პოეზია

მედეა იმერლიშვილი – ლექსები

მშობიარობა

ქარი მაინც ამოვარდებოდეს,

ადრე ქროდნენ, ჩემი პირველი შვილი რომ დაიბადა,

ქარი არწევდა ხეებს სამშობიაროს კედლებს მიღმა,

ფანჯრებიდან ცა ჩანდა მოიისფრო,

მე კი, უცოდნელი ბავშვის დაბადების, და ყველაფრის უცოდნელი,

ვცდილობდი ჩემი პირველი შვილის გაჩენას,

ტკივილებით, მარტოობით, ტკივილში ხომ

ყველა კაცი მარტოა და ქალი უფრო.

სიხარულშიც ყველა მარტოა და სიკვდილში კიდევ უფრო.

მერე უკვე, ჭუჭყისფერ ფლასებში გახვეული,

გორგოლაჭებიან მაგიდაზე დამაწვინეს და დერეფანში,

სამშობიაროს კედლებს შიგნით, კვნესა-ხმაურიან დერეფანში

ერთი დღე ვიწექი, ისევ მარტო, რადგან არ მოიძებნა ოთახი,

სადაც შემიყვანდნენ, არარასთვის არ მოიძებნა ოთახი,

რადგან არარა ვიყავ, ფლასებში გახვეული, უსახელო.

ასე დაიბადა ჩემი პირველი შვილი,

გამოუცდელი ტკივილებით, შიშით, ქარში,

თეთრ კედლებში, პატარა გოგოს შვილი,

რომელმაც არაფერი იცოდა – არც დედობა,

არ ჩვილისთვის ძუძუს ჭმევა, ქვემოდან კი,

წერილებს მიგზავნიდნენ, მილოცავდნენ,

სანიტრებს ატანდნენ მაწონთან ერთად,

ბულიონთან ერთად, და სხვა ქალები მეხმარებოდნენ

მაწვნის ჭამაში, რადგან ვერ ვდგებოდი,

ჭრილობიდან სისხლი მდიოდა და ვიწექი

გასუსული ტკივილში და მარტოობაში.

სანიტრებს მოჰქონდათ დაკეცილი წერილები,

და ადამიანები სამშობიაროს კედლებს მიღმა,

მილოცავდნენ, როგორც ვულოცავთ ერთმანეთს

ბავშვის დაბადებას და ყველაფერ სხვას.

მილოცავდნენ და მისურვებდნენ, რასაც ვუსურვებთ

ერთმანეთს ბავშვის დაბადებისას,

და რასაც ვუსურვებთ ერთმანეთს.

მერე მზრდიდა ჩემი პირველი შვილი,

თვითონ უფრო, ვიდრე მე მას.

ასე დაიბადა ჩემი პირველი შვილი.

ჭურჭელი

დაე, ამოიხაპოს, როგორც ჭურჭელი

მიწაში ჩაგდებული, და დაშრეს სიღრმე, შენი მცოდნე.

და ვღვრიდე წყალს უდაბნოში,

თუნდაც ვიცოდე, რომ ამ ქვიშაზე არაფერი აღმოცენდება.

დაე, გამხადონ სამოსელი უკანასკნელი,

და ამომკორტნონ გულ-ღვიძლი და მთელი სხეულიც..

და დავიმარხო ქვიშის ბორცვებში, როგორც დიდებული იზაბელ ებერარდი,

რომელმაც წარსულიც, სიტკბოც ცხოვრებისა,

თავისი ცოდნა და არცოდნაც, უდაბნოს შეუერთა და

გაჰყვა შორეულ ქარავანს,

გაჰყვა უდაბნოში მოვარდნილ ნიაღვარს.

შენი ცოდნა – იყო ზაფხულის უშფოთველი დღეებიც.

უჩრდილო ქალი

უსიყვარულობას გთხოვ, ღმერთო,

სიყვარულის უნარს კი არა, – უსიყვარულობის,

რადგან გადავიარე მრავალი მთა და მრავალი ზღვა

და ჩემი ტანი უჩრდილო გახდა, – დაჭრილი, დაჩეხილი.

აღარავინ ვიყავი და არარა იყო ჩემი ხმა და ფერი.

არარა ვარ და დავდევ ჩრდილებს ქალაქში.

ჩრდილების მდევნელი გავხდი ქალი,

არავისთვის საჭირო, მოძულებული.

დავდევ ჩრდილებს და ვეფარები მათ

ქალაქის მივარდნილ კუთხეებში.

უსიყვარულობა მომმადლე, ღმერთო, –

გულგრილობა და სამუდამო გაუტკივარება,

როგორც კედლებს, რომლებიც უმტკივნეულოდ

იშლებიან ჩვენ თვალწინ.

და არავის ესმის მათი ხმა, არც მათი ჩივილი,

მზისგან გამომწვარნი,

ჩუმად იკრებენ ჩრდილებს თავიანთ ტანზე,

უცხო ქალის შესაფარებლად.

*    *   *

არ გავუჩერდები სიტყვას,

არ გადავდებ საქმეს – სახლი უნდა გამოვგავო,

ცოცხი გავრეცხე და კედელზე მივაყუდე. მელოდება.

არ გავუჩერდები სიტყვას და ის წავა თავის გზით და მეც

წავალ ჩემი გზით და ამ გზას ერქმევა ყოველდღიური

მომაბეზრებელი და ამ ერთფეროვნებით მშვიდი და

მშვენიერი ცხოვრება.

რა სჯობს სახლის დალაგებას ზაფხულში.

რა სჯობს დაგვას და ფანჯრების წმენდას,

ჭურჭლის რეცხვას რა სჯობს.

რა სჯობს ამ ერთფეროვნებას,

როცა სუნთქვა თითქმის შეუძლებელია.

მაგრამ თითქმის და არა ბოლომდე და

ამითაც ბედნიერი ხარ ამ შეშლილ დროში.

სიტყვები კი წავლენ თავის გზით.

*   *   *

ჩემი ნარინჯისფერი მზე

ამოღადღადდა და გადატეხა ხაზები,

გადაღება დარაბები და

დარაბებს მიღმა, ოთახის სიგრილეში,

მძინარე კაცს სახეზე

წვრილ ღარებად აელანდა.

დაკარგული წერილები

წერილი პირველი

მინდოდა

ვყოფილიყავი ერთგული მეგობარი.

ჰო, ჩვენ ვმეგობრობდით. მინდოდა ვყოფილიყავი.

შევთანხმდით. შეხვედრა – პასუხი.

ნათქვამი სიტყვა ელის, რომ გაიგონებენ, –

ყველაფერს ცისქვეშეთში, ამ სამყაროში –

ავსებს შეხვედრის მოლოდინი, – როგორც საზრისი,

გასრულება საკუთარ თავში.

კითხვები, სიტყვები – პასუხგაუცემელი, –

უსასრულოდ იმეორებენ თავიანთ თავს,

როგორც დაუამებელი ტკივილები.

მიყვარს შენი ღიმილი.

უწყინარი შეკითხვა – დავლევთ ისევ ჩაის?

მეტისმეტად ელვარე იყო სიტყვები,

რომლებსაც ვამბობდი?

წერილი მეორე

ეს წიგნი, აი, ახლაც, გადაშლილი რომ დევს

ჩემ გვერდით, მარკო პოლოსა და ყუბილაი ყაენის შეხვედრის,

მათი დიალოგის,

მარკო პოლოს აღწერილი და წარმოსახული ქალაქების,

ყუბილაი ყაენის კაეშნის, – შენთვის მინდოდა.

„რატომ მართობ გულის მოსაოხებელი ზღაპრებით?“ –

ეკითხება ყაენი მარკო პოლოს.

„თუ გინდა გაიგო, როგორი წყვდიადი გაკრავს ირგვლივ,

სადღაც შორეთში მოციალე სუსტ სინათლეს უნდა მიაპყრო მზერა“.

გიამბობდი ჩემს წიგნებზე.

გაუნელებელ სიხარულზე, რომელმაც

არ იცის დანაშაულის გრძნობა.

მეკითხებოდი, რა იყო ჩემი მიზანი, წიგნზე ვწერდი, –

შეხვედრა.

წერილი მესამე

როგორ ხარ?

დაუძლეველი სურვილი მიპყრობს ხმის გაცემის.

როგორ ხარ?

დრო გადის.

თითქოს ყველაფერს ეჩვევი.

წერილი მეოთხე

უცნაური, ლაღი დღეები იყო.

*   *   *

შეცდომების ღმერთს

მივედი და კალთაში ჩავუდე თავი.

კრიალოსანივით ჰქონდა აკინძული,

ხელში ათამაშებდა, მზეზე მიფიცხებული.

გარშემო კატები შემოხვეოდნენ და ნაბავდნენ თვალებს.

თრთოდნენ, ბეწვი უბზინვარებდათ.

მოფერება დავუწყე კატებს.

ჩემი ხელი იყო თუ ღმერთისა, აღარ მახსოვს,

კალთაში კატას ჩაედო თავი, თუ მე?

ღმერთიც, შეცდომების, იქნებ ის იყო,

ჩემს კალთაში რომ ისვენებდა,

ჩემი თითები კი მარცვლავდნენ

ღმერთის შეცდომებს.

ლურჯწვერა

ვცდილობდი დამახსოვრებას,

და ვამბობდი, ეს მოხდა ზაფხულში, ამა და ამ წელს,

ეს მოხდა გაზაფხულზე, ამა და ამ წლის,

ეს მოხდა შემოდგომაზე, და მერე აზრი დამეკარგა,

როცა ტკივილი დაამდა, როცა ვნება დაცხრა,

მივხვდი, რომ აზრი აღარ ჰქონდა.

მივხვდი, რომ უსიყვარულობა მოვიდა,

თავისუფლება მოვიდა თეთრი, კაშკაშა სივრცის,

რომელიც უვნებოს ხდის ტანს

და აცხრობს სურვილებს.

ჟუსტინი

ყველაფერი კარგად იქნება-მეთქი, ვამბობდი.

მერამდენე შემოდგომაა? მერამდენედ გადაეფარება

დასერილ ხელებს ღამე და ჩაკარგავს კაცთა ძილში ჩემს ღვიძილს.

საათის ისრების მონოტონური ხმაური ქარების სიჩუმეში,

სადღაც მიძინებული ქარების სიჩუმეში.

მუჭს კრავ, ჭრილობა იხსნება დამწყვდეული ქარის, ზღვის სიჩუმის.

შემოგეფარები-მეთქი, მე – ქვაბული სალი კლდის, გთხოვდი კაცს,

უცნობ კაცს. შემიფარე-მეთქი, გთხოვდი, თავშემოფარებულს.

ხელი ჩამკიდე-მეთქი, არ ჩავიფშვნე ღრმა ხევში.

სიზმარი ყოფილა ქარის და მიწის, ჩემი მიწის, რომელიც

ვერ მოსწყდა თავის თავს, ვერ ასცდა თავის თავს და დახუჭა თვალები.

იყავი ჩემი მეგობარი-მეთქი, გთხოვდი, გარს კი კედლები მერტყა.

კედლები მერტყა და ვერ გამოვარღვიე. ვერ გამოვარღვიე და

საათის ისრების ხმაურში, ოთახის სიჩუმეს

პარალელურ ხაზებად რომ ჭრიდა, ჩემი სხეული,

ქალის სხეული, უცნაური შიშით ბორგავდა,

უცნაური სიხარულით აყურადებდა

ქარების გამოღვიძებას.

*  *  *

შენ უსმენ ყოფნას ჩემსას და

არა სიტყვით მოთხრობილ ამბავს.

როგორც კლდე – ბალახს, ან სიჩუმე – ჩამოღამებას,

ან ზღვის ტორტმანი – გადამფრენ ჩიტებს,

ან, როგორც ხევი – მის უბეში ჩამოფშვნილ ნაშალს.

როგორ დაიცხროს ქარმა ქარობა,

როგორ შეიშროს წვიმამ სისველე,

ან როგორ შეძლონ ხის ფესვებმა, ამოიყარონ,

ამოძირკვონ თავის თავი შავი მიწიდან.

ხე ვიყავი მსხმოიარე, ნაყოფით დახუნძლული,

და მერე გავხმი. მოვლენ, მომჭრიან, ცეცხლს მიმცემენ.

მარცვალი ვიყავი, მომაბნიეს,

ცის ფრინველებმა ამკენკეს მარცვალი.

*    *    *

იავნანას გიმღერებ, უცხო ბავშვო,

დაიძინე, ტალღების ხმაურში, ქარში.

დაიძინე, უცხო ბავშვო, ჩვენ ვიფხიზლებთ

ჩვენს სირცხვილში და ჭაობში ვიფხიზლებთ,

და გიმღერებთ იავნანას,

რადგან მეტი ვერაფერი შევძელით.

დაგიხუჭავს თვალებს ზღვის ხმა.

და ჩვენ, დიდები, თევზებივით ამოყრილები

სველ ქვიშაზე, ავიფარებთ თვალებზე ხელებს,

და დაგიტირებთ უცხო ბავშვო, უხმო ტირილით.

იავნანას გიმღერებ, ჩემო შვილო და ყველას შვილო,

ამ უკუნეთში.

© არილი

Facebook Comments Box