საკითხი იმის შესახებ, თუ რა როლს ასრულებს ინტელექტუალი „ჩამორჩენილ“, ესე იგი, მნიშვნელოვანწილად, არაინდუსტრიულ საზოგადოებებში, მეოცე საუკუნეში განსაკუთრებული სიმძაფრით წამოიჭრა. ეს გასაკვირი არაა, რადგან ისტორიის არც ერთ წინარე პერიოდში ძალაუფლებისკენ გზა არ გაუკაფავს იდეებით შეიარაღებულ ამდენ პრაქტიკოსს, და ეს ხდებოდა იმ ქვეყნებში, სადაც მოსახლეობა არცთუ დიდად წიგნიერია. სიმართლე რომ ითქვას, განსხვავება, ერთი მხრივ, დასავლეთ ევროპასა და აშშ-ს, მეორე მხრივ კი, „განუვითარებელ“ (ან, როგორც ახლა ამბობენ, „განვითარებად“) სამყაროს შორის ისაა, რომ ამ უკანასკნელში ცალკეულ მწერლებს, პოეტებს, დრამატურგებს, ისტორიკოსებსა და ფილოსოფოსებს თითქმის ქურუმებად მიიჩნევენ. კონტრასტი ამ სიტუაციასა და ჩვენს მდგომარეობას შორის ძალზე მკვეთრია და ეს თემა არაერთხელ განხილულა ლიტერატურულ სტატიებში. შეხედეთ სენეგალსო, გვსაყვედურობენ ხოლმე ჩვენივე საკუთარი (ალბათ, ნაკლებად ფილოსოფიური) პოლიტიკური კლასის კრიტიკოსები, იქ ჰყავთ (ან ჰყავდათ) პოეტი-პრეზიდენტი! ასეთივეა ნიკარაგუა, რომლის ვიცე-პრეზიდენტი რომანისტია, სერხიო რამირესი!
მაგრამ მოწიწება, რომლითაც ეპყრობიან ზოგიერთ ქვეყანაში ინტელექტუალებს, ჩვენში აღტაცებას როდი უნდა იწვევდეს. იქ, სადაც იდეები იარაღის სახით გამოიყენება, ხელისუფლებაში მყოფი პირები, როგორც წესი, ძალას საკუთარ მონოპოლიად მიიჩნევენ. ამით აიხსნება, რომ არადასავლური (მათ შორის, პოეტებისა და რომანისტების მიერ მართული) საზოგადოებები უფრო ხშირად მიმართავენ ცენზურას, ვიდრე ისინი, რომლებშიც ძალაუფლება ხელთ არ უპყრიათ კულტურის მოღვაწეებს. ნიშანდობლივია, ასევე, ამ ხელისუფალთა მიერ ინტელექტუალების დევნა. ამ ქვეყნებში ინტელექტუალის ახალგაზრდულ შემართებას ხშირად ენაცვლება იმედგაცრუება და აქტიური ანტიპოლიტიკური განწყობილებები; ამრიგად, არადასავლელი ინტელექტუალი ხშირად არანაკლებ უმწეო და უსუსურია, ვიდრე – მისი თანამოძმე დასავლეთში, რასაც ერთვის ხოლმე დამატებითი, საკმაოდ სერიოზული პირადი უსიამოვნებები.
ამ სინდრომმა თავი იჩინა ჯერ კიდევ ესპანელი ფილოსოფოსის, ხოსე ორტეგა ი გასეტის ცხოვრებისეულ მოვლენებში, რომლის ასი წლის იუბილე ამას წინათ აღინიშნა და რომელსაც როკველ გრეიმ ახლახან თავისი ნაშრომი[1] მიუძღვნა. გეოგრაფიული თვალსაზრისით, ესპანეთი ნამდვილად ევროპას მიეკუთვნება, მაგრამ 1920-1930 წლებში ბრიტანეთი და საფრანგეთი მას – კულტურული და სოციალური თვალსაზრისით -ჩამორჩენილ ქვეყნად მიიჩნევდნენ, ისეთივედ, როგორიც დღეს მესამე სამყაროა. ესპანეთში იმხანად არსებული ბევრი პრობლემა ამჟამად აქტუალურია თანამედროვე აფრიკისა და ლათინური ამერიკისთვის. სწორედ იმ წლებში გაითქვა სახელი ორტეგამ შეერთებულ შტატებში თავისი ორი წიგნით, „უხერხემლო ესპანეთი“ და „მასების ამბოხი“; ორივე (თემატური თვალსაზრისით, საკმაოდ მრავალფეროვანმა) ნაშრომმა დააინტერესა ის ადამიანებიც კი, რომლებმაც ბევრი არაფერი იცოდნენ ესპანეთის ან თუნდაც ფილოსოფიის შესახებ. ორტეგას მომდევნო წიგნები, რომლებიც 1940-იან წლებში და 1950-იანი წლების დასაწყისში დაიწერა, მაგრამ აშშ-ში ათიოდე წლის შემდეგ გამოქვეყნდა („ადამიანი და ხალხი“, „ადამიანი და კრიზისი“, „ისტორია როგორც სისტემა“, „ხელოვნების დეჰუმანიზაცია“), მიემართებოდა მკითხველთა საკმაოდ ვიწრო წრეს – იმ აკადემიურ ფილოსოფოსებს ან ლიტერატორებს, რომლებიც თვალყურს ადევნებდნენ იდეების განვითარებას ესპანეთის ნახევარკუნძულსა და ესპანურ ამერიკაში.
გრეი სათანადო ყურადღებას უთმობს ორტეგას ბიოგრაფიის ამ ასპექტებს (შესაძლოა, უფრო მეტადაც კი, ვიდრე ისინი იმსახურებენ), მაგრამ ის, ასევე, მკაფიოდ განსაზღვრავს თავისი ნაშრომის სუბიექტს, როგორც საზოგადო ინტელექტუალის არქეტიპს – იმას, რასაც თავად ორტეგა უწოდებდა „არისტოკრატს საზოგადოებრივ მოედანზე.” სწორედ ეს ასპექტი მოითხოვს უფრო ღრმა ანალიზსა და განსჯას. გრეის წიგნი, უპირველეს ყოვლისა, გვეხმარება იმაში, რომ განვჭვრიტოთ ორტეგას ფიგურა ესპანეთის ინტელექტუალური ისტორიის კონტექსტში , 1898 -1914 წლების თაობებს – პოზიტივიზმის დაცემასა და მარქსიზმის აღმავლობას – შორის. ამიტომ ორტეგა შეიძლება განვიხილოთ, როგორც ნიმუში ერთგვარი ლიბერალური კონსერვატიზმისა (ან კონსერვატიული ლიბერალიზმისა), რომელსაც ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს (1936–39) და შემდგომ ჩაენაცვლა სხვა, ნაკლებად მიმზიდველი იდეოლოგიური მიმდინარეობები.
ორტეგა დაიბადა მადრიდში 1883 წელს. მამამისი ცნობილი ჟურნალისტი იყო, დედა კი – მსხვილი ლიბერალური გაზეთის – El Imparcial-ის მფლობელის ქალიშვილი. კერძო სკოლის დამთავრების შემდეგ ორტეგამ სწავლა გააგრძელა მადრიდის უნივერსიტეტში, სადაც 1904 წელს მიიღო დოქტორის ხარისხი. შემდეგ ის სასწავლებლად გაემგზავრა გერმანიაში (იმ წლებში ესპანელისთვის ეს უჩვეულო გადაწყვეტილება იყო) და დასახლდა მარბურგში, სადაც შეისწავლიდა კანტის ფილოსოფიას. ოთხი წლის შემდეგ ორტეგა დაბრუნდა ესპანეთში, მუშაობდა პედაგოგიურ ინსტიტუტში, ხოლო 1910 წელს სათავეში ჩაუდგა (სათანადო გამოცდების ჩაბარების შემდეგ) მეტაფიზიკის კათედრას თავის „ალმა მატერში“.
1911-1936 წლებში ორტეგა ესპანეთის ერთ-ერთ თვალსაჩინო მოღვაწედ იქცა. ის სისტემატურად აქვეყნებდა სტატიებს El Imparcial–ში, შემდგომ კი ასევე El Sol–ში. მან დააარსა გამომცემლობა Espasa-Calpe, რომელმაც ესპანელებისთვის პირველად გახადა ხელმისაწვდომი დასავლეთევროპული მეცნიერების, ფილოსოფიის, ისტორიისა და ბელეტრისტიკის ძირითადი ქმნილებების ზუსტი და იაფი თარგმანები (ეს სერია, სხვათა შორის, ჯერ კიდევ ქვეყნდება). 1923 წელს მანვე დააარსა Revista de Occidente – ესპანეთის პირველი ჭეშმარიტად მნიშვნელოვანი ჟურნალი, ხოლო მომდევნო წელს – ამავე სახელწოდების გამომცემლობა, რომელმაც გამოსცა უცხოური (ძირითადად, გერმანული) ფილოსოფიური ტრაქტატები.
მაგრამ ორტეგა, უბრალოდ, ინტელექტუალური ფიგურა როდი გახლდათ – ის, ასევე, იყო ესპანეთის კორუმპირებული, ძირმომპალი პოლიტიკური სისტემის აქტიური და მჭევრმეტყველური კრიტიკოსი. 1920-იან წლებში მონარქიამ მნიშვნელოვანწილად დაკარგა თავისი პრესტიჟი, იმის წყალობით, რომ ესპანეთი ჩააბა მაროკოსთან ხანგრძლივ კოლონიურ ომში; მონარქია მხარს უჭერდა გენერალ მიგელ პრიმო დე რივერას კვაზიდიქტატურას, რამაც ხელი შეუწყო საპარლამენტო სისტემის დისკრედიტაციას; ის, ასევე, ამუხრუჭებდა აუცილებელ რეფორმებს განათლების, ტრანსპორტის, მიწის მფლობელობისა და სამოქალაქო-სამხედრო ურთიერთობების სფეროებში. საგაზეთო სტატიების საშუალებით ორტეგა ამხედრებდა ესპანეთის საშუალო ფენას მონარქიის წინააღმდეგ და 1931 წელს, როდესაც ალფონსო მეცამეტე ტახტიდან გადადგა, იგი აირჩიეს პარლამენტში დამოუკიდებელი საარჩევნო კომისიიდან, რომელსაც ეწოდებოდა “Agrupación de Intelectuales Independientes al Servicio de la Republica”.
კორტესებში ხანმოკლე მოღვაწეობამ ორტეგას მხოლოდ იმედგაცრუება მოუტანა. 1932 წელს ის გამოვიდა პარლამენტიდან და გადაწყვიტა, დაბრუნებოდა პედაგოგიურ საქმიანობას, შემოქმედებას და ჟურნალისტიკას. მიუხედავად იმისა, რომ ორტეგა მემარცხენე და ანტიკლერიკალური ექსცესების (რომლებმაც რესპუბლიკა დაღუპვის პირას მიიყვანა) ერთ-ერთი პირველი კრიტიკოსი იყო, მას მაინც მიიჩნევდნენ რესპუბლიკის ერთ-ერთ დამფუძნებლად. გასაკვირი არაა, რომ როდესაც აფრიკის არმია 1936 წლის ზაფხულში ამბოხდა მადრიდის ხელისუფლების წინააღმდეგ, ფილოსოფოსი იძულებული გახდა, სამშობლო დაეტოვებინა. ერთხანს პარიზში ცხოვრობდა, შემდეგ გემით ბუენოს აირესში გაემგზავრა (სადაც ოთხი წელიდ აჰყო), ბოლოს კი საცხოვრებლად გადავიდა პორტუგალიაში, ეშტორილში (1942–48). 1949 წლის შემდეგ ის ხან ლისაბონის გარეუბანში ცხოვრობდა, ხან კი მადრიდის მახლობლად, თავის სახლში, მაგრამ საერთო ვითარება (და ფრანკოს რეჟიმის დამოკიდებულება მის მიმართ) ისეთი იყო, რომ ორტეგა სრულად აღარასოდეს ჩართულა ესპანეთის ინტელექტუალურ ცხოვრებაში. სამაგიეროდ, ის იქცა ევროპული კულტურის ერთგვარ ელჩად, რომელსაც საგანგებო პატივს მიაგებდნენ ხოლმე კონფერენციებსა და დღესასწაულებზე, თითქმის ყველგან, გარდა საკუთარი ქვეყნისა. გარდაცვალების დროისათვის (1955 წელს) ორტეგა არცთუ უსაფუძვლოდ მიიჩნეოდა ესპანეთის ლიბერალიზმის ადრეული, ოქროს ხანის უკანასკნელ პალადინად, მაგრამ ათწლეულის განმავლობაში ახალი თაობის ესპანელმა ინტელექტუალებმა, რომლებიც მარქსიზმის იდეალებს აღიარებდნენ, ორტეგა ისტორიის სანაგვეზე მოისროლეს. ეს იყო ირონიული დასასრული მისი მოღვაწეობისა, რომელიც ემსახურებოდა განმანათლებლობის იდეალებს და ნაადრევად შეწყდა ესპანეთის სამოქალაქო ომში კლერიკალურ-ფაშისტური ძალების გამარჯვების შედეგად.
გრეი, როგორც ინტელექტუალური ბიოგრაფი, მიზნად ისახავს ორტეგას პიროვნებისა და მისი შემოქმედების განხილვას – რომელიც ორ კონტინენტზე ორმოცდაათ წელზე მეტ ხანს გაგრძელდა და მოიცავდა როგორც ნაყოფიერ საზოგადოებრივ, ისე – ლიტერატურულ საქმიანობას. მიუხედავად ამისა, გრეის ნაშრომში აშკარად თავს იჩენს სამი ძირითადი თემა.
პირველი მათგანი ისაა, რომ, გრეის თქმით, ” ესპანეთს თვითგამორკვევისთვის უნდა ესარგებლა ქვეყნის საზღვრებს მიღმა ჩამოყალიბებული სტანდარტებით” – ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, უნდა დამორჩილებოდა დასავლეთევროპული კულტურის ნორმებს. თავისთავად, ეს იდეა ახალი როდი იყო: მეთვრამეტე საუკუნიდან მოყოლებული, ესპანეთის ინტელექტუალური საზოგადოების ერთი ნაწილი თავის სამშობლოს ჩამორჩენილ ქვეყნად მიიჩნევდა, მეორე ნაწილი კი დასავლეთევროპელ მეზობლებს, უბრალოდ, პირწავარდნილ ერეტიკოსებად თვლიდა.
ეს დაპირისპირება კიდევ უფრო გამძაფრდა 1898 წელს, კუბისა და ფილიპინების გამო შეერთებულ შტატებთან გამართულ ომში დამარცხების შემდეგ. “კატასტროფამ”, როგორც მას ყოველთვის უწოდებდნენ, აიძულა მწერალთა ახალი თაობა – ანხელ განივეტი, მიგელ დე უნამუნო, ასორინი – გადაეაზრებინათ მათი მამებისა და ბაბუებისგან მემკვიდრეობით მიღებული შეხედულებები. საბოლოოდ, ეგრეთ წოდებული “98-იანი წლების თაობა” დაიყო კონსერვატორებად და რეფორმატორებად ან, შესაძლოა, ნაციონალისტებად და კოსმოპოლიტებად (hispanizantes და europeizantes). ნაციონალისტებს სწამდათ, რომ ესპანეთი უნდა დაბრუნებოდა თავის ზეშთაარსობრივ არსს (სულ ერთია, როგორიც უნდა ყოფილიყო ის), ხოლო კოსმოპოლიტები გულწრფელად მოუწოდებდნენ ესპანელებს, უგულებელეყოთ, გრეის თქმით, „ამპარტავნული წარმოდგენა საკუთარი თავის, როგორც ქრისტიანული სამყაროს გამორჩეული ხალხის შესახებ და გაეზიარებინათ უფრო სეკულარული შეხედულებები“.
ზოგადად რომ ვთქვათ, ორტეგა თავის თავს ამ უკანასკნელ ჯგუფს მიაკუთვნებდა და გამოიგონა კიდეც ტერმინი – „უხერხემლო“ , რათა დაეხასიათებინა მკაცრი სოციალური და კულტურული სტანდარტების ნაკლებობა თავის ქვეყანაში. მას, თავისთავად, იერარქიის საჭიროებაში კი არ ეპარებოდა ეჭვი, არამედ მხოლოდ ესპანეთში გაბატონებული ინსტიტუციების – ეკლესიის, ტახტის, არმიის, არისტოკრატიის, პარაზიტული პოლიტიკური კლასის – ფუნქციურ ღირებულებაში. მისი აზრით, პრობლემა იმაში მდგომარეობდა, რომ ესპანეთში დამკვიდრებული წესრიგი, სხვა ევროპულ ქვეყნებთან შედარებით, უბრალოდ, უფუნქციო გახლდათ. ამ კრიტიკის იგნორირება ძნელი იყო. ”ჩვენი დეკადანსის ამ ეტაპზე ინტელექტუალური დონე იმდენად სწრაფად ეცემა,” – წერდა ორტეგა მარბურგიდან დაბრუნების შემდეგ, – ”რომ მალე აღარ გვექნება არც აკადემიები და არც თეატრები; ჩვენ, ესპანელებს, ისღა დაგვრჩება, რომ დავსხდეთ კაფეების უზარმაზარ მაგიდებთან და ერთმანეთს ვუამბოთ სკაბრეზული ისტორიები”.
როგორც „უხერხემლო ესპანეთში“, ასევე „მასების ამბოხში“, რომლებიც საერთაშორისო ბესტსელერებად იქცა, ორტეგა აკრიტიკებს ესპანეთის დისფუნქციური სისტემის ლოგიკურ პროდუქტს: “მასობრივ ადამიანს”. ზოგჯერ მიიჩნევენ, თითქოს ეს ცნება გულისხმობდა ანტიპათიას დემოკრატიისადმი და მოწონებულ იქნა იმ ადამიანების (მათ შორის დიქტატორის ვაჟის, ხოსე ანტონიო პრიმო დე რივერას, მოგვიანებით ესპანეთის ყველაზე წარმატებული ფაშისტური პარტიის, ფალანგის დამფუძნებლის) მიერ, რომელთანაც ორტეგას (გრეის თქმით), პოლიტიკური თვალსაზრისით, საერთო არაფერი ჰქონდა.
მე–19 საუკუნიდან ნამემკვიდრევი ტრადიციული ცნება სოციალური კლასებისა არ გამოიყენება წიგნში („მასების ამბოხი“), რომელშიც საზოგადოება გაყოფილია რჩეულ უმცირესობად და, მეორე მხრივ, მასობრივ ადამიანებად, რომლებიც უგულებელყოფენ ამ უმცირესობას.
ორტეგას ნაშრომებიდან ირკვევა, რომ “მასობრივი ადამიანი” ნამდვილად არაა კლასობრივი ფენომენი: მისი პოვნა შესაძლებელია სოციალური შკალის ნებისმიერ პუნქტში. ორტეგა, ძირითადად, იმის გამო აკრიტიკებდა ესპანურ სისტემას, რომ ეს უკანასკნელი ხელს უწყობდა შეუსაბამო პიროვნებათა აღზევებას. „მასობრივ ადამიანებად“ ორტეგას მიაჩნდა ოციანი წლების ესპანეთის ბევრი სამხედრო, კლერიკალური და პოლიტიკური ლიდერი – მათ შორის, ესპანური არისტოკრატია და მაღალი საზოგადოება.
მიუხედავად ამისა, ესპანელი ფილოსოფოსის მსჯელობაში წინააღმდეგობრივი პოლიტიკური ქვეტექსტი შეიმჩნევა. “ორტეგა აშკარად ლიბერალია, რადგან პრიორიტეტებად მიიჩნევს განათლებასა და თვითრეალიზაციას”, – წერს გრეი, „მაგრამ მას ეშინოდა მასობრივი გემოვნების დამპყრობლური ძალისა, რომელსაც თითქოსდა ხელეწიფებოდა სრულყოფილების ყველა მოდელის დაყვანა თავის დონემდე. ეს კეთილშობილი ლიბერალი, რომელიც, არსებითად, დემოკრატი არ იყო, ყოველნაირად ცდილობდა ადამიანების უფლებათა განმტკიცებას და შიშობდა, რომ მისი მცდელობები წარუმატებლად დამთავრდებოდა თვით მისთვისაც და იმ ელიტარული ლიდერებისთვისაც, რომელთა შესახებაც ოცნებობდა.
ორტეგას კულტურული მესიანიზმი თანამედროვე მკითხველისთვის შეიძლება არც ისე ღირებული იყოს, მაგრამ მისი საფუძველი ბევრად უფრო უანგარო და კონსტრუქტიული ელიტარიზმი იყო, ვიდრე იმდროინდელი ესპანელი ტრადიციონალისტების, ფრანკოს რეჟიმის მთავარი “კულტურული” ფიგურების – ხოსე კალვო სოტელოს, ხოსე მარია პემანის, პედრო სანს როდრიგესის ელიტარიზმი გახლდათ. ამ უკანასკნელთა შთაგონების წყარო იყო რამირო დე მაეზტუ (1876–1936), რომელიც, დიდი ხანია, ამტკიცებდა (ყველაზე მეტად Defensa de Hispanidad– ში), რომ 1700 წლის შემდეგ ესპანეთის დაცემა განპირობებული იყო სეკულარული ჰუმანიზმის თითქოსდა ყოვლისმომცველი გაბატონებით და სამხედრო კათოლიციზმის შესუსტებით. ორტეგა უზენაეს ფასეულობად მიიჩნევდა უმაღლესი კულტურული სტანდარტების გათავისებას, თუნდაც განათლებული მმართველი კლასის ხელმძღვანელობით, რაც მოითხოვდა მნიშვნელოვან ცვლილებებს ესპანეთის საზოგადოებასა და განათლების სისტემაში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მისი იდეალები იმ დროის კონტექსტში სრულიად „ლიბერალური“ იყო და ამგვარადვე აღიქმებოდა.
გრეის წიგნის მეორე თემა, რომელიც მჭიდროდ უკავშირდება პირველს, არის ორტეგას დაჟინებული სწრაფვა ევროპული კულტურის სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებისადმი. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ოციან წლებში, როდესაც შპენგლერიანულმა წარმოდგენებმა აპოკალიფსის შესახებ პოპულარობა მოიპოვა გერმანიასა და საფრანგეთში, ხოლო ზოგიერთმა ესპანელმა მემარცხენე ინტელექტუალმა ამჯობინა შესაბამისი მოდელები ეძებნა უფრო ეგზოტიკურ ადგილებში – საბჭოთა კავშირში ან, თუნდაც, რევოლუციურ მექსიკაში. ამის საპირისპიროდ, Revista de Occidente–ს ფურცლებზე განათლებული ესპანელები ეცნობოდნენ იმას, რასაც გრეი უწოდებს „ევროპის ერთგვარ კულტურულ ტოპოგრაფიას“, მათ შორის, საყურადღებო ისტორიულ და სოციოლოგიურ გამოკვლევებს, თანამედროვე ხელოვნებისადმი (თუმცა არა სიურრეალიზმისადმი) მიძღვნილ ნაშრომებს და ძირითადი ლიტერატურული ტენდენციების მიმოხილვას რამდენიმე ევროპულ ენაზე (1931 წლის შემდეგ ორტეგას ჟურნალი გაცილებით მეტი ყურადღებას უთმობდა კონკრეტულად ესპანურ პრობლემებს). დასავლური კულტურის სიღრმე და ძალმოსილება, რომელიც განსაკუთრებით შთამბეჭდავად გამოვლინდა ინგლისში, საფრანგეთსა და ჰიტლერამდელ გერმანიაში, ის თემა იყო, რომელსაც ორტეგა განახლებული ენერგიით დაუბრუნდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. იმხანად ამ საკითხის შესახებ არავინ მსჯელობდა შეერთებულ შტატებსა ან დასავლეთ ევროპაში, ხოლო თვით ესპანეთში, რომელიც კიდევ ერთხელ იმყოფებოდა თვითნებურ იზოლაციაში, ამაზე მსჯელობას ექსცენტრიულად და მავნედაც კი მიიჩნევდნენ.
გრეის წიგნის მესამე თემა, რომელიც დანარჩენ ორს უკავშირდება, არის ინტელექტუალის როლი საზოგადოებაში. ისევე, როგორც მრავალი განათლებული კოსმოპოლიტი ჩამორჩენილ ქვეყნებში, ორტეგა მერყეობდა და სხვადასხვანაირად განიხილავდა ამ როლს: ზოგჯერ ინტელექტუალებს მოდერნიზაციის ჭეშმარიტ წინასწარმეტყველებად, რეფორმათა ბუნებრივ არქიტექტორებად მიიჩნევდა; სხვა დროს მხარს უჭერდა მათ სრულ გამიჯვნას საზოგადოებრივი ცხოვრებისგან, რომელსაც შეიძლებოდა ინტელექტუალებზე გამხრწნელი ზეგავლენა მოეხდინა. ნებისმიერ შემთხვევაში, წერს გრეი, ორტეგა „ამხელდა ერთგვარ სიბრმავეს, რომელსაც იწვევს ხოლმე ესა თუ ის პოლიტიკური ორიენტაცია“. ფაქტობრივად, ამის გამო ორტეგა სიცოცხლის ბოლომდე აშკარად აკრიტიკებდა ზოგიერთ პოლიტიკურ ინტელექტუალს – კერძოდ, ჰაიდეგერსა და სარტრს.
გასაკვირი არ არის, რომ ორტეგას, როგორც საზოგადოებრივი ინტელექტუალის როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო 1920-იანი წლების ბოლოს – ბურბონთა მონარქიის არსებობის დასასრულს. მას შემდეგ, რაც დამყარდა ახალი რესპუბლიკური წესრიგი და დადგა იდეების ხორცშესხმის აუცილებლობა, ორტეგამ აღმოაჩინა, თუ რამდენად ცუდად იყო მომზადებული ის საზოგადოებრივ მოედანზე ასპარეზობისთვის, განსაკუთრებით, ახალი ტიპის ინტელექტუალურ მოლაყბეებთან, რომლებიც მოულოდნელად გამოჩნდნენ – ასეთები იყვნენ მემარცხენე მანუელ ასანია ან მემარჯვენე ხოსე მარია ხილ რობლესი.
მიუხედავად იმისა, რომ ორტეგა არჩეულ იქნა ლეონის პროვინციის დეპუტატად პარლამენტში იმ პროგრამით, რომელიც ითვალისწინებდა ორივე სქესის მუშაკთა გაერთიანებას პროფკავშირებში, კერძო კაპიტალის ზომიერ სოციალიზაციას და ეკლესიის გამოყოფას სახელმწიფოსგან, მან მალევე აღმოაჩინა, რომ რესპუბლიკელთა მემარცხენე დემაგოგები ჯაბნიდნენ. ორტეგამ მართებულად იწინასწარმეტყველა ფანატიზმსა და რევანშიზმზე დაფუძნებული ინსტიტუციების სერიოზული პრობლემები. მას განსაკუთრებით აღელვებდა ახალი რესპუბლიკური კონსტიტუციის ანტიკლერიკალური დებულებები, ისევე, როგორც რევოლუციური ცვლილებების იმპორტირებული მოდელების გამოყენებისკენ სწრაფვა ან ზედმეტად იდეოლოგიური მიდგომა ეკონომიკური საკითხებისადმი, ერთხელ კი საჯაროდ განაცხადა:
ქალბატონებო და ბატონებო, კათოლიკე არ ვარ და ახალგაზრდობიდანვე ვცდილობდი, რომ ჩემი პირადი ცხოვრების დეტალები არაკათოლიკური გზით გამეაზრებინა, მაგრამ არ მსურს, თავს მომახვიონ ანარქიული ანტიკლერიკალიზმის ველური, გროტესკული ფიგურები.
რამდენიმე კვირის შემდეგ ორტეგამ პოლიტიკურ მოღვაწეობას თავი დაანება და ოთხი წლის შემდეგ დაწყებული სამოქალაქო ომის (ისევე, როგორც ანტირესპუბლიკური კოალიციის გამარჯვების) გამო, ფაქტობრივად, ამ საკითხებს აღარ დაბრუნებია. არგენტინასა და პორტუგალიაში ის იყო აუტსაიდერი, რომელიც ემორჩილებოდა ადგილობრივ ხელისუფლებას; და, მიუხედავად იმისა, რომ ორტეგას უფლება მისცეს (1948 წლის შემდეგ) დაბრუნებულიყო ესპანეთში, მან წინდახედულად მიიჩნია, რომ ახლა უკვე მხოლოდ ყველაზე აბსტრაქტულ ფილოსოფიურ თემებზე უნდა ემსჯელა. რესპუბლიკის საბოლოო დაცემის შემდეგ ორტეგას მხოლოდ ფორმალური კავშირი ჰქონდა ფრანკოს რეჟიმთან – და პირიქით. ფალანგისტური პრესა სასაცილოდ იგდებდა ფილოსოფოსის ყველაზე უწყინარ კომენტარებსაც კი იშვიათ საჯარო სემინარებზე, რომლებსაც ის ორმოციანი წლების ბოლოს ატარებდა. თავის მხრივ, ორტეგამ უარი განაცხადა სახელმწიფო პენსიაზე, რომელიც დაენიშნა სამოცდაათი წლის ასაკში. მიუხედავად ამისა, 1955 წლის ოქტომბერში, ფილოსოფოსის დაკრძალვის დროს, რეჟიმმა სცადა პატივი მიეგო მისი ხსოვნისთვის – რაც იმას ნიშნავდა, რომ ეს ადამიანი, რომელიც სწორედ ფრანკოს რეჟიმმა იძულებული გახადა, დაეტოვებინა სამშობლო და რომელმაც ოდესღაც ასე გაამდიდრა ინტელექტუალური ცხოვრება ამ ქვეყანაში – ესპანეთის სასიქადულო შვილი იყო, რომელიც ამ რეჟიმმა გაანადგურა. ბედის ირონიით, ომის დროს ორტეგა მადრიდში რომ დარჩენილიყო და რესპუბლიკის ძალებს რომ გაემარჯვებინათ, სავსებით შესაძლებელია, ასეთსავე ან უარეს მდგომარეობაშიც კი აღმოჩენილიყო.
ფრანკოს გარდაცვალების შემდეგ (1975 წ.) ესპანეთში იმდენი რამ შეიცვალა, რომ ძნელია ორტეგას როლის დადგენა თანამედროვე ინტელექტუალურ სცენაზე. მემარცხენეთა მოდურ, გაბატონებულ წრეებში ფიქრობენ, რომ ორტეგას ფილოსოფია ბურჟუაზიულია და დრომოჭმული; სამომხმარებლო რევოლუციისა და შეცვლილი პოლიტიკურის სიტუაციის შედეგად დემორალიზებული მემარჯვენეებისთვის კი ორტეგას იდეები ახლა უფრო ახლო როდია, ვიდრე – ერთი ან ორი თაობის წინ. მისი მემკვიდრეობაა Revista de Occidente – როგორც ჟურნალი, ისე გამომცემლობა, რომლებიც ორტეგას ვაჟმა ააღორძინა 1963 წელს. საზღვარგარეთ ორტეგას გავლენა, მისი გარდაცვალებიდან ოცი წლის განმავლობაში, ძალზე მძლავრი იყო. არგენტინაში ორტეგას იდეები წარმოადგენდა შთაგონების წყაროს ფილოსოფოსთა და მწერალთა მთელი თაობისთვის, ხოლო მექსიკაში, სადაც ორტეგა არასოდეს ყოფილა, მისი ზეგავლენა მძაფრად იგრძნობოდა ყოფილი სტუდენტების – ესპანელი რესპუბლიკელი ემიგრანტების პედაგოგიურ საქმიანობაში, რომლებმაც თავშესაფარი ჰპოვეს Casa de España– ში (შემდგომში – Colegio de Mexico). გაყიდულია ორტეგას თხზულებების დაახლოებით სამი მილიონი ეგზემპლარი. სტილის თვალსაზრისით, ისინი ესპანური პროზის საუკეთესო ნიმუშად მიიჩნევა.
ორტეგა მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში იწაფებოდა ლოგიკაში, რაციონალურ დისკურსსა და ზომიერებაში. ფილოსოფოსის სიცოცხლის განმავლობაში და შემდგომაც ის სათანადოდ არ დაფასებულა, მაგრამ აშკარაა, რომ ორტეგას საგანგებო ადგილი ესპანეთისა და ესპანური ამერიკის კულტურულ პანთეონში ბევრ რამეს გვაუწყებს იმ ქვეყნების პერსპექტივების შესახებ, რომლებსაც დიდი ხნის განმავლობაში ხელს უშლიდნენ (ან, შესაძლოა, ისინი თვითონ უშლიდნენ ხელს საკუთარ თავს) თვითგამორკვევაში.
The New Criterion Vol. 40, No. 1 / სექტემბერი, 2021
[1] The Imperative of Modernity: An Intellectual Biography of José Ortega y Gasset, by Rockwell Gray; University of California Press. 1989.
© არილი