ინგლისელი მწერალი მარტინ ემისი 73 წლის ასაკში გარდაიცვალა, საკუთარ სახლში, ფლორიდაში. მისი ცოლის თქმით, გარდაცვალების მიზეზი სიმსივნე იყო.
ემისს ხშირად მოიხსენიებდნენ სალმან რუშდისთან, იენ მაკიუენსა და ჯულიან ბარნსთან ერთად, როგორც ავტორს, რომელმაც ბრიტანული ლიტერატურული ტენდენციები განსაზღვრა 1980-იან წლებში.
მარტინ ემისი 1949 წელს დაიბადა, ოქსფორდში. განათლება ბრიტანეთში, ესპანეთსა და ამერიკაში მიიღო, მერე კი სწავლა ოქსფორდში გააგრძელა.
ემისის ლიტერატურასთან დაახლოება მისი დედინაცვლის, მწერალ ელიზაბეთ ჯეინ ჰოვარდს დამსახურება იყო. „საკითხავი წიგნების სია მომცა. ერთი საათის შემდეგ მისი სამუშაო ოთახის კარზე დავაკაკუნე და ვთქვი: „მინდა ვიცოდე, ქორწინდება თუ არა ელიზაბეთი დარსიზე,“ – იხსენებდა მოგვიანებით.
მისი პირველი რომანი 1973 წელს გამოქვეყნდა, როცა ის ერთ-ერთ ჟურნალში რედაქტორის თანაშემწედ მუშაობდა. ამ რომანისთვის სომერსეტ მოემის ჯილდო გადაეცა 1974 წელს. მომდევნო წელს მეორე რომანიც გამოსცა, 1977-79 წლებში კი, როცა New Statesman-ში მუშაობდა, კიდევ ერთი რომანი „წარმატება“ გამოაქვეყნა.
მარტინს, ბუნებრივია, ხშირად ადარებდნენ მამამისს, კინგსლი ემისს, რომელმაც 1986 წელს ბუკერის პრემია მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ მარტინს ბუკერი თავად არ მიუღია, 1991 წელს მოკლე სიაში მოხვდა, 2003 წელს კი – გრძელ სიაში.
BBC-ისთან საუბრისას მარტინმა თქვა, რომ მასსა და მამამისს შორის დისტანციის გაზრდა სურდა, რადგან მისი თაყვანისმცემლები ერთგვარ დაბრკოლებად იქცნენ მისთვის. ცნობილი მწერლის შვილად ყოფნა ერთდროულად ჯილდოც იყო მისთვის და წყევლაც. ერთი მხრივ, ეს დაეხმარა, რომ ბევრად უფრო ადრე გამოჩენილიყო ლიტერატურულ სივრცეში, ვიდრე სხვა შემთხვევაში გამოჩნდებოდა. მეორე მხრივ, მას უფრო დაკვირვებით უმზერდნენ და პასუხისმგებლობაც მეტი ჰქონდა.
მამის სიკვდილის შემდეგ ემისმა მოგონებები გამოაქვეყნა, სადაც კინგსლის პირველ ცოლთან ურთიერთობა და გაუცხოება იყო აღწერილი.
მარტინი თავადაც მწერალზე დაქორწინდა 1996 წელს. მისმა ცოლმა, იზაბელ ფონსეკამ სადებიუტო რომანი 2009 წელს გამოაქვეყნა.
ემისის ბოლო წიგნი 2020 წელს გამოიცა. მისი გამომცემელი მომხდარს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პრივილეგია და სიამოვნება იყო, ყოფილიყო მარტინ ემისის გამომცემელი.
„ძნელია სამყაროს წარმოდგენა მარტინ ემისის გარეშე. ის მეფე იყო – გამორჩეული სტილის, ბრწყინვალე მოაზროვნე, განათლებული და უშიშარი მწერალი და უდავოდ არაჩვეულებრივი კაცი,“ – დაწერა ემისის ბრიტანელმა რედაქტორმა.
მის შესახებ სხვა გამომცემლებმა და რედაქტორებმაც ისაუბრეს. ხაზი გაუსვეს მის მნიშვნელობას მკითხველებისა და სხვა ავტორებისთვის. მათი თქმით, ემისის ახალი წიგნის გამოქვეყნება ლიტერატურული მოვლენა იყო ყოველთვის და იგი თაობის ერთ-ერთ საუკეთესო მწერლად დარჩება.
მარტინ ემისმა საერთო ჯამში გამოაქვეყნა 15 რომანი, მოგონებები, ესეებისა და მოთხრობების კრებულები. გვიანდელ ტექსტებში წერდა სტალინის, ომის ტერორისა და ჰოლოკოსტის შესახებ, ეხმაურებოდა თანამედროვეობის პრობლემებსაც. აღსანიშნავია ისიც, რომ ემისი, მხატვრული ტექსტების გარდა, კრიტიკულ წერილებსაც აქვეყნებდა და უდავოდ გამორჩეული ლიტერატურის კრიტიკოსი გახლდათ.
ქართულად თარგმნილია მისი 1997 წლის რომანი „ღამის მატარებელი“, ამერიკული დეტექტივების პაროდია. რომანი გამომძიებელი მაიკ ჰულიჰანის პერსპექტივიდან მოგვითხრობს, რატომ შეიძლება მოეკლა თავი ახალგაზრდა ქალს, ვისაც საზრუნავი და სადარდებელი არც არაფერი ჰქონდა. რომანის მიხედვით 2018 წელს გადაიღეს ფილმიც – Out of Blue.
© არილი