პოეზია

მარიამ წიკლაური – ზღვა და სხვა ლექსები

mariam ciklauri copy2254

ზღვა

ჩვენი თითქოს სულაც არ იყოს,

არც ეხებოდეს მშობლიურ ხმელეთს.

საზღვარს, ზღვარს, ზღუდეს მივაშვილეთ და

ზღვას ზურგიც ეგრე ვაქციეთ ვევლეთ

გარშემო მიწად და სანაპიროდ,

ვევლეთ მთებად და ჭაობის ნიკბად

და არასოდეს ღრმად არ შევსულვართ,

არც ვენდობით და რომ ვთქვათ, არც გვიყვარს.

 

ოქროს სამანის ამბავსაც ვიტყვით

მხოლოდ ლექსში და მხოლოდღა თამარს

მოვახელინებთ ზღვებში წყლის ისრებს,

რადგან ჩვენ თავად ზღვის ხალხი არ ვართ.

ამირანიც ხომ მთაში დავტოვეთ,

ჩვენ ვადგებოდით უფრო შორ მზის გზებს.

სხვებს მივაბარეთ ზღვა მოსავლელად,

ჩვენ სინაპირე ვარჩიეთ სიღრმეს,

იალქნებს ცეცხლი ვარჩიეთ კერის,

საფუხრებს ვიხვევთ სანიჩბის ნაცვლად.

უამურია იმ წარღვნის ხსოვნაც,

წელწვრილ ამფორებს ფსკერზე რომ დაფლავს.

 

ჩვენ არ შევაბით ხმელეთს ზღვის კარი,

გვერჩივნა ალბათ გუთანი კიჩოს,

არც ხელეური ტალღების ვკარით

და მტრის ხომალდებს ვერ გადავურჩით.

მონობის იყო ზღვის გზა და ცრემლის,

ზღვა გვიყლაპავდა ხმელეთის შვილებს,

და უნდობელი ტალღის ხმაური,

ნიჟარებს გულში რომ გამოევლოთ,

საჩვენოდ გლოვის ზარის ხმა იყო,

გვინგრევდა ჩვენი ქალაქის კედლებს

და გვიყლაპავდა განძს და მეგანძურს,

წყლით გვიფარავდა ოქროვან ედემს.

 

ჩვენ შევიძულეთ ზღვა მესეფეთა,

ზღვის სტუმარს თუმცა ვერძი მიართვეს,

ჩვენ არც ხომალდის კილი გვითლია,

და სხვებზე ვყიდდით სელს, საიალქნეს,

ვერ შევიყვარეთ ჩვენ ეს სილურჯე,

სივრცის სტომაქი, ქარიშხლის შარი,

და ამ მბორგავი სიშავის იქით

არ გაგვქცევია არასდროს თვალი.

თუმც არ დაგვხსნია ერთი წამითაც,

ხან ლომის ხახა, ხან მზის ნაცვარი,

ის ჩვენი დედა ვერასდროს გახდა,

სულ იყო მკაცრი მიწისნაცვალი.

 

სულ სახლდებოდა ღამის ხმასავით

პოეტის ლექსში, ლამაზ სახებად,

მაგრამ ვერადა ვერ შეძლო მაინც,

ჩვენში შემოსვლა და ჩასახლება.

და ლეგენდები ძველ მეზღვაურთა

კელტ-იბერების ძველი ლანდები,

ათასწლოვანი ღამის სიზმრიდან

სელის პერანგით, კირბით, სანდლებით,

კვლავ იხატება ზვირთების ქაფით,

როცა მთებიდან გავცქერ სილურჯეს,

და მეშინია, რომ ეს ზღვა ერთხელ

ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს.

 

ღამის პეპლები

ღამის პეპლების უცაბედი შემოფრენა ჩვენს სიმშვიდეში

და სიბნელის აბაჟურის ქვეშ

გამომწყვდეულ სუსტ სინათლეში

მათი ფრთების ხავერდების ჩამოფლეთვა

ჩემი კივილის ეკლებზე, გახსოვს?

ყველაზე დიდი საშიშროება მეგონა მაშინ.

ვერც ვერასდროს წარმოვიდგენდი,

რომ წინ ყველაზე დიდი ფარვანის –

ბედნიერების მოკლე აფრენის ხმა უფრო მეტად შემაშინებდა

და ოდესმე დამთრგუნავდა

დედაკაცობაც, ისე, როგორც ღამის პეპლების წრე

ჩვენს თავებზე შემოხაზული

ზაფხულების გვირგვინთა წირი.

ახლა არ ვკივი, გავიზარდე და ხანდახან ღმერთს ვევედრები,

განმიახლოს ის შიში და ყველა სხვა შიში გამიქროს ისე,

რომ ვერავისთვის შევძლო დაფრთხობა

ვერც ღამის და, ვერც ღამის პეპლის,

რათა არ ახდეს ძველი წყევლა –

დედაკაცად ქცევის წყევლა,

რომ არ მომედოს სევდა სულზე, ქონი სხეულზე,

მენატრებოდეს უსაქმურობა და ხეტიალი,

რომ სიმარტოვე არ გამიცვდეს,

რომ არც ფული მქონდეს იმდენი,

მხრებზე ბავშვივით ამაღოღდეს საშიში სიტყვა –

მოუხეშავი, ეს “პასუხისმგებლობის” ჭია

და ვერაფრით დავიხსნა თავი:

შემომატაროს ოთხით, ქლოშინით

მთელი ცხოვრება,

ამომხადოს სული ცოცხლად და

მაქციოს ბოლოსდაბოლოს იმ დედაკაცად,

რომლის ოცნება სახვალიო ქვაბის ძირის გადამალვაა

მოთუხთუხე წვნიანის ფსკერზე,

რომლის მუცელი სავსე მთვარეზე უფრო მრგვალია,

რომელსაც ყველა მოსავს თავის გამონაცვალით,

რომელმაც უნდა ყველაზე ადრე დადგას ნაბიჯი მიწაზე და

რომლისთვისაც წლის ყოველ დროში

დღე ყველაზე გრძელია და ღამე კი მოკლე,

რომლისთვისაც ნახევარი საუკუნეა სიზმრის ნახნავში

აღარავის შეუტანია სიხარულის სასუქი და

არც საფრთხობელა უდგას საჯავრო,

სადაც ყვავილიც გადაშენდა და მხოლოდ ნარის სილურჯეები

შემოვლებია გარშემო თვალებს.

ვინც გარედან იზრდება და წლებს იყოლიებს,

ინკუბატორის წიწილებივით სულ ერთნაირებს,

ვინც თავის წილ ბედნიერებას ქორივით აფრთხობს

ყოველ დილას “ჰაუ-ჰაუს” შეძახილებით,

ვინც ნატრობს მუდამ დიდობას და

ყველაფერზე წინწინ გარბის, რომ მეტი შეხვდეს,

მეტი იპოვოს, მეტი ხარჯოს, მეტი გახდეს,

ვისაც ჰგონია, დამსხვილებული მაჯა უფრო ძლიერია,

ხოლო მსხვილ ფეხებს ემარჯვება უფრო შორს წასვლა.

დამიფარე, დამიფარე ჩემო გამჩენო,

ნუ გამიქრობ გაძლების ძალას.

ღამის პეპლები შეამოაფრინე ისევ ჩემი ”აბაჟურის” ქვეშ,

ისევ მეგონოს, რომ სხვა უფრო საშიში რამ

არაფერია დედამიწაზე.

© არილი

Facebook Comments Box