პროზა (თარგმანი)

მარგერიტ იურსენარი –  თავმოკვეთილი კალი

კრებულიდან “აღმოსავლური ნოველები

ფრანგულიდან თარგმნა მანანა გიგინეიშვილმა

კალი, შიშისმგვრელი ქალღმერთი, ინდოეთის ველ-მინდვრებზე დაეხეტება. ერთსა და იმავე დროს ნახულობენ მას ჩრდილოეთსა თუ სამხრეთში, წმინდა ადგილებსა თუ ბაზრებში. ქალები ცახცახებენ მის დანახვაზე, ჭაბუკებს მის გამოჩენაზე ნესტოები ებერებათ და კარის ზღურბლს აწყდებიან. ჩვილი ბალღებიც კი ღნავილით იმეორებენ მის სახელს. შავი კალი შემზარავია და თან მშვენიერიც. მის გაწლობილ ტანს ბანანის ზროს ადარებენ პოეტები. შემოდგომის ახალ მთვარეს უგავს მომშვილდული მხრები, დაბერილი კვირტებივით დასკდომაზე აქვს ძუძუები; ახალშობილი სპილოს ხორთუმივით მიირწევა მისი თეძოები; დადის, დაცეკვავს და დაათამაშებს ახალამოყრილი ყლორტების მსგავს ფეხებს. სიცოცხლესავით მცხუნვარეა მისი ბაგეები, სიკვდილივით ღრმაა და უძირო მისი თვალები. ქალღმერთს ირეკლავს ბრინჯაო ღამისა, ვერცხლი განთიადისა, სპილენძი მწუხრისა, ოქრო შუადღისა და თავის ანარეკლს აკვირდება კალი. მაღალ მკერდზე ძვლების შიბი ჰკიდია. სახე ტანზე თეთრი აქვს,Dდიდ თვალებში სიწმინდე და სევდა ჩასდგომია. გაცრეცილი სახე ცვრიან ცინცხალ დილასავით დანამვია ცრემლით.

ამაზრზენია კალი. ქალღმერთი დაშორდა თავის ღვთაებრივ მოდგმას, რადგან თავი გაუყადრა პარიებსა და ავაზაკებს. კეთროვანთაგან დალოშნილი სახე დაუმღიერდა. ბღერიან მკერდზე ეკვროდა ჩრდილოელ მექარავნეებს, რომელთაც დიდი ყინვების გამო თავის დღეში არ ებანავათ; ტილიან საწოლში უწვებოდა ბრუციან ბოგანოთ; ბრაჰმანთა ამბორის შემდეგ ეტმასნებოდა წარწყმედილთ, უწმინდურთა მოდგმას, ნათლის შემგინებელთ, რომელთაც გვამის გაპატიოსნება ევალებოდათ. ჩაღველფილ ვეება კოცონთან ჩრდილში გაყუჩდებოდა ხოლმე. უყვარდა ბრგე უბირი მებორნეები, არ თაკილობდა ბაზრის ზანგ მტვირთავებს, საკიდარი პირუტყვივით ნაცემთა და ნაგვემთ. თავს ადებდა საპალნის ღვედბისგან გადაყვლეფილ მათ მხრებს. ციებცხელებიანი რომ წყალს მოინატრებს, ასე იყო ატანილი საძრახისი სიამის ძიებით. და დაძრწოდა კალი სოფლიდან სოფლად, გზაგასაყარიდან გზაგასაყარისკენ.

გახელებული როკავდა. მისი წვივსამკაული ჟღარუნებდა. თვალთაგან გაუნელებლად სდიოდა ცრემლი. დამწუხრებული ქალღმერთი აღარავის კოცნიდა, წამწამებს აღარავის უცაცუნებდა. სახე უბიწო მთვარესავით გაფერმკრთალებოდა.

კალი, ლოტოსი სრულქმნილებისა, ერთ დროს ინდრას ცაზე ისევე მეუფებდა, როგორც ლურჯ იაკინთში. დილა ალმასივით ციმციმებდა მის მზერაში. სამყარო იკუმშებოდა და ფართოვდებოდა მისი გულის ბაგაბუგზე.

მაგრამ კალიმ, ყვავილივით სრულქმნილმა, არ უწყოდა, რომ სრულქმნილი იყო; დღესავით წმინდამ არ იცოდა, რომ წმინდა იყო.

ერთ საღამოს, მზის დაბნელების ჟამს, შურით აღძრული ღმერთები კალის ჩაუსაფრდნენ მთვარის ჩრდილის კონუსში, მათთან განდობილი პლანეტის მეორე მხარეს, და ელვამ თავი წააცალა ქალღმერთს. გადაჭრილი კისრიდან სისხლის ნაცვლად ნაკადად გადმოსკდა ნათელი. თავმოკვეთილი გვამი ღმერთებმა უფსკრულში მოისროლეს და იგი ჩაენარცხა ქვესკნელში, სადაც ძირს განრთხმულიყვნენ და ქვითინებდნენ ღვთაებრივი ნათლის ვერმჭვრეტელნი და ნათლისგან განმდგარნი. ცივმა ქარმა დაბერა და შეანივთა ციდან ჩამოღვრილი ნათელი. თეთრი ტახტი გამოჩნდა მთებს ზევით, ვარსკვლავებით მოჭედილ სივრცეში, რომელსაც მწუხრი ეპარებოდა. ღვთაებრივი ურჩხულები, ღვთაებრივი ცხოველები, ხელფეხმრავალი ღმერთები ბორბლებივით ბრუნავდნენ და თავისივე თვალისმომჭრელი ნიმბით დაბრმავებულები მიქროდნენ სიბნელეში. პირქუში უკვდავი არსებანი ცოდვებს ინანიებდნენ.

დამხობლი ღმერთები ზესკნელიდან ცვიოდნენ აკვამლებულ ქვესკნელში. აქ დაფორთხავდნენ არსნი. მათ გამოიარეს ცხრა განსაცდელი, გამოსცადეს ჭუჭყისა და სიცივის სატანჯველი, სადაც აჩრდილებს სინდისის ქენჯნა ღრღნიდა ჩადენილ შეცოდებათა გამო: მათ გაუძლეს დილეგს გეჰენიისას, სადაც ბილწი ვნებებით გათანგული მიცვალებულები ტიროდნენ, იმ შეცოდებათა წყურვილით ატანილნი, რაც ჩაუდენელი დარჩათ. ღმერთებს უკვირდათ, ბოროტების ასე მრავალგვარად წარმოსახვის უნარი რომ ჰქონდათ ადამიანებს, აოცებათ სიამოვნებისა და ცდუნების დაუოკებელი წყურვილი და ნაირგვარი ხერხები. ძვლებით სავსე გუბეში ლოტოსივით ტივტივებდა კალის თავი და მისი გრძელი შავი თმები ფესვებივით იკლაკნებოდა.

ღმერთებმა აიღეს მშვენიერი თავი. ეძიებდნენ ტანს, რომელიც მას ატარებდა კბოდესთან თავმოკვეთილი გვამი ეგდო. დასწვდნენ, კალის თავი შეადგეს მხრებზე და გააცოცხლეს ქალღმერთი.

გვამი მეძავისა იყო. ჭაბუკი ბრაჰმანის სულის სიმშვიდის დარღვევას ცდილა და მიტომ მოუკლავთ. სისხლისაგან დაცლილი და ფერწასული გვამი წმინდა ჩანდა. ქალღმერთს და მეძავს – ორივეს ხალი ჰქონდა მარცხენ ფეძოზე.

კალი, ლოტოსი სრულქმნილებისა, სამეუფეოდ აღარ დაბრუნებულა ინდრას ცაზე. ტანს, რომელსაც ღვთაებრივი თავი დაადგეს, ენატრებოდა სათაკილო უბნები, საძრახისი ალერსი; ელანდებოდა სახლები, სადაც აღვირახსნილ ოცნებებს მისცემოდნენ მეძავები და მწვანე დარაბების ჭუჭრუტანებიდან უთვალთვალებდნენ მუშტრებს. კალი ყრმათა მაცდუნებლად და ჭარმაგთა აღმგზნებად იქცა, მოწიფულ მამაკაცთა გულთამპყრობელი ხარჭა გახდა. კალის სხეულს ცეცხლის ენებს ადარებდნენ ქალაქელი დედაკაცები, რომელთაც, ქმრებისაგან ზურგშექცეულთ, ქვრივობის ჟამი დასდგომოდათ თითქოს. ბილწი იყო ვირთხასავით, საზარელი იყო მინდვრის მღრღნელივით. ადამიანთა გულებს ისე მიიტაცებდა ხოლმე, თითქოს საყასბოს დახლზე დაყრილი შიგანის ნაფლეთები ყოფილიყოს. ავმა ბედმა ფიჭასავით დაუფორეჯა ხელები. შეუჩერებლივ დაძრწოდა ბენარესიდან კაპილავიშტუმდე, ბანგალორიდან შრინაგრამდე. დაძრწოდა ტანი და თან დაატარებდა ქალღმერთის შეგინებულ თავს. წმინდა თვალთაგან შეუშრობელი ცრემლი სდიოდა.

ერთ მშვენიერ დილას, ბენარესში, შემთვრალი კალი ქანცგაწყვეტილი და სახეამღვრეული გამოემართა მეძავთა ქუჩიდან. მინდორში, ნეხვის გროვაზე, ვიღაც დუჟმორეული აბდალი იჯდა. კალი რომ დაინახა, წამოვარდა და აეტორღიალა. ქალღმერთს ჩრდილის მანძიზე რომ მიუახლობდა, კალიმ ნაბიჯი შეანელა, თავისთან მიუშვა.

როცა აბდალმა გული იჯერა, კალი უცნობი ქალაქისკენ გზას გაუყვა. ორ ქვას შუა წამომათული უშველებელი გველი ის იყო, უნდა დასცხრომოდა ბალღს, რომელმაც მოწყალება სთხოვა ქალღმერთს. კალიმ დაინახა, მაგრამ არ ანიშნა პატარას. ბრაზს ჰგვრიდა ყველაფერი, რაც კი ცოცხალი იყო. ამავე დროს სხვათა სიცოცხლით საკუთარი არსების გაძლიერება სწყუროდა, სურდა გული მოეოხებინა ცოცხალ არსებათა ხოცვით. წააწყდებოდნენ ხოლმე სასაფლაოს კიდეში ჩაცუცქულს. ქალღმერთის პირში, როგორც ლომის ხახაში, ხრაშახრუში გაუდიოდა ძვლებს. მწერი რომ თავის ჭუპრებს დაერევა, ასე ნთქავდა ყველაფერს. ნეზვი რომ მიადგება და თქვლეფს თავის ჩხრინკელს, ასე ანადგურებდა ყოველივე ცოცხალს, თავისავე შექმნილთ. ყველაფერს, რასაც სპობდა, ზედ შესდგებოდა, როკავდა, ფეხით თელავდა და ასე ცეკვა-ცეკვით უღებდა ბოლოს. სისხლით მოთხვრილ ბაგეთაგან სასაკლაოს სიმყრალე ამოსდიოდა. მისი ალერსი ნუგეში იყო მსხვერპლთათვის და კალის მხურვალე მკერდის შეხებისას მის ყველა სიავეს ივიწყებდნენ.

ტყის პირას კალი ბრძენს გადააწყდა.

ხელები შეეტყველა და ფეხმორთხმული იჯდა. გაძვალტყავებული სხეული გამომშრალ შეშასავით გამოჰფიტვოდა. კაციშვილი ვერ იტყოდა, ჭაბუკი იყო, თუ მხცოვანი. ჩამომძიმებული ქუთუთოების ქვეშ ძლივს მოუჩანდა ყოვლისმხილველი თვალები. ირგვლივ ნიმბად ადგა ნათელი… და კალის არსების სიღრმიდან დაიძრა წინათგრძნობა საბოლოო დიდი სიმშვიდისა, სამყაროთა შეჩერებისა, არსებათა განთავისუფლებისა, ნეტარების ჟამისა, როცა სიცოცხლე და სიკვდილი სულერთია, როცა ყოველივე არაარსად მიიქცევა. ეს ჭეშმრიტი არარა, რომლის შეცნობასაც იწყებდა კალი, თითქოს შეინძრა მის არსებაში, როგორც ჩვილი დედის წიაღში.

ყოვლისმიმტევებელმა დიდმა ნუგეშინისმცემლმა ხელი აღაპყრო, მგზავრის დალოცვა დააპირა.

– ჩემი წმინდა თავი უწმინდურებას მიეზარდა, – უთხრა კალიმ, – მსურს და არც მსურს, ვიტანჯები და თან ვხარობ, სიცოცხლეც გამცუდებია და სიკვდილის შიშიც მზარავს.

– არავინა ვართ სრულყოფილნი, – თქვა ბრძენმა, – ყველანი ნაკლულევანნი ვართ, ოდენ წილი ვართ ჩვენივე არსებისა! ზმანებები ვართ, უარსო აჩრდილები! საუკუნეთა მანძილზე ყველას გვგონია, რომ ვწუხვართ და ვხარობთ.

– მე ქალღმერთი ვიყავ ინდრას ცაზე, – თქვა მეძავმა.

– და მაშინაც კი არ იყავ საგანთა ჯაჭვით დაუბორკავი. გასხივოსნებული შენი სხეული ისევე არ იყო განსაცდლისაგან დაცული, როგორც ეს სხეული, ჭუჭყისა და ხორცისგან ქმნილი. და ეგებ შენ, უბედური დიაცი, შეგინებული რომ დაეხეტები შარაგზებზე, ეგებ შენ უფრო მზად ხარ უსახოსა და უთქმელის შესაცნობად.

– დავიღალე, – ამოიგმინა ქალღმერთმა.

ბრძენმა ხელი შეახო მტვერში ამოგანგლულ მის შავ ნაწნავს და განაგრძო:

– სურვილმა გამცნო ამაოება სურვილისა, წუხილმა – ამაოება წუხილისა. იქონიე მოთმინება. ჰოი, ცოდვავ, რომელშიც ყველას გვიდევს ბრალი! ჰოი, უსასრულო მადლო, რომლის წყალობით ყოველი სასრული თავის თავს შეიმეცნებს! ჰოი, ღვთის რისხვავ, უეჭველია, არც შენა ხარ უსასრულო…

© არილი

Facebook Comments Box