პოლემიკა,  პორტრეტი

მარტინ ემისი ჯეინ ოსტინის რომანების შესახებ -„ყველა მათგანი კლასიკური კომედიაა“

„ჯეინ ოსტინი, როგორც იტყოდნენ ალბათ ლოს ანჯელესში, მოულოდნელად ტარანტინოზე უფრო პოპულარული გახდა. მაგრამ სანამ ვეცდებით, ჩამოვაყალიბოთ, რა არის ოსტინის ფენომენი, ვცადოთ იმის ჩამოყალიბება, რა არ არის.

დაახლოებით 18 თვის წინ (1996 წლის ზაფხულში) ჩრდილოეთ ლონდონის კინოთეატრში ფილმის, „ოთხი ქორწილი და ერთი დაკრძალვის“ სანახავად წავედი. მალევე სხვა რამის გაკეთების სურვილმა ამიტანა (მაგალითად, წვიმაში ავტობუსების გაჩერებაზე დადგომის სურვილმა) და, ნორმალურ გარემოებებში, იქაურობას 10-15 წუთში დავტოვებდი კიდეც. მაგრამ ეს არ იყო ნორმალური შემთხვევა. ჩემ გვერდით სალმან რუშდი დაჯდა. სხვადასხვა მიზეზის გამო – უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ მიზეზთა გამო – დარჩენა მოგვიწია. ამგვარად, აიათოლა ხომეინმა მაიძულა ამ ფილმის ბოლომდე ნახვა.

ჩარლზ ადამსის მულტფილმის საპირისპირო მდგომარეობაში აღმოვჩნდი: იქ ვიჯექი, სრულიად გაოგნებული, როცა ჩემ გარშემო ყველა (ეშმაკეული აიების ავტორის გარდა) იცინოდა, ხმაურობდა და დიდ სიამოვნებას იღებდა ნანახისგან. ერთადერთი კარგი რამ იმის გაცნობიერება იყო, რომ ფორმალური დაკრძალვა საიმონ კელოუს ეძღვნებოდა. მუშტი შევკარი და ვთქვი – „დიახ“. არანაირი კონკრეტული უპატივცემულობა მის მიმართ – მაგრამ, სულ მცირე, ერთ-ერთი მათგანი მაინც მოკვდებოდა.

„უკიდურესად საშინელი იყო. რატომაა ასეთი პოპულარული?“ – ვთქვი მე, როცა ფილმი დასრულდა.

„იმიტომ, რომ მსოფლიოს ცუდი გემოვნება აქვს. არ იცოდით?“ – მიპასუხა რუშდიმ.

[…]

„ოსტინის ზოგიერთი რომანი სხვებზე უფრო მხიარულია, მაგრამ ყველა მათგანი კლასიკური კომედიაა: ისინი ეხება ახალგაზრდა წყვილებს, რომლებიც პოულობენ გზას თავიანთი სადღესასწაულო დასასრულისკენ, რომელსაც ჰქვია ქორწინება. მეტიც, ოსტინის ყველა კომედია სტრუქტურულად ერთი და იგივე კომედიაა. აქაა პერსონაჟი ქალი, პერსონაჟი კაცი და დაბრკოლება. დაბრკოლება კი ყოველთვის ფულია. ემა ვუდჰაუსის გარდა, ყველა ქალი ღატაკია და არანაირი პერსპექტივა არა აქვს, გარდა დაუქორწინებელი ქალის უბრალო ცხოვრებისა.“

ასე აფასებს მარტინ ემისი ჯეინ ოსტინის შემოქმედებას, შემდეგ კი მოკლედ აღწერს არაერთი მკითხველისთვის საყვარელი მწერლის ტექსტებში მუდმივად განმეორებად ფიგურებს – ასახელებს, ერთი მხრივ, ქალს, რომელსაც მემკვიდრეობა ერგო და, მეორე მხრივ, თვითმარქვია მამაკაცს, რომელიც მთავარი გმირი ქალის ყურადღებას დროებით იპყრობს (სანამ აღმოაჩენს, რომ თვითმარქვია ნამდვილად თვითმარქვიაა და მთავარი გმირი მამაკაცი შეუყვარდება). ეს პერსონაჟი, რომელიც პროტაგონისტისგან სრულიად განსხვავდება, შეიძლება, იყოს უფრო მდიდარი, ვიდრე პროტაგონისტია (პირობა, მენსფილდ-პარკი) ან უფრო მხიარული (მენსფილდ-პარკი). ისიც შეიძლება, რომ უფრო უკეთ გამოიყურებოდეს, ვიდრე მთავარი გმირი (გრძნობა და გონება).

ამ სქემის საილუსტრაციოდ ემისი ახსენებს რომანს სიამაყე და ცრურწმენა, სადაც ოსტინისთვის ტიპური წყვილის (ელიზაბეთ ბენეტისა და დარსის) გვერდით არიან „იდეალური“ თვითმარქვია ვიკჰემი და მდიდარი ქალი, ბინგლი, რომელიც მთავარი გმირის, ელიზაბეთის დაჩრდილვას ცდილობს.

 „ახლაც კი, როცა წიგნს გადავშლი, ისევ მაღიზიანებს დაუკმაყოფილებელი მოლოდინები, მიუხედავად იმისა, რომ უკვე მეხუთედ თუ მეექვსედ ვკითხულობ“ –  წერს იმავე წიგნის შესახებ.

„ყველაფერთან ერთად, ვამჩნევთ, როგორი შემჭიდროებულია ქალების შესაძლებლობები. რა ხანმოკლეა დრო, როცა დაქორწინება შეუძლიათ და რა მოსაწყენად გადის ცხოვრება მათთვის. ვამჩნევთ, როგორი მრავალფეროვანია შემთხვევები, როცა საზოგადოება მათთვის ტკივილის მიყენებას ახერხებს და როგორი დაინტერესებულია ოსტინი ამ ყველაფრის ჩვენებით. იმასაც ვხედავთ, სუსტ ადამიანს როგორ არ შეუძლია წინააღმდეგობის გაწევა და გვაფიქრებს: ვინ დაქორწინდება ამ ღარიბ გოგონებზე? სხვა ღარიბი გოგოები დაქორწინდებიან? ღარიბ კაცებს არ შეუძლიათ, არც მდიდარ კაცებს (თუ რომანების პერსონაჟები არ არიან). ჰოდა, ვინ?“

მარტინ ემისი წერილში განიხილავს ჯეინ ოსტინის რომანების მიხედვით გადაღებულ ეკრანიზაციებსაც. მაგალითად, 1995 წელს გადაღებულ მინისერიალს სიამაყე და ცრურწმენა. უნდა ითქვას, რომ ემისს მოსწონს რეჟისორიც და მსახიობების შესრულებაც. განსაკუთრებით კი მათი, ვინც ელიზაბეთი და დარსი განასახიერეს.

მარტინ ემისის კრიტიკული წერილი ოსტინის აღსასრულის აღწერით მთავრდება:

„ოსტინი გაუყუჩებელი ტკივილებით გარდაიცვალა 41 წლის ასაკში (და ყველა დროის საუკეთესო „უკანასკნელი სიტყვები“: როცა ჰკითხეს, რა სჭირდებოდა, ჯეინმა უპასუხა: „არაფერი, მხოლოდ სიკვდილი“). მეორე მხრივ, თითქმის 200 წელია, ცოცხლობს. მასზე შეყვარებულ ადამიანებს პლატონურად უყვართ, მაგრამ ეს ადამიანები ძალიან ბევრი არიან“.

© არილი

Facebook Comments Box