რეცენზია

მალხაზ ხარბედია – მუმლის ბურუსი

godori-2343

ოთარ ჭილაძე, გოდორი (რომანი). რედაქტორი მამუკა ხერხეულიძე, გარეკანის დიზაინი გიორგი სუმბაძე, დაკაბადონება თამაზ ჩხაიძე. თბ. “რუსთავი 2 პრინტი”, 2003.

თავიდანვე უნდა ვაღიარო, რომ “გოდორი” ერთი მხრივ იდეათა რომანია, მეორე მხრივ კი რომანი-საგა. მასში მძლავრი პუბლიცისტური პათოსი ეპიკურ, მითოლოგიურ, არქეტიპულ სახეებთანაა შეზავებული და ასეთი შეზავებით მიღებული ენობრივი ქსოვილი, ცხადია გარკვეულ პრობლემებს უქმნის კომენტატორს. მის ყურადღებას ხან რომანში განხილული ე.წ. საჭირბოროტო საკითხები იპყრობს, ხან კი თხრობის მითოპოეტური მაქმანები გაიტაცებს ხოლმე. ვერავინ იტყვის, რომელი უფრო რთულია, ე.წ. “გოდრის კაცის” პუბლიცისტური სახის ჩამოქნა, გამოკვეთა და რეალურ, თანამედროვე სიტუაციებთან მისი მისადაგება თუ მისთვის ზოგადსაკაცობრიო თუ ყველა დროისთვის გამოსადეგი პარადიგმის სტატუსის მინიჭება.
დარწმუნებული ვარ, ეს წიგნი უკვე ბევრმა ადამიანმა წაიკითხა და სათაურმაც ალბათ უკვე შეიძინა გარკვეული კონოტაციები (გოდრის კაცები, გოდრის გაგდებული, გოდრის თაობა), მითუმეტეს, რომ იგი თავისი ზემოქმედებით, პარადიგმული სიზუსტითა და მოქნილობით “ჯაყოს ხიზნებისა” და “კვაჭი კვაჭანტირაძის” გვერდითაც შეიძლება დააყენო.
ეს რაც შეეხება სათაურს და მისგან გამომდინარე მნიშვნელობათა რიგს, თავად ტექსტი კი, ძალზე ეფექტური დასაწყისის შემდეგ, გარკვეულ ბუნდოვანებაში ძირავს ამ სიზუსტესა და მოქნილობას (ეს განსაკუთრებით რომანის მეორე ნაწილს ეხება). რა თქმა უნდა, აქ არაფერია გასაკვირი, ეს ხომ თანამედროვე რომანია და არა კლასიკური, სადაც ავტორი ავანტიურული ან ფსიქოლოგიური რომანის თარგზე მოჭრიდა მასალას. თუმცა ერთი რამ მაინც იქცევს ყურადღებას. საქმე ისაა, რომ ავტორი თხრობას რეტროსპექციით იწყებს (მიმაჩნია, რომ რომანში ყველაზე ძლიერი სწორედ ეს მონაკვეთია) და ამის გამო უმბერტო ეკოს ერთი საინტერესო შენიშვნა გამახსენდა “რეტროსპექტული თხრობის” შესახებ. მისი სიტყვით (და ამ შემთხვევაში იგი ჟერარ ჟენეტს ეყრდნობა), რეტროსპექტივა იმის კომპენსაციაა, რისი მოყოლაც ავტორს დაავიწყდა. შესაბამისად თხრობის რეტროსპექტივით დაწყებამ ან მომავალი დანაკლისი უნდა აანაზღაუროს (ეკოს ენაზე რომ ვთქვათ, ის, რაც “ავტორს შემდგომში დაავიწყდება”, რაზეც იგი ყურადღებას აღარ გაამახვილებს) ან მკითხველს უნდა შეახსენოს ის, რაც მას აღარ ახსოვს.
არადა ქართველ მკითხველს წესით კარგად უნდა ახსოვდეს, უფრო სწორად უნდა იცოდეს პირველ ნაწილში აღწერილი თუ მინიშნებული მოვლენები (გეორგიევსკის ტრაქტატი, საქართველოს ანექსია, გასაბჭოება და ა.შ.), თუმცა რეტროსპექციას კიდევ ერთი ფუნქცია აქვს, იგი წარსულის მიმოხილვის საშუალებას გვაძლევს, ხელს უწყობს მკითხველს წარსულის მოვლენების აწმყოში განფენასა და მასთან მისადაგებაში. ესაა იმავდროულად თხრობისა და კომენტირების პროცესი, ზემოხსენებული პუბლიცისტური პათოსიც, როგორც ჩანს, სწორედ აქედან იშვება და ჭილაძის გამოგონილი პერსონაჟებიც პრინციპში ამ რეალურ ვითარებას, რეალურ მოვლენებს უკავშირდებიან და მონაწილეობას იღებენ მასში. აქედან გამომდინარე, რომანში ხშირად მონაცვლეობს რეალური და შემოქმედებითი პლანი, ისტორიული და მითოლოგიური სახეები, რომელიც საბოლოოდ რთულ, მოძრავ სისტემად ყალიბდება.
ჩვენთვის პირველ რიგში მითოლოგიური პლანია მნიშვნელოვანი და ოთარ ჭილაძისთვის ტრადიციულად დამახასიათებელი ის ხერხები, რომლებიც საფუძველს გვაძლევენ “გოდორს” რომანი-საგა ვუწოდოთ.
“გოდორი” ოჯახის ისტორიაა, რომელსაც სათავეში ერთი მწყემსის შვილი, გოდორში გამოზრდილი რაჟდენ კაშელი უდგას. მართალია მანამდე სხვებსაც უცხოვრიათ გოდორში, ქართულ ლიტერატურაში სხვა ბავშვებისთვისაც დარწეულა ეს მოწნული ორმო აკვნად, მაგრამ კაშელები პირველები აღმოჩნდნენ, ვისაც გოდრის კაცები უწოდა მწერალმა. მაგალითად კვაჭი კვაჭანტირაძის მამას, სილიბისტროს, ბავშვობა სანახევროდ გოდორში ჰქონდა გატარებული, მისი შვილი კი ნამდვილი მითიური გმირივით მოევლინა ქვეყანას. მერე კვაჭის დევგმირული ბავშვობაც გაიხსენეთ, ცხოვრებასთან საზიარებელი ადათების მთელი წყება რომ ახლდა თან და სანამ რაჟდენის ამბავს მოვყვებოდე, ის ამბავიც ნუ დაგავიწყდებათ, ქალს რომ პირველად გაუსინჯა გემო კვაჭიკომ, ცვირის, ვინც დედასავით ზრდიდა მას. ამის შემდეგ კი ვინ იცის, იქნებ ვინმემ “გოდრის” ინტერტექსტადაც დასახოს “კვაჭი კვაჭანტირაძე”.
ახლა კი რაჟდენს მივხედოთ. ამ ნახევრადმითიური პერსონაჟის დედას თურმე რუსი ურიადნიკი დაუდიოდა საყვარლად და ბავშვს, ხელი რომ არ შეეშალა, დედა გოდორში სვამდა ხოლმე: “ნაშიერი მშვენივრად გრძნობდა თავს გოდორში და, როგორც თვითონვე ამტკიცებდა მერე, უკვე ვეტერანი, განსაკუთრებით კი ღვინონაყლაპი, ყოველთვის დიდი ინტერესით უთვალთვალებდა დედისა და მისი საყვარლის ალერსს გოდრის ჭუჭრუტანებიდან და, მისდა უნებურად უბზიკდებოდა კიდეც…”. ბავშვის მამის, “ოლიმპოდან გამოძევებული” მწყემსის შურისძიების შემდეგ (ცოლიც მოკლა და თავიც აღარ იცოცხლა) გოდრის ჭუჭრუტანიდან გამომზირალი, აღგზნებული, ფოლადისფერი მზერის პატარა ბიჭი გოდრიანად წაიყვანა უშვილძირო ქალმა, კესარიამ. რაჟდენი კი, როცა წამოიზარდა, ანუ “გოდორმა რომ ვეღარ გაუძლო, ვეღარ შეაკავა მისი სწრაფადმზარდი, ფერხორცითა და დაუხარჯავი ენერგიით სავსე სხეული და ზედ შემოემსხვრა… განთავისუფლებისთანავე დედობილს ეცა და საცოდავი კესარია ძლივს გამოგლიჯეს ხელიდან წივილ კივილზე მოვარდნილმა მეზობლებმა”.
ასე იშვა რაჟდენი, ნაჭუჭივით მოიშორა გოდრის ნარჩენები და ცხოვრების გზას დაადგა, რათა გოდორში შეძენილი მიდრეკილებები გამოეჩინა და ახალი საქართველოს სამსახურში ჩამდგარიყო. იგი “ალალბედზე მიხოხავდა საკუთარი სიმდაბლის მწვერვალისაკენ”, ნატყვიარს ნერწყვით იშუშებდა, ნადირივით და ტყვიას ესროდა ყველას და ყველაფერს, რაც კი მოძრაობდა.
ასე და ამგვარად, პირველი გოდრის ნაშიერი უკვე შარაგზაზე გავიდა და აქტიურად ჩაება პროცესებში, რომელმაც მისი მამული უნდა აქციოს შარაგზად. ახლოვდება 1921 წლის 25 თებერვალი და მისი მემკვიდრის შობის დღეც. რაჟდენის ცოლმა, კლავამ შარაგზაზე იმშობიარა, “სადღაც სოღანლუღსა და ორთაჭალას შორის”, გზისპირა თხრილის დამყაყებულ წყალში განბანა ჩვილი და თავსაფარში გამოახვია. შვილს ანტონი დაარქვეს და ცხადია, ისიც, მამასავით ქვეყნის დამჩემებელი გამოდგა. მისი თვე სხვების წლებს უდრიდა, ორი წლისა თვალდახუჭული შლიდა და აწყობდა შაშხანას, “ხუთისამ მეზობლის ძაღლი მოკლა იმ შაშხანით, თხუთმეტისა კი უკვე ხალხს ხოცავდა”.
გვამის სუნში გაზრდილი ეს საგვარეულო კიდევ ორ თაობას გაწვდება, კიდევ ერთ რაჟდენსა და ანტონს მისცემს დასაბამს და ეს პერსონაჟები, უკვე ჩვენი თანამედროვენი, კოთურნებზე შემდგარნი ანტიკური ტრაგედიის თამაშს დაიწყებენ.
ეს ანტიკური ნიშნები ცხადად თუ დაფარულად, ბევრ რამეს განსაზღვრავენ რომანში და შეიძლება ითქვას, კონკრეტული დროისა და სივრცის საზღვარს მიღმაც კი გაჰყავთ პერსონაჟები. ერთგან ავტორი ამბობს “ჯერ კიდევ ანტიკური ტრაგედიის თაკარა მზე აცხუნებს ჩვენში, თბილისის მისადგომებთან კი, ტროას ცხენი ძოვს”-ო და ნელ-ნელა მკითხველიც ხვდება თუ ვინაა ამ რომანში ოიდიპოსი, ვინ იო და ორესტე, ვინ კი კლიტემნესტრა. მოქმედებაში ახალი გმირები ერთვებიან, ძველების შთამომავლები, იმავე სახელების მატარებელი მამა-შვილი, რაჟდენი და ანტონი, ანტონის ცოლი ლიზიკო და სხვებიც. ჩნდება ჭრელი ძროხაც, თავის დროზე ცხოვრების სიმბოლოდ რომ გადაიქცა პატარა ანტონისთვის და მასთან ერთად მოვიდა გაუნელებელი სევდა და დაუმსახურებელი დამცირებაც, ჩახშული მრისხანება და მონობა. თავად ანტონიც, ამ ძროხასავით, ანტიკური მითებიდან, მოირწევა თავის ცხოვრების გზაზე “…მოდის, მოჩლახუნობს, საკუთარი გამძლეობით შეწუხებული, თუკი შეიძლება რამე აწუხებდეს, ღმერთქალის მიქსეული ბუზანკლის მეტი”, მოდის მოჯადოებული, გალახული და ასე მანამ ივლის, სანამ მამამისს, ანტონის ცოლის, ლიზიკოს გაბზეკილი ძუძუებისკენ არ გაექცევა ხელი. სწორედ ამ ადგილიდან ამოდის ტრაგედიის თაკარა მზეც, რომელმაც ყველა პერსონაჟი უნდა დაწვას თავისი მცხუნვარებით. ერთი სიტყვით, “გოდორში” ინცესტი თხრობის მთავარ მექანიზმად იქცევა და ავტორი თვალების დათხრის ტრაგიკულ რიტუალსაც ხშირად შეახსენებს ხოლმე თავის გმირებს.
“მათი ოჯახი ნამდვილად სანიმუშოა, ყველანი მკაცრად იცავენ სისუფთავეს და უცხოს არავის აჭაჭანებენ ოჯახურ სექსში… მართლაც, როგორი ამბავია! ორი მამის შვილი, საერთო შვილი მამა-შვილისა? საკუთარი თავის მამაც და შვილიც, ერთსა და იმავე დროს. ოიდიპოსი ვინ მიგდია!…” მარად მშიერმა, ყველაფრისმშთანთქველმა საშომ კი “უნდა ათქვიფოს და შეაზავოს მამისა და ძის თესლი “არნახული, არგაგონილი ჰომუნკულუსის შესაქმნელად”, საშომ, ანუ ლიზიკომ, ცოლმა და რძალმა, ვინაც თვითმკვლელობის მცდელობის შემდეგ (იგი ვენებს გადაიჭრის) ანტიკური გმირის სიჯიუტით უნდა მოიგერიოს თავისიანების ყურადღება და თანაგრძნობა, ისე, როგორც ორესტემ ერინიები, მამამისი კი, მწერალი ელიზბარი, “მხცოვანი ოდისევსი”, იძულებულია ომში წავიდეს.
ხოლო რაც შეეხება დათხრილ თვალებს, იგი აფხაზეთში საბრძოლველად წასული მამისმკვლელის, ანტონის ხილვებშიც ჩნდება. ერთხელ მაშინ, როცა ფიჭვის შტოზე შემოსკუპებულ ციყვს ერთი გასროლით ჩამოაგდებს უხილავი ხელი: “ტყვიამ შხუილით გაფხრიწა ჰაერი და თვალგადმოვარდნილი ციყვი საცოდავად აფართხალდა გასისხლიანებულ ბალახში. ციყვს თვალის ადგილას ვეებერთელა ლორწოვანი ბუშტი გამოებერა” (ბუშტი, სადაც სამყაროც კი აირეკლებოდა). მეორეჯერ კი დაკითხვაზე, როცა გამომძიებლის ჯიბიდან გამომზირალი პატარა ციყვი მოელანდება: “უცებ ცალი თვალი გამოებერა, გამოებერა, გამოებერა და აეროსტატისხელა რომ გახდა, საზარელი ხმით გასკდა.”
ამ ციყვის თვალივით გასკდა მრავალწლიანი ტყუილიც, ანტონის გარშემო რომ გროვდებოდა.
დიდი ხნის მანძილზე ანტონიც, უსინათლოსავით, ვერაფერს ხედავდა, მისთვის სამშობლო და საერთოდ, სამყარო შენიღბული იყო. ვერსად მიაკვლია მან ამ სამყაროს და მხოლოდ ქვიშხეთის მწერალთა სახლის თანამშრომლის, გიჟი ნიკოლოზას ბიბლიოთეკაში ნახა ხსნა. კითხულობდა ბევრს, შესაძლოა “თებეს ტრაგედიებს”, “ძმებ კარამაზოვებს”, თავისი გონება კი ვინ იცის, იქნებ “დანაშაულსა და სასჯელზე” ალესა. მის მიერ მამის მხარეს მოქნეული ცულიც ამ გონების ნაყოფია და სწორედ ამიტომაც ჩანს ირეალური ეს მკვლელობა, ანუ მამისკვლის სცენა ზმანების საბურველშია გახვეული, ანტონის ბოდვებითაა შეზავებული.
ავტორი-მთხრობელი შენიშნავს ანტონზე: “გვამის სუნშია გაზრდილი, ამ სუნითაა გაჟღენთილი ყველა მისი ფიქრი, სიზმარი თუ ოცნება… ეს სუნი არ აძლევდა ნებას, ისიც ჩვეულებრივი ბავშვი ყოფილიყო, ტოლამხანაგების მსგავსად, იმასაც არაფერი სცოდნოდა ქვეყნისა და მარტო იმაზე ეზრუნა, თუ როგორ ჩაეგდო ხელში ახალი კასეტა, ამერიკული სიგარეტი, გასაბერი კევი თუ წარწერიანი მაისური… ანუ, ყოფილიყო ის, რაც უნდა ყოფილიყო, რასაც სკოლა და ოჯახი მოითხოვდა მისგან – მშობელზე უარესი და, როცა დრო მოუვიდოდა, შვილზე უკეთესი.”
რაზე მიანიშნებს ეს სიტყვები? ნუთუ ანტონის ტრაგიკული შეცდომა მამის გზიდან გადახვევა იყო? იქნებ ამ გზაზევე დაბრუნება იქცა ტრაგედიად? იგი ხომ ქვეცნობიერად კაშელობას, თავისივე არსებას ებრძოდა, მაგრამ აიღო ცული და თავი გაუპო მამას (“მამას ეტირა დედა”), რითაც კაშელობა კი არ მოიშალა, პირიქით, ახლიდან იშვა, მის ახალ ცხოვრებას დაუდო სათავე.
ამ შემთხვევაში ნაწარმოებში აღწერილი და ანტონის მიერ წაკითხული ერთ სიბრტყეზე თავსდება, ეს ორი პლანი გადაიკვეთება და შექსპირის “ჰამლეტის” პრინციპით, “სცენა-სცენაზე”, ერთმანეთს განსაზღვრავს. თუკი “ჰამლეტში” დანიის უფლისწული მამის აჩრდილისგან იგებს ამბავს და შემდეგ ახდენს მის რეპრეზენტაციას, აქ თავად ანტონი იქცევა ლანდად (“ცულშემართულიც არაფრად ჩააგდო… თითქოს მკვლელი კი არ იდგა მის წინ, არამედ მისივე ლანდი, აჩრდილი, ჰაერის ბუშტი…”) და მომხდარი, მოსახდენი თუ წაკითხული უკვე მის ცნობიერების ნაკადში რეპრეზენტირდება.
ამგვარი ცნობიერების ნაკადი თუ გიჟის მონოლოგები მთელს რომანს გამსჭვალავს. რომანი შეშლილობით იწყება და მისით სრულდება. ამ მხრივ ძალზე საინტერესოა პატრიოტული ლირიკის კავშირი სიგიჟესთან. როცა ავტორი ერეკლეს თანამედროვე, დოსითეოზ ნეკრესელზე საუბრობს, ამბობს, იგი ერთმორწმუნე მფარველის, რუსეთის სისასტიკითა და უღმერთობით იყო შეშლილი, გნებავთ გაპოეტებულიო და დოსითეოზიც, “მრავალთა და მრავალთა მსგავსად, მაინც ვერაფერში გარკვეული, ბატის წამახულ ფრთას ნელა, საქმისმცოდნის სიდინჯით აწობდა სამელნეში… და მსხვილი, აცაბაცა ასოებით გამოჰყავდა: “არა არს ისრეთ ტკბილი, ვით მამულის სიყვარულიო””.
აქ ორი პლანი ისევ გადაკვეთს ერთმანეთს, გარუსებული (გნებავთ, გასაბჭოებული) საქართველოს რეალური პლანი და დოსითეოზი, თავისი ბატის წამახული ფრთითა და ყვავილებისგან დამზადებული მელნით, რომელიც შემოქმედებით მხარეზე მიგვანიშნებს. და რომანის მიხედვით, ამ შემოქმედებით, ფიქციურ საქართველოს რეალური საქართველო ჩაენაცვლება. სიტყვები, “ღორმუცელა დებილებისა და გესლიანი ქვრივების საქართველო აღარ არის, დამთავრდა” სწორედ იმის მომასწავებელია, რომ ოთარაანთ ქვრივებისა და ლუარსაბ თათქარიძეების ქვეყანა ისტორიას ჩაბარდა და დადგა დრო, როცა სამშობლოს სიყვარული და პოეზია შეშლილობასთან უნდა გაიგივდეს.
როგორც გითხარით, რომანი ვენებგადაჭრილი ლიზიკოს მონოლოგით სრულდება და მისი სიტყვები, “აქ დავიბადე და აქვე გავგიჟდი” მწარე, ფინალურ სიმართლედ გაისმის ნაწარმოებში.
სხვა სიმართლეს გვაუწყებს მუმლი, რომელიც, ვფიქრობ, ლიზიკოსთან და სხვებთან ერთად, რომანის ერთ-ერთ მთავარ გმირად იქცევა. მუმლთან ერთად თხრობაც მდორე ხდება და ზოგადად, მისი გამოჩენა შესაძლოა თხრობის შეუძლებლობასაც უკავშირდებოდეს. მის ადგილს, თანამედროვე ლიტერატურათმცოდნეობის ენაზე რომ ვთქვათ, დისკურსი იკავებს, განსჯა-მონოლოგები და ფაბულას, ერთი მხრივ მუმლი აბუნდოვანებს, მეორე მხრივ კი პერსონაჟთა ანთებული ცნობიერება.
რომანში ყველგან მუმლია, სიზმარშიც და ცხადშიც, მუმლი ყრია სავარძელში, სარკმლის რაფაზე და იატაკზე, საწოლშიც და მაგიდაზეც, პურსაც მუმლი აყრია და ბალიშსაც. მუმლი “მსხვილი, დონდლო და წყლიანი… ავადმყოფური, მუმლი-რაკეტა. ბაქტერიომზიდი… მუმლით გასქელებული და გაწებილი ჰაერი მდუღარე ბადაგივით იბუშტება, ლივლივებს, ბრუნავს…” მუმლი დაფრინავს ყველგან, მთელ საქართველოს მუმლი დასტრიალებს, როგორც რამე სიდამპლეს, დემონსტრანტებსაც მუმლის უზარმაზარი ამალა მოჰყვება და მისი მოფარფატე სიყვითლე არტყია ყოველს.
მუმლის სიყვითლე, შესაძლოა თხრობის გარკვეული ფონიც ეგონოს კაცს, თუმცა ეს მხოლოდ ერთი შეხედვით ჩანს. რომანში იგი თავის ფოლკლორულ ბუნებასაც ინარჩუნებს და ლიტერატურულ ხერხსაც წარმოადგენს, ანუ, როგორც ზემოთ გითხარით, იგი რაღაც აზრით ფარავს ამბავს, აბუნდოვანებს მას.
ლიტერატურათმცოდნეობაში ცნობილია, რომ თხრობაში ბუნდოვანების, ან მასთან დაკავშირებული მეტაფორების შემოსვლა, ე.წ. სასპენსისთვის გვამზადებს. გვკარნახობს, რომ მალე კვანძი გაიხსნება. “გოდორში” კი კვანძის გახსნის ეს პროცესი განუწყვეტლივ ვადდება და სასპენსი თვალსა და ხელს შუა გეპარება, რის გამოც ისეთი შთაბეჭდილება გექმნება, თითქოს თავად რომანსაც მუმლი დასტრიალებს, იგი ფარავს მის სიტყვიერ ქსოვილსა და პერსონაჟთა ხმებს. მას ვერც აფხაზეთის ომის გრიალი ახშობს და ვერც მამის გვამზე, როგორც კვარცხლბეკზე შემდგარი ანტონის, უბიბილო და უდეზებო მამლის ყივილი.
სამწუხაროდ, მუმლის ეს ნისლოვანება ძნელი გასაფანტია, ავტორმაც ამ ნისლში ჩატოვა თავისი გმირები და ვერც ჩემი ეს წერილი აუხელს საბოლოოდ თვალებს ლიტერატურის მოყვარულებს. მე მხოლოდ ერთის იმედი მაქვს, რომ კიდევ ბევრი ქართველი მკითხველი შეაბიჯებს თამამად იმ სახიფათო ბურუსში, რომელსაც ოთარ ჭილაძის პროზა ჰქვია.

© “წიგნები _ 24 საათი”

Facebook Comments Box