„ბილდუნგსრომანი“, იგივე აღზრდა-განვითარების რომანი, რომელმაც დიდი როლი შეასრულა ლიტერატურის ევოლუციის პროცესში, გამოირჩეოდა ერთი თავისებურებით – პროტაგონისტი ყოველთვის მამრობითი სქესის წარმომადგენელი იყო, რაც განსაზღვრა პატრიარქალურმა კულტურამ. ასეთ ტექსტებში ქალი, მუდმივად ერთ სივრცეს განეკუთვნებოდა, მამაკაცი კი თავისუფალი იყო სივრცული შეზღუდვისგან, იგი მუდმივ ქმედებაში იმყოფებოდა. ასევე იყო პარსიფალიც, რომლის მდედრობით სახესაც ვხვდებით 2023 წელს დაბეჭდილ რომანში ეუარა. აინე მერმეს, იგივე ნატუკა ნაცვლიშვილის სადებიუტო რომანი – ეუარა თავდაყირა აყენებს „ბილდუნგსრომანის“ ფუნდამენტურ საკითხებს. პროტაგონისტი, რომელსაც ასევე აინე მერმე ჰქვია, არის გოგონა, რომელიც პარსიფალის მსგავსად ტოვებს სახლს, მისი მოტივაციაც დაკარგული ნივთის, ამ შემთხვევაში კი ბავშვობის თოჯინას – „მაზეპას“ ძიებაა. რომანის ძირითადი ნაწილი სწორედ ამ გზის აღწერას ეთმობა, თუმცა მიზნისკენ მიმავალი ტრადიციული გზა, სხვადასხვა თავგადასავლებით, ზრდითა და განვითარებით, ქალი პროტაგონისტისთვის სრულიად სხვაა. მას თან ახლავს კულტურული სტერეოტიპები ქალის მიმართ, რაც პირველ რიგში აინეს აღქმებში და შიშებში ვლინდება, და ისინი მას თავისუფლებას არც მაშინ ანიჭებენ, როდესაც იგი ტოვებს მშობლიურ წიაღს.
რომანი არის გზა თვითშემეცნებისკენ, თუმცა მალევე ირკვევა, რომ გარე სივრცე, მიუხედავად მისი ფიქციურობისა, ქალისთვის არ იძლევა მსგავს შესაძლებლობებს, ამიტომ მთავარი მოგზაურობა საკუთარ თავში წარიმართება. აინე მიიწევს უკან არყოფნაში, იმისთვის, რომ ის ხელახლა დაუბრუნდეს ყოფნას. ამის მიზეზი გარდა ქალის მიმართ კულტურაში არსებული სტერეოტიპებისა, რომელიც ზღუდავს ქმედებაში მყოფ ქალს, არის მეტაკოგნიციის ფენომენი, ანუ საკუთარ აზროვნებაზე დაკვირვება, რაც პერსონაჟის მიერ, აღფრთოვანებასთან ერთად ტრავმულადაც აღიქმება:
„უარს აცხადებს ყველაფერზე, რაც არ უნდოდა და ისე მიეცა.
მინდორს ნელ-ნელა ესევიან კუჭიბრუნით მოგორავე კაცები.
არ უნდა, რომ შეეძლოს აზრის აზრზე მიბმა – სტკივა ამაზე აზროვნება.
-არ მინდოდა, რად დამმართეთ გაცნობიერება?
იცის რომ ფიქრობს. რატომ მაინცდამაინც თვითონ აინეს უნდა დამართოდა ეს და მიმხვდარიყო, რომ იცის, რომ ფიქრობს.“
შიშისა და გაცნობიერების ტრავმის საკითხი ერთ-ერთი მოტივია რომანში, რომელზეც იგება სიუჟეტი და ამავდროულად თავად სიუჟეტიც სოციალური ფენომენების ასახვით აფორმირებს პროტაგონისტის შიშებს და ბიძგს აძლევს მასში მეტაკოგნიციის პროცესს. იმის მიუხედავად რომ, აინე უარს ამბობს „სხვისგან დამართულ გაცნობიერებაზე“, მისი ყოფნიდან არყოფნისკენ, ანუ სიცოცხლიდან სიკვდილისკენ ლტოლვის მთავარი მიზანი, რასაც აინეს მხრიდან დედის წიაღისკენ მისწრაფების სახით ვხვდებით რომანში, სწორედ ხელახლა საკუთარი ნებით დაბადებაა, რაც გაცნობიერების უნარის საკუთარი ნებით არჩევასაც ნიშნავს.
რომანი ავანგარდულია არა მხოლოდ მისი ორიგინალური შინაარსის გამო, არამედ სტრუქტურითაც. ავტორი უარს ამბობს ლიტერატურულ მემკვიდრეობაზე, მისი ექსპერიმენტული ფორმები, როგორც თავად ტექსტის, ისე თითოეული სიტყვის შემთხვევაში, სრულიად წყვეტს კავშირს მკითხველისთვის აქამდე კარგად ნაცნობ სამწერლობო სტრუქტურებთან. აინე მერმე თხრობისას იყენებს ბევრ მივიწყებულ სიტყვას და ამით ის ცდილობს დაუბრუნდეს სემიოტიკურ ენას, აფორმიროს და შეცვალოს სიმბოლოები, რითაც ცდილობს თავი დააღწიოს ლიტერატურული მამების ზეგავლენას. იგი ფორმას და შინაარსს უცვლის მკითხველისთვის კარგად ნაცნობ სიტყვებს, რომანში შევხვდებით ფრაზებს: „ცალფერდა მსჯელობა“, „მომკვდარის ოჯახი“, „ზარმაზარი“, „სინამდვილეს ცემინება აუტყდება“, „მინდორიჭამია ძაღლი“ „სახის კანიონები“ და ა.შ.
აღსანიშნავია ისიც, რომ ტექსტი არასწორხაზოვანია, ეს ყველაფერი კი მკითხველს აიძულებს, თავადაც ჩაერთოს მეტაკოგნიციის პროცესში და დაუკვირდეს თითოეულ დეტალს, რომელიც მანამდე მხოლოდ მისი არაცნობიერი სფეროსთვის იყო განკუთვნილი. ეს, ერთი მხრივ, მკითხველს აფხიზლებს, მეორე მხრივ კი რომანის კითხვის პროცესს გარკვეულ სირთულეს სძენს, რადგან წერის სტილი ზოგ შემთხვევაში დიდ ყურადღებას იქცევს, რითაც ის ფარავს ტექსტის შინაარსს და მკითხველის ყურადღების გარეშე ტოვებს.
აინე მერმე არის გოგონა, რომელსაც სურს, რომ თავად აირჩიოს გაცნობიერების გზა და ამისკენ უბიძგებს მკითხველსაც, მას ვერაფრით გაუგია, როგორ შეეგუა ადამიანი ყველაფერს. მერმე-გოგო სვამს კითხვას:
„რატომ არ შეიშალეთ, რამ შეგაგუათ? […] რომელია თქვენში ნორმალური?! […] რომელმა იცით, რომ საყვარელი მამითქვენი არც კი არსებულა?“
ამ კითხვებით ის ეჭვქვეშ აყენებს ადამიანების ყოფის არსს, რაც ერთ-ერთი მახასიათებელია „ბილდუნგსრომანის“.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ ავტორის მხრიდან ამ ჟანრთან დაბრუნება რისკის შემცველი იყო, რადგან სადავოს ხდიდა აქტუალურობის საკითხს, თუმცა სტრუქტურამ, ენამ და შინაარსმა XXI საუკუნის „ბილდუნგსრომანისთვის“ განსაზღვრული ეს პერსპექტივა სრულიად შეცვალა.
© არილი