად, საბუღალტრო სახელმძღვანელოებსაც კი წერს, 1930 წელს კი ცეკავშირის მოძრავის დასის ხელმძღვანელიც ხდება (რეჟისორი გოძიაშვილი იყო, ვასო გოძიაშვილის ძმა). ეგ კი არა, სპეციალურად დასისთვის ხევსურულ კილოზე პიესასა და პოემასაც კი წერს.

იოსებ ტატიშვილის აზრითაც, მენშევიკების დროს გასაქანი არ იყო. კოლეგებს არ ჩამორჩება დემნა შენგელაიაც, 1921 წლამდე იგი ხან ჯარისკაცი იყო, ხან მოხელე და „ეს ხანი უნაყოფოდ დაიკარგა ჩემს ცხოვრებაში, მე ერთი წიგნი არ წამიკითხავს ამ ხნის განმავლობაში, დრო არ მქონდა. ირგვლივ სიმშილი იყო, ომები, […] და სამოქალაქო ომები. 1919 წელს დედა პარტახტიან სახადით გარდამეცვალა“. ამავე პერიოდში (1919-1921) ლეო ქიაჩელი ერობაში მუშაობდა ზუგდიდის მაზრაში, დავით ჩხეიძე (თურდოსპირელი) 1919 წელს დამფუძნებელი კრების წევრი ხდება, ხოლო შემდეგ წერს, რომ საბჭოთა ხელისუფლების დამყარებას არამტრულად შეხვდა. მაინც დააპატიმრეს ეს „უპარტიო ბოლშევიკი“, როგორც იგი საკუთარ თავს უწოდებს. სანდრო ეული (ქურიძე) 1920 წელს მენშევიკების მიერ მისი დაპატიმრების ამბავსაც ჰყვება, რომელიც მაშინ გაზეთ „კომუნისტის“ რედაქტორი იყო.

            1921 წელს ხელოვნების სასახლის (შემდეგში, მწერალთა კავშირი, მაჩაბლის 13) კომენდანტად ნიშნავენ პლატონ კეშელავას, სამხედრო სამსახურთან შეთავსებით. მისი დანიშვნის მიზანი სასახლის მოწესრიგება და „ბოგემური უწესობის“ მოსპობა ყოფილა, რომელიც მწერალთა ერთ ჯგუფს შეუქმნია და რის გამოც მთელი საზოგადოება გამოთქვამდა აღშფოთებას. თანამდებობა პაოლო იაშვილისგან გადმოუბარებია და ძალიან ამაყობს, რომ მალე დაამყარა წესრიგი. 2 წელიწადში ხელოვნების კულტურული კავშირის მთავარი კომიტეტის მდივანიც ხდება და იქვე დასძენს, მართალია, მწერალთა კავშირის თავმჯდომარე კოტე მაყაშვილი იყო, მაგრამ მთელი სიმძიმე მე მაწვაო. წინსვლა გრძელდება, 1928 წლიდან, მას შემდეგ, რაც ხელოვნების სასახლე მწერალთა სახლად გადაკეთდება, კეშელავას მწერალთა კლუბის დირექტორად ნიშნავენ. დარდობს კიდეც, რომ ამდენი დრო მიაქვს უცხოეთის დელეგაციების მიღების ორგანიზებას, მათ მეგზურობას, სხვადასხვა იუბილეს გამართვას და ა.შ. 1939 წლამდე ასეთი დატვირთული ცხოვრება ჰქონია, სანამ სახკინმრეწვში არ გადავიდა სასცენარო განყოფილების კონსულტანტად.

            გასაბჭოებისშემდგომი პერიოდის აღწერებს სანდრო შანშიაშვილის სიტყვებით დავამთავრებ, რომელიც 1944 წელსაა დაწერილი:

„საქართველოში შემოვიდა წითელი არმია და აღარ იყო ხსენება აღარც მენშევიკის და აღარც ნაციონალ-დემოკრატის. ყველანი მოისრნენ, მაგრამ იმდენად ვერა, რომ ვეღარ მოეწყოთ 1924 წლის ავანტიურა ბურჟუაზიულ ქვეყნების წაქეზებით, რომელმა ავანტიურამაც მრავალი იმსხვერპლა და პირადად მეც დიდი ტანჯვა და მწუხარება მომაყენა. ამაზე სხვა დროს“.

            ზოგი მწერალი სარევიზიო კომისიის თავმჯდომარეა, ზოგიც ბუღალტერი, სახალხო გამომძიებელი, სახალხო მოსამართლე, ნოტარიუსი, სტატისტიკური განყოფილების გამგე, ნახშირის გამყიდველი, ბიბლიოთეკის გამგე, ლიტ-მუშაკი. პარმენ რურუა ჯერ კიდევ 13 წლისა მუშაობდა ბათუმში, მანთაშევის ქარხანაში, 30 წლის შემდეგ ისევ უბრუნდება ბათუმს და ნავთის გადამამუშავებელ ქარხანას, მოგვიანებით კი აჭარის სახელგამის საწყობში იწყებს მუშაობას. გერონტი ქიქოძე 1922 წელს საქართველოს მიწათმოქმედების კომისრის მოადგილედ მუშაობდა, 1924 წელს კი სტილისტად გადავიდა გაზეთ „კომუნისტში“. ზემოხსენებული სახალხო გამომძიებლი (ალესანდრე ჩახუნაშვილი-საჩინოელი) სიამაყით აღნიშნავს ნახევარგვერდიან ავტობიოგრაფიაში, რომ 1924 წლის აგვისტოში ვანის „მენშევიკური ავანტიურის“ ლიკვიდაციის მონაწილე იყო.

გიორგი ქუჩიშვილი მუკუზნის მეღვინეობის მეურნესობაში მუშაობდა, სერგი დანელია დამოუკიდებლობის წლებში უმაღლეს და საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგე იყო, სეზმან ერთაწმინდელი 10 წლიდან სწავლობდა საზეინკლო, სადურგლო, საკონდიტრო და სასტამბო ხელობებს. მუშაობდა სანიტრად, კორექტორად, მეტაბელედ, ფეხსაცმელების სახელოსნოში. ვასილ ეგნატაშვილი 25 წლამდე მოჯამაგირე იყო, მოგვიანებით კი მეღვინეობასა და ღვინით ვაჭრობას მიჰყო ხელი, კარიერის პიკზე კი (1938 წ.) საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივნად გვევლინება. თეატრში სუფლიორად მუშაობდა იოსებ გრიშაშვილი, რომელიც ამაყობს, რომ სხვადასხვა დროს კარნახობდა ვასო აბაშიძეს, ლადო მესხიშვილს, ვალერიან გუნიას და სხვ. კონსტანტინე კაპანელი 2 წლის განმავლობაში მცენარეთა დაცვის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილეა, გვყავს მეტეოროლოგიც, სკოლის ზედამხედველი, ჩაის მკრეფავი, მემანქანე ხე-ტყის სახერხ ქარხანაში, მეწისქვილე, ფოსტალიონი, გადამტვირთავი მუშა. ილო მოსაშვილს თავისი ბიოგრაფიის ყველაზე ღირსშესანიშნავ მოვლენად საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატად არჩევა მიაჩნია. ზოგი ცეკავშირში იწყებს შრომით ბიოგრაფიას, სხვები კი ჭიათურის შავი ქვის მაღაროებში „ტექნიკ-ნორმადარად“. ბესო ჟღენტი იურიდიულ პრაქტიკას ეწეოდა, ლავროსი კალანდაძე ხელზე მოსამსახურე და შიკრიკი იყო, ხოლო მიხეილ მრევლიშვილი ჯერ მუშაკთა პროფკავშირში ტექნიკურ მდივნად მუშაობდა, შემდეგ სტატისტიკოსად, იყო გაზეთ „მუშის“ კორესპონდენტი, მგეგმავი „მოსკულტმშენში“, სამტრესტის უფროსი ეკონომისტი, ხელოვნების მუშაკთა სახლის დირექტორის მოადგილე.

სიმონ წვერავა ხან ხონის ხე-ტყის ქარხანაშია, ხან აუზიდან წყლის მქაჩავად მუშაობს, ხან სამანქანო განყოფილებაშია მზეთავად, ხანაც ხერხის ოსტატის თანაშემწედ გვევლინება. სასულე და სიმებიან ორკესტრში უკრავს „ალტზე, კორნეტზე და სკრიპკაზე“. იყო მოანგარიშე შინაგან საქმეთა კომისარიატის საპატიმრო ადგილების სამმართველოში, მეტეხის ციხეში, ორთაჭალის ციხეში, ნავთლუღის საქალაქო საბჭოს „ბოინიაში“. მუშაობს საქართველოს წითელი ჯვრის კომიტეტში და ამ კომიტეტის სტამბის დირექტორის მოადგილედ საფინანსო დარგში. მას ირჩევენ სხვადასხვა საბჭოსა და პროფკავშირების წევრად, იგი ამზადებს პროგრამებსა და მეთოდური ხასიათის სახელმძღვანელოებს, არის ფილიპე მახარაძის თანაშემწე, სხვადასხვა ასოციაციისა თუ პრეზიდიუმის წევრი, მდივანი, გამგე, დირექტორი, რედაქტორი, დელეგატი და ა.შ. ერთხანს ხონის რაიპროფსაბჭოს თავმჯდომარედაც იმუშავა, ომის წლებში 1500 (!!!) ანტიფაშისტური საღამო გამართა, გიორგი ლეონიძესთან ერთად ორთქმავალ-ვაგონშემკეთებელ ქარხანაში ლიტერატურული წრეც დააარსა, აფხაზეთში მწერალთა ორგანიზაციის ქართული სექციის თავმჯდომარედაც იმუშავა, იყო გაზეთ „საბჭოთა აფხაზეთის“ კულტურის განყოფილების გამგე. 61 წლისა შინაგან საქმეთა სამმართველოსთან არსებულ ლიტერატურულ გაერთიანებას ხელმძღვანელობს, არის ოქტომბრის რაიონის შინაგან საქმეთა განყოფილების მე-7 საბავშვო ოთახის საზოგადოებრივი საბჭოს თავმჯდომარე. ავტობიოგრაფიის ბოლო გვერდები მის სიგელებს და ჯილდოებს ეთმობა.

აუცილებლად უნდა დავიმოწმო ანდრო ლომიძის შრომითი ბიოგრაფია. იგი წლების მანძილზე მუშაობდა:

„მტვირთავად, შავ მუშად, ნაოსნად, სანაპირო ნაოსნად, წყალმყვინთავის მენიშნეთ, წყალზე მაშველათ, ზეინკლის ხელქვეითად გემშემკეთებელ ქარხანაში, ტყის უფროს მუშათ, ჰიდრომეტროს თანაშემწედ, საქალაქო და რადიო-გაზეთის რედაქტორად, გამომცემლობის გამგეთ, ფაბრიკა „მკერავის“ (#2) მრავალტირაჟიანი გაზეთის რედაქტორად, გაზეთ „კოლხიდმშენის დამკვრელის“ რედაქტორად, მერე ისევ ნაოსნად ფოთის ნავთსადგურის 40 ტონიან მცურავ ამწეზე, მოტორისტის თანაშემწედ და ბოლოს ფოთის ნავთსადგურის მრავალტირაჟიანი გაზეთის რედაქტორად.“

ჩამოთვლა უყვარს ბონდო კეშელავასაც – სამსახური ქუთაისის თეატრში, რიონჰესის მაღაროში (მნგრეველი), წიფლარის ხევში (კულტმუშაკი), ქვიშხეთის მწერალთა დასასვენებელ სახლში, დირექტორად.

დირექტორია 22 წლის ასაკში არჩილ ჩაჩიბაია, „კასპის პედტექნიკუმში“. ილია კაჩმაზოვი, ვინც 7 წლის ასაკიდან კულაკებთან მოჯამაგირეობდა, 38 წლის ასაკში უკვე პერსონალურ პენსიაზეა. კულაკებთან მოჯამაგირეობდა გიორგი ძუგაევიც, თედორე გაგლოევიც. საოცარი კარიერა ჰქონდა გიორგი ჯიბლაძეს – საქართველოს კპ ცკ-ს განყოფილების გამგის მოადგილე, თბილისის საქალაქო კომიტეტის მდივანი, ცკ-ს მეცნიერებისა და კულტურის განყოფილების გამგე, განათლების მინისტრი, ცკ-ს მდივანი და ა.შ.

პროკოფი რატიანი თავიდან შავ მუშად გვევლინება მარგანეცის მრეწველობაში, თუმცა შემდეგ სულ მაღალ თანამდებობებზე ჩანს. ავადმყოფობის პერიოდში წელიწად-ნახევარი აბასთუმანშია, თან მკურნალობს და თან დასასვენებელი სახლის დირექტორია. ომის პერიოდში საჩხერის რაიკომის მდივანია. ომის შემდეგ კვლავ გაურთულდება ჯანმრთელობის მდგომარეობა და ამჯერად სოხუმში გადადის, ბოტანიკური ბაღის დირექტორად, შემდეგ კი აფხაზეთის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორად.

20 წლის ასაკში ლადო ავალიანი მულტიპლიკატორად იწყებს მუშაობს სახკინმრეწვში, გაბრიელ ჯაბუშანური მოანგარიშეა სოფლის კოლმეურნეობაში, სკოლაში ასწავლის, სამკითხველოს გამგეა, საბჭოს მდივანია და ერთხანს კოლმეურნეობის თავმჯდომარეც კი. მამედ ვარშანიძე ბათუმის კომუნალური ბანკის თანამშრომელია, შემდეგ აჭარის მასწავლებელთა სახლის დირექტორი, რუთა – თამარ ბეროძე მხაზველია „რიონჰესის“ მშენებლობაზე, ნინა გალავანოვა კი სამხრეთ ოსეთის განათლების სამინისტროს მდივანია, თან მასწავლებლობს სტალინირის (ცხინვალის) პედტექნიკუმში.

„ნორჩ ლენინელში“, „პიონერში“, „დილაში“ მუშაობდა რევაზ მარგიანი, სხვადასხვა დაწესებულების დირექტორის თანამდებობაზე ვხედავთ გივი გოგიჩაიშვილს, თუმცა ამირან აბშილავას სამუშაოებს მაინც ვერავინ შეედრება. იგი 13 წლის ასაკიდან მუშაობდა კინოთეატრში მხატვარ-რეკლამიორად, თეატრში მოკარნახედ, წიგნის მაღაზიაში გამყიდველად, ცხაკაიას თეატრის დირექტორად, ცხაკაიას კულტურის სახლის დირექტორად, ხობის თეატრის დირექტორად და სამხატვრო ხელმძღვანელად, დაბოლოს, რუსთაველის სახ. თეატრში რეჟისორ-ასისტენტად, თბილისის ცენტრ. კულტურის სახლის სამხატვრო ხელმძღვანელად.

ნადიდე გვარიშვილი ბათუმის რადიო კომიტეტში ლიტერატურული და ახალგაზრდული გადაცემების რედაქტორი იყო, იზა ორჯონიკიძე კი ორჯონიკიძის სახ. #1 სამკერვალო ფაბრიკაში მუშაობდა მუშად, სანამ უმაღლეს სასწავლებელში ჩააბარებდა და შემდეგ #72 სკოლა-ინტერნატში დაიწყებდა მუშაობას აღმზრდელად. 1976 წლიდან იგი გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმის დირექტორია. საერთოდ, იზა ორჯონიკიძის სამი სხვადასხვა დროს დაწერილი ავტობიოგრაფიაა შესული ორტომეულში, 1979 წლის, 1991-ის და 2006-ის. 79-ში დაწერილი ტექსტი შედარებით მშრალია, 1991-ისაში უკვე ჩნდება დროის ნიშნები, უფალსაც ახსენებს პოეტი, ავტობიოგრაფიაც უფრო თამამია, გულახდილი. 2006 წლის ავტობიოგრაფიაში იგი იხსენებს, თუ როგორ გაათავისუფლეს დირექტორის თანამდებობიდან ჯერ სუკმა 1982 წელს და შემდეგ ეროვნულმა ხელისუფლებამ, 1991-ში. 1988 წელს იგი გამომცემლობა „მერანში“ მუშაობდა, როცა კოლაუ ნადირაძის ცნობილი ლექსის, „25 თებერვლის“ გამო ატეხილ სკანდალს 12 თანამშრომელი შეეწირა, მათ შორის იზა ორჯონიკიძეც. გარკვეული დრო სასულიერო სემინარიაში და აკადემიაშიც მუშაობდა, რუსულიდან სახელმძღვანელოების მთარგმნელთა ჯგუფს ხელმძღვანელობდა.

კრიტიკოსი გიორგი მარგველაშვილი წლების მანძილზე მოსკოვში მოღვაწეობდა, თანამშრომლობდა ჟურნალებთან, „დრუჟბა ნაროდოვ“ და „ნოვი მირ“, ოთარ მამფორია კი ქუთაისის სალექციო ბიუროში მუშაობდა ლექტორად. ფრიდონ ხალვაშმა სოფ. ცხმორისის სასოფლო კლუბის გამგედ დაიწყო, იმავე სოფელში ასწავლიდა, იყო აჭარის ასსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების საქმეთა სამმართველოში მეთოდ-კაბინეტის დირექტორის მოადგილე, აჭარის სახელმწიფო გამომცემლობის დირექტორი (26 წლისა). 25 წლის ასაკში თბილისის კალინინის რაიონის კომკავშირის რაიკომის პირველი მდივანი ხდება ელგუჯა მაღრაზე, მუშაობს პიონერთა სასახლეში, მარქსიზმ-ლენინიზმის საღამოს უნივერსიტეტის დირექტორად, საქართველოს კპ-ს ცკ-ს მეცნიერების, კულტურისა და სკოლების განყოფილების ინსტრუქტორად.

17 წლის ასაკში რეზო ინანიშვილი ქარხანაში იწყებს მუშაობას, ჯერ ზეინკლის თანაშემწეა, შემდეგ კი ამწყობი-ზეინკალი. მან ორჯერ მიატოვა სწავლა მუშაობისთვის, თუმცა ხშირი იყო შემთხვევებიც, როცა მომავალი მწერლები საბოლოო გადაწყვეტილებას იღებდნენ, თავს ანებებდნენ ამა თუ იმ სამუშაოს ძებნას და მთლიანად ლიტერატურულ საქმიანობას უძღვნიდნენ თავი. თედო სახოკიამ მაგ. ორჯერ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, ერთხელ 1895 წელს და მეორეჯერ 1924 წელს, როდესაც პედაგოგობას დაანება თავი. ბევრმა საკუთარი თავი, როგორც მწერალი, სწორედ ასეთი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებების შემდეგ აღმოაჩინა.

დარჩენილი ნაწილი იხ. წიგნში „შეთხზული „მე“ – მწერალი და ავტობიოგრაფია“, რომელიც მალე გამოვა


[1] მანანა ღარიბაშვილის თარგმანი ლათინურიდან.

[2] რომელიც მანანა ღარიბაშვილის თარგმანში ასე ჟღერს: „ამოგივსებთ პირს და უკანალს“, სიტყვასიტყვით კი ასეა: „უკნიდანაც გიხმართ და პირშიც მოგცემთ“.

[3] წვერწამახული სახრე, აქ ხელისუფლის კვერთხი იგულისხმება.

[4] გიგლა სარიშვილის თარგმანი ძველი ბერძნულიდან.

[5] მანანა ღარიბაშვილის თარგმანი ლათინურიდან.

[6] აკაკი ურუშაძის თარგმანი ძვ. ბერძნულიდან.

© არილი

Facebook Comments Box