ბნელი და ნათელი
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბნელი ნათელს შეერია გეოფიზიკური აქტის შედეგად, ბერმუდის სამკუთხედის კუნძულზე. კუნძული იგი მატერიკთან სავაჭრო ქსელით აღმოჩნდა დაკავშირებული და გამორიცხული არაა, კოსმიური წყვდიადი ეგზოტიკას დახარბებული ბიზნესის გზით შემოიჭრა ცივილიზებულ სამყაროში. გამოძიებამ ეჭვი იმაზეც აიღო, რომ ბნელით მოცული ხომალდი გზად დააყაჩაღეს, რის გამოც კონტრაბანდით წამოღებულ წყვდიადს აგრესიაც შეემატა. აგრესია ყველაზე უკეთ დიდ ქალაქში გავრცელდა. ზამთარი ეშხში შევიდა. კომპიუტერს ვირუსი შეეყარა და გამოძიებას შიშველი ხელებით მოუწია ბნელს შეფარულ აგრესიასთან ბრძოლა. “იუსტასმა” დარეკა ოთხმოცდამეორე ქუჩიდან – “ცენტრალურ პარკში მოძებნეთ ის, ვისაც ეძებთო”. გამოძიება წითელ-ყვითელი ყმუილით იქით გაქანდა; სწორედ ამ დროს სამძებრო კანტორაში შუქი ჩაქრა და ვიდრე მოპარულ სინათლეს ჩართავდნენ, მაგიდიდან საძიებელი მასალა აორთქლდა. მოტყუებულ გამოძიებას ახლა არაფრიდან უნდა შეექმნა საქმე. რკინის ლოგიკა კი გააჩნდა, მაგრამ საწყისი მონაცემები აღარ ჰქონდა. ამიტომ გამოძიებამ კამათელი გააგორა და ალალბედზე გადადგა პირველი ნაბიჯი. შემთხვევით შერჩეულმა გზამ უმალ მოიხვეჭა უპირატესობა კვლევის სხვა შესაძლებლობათა მიმართ. ამან ძიების დანარჩენ ალბათობათა აღშფოთება გამოიწვია. საჩივარიც კი შეთხზეს არჩევნებში შემთხვევითი გზის გამარჯვების გამო, მაგრამ სასამართლომ უარყო მათი პროტესტი, რადგან გამოძიება უკვე დაადგა ბედ-იღბალზე გადაშლილ გზას. ყოველი ნაბიჯი ლოგიკურად გამომდინარეობდა წინამორბედისაგან და ცხადია კანონის კომპეტენციაში შედიოდა.
კონტრაბანდით შემოტანილ აგრესიასაც აზრი ძიების ამ გზისა და მეთოდის ძალით მიეცა. ამასობაში “იუსტასმა” მეორედ დარეკა, “78-ე ქუჩის 45-ე სართულზე სისხლი დაიღვრებაო”. ვიდრე ინფორმაციას გადაამოწმებდნენ, სისხლმა მართლაც გამოჟონა 45-ე სართულიდან. შემტვრეულ ბინაში იპოვეს მკვდარი სული, ფულით დატენილი ქისა და სამკაულებით სავსე ლარნაკი. როგორც ჩანს, მკვლელობა მომხდარა მკვლელობის გულისთვის და არა გაძარცვის მიზნით; ანუ გამოძიება შეეფეთა სისხლსმოწყურებულ, მანიაკალურ აგრესიას, დანაშაულს დანაშაულისთვის რომ ჩადიოდა და კაცისკვლას რაღაც თავისთავად ღირებულებად თვლიდა. არავითარი წინაპირობა და შემდგომი კვალი მსგავს სისასტიკეს არ გააჩნდა. არ არსებობდა მკვლელობის არანაირი მოტივი და მსხვერპლიც სრულიად შემთხვევითი შეიძლება ყოფილიყო. ქალაქის მთელ სივრცეში უსახურად განფენილი აგრესია როდის, რომელ წერტილში იფეთქებდა, ეშმაკმა უწყოდა. გამოძიება იმასაც გრძნობდა, თვითონაც მიზანში იყო ამოღებული და ამიტომ ვეღარ თამაშობდა საქმის მიმართ კვლევის სუბიექტის როლს. გაქცეულსა და მდევარს შორის ზღვარი წაიშალა, თვით მონადირეზეც ნადირობდნენ! კრიმინალურ ხელოვნებაში სუბიექტისა და ობიექტის აღრევა “იუსტასის” მესამე ზარმაც დაამოწმა: “თავდასხმა თქვენს კანტორაზე მზადდება და ცხენი შეკაზმული გყავდეთო”. არადა, სად ეშოვათ ცხენი ამ მანქანებად ქცეულ ქალაქში? გამოძიებამ იპოდრომს მიმართა, მაგრამ დირექტორი ვირზე შეჯდა: “ყველა ცხენი აღრიცხვაზეა, ერთ მონოლითურ კოლექტივს შეადგენს და ერთიც რომ დააკლდეს, ჯირითობას პეწი დაეკარგებაო”. გამოძიება იძულებული შეიქნა “იუსტასის” გაფრთხილება გადატანითი მნიშვნელობით გაეგო და ქალაქში ცხენების ძებნის ნაცვლად გაქცევის სხვა საშუალებებზე ეზრუნა. კერძოდ, გამოიძახეს ვერტმფრენი; კანტორის წინ აღაშენეს ზღუდე, ასაფრენ მოედნამდე კი გვირაბი გათხარეს; ამასობაში აგრესია უკვე შეიპარა მტრის ბანაკში და ერთ მშვენიერ დღეს სიძულვილმა გამოძიების გულში იფეთქა! ჩხუბი ატყდა არაფრის გამო. მგონი ერთმა მეორეს ჭიქაში ჩაუფერფლა, თუ პირიქით. აგორდა სიტყვა, დაიწყო შეხლა-შემოხლა. ციხე შიგნიდან ტყდებაო და მილეწ-მოლეწეს კანტორის კედლები, მოარღვიეს ზღუდენი. აღმავლობის ნაცვლად დეკადანსის გზას დაადგა საძიებელ აგრესიად ქცეული გამოძიება. თუმცა, ფერფლი ჭიქაში თვითრღვევის მხოლოდ საბაბი გახლდათ. ნამდვილი მიზეზი იმ შავბნელი ქალაქის ჯურღმულებში იმალებოდა, გარს რომ ერტყა გამოძიებას და თავისი პირქუში მზერით უსიამოვნო ნალექს სტოვებდა მის გულში. ავკაცობის ეს ზოგადსაკაცობრიო ფონი, როგორც ერთიანი სუბსტანცია, უშრეტად ასაზრდოებდა აგრესიის ფაქტობრივ სამყაროს. ამ სამყაროში არსებობდა ყველა; ვინც იძიებდა და ვინც იძებნებოდა. მსხვერპლი, მკვლელი და მეძებარი განურჩევლად ერწყმოდა ერთმანეთს. ყველა ერთ ქვაბში იხარშებოდა, ჯოჯოხეთის მარადჩაუქრობელ ცეცხლზე. ყოველი გახსნილი საქმე, ახალ გაუხსნელ საქმეს აჩენდა, რადგან დანაშაულის ფესვი მკვლელისთვისაც და მეძებრისთვისაც ერთნაირად მიუწვდომელი იყო. აგრესიის უზოგადესი სუბსტანცია არსებობდა დანაშაულის ფაქტებს მიღმა, ვით ამ ფაქტების მუდმივი გამომწვევი და მასაზრდოებელი. აი, რატომ მოყვა მკვდარ სულს 78-ე ქუჩაზე, ავტოკატასტროფა 127-ე ტრასაზე; ეს იყო უბედური შემთხვევა, რომელიც ტრაგედიის ახსნას თითქო თავის თავშივე მოიცავდა. მოხდა უეცარ ფაქტორთა ავბედითი დამთხვევა; მძღოლს ყურადღება გაეფანტა, მოსახვევის ჯებირი მორყეული აღმოჩნდა, ფერდობი კი ისე იყო დაქანებული, რომ გადარჩა ყველა, უკან მჯდომი მეძებრის გარდა, ალჩუზე დამჯდარი ავტობუსის ძირში რომ მოექცა.
უბედური შემთხვევის მიზეზობრივი ახსნა ვერ ცხადყოფდა, რატომ შეწყდა ასე უაზროდ ადამიანის სიცოცხლე, რომელიც იქნებ სწორედ ცხოვრების ამ ეტაპზე გასცდა დანაშაულის ფაქტობრივ სივრცეს და ავკაცობის ზოგადი სათავისაკენ მიმავალ გზას დაადგა.
ამ დიდ მისიასაც რომ თავი დავანებოთ, სიცოცხლე თავისთავად, ვით ღვთის საჩუქარი, აშკარად აღემატებოდა უეცარი სიკვდილის გამომწვევ შემთხვევათა ჯამს. უაზრო იყო სიცოცხლის შეწყვეტის ფაქტობრივი ახსნა. გამოძიებას აინტერესებდა, თუ რატომ და არა როგორ ჩაქრა მისი ერთ-ერთი პერსონაჟის მზერა. იქნებ იმიტომ, რომ ხილულის მიღმა იხედებოდა და იმას ხედავდა, რისი დანახვის ღირსიც არ იყო? არადა, მხოლოდ თვალსაწიერს იქით შეიძლებოდა ქაოსურად მიმობნეულ ბოროტებათა ერთიანი ძირის განჭვრეტა. ხილული ფაქტების სივრცეში ხომ ყოველივე შემთხვევით ხდებოდა! შემთხვევითი იყო აგრესიის აკვიატებული იდეის გამოვლენის გზა; წინასწარგანზრახულიც რომ ყოფილიყო დანაშაული, მთელი ლოგიკური ჯაჭვი განზრახვიდან მის აღსრულებამდე, ჰაერში ეკიდა, არაფრიდან გამომდინარეობდა და არანაირ ახსნა-განმარტებას არ ექვემდებარებოდა.
“იუსტასმა” გამოთქვა ეჭვი; საქმე, რომელიც აორთქლდა ჩაბნელებული კანტორიდან, შეეხებოდა არა ნივთმტკიცებებს აგრესიის ექსპორტის შესახებ, არამედ შეადგენდა მისი მეტაფიზიკური არსებობის საფუძვლებს. “იუსტასი” ამჯერად ფილოსოფიაში გადაიჭრა და გამოძიებაც სულგანაბული უსმენდა მას. თუმცა საქმის მოსპობაში მთქმელსაც და გამგონესაც ერთნაირად მიუძღოდა ბრალი, დამნაშავე არც ერთი იყო. “იუსტასი”, ბნელით მოცული აგენტი, თვითონაც შეუცნობელ ძალთა კარნახით მოქმედებდა. გამოძიებაც, იმავე ძალთა უკუღმართი ზემოქმედებით, საჭირო დროს გაიფანტა და გათითოკაცდა. ერთადერთი, ვინც დაინახა როგორ გაქრა საქმე, იმ დღიდან ფიქრებს მიეცა და ბოლოს ავტოკატასტროფაში დაიღუპა.
გამოძიების ხელთ მხოლოდ შიშველი ფაქტები აღმოჩნდა. ფაქტი იყო ისიც, რომ ზღვარი წამდაუწუმ მერყეობდა მაძიებელსა და საძიებელს შუა, ანუ გამოძიება გარედან კი არ აკვირდებოდა დანაშაულს, არამედ, როგორც მისი თანამონაწილე და თვითონაც დამნაშავე, უშუალოდ შეიცნობდა მას. ასეთი მიდგომა საგრძნობლად აფართოებდა ძიების შესაძლებლობებს, მაგრამ გამძაფრებული სინდისის ქეჯნის გამო ვერ ბედავდა მათ განხორციელებას, რადგან გამომძიებელი საკუთარ თავს ასამართლებდა და აქედან გამომდინარე, დამნაშავეს ამართლებდა.
ამიტომ, როცა აგრესიის ქალაქმა თვითმკვლელობის ზღვარს მიაღწია, გამოძიებამ კიდევ უფრო ღრმად ჩაიხედა საკუთარ სულში. მის მეხსიერებაში ამოტივტივდა არეულ-დარეული წარსულის ფრაგმენტები. ამ ეპიზოდებში აღწერითი ელემენტი სჭარბობდა სააზროვნო ინფორმაციას, მაგრამ წარსულის ეს საოცრად გაფაქიზებული ხედვა არ იყო მხოლოდ სურათი, ის განსჯას, გამოძიებას და ახსნას ითხოვდა.
როცა ზედმიწევნით ზუსტად გახსენდება ოთახის ბნელში რელიეფურად გამოკვეთილი კედელი, ფანჯრიდან დაცემული და ზედ გადასრიალებული მანქანის ჩრდილი, გრძნობ, რომ ეს არ არის მხოლოდ ბავშვობის მოგონება. რომ შეუძლებელია ასე წვრილად გახსოვდეს ის ოთახი, ის ფანჯარა, ის ჩრდილთა თეატრი კედელზე. აღქმის ის შეუცნობელი საამო მდგომარეობა, როცა მოთამაშე ჩრდილი წარიტაცებს თვალს და ძილის ბურანში ითრევს… იქნებ, არც იყო ეს ასე; იქნებ, წარსული აუხდენელ ოცნებათა ქიმერაა, რომელსაც მას ცხოვრების ობობა-ქსელში გახლართული და ფრთამოკვეთილი აწმყო მიაწერს?
გამოძიება ვერ სცემდა ამ კითხვას პასუხს. ის მხოლოდ შეიგრძნობდა, რომ მოგონებათა ტალღა თვალს კი არ ატკბობდა, აზრს აღვიძებდა. გარდასულს კი არ უბრუნდებოდა ეს აზრი, წუთიერებას აჩერებდა და უსასრულოდ აფართოებდა. ცხოვრება იყო წუთი არა ხანმოკლეობის გამო, არამედ დროის დინებიდან ცოცხალივით ამოვარდნილი და ცაში შემხტარი წუთიერების ძალით. რა იყო ფაქტების სამყარო მის წინაშე? ჩრდილთა თეატრი. ნამდვილი ცხოვრების გზა მეხსიერების ცოცხლად შერჩენილ წუთებზე გადიოდა.
გამოძიებამ ეს სურათები სამკაულივით აკინძა და ექსპერტიზაზე გადააგზავნა. ექსპერტიზამ აჩვენა, რომ მეხსიერებაში ცოცხლად აღიბეჭდა მხოლოდ კომბინირებული, გრძნობისა და გონების თანაავტორობით შექმნილი სურათები. ამიტომ გაკვეთილებს გამოპარული ქუჩა და მთაწმინდის მზით სავსე აღმართი გულსაც ანათებდა და გონებასაც. მწერალთა პანთეონიდან სათამაშო სახლებად ქცეული ქალაქი, წინგადაშლილი ცხოვრების მოლოდინით იყო სავსე. ეს მოლოდინი იქიდან აქეთ კი არ იყო მომართული, პირიქით, აქედან იქით იყო უკუფენილი და მისი სევდანარევი, ოდნავ შემღვრეული სიხარული, ამავე დროს სინანულიც აღმოჩნდა ცხოვრების ჩარჩოში ვერჩატეულ ოცნებათა გამო.
სწორედ ეს შეუსაბამობა სურვილებსა და ცხოვრებას შორის სცნო ექსპერტიზამ დანაშაულის ერთ-ერთ სათავედ. აქედან იწყებოდა სულის ამბოხება სხეულის მიმართ; სულის, რომელიც იყო ჩაკლული და არა მკვდარი, დაუშრეტელ სიბრაზედ გარდასახული თავდავიწყების წყვდიადში. ეს ზღვარდაუდებელი სიბრაზე ბევრად აღემატებოდა მის ფაქტობრივ გამომწვევ მიზეზებსა და მიზნებს და როგორც განუსაზღვრელი და შემთხვევითი, ბედისწერა უფრო იყო, ვიდრე განზრახ დანაშაული. გამოძიებას შეექმნა რწმენა, რომ ყოველ ტრაგიკულ ფაქტში შემთხვევითობა სჭარბობდა მოვლენათა მიზეზობრივ კავშირებს და შეუძლებელი იქნებოდა ამ ფაქტის განჭვრეტა და ახსნა თუ არ შევხედავდით მას, როგორც ბედის განჩინებას არასწორი ცხოვრების გამო. თითქოს არ იყო კაცი დამნაშავე იმაში, რომ შემთხვევით აღმოჩნდა იმ საბედისწერო ავტობუსის სწორედ იმ ავბედით სკამზე, მაგრამ თუ ჩავუფიქრდებით, ის თავისი ცხოვრებით სწორედ ამისკენ მიდიოდა. რა მნიშვნელობა აქვს, ავტოკატასტროფა მოუღებდა მას ბოლოს, თუ გამოუცნობი პათოლოგია სხეულის ბიოქიმიაში; ყველა შემთხვევაში განაჩენის სისრულეში მოყვანასთან გვექნებოდა საქმე, რომელიც თვითონ გამოუტანა საკუთარ თავს.
ამიტომ, ექსპერტიზამ დაასკვნა, რომ ტრაგედიის ფარულ მიზეზთა ძიებას აზრი მსჯავრის დადებამდე ჰქონდა, ვიდრე არსებობდა ამ მიზეზთა აღმოფხვრის თავისუფლება; ვიდრე ეს მიზეზები კი არ მიზეზობდნენ, გამაფრთხილებელი ნიშნებივით ჰაერში ეკიდნენ.
მაშინ ქალაქიც სხვანაირი იყო. სხვა სული ტრიალებდა მის ნათელ-ბნელ ქუჩებში. ნაჩვრეტებიანი ყველის მძაფრი სუნი ტრამვაით მგზავრობდა პროსპექტის გასწვრივ, ქვემოთ, ქაშვეთის ბაღის გაჩერებამდე. იქ ერწყმოდა ბაღის ათასფერი სურნელებით შეზავებულ ჰაერს და ჩანთაში ჩადებული ბუტერბროდის მოლოდინი სხვა გემოს აძლევდა თამაშით სავსე სიმწვანეს. ცხოვრებაში ახლადფეხშედგმულ გამოძიებას იქ უნდა ეპოვნა შეცდომის სათავე; იქ, სადაც ფეხს იდგამდა პირველი გრძნობა, სადაც უხვად შეკმაზულ, სიგემრიელით განთქმულ, ლამის შესაჭმელ თბილისურ ჰაერს ჯერ ვერ ამღვრევდა ბენზინის ნისლი. იქ, თავდაპირველი ბაღის წიაღში ცხოვრება მხოლოდ ეთამაშებოდა იმ გზას, რომელსაც მერე უკვე ვეღარ გადაუხვევდა. ეს იყო ეჭვის, ფიქრის, გამოძიების გზა, ბაღს გველივით შემოხვეული და ქალაქს აბლაბუდასავით მოდებული. გამოძიებამ ვერ დაადგინა, გულს როდის შეუძვრა და შემოეტმასნა ეს ეჭვი, როდის შეიმოსა ფიქრის სამოსელით ბედნიერი ცხოვრება. როგორ იქცა პირველი სიყვარული, ვერთქმის, გაუბედაობის, ღამენათევი ფიქრის სიმბოლოდ. და აქ გამოძიება ჩიხში მოექცა: ბაღის ბილიკმა ვერ წაიყვანა დასმული შეკითხვიდან პასუხისაკენ. ცხოვრება ჩადგა სტრიქონებს შორის. დაიმსხვრა ტალღა, ფიქრს რომ მიარწევდა ბნელიდან ნათელში. შეწყვეტილმა ძიებამ ვეღარ იყვავილა, ვერ გამოისხა სულის მასაზრდოებული ნაყოფი. სხვა საზრუნავმა გადაკვეთა და გაახმო მისი ფესვები და მისი მკვდარი, გახევებული მასალა გამოძიებას ტვირთად დააწვა. ადამიანმა იგრძნო ეს გულს შემოწოლილი სიმძიმე, განიცადა თავისი ცხოვრების შეუსაბამობა საკუთარ თავთან, მაგრამ სწორედ ამ შეუსაბამობამ, ამ სინანულმა, როგორც ახალმა ტალღამ, ახალი ბიძგი მისცა შეწყვეტილ საქმეს. და აქ გამოძიებამ აღმოაჩინა, რომ ბავშვობა თავისთავად არაფერია ზედ ფარულად წაფენილი ცხოვრებისგან ნოსტალგიური გამორჩევის გარეშე; რომ ათასფერი შესაძლებლობებით გაშლილი სიცოცხლის სათავე, აუხდენელ სურვილთა გამო ხდება ასეთი იდუმალი და მიმზიდველი, რომ სული ითხოვს ამ იდუმალებას, ამ ეფემერას, რომ წარსული დაძრას დროის რეალური წერტილიდან და იმ ოცნებებით შეავსოს, ამქვეყნად რომ ვერა და ვერ მოუძებნა ადგილი. როცა უკანმოხედვა შორეულ მოგონებაში გადადის, როცა გახსენდება ის, რაც ვერ თქვი და ვერ აისრულე, უნდა შეიგრძნო ეს არა როგორც ცხოვრების აგრესია ოცნების მიმართ, არამედ როგორც თამაში მიუწვდომელთან, როგორც დასტური, რომ არა ხარ მხოლოდ ის, რასაც იტყვი და მიაღწევ, არამედ ხარ ის, რასაც ვერ იტყვი და რაც ასე მიუწვდომლად ესახება შენს ამქვეყნიურ არსებას.
აი, ასეთი აღმოჩენა გააკეთა გამოძიებამ, საძიებელი საქმის გარშემო, საკუთარ გრძნობათა ექსპერტიზის საფუძველზე.
© “არილი”