რეცენზია

მალხაზ ხარბედია

კუნძულების გოთიკა

აკა მორჩილაძე, სანტა ესპერანსა (რომანი). ყდების მხატვარი აკა მორჩილაძე, რუკის მხატვარი კახა ბახტაძე. თბ. “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”, 2004.

არსებობენ წიგნები, რომლის შესახებ წერა ყოველთვის მოითხოვს ხოლმე ამ წიგნის სამოქმედო სივრცის მონიშვნას, ადგილების, ჩვევების, ისტორიული მოვლენებისა და ა.შ. აღწერას. სანამ უშუალოდ ტექსტს მიადგები, ბევრი რამ უნდა დააზუსტო, რათა არ დაიბნენ ისინი, ვისაც ჯერ არ წაუკითხავს ეს ნაწარმოები და მეტი დამაჯერებლობისთვის, რაღაც პარალელებიც შეიძლება გაავლო. მაგალითად, შეუძლებელია “ილიადას” აცნობდე მკითხველს და მხოლოდ აქილევსის რისხვის ამბავი მოყვე. არ გაგახსენდეს არც ქალღმერთების ნაძლევი და არც ელენეს მოტაცების ამბავი, თავისი მრავალწლიანი ომით. ასეთ შემთხვევაში კომენტატორი დაახლოებით ისეთივე ამოცანების წინაშე დგება, ჰომეროსმა რომ გადაჭრა დიდი ხნის წინ, როცა აუცილებლობითა და ალბათობით შეარჩია მოსათხრობი მასალა, ამიტომ სანამ პარალელებამდე მივალთ, აუცილებლობიდან გამომდინარე, ადგილზე ვიტყვი ორიოდ სიტყვას, მითუმეტეს, რომ ჩემთვის ამ რომანის მთავარი გმირი სწორედ ეს საბრალო (თუმცა კი პირქუში) ადგილია, რომელსაც სახელად შავი ზღვა ჰქვია.
მაშ ასე, შავი ზღვა. ბერძნული ევქსინოს პონტო, თურქული ყარადენიზი, სპარსული ახშაინა… როგორც ამბობენ, ბერძნებს ეს “ახშაინა” (რაც მუქს, მკაცრს ნიშნავს) “აქსენოსად” (არასტუმართმოყვარე) უთარგმნიათ, თუმცა მალევე შეუცვლიათ სახელი და გულის მოსაბრუნებლად “ევქსინოსი”, ანუ სტუმართმოყვარე ზღვა უწოდებიათ. II საუკუნეში არიანეს მთელი წიგნიც დაუწერია შავი ზღვის შესახებ, “Periplus Ponti Euxini”. ფართობი ზღვისა 420,3 ათასი კვადრ. კილომეტრია, საშუალო სიღრმე 1300 მეტრი. კუნძულები ცოტაა, ძირითადად მცირე ზომისა, მათ შორის ყველაზე ცნობილი აქამდე ბერეზანი იყო (ანტიკური ბორისთენოსი), სანამ ლიტერატურულ რუკაზე სამი ახალი კუნძული არ გამოჩნდა, სანტა ესპერანსას არქიპელაგი. ანუ, თუკი აქამდე შავი ზღვის ტალღები მხოლოდ ექვსი ქვეყნის ნაპირებს ეხლებოდა, დღეიდან მათ მეშვიდეც შეუერთდა.
ახლა პარალელებსაც მივხედოთ. ყველაზე მარტივი ანალოგია, რაც ამ რომანის კითხვისას გაგიჩნდება კაცს, უილიამ ფოლკნერის იოკნაპატოფაა, მწერლის მიერ გამოგონებული მხარე თუ ოლქი, სადაც ერთად-ერთი მფლობელი და ბატონ-პატრონი თავად ფოლკნერი იყო. ასეთივე წარმატებით შეგვიძლია “სანტა ესპერანსას” რუკასაც მივაწეროთ “Sole Owner&Proprietor Aka Morchiladze”, მითუმეტეს, რომ ეს გამონაგონიც რეალურ ადგილასაა მონიშნული და არა სადღაც ცხრამთასიქით. მოგეხსენებათ, იოკნაპატოფა მისისიპის შტატშია, სანტა ესპერანსა კი, როგორც გითხარით, სამკუნძულიანი არქიპელაგია შავ ზღვაში. ესაა სახელმწიფო 237 ათასიანი მოსახლეობით, რომლის 58%-საც იოანური, ანუ ქართველური წარმომავლობის ხალხი შეადგენს.
კუნძულებზე ასევე ცხოვრობენ თურქები, იტალიელები და ინგლისელები, შესაბამისად, სკოლაშიც ოთხი ენა ისწავლება და ამიტომ, თანამოსაუბრესთან მის მშობლიურ ენაზე გამოლაპარაკება კარგ ტონად ითვლება.
სანტა ესპერანსა (დედაქალაქი სანტა სიტი) ბრიტანეთის დედოფლის ქვეშევრდომია განსაკუთრებული სტატუსით. რომანში აღწერილ მოვლენებამდე კუნძულის საქმეებს გუბერნატორი განაგებდა, სერ სესილ-პიჩგეიმერ-მონტე კრისტო.
მოდით ჯერ ამით დავკმაყოფილდეთ, დანარჩენამდე კი იმედია თავად სიტყვა მიგვიყვანს. ახლა კი ავტორის შენიშვნა მინდა მოვიხმო, თავის მიერ გამოგონილი კუნძულების მთავარ ქალაქზე რომ წამოცდა: იქო, “ცხოვრება სინამდვილითაა სავსეო”. ჯერ გვეუბნება, “ყოველთვის ვცდილობდი ქალაქი გამომეგონა და უკვე გამოგონილი კი ყოფილიყოო”, მერე კიდევ დასძენს, იქაური “ცხოვრება სინამდვილითაა სავსეო”.
მაინც რაზე მიანიშნებს ეს სიტყვები, რისი თქმა სურდა ავტორს, როცა ამბობდა “უკვე გამოგონილი კი ყოფილიყოო”? მემგონი აქ სევდის ამბავია, აკა მორჩილაძის ჯერ კიდევ პირველი რომანებიდან გამოყოლილი სევდისა და სევდისთვისვე დაწერილი ერთი მოთხრობისა, სახელწოდებით “ტიფლისი, გრანტის საგრაფო”. ამ მოთხრობაში აკა ამერიკაში, გრანტის საგრაფოში ჩაკარგულ პატარა ქალაქს ეძებს, ტიფლისს. ინტერნეტით ჰქექავს ამბებს ქალაქისას, რომელიც არის კიდეც და არც არის: “არც ხევია, არც სხვა რამ. არც ძველი რკინიგზა, არც რაიმე. ყველგან ნახსენებია და არსად არ არის. გამქრალა. ყოფილა და წასულა, ქუდიც არ დაუხურავს. ჩვენი საწყალი, პატარა და კოხტა ტიფლისი, ამერიკული პროვინციის ქალაქი, რუკიდან ამოშალეს. მოდი და დამითვალე, რამდენი დეკალიტრი სევდა დამიგროვდება.”
ბოლოს ეს ქალაქი სულაც სასაფლაო აღმოჩნდება, მიტოვებული სასაფლაო თითზე ჩამოსათვლელი საფლავის ქვებით. ისეთი, მხოლოდ ამოოხვრა რომ მოუხდება.
როგორც ჩანს, ეს სასაფლაო “სანტა ესპერანსაშიც” გადმოჰყვა აკას, უფრო მეტიც, გადმოჰყვა კი არა, შესაძლოა სწორედაც ამ პატარა ამერიკული სასაფლაოდან იშვა ეს დიდი რომანი. ამას დაუმატეთ ის აუარება ლიტერატურული სასაფლაო, მივიწყებული, სარეველაგადავლილი მოტივები თუ პერსონაჟები, აქ რომ შეხვდებით და “უკვე გამოგონილი კი ყოფილიყო”-ს აზრიც ნათელი გახდება.
ავტორი გვაუწყებს ერთგან, ყველაზე ძვირფასი აზრები საფლავებიდან არის მოსული, კაცი კვდება და მის აზრებს მეტი პატივი და სარგებელი ემატებაო, ჰოდა აკაც ასეთ პატივიან და სარგებლიან სულებს აცოცხლებს და მისი ეს ურბანული თუ კუნძულების გოთიკა, თავისი მოხეტიალე, მაძიებელი სულებით, ახალ სამყაროს უდებს სათავეს, მხარეს, რომელიც გრანტის საგრაფოს ტიფლისისგან განსხვავებით, არსადაა ნახსენები, მაგრამ ყველგანაა, სხვისია, მაგრამ მაინც ჩვენი გვგონია.
რომელიღაც ქართულ ტაძარზე ასეთი წარწერაც ყოფილა, XI საუკუნისა, “ერთა იყვნეს იესო და იოვანე”-ო, სადაც თურმე იესო საქართველოს აღნიშნავდა, იოანე კიდევ კუნძულებს. ანუ ოდესღაც კუნძულელებიც საქართველოს კალთას ყოფილან მიყრდნობილნი, სახარების პერიფრაზერება რომ მოვახდინოთ, მიყრდნობილნი “წიაღთა თანა საქართველოისა”. დღეს კი ლიტერატურის მოყვარულებისთვის ამ კუნძულების საქართველომ ჩაანაცვლა უტყვი და უჩინარი ზეციური საქართველო და ახალი, წმინდა იმედი, ანუ “სანტა ესპერანსა” ჩაგვისახა გულებში.
ზემოთჩამოთვლილის გამო კარგი იქნებოდა რომანზე წერა სანტა ესპერანსული ზღაპრის პირველი სიტყვებით დაგვეწყო, აკა მორჩილაძის მიერ გამოგონილი, თურმეობითებით ნაქსოვი წინადადებით: “რაც იყო იყო, და რაც არ ყოფილა, ისიც ყოფილა”, მაგრამ ასეთი დასაწყისი შესაბამის გაგრძელებას მოითხოვდა, ახალი მითების თხზვას მაიძულებდა, არადა ამ რომანში ისედაც ბევრია მითი და ვამჯობინე სწორედ მათ მივხედო, მოკლედ ჩამოვთვალო ისინი, ვინძლო ამ მიმოხილვაში სხვა ამბებიც წამომცდეს.
პირველი, ყველაზე მნიშვნელოვანი მითია ალი ბეის ჩიბუხის ამბავი, რომელიც XVII საუკუნიდან იღებს სათავეს. 1662 წელს კუნძულებზე ფაშად ალი ბეი დამჯდარა, წარმოშობით ქართველი, არჩილიანთა დინასტიიდან, თვალდარდიანი კაცი, და ეს მითიც მის სახელს უკავშირდება. რომანის ერთ-ერთი სიუჟეტური ხაზი ამ გრძელი ჩიბუხის კვალდაკვალ ვითარდება და მოხუც ქალბატონთან, აგათიასთან მივყავართ, აგათია ციხისთავ არჩილიანთან. იგი არჩილიანთა ერთად-ერთი შთამომავალია და კუნძულების მომავალი დედოფალი. აგათიას გარშემო კიდევ ბევრი მოვლენა მოიყრის თავს, ამბები, რომლებიც ელვის სისწრაფით განვითარდება, მას შემდეგ რაც ინგლისელები კუნძულს დატოვებენ. აგათიას სახლს აფარებს თავს თბილისიდან გამოქცეული ნიკა აბაიშვილიც, კუნძულებზე ყველაზე გავლენიანი გვარის, ვისრამიანების სიძე, ვისი ცხოვრებაც კიდევ ერთი სიუჟეტური ხაზია ამ რთულად მოწნულ ნაწარმოებში.
მეორეა ბანქოს მითი, რომელსაც კუნძულებზე ინტს ეძახიან. ეს კულტურა ესპანელმა ხინეს დე პასამონტემ გაავრცელა, არქიპელაგის ნათლიამ, ადამიანმა, ვინც “სანტა ესპერანსა” დაარქვა იქაურობას. დროთა განმავლობაში ინტი ესპერანსაზე უფრო მნიშვნელოვან ფენომენად იქცა, ვიდრე რელიგია და მისდამი მიძღვნილ ფესტივალსაც ასოცდამეცხრეჯერ მართავდნენ უკვე. თავიდან ამ თამაშს “ლ`ომბრე” რქმევია თურმე, შემდეგ კი მეგრული “ინტი” დაურქმევიათ, რადგან “ძველად ყოფილა შემთხვევები, რომ წაგებული ბანქოს მიყრიდა და გაბრაზებული გარბოდა, რაც იოანელთა ტემპერამენტის ბრალი თუ იყო. ამისდაკვალად, წაგებულს დაცინვით ხშირად ეუბნებიან, ინტი, ინტიო, ანუ იმ ძველებს მიბაძე და გაიქეციო. ანდა, აშკარა მარცხის შემხედვარე მოთამაშე თავადაც ამბობს, ინტი, ანუ გავიქეციო. და საერთოდაც, ინტი იმგვარ პრინციპზე ჩამოყალიბდა, რომ თავის გადარჩენას, ანუ არწაგებას გულისხმობს.” ფერები კი თამაშში (მასტებს რომ ეძახიან) სერჯიო ლეონეს შერქმეული გეგონება, კოხტა (გული), კაი (აგური), გლახა (ჯვარი) და ავი (ყვავი).
ინტთან დაკავშირებით შეუძლებელია არ გავიხსენოთ რომანის კიდევ ერთი ხლართი, დათა ვისრამიანს რომ უკავშირდება და მისი სიყვარულის ისტორია, ვინმე კესანესთან გამიჯნურების ამბავი. აქედან უკვე კუნძულების რიგით მესამე მითოლოგემა გამოიმზირება და ეს მითოლოგემა თუ ლეგენდა მოდარდე ქალებს უკავშირდება.
აკა მორჩილაძემ, ნიცშესთან თვალის ჩაპაჭუნებით, ლეგენდას ასე უწოდა, “მუსიკის დაბადება ტალღების შხუილიდან” და მოგვითხრო რომანის ყველაზე სევდიანი და უცნაური ისტორია, რომელსაც ფესვები, ჩემი აზრით, შექსპირის “მეფე ლირამდე” აქვს გადგმული. გახსოვთ ის სცენა, ლირი რომ ეკითხება გადაცმულს კენტს, რა ხნისა ხარო? იქნებ ისიც გაიხსენოთ, რას პასუხობს კენტი, კაცი, რომელიც თავის დროზე დიდის ამბით გამოეთხოვა ლირს, იმის იმედით, რომ უცხო ქვეყნადაც იმავე კენტად დარჩებოდა, მაგრამ მაინც კი მოუწია გადაცმა… აი ეს პასუხიც: “არც ისე ყმაწვილი ვარ, რომ დედაკაცი მარტო სიმღერის გამო შევიყვაროო”. ახლა კი ნახეთ, როგორ იბადება მუსიკა ტალღების შხუილიდან და საით მიიქცევა ამ სირინოზულ ხმათა ზვირთები.
“ქალი ტალღას აყოლებდა ხმას და აყოლებდა კი არა მხოლოდ, უწყობდა კიდეც. სწორედ ისე, როგორც გალობაში უწყობენ ხმებს ერთმანეთს ქართველები. ამიტომ ქალის ხმა ეხამებოდა ზღვის ხმას და მეტიც, ტალღა თითქოს რაღაც საკრავი იყო, იმ ცოდვილ მემუსიკეთა ხელში, განცმხრომთ რომ გაართობენ ხოლმე ეშმაკეულ სახლებში. ოღონდ ზღვის საკრავი არ მუსიკობდა ცოდვილად და ქალის ხმაც, მას შეწყობილი, არ იყო წარმართთა გასართობი. ეს ხმა უსიტყვო იყო, დარდიანი, განწირული, სავედრებელი და ქალი სუნთქავდა ისე, როგორც ზღვა.”
ამ ნამღერებს სადარდოები დაარქვეს და მოდარდეებს სახეზე არავინ იცნობდა, მხოლოდ სახელით, უფრო სწორად ფსევდონიმებით უხმობდნენ: ნათელო, მათანე, ემინე, თალითო და ა.შ. საქმე იქამდე მივიდა, რომ მამაკაცები ძალიან მიიზიდა ამ სირინოზებმა, ქალი მხოლოდ ხმის გამო უყვარდებოდათ და ბევრი თავსაც კი იკლავდა: “ყოველღამ ნასმენი სადარდოები”, ყურთასმენას მოღწეული ეს გამოუვალი კაეშანი ზღვისკენ ითრევდა უცხოელებსაც და ადგილობრივებსაც. ბოლოს კი “დადგინდა ხმათა სიყვარული, როგორც მძიმე ცოდვა, მრუშობაზე მძიმე, მაგრამ ვერ აღმოიფხვრა. ტკივილმა იძალა, გრძნობამაც იძალა და გაჩნდა პირველი პოეტი ამ კუნძულზე.”
რაც შეეხება სიყვარულს, კუნძულები ვნებებითაა სავსე. აქ, გოგოსა და ბიჭის სიყვარულს შვიდი სხვადასხვა სახელი ჰქვია და სანტა სიტის თავისი მონტეკები და კაპულეტებიცა ჰყავს, ვისრამიანები და და კოსტები, რომეო და ჯულიეტად კი ალესანდრო და კოსტა და სალომეა ვისრამიანი მოჩანან (მათ ერთმანეთი 13 მაისს შეუყვარდათ, ალბათ 1981-ში, “კარლ ცაისზე” “დინამოს” გამარჯვების წელს). აქაც დაიარებიან მაგარი გოგოები, აი ისეთები “სარკეში რო გავლენ და გამოვლენ” და აქაც, ისევევ როგორც ძველ ტრაგედიებში, სიყვარული ყოველთვის შეცდომაა ხოლმე, ანდა სინანულის საგანი. მაგალითად ერთ-ერთი პერსონაჟი, ბუზია, სულ იმას დარდობს, თავის დროზე როზმარი კლუნი რატომ არ შევირთე ცოლადო (ჯორჯ კლუნის მამიდა იყო ეს მშვენიერი მომღერალი ქალი).
სიტყვა სიყვარულზე ჩამოვარდა და მოდით პოეზიაზეც ვთქვათ, მითუმეტეს თავად ავტორის სიტყვები გვაქვს დამოწმებული, “გრძნობამაც იძალა და გაჩნდა პირველი პოეტი ამ კუნძულზე”-ო. აქაურ პოეტებზე საუბარი იმ აუარება გამოცანის ამოხსნასაც გულისხმობს, რომანში რომაა გაფანტული. როგორც გითხარით, ბევრი რამ აკა მორჩილაძეს ქაღალდის სასაფლაოებიდან აქვს წამოღებული და კარგ მკითხველს დიდ სიამოვნებას მიანიჭებს ნაცნობი მწერლებისა და პერსონაჟების ამოცნობა.
ერთ-ერთი მთხრობელი ამბობს, ჩემი სახელისა და გვარის ხსენება არ მინდა, თუკი ვინმე ჩაუკირკიტდა, ისედაც მიაგნებსო. ჰოდა რომანიც სავსეა ასეთ საკირკიტო სახელებითა და გვარებით. მაგალითად ესპერანსელი პოეტი მაფეო ტანელი გიორგი ლეონიძესაც ჰგავს და ნიკო სამადაშვილსაც, ერთ გრძელ ლექსად რო დაუწერია ზღვაში ჩავარდნილი საზამთროებისა და ჭირიანი ყივჩაღების ამბავი. სუნგალების კუნძულზე კი (სუნგალები ოდესღაც მეფის მიერ გადმოსახლებული ხალხია, კახელებისა და სვანების უცნაური ნაზავი) ასეთი გამოთქმა არსებულა თურმე, “თუთა ლამის არი და სახლში შამოგვივარდესაო” (ესეც კუნძულელი ანა კალანდაძე). თბილისელი მეცნიერი, სანტა ესპერანსას მკვლევარი ვალოდია ნებიერიძე გალაკტიონსაცა ჰგავს და პავლე ინგოროყვასაც, მოჩეჩილი გრძელი წვერით დადიოდა თურმე და არავინ ჰყავდა ერთი ძმიშვილის გარდა. იგი ღვინის სარდაფების ხშირი სტუმარი იყო და საზღვრებზე წერდა.
აგათია ციხისთავი, “ჯვაროსანი და დიდი ქალბატონი” რა თქმა უნდა, აგათა კრისტია, რიდიკულით რომ პატარა რევოლვერს დაატარებს. ლამურ მოსიალურე თავიდან მოხეტიალე მელმოტს გაგახსენებს, მაგრამ შემდეგ მიხვდები, რომ ეს უფრო ჩვენი დროის ცრუ რაფსოდია, რომელიც ამბებს, ჭორებს დაატარებს და მათ დიდებულთა სუფრებზე კი არ დაამღერებს ხოლმე ჰომეროსის აედებივით, არამედ ჰყიდის ამ ინფორმაციას.
სუნგალების კუნძულის უკანმოუხედავი ღელეები, ბარათაშვილის არაგვიან არაგვს ეხმიანება. იქაური მარტია საგურამოელ მარტიას გაგახსენებთ, ილია ჭავჭავაძის ყმას, ასე კარგად რომ დაგვიხატა თავის დროზე იაკობ მანსვეტაშვილმა. ხეტიაში კი ლუარსაბ თათქარიძეს ამოიცნობთ. ეს მსუქანი, ულვაშებჩაგრეხილი კაცი გულაღმა წევს ხოლმე, “ყალიონს აბოლებს და ცას შესცქერის, თავქვეშ ამოუდია ერთი ხმარებისგან შუაზე გაწყვეტილი მუთაქა და ასევე ბატკნის ხუჭუჭა ტყავის ბოხოხიც”. ამ ხეტიასა და მარტიას ერთი დიალოგი აკამ პირდაპირ “გლახის ნაამბობიდან” წამოლალა.
ქუხილას მთამ ემილი ბრონტე გამახსენა და ერთგან ჯონ ფაულზმაც კი გაიელვა. 1891 წელს სანტა სიტიში, ტყვია გავარდნილა თურმე, ვინმე ლეგა ქარიანს ინგლისელი ლეიტენანტისთვის უსვრია, ცოლზე უეჭვიანია. თანაც დაუყვირია, “ეს ქალი ჩემი ცოლია თუ ფრაგი ლეიტენანტისაო”, რაზეც მიუგეს, “ფრანგის კი არა, ანგლეზისაო”, თუმცა კი ქარიანისთვის სულერთი იყო, “დამბაჩა და ფინდიხი არც ერთისთვის დაელეოდა”.
აქვე შეხვდებით ორჰან ფამუქსა და ბუკერის შარშანდელ ლაურეატს, დი ბი სი პიერს, თოლიას სახელად ბუ ვისრამიანსა და ჯულიან ბარნსს, პროფესორ პაგანელს “კაპიტან გრანტის შვილებიდან” და ირლანდიელ პარნელს, ირლანდიისა და სანტა ესპერანსას განმანთავისუფლებელს. ჩრდილოეთის კუნძულის დედა ესპერანსასთან დაბრუნება კი დახვეწილი ირონიით გვახსენებს აჭარის დედა საქართველოსთან დაბრუნების ისტორიას. ვინ იცის, იქნებ, ამ მოვლენის აღსანიშნავად გამართულ ნადიმზე იქაურმა აკაკი წერეთელმა გრძელი სადღეგრძელოც კი წარმოსთქვა.
სუნგალების კუნძულთანაა დაკავშირებული ნაწარმოების მთავარი სიუჟეტური ხაზიც. აღმოჩნდება, რომ ეს სხვა არაფერია თუ არა განძის კუნძული და რომანის ფინალური სცენებიც სწორედ ამ განძის გარშემო ტრიალებს. ბოლოს კი აკა მორჩილაძე ისევ თავისი კუნძულების გოთიკურ ნისლში გვხვევს და ცდილობს და კოსტათა გვარის ძველისძველი წითელი ფეხსაცმელებით დააფრთხოს ლიტერატურული სასაფლაოებიდან მოსული “პატივიანი და სარგებლიანი სულები”. ეს ფეხსაცმელები რომანის ბოლო თავში უკვე ჟურნალისტ მონიკა უსო დი მარეს აცვია და მის შესახებ წერს კიდევაც: “ოჯახური ადათით, ამ ფეხსაცმელებს მაშინ იცმევენ, როცა სახლში მოჩვენებები და აჩრდილები მომრავლდებიან. თურმე მათ წითელი ფერი არ ჰყვარებიათ. მეც ამიტომ ჩავიცვი ეს საოცარი ძალის ფეხსაცმელი, რომ სუნგალის კუნძულზე აჩრდილები დავაფრთხო”-ო.
აკა მორჩილაძემაც უამრავი აჩრდილი გამოიხმო (თავად აკაც ხომ აჩრდილია, ანარეკლი გიო ახვლედიანისა), მაგრამ ეყო ძალა, გაუმკლავდა მათ და შედეგად “ამბავთა მრავალფერხიანობით” გამორჩეული, რთულად დატოტვილი, ავტორისავე “ხელხუჭუჭით” დამშვენებული დიდი რომანი მივიღეთ, სადაც ავტორს წითელი ფეხსაცმელი ჩაუცვამს და თვალყურს ადევნებს, რომ გათამამებულმა აჩრდილებმა წიგნის, უფრო სწორად კი ჩანთის საზღვრები არ გადმოლახონ.

© “წიგნები – 24 საათი”

Facebook Comments Box