თარგმანი,  ინტერვიუ

მარგარეტ ეტვუდი – „შეწყვიტეთ „საუკეთესოს“ თქმა!“

ინტერვიუ მარგარეტ ეტვუდთან (Penguin Books)

რომელი მწერალი გიყვართ ყველაზე მეტად და რატომ?

არასოდეს ვპასუხობ ამ შეკითხვას, ზოგიერთი მწერალი (ყველა მწერალი!) უკმაყოფილო დარჩება, თუ გამოტოვებ. გარდაცვლილებიც კი უკმაყოფილოები იქნებიან. ეს არაა სახალისო. არ ღირს, რომ სემ ჯონსონი ან ვირჯინია ვულფი გაგიბრაზდნენ. მათ შეუძლიათ, რომ ძალიან სასტიკები იყვნენ. მილტონი უხასიათოა. ედით უორტონი დიდხანს დარჩა შეუმჩნეველი. ერთხანს ცუდად იქცეოდა, მაგრამ შემდეგ გადალახა.

რომელია პირველი წიგნი, რომელიც, როგორც გახსოვთ, ბავშვობაში გიყვარდათ?

დედა ბატის ზღაპრები. მრავალშრიანი და საიდუმლოებით მოცული ნაწარმოები. ვინ იყო მთლიანად ტყავის სამოსში გამოწყობილი მოხუცი კაცი?  რა საეჭვო პერსონაჟია!

თინეიჯერობისას რომელი იყო თქვენი საყვარელი წიგნი?

შერლოკ ჰოლმსზე ვიყავი შეყვარებული, თუ ამას გულისხმობთ. შეგიძლია, დარწმუნებული იყო, რომ პაემანზე თავს უხერხულად არ გაგრძნობინებს. რეალურად, შეგიძლია, იმიტომაც ენდო, რომ საერთოდ არ დაგპატიჟებს პაემანზე. როგორც პოპ ვარსკვლავების, მისი გაღმერთებაც შესაძლებელია შორიდან. ორივესთვის შესაფერისი იქნებოდა.

რომელმა წიგნმა შეცვალა თქვენი ცხოვრების გზა?

რა ასაკში? გრძელი გზა იყო. ჯორჯ ორუელის 1984-ის ერთგული დავრჩები (“ერთ დღეს ვცდი რაღაც ასეთის დაწერას”, ვუთხარი საკუთარ თავს, “ოღონდ ქალი მთხრობლით. რა თქმა უნდა, სრულიად განსხვავებული იქნება”).

საუკეთესო რამ, რაც ოდესმე ვინმესთვის გირჩევიათ წერასთან დაკავშირებით

1972 წელს, ჩემი პატარა წარმატების შემდეგ, ფარლი მოუეტმა მითხრა: „ახლა შენ სამიზნე ხარ და ადამიანები გესვრიან“. ეს არ არის იმის შესახებ, როგორ უნდა წერო, მაგრამ ეხება შედეგებს, რომლებიც წერას მოჰყვება. ხოლო საუკეთესო რამ, რაც მე მირჩევია, ესაა: „არ დაიწყო ყველა პერსონაჟის სახელი ერთი და იმავე ასოთი“. თუ ამას არ აკეთებ განზრახ და ალიტერაციის გამო, როგორც, მაგალითად, დონალდ და დეიზი დაკების შემთხვევაშია.

რომელი წიგნი წაგიკითხავთ ბევრჯერ (და რატომ)

დაძაბულ მომენტებში, როგორებიცაა არჩევნები და შტორმები, საწოლის ქვეშ შევძვრები და „ბეჭდების მბრძანებელს“ ვკითხულობ. ცუდი რამეები ხდება, ქაოსი ისადგურებს, მაგრამ, სულ მცირე, ის მაინც ვიცი, როგორ დამთავრდება.

მწერალი რომ არ ვყოფილიყავი, ვიქნებოდი…

ამ ასაკში? შეშლილი მოხუცი ქალი, რომელიც ხეტიალისას საკუთარ თავს ელაპარაკება? მაგრამ ამას ისედაც ვაკეთებ… აჰ, თქვენ იგულისხმეთ, რას გავაკეთებდი. ბოტანიკოსი ვიქნებოდი, ალბათ. გენურ ინჟინერიაში ჩავერთვებოდი, გვალვაგამძლე მარცვლეულის შესაქმნელად ან მგრძნობიარე სოკოების (ვიცი, ვიცი, ბატონო შელდრეიკ, ისინი უკვე მგრძნობიარეები არიან. ამიტომ – უფრო მგრძნობიარეების).

რა გაქცევთ ყველაზე ბედნიერად?

როცა არ ვფიქრობ, ვარ თუ არა ბედნიერი, რადგან სხვა რამეში ვარ ჩაფლული.

თქვენი ყველაზე მოულოდნელი გატაცება ან ჰობი?

გააჩნია, რა გაგაოცებთ. მე არ მაოცებს არცერთი მათგანი. რას იტყვით სოკოებზე? არა, ამას ელოდით (ავისმომასწავებლად იცინის).

როგორია თქვენთვის იდეალური გარემო წერისთვის?

ტელეფონი არ რეკავს.  

ყველაზე უცნაური ან უხერხული შეხვედრა თქვენთან, როგორც ავტორთან?

რა უხერხულობაზე ლაპარაკობ, დედამიწელო? მაგრამ, ალბათ, ის შემთხვევა, როცა ერთ-ერთ ტელეგადაცემაში იმ წყვილის შემდეგ გამოვედი, რომელიც მაყურებლებს უჩვენებდა, როგორ უნდა გამოიყენო კოლოსტომის ჩანთა. ამასთან შედარებით წიგნის დაწერა მეტისმეტად სულელურია.

თქვენი ყველაზე დიდი შიში?

რატომ უნდა გავფლანგო დედამიწაზე ყოფნის დარჩენილი მცირე დრო შიშში?

რომ შეგეძლოთ სადილზე მოპატიჟება ნებისმიერი მწერლის, ცოცხლის ან გარდაცვლილის, ვინ იქნებოდა და რით გაუმასპინძლდებოდით?

ვინ უნდა იყოს, ვინც მომწონს თუ ის, ვინც სოკოების გამო მინდა? თუ ეს უკანასკნელი, მაშინ რუთ რენდელს მოვიწვევდი, როგორც წინასწარ შერჩეულ მსხვერპლს და რჩევას მომცემდა. თუ პირველი, მაშინ ურსულა კ. ლე გუინს, რადგან ძალიან მხიარული იყო ყოველთვის და ბევრ რამეზე ვილაპარაკებდით, განსაკუთრებით, ბოლო დროის პოლიტიკურ კლიმატზე. რით გავუმასპინძლდებოდი? ალბათ, ყველის სუფლეთი – ახლა ხშირად ვერ ნახავთ, მაგრამ ძალიან ლამაზად გამოიყურება, როცა ღუმლიდან გამოგაქვს – და დიდი მწვანე სალათით.

საუკეთესო წიგნი, რომელიც გასული 12 თვის განმავლობაში წაიკითხეთ?

არასოდეს ვიტყვი „საუკეთესოს“. თუ ასე მოიქცევი, სხვებისადმი უპატივცემულობა იქნება. ახლა სააბაზანოში მაქვს The Wordhord: Daily Life in Old English. ძალიან დამამშვიდებელია.

აბაზანაში კითხვა: კი თუ არა?

რა აბაზანაზე ლაპარაკობ, დედამიწელო? მაგრამ კი. კრიტიკოსი, რომელსაც დიდი ხნის წინ ვიცნობდი, ყველა წიგნის ასლს, რომელსაც სარეცენზიოდ უგზავნიდნენ, აბაზანაში კითხულობდა. თუ წიგნი დასველდებოდა, ეს ნიშნავდა, რომ ცუდ რეცენზიას მიიღებდა.

რომელი გირჩევნიათ: ყავა თუ ჩაი?

დილით – ყავა; ნაშუადღევს – ჩაი.

საუკეთესო წიგნი, რომელიც წაგიკითხავთ?

შეწყვიტეთ „საუკეთესოს“ თქმა! ყველაფერი შეჯიბრი არაა! ათასი გზაა იმისა, როგორ უნდა იყო „კარგი“. ვის შეუძლია აირჩიოს?

რამ შთაგაგონათ, წიგნი დაგეწერათ?

ჩემმა გამომცემლებმა შემაწუხეს, მე კი კულტურულად ისე ვარ დეტერმინირებული, რომ უარის თქმა არ შემიძლია. განსაკუთრებით მაშინ, როცა ტირილს იწყებენ (სინამდვილეში, Burning Questions ესეების კრებულია, ამიტომ ზუსტი არ იქნება თქმა, რომ „დავწერე“. ეს რაღაც Antiques Roadshow-ს ჰგავს: ბევრი ნაგავი, ისტორიული არტეფაქტები და დამატებითი რაღაცები, რაც წლების განმავლობაში დავიწყებული გქონდა, მერე მოულოდნელად წააწყდი სხვენში და გაგიკვირდა, იქ რომ აღმოჩნდა).

© არილი

Facebook Comments Box