ესე (თარგმანი),  კრიტიკა,  რეცენზია (თარგმანი)

მარგარეტ ეტვუდი – მონა გათავისუფლების შესახებ

gabriel-garcia-marquez156456456

გაბრიელ გარსია მარკესის “გენერალი თავის ლაბირინთში”

 ინგლისურიდან თარგმნა რუსუდან მახათაძემ

     გაბრიელ გარსია მარკესის ახალი რომანის სათაურში ნაგულისხმევი გენერალი “გამათავისუფლებლად” მონათლული სიმონ ბოლივარია – სამხრეთ ამერიკის რევოლუციური არმიის წინამძღოლი 1811-24 წლების იმ ბრწყინვალე და ქანცგამწყვეტ ლაშქრობებში,  რომელთაც აიძულეს ესპანელები თავიანთი ყოფილი კოლონიებიდან გუდა-ნაბადი აეკრათ. ამ ამბებს მოჰყვა არაერთი მდიდარი და ძირძველი ქალაქის განადგურება, აურაცხელი ავლადიდების დატაცება-განიავება, ხოცვა-ჟლეტა, შიმშილობა და ავადმყოფობა და, ამის გამო, მოსახლეობის გაჩანაგება… გაერთიანებული სამხრეთ-ამერიკა კი – სახელმწიფო, რომელზედაც ასე გულმხურვალედ ოცნებობდა ბოლივარი და რომელიც დააოკებდა და არ შეეპუებოდა შეერთებული შტატების ძალმომრეობას – გაუთავებელი უნდობლობის, შეხლა-შემოხლის, მზაკვრობის, მუხანათური კაცისკვლის, ურთიერთგანდგომის, შინაური შუღლისა თუ მხედრული წარმატების ჟინს აყოლილთა ხრიკების გადამკიდე, საბოლოო ჯამში მთლად გაიხლიჩა.

ბოლივარი რომ არც არსებულიყო, მისტერ გარსია მარკესს მოუწევდა მისი გამოგონება. იშვიათად თუ შეხმატკბილებიან ასე ერთმანეთს ავტორი და მისი ქმნილება. მისტერ გარსია მარკესი საღერღელაშლილი ეჭიდება ამ ფერადოვან, ხშირად ენით აუწერელ,  უკიდურესად ტრაგიკულ მასალას და ერთმანეთზე ახვავებს ავხორცულ დეტალებს, ერთმანეთს უნაცვლებს მძულვარებასა და შემწყნარებლობას, კეთილსურნელებასა და კორუფციის სიმყრალეს, საჯარო ცერემონიების დახვეწილ მეტყველებასა და კერძო კაცის წამიერ ვულგარულობას,  ბოლივარის საღ, ნათელ აზროვნებასა და მის გრძნობათა ცხოველ სიმძაფრეს, მაგრამ არასოდეს ღალატობს მისი პროტაგონისტის უპირველეს მოვალეობას – სამხრეთ ამერიკის დამოუკიდებლობისა და ერთიანობისაკენ სწრაფვას. ესაა, თავად ბოლივარის სიტყვებით რომ ვთქვათ,  გასაღები მისი წინააღმდეგობრიობისა.

ახლა, როდესაც იმპერიები ირღვევა და პოლიტიკური რუკა რადიკალურად იცვლის სახეს, სწორედ რომ უაღრესად დროულია თემა რომანისა “გენერალი თავის ლაბირინთში“.  უთუოდ უნდა აღინიშნოს ის, რომ მისტერ გარსია მარკესმა თავისი გმირი დაგვისურათხატა არა მისი გასაოცარი ტრიუმფის ჟამს,  არამედ სიმწრითა და იმედგაცრუებით დაღდასმულ მის უკანასკნელ თვეებში. იგრძნობა,  რომ ავტორი ბოლივარის ამბავს მისაბაძად სახავს არა მარტო მისი მშფოთვარე ხანისათვის, არამედ ჩვენი დროისთვისაც. რევოლუციებს თავიანთ წინამძღვართა შთანთქმის ხანგრძლივი ისტორია აქვთ.

მისტერ გარსია მარკესის ყოველი წიგნი დიდი მნიშვნელობის ლიტერატურული მოვლენაა. თითოეული მათგანი სრულიად განსხვავდება მისი წინამორბედისაგან და ეს ახალი რომანიც, ედით გროსმანის მიერ მშვენივრად ნათარგმნი, არანაირ გამონაკლისს არ წარმოადგენს. იგი გარდასულ ამბებს ასახავს, მაგრამ მისი ისტორიულ რომანად მონათვლა უმართებულო იქნებოდა. იგი არც ფანტასტიკური ჟანრის ნაწარმოებებს განეკუთვნება – ისეთს, როგორიცაა, მაგალითად, ჯონ ფაულზის “ჭუპრი”, რომელშიაც რამდენიმე რეალური და წარმოსახვითი პერსონაჟი ერთმანეთშია აღრეული. ამ წიგნში რეალურის ელემენტი წინაა წამოწეული ან ცენტრშია მოქცეული, – მოქმედ პირთა უმეტესობა სინამდვილიდან მოსული ადამიანები არიან; ყველა მოვლენა და თითქმის ყველა ამბავი სიმართლის ამსახაველია, ხოლო სხვა დანარჩენები სათავეს იღებენ ყოვლისმომცველ კვლევა-ძიებაში: თუ ვინმე guava-ს მიირთმევს, ეს იმას ნიშნავს, რომ guava სწორედ იმ დროს და იმ ადგილას მოიძიებოდა.

ეგაა, რომ მისტერ გარსია მარკესი თავს არიდებს თხრობის ქრონოლოგიურ სიმწყობრეს (თუმცა, ჩვენდა სასიკეთოდ, ბოლოში დართულ შენიშვნებში დაცულია მოვლენათა ზედმიწევნითი თანამიმდევრობა). ნაცვლად ამისა, იგი იმით იწყებს თავის წიგნს, რომ გენერალ ბოლივარს – 46 წლის დროულ მამაკაცს, დაავადებულს დაუდგენელი სენით, რომელიც სულ მალე სიკვდილს უქადის – უგულებელყოფენ, როგორც პრეზიდენტს მისივე შემწეობით შექმნილი ახალი ხელისუფლებისა. ზეპური საზოგადოებისაგან ათვალწუნებული და ბრბოსაგან გაქიაქებული,  გაერიდება კოლუმბიის ქალაქ ბოგოტას, რათა კლაკნია მდინარე მაგდალენას დაუყვეს კარჭაპით; მტკიცეა მისი განზრახვა, ზღვით იმოგზაუროს ევროპაში.

იგი ვერა და ვერ ახერხებს ჩანაფიქრის ასრულებას. პაპანაქებისა თუ საშინელი უამინდობის, მტრული – კერძოდ კი, მისივე თანარევოლუციონერისა და მთავარი მეტოქის, ფრანსისკო დე პაულა სანტანდერის მიერ დახლართული – ხრიკების, მეგობართა პოლიტიკური ამბიციებისა თუ ავადმყოფობის გადამკიდე, და კიდევ, ვერდამთმობი იმ მხარისა, სადაც ოდესღაც დიდების შარავანდედით მოსილიყო, იწყებს ქალაქ-ქალაქ, კარდაკარ, ბინა-ბინა ხეტიალს და ფეხდაფეხ მიიყოლიებს თავის დაუდგრომელ,  სულ უფრო და უფრო თავგზააბნეულ მხლებლებს. აქ თუ აქილიკებენ, იქ თაყვანს მიაგებენ; უნდა აიტანოს მის საპატივცემულოდ გამართული გაუთავებელი ზეიმები,  მუდარა თანადგომისა, დღესასწაულები თუ ოფიციალური შეხვედრები, რომელთაც ენაცვლება წყალდიდობა,  ხვატი,  ეპიდემიები  თუ  დაუძლურებული სხეულის ახალ-ახალი სატკივარი.

ერთი შეკითხვა აკვიატებია და პასუხი ვერა და ვერ გაუცია:  ჩაიგდებს კი კვლავ ხელში პრეზიდენტობას, რათა აღკვეთოს ანარქია და სამოქალაქო ომი, კონტინენტს დაქუცმაცებას რომ უქადის?! სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, – უღირს კი გაერთიანება ჩანასახოვანი დემოკრატიის ხარჯზე და თავისივე დიქტატორობის ფასად?! იქნებ ხელსაყრელ წუთს ელოდება უკან დასაბრუნებლად? მაგრამ ეს წუთი არა და არ დგება. “მის ოცნებებსა და ბედუკუღმართობას შორის თავაწყვეტილ ჯირითში” გამარჯვება ბედის უკუღმართობას ხვდება წილად, მისი ბოლო კი მისსავე ლაბირინთში დაბუდებული ურჩხულია.

ლაბირინთისებრია თავად სტრუქტურაც ამ წიგნისა, ამბის თხრობას უკანვე რომ აბრუნებს და დროის შემკრავ ძაფს ისე წნავს და ხლართავს, რომ არათუ გენერალი, მკითხველიც კი ვეღარ მიმხვდარა ზუსტად, როდის და სად იმყოფება. მოგონებებად, ოცნებებად, მძაფრ ჰალუცინაციურ მოლანდებებადაა ჩაწნული აწმყოში გენერლის გარდასული ცხოვრების სურათები: ომის დროინდელი უბედურებები, დიდებული ტრიუმფები, გმირობის ტოლფასი ზეადამიანური გამძლეობა, ღრეობა-ზეიმში გათენებული ღამეები, ბედისწერის ავბედითობა თუ მშვენიერ ქალებთან – როგორც ჩანს, ხშირი – რომანტიკული შეხვედები. აი, ახალგაზრდა, ქორწინებიდან რვა თვის თავზე გარდაცვლილი მეუღლის ღრმადჩამარხული სახება; აი, კიდევ, მისი ერთგული, სიგარეტის მწეველი სატრფო, მანუელა სენცი, რომელმაც ერთხელ მუხანათური მკვლელობისაგან იხსნა. თუმცა მის ერთგულ მსახურს, ჟოზე პალასიოსს თუ ვერწმუნებით – ლეპორელოს განსახიერებად რომ გვევლინება ბოლივარი-დონ ჟუანისათვის, – იყო კიდევ 35 სხვა სერიოზული სასიყვარულო თავგადასავალი, “თუ, რა თქმა უნდა, არ მივათვლით ჩიტუნიებს ერთი ღამით”.

რაღა თქმა უნდა, ასეა, რადგან ბოლივარი არა მარტო ცნობილი ლათინურ-ამერიკული machismo-ს  (ესპ. მამაკაცის აგრესიული საქციელი, რითაც ხაზი ესმება იმას, რომ ძალა ინტელექტზე მნიშვნელოვანია)  თვალსაჩინო წარმომადგენელია, არამედ რომანტიზმის ეპოქის ღვიძლი შვილიცაა. მისი პოლიტიკური თვალთახედვა საფრანგეთის რევოლუციამ ჩამოაყალიბა; ნაპოლეონი და რუსო იყვნენ მისი გმირები. ისიც ბაირონივით რომანტიკული გესლით იგესლებოდა,  რელიგიას  სკეპტიკურად უყურებდა, არც საზოგადოების წეს-კანონებს აგდებდა რამედ და არც ქალებს იკლებდა; ეს იყო კაცი, მართლაც რომ დიადი მიზნებით შეპყრობილი და შემძლე დიდებული თავგანწირვისა, თუმც, მეორეს მხრივ, საკურთხეველთან თავისივე “მე-ს” მაღმერთებელი. იგი გამოწვევად აღიქვამდა ყოველ ახალ ქალთან მიახლებას; “ერთხელაც ჟინს რომ მოიკლავდა, ექსტრავაგანტურ საჩუქრებს უგზავნიდა ხოლმე, თავი რომ დაემახსოვრებინა მათთვის; ოღონდ, სიყვარულზე მეტად ცუდმედიდობის გრძნობით შეპყრობილი, მათ თავისი ცხოვრების მცირედ ნაწილსაც ვერ ანაცვალებდა”.

მისტერ გარსია მარკესის ბოლივარი, ცოტა არ იყოს, მოკლებულია პოლიტიკური წინასწარმეტყველების უნარს. სწორედ სიკვდილის წინ აცხადებს იგი, რომ სამხრეთ ამერიკა “უმართავია; კაცი, რომელიც რევოლუციას ემსახურება, აღმართსა ხნავს; ეს ქვეყანა უცილობლად აღვირახსნილ ურდოს ჩაუვარდება ხელთ, მერე კი რომელიღაც, ლამის შეუმჩნეველი, ციდამტკაველა ტირანების ხელში გადავაო”. იგი წინასწარ ჭვრეტს ვალებში ჩავარდნის საფრთხეს: “მე გავაფრთხილე სანტანდერი იმის თაობაზე,  რომ  რა სიკეთეც უნდა გაგვეწია ქვეყნისათვის, არაფერს ფასი აღარ ექნებოდა, ვალებს თუ ავიკიდებდით, რადგან ამის გამო ბოლომდე მოგვიწევდა ჩვენი ინტერესების დათმობა. ახლა ხომ ცხადია, ვალი საბოლოოდ გაგვანადგურებსო”. მას კიდევ რაღაც აქვს სათქმელი შეერთებული შტატების როლზე ლათინური ამერიკის საქმეებში: შეერთებული შტატების მოწვევა პანამის კონგრესზე წააგავს “კატის მოწვევას თაგვების ზეიმზეო”.

“ნუ წახვალთ… შეერთებულ შტატებში, – აფრთხილებს იგი კოლეგას. – ის ყოვლისშემძლეა და საშიში,  და მისი შეთითხნილი ზღაპარი თავისუფლებაზე ბოლოს ყველას ჭირსა და უბედურებას შეგვყრისო.” კარლოს ფუენტესის განცხადებით კი, ლათინური ამერიკის პოლიტიკის, ისევე როგორც შეერთებული შტატების მასში ჩარევის მოდელები 160 წლის მანძილზე დიდად არ შეცვლილა.

“გენერალი თავის ლაბირინთში” – გარდა იმისა, რომ მომაჯადოებელი ლიტერატურული გამომსახველობით გამოირჩევა და მართლაც გულის შემძვრელად მიაგებს საკადრისს რჩეულ პიროვნებას – სევდიანი გააზრებაა პოლიტიკური პროცესის ულმობლობისა. ბოლივარმა შეცვალა ისტორია, თუმცა არც იმდენად, თავად რომ ინატრებდა. ლათინურ ამერიკაში სად არ ნახავთ “გამათავისუფლებლის” ქანდაკებას! ეგაა, რომ საკუთარ თვალში ის დამარცხებული წავიდა იმქვეყნად…

          The New York Times Book Review

          1990, 16 სექტემბერი

© არილი

Facebook Comments Box