პროზა (თარგმანი)

მარგარეტ ეტვუდი – Lusus Naturae

margaret-atwood-567

ინგლისურიდან თარგმნა დალილა გოგიამ

რამე ეშველება? როგორ მოვიქცეთ? სულ ეს ორი შეკითხვა ისმოდა. დიდი არჩევანი არ ჰქონდათ. ჩემი ოჯახი დარდობდა და გამოსავალს დაუსრულებლად ეძებდა, როცა ღამით დარაბებდახურულ სამზარეულოში მაგიდას მიუჯდებოდა და გამომშრალ, ბეწვიან ძეხვსა და კარტოფილის სუპს შეექცეოდა. თუ სრულ ჭკუაზე ვიყავი, მეც მათთან ერთად ვჯდებოდი, საუბარში აქტიურად ვერთვებოდი და თან ჩემს ჯამში კარტოფილის დიდ ნაჭრებს ვარჩევდი. თუ არა და, ბნელ კუთხეში ვიჯექი, ჩემთვის ვწკმუტუნებდი და იმ ჟღურტულს ვუსმენდი, რომელიც მხოლოდ მე მესმოდა.

„ისეთი საყვარელი ბავშვი იყო“, იმეორებდა დედაჩემი. „არასოდეს ავადმყოფობდა“. ნაღვლობდა, რომ ისეთი რამ გააჩინა, როგორიც მე ვარ: ეს ბრალდებას ჰგავდა, განაჩენს. მაინც, ასეთი რა დააშავა?

„ვიღაცამ დაგვწყევლა“. თქვა ბებიამ. ისიც ძეხვივით გამომშრალი და ბეწვიანი იყო, თუმცა, ეს მისი ასაკისთვის ბუნებრივია.

„დაბადებიდან ჯანმრთელი იყო“, თქვა მამამ. „ყველაფერი ბატონების მერე დაემართა, როცა შვიდი წლის იყო. ამის შემდეგ“.

„ვის უნდა დავეწყევლეთ?“ თქვა დედამ.

ბებიამ წარბები შეკრა. მას კანდიდატების გრძელი სია ჰქონდა. თუმცა, ამის მიუხედავად, ხელს ვერავის დაადებდა. ჩვენს ოჯახს ყველა პატივს სცემდა, ასე თუ ისე, უყვარდათ კიდეც. ჯერ კიდევ ასე იყო. ასეც გაგრძელდებოდა, მე თუ რამეს მომიხერხებდნენ, უფრო სწორად, ვიდრე ჩემი ამბავი გამჟღავნდებოდა.

„ექიმი ამბობს, რომ რაღაც ავადმყოფობა შეეყარა“. თქვა მამამ. მას უყვარდა იმის მტკიცება, რომ რაციონალური ადამიანი იყო. ის გაზეთებს იღებდა. სწორედ მან დაიჟინა, რომ კითხვა მესწავლა და თავად მასწავლა კიდეც. მაშინ მე უკვე აღარ ვნებივრობდი მის მკლავებზე, მაგიდის ბოლოს მომიჩინა ადგილი. მიუხედავად იმისა, რომ ასეთმა სიშორემ გული მატკინა, მაინც მესმოდა მისი.

„მაშინ წამალი რატომ არ მოგვცა?“ თქვა დედამ. ბებიამ წაიფრუტუნა. მას საკუთარი აზრი ჰქონდა და ეს აზრი სოკოსა და მოჭრილი ხიდან გადმოსულ წყალს უკავშირდებოდა. ერთხელ, თავზე ნარეცხი წყალი დამასხა და თან ლოცულობდა. ეს რიტუალი იმ ეშმაკის გასადევნად იყო მიმართული, რომელიც, როგორც მას მტკიცედ სწამდა, პირიდან შემიფრინდა და ახლა ჩემს გულისფიცარზე ბუდობდა. მაშინ დედამ მითხრა, რომ ბებიას გულის სიღრმეში ცუდი არაფერი ედო და მხოლოდ კეთილი ზრახვები ამოძრავებდა.

გოგონას პური მიეცით, თქვა ექიმმა, ბევრი პური და კარტოფილი. სისხლსაც მოგთხოვთ. ქათმის სისხლი გამოდგება, ძროხისაც. ბევრი არ დაალევინოთ. ავადმყოფობის სახელიც გვითხრა, ბევრი პს, თუ რს ერია, და ჩვენ ეს სახელი არაფერს გვეუბნებოდა. როცა ყვითელი თვალები, ვარდისფერი კბილები, წითელი ფრჩხილები და მკერდზე და მკლავებზე გრძელი, მუქი თმა დამითვალიერა, გვითხრა, რომ ასეთი ავადმყოფი ჩემამდე მხოლოდ ერთხელ ენახა. უნდოდა, ქალაქში წავეყვანე, რომ სხვა ექიმებსაც გავესინჯე, მაგრამ ჩემმა ოჯახმა უარი განაცხადა. თქვენი გოგონა არის lusus naturae, დაასკვნა მან.

„ეს რას ნიშნავს?“ იკითხა ბებიამ. „გონჯია“ თქვა ექიმმა. ჩვენ ის შორიდან გამოვიძახეთ, რადგან, ვშიშობდით, ჩვენი ექიმი, სოფელში ხმებს გაავრცელებდა. „ლათინური სიტყვაა, დემონს ნიშნავს“. ეგონა, მე არ მესმოდა, რადგან ამ დროს ვკრუტუნებდი. „არავის ბრალი არაა“.

„ის ადამიანია“. თქვა მამამ. მან ექიმს კარგად გადაუხადა, რომ თავის შორეულ სახლში დაბრუნებულიყო და აღარასოდეს გამოჩენილიყო ჩვენს მხარეში.

„ასე რატომ გაგვწირა ღმერთმა?“ თქვა დედამ.

„წყევლაა თუ დაავადება, რა მნიშვნელობა აქვს, არავინ წამიყვანს ცოლად“. თქვა ჩემმა დამ. მე თავი დავუქნიე: სიმართლეს ამბობდა. ჩემი და ლამაზი გოგო იყო, არც ჩვენ გვეთქმოდა ღარიბები, ლამის ბობოლებიც ვიყავით, ერთადერთ დაბრკოლებას მე ვუქმნიდი.

დღისით ჩემს ჩაბნელებულ ოთახში ვიყავი გამოკეტილი: საქმე უკვე სახუმაროდ აღარ იყო. ამაზე არ ვწუხდი, რადგან მზის სინათლეს მაინც ვერ ვიტანდი. ღამით სახლში დავბორიალობდი, სხვათა ხვრინვას და ღამის კოშმარის ყვირილს ვუსმენდი. კატა ერთადერთი სულიერი აღმოჩნდა, ვისაც ჩემთან ყოფნა სურდა. მე სისხლის სუნი მცემდა, ბებერი, გამხმარი სისხლის სუნი, და შესაძლოა, გვერდიდან სწორედ ამიტომ არ მშორდებოდა, ზედ მახტებოდა და მტლეკდა.

მეზობლებს უთხრეს, რომ ციება მქონდა, ნერვიული აშლილობა, დელირიუმი. მეზობლები კვერცხს და კომბოსტოს მიგზავნიდნენ, დროდადრო სახლშიც მოდიოდნენ, ჩემს ამბებს კითხულობდნენ, თუმცა, ჩემი ნახვის სურვილს არ გამოთქვამდნენ, ეშინოდათ, რამე არ გადასდებოდათ.

გადაწყდა, უნდა მოვმკვდარიყავი, რომ ჩემი დისთვის გათხოვებაში ხელი არ შემეშალა. „ჯობს, ერთი მაინც იყოს ბედნიერი, ვიდრე ორივე საცოდავი“. თქვა ბებიამ და ჩემი კარის ჩარჩოს ნიორი წაუსვა. მე დავთანხმდი, მინდოდა, ვინმეს რამეში გამოვდგომოდი.

მღვდელი მოისყიდეს. ამასთან, ის ჩვენს მდგომარეობაში შევიდა. ყველას უყვარს, როცა ფიქრობს, რომ სიკეთეს აკეთებს, და ამავდროულად, ერთ ტომარა ფულსაც იჯიბავს, და ჩვენი მღვდელი რატომ იქნებოდა გამონაკლისი. მან მითხრა, რომ ღმერთმა სხვა გოგოებისგან გამომარჩია, როგორც თავისი საცოლე. ასევე მითხრა, რომ ღმერთი ჩემგან მსხვერპლს მოითხოვს და ჩემი ტანჯვა სულის განწმენდას ემსახურება. ისიც თქვა, რომ გამიმართლა: მთელი სიცოცხლე უმანკო დავრჩები, და ვერცერთი კაცი ვერ წამბილწავს, ამის გამო კი, პირდაპირ სამოთხეში მოვხვდები.

მან მეზობლებს ამცნო, რომ ნამდვილი წმინდანივით აღვესრულე. ქალწულის შესაფერისად, თეთრი კაბა ჩამაცვეს, ბნელ ოთახში, ღრმა კუბოში ჩამაწვინეს, ზემოდან, ჩემი ბალნის დასაფარად რამდენიმე ფენა თეთრი ვუალი გადამაფარეს. იქ ორი დღე ვიწექი, ოღონდ, ღამით, რა თქმა უნდა ვდგებოდი და სახლში დავდიოდი. როცა ოთახში ვინმე შემოდიოდა, სუნთქვას ვიკავებდი; ხალხი ფეხაკრეფით დადიოდა, ჩურჩულებდა, კუბოსთან ახლოს არავინ მოდიოდა, რადგან ჩემი ავადმყოფობის ისევ ეშინოდათ, დედაჩემს კი ეუბნებოდნენ, რომ ნამდვილ ანგელოზს ვგავდი.

დედა სამზარეულოში იჯდა და ისე დამტიროდა, თითქოს მართლა მოვკვდი. ჩემმა დამაც კი მოახერხა და მგლოვიარე სახე მიიღო. მამამ შავი ტანსაცმელი ჩაიცვა, ბებია პურს აცხობდა. მესამე დღეს კუბო სველი თივით გაავსეს, სასაფლაოზე წაიღეს, ჩამარხეს, ილოცეს და ზედ მოკრძალებული ქვა დაადეს, სამი თვის შემდეგ კი ჩემი და გათხოვდა. ის ეკლესიაში ეტლით წაიყვანეს, რაც პირველი შემთხვევა იყო ჩვენს ოჯახში. იმ ეტლში ასასვლელად მან ჩემს კუბოზე გადაიარა.

მკვდარი თავს უფრო თავისუფლად ვგრძნობდი. დედაჩემის გარდა, არავის ჰქონდა ჩემს ოთახში, ანუ, როგორც მას ეძახდნენ, ჩემს ყოფილ ოთახში, შემოსვლის უფლება. მეზობლებს უთხრეს, რომ ოთახი უცვლელად დატოვეს, როგორც ჩემი ხსოვნის წმინდა ტაძარი. კარზე ჩემი სურათი დაკიდეს, ეს სურათი იმ დროინდელი იყო, როცა ჯერ კიდევ ადამიანი ვიყავი. წარმოდგენა არ მქონდა, ახლა როგორ გამოვიყურებოდი. სარკეს ვერიდებოდი.

მკრთალ შუქზე პუშკინს, ლორდ ბაირონსა და ჯონ კიტსს ვკითხულობდი. გავიგე, რა იყო უიმედო სიყვარული, სასოწარკვეთა, სიკვდილის სიტკბო და ეს ყველაფერი მომწონდა. დედას ჩემთან პური, კარტოფილი და ფინჯნით სისხლი შემოჰქონდა, ღამის ქოთანი კი გაჰქონდა ხოლმე. ადრე, ვიდრე ბალნით მთლიანად დავიფარებოდი, თმას მვარცხნიდა, გულში მიკრავდა და ტიროდა, მაგრამ ახლა ცდილობდა, ოთახიდან რაც შეიძლება სწრაფად გასულიყო, თუმცა, ცდილობდა, მე არ შემემჩნია. მე კი, რა თქმა უნდა, ძალიან მწყინდა.

ღამით ჯერ სახლს მოვივლიდი ხოლმე, მერე ეზოში გავრბოდი, შემდეგ კი ტყეში. სხვა ადამიანები ან მათი მომავალი აღარ მადარდებდა. მე მომავალი არ მქონდა. მხოლოდ აწმყო მქონდა, აწმყო, რომელიც, როგორც ვხვდებოდი, მთვარესთან ერთად იცვლებოდა. შეტევები რომ არა, ტკივილი რომ არა, რომ არა ის ხმები, რომელიც მესმოდა, მაგრამ არაფერი გამეგებოდა, შეიძლება ითქვას, რომ თავს ბედნიერად ვგრძნობდი.

ჯერ ბებია მოკვდა, მერე მამა. კატა დაბერდა. დედა უფრო დიდ სასოწარკვეთილებას მიეცა. „ჩემი საწყალი გოგო“. ისე ამბობდა, თითქოს გოგო აღარ ვყოფილიყავი. „ვინ მოგხედავს, როცა მე აღარ ვიქნები?“

ამ შეკითხვაზე ერთადერთი პასუხი არსებობდა: თვითონ მივხედავ თავს. ამიტომ, ჩემი შესაძლებლობების კვლევა დავიწყე. აღმოჩნდა, რომ უფრო მეტი შემეძლო მაშინ, როცა არ ვჩანდი, ვიდრე მაშინ, როცა ვჩანდი, და გაცილებით მეტი, როცა ნაწილობრივ ვჩანდი. ტყეში ორი ბავშვი განგებ შევაშინე: მათ ჩემი ვარდისფერი კბილები, ბანჯგვლიანი სახე და წითელი ფრჩხილები დავანახე, მერე დავიკნავლე, და ისინიც წივილ-კივილით გაიქცნენ. მალე ხალხი ტყეში ჩვენს მხარეს სიარულს ერიდებოდა. ერთხელ ფანჯრიდან გავიჭყიტე და მეზობელ ქალს გული გავუხეთქე. ის ქალი კარგა ხანს ისტერიულად მოთქვამდა: „დავინახე, ის რაღაც დავინახე“. როგორც მივხვდი, ის რაღაც მე ვიყავი. კი, მაგრამ ის რაღაც რატომ არ არის ადამიანი?

ვიღაც უცნობმა ჩვენი კარმიდამოს ყიდვა გადაწყვიტა. დედას ყველაფრის გაყიდვა და საცხოვრებლად გადასვლა უნდოდა ჩემს დასთან და მის ბობოლა ქმართან და მის მზარდ ოჯახთან, რომელთა პორტრეტები იმჟამად დახატეს. მარტო ყოფნა უკვე ძალიან უჭირდა, მაგრამ აბა, როგორ მიმატოვებდა?

„წადი“ ვუთხარი დედას. იმ დროისთვის კი აღარ ვლაპარაკობდი, რაღაცნაირად, ვიღრინებოდი. „ჩემს ოთახს გავათავისუფლებ. სხვა ადგილს ვიპოვი.“ დედაჩემი, ის საბრალო სული, ჩემი მადლობელი დარჩა. ამასობაში, ისე მიმეჩვია, როგორც თითში ჩაბრუნებულ ფრჩხილს, ან ხიჭვს, ან მეჭეჭს – რას იზამდა, მისი ნაწილი ვიყავი. თუმცა, დიდი სიამოვნებით მომიშორებდა, თავისი ვალი უკვე მოიხადა.

გადაბარგებისა და ავეჯის გაყიდვის დროს თივის ზვინში ვიმალებოდი. ჩემთვის თივა სრულიად საკმარისი იყო, მაგრამ ზამთარს იქ ვერ გავატარებდი. როცა ახალი მაცხოვრებლები გადმოვიდნენ, მათი გაყრა არ გამჭირვებია. სახლს კარგად ვიცნობდი, ყველა შესასვლელ-გამოსასვლელი ვიცოდი. სიბნელეშიც თავისუფლად ვიკვლევდი გზას. ჯერ ერთხელ გამოვეცხადე, მერე მეორედ. მათთვის მე გავხდი მოჩვენება, მთვარის შუქზე წითელფრჩხილიანი ხელით სახეზე რომ ეხებოდა და ჟანგიანი ანჯამების ჭრიალის ხმაც, რომელსაც ჩემდაუნებურად გამოვცემდი. მალე ყველა გაიქცა, სოფელმა კი ჩვენს სახლს მოჩვენებების სახლი დაარქვა. ისევ იქაურობის ბატონ-პატრონი ვიყავი.

მთვარის შუქზე მოპარულ კარტოფილსა და კვერცხზე ვცხოვრობდი. დროდადრო საქათმეში ვიპარებოდი, ქათამს თავს ვაწყვეტდი და სისხლს ვსვამდი. ძაღლები, მართალია მიყეფდნენ, მაგრამ თავს არასოდეს მესხმოდნენ: ვერ ხვდებოდნენ, რასთან ჰქონდათ საქმე. სახლში სარკეში ჩავიხედე. სიმართლეა, რომ მკვდრები სარკეში არ ჩანან – საკუთარი თავი ვერ დავინახე. სარკეში გამოჩნდა რაღაც, რაც მე არ ვიყავი. ის არ ჰგავდა უმანკო, ლამაზ გოგონას, როგორიც მე საკუთარი თავი მახსოვდა.

ახლა ყველაფერი დასასრულს უახლოვდება. მეტისმეტად ხილული გავხდი.

აი, ეს როგორ მოხდა:

ბინდბუნდში, მინდორში, ტყის განაპირას მაყვალს ვკრეფდი, როცა ორი ადამიანი დავინახე, ერთი ახალგაზრდა კაცი, მეორე კი ახალგაზრდა გოგონა. სხვადასხვა მხრიდან მოდიოდნენ. კაცს გოგონაზე უკეთესი ტანსაცმელი ემოსა. ფეხსაცმელიც კი ეცვა.

დროდადრო ჩერდებოდნენ, უკან იხედებოდნენ, კარგად ვიცნობ ამ მზერას – ისე მოდიოდნენ, თითქოს ვიღაცას ემალებოდნენ, ზუსტად ისე, როგორც მე მივიპარებოდი ხოლმე. ბუჩქებში ჩავიმალე და იქიდან ვუთვალთვალებდი. ერთმანეთს შეხვდნენ, ჩაეკვრნენ და მიწაზე დაეცნენ. დროდადრო წკმუტუნის და შეკივლების ხმა მესმოდა. მივხვდი – ორივეს ერთდროულად ავადმყოფობის შეტევა ქონდა. ალბათ ის ორი, – ო, ღმერთო, როგორც იქნა! – ჩემნაირი იყო. ახლოს მივცოცდი, რომ უკეთ დამენახა. მე ჯერ არ მგავდნენ – ხელების გარდა თმა არსად ჰქონდათ, ამაში დარწმუნებული ვარ, რადგან თითქმის შიშვლები იყვნენ. როგორც დავასკვენი, ავადმყოფობა ახალი შეყრილი ჰქონდათ, ჯერ კიდევ დრო სჭირდებოდათ ჩემ მდგომარეობამდე მოსასვლელად. ნამდვილად იცოდნენ, რომ იცვლებოდნენ და ერთმანეთი იპოვეს, რომ ერთად გადაეტანათ უბედურება.

მართალია, დროდადრო ერთმანეთს კი კბენდნენ, მაგრამ მომეჩვენა, რომ ამ ავადმყოფობიდან სიამოვნებას იღებდნენ. კარგად ვიცოდი, ეს რას ნიშნავდა, რამხელა შვება იქნებოდა ჩემთვის მათთან ერთად ყოფნა. მართალია, წლების განმავლობაში თავს მარტოობას ვაგუებდი, მაგრამ ახლა ნათლად ვხედავდი, ჩემი წლობით გამობრძმედილი სიმტკიცე ერთბაშად როგორ ქრებოდა. მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ვერ ვბედავდი მათთან მიახლოებას.

მალე ახალგაზრდა კაცს ჩაეძინა. გოგონამ პერანგი დააფარა და შუბლზე აკოცა. შემდეგ ფრთხილად წავიდა.

მე ბუჩქებიდან გამოვედი და მისკენ უხმაუროდ წავედი. აი, ისიც, ბალახზე ეძინა, ახლა ძალიან ვნანობ, რომ საკუთარი თავი ნებაზე მივუშვი. სიფრთხილე სულ დამავიწყდა. წითელფრჩხილიანი ხელი სახეზე დავადე. კისერზე ვუკბინე. აზრზე არ ვარ, რატომ, შიმშილი მამოძრავებდა თუ სიხარული? საიდან უნდა ვიცოდე? მას გაეღვიძა, დაინახა ჩემი ვარდისფერი კბილები, ყვითელი თვალები, ჩემი ფარფარა შავი კაბა, დამინახა, როგორ გავრბოდი. დაინახა – საით.

ახალგაზრდა კაცმა სოფელში ხალხს ჩემ შესახებ უამბო და მათ თავისი ვარაუდები გამოთქვეს. მერე სასაფლაოზე წავიდნენ, ჩემი საფლავი გათხარეს, ცარიელა კუბო ნახეს და საშინელება იფიქრეს. ახლა ამ სახლისკენ მოდიან სიბნელეში, გრძელი ჯოხებით, ჩირაღდნებით. ჩემი დაც მათ შორისაა, მისი ქმარიც, ის ახალგაზრდაც, მე რომ ვაკოცე. ჩემთვის ეს კოცნა იყო.

რა უნდა ვთქვა, როგორ უნდა ავუხსნა, რა დამემართა? როცა ხალხი დემონს ითხოვს, ვიღაცამ უნდა ითამაშოს დემონის როლი და რა მნიშვნელობა აქვს, შენ თავად დათანხმდები თუ გაიძულებენ, ბოლო მაინც ერთია. „მე ადამიანი ვარ“. შემეძლო მეთქვა, მაგრამ როგორ დავამტკიცებდი? „მე ვარ lusus naturae. წამიყვანეთ ქალაქში, ექიმებმა მნახონ“. არანაირი იმედი არ შეიძლება მქონდეს. მგონი, კატასაც ჩემი ბედი ელის.

ბუნებით მიმტევებელი ვარ. ვიცი, გულის სიღრმეში, ცუდი არაფერი უდევთ. ჩემი თეთრი კაბა ჩავიცვი, რაშიც დამასაფლავეს, თეთრი ვუალიც ჩამოვიფარე, როგორც ქალწულს შეეფერება. ადამიანმა გარემოება სწორად უნდა შეაფასოს – ხმები გაძლიერდა, გაფრენის დროა. ცეცხლმოკიდებული სახურავიდან კომეტასავით დავეშვები, დავეცემი და ჭიაკოკონად ავბრიალდები. ჩემს ფერფლზე შელოცვებს იქამდე წაიკითხავენ, ვიდრე არ დარწმუნდებიან, რომ ამჯერად მართლა მოვკვდი. ცოტა ხანში დემონად გამომაცხადებენ, ჩემი თითის ძვლები კი ბნელი ძალის რელიქვიად გაიყიდება. იმ დროისთვის უკვე ლეგენდა ვიქნები.

ალბათ, სამოთხეში სხვა ანგელოზებს დავემსგავსები. ან, შეიძლება, ანგელოზები მე მგვანან. თუ ასეა, წარმომიდგენია, როგორ გაგიჟდება ყველა! აი, ამას კი მოუთმენლად დაველოდები.


[1] კრებულიდან: Stone Mattress, 2014.

© არილი

Facebook Comments Box