პოეზია (თარგმანი)

მერიენ მური – დუმილი და სხვა ლექსები

 ინგლისურიდან თარგმნა ეფემია ჭავჭანიძემ

დუმილი

მამაჩემი იტყოდა ხოლმე,

„გამორჩეული ადამიანები არასოდეს სტუმრობენ ვინმეს დიდი ხნით,

არ სჭირდებათ ჩვენება ლონგფელოს საფლავის,

არც ჰარვარდის მინის ყვავილების.

თვითკმარნი, როგორც კატა,

თავის ალაფს რომ დაიმარტოვებს,

პირში გაჩრილი თაგვის კუდით –

ფეხსაცმელის ზონარივით –

ისინი ზოგჯერ ნეტარებენ მარტოობაში,

და შეიძლება სიტყვებისგან განიძარცვონ, იმ სიტყვებისგან,

მათ მიმართ რომ აღტაცებას გამოხატავენ.

ყველაზე ღრმა გრძნობა ყოველთვის დუმილში ვლინდება,

თუ არა დუმილში, თავდაჭერაში“.

ის არ იყო არაგულწრფელი, როცა ამბობდა: „დაე იყოს ჩემი სახლი შენი სასტუმრო“.

სასტუმრო ხომ საცხოვრებელი სახლი არ არის.

 

რანი არიან წლები?

რა არის  ჩვენი უმანკოება,

რა არის ჩვენი დანაშაული? ამ ქვეყნად ყველა

შიშველია დაბადებიდან, და დაუცველი.

საიდან მოდის სიმამაცე: კითხვაა პასუხ-გაუცემელი

მყარი ეჭვით –

რომ ყრუ მოსმენა, უტყვი ძახილი,

უბედურება, და სიკვდილიც, – სხვათ –

გადარჩენილთ – სასიცოცხლო ჟინით ანთებულთ,

სულიერად აძლიერებთ, ავსებთ სიმტკიცით.

ის, ვისი მზერაც სიღრმეს სწვდება, ბედნიერია,

სიკვდილს არ უფრთხის, აღიარებს

და ტყვეობაში გარემოების

საკუთარ თავს აღამაღლებს

ისევე, როგორც ზღვა უფსკრულში, –

თავისუფლებას ელტვის, თუმცა

საზღვრებს ვერ ცდება,

და ამ საზღვრებში პოულობს

ძალას ცხოვრების გაგრძელების, განვითარების.

ძლიერ გრძნობას

მშვიდი ქცევა შეეფერება, ადამიანი

მომღერალ ჩიტს ჰგავს,

ფრინველს, რომელიც სიმღერისას

მაღლდება თითქოს და ლამაზდება. მიუხედავად ტყვეობისა

მისი ძალუმი სიმღერა ამბობს სათქმელს,

რომ მარტივია კმაყოფილება, როცა წმინდაა სიხარული.

და ეს არის წუთისოფლის წარმავალობა,

და ეს არის უსასრულობა – მარადიული.

 

სახე

 

„არ ვარ ვერაგი, უგრძნობელი, ეჭვიანი, ამპარტავანი,

ცრუმორწმუნე, ბოროტი, ანდა საერთოდ შეუხედავი“:

ყოველდღიურად ვსწავლობ, ვსწავლობ მის ანარეკლს და

უსიამო სასოწარკვეთით, თუნდაც რეალურ მიზეზ – გარეშე

სიამოვნებით დავლეწდი სარკეს.

 

თუმცა წესრიგის სიყვარული, თავდადება, უბრალოება,

ცნობისწადილი – ყველაფერია, რასაც ჩემთვის აქვს მნიშვნელობა!

გარკვეულ სახეთ, სულ რამდენიმეს, ერთი-ორს ან ერთს

ხატად აღბეჭდავს მეხსიერება, როგორც ფოტოებს

და ჩემი აზრით,  ჩემი ხედვით, ჩემი გონებით,

მათ დროდადრო წარმოვიდგენ და აღვფრთოვანდები.

ლოკოკინასკენ

 

თუ ,,კუმშვადობა სტილის პირველი ღირსებაა’’,

შენ ეს ღირსება გაგაჩნია. ეს ნიჭია

ისევე, როგორც სისადავე ან მოკრძალება.

ეს არაა ნივთი რამე, რისი შეძენაც შეიძლება,

სილამაზისთვის, სამკაულად,

ან შემთხვევითი მოვლენა, ან მოცემულობა,

კარგად თქმულ სიტყვებს თან რომ ახლავს,

ის, რასაც ჩვენ სტილში ვაფასებთ,

პრინციპია, რომელიც არ ჩანს:

ფეხის არქონის პირობებში

„დასკვნის მეთოდი“,

„პრინციპის ცოდნა“,

ამ უცნაურ ფენომენში – ეს – თქვენს კეფაზე – არის – რქები.

 

პოეზია

 

მე ის არ მომწონს: იმიტომ, რომ არსებობს რაღაც, მთელ ამ ხმაურზე უფრო მეტად                                                  მნიშვნელოვანი.

თუმცა კითხვისას,  მისდამი სრული სიძულვილის მიუხედავად, შეიძლება მოულოდნელად აღმოვაჩინოთ მასში ადგილი რაღაც წრფელის და ნამდვილისათვის.

ხელები, რომელთაც შეუძლიათ დაიჭირონ ხელმოსაჭიდი, თვალები, რომლებიც შეიძლება გაფართოვდნენ გაოცებულნი, თმები, რომლებიც იზრდებიან, თუკი გვჭირდება: და ეს არის მნიშვნელოვანი არა იმიტომ,

 

რომ შეიძლება იქცნენ მასალად მაღალფარდოვან სიტყვებისათვის, არამედ – რადგან

ასე არის საჭირო და

გამოსადეგი. თუკი არსი  შეიცვლება და დედააზრი

დაიკარგება, შესაძლოა ყველამ ვთქვათ, რომ

არ შეგვიძლია მოვიხიბლოთ რამით –

ჩვენი გონებისთვის მიუწვდომელით: ღამურებით –

სარჩოს საძებრად სიბნელეში რომ დაფრინავენ, ანდა ძილში – თავდაყირა დაკიდებულით,

 

ადამიანთა მომსახურე სპილოებით, უნებურად წაქცეული ველური ცხენით, მგლით, რომელიც ხის ძირში დგას და უწყვეტად ყმუის,

აღუშფოთველი კრიტიკოსით, სახეზე ნაკვთი რომ უთამაშებს იმ ცხოველივით, აბეზარ მწერს რომ იგერიებს, ბეისბოლის გულშემატკივრით, სტატისტიკოსით,

რა საჭიროა   –

საქმიანი დოკუმენტის გაცალკევება

 

სკოლის წიგნისგან. ორივე მათგანს ხომ  საკუთარი
დანიშნულება გააჩნია.

თუმცა ნამდვილად უნდა განვსაზღვროთ:  სახელგანთქმულებს ძალისძალად მიკუთვნებულ სანახევროდ-პოეტთა ლექსში – პოეზია არ იძებნება,

და სანამ ჩვენს შორის პოეტები შეძლებენ გახდნენ

„წარმოსახვის ამსახველები“

სულ უფრო დიდი ურცხვობით და ტრივიალობით

შეიძლება განსახილველად

 

წარმოგვიდგინონ „წარმოსახვითი ბაღები – მათში ნამდვილი გომბეშოებით“

აი, მაშინ ჩვენ ის გვექნება,

მაგრამ მანამდე –

თუ თქვენ მოგწონთ ბუნებრივი პირველქმნილება

მეორეს მხრივ კი – სიმართლე, ანუ სინამდვილე.

მე ვიტყოდი, რომ

თქვენ მართლაც გაინტერესებთ პოეზია.

 

მედუზა

ხან ხილულია, ხან უხილავი,
ტალღისებურად ცვალებად ხიბლით,
ქარვის-ფერი ამეთვისტო
ბინადრობს მასში; თქვენი ხელი
უახლოვდება,  და ის იშლება
და ის იხურება;
თქვენ მოისურვეთ
მას მისწვდომოდით,
და ის იკუმშება;
თქვენ დაივიწყეთ
თქვენი განზრახვა –
ის კვლავ იშლება, კვლავ
იკუმშება და თქვენ
მასთან მიაღწიეთ –
გარემომცველი
ლურჯი სივრცე
თითქოს ღრუბლებით იბურება, და
ის ლივლივით გშორდებათ
და უჩინარდება.

,,Avec  Ardeur“ *

ძვირფას  ეზრას **,  ვინც იცის, რა არის კადენცია

ვფიქრობდი  – ანუ აზრებს ვაწყობდი:

ამეტეხა აურზაური
აბეზარულად.

მოთმინებადაკარგული ვარ?
დიახ; ასეა. მე გავურბივარ

„გაღმერთებას“ და
„მოწყენილობას“;

იმასაც ვიტყვი
რომ ეს სიტყვა

(მოწყენილობა)
მოსაწყენია.

უარს ვაცხადებ
გამოვიყენო

„ღვთაებრივი“
აღმნიშვნელად

რაღაც უბრალოდ
სასიამოვნოს:

„საშინელი ფერი“
აღმნიშვნელად რაღაც საშიშის

თუმცა სწორი ვარ
ფიცარივით, ასე ვიტყოდი

დაპრესილი მინა
„ატლასი“

ამოტვიფრული ზედაპირით
უკეთესია

უარს ვაცხადებ
გამოვიყენო

„მოჯადოება“,
და „გაგიჟება“;

თუნდაც ასე – „საში-
ნელი მდგომარეობა“
(კიდეც რომ იყოს გამართლებული)

ანდა „სულ-
ელი ჩიტირეკია“
(თუნდაც იყოს შესაფერისი)

განა გაქცევით თავს ვუშველე?
ტყვეობაში ვარ

ამ სიტყვების
ავადმყოფობის.

პაუზების გარეშე,
მხოლოდ ფრაზები

მოკლებულია
ლირიულობას, განსხვავებით

ანტიკური
კლასიკური

თუ სილაბური
ლექსთწყობისგან.

ეს არ არის ლექსი
რა თქმა უნდა.

და მე ეს ვიცი;

არაფერი წუთისოფლისა არ არის ღვთაებრივი;
არაფერი ღვთაებრივი არ არის წუთისოფლის.

შენიშვნა
* ვნებით, გატაცებით (ფრ.);
** ლექსი ეძღვნება ეზრა პაუნდს.

Facebook Comments Box