
ინგლისურიდან თარგმნა და შესავალი დაურთო მანანა მათიაშვილმა
მერი ოლივერი (1935-2019) – ამერიკელი პოეტი, დაიბადა და გაიზარდა ოჰაიოს შტატის ქალაქ კლივლენდის გარეუბანში. სწავლობდა ვასარის ცნობილ კოლეჯსა და ოჰაიოს უნივერსიტეტში, მაგრამ დიპლომი არც ერთგან არ აუღია. მასზე, როგორც დამწყებ პოეტზე, დიდი გავლენა მოახდინა ცნობილი ამერიკელი პოეტის, ედნა სენტ-ვინსენტ მილეის პოეზიამ (მცირე ხნით ის მილეის სახლში ცხოვრობდა და ნორმა მილეის დის ნაწერების მოწესრიგებაში ეხმარებოდა). მისმა პოეზიამ მალევე დაიმსახურა კრიტიკოსთა ყურადღება. მეხუთე პოეტურმა კრებულმა –„ამერიკული პრიმიტივიზმი“ (1983) – პულიცერის პრემია მოუტანა, ხოლო „ახალმა და რჩეულმა ლექსებმა“ (1992) – ეროვნული წიგნის ჯილდო.
1958 წელს, ფოტოგრაფ მოლი მელოუნ კუკთან შეხვედრის შემდეგ, მერი ოლივერი საცხოვრებლად გადადის მასაჩუსეტსის ქალაქ პროვინსთაუნში და მასთან ერთად 40 წელზე მეტს ატარებს მოლი კუკის გარდაცვალებამდე.
პროვინსთაუნთან ახლომდებარე კეიპ კოდის ლანდშაფტმა ღრმა კვალი დააჩნია მერი ოლივერის შემოქმედებას. ის თანაბარი ინტენსივობით მუშაობდა პროზასა და პოეზიაში და წელიწადში ან ორ წელიწადში ერთხელ, რეგულარულად გამოსცემდა თითო წიგნს. პოეტის შემოქმედების მთავარი თემები იყო ბუნებრივი და ადამიანური სამყაროების შეხვედრისა და გადაკვეთის შემთხვევები და ასეთი შეხვედრების გადმოსაცემად ენობრივი შესაძლებლობებისა და ადამიანის შემეცნების საზღვრების ძიება.
1994 წელს გამოიცა მერი ოლივერის კრებული „თეთრი ფიჭვი“, ხოლო 1999 წელს – „ზამთრის დრო: პროზა, ლექსები პროზად და ლექსები“, რასაც მოჰყვა „რატომ ვიღვიძებ ადრე“ (2004), „ახალი და რჩეული ლექსები, ტომი II“ (2004), „გედი: ლექსები და ლექსები პროზად“ (2010), „ათასი დილა“ (2012),“ძაღლის სიმღერები“ (2013), „ლურჯი ცხენები“ (2014), „ნეტარება“ (2015), „დინების საწინააღმდეგოდ: რჩეული ესეები“ (2016) და „ლოცვები: მერი ოლივერის რჩეული პოეზია“ (2017).
პოეზიის კრიტიკოსები მერი ოლივერს ხშირად ადარებენ ისეთ დიდ ამერიკელ ლირიკოსებსა და ბუნების მკვლევარ პოეტებს, როგორებიც არიან: მერიენ მური, ელიზაბეთ ბიშოპი, ედნა სენტ-ვინსენტ მილეი და უოლტ უიტმენი.
პოეტი ბენინგტონის კოლეჯში პედაგოგიკის კათედრაზე ასწავლიდა 2001 წლამდე. ცხოვრობდა პროვინსთაუნსა და ფლორიდის შტატის ქალაქ ჰოუბ საუნდში. გარდაიცვალა 2019 წელს, 83 წლის ასაკში.
დილის ლექსი
ყოველ დილით
სამყარო
თავიდან იქმნება.
ფორთოხლისფერი მზის
რტოების ქვეშ
ბნელი ღამისგან შემორჩენილი
ფერფლის გროვები
მწვანე ფოთლებად გადაიქცევა
და მაღალ ტოტებს უერთდება.
ამ დროს ტბორები
შავი ქსოვილის ნაფლეთებს ჰგავს,
რომლებიც თითქოს მოხატულია
ზაფხულის შროშნის კუნძულებით.
თუ ბუნებით ბედნიერი ხარ,
საათობით იცურავებ
რბილი ბალახით დაფარული
გზაწვრილის გასწვრივ, სადაც
შენი წარმოსახვა
ყოველ ნაბიჯზე იპოვის საკვებს.
ხოლო თუ სულით
ტყვიაზე მძიმე ეკალს ატარებ
(იმ შემთხვევაში, თუ ამის გარდა
სხვა არაფერი შეგიძლია
სიარულის გასაგრძელებლად),
ეს ნიშნავს, რომ სულის სიღრმეში
მხეცი გიყივის და გაუწყებს, რომ
სწორედ ეს იყო, რაც სჭირდებოდა, –
დედამიწა, როგორიც არის:
მოელვარე შროშნებით სავსე ყოველი ტბორი –
როგორც ლოცვა, შესმენილი და გულუხვად
დაბრუნებული,
ყოველ დილით,
მიუხედავად იმის, ოდესმე
ბედნიერება თუ გაგიბედავს,
მიუხედავად იმის, ოდესმე
გაგიბედავს თუ არა ლოცვა.
ლამაზ ადგილებში მოგზაურობის შესახებ
ყოველდღიურად თავიდან ვიწყებ ღმერთის ძიებას
და ყოველდღე ყველგან ვპოულობ.
მტვრიან ადგილას… ყვავილნარში…
რა თქმა უნდა, ოკეანეშიც,
და შორეულ კუნძულებს შორის,
ყინულოვან კონტინენტებზე, ქვიშის ქვეყნებში,
რომელთაგან თითოეულს ჰყავს ცოცხალ არსებათა საკუთარი
შემადგენლობა და მრავალი სახელის მქონე ერთი ღმერთი.
დიდებულია მგზავრობდე გემით და
შეიგრძნობდე, რომ შენს ხელთაა
დაახლოებით, ერთი ასეული წელიწადი!
მაგრამ ჩვენ, ყველას, დაგვაგვიანდა.
სინამდვილეში, ერთადერთი გემი ისაა,
რომელზეც ვცხოვრობთ,
და ცეცხლს ვუკიდებთ მთელ სამყაროს
როდესაც ვტოვებთ.
მზრუნველობა
ყოველდღე ვხედავ
ანდა
მესმის
ისეთი რამ
რაც ხან მეტად, ხან ნაკლებად
მანადგურებს საკუთარი მშვენიერებით
და შუქით სავსე
ველ-მინდვრებში
მტოვებს ეულად.
დავიბადე,
რათა მეხილა, მომესმინა,
ჩავძირულიყავ
ამ სამყაროს ნათელ მხარეში;
რათა გამეწვრთნა ჩემივე თავი
სიხარულსა და აღტაცებაში.
ახლა სულაც არ ვლაპარაკობ
განსაკუთრებულ,
საშიშ, საზარელ,
ექსტრავაგანტურ ამბებზე. არა.
ვგულისხმობ ყოვლად ჩვეულებრივ,
უბრალო და ერთობ მოსაწყენ ერთფეროვნებას,
ყოველდღიური ყოფის წვრილმანებს.
შემომხედე, ჩემო სწავლულო, –
ვეუბნები საკუთარ თავს, –
სხვა არაფერი გევალება, თუ არა ის, რომ
უფრო დაბრძენდე
ისეთი ცოდნით,
რასაც გთავაზობს
ამ სამყაროს უსაზღვრო
შუქი,
ოკეანეთა ბრწყინვალება
და ლოცვები, შედგენილი
ბალახისაგან.
ზაფხულის ერთი დღე
ვინ შექმნა სამყარო?
ვინ შექმნა გედი, ანდა მურა დათვი?
ვინ შექმნა კალია? აი, ეს კონკრეტული
მდედრი კალია, რომელიც წეღან ამოხტა ბალახიდან
და ახლა შაქარს მიირთმევს ჩემი ხელიდან;
ჭამისას წინ და უკან ამოძრავებს ყბებს იმის ნაცვლად, რომ
ზემოთ-ქვემოთ ამოძრაოს და თან რთული აგებულების
უზარმაზარი თვალებით გარშემო იყურება.
აი, ასწია ფერმკრთალი წინა ფეხები და საგულდაგულოდ
დაიბანა სახე,
რის შემდეგაც ფრთები გაშალა და ჰაერში ატივტივდა.
არ ვიცი ზუსტად რას ნიშნავს ლოცვა, მაგრამ
ვიცი, სხვას როგორ დავუთმო ყურადღება, როგორ ჩავიმუხლო
ბალახში, როგორ შევასვენო ფეხები მოლზე,
როგორ ვიყო უსაქმური და ნეტარი, როგორ ვისეირნო მინდვრებში,
რასაც ვაკეთებ ისედაც, მთელი დღეა.
მითხარი, კიდევ რა უნდა მქონდეს ჩადენილი,
განა ბოლოს ყველაფერი არ მოკვდება?!
ყველაფერი ხომ სწრაფად სრულდება.
ჰოდა, მითხარი, რას უპირებ
შენს ერთადერთ, თავაშვებულ და სანუკვარ სიცოცხლეს?
მოწვევა
ერთი წუთით, თუ შეიძლება!
ხომ არ გცალიათ
რომ შეყოვნდეთ
და თქვენი ერთობ დატვირთული
და ძალიან მნიშვნელოვანი დღის წესრიგიდან
დრო გამოყოთ ჩიტბატონების სანახავად,
რომლებსაც თავი მოუყრიათ
ნარშავათი დაფარულ ველზე
მუსიკალური მარათონისთვის,
რათა გაირკვეს ვის შეუძლია
სულ მაღალი ან
სულ დაბალი ნოტის აღება;
სიხარულის გამოხატვა ყველაზე მძაფრად,
ყველაზე ნაზად.
ჩიტბატონები მძლავრი ნისკარტით
ჰაერს ყლაპავენ
კეთილხმოვნების მიღწევაში
დაქანცულები,
თუმცა ეს სულაც არ ხდება თქვენთვის
მით უფრო ჩემთვის
არც საბოლოო გამარჯვებისთვის,
მხოლოდ გულწრფელი ნეტარების და მადლიერების
გამოსათქმელად. დაგვიჯერეთო, – ჩიტბატონებმა, –
საგულისხმო ფაქტია ის, რომ
კვლავ ცოცხალი ხართ
დღევანდელივით მშვენიერ დილას
ამ უიმედო, მარადცვალებად სამყაროში.
შენ გამო ვწუხვარ,
არ გაიარო აქვე ისე,
რომ არ შეჩერდე
და არ დაესწრო ამ
სასაცილო წარმოდგენას.
შესაძლოა, ამ ქმედებას გააჩნდეს აზრი,
შესაძლოა ბევრსაც ნიშნავდეს.
შესაძლოა, სწორედ ის იყოს, რის შესახებაც წერდა რილკე, –
უნდა შეცვალო ცხოვრებაო.
უყოყმანოდ
თუ უეცრად შეგიპყრობს სიხარული,
არც კი დაფიქრდე, უყოყმანოდ დაემორჩილე. შეხედე, ქვეყნად
სიცოცხლე როგორ ნადგურდება, ქალაქები ნგრევის პირას დგას, ზოგიც
მოისპო. გვაკლია სიბრძნე, არც სიკეთით გამოვირჩევით,
ზოგ შეცდომას და დანაშაულს ვერასოდეს გამოვისყიდით.
და მაინც, რაღაც შანსი კიდევ არის სიცოცხლის მხარეს და, შესაძლოა,
სწორედ ეს იყოს მისი პასუხი – რაღაც ისეთი მოახდინოს,
ერთად აღებულ ყველა მდიდარს და ყოველგვარ ძალაუფლებას
რომ გადაწონის. შეიძლება, ეს „ისეთი“ ბევრი რამ იყოს,
მაგრამ მეტად შესამჩნევია იმ მომენტში, როცა იწყება
სიყვარული. აი, ზოგადად, ასეთია
გარემოება! და, ზოგადად, რაც უნდა მოხდეს, არ შეგეშინდეს
მისი სიუხვის. სიხარული ნამცეცებში ვერ ჩაეტევა!
დიდხანს ვდარდობდი
დიდხანს ვდარდობდი, აყვავდებოდა თუ არა ბაღი, სწორი გზით თუ წავიდოდნენ
მდინარეები; ჩვენი პლანეტა დედამიწა, როგორც გვასწავლეს,
ისევ ისე იტრიალებდა თუ არა და
რით შევძლებდი გამოსწორებას.
მადარდებდა, რასაც ვფიქრობდი, სწორი იყო თუ არასწორი; შემინდობდნენ თუ არა ცოდვებს;
როგორ უნდა მეცხოვრა უკეთ.
ნეტავ, ოდესმე თუ შევძლებდი სიმღერის სწავლას, – სიმღერა თურმე
ბეღურებსაც კი შეუძლიათ, მე კი დღემდე ვარ
უიმედოდ სმენადახშული.
მხედველობაც მადარდებდა: ნეტავ, მართლა დამიქვეითდა თუ უბრალოდ, მეჩვენებოდა;
სიბერეში რა შემიტევდა – რევმატიზმი,
კრიჭის შეკვრა თუ დემენცია.
ბოლოს მივხვდი, რომ ამ შფოთვებმა აზრი დაკარგა,
ამიტომ თავი დავანებე, თუმც არ დავნებდი.
ავიღე ჩემი ბებერი თავი და სიმღერით შევაბიჯე
ახალ დილაში.
ველური ბატები
აუცილებელი არ არის ყველასთვის კარგი იყო
აუცილებელი არ არის მოსანანიებლად
მუხლებზე ხოხვით გადაიარო ასობით მილი უდაბნოში.
მთავარია, არ შეაკავო შენი სხეულის ნაზი ცხოველი
უყვარდეს ის, რაც უკვე უყვარს.
შენს სასოწარკვეთაზე მომიყევი, მე ჩემსას გეტყვი.
ამასობაში სამყარო თავისას არ მოიშლის.
ამასობაში მზე და წვიმის თეთრი კენჭები
სხვადასხვა ლანდშაფტს გადაივლიან,
პრერიებსა და მაღალ ხეებს,
მთებს, მდინარეებს.
ამასობაში ველურ ბატებს სუფთა ჰაერის სილურჯეში
გეზი სახლისკენ აუღიათ.
ვინც გინდა იყო, რამდენად მარტოც არ უნდა გრძნობდე თავს,
სამყარო ყოველთვის შემოგთავაზებს საკუთარ თავს
წარმოსახვის გამოსაკვებად,
ყოველთვის შემოგიძახებს ველური ბატების მჭახე და მღელვარე ხმით.
ის ამ ძახილით შენს კუთვნილ ადგილს აკანონებს
მონათესავე საგანთა შორის.
© არილი