ავტორი: მარკ აქსელროდ-სოკოლოვი
1994 წელს გამოქვეყნებულ მექსიკელი მწერლის, მარიო ბელატინის რომანში “სილამაზის სალონი” უსახელო ქალაქი გაურკვეველი წარმომავლობის ეპიდემიამ წალეკა. ავადმყოფები ნელა, ტანჯვით იხოცებიან. განსაკუთრებით საზოგადოებისგან გარიყული წრეები, მათ შორის ჰომოსექსუალი მამაკაცები, ავადდებიან. ასოციაციურად მკითხველს უმალ 80-იან წლებში დაწყებული აივ ინფექციის ტალღა ახსენდება, რომელმაც მხოლოდ 2005 წელს 2 მილიონი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
სიკვდილიანობის მატებასთან ერთად, მთხრობელი და პროტაგონისტი ქალაქის ჯურღმულებში მდებარე სილამაზის სალონს მორგად გადააკეთებს, რადგან საავადმყოფოები ან გადავსებულია, ან უარს ამბობენ პაციენტების მკურნალობაზე. “დაავადებით გატანჯულები საწოლითა და ჯამი სუპით უნდა მოვამარაგო. მარტოს მიწევს ამის კეთება. იშვიათად რომელიმე ორგანიზაციას ჩვენი არსებობა ახსენდება და ოდნავ წაგვაშველებს ხელს ფინანსურად”. ასევე ღელავს, “ვინ მიხედავს სალონს, როცა დაავადება მეც საბოლოოდ წამართმევს სიცოცხლის უნარს. კარგია, რომ ჯერ-ჯერობით მხოლოდ წონაში ვიკლებ და განწყობა მიქვეითდება,” – ორივე შიდსის სიმპტომია.
მომაკვდავ პაციენტებთან ერთად, მეპატრონე უვლის სხვადასხვა სახეობის თევზებს, რომელთაგან ზოგიერთი ქვირითებს ყრის და ირონიულად ახალ სიცოცხლეს აჩენს სიკვდილით გარემოცული. აკვარიუმში აქსოლოტლიც იზრდება, რამაც შეიძლება კორტასარის მოთხრობა “აქსოლოტლი” გაგვახსენოს. მართალია, კორტასარის პერსონაჟისამებრ სალონის მფლობელს ეს უიშვიათესი ცხოველი მთელი არსებით არ დაატყვევებს, თუმცა მათ შორის უცნაური სიახლოვე მაინც იგრძნობა -“თითქოს, ეს უსახური ქმნილება ევოლუციის შუა გზაზე გაჩერებულა”, რაც ადამიანთან მიმართებაშიც სამართლიანი განცხადებაა.
განსხვავებული წარმომავლობის მიუხედავად, რომანს არაერთი საერთო აქვს 1947 წელს გამოცემულ კამიუს “შავ ჭირთან”. ორივე ტექსტი, თავის მხრივ, ფიზიკური დაავადების გავლით სოციო-პოლიტიკურ განზომილებას მიემართება. რონალ ბარტმა კამიუს რომანი შეაფასა, როგორც მარტივი ალეგორია: “ნაციზმი ბუბონურ შავ ჭირად იქცა და, გულგრილი პოლიტიკოსებისა თუ ერთსულოვნებას მოკლებული სოციუმის ფონზე, იდეალისტი მოწინააღმდეგეების მცირე ჯგუფი იბრძვის უბედურების დასამარცხებლად“. ავტორმა თავადაც აღიარა რომანის კავშირი ნაცისტურ ოკუპაციასთან მაგრამ უარყო, რომ მისი ცალსახა ალეგორიულობა. ეპიდემიები (ან პანდემიები) საბოლოოდ ერის პოლიტიკურ და სოციალურ სტრუქტურაზე აისახება, და მიუხედავად იმისა, რომ ინფექცია ბაქტერიებითა და ვირუსებით ვრცელდება, საბოლოოდ, როგორც მათი მიზეზებიცა და შედეგებიც ადამიანთა დაუდევრობის ბრალია.
რამდენადაც შესაძლოა, მექსიკელი ხალხის ყოფას შთაეგონებინა ბელატინი “სილამაზის სალონი” დაეწერა, ერთი რამ ცხადია – რომანი იკვლევს სიკვდილსა და მშვენიერებას შორის ჩამოყალიბებულ ურთიერთობას. ხოლო მათ შორის ირონიული დაძაბულობა სათაურშივე იგრძნობა. სივრცეები ერთიანდება და ფორმალურად ადამიანთა გასალამაზებლად თუ შესაკეთებლად შექმნილი ბიზნესი უკიდურესი სიმახინჯის სავანედ გადაიქცევა.
© არილი