2014 წელს გამომცემლობა “პალიტრა L”-მა გუსტავ ფლობერის ისტორიული რომანის, “სალამბოს”, გამოცემა განიზრახა. გამომცემლობის დირექტორი ქალბატონი თინათინ ასათიანი დაგვიკავშირდა “სალამბოს” პირველი ნახევრის მთარგმნელის, კარლო ქილარჯიანის, ვაჟს, ჯონდი ქილარჯიანს, და მე, მანანა გიგინეიშვილს, რომანის მეორე ნახევრის მთარგმნელს, გამოცემის უფლება გვთხოვა, რაც სათანადო ხელშეკრულებით გაფორმდა.
გუსტავ ფლობერის “სალამბო” რთული ტექსტია. რომანში აღწერილია პუნიკური ომების ეპოქა, კერძოდ, პირველი პუნიკური ომის შემდგომი ხანა, ძველი წელთაღრიცხვის III საუკუნის კართაგენის ყოფა, დაქირავებული ლაშქრის, როქის სპის, აჯანყების ჩახშობა და ამ ფონზე – ბარბაროსთა თავკაცისა და ჰამილკარის ასულის ტრაგიკული სიყვარულის ამბავი.
რომანში ასახულია აფრიკისა და ძველი აღმოსავლეთის სხვადასხვა ხალხთა და ტომთა ყოფა, ზნე-ჩვეულებანი, საომარი აღჭურვილობა, სამოსელი, ძვირფასეულობა, ნელსაცხებლები, კერძები, რელიგიური კულტის თავისებურებანი. ფლობერი ძირითადად ეყრდნობოდა რომაელ და ბერძენ ისტორიკოსთა ცნობებს: პოლიბიუსის, დიოდორეს, აპიანეს, ნეპოტის, ათენეოსის, ჰეროდოტეს, სტრაბონის, ტერტულიანეს, პლუტარქეს და სხვათა თხზულებებს. რომანის პერსონაჟის, კართაგენელთა ერთ-ერთი მთავარსარდლის, ავადმყოფობის აღსაწერად საფუძვლიანად გაეცნო არაბულ მედიცინას, აღმოსავლურ კარაბადინებს; სალამბოს სამკაულთათვის შეისწავლა თეოფრასტეს ტრაქტატი “თვალთათვის” და ეპიფანე კვიპრელის “თვალთაი”.
ბუნებრივია, ფრანგულ ენას ძველი სამყაროს ყოფის შესაბამისი ლექსიკური მარაგი არ გააჩნდა. ფლობერი იძულებული შეიქნა გამოეყენებინა ლათინური ლექსიკა და ბერძენ-რომაელ მემატიანეთა ნაშრომებში დაცული სახელწოდებები საომარი მანქანებისა, კერძებისა, სანელებლებისა, სამოსლისა და ა.შ. ფლობერის თხზულებათაგან “სალამბო” განსაკუთრებით გამოირჩევა უმდიდრესი ლექსიკით. ლექსიკის ამ მრავალფეროვნებას გარკვეული სირთულეც ახლდა. “სალამბოს” გამოქვეყნების უმალ ფლობერს თავს დაესხნენ ლიტერატორები, მეცნიერები, მათ შორის – ცნობილი კრიტიკოსი სენტ-ბევი, დოქტორი ფრენერი და სხვანი. ფლობერს, უბადლო სტილისტს, უსაყვედურებდნენ, “სალამბო” ლათინური ლექსიკონით საკითხავიაო. მწერალი ოპონენტებს არ შეეპუა და ნათელი გახადა, რომ მან ერთადერთი სწორი გზა აირჩია, რომ ძველი აღმოსავლეთის ყოფის ამსახველი ლექსიკის დიდი ნაწილი ფრანგულს არ გააჩნდა.
არქაული აღმოსავლური და ლათინური ტერმინოლოგიის ნაცვლად “სალამბოს” ქართველმა მთარგმნელებმა მოვიხმეთ სამოსის, სამკაულთა, კერძების, საკრავების, საომარი აღჭურვილობის და სხვათა ქართული შესატყვისები. დიდი შრომა დასჭირდა მათ მოძიებას. ეს სიტყვები დღეს ყოველდღიურ მეტყველებაში არ იხმარება, მაგრამ რომანში ჩვენგან 24 საუკუნით დაშორებული ეპოქა, გარდასულ ხალხთა და ტომთა ადათ-წესები იხატება და ლექსიკაც შესაბამისია საჭირო, – მით უმეტეს, რომ არქაიზმს გარკვეული მხატვრული ფუნქცია აკისრია ქართულში. ჩვენს ენას არ გასწყვეტია განვითარების ერთიანი ღერძი. დღევანდელ ქართველს სადღეხვალიო ყოფაში არ სჭირდება ის ლექსიკა, რომელსაც ქართულ “სალამბოში” მრავლად შეხვდება მკითხველი, მაგრამ ლათინურ ტერმინოლოგიას ვამჯობინეთ იშვიათი ქართული სიტყვების განმარტება შეგვეთავაზებინა მკითხველისთვის.
“სალამბოს” ფრანგულ ტექსტთან ერთად ხშირად აქვეყნებენ ფლობერისა და მისი კრიტიკოსების პოლემიკურ სტატიებს, რათა მკითხველისთვის გასაგები და მისაღები გახადონ “სალამბოს” ავტორის პოზიცია.
სწორედ ამიტომ ქალბატონ თინათინ ასათიანს, გამომცემლობა “პალიტრა L”-ის დირექტორს, გადავეცი თარგმანის ტექსტი და ვუთხარი, რომ იშვიათი ლექსიკაა, სხვას ვერ ვანდე, თვითონ ავკრიფე, თვითონვე ჩავწერე CD-ზე, რთული ტექსტია და გთხოვთ, არაფერი შემიცვალოთ-მეთქი.
პასუხად მივიღე: “აბა, რა არის რედაქტორის მოვალეობა?!” არ შევეკამათე, არ ვუთხარი, რომ რედაქტორის მოვალეობაა შეცდომის გასწორება და მთარგმნელისთვის შეთავაზება თავისი მოსაზრებისა, მთარგმნელთან შეთანხმებული მუშაობა. ეს გუნებაში მქონდა, მაგრამ ვერ ვაკადრე და პასუხად ესღა ვუთხარი: “ყოველ შემთხვევაში, უჩემოდ ნურაფერს შეცვლით”. არაფერი უთქვამს.
გამოხდა რამდენიმე ხანი და გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ერთად ცელოფანში ჩადებული “სალამბო” შევიძინე. შევიძინე და შემოვდე თაროზე “სალამბოს” წინა სამი გამოცემისა და ჩემი სსვა თარგმანების გვერდით. სრულიად დარწმუნებული ვიყავი, რაკი ჩემთან არაფერი შეუთანხმებიათ, ცხადია, თარგმანში არაფერია შეცვლილი. ამაში ოდნავაც კი არ შემპარვია ეჭვი.
2 წლის შემდეგ შემთხვევით გადავშალე “სალამბო”.
ეს იყო რომანის ერთ-ერთი თავი – “კარავში”. მასში იხატება ერთმანეთის პირისპირ დაბანაკებული ჰამილკარის ლაშქარი და ბარბაროსთა აჯანყებული სპა. ბარბაროსთა სარდალთან, მათოსთან, კარავში განმარტოებულია სალამბო. ეს თავი დაძაბული რიტმითა და თან ლირიზმით არის გამოსარჩევი. მძაფრი განცდები ერთმანეთს ენაცვლება. შესაბამისად, ლამის მაღალი და დაბალი შაირივით მონაცვლეობს რიტმი. ეს თავი თითქმის ზეპირად მახსოვს.
გადავშალე და სახტად დავრჩი. ჩემი თარგმნილი ეს მონაკვეთი ვერ ვიცანი. შემდეგ სხვაგან გადავშალე, კიდევ სხვაგან… ყველგან ერთნაირი ვითარებაა. წიგნში საშუალოდ გვერდზე 10-12 ცვლილებაა. არის გვერდები, რომლებზეც 20-25 “შეცდომის გასწორებაა”. რომანში სულ რამდენიმე გვერდია, რომლებზეც მხოლოდ 5–6 “შესწორებაა”.
ათიოდე გვერდის შედარებაც კმაროდა “პალიტრა L”-ის გამოცემული ტექსტისადმი ჩემი დამოკიდებულების გასარკვევად. თითქოს ყველაფერი ნათელი იყო, მაგრამ ისე გამაოგნა კარლო ქილარჯიანისა და ჩემს უფლებებში რედაქციის უპრეცედენტო ჩარევამ, რომ უკვე სხვა, ახლახან დასრულებული თარგმანის გამოცემასა და წინასიტყვაობაზე ფიქრი ვერ შევძელი, სანამ დეტალურად არ გავისიგრძეგანე, თუ რა დამართა გამომცემლობა “პალიტრა L”-მა ჩვენს თარგმანს.
“სალამბოს” პირველი ნახევრის მთარგმნელმა კარლო ქილარჯიანმა, უაღრესად განათლებულმა პიროვნებამ, რომენ როლანის “ჟან ქრისტოფის” სამი წიგნისა და ფრანსუა მორიაკის მთარგმნელმა, 28 წლის ასაკში ტრაგიკულად დაასრულა სიცოცხლე. “სალამბოს” თარგმანზე გაწეული მისი შრომა რომ არ დაკარგულიყო, ბოლომდე მივიყვანე მისი თარგმანი. დღეს მე მაკისრია პასუხისმგებლობა.
ჩემთვის იმდენად მოულოდნელი იყო, გამომცემლობა ასე განუკითხავად თუ მოექცეოდა გამოსაცემ ტექსტს, რომ “პალიტრა L”-ის ტექსტი მთლიანად შევუდარე ჩვენს თარგმანსა და ფლობერის დედანს. 3000-ზე მეტმა გასწორებამ მოიყარა თავი. რედაქციის არცერთმა გასწორებამ არ მომცა საშუალება მეფიქრა, რომ დედანთან სიახლოვეს ითხოვდნენ; მათმა არცერთმა ჩარევამ არ მაფიქრებინა, რომ დედანზე ხელი მიუწვდებოდათ. თან მიკვირს, ფრანგული რომ არ სცოდნოდა ეკატერინე ჭკადუას, რომელიც რედაქტორად აწერია წიგნს, როგორ ანდობდნენ რედაქტირებას ფრანგულ ლიტერატურაში თავისი სტილით განთქმული მწერლისას, განსაკუთრებით კი მის შემოქმედებაში “ლექსიკის ფოიერვერკით” გამორჩეული რომანისას?!
3000-ზე მეტი ბარათი მაქვს ამოწერილი და არაკომპეტენტურობის მეტ-ნაკლები დონის მიხედვით განხილული უცოდინრობითა და უდიერებით დაკუწული და წარყვნილი ტექსტისა. ან თქვენს თავს რა აუტეხეთ, ან მთარგმნელებს რას გვერჩოდით, ან ფლობერს როგორ აკადრეთ მისი ნაღვაწის ჩეხვა და წარყვნა?! ტექსტში ამდენ ცვლილებას ხომ დიდი ჯაფა სჭირდებოდა?! ეგ ენერგია და შემართება რაიმე სასიკეთო საქმისთვის შეგელიათ! ამდენი შეცდომა თუ იყო წიგნში, როგორ არ მოგვიბრუნეთ უკან, გამომცემლობამ როგორ იკისრა მისი დაბეჭდვა?! მით უმეტეს, რომ ჩვენი ინიციატივა არ ყოფილა მისი გამოქვეყნება.
ნუთუ არც იმან დაგაფიქრათ, თქვენამდე სამჯერ როგორ გამოიცა წიგნი, რომელშიც ამდენი “შესწორება” იყო შესატანი. არ დაინტერესდით, “სალამბოს” პირველი გამოცემის (“სალამბო” ითარგმნა 1958 წელს, გამოიცა მხოლოდ 1963 წელს, გამომცემლობებში დასაბეჭდი მასალა რიგს წლობით ელოდა) რედაქტორმა, ბატონმა ნიკა აგიაშვილმა, შესანიშნავმა მწერალმა და “დიდებულმა მექართულემ” (ასე მოიხსენიებდნენ მას) როგორ გაუხსნა გზა ამ წიგნს?! ფლობერის ხუთტომეულში როგორ შეიტანეს (1975 წელს), ანდა მესამე გამოცემის რედაქტორმა – პოეტმა, მთარგმნელმა, მეცნიერმა, ყველასთვის ძვირფასმა ვახუშტი კოტეტიშვილმა, ასე სასწორებელი თუ იყო, ფრანგული ლიტერატურის ანთოლოგიის ორმოცტომეულში 22-ე ტომად როგორ გამოაქვეყნა “სალამბოს” ეს თარგმანი?!
სამწუხაროდ, ნათელი გახდა, რომ ჩვენი ტექსტის ხელყოფით არ შემოიფარგლა გამომცემლობა. თქვენ მხოლოდ მთარგმნელებს კი არა, თავად ფლობერსაც შეუსწორეთ; ზოგჯერ მის ტექსტში მთელი აბზაცებია შეკვეცილი, ზოგი გვერდიდან რამდენიმე წინადადებაა ამოჭრილი, ზოგჯერ ჩამატებულია თქვენი შეთხზული ფრაზები, წინადადებები. გამომცემლობამ, როგორც ჩანს, მიიჩნია, რომ ფლობერს მისი “წახმარება” სჭირდებოდა. ფლობერისთვის “წახმარების” ნიმუშებს მოგახსენებთ:
ტექსტიდან ამოჭრილია წინადადება: [“მეორე დღეს, სწორედ იმავე დროს, ნაჯახის ხევში დარჩენილთაგან უკანასკნელმა დალია სული”.] ამოღებული მონაკვეთი რომანის ტრაგიკულ დასასრულს ამზადებს. ამ წინადადების გარეშე გაუგებარი რჩება, რატომ არის მათო უკანასკნელი ცოცხლად დარჩენილი ბარბაროსი, რომლის წამების სურვილით არის ატანილი კართაგენის ყველა მკვიდრი. ასეც რომ არ ყოფილიყო, ვინ მოგცათ ფლობერის ნაწერისთვის რაიმეს ჩამოკვეცის ან წამატების უფლება?!
“ბევრს იარაღის ნამსხვრევიც აღარ ჰქონდა. ისინი ზედ ახტებოდნენ კართაგენელებს და ძაღლებივით კბენდნენ”. ამ ორ წინადადებას შუაში ჩაუმატეს: “ისინი შიშველი ხელებით იბრძოდენ“. მსგავსი არაფერია დედანში!
ტექსტიდან ამოგდებულია წინადადება: “პუნიკურ სინტაგმებში აღარ გაისმოდა ჯარჩების ძახილი”. ფლობერის ტექსტშია: Au milieu des syntagmes puniques on n’entendait plus la voix du crieurs annonçant les ordres. სწორედ ეს crieurs (დამძახებელი), რომელიც ბრძანებებს გაიძახის, არის ჯარჩი. ეს წინადადება, ვფიქრობ, გაიწირა ჯარჩის გამო. ლექსიკონში ჩახედვაზე იოლი აღმოჩნდა ფლობერის წინადადების გაქრობა.
ამოგდებულია წინადადება: “ნუმიდიელთა მეფეს ისე ეწადა ჰამილკარს დასიძებოდა, რომ ეშინოდა, პირი არ შემიშალოსო, და არ ენდობოდა”. იგი ზუსტად მიჰყვება დედანს: Le roi de Numides avait trop d’interêt à devenir son fils pour ne pas s’en mefier. გაუგებარია, რატომ მიიჩნიეთ ზედმეტად ფლობერის ეს ფრაზა. მას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ნუმიდიელთა მეფისა და ჰამილკარის შემდგომ ურთიერთობაში და სალამბოს ბედის წარმართვაშიც. ასეც რომ არ იყოს, ის ფლობერს ეკუთვნის!
ახლა სხვა შემთხვევა: “სპილოს ეშვებს თირსივით შემოტმასნოდა ფოთლებიანად დაკრეფილი მტევნები”. თირსივით შემოტმასნოდა – ეს ორი სიტყვა ამოაგდეთ. მიზანი? ეს ხომ ზუსტი შესატყვისია ფლობერის ტექსტისა:Eenroulées comme des thyrses. როგორც ჩანს, თირსი გაუგებარი აღმოჩნდა თქვენთვის, მაგრამ ფლობერი ხომ მხოლოდ თქვენთვის არ წერდა?! წიგნისთვის დართულ შენიშვნებში ჩაგეხედათ, ნახავდით, რომ თირსი არის ბახუსის კვერთხი, რომელზეც ვაზის ან სუროს ლერწებია შემოხვეული. ტექსტიდან თირსი თვითნებურად მოიშორეთ, მაგრამ შენიშვნებიდან ამოღება გამოგრჩათ და წიგნის ბოლოს განმარტებულია სიტყვა, რომელიც “სალამბოს” თქვენეულ ტექსტში აღარ არის.
ერთმანეთის გასანადგურებლად დაბანაკებული ორი ლაშქრის სიძულვილი და მტრობა არის სალამბოსა და მათოს სიყვარულის ფონი. თავად სალამბოც ვერ გარკვეულა თავის გრძნობებში. მას ჰგონია, რომ სძულს მათო. ვაჟი ზღაპრულ კუნძულზე განმარტოებას სთავაზობს, ქალღმერთის რიდით უფუთნის ფეხებს, თავად ხარ ქალღმერთიო, – ეუბნება. საჭურისების გარემოცვაში აღზრდილი ქალწული მონუსხულია მისი ძალით. სამკვდრო-სასიცოცხლოდ დაპირისპირებულ გარემოში ბუკოლიკური მოტივის შემოჭრით შეგვამზადა ფლობერმა მათი სატრფიალო ვნებათაღელვისთვის: “დადუმდნენ. სადღაც შორს დაიქუხა. ავდრით დაშინებული ცხვრების პეტელი მოესმათ”. ზუსტად ასეა დედანში: Ils ne parlaient plus. La tonnerre au loin roulait. Des moutons bâlaient, effrayés par l’orage.
რედაქციისათვის, როგორც ჩანს, მოულოდნელი აღმოჩნდა ერთმანეთის პირისპირ დაბანაკენული ორი ლაშქარი და ცხვრების პეტელი. და… ერთი ხელის მოსმით გადააკეთეს ცხენების ფრუტუნად. როგორც ჩანს, პეტელი გეუცხოვათ. რა გაეწყობა, ცხვარი პეტელებს, თხა კიკინებს, ვირი ყროყინებს, ცხენი ჭიხვინებს, ბაყაყი ყიყინებს და ა.შ. ცხვარს თუ ცხენისაგან ვერ არჩევდით და პეტელს – ფრუტუნისაგან, ამ ცოდნის პატრონებმა როგორ იკისრეთ გუსტავ ფლობერის რედაქტირება?! რა საფუძველი და რა მიზანი ჰქონდა თქვენს შემართებას?! ფრანგული კლასიკის მშვენებასთან რა ხელი გაქვთ, ან ქართველ მთარგმნელთა საქმიანობაში როგორ ერევით?! დედანში ჩამხედავი რომ ყოფილიყავით, ამ კურიოზს ხომ არ დამართებდით საკუთარ თავს. დედანზე ხელი თუ არ მიგიწვდებათ, მით უფრო საკვირველია, საიდან გაქვთ ასეთი თავდაჯერება?
ვფრთხილობდი, უსაფუძვლოდ არაფერი შევკადრო-მეთქი გამომცემლობას, რომლის მიმართ დიდი კეთილგანწყობა მქონდა წიგნისკენ მკითხველის მიზიდვისა და მრავალმხრივი საქმიანობის გამო. ამიტომ რედაქციის მიერ ნაჯიჯგნ-ნასწორები ტექსტი თავიდან ბოლომდე შევუდარე ჩვენს თარგმანსა და ფრანგულ დედანს. არცერთი თქვენი გასწორება დედანს არ ეთანხმება. კი მაგრამ, ფრანგული თუ არ იცოდა ქალბატონმა ეკატერინე ჭკადუამ, უმდიდრეს ფრანგულ ლიტერატურაში სტილის საოცრებით გამორჩეულ მწერალს როგორ ანდობდით? თუ იცის, ამდენ დაკლება-წამატებაში ერთხელ მაინც ხომ უნდა გაეთვალისწინებინა დედანი?! სად იყავით, ბატონებო, რედაქტორი მოიქცა თავისი ცოდნისა და გუნება-განწყობის შესაბამისად, მაგრამ მთელი რედაქცია ამ ერთი ქალბატონის იმედად არის დარჩენილი?
მივყვეთ რედაქტორის ნაჯაფ-ნამუშევარს: ქართული ტექსტი – “აკაციის ვარჯში გახლართულიყო აყირო, ვარდნარს შორვალა შერეოდა, ათასგვარი სარეველა გადაბლარდნოდა ერთმანეთს, ფანჩატურები გაჩენილიყო”, – ზუსტი თარგმანია დედნისა: Des coloquintes montaient dans le branchage des canéficiers, des asclépias parsemaient les champs de roses, toutes sortes de végétations formaient des entrelacement des berceaux. რას იზამთ, coloquintes არის აყირო, champs de roses ვარდნარია, asclépias არის შორვალა. თქვენ აყირო შეცვალეთ სხვა მცენარეებით, შორვალა ჩაანაცვლეთ სარეველათი, მაგრამ მომდევნო წინადადებაში დაგხვდათ სარეველა. ორი სარეველა ერთმანეთის გვერდიგვერდ მეტისმეტი იყო. ამიტომ “თქვენი სარეველა” დატოვეთ და “ფლობერის სარეველა” გაწირეთ, ამოაგდეთ წინადადება: “ათასგვარი სარეველა გადაბლარდნოდა ერთმანეთს”.
ფლობერის, სტილით გამორჩეული მწერლის, ოსტატობა უმდიდრესი ლექსიკით არ შემოიზღუდება. კარვის ეპიზოდში, როცა ბარბაროსთა თავკაცი მათო განმარტოებული აღმოჩნდება ქალღმერთად წარმოსახულ თავის სატრფოსთან, ის ხან პირგამეხებულია და რისხვას აფრქვევს, ხან ბავშვივით ნაზია და სათუთი. მისი განწყობილების შესაბამისად მათოს ნათქვამს რიტმი იმორჩილებს, რიტმი წარმართავს: “შიშველი ხელით ვირიდებდი მოღერილ ჰოროლთ, გაფრენილ რაშებს [ვიურვებდი] თავის დადრეკით. მე ვერ შემარყევს ფილაკვნიდან ნატყორცნი ლოდი”. თქვენ რიტმი რომ გეგრძნოთ, ვიურვებდის ნაცვლად არ დაწერდით: ვიმორჩილებდი. მიხვდებოდით, რომ აქ ზედმეტი მარცვალი არ იყო საჭირო. არადა, რა დაგიშავათ გაფრენილი რაშების დაურვებამ? რით ჯობს მას დამორჩილება?
შემდეგ მათო განაგრძობს: “ზოგჯერ შენი [ტანის მიმოტანა,] შენი სამოსის ნაკეცთა გახსენება წამიტანს, შემომებურვის, შენი თვალები მეზმანება ისართა ცეცხლში, მოზარნიშულ ფარებში, შენი ხმა მეყურება წინწილების ხმიანობაში! მიმოვიხედავ, არსად ხარ და… მტერს ვეკვეთები!” ტანის მიმოტანა არ მოგეწონათ, სხეულის ნარნარად შეცვალეთ. ეგებ მე სხეულის ნარნარი არ მომწონს?! მოზარნიშული ფარებიც (dorure des boucliers ) დაუწუნეთ ფლობერს და ამოაგდეთ, ასევე ამოაგდეთ წინწილების ხმიანობაც (retentissement des cymbales).
“ქალმა [გარდუვალის სიახლოვე იგრძნო, თავს დასძლია,] ზაიმფისკენ წაიწია დ ხელით წაეპოტინა”. კვადრატულ ფრჩხილებში რაც არის ჩასმული, თქვენ თავიდან მოიცილეთ, თუმცა იგი ზუსტი შესატყვისია დედნისა: qu’elle touchait à un moment surprême, irrevocable. გარდუვალის სიახლოვის წაშლამ გააფერმკრთალა, გაამარტივა სალამბოსა და მათოს ურთიერთობა. ჰამილკარის ასულს ტრფობის ალი სწვავს. ფლობერი სალამბოს მზერით დანახულ ჭაბუკს გვიხატავს: “ხელები აღმართა. ხეთა ვარჯში გახლართული ფათალოს ლერწებივით დასჩენოდა ძარღვები. ოფლი ღვარად სდიოდა დაკუნთულ მკერდზე. ბრინჯაოს სალტეებიან ქამარში გამომწყვდეული გვერდები მძიმე სუნთქვისგან ებერებოდა. სარტყლიდან მარმარილოზე უფრო მაგარი ღვედები სთრევდა მუხლებამდე. საჭურისებს ჩვეული ქალწული გააოცა მისმა ძალამ, გაიფიქრა – ქალღმერთის მოვლენილი რისხვა თუა ან მოლოქის წყრომა, თან რომ მდევს და… ლაშქარს თავს რომ დასტრიალებსო”. ამ მონაკვეთში ფლობერი მათოს სახელსაც კი არ ახსენებს, ზმნებს ახვავებს მხოლოდ, მაგრამ მკითხველმა იცის, ვინ აღმართა ხელები, ვის აჩნდა ძარღვები, მძიმე სუნთქვისგან ვის ებერებოდა გვერდები. მოგახსენეთ, სახელს არ ახსენებს მათოსას და, მით უმეტეს, არ მოიხსენიებს მას მთავარსარდლად. ძლევამოსილი მთავარსარდლის, ჰამილკარის, ასულისთვის მათოს მთავარსარდლობა კი არ არის მომხიბვლელი, – საჭურისების გარემოში აღზრდილი ასული სწორუპოვარ ვაჟკაცს ხედავს მისი სახით. მწერალი რომანის ამ მონაკვეთში სალამბოს აღქმაში ერთმანეთისგან გაუმიჯნავ მოლოქის მამაკაცურ საწყისს და რეალურ ჭაბუკს ხატავს. თითქოს არაფერი განსაკუთრებული, თქვენ ამჯერად სულ ერთი სიტყვა – მთავარსარდალი ჩაამატეთ თხრობაში. რედაქტორმა მწერლის ჩანაფიქრი ვერ გაითვალისწინა და ეს უფაქიზესი და უძლიერესი ეპიზოდი, გარდასული ეპოქის ადამიანის სულის მიმოხრის მაუწყებელი, – გაფერმკრთალდა.
კარვის ეპიზოდში ფლობერი კვლავ გვესაუბრება მათოს შესახებ, თან ისე, რომ, არათუ მთავარსარდალს, მის სახელსაც კვლავ არ ახსენებს და ისევ საგანგებოდ მოიხმობს ზმნებს, მოქმედების ენერგიით მუხტავს თხრობას: “ჩაიმუხლა, მკლავები წელზე შემოაჭდო, თავი გადაუქანდა, მისი ხელები აფათურდა ქალწულის სხეულზე. ყურში გაჩრილი ოქროს რგოლები უელავდა გარუჯულ ყელზე. თვალებში მსხვილი ცრემლი ჩაუდგა, [ვერცხლის ბირთვებისდარი.] ნეტარებით ოხრავდა, გაუგებარ სიტყვებს ბუტბუტებდა, ნიავის უნაზესს და ამბორის უტკბესს“. მთელ ამ აბზაცში ერთხელაც არ არის ნახსენები მათო, მაგრამ ნათელია, ვისზეა საუბარი. თქვენ ფლობერს კიდევ ერთხელ “წაეშველეთ”, ამ მონაკვეთშიც ჩაამატეთ მთავარსარდალი და რატომღაც წაუშალეთ ვერცხლის ბირთვებისდარი ცრემლები. ეს ხომ ფლობერის მიერ შექმნილი ხატია: მზიური ღვთაების განმასახიერებელი გმირი ჭაბუკი ვერცხლის ბირთვებისდარი ცრემლებით. არ ვიცი, რა გქონდათ მიზნად, რატომ გაისარჯეთ, რატომ იყო აუცილებელი ამ ეპიზოდში მათოს მთვარსარდლობის კვლავ ხსენება. ნუთუ ვერ დაიოკეთ ფლობერის ჩანაფიქრში ჩარევის სურვილი? თუ საერთოდ ვერ მიუხვდით ჩანაფიქრს?
იმავე მონაკვეთში ფათალოს ლერწებივით დასჩენოდა ძარღვები შეცდომად მიიჩნიეთ და ასე გაასწორეთ: სუროს ღერებივით დასჩენოდა ძარღვები. ფათალო რატომ დაიწუნეთ? სურო და ფათალო ერთი და იგივეა. სუროს კახეთში ფათალოს უწოდებენ. ეს სიტყვა სუროს გვერდიგვერდ იხმარება და დამკვიდრებულია სალიტერატურო ქართულში. ვინ აკრძალა ფათალო? რაც შეეხება ლერწს, ლერწი ვაზთან ერთად ითქმის ყველა მცენარის დახვეულ რტოზე. მაგრამ თქვენ ლერწი შეცვალეთ ღერად და არა ღეროდ. ღერი სხვაა და ღერო – სხვა. ღერო მაინც დაგეწერათ, თუ ასე აუცილებლად მიიჩნიეთ შეცვლა. ნუთუ არც ის იცით, რას ნიშნავს თმის ღერი, ერთი ღერი შეშა, ასანთის ღერი? თქვენ რაც გუნებაში გქონდათ, იმას ღერო ჰქვია ქართულად. ლერწი ჰგავს სისხლის ძარღვებს და კარგი შედარებაა, ღერი – არა.
მათო მიმართავს სალამბოს: “თუ გსურს, მოუხმე მამაშენს და [მთელ სპას მამისას,] უხუცესთ, მდიდართ, შენს დაწყევლილ ხალხს. სამასი ათას კაცს ვმბრძანებლობ, კიდევ მეტს მოვხვეტ ლუზიტანიაში, გალეთსა და უდაბნოთა ვრცელ ტრამალებში. შენს ქალაქს აღვგვი, ტაძართ დავწვავ! ხომალდები სისხლის ზვირთებში იტივტივებენ! სპა დამელევა? მთით მოვრეკ დათვებს, [მხეცთ მოვლალავ,] ლომებს მოვდენი! გაქცევას [ნუ ლამობ,] შემომაკვდები!” აქაც ფლობერის პროზის რიტმი! კვადრატულ ფრჩხილებში ჩასმული ფრაზების ამოღება არ იკმარა რედაქტორმა, თითქოს უმნიშვნელო ცვლილებები შეიტანა, ნართანიანი მრავლობითი ებიანით შეცვალა, ნუ ლამობ წაშალა და მის ნაცვლად ჩაწერა: ნუ ცდილობ, მაგრამ რიტმი, დაძაბული რიტმი, რომლის საშუალიბითაც მათოს პიროვნებას წარმოგვისახავდა ფლობერი, – ჩაიფერფლა, ჩაიფუშა. ნუთუ რიტმმა არაფერი გითხრათ? გარდა ამისა, ქვას არ დავტოვებ რომ შეცვალეთ ასე: ქვას ქვაზე არ დავტოვებ, – და ამას მოჰყვება არც სახლს, არც პალმას, – არ დაფიქრდით, რომ “ქვას ქვაზე არ დავტოვებ” კი არის ქართულისთვის ბუნებრივი გამოთქმა, მაგრამ ამას სახლი და პალმა მოსდევს. ასეთ კონტექსტში იგულისხმება “სახლს სახლზე არ დავტოვებ, პალმას პალმაზე”, – რაც არ არის კარგი ქართული. წაგეშალათ, სახლი და პალმა, რამ დაგატოვებინათ, თქვენ ხომ გეხერხებათ წაშლა. თქვენ ხომ თქვენი გუნება-განწყობისამებრ კრიჭეთ ქართული თარგმანი კი არა მხოლოდ, არამედ ფლობერიც. აქ ყველაფერი, რაც წაშალეთ, ფლობერისა იყო. ეს ორი სიტყვა რა გაგიხდათ, მათ წაშლას რა ედგა წინ?!
ამ მონაკვეთიდან მხეცთ მოვლალავ ამოიღეთ. საერთოდ სხვაგანაც ყველგან, სადაც შეგხვდათ, ამოაგდეთ ეს ზმნა. თქვენ თუ სიტყვა არ იცით, ან არ მოგწონთ, – ეს არ უნდა გაძლევდეთ უფლებას, რომ ეს სიტყვა ქართული თარგმანიდან განდევნოთ.
შემდეგს მივხედოთ: “გადაფითრებული და მუშტებშეკუმშული მათო გასაწყვეტად გამზადებული ქნარის ძალივით აცახცახდა, მუხლთ მოეკვეთა, ქვითინი ახრჩობდა“. ფლობერმა კვლავ მძაფრი ენერგიით დამუხტული ზმნები მოიხმო. თქვენ ეს მონაკვეთი მდორე თხრობად გადააკეთეთ. ჯერ ჩაამატეთ უეცრად (“მუხლთ მოეკვეთას” წინ), რაც სრულიად ზედმეტი და უადგილოა; ასევე ქვითინს წაუმატეთ ყელში მომდგარი. თქვენ იმდენი ცვლილება შეიტანეთ კარლო ქილარჯიანისა და ჩემი სახელით გამოქვეყნებულ თარგმანში, – თანაც ჩემთან შეუთანხმებლად, ჩემგან ფარულად, – თითო-ოროლა სიტყვა რა სახსენებელია, მაგრამ ეს იმის ნიმუშად მოვიხმე, რომ თხრობა გააღარიბეთ, აზრის დინამიკა შეანელეთ. ნაწარმოებიდან წინადადებებისა და ზოგჯერ აბზაცების ამოგდებით რიტმი არაერთხელ დაურღვიეთ მწერალს, რომლის პროზაში რიტმს უდიდესი როლი ენიჭება, – მწერალს, რომელსაც პროზის რიტმის თაობაზე თავისი თეორია ჰქონდა.
შემდეგი: “ჭაბუკმა დაუკოცნა ხელის თითები, მკლავები, ფეხები, [მიესიყვარულა გრძელ ზილფებს ასულისას]. ფრჩხილებში ჩასმული ფრაზა ამ წინდადებას კუდივით მოაკვეცა რედაქტორმა. ასეთი რამ აღარ მიკვირს, მაგრამ მან ჩამონათვალი – ხელის თითები, მკლავები, ფეხები – შეცვალა ასე: მკლავები, ფეხები, ხელის თითები. ვერ გავიგე, ვერ მივხვდი, რა აზრი ჰქონდა ხელის თითების გადასმას ჩამონათვალის ბოლოს. ეგებ დედანშია ასეთი თანმიმდევრობა და ამჯერად ერთხელ მაინც გაისარჯა-მეთქი, ვიფიქრე, მაგრამ არა, ფრანგულშია: les doigts de sa main, les bras, les pieds.
მათო მიმართავს ჰამილკარის ასულს: “წაიღე ზაიმფი! რად მინდა იგი! მეც თან წამიტანე!” რედაქციამ, როგორც ჩანს, იფიქრა, რომ შემეშალა, მათო უსულო საგანი მეგონა, ის კი ადამიანია და გამისწორა: მეც თან წამიყვანე!
მათო განაგრძობს: “სპას მივატოვებ, ყველაფერს გავემიჯნები! კადისის იქით, ზღვით ოცი დღის სავალზე, ფრინველთ საბუდარი კუნძულია, ოქროს ქვიშითა და მწვანით დაფარული. სურნელს აფრქვევენ მთის ვეება ყვავილები და ირწევიან მარადიულ საგუნდრუკესავით. კედრის უმაღლეს ლიმონთა ძირას უნასები დასარსალებენ და ალმასებით მოკენჭილი ხახით ბერტყავენ მოლზე ნაყოფს. ჰაერი ისე მსუბუქია, რომ სიკვდილი უძლურია იმ მხარეში. მივაკვლევ იმ კუნძულს! ქარაფებში შეთხრილ ბროლის მღვიმეში დავბინავდებით. არავინ მკვიდრობს იმ კუნძულზე სულიერთაგან და მე მეუფე ვიქნები მისი!”
ამ პატარა მონაკვეთში უნასი გველით შეცვალეთ, მოლი – მდელოთი, ქარაფები – კლდეებით, ვეება – ვეებერთელათი; ხოლო დასარსალებენ შეცვალეთ ასე: დასრიალებენ. რატომ იყო აუცილებელი ეს ჩასწორებები? გველის მოძრაობას სარსალიც ჰქვია და სრიალიც, ოღონდ ერთმანეთისგან განსხვავებულია ეს ორი მოძრაობა. ამაზე არ დაფიქრებულხართ, მაგრამ ამ მონაკვეთში სხვა რამ არის უფრო სავალალო:
მათო ნატრობს ზღაპრულ გარემოში სალამბოსთან განმარტოებას, ახსენებს უკაცრიელ კუნძულს, სადაც რძისფერ უნასებს ალმასებით მოკენჭილი ხახა აქვთ. ძნელი მისახვედრი არ უნდა ყოფილიყო, რომ ალმასი კბილის მეტაფორაა. მათო ოცნებობს ზღაპრულ კუნძულზე, სადაც გველებს ალმასები აქვთ კბილებად. რას ერჩოდით მოკენჭილს? მის ნაცვლად რამ დაგაწერინათ მოკირწყლული?! კირი და წყალი რომ არის მის ფუძეში, – ამას მაინც უნდა დაეფიქრებინეთ. მოკირწყლვა კირთან და წყალთანაა დაკავშირებული. გზის მოპირკეთებასთან, მოკირწყლვასთან ხომ არ გვქონდა საქმე? ამ ჯადოსნურ გარემოში რამ შემოგატანინათ მოკირწყლული?! თანაც ალმასებით მოკირწყლული?!
კარვის ეპიზოდს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება რომანის ორი გმირის სახის გახსნაში. სალამბოს, თავის გაუცნობირებელ მიჯნურთან განმარტოებულს, მიაჩნია, რომ მათოს სახით მოლოქის, მზიური ღვთაების, დამთრგუნველი ძალა ბატონობს მასზე. კარავში მათოსთან სატრფიალო ვნებათაღელვისას რომანში ვკითხულობთ: მოლოქ, შენ მწვავ! რედაქტორი რემარკას უმატებს: თქვა ხმადაბლა. იმდენი რამაა რედაქტირებისას წაშლილი თუ დამატებული, რომ ეგებ არც ღირდეს ამ ერთ ჩანართზე ყურადღების შეჩერება, მაგრამ რედაქციის ეს ჩართვა კიდევ ერთხელ ავლენს სარედაქციო ტექსტთან სრულიად გაუაზრებელ დამოკიდებულებას. საქმე ისაა, რომ ფლობერი გარდასული ეპოქის ადამიანთა ფსიქიკას გვიხატავს. მათოს მთვარის ქალღმერთთან, ტანიტთან, ჰყავს გაიგივებული სალამბო, სალამბოს კი მათო მზის ღმერთის, მოლოქის ხატებად მიაჩნია. ბარბაროსთან სტრფიალო ვნებათაღელვას აღწერს ფლობერი. ტანიტის რიდე ჩამოიშალა და შებურა სალამბო. ამ დროს მოლოქ, შენ მწვავ! – ეს გაისმის კარავში თუ სალამბოს ფიქრია, არ ჩანს ტექსტში. ამას მოჰყვება; “მისი სხეული ჯარისკაცის კოცნამ დაფარა, ცეცხლის უფიცხელესმა კოცნამ. ქარიშხალმა აიტაცა, მზის ძალამ დაატყვევა სალამბო”. ფლობერის ჩანაფიქრში თქვენმა ჩართვამ – “თქვა ხმადაბლა” – ეს დაძაბული სცენა – რეალობისა და წარმოსახვის, ქვეცნობიერისა და ზეგრძნობადის ზღვარზე ასახული, – მოსპო, წაახდინა. რაში დაგჭირდათ, რაღაც აზრი ხომ უნდა ჰქონდეს თქვენს ამ ჩარევას?! ტექსტისთვის თქვენი ფრაზების დამატებისაგან ისევე ვერ იკავებთ თავს, როგორც ფლობერის უამრავი წინადადების მოშორებისგან!
ფლობერს სალამბო თანდათან გადმოჰყავს რეალობაში და ათქმევინებს: “დახე, როგორი ყოფილა ეგ საოცარი კაცი, კართაგენს რომ რისხვად დაატყდა.” და თავად ფლობერი დასძენს: “გაიფიქრა სალამბომ”. როგორც ხედავთ, როცა საჭიროდ მიიჩნია, მწერალმა თქვენი ჩარევის გარეშე მოახერხა თავისი რემარკის ჩართვა.
განვაგრძოთ: “ისეთი შიშისმგვრელი იერი ჰქონდა, რომ სალამბო გაილურსა”. ეს არის თარგმანი ფრანგული წინადადებისა: Elle fût immediatement comme cluée sur ses talons. სიტყვასიტყვით იქნება: ქუსლებით მიელურსმნა (იგულისხმება: ერთ ადგილს მიელურსმნა). ვთქვათ, არაადეკვატურად მიიჩნიეთ გაილურსა, მაგრამ მის ნაცვლად რამ დაგაწერინათ : თავი დახარა?!
“მეგზურმა მუჭით ოქრო წაუჩვენა“. ეს წინადადება გვაუწყებს, რომ სალამბოს მეგზური შეეცადა მეფუნდუკე დედაკაცი დაეყოლიებინა მათთვის სამსახურის გაწევაზე. გასწორდა ასე: “მგზავრმა მუჭით ოქრო უჩვენა”. თითქოს არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ სალამბოს მგზავრი კი არა, მეგზური, გამყოლი, გზის გამკვლევი ახლდა. არ მესმის, რატომ უნდა მოგინდეთ ამ კონტექსტში მეგზურის მგზავრად შეცვლა. წაუჩვენა არ არის იგივე, რაც უჩვენა. ქართულში ზმნისწინს სემანტიკური დატვირთვაც აქვს. წაუჩვენა ნიშნავს, რომ აჩვენა და შეაძლია, შეახარბა, მოანდომა.
მათოს სალამბოს მსახურების, მის წინაშე თავის დამდაბლების სურვილი აქვს: “მტვერი მოაცილა სალამბოს კოთურნებს”, – ასეა ფლობერთან. თქვენ კოთურნი ისე შეცვალეთ სამოსით, რომ დედანში არ ჩაგიხედავთ. ბევრგან, სადაც კოთურნი შეგხვდათ, შეცვალეთ, ან ამოაგდეთ. ამჯერად სამოსით კი ჩაანაცვლეთ, მაგრამ კოთურნი სამოსი, ანუ ტანსაცმელი არ არის, კოთურნი ფეხსაცმელია. რომაული კულტურის, რომაული ეპოქის შესახებ ლამის წიგნს ვერ ნახავთ, კოთურნი რომ არ იყოს ნახსენები. “სალამბოსთვის” დართულ კომენტარებში მაინც ჩაგეხედათ, ნახავდით, რაც არის კოთურნი. წიგნს დართული განმარტებების რედაქტირება ისედაც გმართებდათ.
განვაგრძოთ: “შემცივნებული ქალი ათრთოლდა. [ჰაერმა დასცადა]”. რედაქტირებული ტექსტიდან ჰაერმა დასცადა ამოღებულია. მიზეზი გაუგებარია. გეუცნაურათ? მე კი მგონია, რომ ეს არის დედნის – le grand air l’élourdissaient – შესატყვისი შესანიშნავი ქართული იდიომა. ფრანგულშიც იდიომაა მოხმობილი. სიტყვასიტყვით იქნება: დიდმა (ბევრმა) ჰაერმა დაამძიმა. სწორედ ამას გადმოსცემს ხსენებული ქართული იდიომა, რომელიც რედაქციამ მოიცილა.
“სალამბო დარბაზის ერთ კუთხეში მიგდებულ [ყაჯარზე მიწვა წასაძინებლად]“ ამ წინადადებამ სახე იცვალა: ” … კუთხეში დაგებულ ქვეშაგებზე მიწვა დასაძინებლად“. დედანშია: Elle s’endormit sur les caparaçons des chevaux dans un coin de la salle. სწორედ Le caparaçon – არის ყაჯარი, იგივე თოქალთო, იგივე ჩული – ცხენის ზურგზე გადასაფარებელია და არა – ქვეშაგები (!). გარდა ამისა, წასაძინებლად სხვაა და დასაძინებლად – სხვა. ფრანგულში ეს არ არის გარჩეული, თუ არ დაემატა en peau (ცოტა, ოდნავ). ქართულს აქვს ზმნისწინით სემანტიკური ელფერის გამოხატვის უნარი. დაიძინა, წაიძინა, ჩაიძინა, მიიძინა, გამოიძინა – ყველა სხვადასხვას ნიშნავს. ამ კონტექსტში, როცა მცირე ხნით გზად შეისვენეს სალამბომ და მისმა მეგზურმა, წაიძინა უფრო შესაფერია, ვიდრე დაიძინა. მაგრამ რას იზამთ, გაუსწორებლად ხომ არ დატოვებდით!
“შეღამების ბინდბუნდში შენიშნეს შეუმტკიცავი ქვით ნაშენი ყორე”. შეუმტკიცავი ამოგიღიათ და დაგიტოვებიათ ქვით ნაშენი ღობე. ფრანგულ დედანშია: un enclos de pierres seches, რაც სიტყვასიტყვით არის: “მშრალი ქვის ყორე”. ქართულად ამას ჰქვია შეუმტკიცავი ქვის ყორე ან შეუმტკიცავი ყორე. გარდა ამისა, ყორე და ღობე არ არის ერთი და იგივე. ყორე ქვისაა, ღობე – ხის, წკნელის, მავთულის, ცოცხალი მცენარეების და ა.შ..
მალემსრბოლმა ბარბაროსებს მოუტანა ტუნისელების გამოგზავნილი ჭილის გრაგნილი. თარგმანში ვკითხულობთ: “ბერძენმა მას ხელიდან გამოგლიჯა ფინიკიური წარწერებით აჭრელებული ჭილის გრაგნილი“. რედაქცია ასწორებს: ჭილოფის გრაგნილი. ჭილოფი არ არის ის, რაც შეიძლება იყოს ფინიკიური წარწერებით აჭრელებული. დედანში რომ ჩაგეხედათ, – ამ კურიოზს ასცდებოდით: Le grec lui arracha des mains un rouleau de papirus chargé d’écritures phéniciennes. ჭილი არის მაღალი ბალახი, რომლითაც ჭილოფს წნავენ. მაგრამ გარდა იმისა, რომ ჭილი ჭილოფის დასაწნავი ბალახია, ქართულად ჭილი ეწოდება პაპირუსს. ფრანგულ ტექსტში papirus წერია. თქვენთვის რომ ფრანგული დედანი ყოფილიყო ორიენტირი, ხომ მიხვდებოდით, რომ ჭილის გრაგნილი, თანაც ფინიკიური წარწერებით აჭრელებული, – პაპირუსი ყოფილა. საკვირველია, ჭილ-ეტრატის გრაგნილი, ხელნაწერთა ცენტრში რომაა დაცული, არ გაგიგონიათ? ამ ცოდნის პატრონები თითო გვერდზე 10-12 “შეცდომას” და ბევრჯერ 20-ზე მეტსაც უსწორებთ ფლობერსაც და მის ქართველ მთარგმნელებსაც! ეს ყველაფერი თუ ეკატერინე ჭკადუას ნახელავია, ისინი რას ფიქრობდნენ, ვინც ფლობერი ჩაუგდო მას ხელში?! იმ ოთხ პიროვნებას, სარედაქციო ჯგუფის სახელით ხელს რომ აწერთ “სალამბოს” გამოცემას – ზურაბ აბაშიძეს, თინათინ ასათიანს, დავით ორაგველიძეს, მანანა ჯანელიძეს – რაღაც მოვალეობა, რაღაც პასუხისმგებლობა ხომ გეკისრათ? როგორ დაუშვით, რომ თქვენმა რედაქციამ ასე შეურაცხყო ფლობერი, ასე შებღალა ჩვენი თარგმანი?!
ფლობერი კართაგენის გარემოცვას აღწერს: “მარცხენა ხელით ფარები ჩამოემხოთ მუზარადებზე და ისე მიტმასნოდნენ ერთმანეთს, [რომ კუთა გროვას ჰგავდნენ] .მკითხველმა უკვე იცის, რომ კვადრატული ფრჩხილებით მონიშნული მონაკვეთი წაშლილია “პალიტრა L”-ის გამოცემაში. კუ რომაული ლაშქრის ერთ-ერთი საბრძოლო წყობა იყო. ცალ ფეხზე ჩაჩოქილი მეომრები მუზარადზე ფარებს ჩამოიმხობდნენ და ასე შემჭიდროებულნი თავზევით, ფარებზე, ცხენოსანი მხედრის ჯირითსაც კი უძლებდნენ. ერთმანეთთან მიჯრილი ფარები კუს ბაკანს ჰგავდა, აქედან – ილეთის სახელწოდება. ვთქვათ, გაგაოცათ ბრძოლის ველზე კუს ხსენებამ, მაგრამ თქვენ რაც გიკვირთ და არ იცით, იმას ფლობერს როგორ უსწორებთ! დედანშია: Qu’on aurait dit un assemblage de grand tortues. ამ ილეთის ჩართვით მწერალმა კართაგენის საბრძოლო წყობაში რომაელთა გავლენაზეც მიგვანიშნა.
მე აქ ერთი სიტყვის შესახებ მოგახსენეთ, მაგრამ ამავე გვერდზე გამოტოვებულია: “გალავანზე რომ უკეთ აცოცებულიყვნენ, ახმახები წინ მიდიოდნენ, დაგვაჯულები უკან მიჰყვებოდნენ”. ისევ ამ გვერდზე ფლობერს წაართვეს მთელი აბზაცი: “გარემოცულნი თვითონ ანგრევდნენ ქონგურებს. კედლის ნაშალი ცვიოდა და მტვრის კორიანტელს აყენებდა. მიწაყრილიდან გრუხუნებდნენ ფილაკვნები. გატყორცნილი ლოდები ერთმანეთზე ილეწებოდა და ღორღი აწვიმდა მებრძოლთ”.
ასე და ამაზე ბევრად მეტად ნაკლული გვერდები უამრავია, ყველა აღნუსხული მაქვს, მაგრამ მკითხველის სულგრძელი მოთმინებით არ მინდა ვისარგებლო.
როგორ უნდა გაკადნიერდეს ადამიანი, რომ ფლობერის რანგის მწერალს ტექსტის “შესწორება” შეჰკადროს! მაგრამ, როცა მწერლის ტექსტის შემოკლება, წამატება, გადასხვაფერება ავლენს ამის მოქმედთა თვალსაწიერს, ცოდნის დონეს და უკმეხ, სრულიად უსაფუძვლო სითამამეს, – ეს კიდევ სხვა რამაა. ამის ანალიზი მკითხველისთვისაც და საერთო საქმისთვისაც ალბათ საჭირო და სასარგებლო უნდა იყოს. ის, რაც ამ რედაქციამ ჩაიდინა, სერიოზული ავტორიტეტის მქონე გამომცემლობას, “პალიტრა L“-ს, არ ეკადრება.
შემდეგი: “თითბრის საყვირებში ჩასძახეს, რომ ამიერიდან კართაგენელთა და ბარბაროსთა შორის აღარ არის არც ნდობა, არც სიბრალული, არც კაცი, არც ღმერთი.”, საყვირებში ჩასძახეს რედაქციამ შეცვალა ასე: საყვირებში ჩაბერეს. ამდენი თვითნებობიდან კვლავ ერთ სიტყვაზე ვამახვილებ მკითხველის ყურადღებას: საყვირს ჩაბერავდნენ, როცა მისი დგერა (ასე ეწოდებოდა საყვირის ხმიანობას) სურდათ. ამისთვის ჰქონდათ აგრეთვე ბუკი და ნაღარა. ხოლო, როცა ტექსტი იყო გასახმიანებელი, როცა ხმის გარკვეული მიმართულებით წარმართვა ან გაძლიერება იყო საჭირო, მაშინ ჩასძახეს არის სწორი. სიტყვა საყვირის ეტიმოლოგიაც მიგვითითებს ამაზე, მასში “ყვირის” ზმნის ფუძეა.
კართაგენელებმა ხეობაში გამომწყვდეულ ბარბაროსებს ლომები მიუსიეს. კართაგენელთა მაცნეს დახვდა საზარელი სურათი: “[საბარკულებში] ხორცგართმეული ძვლები მოჩანდა. [გაძვალტყავებულთ] მოსასხამიღა შერჩენოდათ მთელი. [ქვიშას ცინცხალ ლაქებად აჩნდა მზეზე დამხმარი ძვლები]. მონიშნული რაცაა, რედაქციამ ზედმეტად მიიჩნია. იგი ზუსტი შესატყვისია დედნისა: Des ossements nettoyés par le solleil fasaient des taches luissantes au millieu de sable. რა გსურდათ, რაღაც მიზანი ხომ უნდა გქონოდათ, რამ მოგაკვეცინათ ეს წინადადება?! ფლობერი აღწერს საზარელ სასაკლაოს, სადაც ყველაფერი ერთმანეთშია ამთხვლეული, შემოზღუდულ უზარმაზარ ხევში არაფერი გაირჩევა, მხოლოდ ადამიანთა ძვლებიღა მოჩანს ცინცხალ ლაქებად. რაღაც ლოგიკა ხომ უნდა იყოს თქვენს ნამოქმედარში! და… გამომცემლობამ ერთ გაუგებრობას მეორე დაამატა, განდევნილი წინადადების ნაცვლად დაურთო: “ლაფში ამოსვრილი ხორცგართმეული ძვლები მოჩანდა”. საიდან მოიტანეთ “ლაფში ამოსვრილი”? მსგავსი არაფერია დედანში. ფანტაზიასაც ხომ აქვს ზღვარი!
ფლობერის წინადადებას – “ბევრს სახე აკლდა, ბევრს – ხელ-ფეხი” – ასწორებთ ასე: .”ბევრს თავი არ ჰქონდა“. როგორ გგონიათ, დედნის le visage თავია თუ სახე? კონტექსტი ნათელს ხდის, რომ დახოცილ მეომრებს თავი კი ედგათ ტანზე, მაგრამ სახე მოაჭამეს ლომებმა. ამ უჩვეულო და შემზარავი დეტალითაც გაამძაფრა მწერალმა ბარბაროსთა ხვედრი.
შემდეგი: “სადაც კი თვალი მიუწვდებოდათ, მინდვრები უდაბნოსავით იყო უკაცრიელი, თუმცა [ხვნა-თესვის ალო იდგა]. ეს წინადადება ზუსტი შესატყვისია ფლობერის დედნისა: Mais les champs, bien qu’on fût à l’époque des semailles fût des labours, d’aussi loin qu’on les apercevait, etaient vides comme le désert. ასე გვიხატავს იგი კართაგენის გასაჭირს. ომისგან გაპარტახებულია ქვეყანა, მხვნელი და მთესველი აღარავინაა. რამ შეგაცვლევინათ ეს წინადადება ასე: ” … თუმცა ხვნა-თესვის კვალიც აჩნდა აქა-იქ”. ფრანგი რასაც უწოდებს l’ époque des semmeilles et des labours, – ამას ქართულად ხვნა-თესვის ალო ჰქვია. ეგებ ალო იყო თქვენთვის უცნობი სიტყვა, ეგებ ალოობა არ გაგიგონიათ, მაგრამ ამისთვის ლექსიკონი არსებობს, მასში ჩახედვაა საჭირო და არა – ფლობერისა და მისი ქართველი მთარგმნელების სახელით მკითხველისთვის თქვენი შეთხზული ფრაზების მიწოდება.
ამავე აბზაცში რას ერჩოდით წინადადებას: “ზოგან ქერი ჩაცვენილიყო”, რისთვის მოიცილეთ?! რა უფლებით?!
“ნასახლარში გაარჩევდით თიხის ჭურჭლის ნამსხვრევებს, ფლასებს, საოჯახო ნივთებს”. ამ წინადადებაში გაარჩევდით (ეს არის ზუსტი შესატყვისი ფრანგულისა: on distinguait) – შეცვალეთ, მის ნაცვლად ჩაწერეთ – ნახავდით. ამით ქვეყანა არ იქცევა, მაგრამ რატომ გიჩნდებათ სურვილი შეცვალოთ ის, რაც ზუსტად მიჰყვება ფლობერის ტექსტს. თან არაფრის შეცვლის უფლება არ გაქვთ მთარგმნელთან შეუთანხმებლად. ამ ჩამონათვლიდან ფლასები გააქრეთ. რატომ? როცა ფლობერს აქვს: les lambeaux de vêtements. ნუთუ ფლასიც უცნობი სიტყვა იყო თქვენთვის?! როგორ გგონიათ, არ არის ფლასები სამოსლის ნაფლეთები?
მივყვეთ რედაქტირების თქვენეულ მეთოდს:
“ისმოდა ყაყანი, ჭიხვინი, თორნ-აბჯრის ჩხარუნი”. ეს წინდადება გადაკეთდა: “ისმოდა მხედრების ყაყანი, ცხენების ჭიხვინი და აბჯრის ჩხარუნი“. როგორც ჩანს, გსურდათ მკითხველს წაშველებოდით, მას არ ჰგონებოდა, რომ მხედრები ჭიხვინებენ და ცხენები ყაყანებენ! თორნი კი მთელ წიგნში ლამის ყველგან შეცვალეთ. ხან მრავლობითის ფორმა გგონიათ და ნ-ს ამოაგდებთ ხოლმე, ხან მთელ სიტყვას გააქრობთ. თორნი ჯავშნის სახეობაა და, ჯაჭვის პერანგისგან განსხვავებით, ნაკეთებია ფოლადის ფირფიტებისგან და არა – ჯაჭვის კარშიკებისგან, რგოლებისგან. თორი კი სხვა რამაა, ოქროს ბეჭდის სახეობაა მბრძანებლის ხელრთვით. ასე რომ, თორნი მხოლოობითია, ნ ფუძეს ეკუთვნის, არ არის ნართანიანი მრავლობითი. თუმცა, ასეთი შეცდომა ზოგ მწერალსაც მოსვლია.
“ტყავის ფარღალალა კარვიდან ჩანდა მეომრებით შეფენილი მთები”. ფარღალალა არ მოიწონეთ და მის ნაცვლად ჩასვით მსუბუქი. რა კავშირი აქვს კარავთან სიმსუბუქესა თუ სიმძიმეს? ჰამილკარის კარავი ნადირის ტყავით არის გადახურული, გვერდები მოღიავებული აქვს. და ირგვლივ მთებზე შეფენილი ლაშქარი ხედავს, ქალღმერთის რიდე რომ გაშალა და ააფრიალა სალამბომ. La tente de cuir, relevée dans le coins – ესაა სწორედ “კუთხეებღია”, გვერდებღია, ფარღალალა კარავი.
შემდეგი: “მეომრები ისე მისუსტდნენ, რომ ქვა ვერ მოექნიათ მოფრენილი ყორნებისთვის. ხანდახან, როცა [კრავიჭამია] დააცხრებოდა ლეშს და ჯიჯგნიდა, კაცი მიხოხდებოდა მასთან, კბილებში დანა ჰქონდა გაჩრილი. ბარბაროსი ცალ ხელს დაეყრდნობოდა, მიზანში ამოიღებდა [ფრინველს] და ესროდა დანას. თეთრბუმბულიან მტაცებელს ჩქამი დააფრთხობდა, შეჩერდებოდა, ზვირთებში ჩაფლულ თევზიყლაპიასავით მშვიდად მიმოიხედავდა და კვლავ ჩაყოფდა მძორში თავის საზარელ ყვითელ ნისკარტს”. ამ აბზაცში ფლობერი ჯერ ახსენებს ყორნებს, რომელთა დასაფრთხობად ქვა ვერ მოუქნევიათ მომაკვდავ მეომრებს. შემდეგ გვესაუბრება კრავიჭამიაზე (le gypaète), რომელიც ლეშს ჯიჯგნის. კრავიჭამია – ასე ეწოდება ამ ფრინველს. იგი მტაცებელია, თეთრი ბუმბული აქვს და მოკაუჭებული ნისკარტი. ჩვენს ზოოპარკსაც ჰყავდა კრავიჭამია. ეს სახელიც იმიტომ ჰქვია, რომ კრავს ერევა (ინგლ. lammergeyer, რუს. ягнятник), ბევრად დიდია ყორანზე, ორბისხელაა. ყორანზე საუბარი მწერალმა დაასრულა პირველ წინადადებაში. ამის შემდეგ კრავიჭამიაზე გვესაუბრება. რედაქტორმა თუ რედაქციამ ფლობერის ფრაზაში ფრინველი, რაც ნათქვამია კრავიჭამიას შესახებ, თვითნებურად შეცვალა ყორნით და მივიღეთ კიდევ ახალი კურიოზი: თეთრბუმბულიანი მტაცებელი (la bête aux plumes blanches) ყოფილა ყორანი. რა გჭირთ? “სალამბოსთვის” საკუთარი დაღის დამჩნევის სურვილით ნუთუ ისე ხართ ატანილნი, რომ აზრს სულ არ უწევთ ანგარიშს?!
განვაგრძოთ: “ხვალ მოვლენ, – ამბობდნენ ბარბაროსები. [ხვალე ხვალეს მისდევდა]. ფლობერის ტექსტი მიუღებელი აღმოჩნდა რედაქციისთვის და ასე შეცვალეს: “ერთი დღე მეორეს მისდევდა”. ფრანგულშია: Ce sera pour demain! – se disaient-ils, et demain se passait. არც სახარების მუხლი გაგახსენდათ (“ნუ ზრუნავთ ხვალისათვის, რამეთუ ხვალემ იზრუნოს თავისა თვისისა”, მათე, 6,34), არც ალექსანდრე ჭავჭავაძის ლექსი, არც გალაკტიონის “ხვალემ იზრუნოს ხვალისა”?
ფლობერის ტექსტი – “დარბაისელთ იაგუნდით მოლამაზებული არგნები ეპყრათ”. – გადაკეთდა ასე: “… საკრავები ეპყრათ“. ფრანგულშია sceprte, რომლის ქართული შესატყვისი არის არგანი. ხელარგნოსანი სახელო (ანუ თანამდებობა) იყო ქართველ მეფეთა კარზე. საბასთან გენახათ: “არგანი – საბჯენი და საყრდენი კაცთა”. საკრავები რამ დაგაწერინათ არგნის ნაცვლად? არგანი ხომ არ აგერიათ ორგანში? თუ ის არღანი გეგონათ, თბილისელი კინტოები რომ დაატარებდნენ ეზო-ეზო?
სალამბო მთვარის ქალღმერთის მოსავია და ფლობერი მისი სახის გასახსნელად ხშირად იყენებს მთვარის ხატებას. “ცის თაღის მეორე კიდეში გაწლობილი მცხრალი მთვარე წამოიწია”, – ვკითხულობთ ტექსტში. დედანში მისი შესატყვისია Le croissant de la lune se levait déja dans l’autre partie du ciel. გაწლობილი მცხრალი მთვარის ნაცვლად რამ დაგაწერინათ გაწოლილი მთვარე?! croissant – ესაა მთვარე, რომელმაც მაქსიმალურად იკლო, დაილია, ამაზე მეტად ვეღარ დაილევა, ამიერიდან მატებას იწყებს. ქართველებს ამის შესატყვისად გვაქვს მცხრალი მთვარე, გაწლობილი მთვარე. საოცარია, გაწლობილი, როგორც ჩანს, კორექტურა გეგონათ და გაწოლილად გადაასწორეთ. არც “ვეფხისტყაოსანმა” შეგახსენათ თავი, არც “ვისრამიანმა”, არც მოგვიანო ხანის მწერლობამ?
“მრუმეში საჭურველი ელავდა” გასწორდა ასე: “წყვდიადში საჭურველი ელავდა”. ჩაგეხედათ საბასთან, მრუმეს მნიშვნელობა თუ არ იცოდით: “მრუმე – ესე არს ბნელად საჩინარი, გინა შავი ბინდის მსგავსი”. დავით ჩუბინაშვილი თავის ქართულ-რუსულ ლექსიკონში მრუმეს ასე განმარტავს: потемки, тусклый. მრუმე არ არის წყვდიადი. წყვდიადში საჭურველი ვერ გაიელვებს. მეტალის გაელვება ნათლის არეკვლის შედეგია. გადაკეთების დაუოკებელმა ჟინმა რამდენი უხერხულობა შეგიქმნათ! ეს ჟინი, თორემ წინა ფრაზაში ნათქვამია, რომ ლოტოსის ყვავილისდარი დიდი ლამპარი ანათებდა იქაურობას. წყვდიადი რანაირად იყო?
ფლობერი კართაგენის მეორე მხედართმთავრის, ჰანონის, სნეულებას აღწერს: “სახეზე დიდი ღრუ გასჩენოდა, [ათიოდ ნაბიჯით დაშორებული კაცი დაინახავდა მის ხახას]“.
რედაქციამ ფლობერის ტექსტი ასე გადააკეთა: “სახეზე დაღი დასჩენოდა”. ამ გადაკეთებას ის მოჰყვა, რომ მოსაცილებელი გახდა კვადრატულ ფრჩხილებში მონიშნული წინადადება: ღრუდან თუ შესაძლებელი იყო ხახის დანახვა, დაღიდან ხახის დანახვა შეუძლებელი შეიქნა! მთავარია, თქვენი სათქმელი ჩართოთ ფლობერის ტექსტში. თუ ვერ მოერგება, უკან ხომ არ დაიხევთ? ფლობერს გადაუკეთებთ ტექსტს!
თქვენი “წახმარების” წყალობით ფლობერს რა უქმად ჩაუარა ჰანონის ავადმყოფობის აღსაწერად აღმოსავლური კარაბადინების შესწავლამ!
ვაანალიზებ ამ თქვენს ნაღვაწს და სერიოზულად ვფიქრობ, ყოველგვარი იუმორის გარეშე: გუსტავ ფლობერი გარდაცვლილია, “სალამბოს” პირველი ნახევრის მთარგმნელი კარლო ქილარჯიანი გარდაცვლილია, როგორც ჩანს, მეც არ გეგონეთ ცოცხალი. აბა, ამდენი რამ გაგაბედვინათ?!
განვაგრძოთ: “კატაკომბების მხარეს კედლის ნაწილი ჩამონგრეულიყო.” კატაკომბები რედაქტორმა, რედაქციამ თუ სარედაქციო ჯგუფმა (ეს თვითონ გაარკვიონ, მით უარესი, თუ წიგნს ისე აწერენ ხელს, შიგ რა ხდება, არ იციან.) ამოიღო და მის ნაცვლად მიწისქვეშა თავშესაფრები ჩაწერა. მაგრამ კატაკომბები არ არის მიწისქვეშა თავშესაფრები, კატაკომბები სამარხებია. სხვა საკითხია, რომ მათ იყენებდნენ თავშესაფრად, განსაკუთრებით – პირველი ქრისტიანები. კატაკომბები სწორად არის განმარტებული “სალამბოსთვის” დართულ შენიშვნებში, რომელთა წაკითხვა გმართებდათ, მისთვისაც ხომ უნდა გაგეწიათ რედაქტირება.
შემდეგი: ბარბაროსებმა დაასახიჩრეს კართაგენელი ტყვეები და ხაროში ჩაყარეს. მხოლოდ თავი უჩანდათ. ფლობერი წერს: “თავმოკვეთილებს ჰგავდნენ, … გახსნილი ბაგეები პუნიკურ ენაზე ვაებდნენ”. რედაქციამ ვაებდნენ დაიწუნა და გაასწორა: საუბრობდნენ. ფლობერთან ასეა: Ces bouches entr’ouvertes ils s’échappait des gemissements en langage punique. Le gemissement ნიშნავს ოხვრას, ვაებას და არა – საუბარს.
ჩვენს თარგმანში იყო : “სალამბო და მისი მეგზური ჯიხურში შედიოდნენ, ცოტა ხნით გადაიჩრდილებდნენ”. ეს ზმნა არის შესატყვისი ფრანგული დედნისა: Ils entraient dedans pour se mettre a l’ombre. სიტყვასიტყვით – “რათა ყოფილიყვნენ ჩრდილში”. ქართულში ამის გამოსახატავად შესანიშნავი სიტყვა გვაქვს: გადაიჩრდილებდნენ. რედაქტორმა თუ რედაქციამ შეცვალა: “ცოტა ხნით შეისვენებდნენ“. გაუგებარია, რატომ უნდა გაჩენილიყო სურვილი დედნის ზუსტი შესატყვისის შეცვლისა.
ბარბაროსებმა ჯვარს აცვეს კართაგენელი ტყვეები. ფლობერის ტექსტი გვაუწყებს: [“ყველაზე დიდი ჯვრის თავზე ოქროწნული სამხარიღლიე ელავდა. ჯვარცმულს] მკლავი არ ჰქონდა და მხარზე ჩამოსთრეოდა იგი”. აზრი ნათელია: ჰანონს სამხარიღლიე მხარზე ჩამოსთრეოდა, რადგან მკლავი არ ჰქონდა. თქვენ ტექსტი ასე შეცვალეთ: ყველაზე მაღალ ჯვარზე გაკრულს მკლავი არ ჰქონდა და მხარზე ჩამოსთრეოდა. მივიღეთ უაზრობა: ადამიანს მკლავი არ ჰქონდა, მაგრამ მხარზე მაინც ჩამოსთრეოდა. ეს და უამრავი სხვა უაზრობა გუსტავ ფლობერისა და მისი ორი მთარგმნელის სახელით მოჰფინეთ მკითხველ საზოგადოებას.
სამხარიღლიემ ქნა ეს ყველაფერი! სამხარიღლიე – ესაა ფრანგული le ruban, ინგლისური ribbon. გარდა იმისა, რომ სამხარიღლიე პიროვნების აღმატებულების მაუწყებელია, ამასთანავე იგი მხარიღლივ ხმლის გადასაკიდი იყო. ქართულში მისი სინონიმებია აშურმა, ყაბიწი, ყაწიმი. დღეს მას არ ხმარობენ. მაგრამ სუფეტ ჰანონს ის მხარიღლივ ჰქონდა გადაკიდებული თავისი აღმატებულების, თავისი რეგალიის ნიშნად. ჯვარცმის დროს მას დაშლილ-დასნეულებული მკლავი ჩამოეშალა. ამიტომაა, რომ სამხარიღლიე მხარზე ჩამოსთრეოდა. თქვენ სამხარიღლიე ამოაგდეთ ტექსტიდან და ეს გაუგებრობა შექმენით. მე საგანგებოდ არ მივმართე სამხარიღლიის რომელიმე ქართულ სინონიმს, რათა სიტყვის აგებულებას თავად ეკარნახა მკითხველისთვის მისი მნიშვნელობა. გარდა ამისა, ფლობერი ჰანონის სამხარიღლიეს ფუნქციას აკისრებს სიუჟეტის განვითარებაში: კართაგენელებმა სწორედ ოქროსფრად მბზინავი სამხარიღლიით შორიდანვე იცნეს ჰანონი, მიხვდნენ, რომ სწორედ იგი იყო ჯვარცმული, და უსასტიკესი გადაწყვეტილებები მიიღეს, რამაც წარმართა კიდეც ბრძოლის ბედი.
ამდენი გაუგებრობა გამოიწვია მთარგმნელთა საქმიანობაში ჩარევის, ტექსტის გადაკეთების თქვენმა დაუოკებელმა სურვილმა. ერთი მხრივ, მაკვირვებს თქვენი დაუშრეტელი ენერგია, იოლი საქმე ხომ არ არის 3000-ზე მეტი ცვლილების შეტანა ტექსტში! და, მეორე მხრივ, აზრმიუტანებლად, ტექსტის გაუგებრად, ავტორის ჩანაფიქრის წვდომისა და გათვალისწინების გარეშე რა საფუძველი აქვს თქვენს შემართებას, საიდან ასეთი ენთუზიაზმი?! რამ აგანთოთ ასეთი დაუზარელი და თავგადაკლული, მაგრამ უსარგებლო, უფრო მეტიც, მავნე შრომისთვის?!
ბარბაროსები “ერთმანეთს უჩვენებდნენ დაუქნელ ფრჩხილებს, მათოს დასაკაწრავად რომ მოეზარდათ”. გასწორდა: “ერთმანეთს უჩვენებდნენ მოზრდილ ფრჩხილებს, მათოს დასაკაწრავად რომ უნდოდათ”. დაუქნელი ფრჩხილები რატომ იყო შესაცვლელი? რაკი მოზრდილი ფრჩხილები ჩაწერეთ, – დასაკაწრავად რომ მოეზარდათ – აღარ გამოგადგათ. მის ნაცვლად ჩაწერეთ რომ უნდოდათ. ეს მეთოდად გაქვთ ქცეული: ცვლით სწორად ჩასმულ სიტყვას ან გამოთქმას. ის შეუფერებელი ხდება ტექსტისთვის, არადა, სწორად რომ გამოიყურებოდეს, მოითხოვს სხვა კონტექსტს. თქვენ დაუბრკოლებლივ უქმნით თქვენს ჩასმულ სიტყვას ან გამოთქმას, თქვენი აზრით, შესაფერ გარემოს. ამას სისტემური ხასიათი აქვს. სავალალოდ და სამწუხაროდ, სისტემური ხასიათი აქვს ბევრ რამეს სხვასაც: კადნიერებას, თავდაჯერებულობას, არცოდნას, უპატივცემულობას და რიდის არქონას მწერლის მიმართ. მთარგმნელების მიმართ რიდი რა სახსენებელია?!
განვაგრძოთ: “ლურჯად მოჭიქული ამფორები” იქცა “ლურჯად მოჭიქულ ჭიქებად“. ამფორა თუ არ იცოდით რა იყო, ჩაგეხედათ წიგნს დართულ შენიშვნებში. ნახავდით, რომ “ამფორა არის თიხის ჭურჭელი სიმაღლეში წაგრძელებული ოვალური ფორმისა, ვიწროყელიანი და ორყურიანი. მეტწილად ხმარობდნენ ღვინისა და ზეთისთვის”. რაც შეეხება მოჭიქულს, ნათელია, მისი მნიშვნელობა არ გცოდნიათ, თორემ ერთ შეცდომას მეორეს რატომ დაუმატებდით?! მოჭიქული ნიშნავს ჭიქურით დაფარულს. ეს სიტყვები დღეს ცოცხალია. ჭიქური არის კრიალა, მოელვარე შენადნობი, რომლითაც ფარავენ თიხის ჭურჭლეულის ზედაპირს, რათა სითხემ არ გაჟღინთოს თიხა. ამას გარდა, მოჭიქული ზედაპირის ესთეტიკურად დამუშავებაც ხდებოდა. ჩვენს საცავებშიც უამრავია მოჭიქული ჭურჭელი და დღევანდელ ქართველი კერამიკოსებიც წარმატებით იყენებენ ამ მეთოდს.
შემდეგი: ბარბაროსები “სახედრებზე, [კანჯრებსა], ზებრებსა თუ კამეჩებზე ამხედრებულიყვნენ”. კანჯარი ამოგიგდიათ. როგორც ჩანს, სიტყვა გეუცხოვათ. დედანში ჩამხედავი რომ ბრძანდებოდეთ, ნახავდით, რომ l’onagre არის გარეული ვირი. გარეულ ვირს ქართულად კანჯარი ეწოდება.
ფლობერის ტექსტშია: “უკან ჰქონდა მოგდებული კატის ტყავის [კაპარჭი]”. თქვენ კაპარჭი წაშალეთ და მისი განმარტება – ისრების ჩასაწყობი ბუდე – მიაწოდეთ მკითხველს. დღეს კაპარჭი არავის აქვს ზურგზე მოგდებული, მაგრამ 24 საუკუნის წინანდელ ამბებს აღწერს ფლობერი! ასე თუ განვაგრძეთ, მალე მშვილდსა და ისარს, ასევე ბევრ სხვა სიტყვასაც, უნდა შეველიოთ.
კიდევ: ჰამილკარის კარავში მოსალაპარაკებლად წარგზავნილი ბარბაროსები დააცხრნენ გოგრას. დამშეულთა მდგომარეობას ასე აღწერს ფლობერი: “სიხარულის ქვითინს ერთოდა [ყბების კაპუნი]. გადაკეთდა ყბების წკაპუნად. სწორი ფორმის მცდარით შეცვლის, ვინ მოთვლის, მერამდენე შემთხვევაა თქვენს ნასწორებ ტექსტში! იძულებული ვარ განგიმარტოთ: “კაპუნი – ყბათა ყბის, კბილთ კბილზე ტკეცება” (საბა); ე.ი. ქართველებს საგანგებო სიტყვა გვაქვს საამისოდ. თქვენ მას ცვლით წკაპუნით, რაც არის “პატარა მკვრივი სხეულის (კენჭის, წკეპლის ან წვეთის მაგარ საგანზე დაცემის (დარტყმის) ხმა (ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი, რვატომეული). თქვენ ალბათ წკლაპუნის ჩაწერა გსურდათ და ლ გამოგრჩათ, მაგრამ წკლაპუნი არის ჭამის დროს ენითა და ტუჩებით ბგერის გამოცემა (იხ. ისევ რვატომეული). სწორად გამოყენებული სიტყვის, “კაპუნის“, გასწორებით რა აუტეხეთ საკუთარ თავს?! უნებურად სამი ქართული სიტყვის არცოდნა გამოავლინეთ. რა ძალა გადგათ?!
ახლა სალამბოს ჩადრს მივხედოთ. “თოვლივით სპეტაკი ფართო აჯიღა სთრევდა უკან”. თქვენ აჯიღა შეცვალეთ ჩადრით. საბა განმარტავს: “აჯიღა – ქალთ მოსასხამი”. რუსთაველიც უნდა გაგხსენებოდათ (“აჯიღოსანი ქალია”). იმას მაინც უნდა დაეფიქრებინეთ, რომ წინა წინადადებაში ფლობერი ასე აგვიწერს სალამბოს მორთულობას: “ძუძუს კერტებს ბადახში უფარავდა” (თუმცა თქვენ ბადახში მწერალს გადაუკეთეთ ძვირფას ყელსაბამად). ჩადრი თუ ჰქონდა მობურული, როგორღა უჩანდა, რომ ძუძუს კერტები ბადახშით ჰქონდა დაფარული. საერთოდ ფლობერს ჩადრი არსად არ უხსენებია კართაგენელთა და ბარბაროსთა სხვადასხვა ტომის ქალების მოკაზმულობაში.
ახლა ფლობერის ერთ აბზაცი: “ცოცხლად დარჩენილნი მკვდრებივით იყვნენ, ჯგუფ-ჯგუფად დაყუნცულიყვნენ“. ესაა ზუსტი თარგმანი ფრანგულისა: accroupis par groupes. თქვენ კი ასე შეცვალეთ: “ჯგუფ-ჯგუფად დაიარებოდნენ”. როგორ ახერხებთ, რომ თქვენი ყველა გასწორება დედანს არის აცდენილი?
ამ წინადადებაში დაყუნცულს კიდევ ერთი დატვირთვა აქვს: სამი აბზაცის შემდეგ ფლობერი წერს: “უზარმაზარ ლოდებზე დაყუნცული ყორნები გაყუჩებულიყვნენ და თვალს არ აცილებდნენ მომაკვდავთ”. დაყუნცულს აქვს სხვა ელფერი, ჩაცუცქულისგან და დასკუპულისგან განსხვავებული. ამასთანავე აქ გადაძახილია მომაკვდავ ადამიანთა და მათი სიკვდილის მომლოდინე ყორნებს შორის. თქვენ ეს ვერ შენიშნეთ და პირველი დაყუნცული შეცვალეთ ასე: დადიოდნენ; მეორე კი ასე: “უზარმაზარ ლოდებზე მდგარი ყორნები” (!!)
ჰამილკარმა ნარჰავასს ბარბაროსთა ამოჟლეტა უბრძანა. ამას მოსდევს: “ნარჰავასი დაჩახმახდა”. ფრანგულშია: se précipitait, ე.ი. აჩქარდა, დაფაცურდა, დაჩახმახდა. რედაქცია ასწორებს: “ნარჰავასმა თავი დაუკრა”. ვთქვათ, დაჩახმახდა გეუცხოვათ, ეს არ მიკვირს, მაგრამ საიდან მოიტანეთ “თავი დაუკრა”?
განვაგრძოთ: “მეომართა [ჩაჩქნის ჯიღებიღა მოჩანდა”]. გასწორდა: მუზარადის თავი მოჩანდა მაგრამ მუზარადის თავი რაღაა? ჯიღამ გაგაკვირვათ? ესაა ფრანგული დედნის შესატყვისი: On n’apercevait que les plums des casques. Les plumes – ფრთებია, le casque – ჩაჩქანი, მუზარადი. რომაელ მეომრებს (მათი გავლენით სხვებსაც) მუზარადებზე ფრთები, ანუ ჯიღა (ინგლ. plume, რუს. султан) რომ ჰქონდათ, – ეს არ უნდა გაგკვირვებოდათ. მუზარადის თავმა არ გაგაკვირვათ და ჯიღა გეუცნაურათ?
“აკროპოლი ფერადმა [ჩარდახმა] დაფარა”. ჩარდახი შეცვალეს: “ბანებმა დაფარა”. აკროპოლი ქალაქის უმაღლეს ადგილასაა განლაგებული. ბანები, ანუ ბანიანი სახლების სახურავები, რანაირად გადაფარავდა მას? ფლობერი გვეუბნება, რომ აკროპოლზე ჩარდახი გადაჭიმეს, ჩარდახქვეშ მოაქციეს აკროპოლი, რადგან საზეიმოდ ემზადებიან. ოღონდ მწერალმა უფრო თანამედროვე la couverture კი არ გამოიყენა, არამედ le velarium – ძველად თეატრალური წარმოდგენებისა და სხვა სანახაობის დროს რომ გადაჭიმავდნენ ხოლმე. ფლობერი ძველ სამყაროს აღწერს და სიტყვასაც შესაბამისს ხმარობს.
“მათოს გული დასწყდა, მისი ეჯიბი რომ არ მოკლეს” . რედაქციამ ეჯიბი შეცვალა მამაცი მეომრით. კვლავ ასწორებთ თქვენი გუნება-განწყობისამებრ.. Le parlementaire მამაც მეომარს ნიშნავს თუ სალაპარაკოდ წარგზავნილ პირს?! ეჯიბი არის ზუსტი შესატყვისი ფრანგული დედნისა. ეს არის ზემდგომის მიერ მოსალაპარაკებლად წარგზავნილი პირი. მათოს სურდა ჰამილკარისთვის თავად შეეთავაზებინა ბრძოლა, მაგრამ ერთი ლიბიელი ჩაენაცვლა, მის მაგიერ გაემართა მათოს შეთავაზების გადასაცემად. სწორედ ესაა ეჯიბი. ეჯიბობა რაკი იკისრა, იგი ალბათ მამაციც უნდა ყოფილიყო, მაგრამ ეს თქვენი შემოქმედებაა. ფლობერი ამის შესახებ არაფერს ამბობს.
ერთკუზიან აქლემს ღურკან აქლემს უწოდებდნენ ჩვენი მამა-პაპანი. სადაც კი შეგხვდათ ღურკანი, ყველგან წაშალეთ, რამდენიმე ადგილას მაინც გაგეპარათ. რას ვიზამთ, საქარავნო გზა გადიოდა ჩვენს მიწაზე და ერთკუზიანი აქლემის აღმნიშვნელი სიტყვა გვქონდა.
ჰამილკარმა გავაში მახვილი ატაკა თავის ბედაურს და ბარბაროსებისკენ აფრინა. ამას მოჰყვება წინადადება, რომელიც რედაქციამ ტექსტიდან ამოაგდო: [“ეს იყო პურის კვერებით ნაპატიები ორინგული ულაყი. ცხენი მუხლებს დრეკდა, რათა ადვილად ამხედრებულიყო პატრონი”.] ზუსტად ამას ამბობს დედანი: C’était un étalon orynge qu’on nourissait avec des boulettes de farine, et qui pliait les genoux pour laisser monter son maître. ცხენთან დაკავშირებული ამ ეპიზოდით მწერალი ჰამილკარის სახესაც ხატავს, ორი ბანაკის დაპირისპირების სიმძაფრესაც და ბრძოლის ბედის გარდატეხასაც გვიჩვენებს. ბარბაროსები დაიბნენ, კართაგენელებმა გალავნის ბჭეში შეაღწიეს, ბარბაროსები კარიბჭეს მიაწყდნენ … და რატომღაც ისევ გამოტოვებულია: [ბჭე არ შეეპუა ბარბაროსთა დაწოლას”.] ნათელია, რომ რედაქტორმა, სარედაქციო ჯგუფმა თუ რედაქციამ არ მიიჩნია მნიშვნელოვნად ეს ორივე წინადადება, მაგრამ ფლობერს ეკუთვნის ისინი. თქვენ ხომ სიყალბეს სთვაზობთ ქართველ მკითხველს ფლობერისა და ჩვენი, ორი ქართველი მთარგმნელის, სახელით!
ცოტა რამ “სალამბოს” ბოლო თავის შესახებაც უნდა გითხრათ: კართაგენი გამარჯვებასზეიმობს. მთელი კართაგენი უკანასკნელი ბარბაროსის წამების ჟინით არის ატანილი. აღწერილია გრანდიოზული სამზადისი, ქურუმთა დასების საზეიმო მსვლელობა. ხალხი სალამბოს მადლიერია, მან დაუბრუნა კართაგენს ტანიტის რიდე, კართაგენი ზეიმობს ბარბაროსებზე გამარჯვებას, სალამბოს ქორწინებას და მათოს წამებისთვის ემზადება. “ღრეობა მთელ ღამეს გასტანდა”, – ნათქვამია ქართულ ტექსტში. დედანშია: Le festin devait durer tout la nuit. სიტყვასიტყვით – მთელ ღამეს უნდა გაგრძელებულიყო. გაუგებარია, რამ ჩაგამატებინათ ალბათ, საალბათო რა ნახეთ აქ, ამ გრანდიოზული მზადების ფონზე რამ დაგაწერინათ: “ღრეობა ალბათ მთელ ღამეს გასტანდა?! თქვენ ჩასვით სიტუაციისთვის სრულიად შეუფერებელი და გაუაზრებელი ერთადერთი სიტყვა – ალბათ, მაგრამ მან გაამხილა, რომ აზრს სრულიად არ უკვირდებით. მხოლოდ იმაზე ხართ გამეცადინებული, რაც შეიძლება მეტი რამ შეცვალოთ.
განვაგრძოთ: მათოს სიკვდილის შემდეგ კართაგენელები სალამბოს “ულოცავდნენ, გამარჯვება შენი წყალობააო, – ეუბნებოდნენ, ტაშს უკრავდნენ, ფეხებს აბაკუნებდნენ და მის სახელს გაჰყვიროდნენ სულმოუთქმელად”. კართაგენელებს სალამბო მიაჩნიათ მხსნელად, მას განადიდებდნენ; კი მაგრამ, ეს წინადადება რამ შეგაცვლევინათ ასე: მის სახელს გაჰყვიროდნენ გაგულისებულნი? საკვირველია, აზრს სულ არ უწევთ ანგარიშს?! რა ჰქონდათ სალამბოზე გასაგულისებელი?!
რომანში დახატულია ბრძოლის გრანდიოზული სურათები და, ბუნებრივია, მეომრები ანტიკური ეპოქის ბერძნულ-რომაულ წყაროებში ასახული საბრძოლო იარაღით არიან აღჭურვილნი. იარაღის უცნობი სახელწოდებებით მკითხველი რომ არ გადაიტვირთოს, ფლობერი ერთი-ორი წინადადებით შემოუძღვება ხოლმე თხრობაში უძველეს საომარ მანქანებს. მაგალითად, [“ტოლენონი იყო უზარმაზარი მორი, გარდიგარდმო დაჭედებული მეორე ძელზე.] ბოლოში დამაგრებული ჰქონდა ოთხკუთხა კალათა, რომელში ოცდაათი ქვეითი თავსდებოდა თავის საჭურვლიანად”. რედაქციამ ეს წინადადება ასე შეცვალა: “უზარმაზარი მორები მოათრიეს, დაჭედებული მეორე ძელზე, რომელთაც ბოლოში დამაგრებული ჰქონდა კალათა, რომელშიც ოცდაათი ქვეითი თავსდებოდა.“ ერთ წინადადებაში რომელთაც და რომელშიც ჩაუწერეთ ფლობერს, მწერალს, რომლის შესახებ ძმები გონკურების ნათქვამი – წინადადებაში ერთად ორ ნათესაობით ბრუნვას ვერ ეგუებოდაო, – მოარულ ფრაზად დადიოდა პარიზის ლიტერატურულ წრეებში. ტოლენონს დავუბრუნდეთ. მანქანის სახელწოდება რედაქციამ უზარმაზარი მორებით შეცვალა. მომდევნო ტექსტში ფლობერი კვლავ ახსენებს ტოლენონს. ამჯერად რედაქციამ მას საზიდარი უწოდა: “სხვა მსგავსი საზიდრებიც სასწრაფოდ გამართეს,”
სხვათა შორის, რომანში ტოლენონი ანტიკური ეპოქის ერთადერთი მანქანაა, რომელსაც ქართული შესატყვისი არ მოეპოვება. ასეთი საომარი მანქანა ქართულ ტექსტებში არ დასტურდება. ამიტომ ჩვენს ტექსტში იგი დარჩა ლათინური სახელწოდებით. დანარჩენ საბრძოლო მანქანათა ქართული შესატყვისები დაძებნილია და “სალამბოს” ქართულ თარგმანში გამოყენებულია.
მაგრამ თურმე საერთოდ არ ყოფილა საჭირო ამ მანქანების სახელწოდებათა ძიება!
ტოლენონი თუ საზიდრად გადააკეთა რედაქციამ, – ურნალს, სამალს, ფილაკვანს ან საერთოდ დევნის ტექსტიდან, ან ზოგადად მანქანად მოიხსენიებს. ფლობერის ერთი აბზაცის მოხმობით შევეცდები ნათელი გავხადო რედაქციის დამოკიდებულება ამ საკითხისადმი: “მოემართებოდა სამოცი სამალი, ორმოცი ტოლენონი, თორმეტი ურნალი და სამი უზარმაზარი ფილაკვანი“. ამ წინადადებამ “პალიტრა L”-ის ტექსტში ასეთი სახე მიიღო: “მოემართებოდა სამოცი ისარსასროლი და ათასი სხვა რამ.” რა ამაოდ დაშვრა გუსტავ ფლობერი! იგი თავად წერს, “სალამბოს” სამზადისში 1500 ტომი წავიკითხეო. როგორ ვერ მოისაზრა, რას დაეძებდა ამ საალყო მანქანებს?! “სხვა ათასი რამ” ჩაეწერა?!
ტექსტის შეკვეცასა და გადაკეთებას ბოლო არ უჩანს: “ბარბაროსები ფილაკვნის ღერძს ებღაუჭებოდნენ“. ამ წინადადებაში ფილაკვანი შეცვალეს გიგანტური მოწყობილობებით. აქ რამდენიმე ნიმუში მოვიხმე. ასეთი ჩარევის მაგალითი უამრავია.
რედაქცია ასევე ვერ ეგუება დასაკრავ ინსტრუმენტთა იშვიათ სახეობებს. ქართულ თარგმანში ვკითხულობთ: [აახმიანეს წინწილები, ააჯაჯგურეს ჯიმჯიმები, ბობღანს სცეს…]” საკრავთა ეს ქართული სახელწოდებანი შესატყვისია ფრანგული დედნისა: les cymbales, les crotales, les tambourins. რედაქციამ საომარ მანქანათა პრობლემა თუ მარტივად მოაგვარა ფრაზით – და სხვა ათასი რამ, – დასაკრავი ინსტრუმენტებისთვის სხვა გზა მონახა: წაშალა ის, რაც ფლობერთან და, შესაბამისად, ქართულ თარგმანში იყო, და მის ნაცვლად ჩაწერა: “აახმიანეს ბუკი და ნაღარა” (!). სამოქმედო პრინციპი ასეთია: რედაქცია რასაც მოისურვებს, იმას ჩაწერს! მერე რა, რომ ბუკი და ნაღარა ჩასაბერი ინსტრუმენტებია, ფლობერი კი ჩამოთვლის დასარტყმელ ინსტრუმენტებს!
როგორ ცვლით სიტყვას, რომლის მნიშვნელობა არ იცით? კარავში, როცა მათო მიმართავს სალამბოს, – “შენი ხმა მეყურება წინწილების ხმიანობაში“, – თქვენ წინწილა შეცვალეთ სიტყვით ხოცვა–ჟლეტა და მათოს ნათქვამს ასეთი სახე მიეცით: “შენი ხმა მესმის ამ ხოცვა–ჟლეტაში“. აღარ ღირს იმაზე შეჩერება, რომ თქვენ ჩემი თანხმობის გარეშე “მეყურებაც” კი არ უნდა შეგეცვალათ. კიდევ ერთხელ ახსენებს ფლობერი საკრავებს: “მოწნულ კალათაში ეყარა … [წინწილები, ბობღანი, შიბები]”. წინწილები და ბობღანი ამოაგდეთ, შიბი საკრავი არ არის, მაგრამ ისიც ამათ მიაყოლეთ. მათ ნაცვლად ფლობერს ჩაუწერეთ დაფდაფები. ნათელია, თქვენ ვერ ეგუებით ფლობერის უმდიდრეს ლექსიკას, მაგრამ ვინ გიბოძათ მისი ნაწერის ასე ჯიჯგნის უფლება?!
რაც თქვენ “სალამბოს” დააწიეთ, მისმა ანალიზმა ორასგვერდიანი ნაშრომი შეადგინა. ჯერჯერობით ამ წერილით შემოვიზღუდები. ეს წერილი ვერ იტევს უამრავ სხვა კურიოზს, მაგრამ მაინც მინდა ორიოდე სიტყვით გამოვხატო ჩემი გაოცება იმის გამოც, რაც თქვენ ფლობერის აბზაცებს დამართეთ: ერთ აბზაცს ორად ყოფთ, ორ აბზაცს აერთიანებთ, ერთი აბზაცის ნახევარს მეორის ნაწილთან აერთებთ (გვ. 240, 258, 335, 347-348, 350 და ა.შ.)
ვინ გითხრათ, რომ ქართულში ყველა ვითარებაში ზმნა წინადადების ბოლოს უნდა იყოს? რამდენჯერ გადასვით ზმნა, რამდენჯერ დაარღვიეთ რიტმიც და აზრთა მდინარებაც?! ერთი მაგალითი მრავალთაგან: “კარვები აღწევდნენ … ბარბაროსებამდე, რომელნიც რკინის ჯაჭვ–ჯავშნით ელავდნენ“. თქვენ გაასწორეთ: “კარვები ბარბაროსებამდე აღწევდნენ, რომელნიც ჯაჭვ–ჯავშნით ელავდნენ“. როგორც ჩანს, რედაქტორი თუ რედაქცია მიხვდა, რომ “აღწევდნენ, რომელნიც“ ერთმანეთთან მაინცა და მაინც ვერ მეზობლობდნენ, ამიტომ მეორე ნაწილი საერთოდ მოაკვეცეს წინადადებას. არადა, იგი ზუსტად იმეორებდა დედანს: tout ruissantes de fer. ასეთი რამ ხშირად ხდება თქვენს ნასწორებ ტექსტში: “საყურეებად ჰქონდა წკირზე ჩამოკიდებული ამოჭრეთილი მარგალიტები, რომლებშიც ნელსულნელება ესხა“. ასწორებთ: “საყურეებად მარგალიტები ჰქონდა, რომლებშიც…” განსაზღვრებით დამოკიდებული წინადადების წყობაში თუ ვერ ერკვევით, არც იმის გუმანი გაქვთ, რომ სწორად დაწერილი მცდარით არ შეცვალოთ?!
ახლა ცოტა რამ სინონიმების შესახებაც: შემოქმედებითი იმპულსის მოჭარბებამ აქაც იჩინა თავი: სადაც ხოდაბუნი შეგხვდათ, სახნავ-სათესი მიწით შეცვალეთ, ლომგული – მამაცით, მუზარადი – ჩაჩქნით, ჩაჩქანი – მუზარადით, მურგი – ძაფის გორგლით, ქარაფი – სალი კლდით; სურდა – უნდოდა, ნაუცბათევად – ნაჩქარევად, დამაცა! – მაცადე! ნაწილაკიც კი არ დააყენეთ თავის ადგილას: ჰო! ჰო! გახდა მიდი! მიდი! გვერდი არაა, რამდენიმე ასეთი “ჩასწორების” გარეშე. საკუთარი ნების დამკვიდრების რა ჟინია ასეთი! მიხედეთ თავს! გუსტავ ფლობერი და ჩვენი თარგმანი რატომ გაიხადეთ თქვენი შემოქმედებითი წვის ასპარეზად?!
როცა რედაქცია სინონიმებში ვარჯიშობს და მთარგმნელთა მიმართ უდიერ დამოკიდებულებას ამ მხრივაც ავლენს, – ხშირად, ძალიან ხშირად შეცდომას შეცდომაზე ახვავებს. ჯერ სტილის გრძნობის დეფიციტით გამოწვეულ ერთ-ერთ ჩანაცვლებაზე მოგახსენებთ: ლოყები შეცვალეს ღაწვებით. ამით თითქოს არაფერი დაშავებულა, გარდა იმისა, რომ ამის უფლებაც არ ჰქონდათ მთარგმნელთან შეუთანხმებლად. ახლა მივხედოთ ამ ცვლილების კონტექსტს: “ღრმა ნაოჭებით დაღარულ ჩამომხმარ ლოყებს შორის წაგრძელებოდათ გალურჯებული ცხვირი, მომჩვარული კანი ასპიტისფერ ჭუჭყს დაეფარა, ტუჩები ჩაყვითლებულ კბილებს შესწებებოდა. ისეთი სიმყრალე ამოსდიოდათ პირიდან, რომ ღრიჭოდ დატოვებული სამარხი ეგონებოდა კაცს. ცოცხალი ლეშები იყვნენ“. ამ კონტექსტში ლოყები რამ შეგაცვლევინათ ღაწვებით. ამავე აბზაცში ტუჩების შეცვლა ბაგეებად გამოგრჩათ, თუ მოგერიდათ?!
მაგრამ ხშირად, თქვენ რომ გგონიათ, სიტყვას მისი სინონიმით ცვლით, გეშლებათ, უხეში შეცდომა მოგდით. მაგალითად, ყოველი მათგანი, რაც სწორი შესიტყვებაა, შეცვალეთ ყველა მათგანით. ყველა თუა, მათგანი რის მაქნისია? ეს ხომ იშვიათი შემთხვევა არაა, როცა აზრს უაზრობით გვიცვლით.
ბეგთარს სანამ გამძლე სამოსით შეცვლიდით, ლექსიკონში ჩაგეხედათ.
გაჩხიკულ თითებს, რომელიც შესაფერ კონტექსტში ზის, რატომ ცვლით გამხდარი თითებით?
ლომის ჭანგი რამ შეგაცვლევინათ ლომის კლანჭად? კლანჭი რომ ფრინველს აქვს, ჭანგი კი ლომს, ვეფხვსა და მისთანათ, – რედაქციის მუშაკთათვის ამის განმარტება თუ საჭირო შეიქნებოდა, ვერ წარმომედგინა.
ძელის სიმსხო რომ გაასწორეთ ძელის სისქედ, – როგორ გგონიათ, ქართველი სქელ ხეს იტყვის თუ მსხვილ ხეს?
სიცივემ დაზრინათ ტანში – ამას რით ჯობს: სიცივემ დაუარათ ტანში? ზარი დაეცათ გაასწორეთ ასე: შიშში ჩაცვივდნენ… და ასე შემდეგ, და ასე შემდეგ…
წიგნს სამი კორექტორი ჰყოლია: ნატალია ჩიმაკაძე, რუსუდან გელაშვილი, ნატა ენუქიძე.
ვერცერთმა როგორ ვერ შეამჩნიეთ მცდარი ფორმები: ნაპატიები გადაკეთდა ნაპატივებად, სახეს იხოკავდნენ – სახეს იხოკდნენ (ავ თემისნიშნიანი ზმნების უღლებას სკოლაში თუ არა, უმაღლესი სასწავლებლის პირველ კურსზე მაინც ისწავლიდით). ტექსტში მწყრების ნაცვლად რომ მწყერები, გოდლების ნაცვლად რომ გოდოლები გაჩნდა, არ უნდა შეგესწორებინათ? სამოსლის ნაცვლად ნათესაობით ბრუნვაში დაგხვდათ სამოსელის, – ელ სუფიქსიანი სახელები რომ კუმშვადია, ეს როგორ გამოგრჩათ? თავთავიანთში დეფისი ჩაგვიწერეს, სკოლის მოწაფემ იცის, რომ დეფისი იქ იწერება, სადაც და კავშირის ჩასმაა შესაძლებელი. ეზოსმოძღვარი რომ გაყვეს და ორ სიტყვად გადააკეთეს, – ამისთვისაც უნდა მიგექციათ ყურადღება. თქვენ ალბათ არ გევალებათ იმის გათვალისწინება, თუ რა ცვლილებებით მოაღწია ტექსტმა თქვენამდე, მაგრამ მცდარი ფორმისთვის ყურადღების მიქცევა არ არის თქვენი მოვალეობა?
* * *
ცუდი რამ მოხდა.
ცუდია ისიც, რომ მე ამ წერილის დაწერა დამჭირდა. რაც ამ წერილმა დაიტია, ზღვაში წვეთია. შესაძლოა, უფრო მეტის გამოქვეყნებაც მომიხდეს, თუ ეს წიგნის საქმეს წაადგება, არამარტო ჩვენი წიგნისას.
არ ვიცი, ჩვენს სინამდვილეში რომელიმე რედაქციას რომელიმე ავტორისთვის, თუ შეუბედავს ის, რაც თქვენ ფლობერს შებედეთ; რომელიმე გამომცემლობას რომელიმე მთარგმნელისთვის თუ უკადრებია ის, რაც თქვენ გვაკადრეთ. თან ეს ყველაფერი ჩაიდინეთ ჩემგან ფარულად. შეგეძლოთ ჩემთან შეხვედრითაც არ შეგეწუხებინათ თავი, მაუსის ერთი დაწკაპუნება იყო საჭირო “სალამბოს” მთელი ტექსტის ჩემთან გადმოსაგზავნად. ჩემი თხოვნის მიუხედავად, თქვენ ეს ფიქრადაც არ გაგივლიათ.
და კვლავ ვიმეორებ: წარყვნილ-დამახინჯებული ქართული, ამდენი შეცდომა, ამდენი უვიცობა ჩემი გარდაცვლილი მეგობრისა და ჩემი სახელით მოჰფინეთ საქართველოს!
გულახდილად ვამბობ, თქვენ გამოც მტკივა, თქვენი რედაქციის გამოც, “პალიტრა L”-ის გამოც, ქართული ენის გამოც, ქართული წიგნის გამოც. არა მგონია, “სალამბოს” ასეთი სახით გამომცემ რედაქციას გასიგრძეგანებული ჰქონდეს, რა დღეში ჩაიგდო თავი. თქვენ ხომ საკუთარ თავს, საკუთარ გამომცემლობას, საკუთარ საქმეს უმტრეთ. ფლობერსა და მის “სალამბოს” იმდენი ვერ დაუშავეთ, რამდენიც – საკუთარ თავს.
ჩვენი თარგმანის აღდგენა-რეაბილიტაციისთვის უკვე ვიზრუნე. სულ მალე გამოქვეყნდება “სალამბოს” მეხუთე გამოცემა – თქვენ მიერ წაურყვნელი ტექსტი. ფლობერი ის ავტორია, რომელიც ალბათ მომავალშიც გამოქვეყნდება საქართველოში. ჩემი უმორჩილესი თხოვნაა: ოდესმე თუ გაჩნდება სურვილი ჩვენი თარგმნილი “სალამბოს” გამოცემისა, არ გაიმეოროთ “პალიტრა L”-ის ტექსტი, რადგან ეს არც ფლობერია, არც კარლო ქილარჯიანისა და ჩემი თარგმანია. ეს არის ქართული წიგნის გამოცემის საქმეში მომხდარი დიდად სამწუხარო ფაქტი. ეს დანაშაულია ფლობერის, მისი მთარგმნელებისა და ქართველი მკითხველის წინაშე, რომელსაც წარყვნილი ტექსტი მიაწოდეთ. სიტყვა დანაშაული ნუ შეგაკრთობთ, მე თქვენთან სამართლებრივი გზით დავას არ ვაპირებ.
კარგა ხანია მეცხრე ათწლეულში ვარ გადამდგარი. მე სხვა ურთიერთობებს ვარ ჩვეული. ჩემს ნაწერსა თუ თარგმანში არასდროს ჩარეულა რედაქტორი. ბატონმა ნიკა აგიაშვილმა, “დიდებულ მექართულედ” წოდებულმა, “სალამბოს” ხელნაწერის კითხვა რომ დაასრულა, ჩემი გაცნობა მოინდომა, ვეახლე გამომცემლობაში. მითხრა, არაფერი შემიცვლია, ერთი სიტყვის გაწირვა მინდა და მთარგმნელის ნებართვა მჭირდებაო. ეს სიტყვა რაკი მაკაროვის ფრანგულ ლექსიკონშიც კი არ არის, არ ღირს მისი დატოვება, ამოვიღოთო. ეს იყო ძვირფასი თვალი, რომლის ქართულ შესატყვისს ვერ მივაგენი. აი, ამ ერთი სიტყვის ამოღების უფლება ითხოვა ღვაწლმოსილმა ბატონმა ნიკამ ჩემგან, 25 წლის ახალბედა მთარგმნელისგან.
* * *
ახლა კი ქალბატონ თინათინ ასათიანს, გამომცემლობა “პალიტრა L”-ის დირექტორს, მინდა შევეხმიანო.
ქალბატონო თინათინ, მე ერთადერთს თქვენ შეგხვდით. გამომცემლობიდან სხვასთან არავისთან არავითარი შეხება არ მქონია. თქვენ ჩაგაბარეთ CD-ზე ჩაწერილი ტექსტი და გთხოვეთ, არაფერი შემიცვალოთ-მეთქი. თქვენი პასუხი იყო: აბა, რა არის რედაქტორის მოვალეობა?
ახლა მე მინდა კითხვა შემოგიბრუნოთ: რაც თქვენმა რედაქციამ გუსტავ ფლობერის “სალამბოს” დამართა, როგორ მიგაჩნიათ, ეს არის რედაქტორის მოვალეობა?
© არილი