პოეზია

მარიამ სულამანიძე – ორმოები

sulmanidze-334

ამ სოფელში მარტო მამლები არ ყივიან. დილით, ალიონზე, როცა ცა შეფორთოხლისფერდება, აუცილებლად დაინახავთ რომელიმე სახლიდან გამოსულ ქალის სილუეტს, ხელში ნიჩბით. ისედაც უხმაურო მიწაზე ფეხაკრებით მიმავალნი, აქეთ-იქეთ გაფაციცებით თავს ატრიალებენ. ფრთხილობენ, რომ არავინ შენიშნოს. სახლის უკან, მოსახერხებელ ადგილს მოძებნიან და გამალებული სისწრაფით ორმოს თხრას იწყებენ. მერე ერთი წუთით ჩაიმუხლებიან, ჩაფიქრდებიან და საკუთარ თავთან მეათასედ შეათანხმებენ, ღირს, თუ არა. და მაშინ, როცა სოფლის 48 მამალი დასაყივლებლად შეიმართება, ქალებიც გასწორდებიან, მოხერხებულად მოეწყობიან. სადღაც, რომელიღაცა მუცლის კუნჭულიდან ამოიზმუვლებენ და ორმოს ჩაყვირებენ:

„უააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა“

ასე სჯერათ, რომ მზე ორმოებს ჩახედ­ავს და ჩანაკივლებ წყენებს ააორთქლებს.

ჩვენში, დიდთვალებიანნი, გულადობით გამორჩეულნი, მგლებსა და დათვებზე ხელით მონადირე კაცები არიან. იმის გამო, რომ რაიმე საფრთხე არ გამორჩეთ, რაც საშიში არ არის, იმასაც ეჭვის თვალით შეხედავენ, თუ არ მოეწონათ, კომბლისკენ  წაიღებენ ხელს და რაც არ უნდა იყოს, მოკლავენ, გახეთქავენ, დაშლიან, შუაზე გააპობენ. ზოგჯერ წყალზე რომ ჩავლენ და მდინარეში ჩაიხედავენ, საკუთარ თავებსაც შეუღრენენ, კბილებს დაუღრჭინავენ, წარბებს შეუკრავენ. არავის არაფერს უთმობენ. გახარებაც წამიერად შეუძლიათ. ასე ფიქრობენ, ზედმეტად რომ გაუხარდეთ, მერე რამე ცუდი არ შეემთხვათ საპირწონედ. რა ლამაზი ლურჯი იები მომართვიო, ცოლი რომ ქმარს ეტყვის, გადაღლილ მხრებზე ხელებს შემოხვევს, კაცი ჯერ დადნება, მაგრამ მერე აუცილებლად ეტყვის რაიმე საპირისპიროს, „ლურჯები არა,­­­ ყვითლებია ქალო“. ცოლს გაეცინება და კარგი, იყოსო, უპასუხებს. ჩვენში მთავარია კაცი იყოს მშვიდად.

ყოველთვის ადვილი გამოსაცნობია განთიადზე ვინ გამოვა ორმოს ამოსათხრელად. მთელი დღის მანძილზე ყურმოკრულით მიხვდები. მე და ჩემი შვილი სახლში ვბრუნდებოდით, რომ დავინახეთ გზაზე მომავალი, ახლად გათხოვილი პელეგია.

–         ეს კლდე საშიშია – თქვა მისმა ქმარმა.

–         ამ ლოდზე ამბობ? – ჰკითხა დაეჭვებულმა პელეგიამ.

–         ჰო, ამ კლდეზე ქალო, რაღაც ცუდად დგას – თქვა კაცმა და თვალები კიდევ უფრო გაუფართოვდა.

–         კლდე ცუდად როგორ უნდა იდგეს კაცო?

–         გეუბნები დგას-მეთქი!  დგას თუარა, მიპასუხე! – იღრიალა კაცმა.

–         კი, როგორ არ დგას, დგას. – უპასუხა დამფრთხალმა პელეგიამ.

–         ხოდა ცუდად დგას! – შეუღრინა კაცმა ლოდს.

–         ეგებ კარგად დგას… თავისთვის დგას…

–         აგე ახლა, დაგიმტკიცო ქალო? – მივიდა ლოდთან და დაეჭვებულმა შემოუარა. იდგა პელეგია გაოცებული.

–         ჰმმმ, საშიშია, მაგრამ მე არ მეშინია. ერთი ამისიც – თქვა და ფეხი მისცხო გამეტებით.

–         უააააააა –  აღრიალდა კაცი. – აი ქალო, ხო ვთქვი საშიშია მეთქქიი! ქალს რომ ჭკუა არ აქვს, ქალს რომ აზრს შეეკითხები!

შევიდა სახლში, გამოიტანა დინამიტი, კარგად შემოახვია ლოდს გარშემო და „ბრახხხხხ!“ ააფეთქა.

–         აიი ეგრეე! ეგეც შენი კლდე! –  ჩაილაპარაკა კმაყოფილმა – ეყაროს ეხლა წვრილ-წვრილ ლოდებად.

პელეგიამ დანანებით გადახედა გზაზე გაფანტულ კენჭებს, ისე განიცადა, თითქოს ლოდი კი არა, თავმოყვარეობა აუფეთქეს. თუმცა გაბედვით ვერაფერი გაბედა და სადაც მიდიოდნენ, ჩუმად წაჰყვა, თავჩაღუნული.

შუა გზაზე კაცი შედგა, მკლავში ხელი წაავლო და შეუბღვირა:

– მე ყოველთვის მართალი ვარ! გაიგე ქალო?

პელეგიას ეტყობოდა, შიგნით რაღაც აუჯანყდა და უპასუხა:

– ფეხი რომ არ დაგერტყა, ხომ არ იტკენდი, არა?

– მართალი ვარ მეთქი! არ გესმის?

მოდი და უთხარი, რომ არ გესმის, შენ წინ მდგარ სახეაწითლებულ, კომბლიან კაცს, რომელიც მთელი ხმით გიყვირის. გესმის, აბა არ გესმის?! ოღონდაც, ბრაზისგან არ გასკდეს და.

რა თქმა უნდა, რომ შემოფორთოხლისფერდა. ორმო ამოთხარა პელეგიამ ნათხოვარი ნიჩბით და პირველად ამოიყვირა ჯერ კიდევ სახელდაურქმეველი გრძნობა – ქმრის სიკერპის გამო გაჩენილი პირველი სიძულვილი.

სხვანაირადაც ყოფილა, როცა ქალს ორმოში არ უკივლია. სხვა სოფლიდან მოიყვანეს, ერთ დროს ბედნიერი, თეთრი პატარძალი. რაც შეგვეძლო მხიარულად დავუხვდით სოფლის ქალები. ამდენ ჩამობნელებულ ქალში, მზის მხიარული სხივივით იყო მისი გამოჩენა, ჩვენთვის გასახარი იმედის ნაპერწალივით. ეგრეც შევარქვით – ნაპერწკალა. არ მოსწონდა ორმოების ამოთხრის აზრი, არ დამჭირდებაო, ამბობდა. ეცინებოდა, რა უცნაური წესი გქონიათო, მაგრამ ნელ-ნელა ისიც ჩაჩუმდა. ამოუთქმელი დარდისგან თანდათან დასივება დაიწყო. ეუბნებოდნენ ქალები, გათხარე, შე ქალო, ორმო, მზის მადლმაო, მაგრამ მაინც თავის აზრზე იდგა ჯიუტად. და ბოლოს პირი რომ გააღო, ვეღარ გაჩუმდა, საწყალი. მთელი კვირა სიმართლეებს ყვიროდა. მათ სახლს რომ ჩაუვლიდი, გაბმულად ისმოდა:

ჩემი კაბა შავი არ ყოფილაა, თეთრიაა-მეთქიიი რო ვთქვიი!

რატომ ჩაარტყი ცოცხალ თაგვს კომბალიიიიიი!

რა მოხდა მერე, კერძში მარილის ჩაყრა თუ დამავიწყდააააააა!

ერთხეეელ ბოდიში გეთქვაა!

მაგიდაზე შენს გვერდით საჭმელად რატომ არ დამისვიიი!

ერთხელ რამეს შემკითხვოდიი!

ერთხეეელ ერთად გაგვცინებოოდააა!

ჩვენში ასე პირდაპირ, ასე ერთბაშად, ამდენი სიმართლე არავის უთქვამს ქმრისთვის. ბოლოს უააააააააააააააააააა-ო გაბმულად ყვიროდა ათი წუთი და გული გაუსკდა ნაპერწკალას. მისმა ქმარმა უყურა უყურა კოპებშეკრულმა და თვალები ძალიან ბევრჯერ დაახამხამა. ბოლოს თქვა, რამდენი გამიბედა ამ დედაკაცმა, რათ არ იყო ჩუმი სხვებივითაო. ვიცოდი, რაღაცა ადვილად გამომატანეს მისმა მშობლებმა და აი თურმე რატომო. წავიდა წლის თავზე და რაც შეეძლო უფრო ჩუმი, ულამაზო და ისედაც გაუხარელი ქალი შეირთო ცოლად, ნაცარივით ჩანავლული ქალი.

წესად გვაქვს, რომ ყოველ სავსე მთვარობას შევიკრიბებით ხოლმე შუაღამისას. მაგრამ ლაპარაკი ძნელია, რადგან ჩვენი სოფლის ქალებს დარდისგან და უთქმელობისგან ტუჩები ნელ-ნელა ეკუმებათ და ძნელად თუ გახსნიან პირს რაიმეს სათქმელად. ასე ისხდნენ და სიჩუმეს უზიარებდნენ ერთმანეთს, სანამ ტირილისგან თვალებდასიებული, მთვრალი პელეგია არ შემოფართხუნდა სანთლებით განათებულ დარბაზში. ყველამ თვალი აარიდა. უხუცესმა დრო იხელთა და წასვლა დააპირა:

–         რაცა სჭირთ ვიცით. ვიცით, რომ ასე იქნების ეგეცა. რათ მოვედით აქა, რაი გვინდის?

–         რაი სჭირთ? – დაიწივლა პელეგიამ.

ქალებმა დანანებით გადახედეს. ასეა. პირველად რომ ორმოს გათხრი, კარგად თუ არ ჩაჰყივლე, წყენა მაინც შემოგრჩება და გაგაწვალებს.

–         კარგად უნდა ჩაგეკივლა პელეგია – თქვა ვიღაცამ და თან ოხვრაც ამოაყოლა.

–         რაი სჭირთ-მეთქი, მიპასუხეთ! – გაღიზიანდა პელეგია. – რატომ არ ესმით ჩვენი?

–         გულადები არიან ნამდვილი კაცები და იციან უკეთ. რომ გვიცავენ ბრაზი სჭირდებათ და დაბღვერვა, აბა ისე როგორ?! უნდა ავიტანოთ. ეგენი რომ არა, ან დევი შეგვჭამდა, ან ოჩოპინტრე.

–         აჯობებდის! – ასლუკუნდა პელეგია – განა არ აჯობებდის დევებმა და მგლებმა გვჭამონ ვიდრე თვითონ? გული მაინც არ გვეტკინებოდის… ნეტავ, თავის თავებისგან დაგვიცავდნენ!

–         პელეგია, ჩვენი კაცები გულადნი არიან, მიეჩვევი მერე და ორმოს გათხრასაც ისწავლი, განთიადის მადლმა!

–         არ არიან გულადები – გაანჩხლდა პელეგია – ტყუილია!!!

ვიღა მოუსმენდა გამოსულელებულ პელეგიას. აიშალნენ ქალები აფხორილი ყვავებივით და სახლებისკენ წავიდნენ.

–         ამას შენ მიხედავ! – ხელში მომაჩეჩა მთვრალი პელეგია უხუცესმა – შენა გჭირდა ეგეთები და გეცოდინების როგორ დაამშვიდო.

რაი მეთქვა პელეგიასთვის? მეც ხომ ასე მგონია, რომ ეს ზორბა კაცები, მუდამ კბილებამდის შეიარაღებულნი, დაფეთებულნი და დაბღვერილნი იმიტომ იყვნენ, რომ ოდესღაც გულში შიშის ჭია ჩაუჯდათ. ამიტომაც თავებიდან ჯერ სიმშვიდე გაეპარათ, მერე სიყვარული. პელეგია კიდე მიჰქროდა გზაზე და ქალებს გასძახოდა:

–         გულის ძირში თქვენც რომ მაგ თვალით გზომავენ, ვერა ხედავთ არა? ვინაც უფრო ჩვეულებრივსა ჰგავხართ, დამშვიდებულები იმას შეგირთავენ – არაფრით გამორჩეულს, არც სიმღერა რომ იცის და არც რომ ცეკვავს, იმას. არც განსაკუთრებულად ლამაზები მოსწონთ. გამორჩეულ ქალებს გამორჩეული ყარაულობა რომ უნდა, ესე ჰგონიათ და ეშინიათ წინასწარ წარმოსახვითი მტრების და ათასი გაღმა სოფლელისა, ლამაზი ცოლი არ მომტაცონო. შიშის გამო რომ თვალებს დააჭყიტავენ, ყველაფერი სულ სხვაგვარად ეჩვენებათ – ძაღლი მგლად, მგელი დათვად და დათვი დევად.

–         პელეგია დამშვიდდი, რაი… – მივჩანჩალებ გაქორებული პელეგიას კუდში.

–         მომკალიიი! აღარ მინდის ეგეთი ქმარი, ნეტამც ეგეთი შვილი ნუ მეყოლების!

–         პელეგია გაჩუმდი, რაი… – მეშინია, ქმარმა არ შეატყოს გაბრაზება და არ შემოაკვდეს.

–         აღარ ჩავყვირებ ორმოს მშიშარა კაცის გამო! გავწამდი და ჰა! მზეს თუ წყენა მიაქვს, მე რათ დამრჩა გულში? ან თქვენ რამ გაგაჩერათ ყველანი ესე მშვიდად. არაფერიც არ მიაქვს მზეს!

–         მიაქვს, ნუ სთქვავ მკრეხელობას…

–         ვინა სთქვა, ვინა იგრძნო წყენის გაქრობაი?

–         მიაქვს-მეთქი…

–         რაღაი წყენებსა ვყივით, ნეტამცა მთელი სოფლის კაცებს წაიღებდეს!

–         მოიცა ქალო, გაჩერდი, დავიღალე… – გული ლამის იყო პირიდან ამომვარდა.

გაშეშდა პელეგია, მიხვდი, რომ ჩემს გამო არა. ე გოგო, ე ქალოო, ეს მითხრა, შემომხედა, შემომცინაა და გავარდა მთისკენ. გულში ცივმა ნემსმა გამკრა. ასე იგრძნობ, თუ ვინმეზე ეჭვი შეგეპარა რომ გაგიჟდა. დავედევნე, მაგრამ იმდენი ბოღმა მიყლაპია,  ისე დავსივებულვარ და დავსუქებულვარ, რას დავეწეოდი?!

მზე ის-ის იყო ამოიწვერა, რომ პელეგიას სილუეტიც გამოჩნდა. იდგა, გაეთხარა დიდი ორმო და ხარხარებდა.

–         გაგიჟდის, ნამდვილად გაგიჟდის – ვიშვიშებდნენ ქვემოდან ქალები.

შექუჩდნენ ერთად და თვალებს ვერ წყვეტდნენ პელგიას. როგორა ხარობდა, როგორ თავისუფლობდა…დავიძარით მთისკენ. ზუსტად მაშინ ავედით, როცა შეფორთოხლისფერდა.

–         ვუაჰჰჰააააჰჰჰჰააააააა ლოოოოდდიიის შეეეშინდააა, ამხელა კაცსა, საშიში კლდე არის ეეესოო – იფხრიწებოდა პელეგია და ორმოს ჩასცინოდა.

როგორც შიშს, ასევე გულწრფელ სიცილსაც ჰყავს თავის ჭია და ერთი თუ შემოგიძვრა, ერთი თუ აგიცეტა გამომხმარი გული, მერე რაღა გაგაჩერებს, თუნდაც უმიზეზოდ იცინებ. ეგრეც იყო, ნელ-ნელა მოაღეს ჩაჟანგებული პირები ქალებმა. დადგნენ ორმოს გარშემო და რას არ გაიგონებდით:

–         შეეშინდა ლოდისა და ააფეთქაა, ჰაჰაჰაჰაჰჰაჰაააა – პირველმა ჩასძახა პელეგიამ.

–         შეეშინდა ცეკვისა და იჩხუბაა

–         შეეშინდა ჩემი სილამაზისაა დაა თავსაბურით მატარაა

–         შეეშინდა მარტო ჩემი სიყვარულისა და ათას ვინმეში გამცვალა

–         შეეშინდა ღალატისა და სახლში გამომკეტაა

–         შეეშინდაა მეგობრის დაკარგვისა და მეგობარი არა ჰყავს

–         შეეშინდა მგლისა და ნადირისა და კომბლითა სძინავს

–         შეეშინდა კარგი ცხენი რომ ეყიდა, მისი დაბერებისა და ჩოჩორით დადის

–         შიშებისა ეშინის და გულადობით ათას სისულელეს სჩადიის…

ამ დროს მზეც მთლიანად ამოცურდა. უზარმაზარ ორმოს ჩახედა და ახალგაღვიძებულმა კაცებმა, საიდანღაც მოსული საამო სიმშვიდით გაკვირვებულებმა, მეათასედ მოიფხანეს თავი.

იმ დღის შემდეგ ჩვენს სოფელში სჯერათ, რომ სანამ 48 მამალი დასაყივლებლად შეიმართება, მთის წვერზე თუ ახვალ, ორმოს თუ გათხრი და შიგნით ჩასცინებ, მზე აუცილებლად ჩახედავს და ორმოდან გულადი ქმრის შიშებს ააორთქლებს.

© არილი

Facebook Comments Box