პროზა (თარგმანი)

მარგერიტ იურსენარი –  მკვდრის მზე

კრებულიდან “აღმოსავლური ნოველები

ფრანგულიდან თარგმნა მანანა გიგინეიშვილმა 

ტურისტები გრძელ მწკრივად მიუყვებოდნენ რაგუზის ფართო ქუჩას. თვალი გაურბოდათ ყაითნით მორთული ქუდებისა და მოქარგული სამოსისკენ, რომლებსაც ფარდულთა ზღურბლზე აფრიალებდა ქარი. გემბანზე მეჯლისს აპირებდნენ და დაეძებდნენ იაფფასიან საჩუქრებს, საკარნავალო კოსტუმებს. ცხელოდა ისე, ჯოჯოხეთშიც რომ არ ცხელა ალბათ. ხვატისგან გადახრუკული მთები ცეცხლის ენებივით შემონთებოდნენ რაგუზას. ფილიპ მილდი გერმანულ ლუდხანაში შევიდა. ჩაბნელებულ და შეხუთულ ბარში ბუზები ბზუოდნენ. რესტორნის ტერასა ადრიატიკისკენ გადიოდა და აქ, ამ შუა ქალაქში, უეცრად გადახსნილი მოლურჯო სივცე კიდევ ერთ ახალ ფერს მატებდა ბაზრის სიჭრელეს. აყროლებული თევზის გროვას შესეოდნენ თეთრზე თეთრი თოლიები. სიო არ იძვროდა. ინჟინერი ჟიულ ბუტრენი მაგიდას მისჯდომოდა და სვამდა ალისფერი საჩრდილობლის ქვეშ, რომელიც ზღვაში მოტივტივე უშველებელ ფორთოხალს ჰგადა. ის და ფილიპი ერთი კაიუტიდან იყვნენ.

– ახლა რაიმე სხვა მიამბეთ, ჩემო კარგო, – უთხრა ფილიპმა და ჩამოჯდა. – ზღვაში გასვლამდე ვისკი მჭირდება, ვისკი და რაიმე საინტერესო ამბავი, მშვენიერი და თან, რაც შეიძლება დაუჯერებელი. ეგებ დამავიწყდეს, აგერ ახლა სანაპიროზე რომ ვიყიდე, ამ გაზეთებში ატეხილი ცრუპატრიოტული მითქმა-მოთქმა და ქიშპი. იტალიელები სლავებს ლანძღავენ, სლავები – ბერძნებს, გერმანელები – რუსებს, ფრანგები – გერმანიასაც და ინგლისსაც. დარწმუნებული ვარ, ყველა მართალია. ეჰ, მოდი, სხვა რამეზე ვილაპარაკოთ… ჰო, მართლა, რა ჰქენით გუშინ, სკუტერში რომ გინდოდათ წასვლა და ღაღაც ტურბინების დათვალიერება?

– არაფერი, – მიუგო ინჟინერმა, – არაფერი, კაშხლის მშენებლობას ბოლო არ უჩანს. დიდხანს ვეძებე კოშკი. ბებერი სერბი დედაკაცებისგან იმდენი მსმენია სკუტარის კოშკზე, მინდოდა, საკუთარი თვალით მენახა, მისი ნანგრევები მართლა თუა თათრად ჩამოღვარული… მაგრამ როგორც ჩანს, დრომ თავისი ქნა, ომიანობამ – თავისი. თანაც იქაურ გლეხებს თავიანთი კედელ-ყურის შესამაგრებლად აგურ-აგურ გაუზიდავთ კოშკის ნაშალი და ახლა ამ კოშკის ამბავი ზღაპრებშიღა შემორჩენილა. ჰო, მართლა, ფილიპ, კარგი დედა გყავთ?

– აბა, რას მეკითხებით, – გულგრილად შეეპასუხა ინგლისელი. – დედაჩემი ლამაზია, თხელ-თხელი ქალია, შეღებილ-შეთხიპნილია, ვიტრინის მინასავით გამძლეა და ამტანი. აბა, მეტი რაღა გითხრათ? ერთად რომ მივდივართ სადმე, ყველას მისი უმცროსი ძმა ვგონივარ.

– ეჰ, თქვენი არ იყოს, ჩვენც ყველაფრის ამტანები ვართ. რომელი ჭკუათამყოფელი იტყვის, რომ ჩვენს ეპოქას აკლია პოეზია, რომ არ ჰყავს თავისი სიურრეალისტები და წინასწარმეტყველები, თავისი კინოვარსკვლავები და დიქტატორები. მერწმუნეთ, ფილიპ, თუ რამე გვაკლია, გვაკლია სინაღდე. აბრეშუმი ხელოვნურია, საკვები ხელოვნურიცაა და უგემურიც. სადღა არიან ქალები, სიბერესა და ბედის სიმუხთლეს რომ არ ეპუებოდნენ. უბირი ხალხის ლეგენდებში თუ წააწყდებით დედებს, შვილის ყოლა რომ ეამაყებათ, ძუძუებიდან რომ რძე სწვეთავთ და თვალთაგან – ცრემლი. სადღაც ყური მოვკარი, რომელიღაც პოეტმა თურმე ქალის შეყვარება ვერ შეიძლო, რადგან წინა ცხოვრებაში ანტიგონეს შეხვედროდა. ეგ ვიღაცაა, მე მგვანებია. ანდრომაქედან გრიზელდამდე იმდენი საოცარი დედა და სატრფო იყო, რომ გული აღარ მიმიწევს თოჯინების მსგავსი ქალებისკენ, რომლებითაც სავსეა ჩვენი სინამდვილე.

– იზოლდას სატრფოდ ვინატრებდი, მშვენიერ ოდეს კი – დად. ჰო, დედად ვის ვისურვებდი და… ერთ ყმაწვილ ქალს ალბანური ლეგენდიდან, იქაური ჭაბუკის ცოლს.

ჰოდა, იყო სამი ძმა. ისინი კოშკს აშენებდნენ მოთარეშე თურქების სათვალთვალოდ. სამად სამნი შეეჭიდნენ საქმეს. ნუშახელი ძვირადაც ფასობდა და შოვნაც ჭირდა. ცოლებს რიგრიგობით მიჰქონდათ მათთვის საჭმელი. როგორც კი ისლით გადახურვაზე მიდგებოდა საქმე, უფალმა რომ ბაბილონის გოდოლი დაამხო, ასე ანგრევდნენ კოშკს ავი სულები და ღამით მოვარდნილი ქარი. სადაც სამართალია, ნგრევის მიზეზი კალატოზთა გაუწაფაობა, ნაყარი ნიადაგი ან უვარგისი დუღაბი უნდა ყოფილიყო, მაგრამ სერბი, ალბანელი და ბულგარელი გლეხები ერთადერთ მიზეზს ცნობდნენ: კოშკი ჩაიქცეოდა, კედელში თუ არ ჩაატანდნენ ჭაბუკს ან ასულს; ჩონჩხს ქვების მძიმე გროვა განკითხვის დღემდე უნდა შეემტკიცებინა. არტაში, საბერძნეთში, დღესაც გიჩვენებენ ხიდს, რომელშიც ყმაწვილი ქალია ჩაკირული. ნაპრალიდან გამოჩრილი მისი ჩალისფერი თმა დამღრალი ბალახივითაა წყალზე გადმოკიდებული.

ძმები უნდოდ უმზერდნენ ერთმანეთს. თითოეული ცდილობდა, მისი ჩრდილი არ დაცემოდა მოუმთავრებელ კედელს. რაკი სხვა საშველი არ იყო, ხომ შეიძლებოდა, ჩაეშენებინათ ჩრდილი – ადამიანის ეს რაღაც შავი წაგრძელება, რომელიც, ვინ იცის, ეგებ მისი სულიცაა. ვის ჩრდილსაც დაატყვევებდნენ, ის მოკვდებოდა, როგორც კვდებიან ხოლმე ტრფობის სევდით შეპყრობილნი.

საღამოობით ძმები ცდილობდნენ ცეცხლიდან კარგა მოშორებით დამსხდარიყვნენ. ეშინოდათ, უკნიდან ვინმე არ წამოჰპარვოდათ, ჯვალოს ტომარა არ წაეფარებინა მათი ჩრდილისთვის, შიგ არ გამოემწყვდია და თან არ წაეტანა მოფართხალე მტრედივით. გარჯის სურვილმა იკლო. გარუჯული შუბლი დაღლილობისგან კი არა, დარდისგან ეცვარებოდათ ოფლით.

ერთხელ უფროსმა ძმამ უმცროსები მოიხმო და უთხრა:

– ძმებო, ჩემო უმცროსო ძმებო. ზიარნო სისხლით, დედის რძითა და ნათლისღებით! კოშკი თუ ვერ ავაშენეთ, თურქები ისევ შემოადგებიან ტბის ნაპირებს, ლაქაშებში ჩაგვისაფრდებიან, გაგვიბახებენ სოფლის გოგოებს, გადაგვიწვავენ ჯეჯილს – ხვალინდელი ლუკმის იმედს; ხეხილის ბაღებში საფრთხობელებზე ჯვარს აცვამენ გლეხებს და ყორანთა კერძად გახდიან. ჩემო უმცროსო ძმებო, ჩვენი უერთმანეთობა არ იქნება. სამყურა ბალახმა ერთ-ერთი ფურცელი რომ გაწიროს, არ ივარგებს. მაგრამ ხომ გვყავს ახალგაზრდა ჯანიანი ცოლები. მხრები და ლამაზი კისრები შეჩვეული აქვთ ტვირთვის ზიდვას. წინასწარ ნურაფერს ნუ გადავწყვეტთ. ბედს მივენდოთ. დილას კოშკში ჩავატანოთ ჩვენი ცოლებიდან ერთ-ერთი, ის, ვინც საჭმელს მოგვიტანს. ჩემო უმცროსო ძმებო, ღამე დუმილი გვმართებს, ცრემლის ღვრითა და ოხვრით ნუ ჩავეხვევით ცოლებს, ბოლოს და ბოლოს, სამიდან ორს ხომ უწერია სიცოცხლე და ჩამავალი მზით გახარება.

უფროსი ძმისთვის იოლი იყო ამის თქმა. არავის უმხელდა, თორემ ცოლი ეჯავრებოდა, უნდოდა თავიდან მოეცილებინა და მის მაგიერ თმაწითელი ბერძენი ლამაზი გოგო მოეყვანა. შუათანა არ შეპასუხებია. იფიქრა, შინ მივალ თუ არა, ცოლს გავაფრთხილებო. მხოლოდ უმცროსი შეედავა, რადგან ჩვევად არ ჰქონდა სიტყვის გატეხა. მაგრამ უფროსი ძმების დიდსულოვნებამ შეძრა, ისინი ხომ საერთო საქმეს სწირავდნენ ცოლს, ამქვეყნად ყველაზე ძვირფას არსებას. დასთანხმდა ძმებს და დაჰპირდა, მთელ ღამეს კრინტს არ დავძრავო.

სოფელში დაბრუნდნენ შებინდებისას, როცა ჩამავალ მზეში ჩრდილები ჯერ კიდევ დაბორიალებდნენ ველ-მინდვრებზე. შუათანა ძმა უგუნებოდ ჩანდა. შეუღრინა ცოლს, ჩექმების გაძრობაში მომეხმარეო. ქალი რომ ჩაცუცქდა, სახეში ჩააზილა წიხლი და მიახალა:

– აგერ რვა დღეა, პერანგი არ გამომიცვლია და ერთი კვირაა, ეს საცვალი მაცვია. შე უქნარავ, შენა! ხვალ ინათებს თუ არა, ტბაზე წაეთრევი შენი ხახალიანად! იცოდე, იქიდან თუ ფეხს მოიცვლი, მოგკლავ!

აცახცახებულმა ქალმა აღუთქვა, ხვალინდელ დღეს სარეცხის რეცხვაში დავაღამებო.

უფროსიც დაბრუნდა შინ. მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, არაფერი ეთქვა ქალისთვის, რომლის ალერსი მოყირჭებული ჰქოდა და რომლის უხეში სილამაზე აღარ ხიბლავდა. მაგრამ უფროს ძმას ერთი ზნე სჭირდა: ძილში ბოდვა იცოდა. ჩასუქებულ-ჩაგოდრებული დედაკაცი მთელ ღამეს ფხიზლობდა, საგონებელში იყო, რა უნდა სწყენოდა მის პატრონს? უეცრად ქმარმა საბანი წაიფარა და წაიბურტყუნა:

– ჩემო თავო, შე საწყალო ჩემო თავო, მალე დაქვრივდები. როგორ მოისვენებ, ამ შავ ქალს რომ მოგაშორებს კოშკის აგურები.

უმცროსი ძმაც დაბრუნდა შინ. ბედს იყო მინდობილი. ფერი აღარ ედო, თითქოს გზად შემოჰყროდეს მხარზე ცელგადებული, სამკალად გამოსული სიკვდილი. ტირიფის აკვნიდან ბავშვი აიტატა და გულში ჩაიკრა. ნაზად მიიხუტა თავისი ახალგაზრდა ცოლი. ქალი გრძნობდა, მის მკერდზე მთელ ღამეს როგორ ღვრიდა ცრემლს ქმარი. მაგრამ სათნო და სათუთ ქალს არ უკითხავს წუხილის მიზეზი. თუ სურს, თვითონვე გამიხსნის გულსო, ფიქრობდა. თანაც ქმრის დასამშვიდებლად სულაც არ სჭირდებოდა დარდის მიზეზის ცოდნა.

მეორე დღეს ძმებმა ხელი დაავლეს თავიანთ წერაქვებსა და ჩაქუჩებს და კოშკისკენ გაემართნენ. შუათანას ცოლი დასწვდა ხახალს და უფროსი ძმის ცოლს შეეხვეწა:

– დაო, ძვირფასი დაო, დღეს ჩემი ჯერია, მე მმართებს ჩვენი კაცბისთვის სადილის მიტანა, მაგრამ ქმარი დამემუქრა, ვერ გადამირჩები, თეთრი ტილოს ხალათები თუ არ გაგირეცხავსო, და აგერ ხახალი სავსე მაქვს სარეცხით.

– დაო, ძვირფასო დაო, – მიუგო უფროსი ძმის ცოლმა, – სიამოვნებით წავუღებდი საჭმელს ჩვენს კაცებს, მაგრამ წუხელ ეშმაკი შემიძვრა ერთ-ერთ კბილში. უჰ, უუჰ, ტკივილისგან ცრემლს ვერ ვიკავებ! – და ვითომც არაფერიო, უმცროსი ძმის ცოლს უხმო.

­ – ჩვენო უმცროსო რძალო, ნაბოლარას საყვარელო ცოლო! ჩვენ მაგიერ წადი, წაუღე სადილი კაცებს. გრძელი გზაა, მუხლი მოგვეღალა. შენ ჩვენზე ახალგაზრდაც ხარ და ცქვიტიც. გასწი, პაწიავ, ჩვენ კი კალათას გაგივსებთ გემრიელი საჭმლით, რომ ჩვენი კაცები ღიმილით შეგეგებონ მათ დამპურებელს.

კალათა გაუვსეს თაფლში ჩახარშული ტბის თევზით, კორინთული ყურძნის მტევნებით, ვაზის ფურცელში გახვეული ბრინჯით, ცხვრის ყველითა და ნუშის მწუთხე ნამცხვრით. ქალმა რძლებს ჩააბარა თავისი პატარა და მარტოკა გაუდგა გზას. ტვირთი თავზე ჰქონდა შემოდგმული, თავისი ბედი კი ყველასავით უჩინრად თითქოს ყელზე ეკიდა ნაკურთხი მედალიონივით, ზედ თითქოს თვით უფალს ამოეტვიფრა, სად უნდა მომკვდარიყო ამ ცისქვეშეთში და როგორი სიკვდილი უნდა ყოფილიყო მისი ხვედრი.

ძმებმა შორიდანვე თვალი მოჰკრეს მომავალს, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ გაერჩიათ, რომელი უნდა ყოფილიყო. მისკენ გაექანნენ. უფროსებს ეფიქრებოდათ, მათმა ხრიკმა თუ გაჭრა. უმცროსი ღმერთს სთხოვდა შემწეობას. უფროსი მიხვდა, რომ ეს არ იყო მისი შავტუხა ცოლი, და წყევლა-კრულვას მოჰყვა. შუათანამ უფალს მადლი შესჭირა მრეცხავის გადარჩენისთვის. უმცროსმა ჩაიჩოქა, მკლავები წელზე შემოხვია თავის ახალგაზრდა ცოლს და ქვითინით შესთხოვა პატიება. მერე მილასლასდა ძმებთან, ფეხებში ჩაუვარდა, ევედრებოდა, – შემიბრალეთო. ბოლოს წამოიმართა და მზეზე გაიელვა მისმა ბასრმა ყამამ. კეფაში ჩაქუჩი დაჰკრეს და გზის კიდეში მიაგდეს სულთმობრძავი. შეშფოთებულმა ქალმა კალათა მოისროლა და გადმობნეული სანოვაგით გაიხარეს მეცხვარის ნაგაზებმა. როცა ქალი მიხვდა, რას უპირებდნენ, ზეცისკენ აღაპყრო ხელები.

– ძმებო, ძმებო, რა ბრალი მიმიძღვის! არასოდეს არაფერი დამიშავებია თქვენთვის! ქორწინების ბეჭდითა და მღვდლის ლოცვა-კურთხევით შეძენილო ძმებო! ნუ მომკლავთ, აცნობეთ მამაჩემს, მთიელთა ტომის ბელადს, და ათას მხევალს მოგგვრით შესაწირავად. როგორ მიყვარს სიცოცხლე! ქვებით ნუ დაგვაშორებთ მე და ჩემს საყვარელს.

მაგრამ უეცრად ჩაჩუმდა, თვალი მოჰკრა გზის კიდეში მიგდებულ თავის ქმარს: ქუთუთოები აღარ უთრთოდა, ტვინი და სისხლი შავ თმაში შეზელოდა. მაშინ კი ქალი უტირლად და უყვირლად მიჰყვა ორ ძმას კოშკის მრგვალი კედლის ნაშალთან. მაგრამ, როცა პირველი აგური დაუდვეს წითელსანდლებიან ფეხებთან, თავისი ჩვილი გაახსენდა, ძაღლის ონავარი ლეკვივით რომ ღრნიდა ფაჩუჩებს. ცხელი ცრემლი ღაწვებზე ჩამოეღვარა ქალს და ქვებზე დაგოზილ დუღაბს შეერია.

– ვაი თქვენ, ჩემო პატარა ფეხებო, – აღმოხდა მას, – ამიერიდან ვეღარ იგრძნობთ წყაროს წყლის სიგრილეს, სამაგიეროდ ანგელოზები განგბანენ აღდგომა დილას.

კედელმა უწია ოქროსფრად მოგვირისტებული ქვედაკაბით დაფარულ მუხლებამდე. ღიობში ჩამდგარი ქალი მარიამს ჰგავდა, სკურთხეველში წამომართულს.

– მშვიდობით, ჩემო მუხლებო! – წამოიძახა ყმაწვილმა ქალმა, – ამიერიდან ჩემს პატარას ვეღარ დავარწევ ხეხილის ბაღში, ლამაზი ხის ქვეშ, სადაც პირს გავისველებდი ხოლმე და გადავიჩრდილებდი კიდეც. ამიერიდან კალთას ვეღარ ავივსებ მოწეული ხილით.

კედელი აამაღლეს და ქალმა განაგრო:

– მშვიდობით, ჩემო მშვენიერო პატარა ხელებო! ჩემო ხელებო, ამიერიდან ვეღარ შეკმაზავთ კერძს, ვეღარ დაართავთ მატყლის ფარტენას, ყელზე ვეღარ შემოეჭდობით სატრფოს… მშვიდობით, ჩემო თეძოებო, ჩემო წიაღო, ამიერიდან რომ ვერც მუცლადღებას, ვერც სიყვარულს ვეღარ გამოცდით. პაწია ბალღებო, რომელთა შობა რომ არ დამცალდა. ჩემთან მეყოლებით სამარედ ქცეულ ამ დილეგში, სადაც ფეხზედგომელა და მღვიძარი უნდა შევეგებო განკითხვის დღეს.

კედელი მკერდამდე აამაღლეს და წელზეით შეტოკდა ყმაწვილი ქალი. მის მზერაში მუდარა გამოისმოდა, თითქოს სახვეწრად გამოეწვადა ხელები.

– ჩემო მაზლებო,- კვლავ გაისმა მისი ვედრება. – ჩემი კი არა, თქვენი მკვდარი ძმის ხათრით იფიქრეთ ჩემს პატარაზე, შიმშილით ნუ მომიკლავთ, ნუ ჩამიკირავთ გულ-მკერდს. ძმებო, დამიტოვეთ ძუძუები ამ მოგვირისტებული პერანგის ამარა, რომ ყოველდღე – გამთენიისას, შუადღეზე და შებინდებისას – მომიყვნონ ჩემი პატარა. ვიდრე სიცოცხლის ნიშანწყალი შემრჩება, ჩემი ძუძუს კერტებამდე ჩამოუშვან ჩვილი, რათა ვაწოვო მას, ვინც ამ ქვეყანას ჩემგან მოევლინა. დადგება დღე, როცა რძე გამიშრება, და მაშინ ბალღი ჩემს სულს დაეწაფება. გამიგონეთ, უკეთურო ძმებო, თხოვნას თუ ამისრულებთ, მე და ჩემი ქმარი პირისპირ აღარ გარცხვენთ, ღვთის წინაშეEროცა შეგეყრებით.

შეფიქრიანებულმა ძმებმა აუსრულეს უკანასკნელი სურვილი, მკერდის გასწვრივ ამოუშენებლად დატოვეს ორი აგური. შემდეგ ქალმა ჩაიჩურჩულა:

– ძმებო, საყვარელო ძმებო, პირზე ამაფარეთ აგურები. ცოცხლებს აშინებთ მკვდრის კოცნა. მაგრამ ღრიჭო დამიტოვეთ თვალებთან, მინდა ვნახო, ჩემი რძე თუ შეერგო პატარას.

ასეც ქნეს, ქალს თხოვნა შეუსრულეს და ნაპრალი დაუტოვეს თვალებთან. შებინდებისას, სწორედ იმ დროს, როცა ძუძუს აწოვებდა ხოლმე, ქალს მოჰგვარეს ჩვილი. ბავშვი წამოიყვანეს მტვრიანი გზით, რომლის კიდეში თხებისგან შეკორტნილი ჩირგვები იყო ჩარიგებული. წამებულს სიხარულისგან ძმების ლოცვა-კურთხევა აღმოხდა. ნაკადად გადმოხეთქა რძემ ქალის მკერდიდან. ჩვილი დაეწაფა სითხეს. შემდეგ მიიძინა დედის მკერდთან და სქელი კედლიდან დედამ უმღერა მოგუდული ხმით. როცა მკერდიდან აართვეს ძუძუთა ბალღი, დედამ ითხოვა ძილის წინ ისევ მომიყვანეთო. ვარსკვლავქვეშეთში მთელ ღამეს გაისმოდა საამური გალობა, შორიდან ნანასავით ჩაესმოდა ბალღს და ყუჩდებოდა. მეორე დღეს ქალს აღარ უმღერია. მისუსტებული ხმით იკითხა, ბიჭმა ღამე როგორ გაატარაო. შემდეგ ჩაჩუმდა, მაგრამ ჯერ კიდევ სუნთქავდა, ზღუდეში მომწყვდეული მკერდი უფეთქავდა. რამდენიმე დღის შემდეგ ხროტინი შეერია ხმაში, მაგრამ მისი ძუძუებიდან არ შენელებულა სიცოცხლის წყაროს ჩქეფა და დედის მკერდთან მიძინებული ჩვილი გრძნობდა გულის ძგერას. შემდეგ იკლო გულის ფეთქვამ. ქალის ჩაცვენილი თვალები ჩაქრა, როგორც ქრება ხოლმე ვარსკვლავთა ანარეკლი დამშრალ გუბეში. ნაპრალიდან მოჩანდა ორი გუგა, რომლებიც ზეცას აღარ შესციცინებდნენ. ქალის თვალები ჩამოიღვენთა და ორი ფოსოღა დარჩა. მათი სიღრმიდან სიკვდილი იმზირებოდა. ჯანსაღ მკერდს კი არაფერი დაშავებია და ორი წლის მანძილზე – გამთენიისას, შუადღეზე და შებინდებისას – სასწაულებრივად გადმოსჩქეფდა რძე, ვიდრე ბავშვმა თვითონ არ აიკრძალა ძუძუ.

მხოლოდ ამის შემდეგ დაიშრიტა მკერდი და აგურებზე თეთრად ჩამოღვარული ზოლიღა დარჩა. რამდენიმე საუკუნის მანძილზე გულაჩუყებული დედები მოდიოდნენ აქ და თითებით სინჯავდნენ მოწითალო აგურებზე სასწაულებრივი რძის დანატოვარს. შემდეგ კოშკი თავისით დაინგრა. თაღის სიმძიმეს ვერ გაუძლო ნაზი ქალის ჩონჩხმა. მყიფე ძვლები თავისით დაიშალა. ახლა კი იქ ჯოჯოხეთური სიცხით გათანგული ვიღაც ბებერი ფრანგი ქაქანებს და გამვლელ-გამომვლელს უამბობს კოშკის ამბავს, რომელიც პოეტებს ალბათ ისევე მოჰგვრის ცრემლს, როგორც ანდრომაქეს თავგადასავალი.

ამ დროს ოქროსსამკაულებიანი Bბოშა ქალი მივიდა მათ მაგიდასთან. ბოშას ხელში ჰყავდა ჩვილი, რომელსაც სნეულ თვალებზე ძონძი ჰქონდა წაფარებულ. ბოშა ქალი თავხედურად ორად მოიკაკვა მონური მორჩილების ნიშნად. ასე სჩვევია ამ გასაცოდავებულ სამეფო მოდგმას. მისმა ყვითელმა ქვედაკაბამ მიწა მოხვეტა. ინჟინერმა გააგდო და დიდად არაფრად ჩაუგდია, ქალმა დალოცვას რომ წყევლა ჩაუნაცვლა. ინგლისელმა ქალს დაუძახა, დინარის მიცემა დაუპირა, თან შეუყვირა ფრანგს:

– რას შვრებით, მისი მკერდი და მისი ტვირთი იმ თქვენი ალბანელი ქალისაზე ნაკლები როდია! თანაც, ხომ ხედვთ, უსინათლო ბავშვი ჰყავს.

– ვიცი, ვიცი ეგ ქალი, – უპასუხა ბუტრენმა, – ერთმა რაგუზელმა ექიმმა მიამბო მისი ამბავი. თურმე უკვე რამდენიმე თვეა, ბავშვს თვალებზე ადებს რაღაც საშინელ სალბუნს, რომელიც ანთებას იწვევს. ქალი თვალის ჩინს ართმევს ბალღს, რათა გამვლელ-გამომვლელს შეაბრალოს. ჯერ კიდევ ხედავს, მაგრამ მალე დაბრმავდება. დედამისსაც ეს უნდა. ქალს ლუკმაპური უზრუნველყოფლი ექნება მთელი სიცოცხლის მანძილზე. სარფიანია ბრმის იმედად ყოფნა. ასეა, დედებიც არიან და დედებიც.

© არილი

Facebook Comments Box