
ინგლისურიდან თარგმნა ნინო დოლიძემ
– აი, ბეირუთში ვართ – თქვენი მეორე დაბადების ქალაქში. აქ ყოფნამ როგორი გავლენა მოახდინა თქვენს შემოქმედებაზე?
– დიახ, ადრე უკვე ვთქვი, სამჯერ დავიბადე-მეთქი. პირველად სოფლად მოვევლინე ქვეყანას ისე, რომ ის ადგილი არ ამირჩევია, მეორედ დავიბადე ბეირუთში, რომელმაც ურბანული გარემო შემიქმნა თავისი კავშირებითა და დაძაბულობით. ბეირუთი არ არის ისეთი დასრულებული ქალაქი, როგორც დამასკო ან კაიროა. ის ღია პროექტს ჰგავს – თითქოს სამუშაო ჯერ არ დაუსრულებია. იმედი მაქვს, ამ კულტურულ მრავალფეროვნებას მომავალშიც შეინარჩუნებს და ღია სივრცედ დარჩება ყველა ელემენტისთვის, მიმართულებისთვისა თუ მიმდინარეობისთვის. მესამედ დავიბადე პარიზში, რომელმაც მეც და ჩემი ნამუშევრებიც გულღიად მიგვიღო, რისთვისაც ყოველთვის მადლობელი ვიქნები.
– როგორია ხოლმე პარიზიდან ბეირუთში დაბრუნება?
– ბეირუთში დაბრუნება ჩემთვის მხოლოდ აუცილებლობა არ არის. ის მავსებს, მამდიდრებს, მით უფრო მას შემდეგ, რაც შედარებით იოლ ყოფას მივეჩვიე. აქ ცხოვრება შედარებით რთულია და ის დღითიდღე რთულდება. ბევრი ვუალია ვუალზე გადაფარებული. ბეირუთში დაბრუნება იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ შიგ პრობლემების შუაგულში მოვექცევი ხოლმე, პოეტი კი პრობლემების არსს აუცილებლად უნდა ეხებოდეს. თუ პოეზია შემეცნებისა და გამოხატვის ფორმაა, გამოდის, რომ ის პოლიტიკური აქტივობის ფორმაცაა. თუმცა პოეზიის ამ პოლიტიკური ასპექტის არსებობა სოციუმში ძირეულად განსხვავდება მისი იდეოლოგიზებისგან. ყოველ იდეოლოგიას პოეტი წინასწარაკვიატებული იდეებისკენ მიჰყავს, ხოლო ყველაფერი წინასწარშექმნილი ეწინააღმდეგება პოეზიას. ამიტომაც გავურბოდი ხოლმე პოლიტიკურ მიკუთვნებულობას. ეს მარტო პოეზიას არა, ცხოვრებასაც ეწინააღმდეგება. ამგვარი მიკუთვნებულობა ლექსს ერთგვარ საფარველად აქცევს მაშინ, როცა ის გამოაშკარავებისა და აღმოჩენის ყველაზე პირდაპირი, თავისუფალი ფორმა უნდა იყოს.
– თქვენი დამოკიდებულება ქალაქებთან აისახება თუ არა იმ ლექსის ფორმაში, რომელსაც წერთ?
– ქალაქი ფორმაა, რომელიც ხელს უწყობს და აიოლებს კავშირებს; ის რთული და მრავალფეროვანი ფორმაა, რომელიც ამდიდრებს ხედვას, ხედვის გამდიდრება კი წვდომის გაღრმავებას იწვევს. ქალაქი ქსელია, სოფელი – ბუდე. ქალაქი ზედაპირი და სიღრმეცაა მაშინ, როცა სოფელი ჰორიზონტალური სიბრტყეა. თუკი სოფელში სიღრმე არსებობს, ის ობიექტური ან ობიექტურად არსებული კი არ არის, არამედ ინდივიდუალურია – ინდივიდის ბავშვობასა და პირად ისტორიასთან დაკავშირებული. ქალაქი კოლექტიური სქემაა მაშინ, როცა სოფლად ყველა თავისთვის მუშაობს, თავის საკეთებელს აკეთებს. იქ საერთო გამოცდილება მხოლოდ დაბადება, სიკვდილი, ქორწილი და ამ მოვლენებთან დაკავშირებული რიტუალებია. სოფელი არ გვთავაზობს რამე ისეთს, რაც შემოქმედებით დონეზე იქნება გაზიარებული. ქალაქი კი სიღრმე და სივრცეა ერთსა და იმავე დროს. ის მუდმივად ცვალებადი ჰორიზონტია. ასე რომ, ნაღდი ქალაქი ყოველთვის გამოწვევის წინაშე გაყენებს, რაც გაიძულებს გაეჯიბრო, შენი შესაძლებლობები დაამტკიცო. ცოდნის ახალი ჰორიზონტის დასაპყრობად გიბიძგებს, რაკი ის განსხვავებული, მრავალფეროვანი წაკითხვებისთვისაა გახსნილი.
– მაგრამ თქვენ სოფელში დაიბადეთ. გვიამბეთ თქვენი ბავშვობის შესახებ.
– დავიბადე სოფელ კასაბინში, სრულიად განსაკუთრებულ გარემოში, რომელიც საერთოდ არ ჯდებოდა სირიის იმჟამინდელ კულტურულ სტრუქტურაში ან, თუნდაც, არაბული კულტურის მაშინდელ სივრცეში.
– ეს როგორ?
– ძალიან პატარა, ღარიბულ სოფელში დავიბადე, სადაც არც სკოლა იყო და არც ელექტროენერგია, მანქანაც კი არავის ჰყავდა. პირველად მანქანა ცამეტი წლის ასაკში ვნახე.
ჩვენი, ალავიტების კულტურა მჭიდროდაა დაკავშირებული მიწასთან, მთის ცხოვრებასთან, მიწათმოქმედებასთან. ალავიტები დღემდე სულით ხორცამდე მიწათმოქმედებად რჩებიან. ჩვენი ისტორია სავსე იყო საშინელი ამბებით, რაკი რადიკალური რელიგიური სექტა ვიყავით და შიიტებს ვეწინააღმდეგებოდით. მათ ხშირად ვაკრიტკებდით, ბრალს ვდებდით ხელისუფლებასთან გარიგებაში, იმ რეჟიმებთან თანამშრომლობაში, რომლებსაც უარვყოფდით. ჩვენ, ალავიტებს, როგორც პროტესტანტებსა და მუდმივად აჯანყებულებს, მთელი ისტორიის განმავლობაში გვდევნიდნენ.
გასული საუკუნის 60-იან-70-იან წლებში სირიის ხელისუფლებაში მოვიდნენ ბაასისტები, რომლებიც საკუთარ თავს სეკულარისტებს უწოდებდნენ. მათ მთლიანად მოშალეს ალავიტების ისტორიული კავშირი მიწასთან. სამაგიეროდ კი არაფერი ურბანული არ აუშენებიათ და არ განუვითარებიათ. ალავიტებს არც გზები ჰქონდათ, არც სკოლები და არც საავადმყოფოები. ერთი სიტყვით, იქ სიცოცხლის ნიშან-წყალი აღარ იყო.
– და-ძმა თუ გყავდათ? რომელიმე მათგანი სკოლაში დადიოდა?
– სამი ძმა და ორი და მყავს. ერთი და, ლეილა, გარდაიცვალა, ფატიმა კი ცნობილი, არაჩვეულებრივი მხატვარია. ყველა მათგანმა მიიღო განათლება. ისინი ჩემზე უმცროსები იყვნენ და სკოლაშიც დადიოდნენ – უკეთესი ვითარება იყო, ვიდრე ჩემს დროს.
– რა როლი მიუძღვის დედას თქვენი ცხოვრების საწყის ეტაპზე?
– დედამ წერა-კითხვა არ იცოდა. მის მიმართ ისეთივე დამოკიდებულება მქონდა, როგორც ლამაზი ხის ან შორეული გაზაფხულის მიმართ. ის ვარსკვლავსაც კი ჰგავდა ზოგჯერ. სრულიად ბუნებრივი კავშირი გვქონდა – არა კულტურითა და განათლებით გამყარებული. თითქოს მისი ტანის, ოცნებების, გონების, თავისა და ხელების გაგრძელება ვიყავი. მამა პირიქით – ინტელექტის, აზრის, პოეზიისა და ენის განსახიერება იყო. სწორედ მან მასწავლა არაბული პოეზიის კითხვა – მაგალითად, მეტყოდა, ალ-მუთანაბი წაიკითხეო. ყველაზე მეტად ამ პოეტს აფასებდა. მიხმოვანებდა ტექსტს, სიტყვების დაბოლოებებს. თორმეტი წლისამ უკვე ვიცოდი სახელების ბრუნება და სხვადასხვა გრამატიკული ფორმები. არაბებს ძველთაგანვე გრამატიკის საოცარი სიყვარული ჰქონდათ. მეც, როგორც სოფლელი ბავშვი, შეპყრობილი ვიყავი არაბულით.
– მამა რით არჩენდა ოჯახს?
– ის ფერმერი იყო, თუმცა თვითონ არ მუშაობდა – მემკვიდრეობით მიღებულ მიწას აქირავებდა. ამ შემოსავლით ვცხოვრობდით. მამა თვითნასწავლი იყო. ყველაფერი, რაც იცოდა, თავად ისწავლა, განსაკუთრებით კი, არაბული პოეზია.
– საიდან მოდიოდა მისი სიყვარული პოეზიის მიმართ? რამდენად ჩვეულებრივი რამ იყო იმ გარემოში ასეთი ინტერესი ენისა თუ ლექსის მიმართ?
– ის, გარკვეულწილად, გამონაკლისი იყო თავის გარემოცვაში. სწორედ იმ თაობას მიეკუთვნებოდა, ოსმალთა მმართველობისა და მათი „თურქული პროექტის“ მსხვერპლი რომ გახდა. ამიტომ მათთვის განსაკუთრებული დამოკიდებულება ყურანის, არაბული ენისა და ლიტერატურული ტრადიციის მიმართ საკუთარი იდენტობის გადარჩენასა თუ ხაზგასმას უდრიდა. ამით შეიძლება აიხსნას ის, რომ მამამ, ფაქტობრივად, თავი მიუძღვნა არაბული ენისა და პოეზიის შესწავლას.
– რელიგიური იყო?
– დიახ, მაგრამ ჩემთან ამ თემაზე არასოდეს ლაპარაკობდა. რელიგიას თავს არ მახვევდა. თანასოფლელები შეიხს ეძახდნენ, თუმცა ეს უფრო სოციალური პატივისცემის გამოხატულება იყო, ვიდრე რელიგიური წოდება.
– რატომ ჰქონდა ასეთი თავისებური დამოკიდებულება რელიგიის მიმართ?
– არ ვიცი. ეს ჩემთვის საიდუმლოა. დღეს ამას ალბათ იმით ავხსნიდი, რომ ისტორიულად ისლამის უმცირესობას მივეკუთვნებოდით. ალავიტების სექტა ექსტრემისტული შიიტური სექტა იყო, რომელიც მეოთხე მართლმორწმუნე ხალიფა ალის სცემდა თაყვანს. ისტორიულად მან ამის საფასური გადაიხადა, თუმცა, დევნის მიუხედავად, იდენტობაც შეინარჩუნა და განსაკუთრებული პატივისცემაც იმამი ალისადმი. ალავიტები ყოველთვის გამორჩეულნი იყვნენ თავიანთი ინტერესით სწავლისა და განათლების მიმართ – შევიწროებული მდგომარეობის, სიღარიბის კომპენსაციას თითქოს წიგნიერებისა და პოეზიის სიყვარულით ცდილობდნენ.
მამაჩემს არასოდეს დაუძალებია, მორწმუნე ვყოფილიყავი, თუმცა მოითხოვდა, არაბული ენა და პოეზია კარგად შემესწავლა. ზოგადად, არაფერს მაიძულებდა და საშუალებას მაძლევდა, არჩევანი თავად გამეკეთებინა – დავფიქრებულიყავი და შემდეგ გადამეწყვიტა.
– მამის გარდა სხვა რომელმა ხმამ გიბიძგათ, წერა დაგეწყოთ?
– თავიდანვე გამოვარჩიე პოეტები, რომლებიც იმიტომ წერდნენ, რომ მართლა სურდათ წერა, გამოვარჩიე იმ პოეტებისგან, ლექსს ამა თუ იმ მიზნისთვის რომ იყენებდნენ, იქნებოდა ეს პანეგირიკი, ხოტბის შესხმა თუ გაკილვა. ყოველთვის მეტად მიზიდავდნენ ინდივიდები – საკუთარი თავისთვის და არა სხვისთვის შემოქმედი ავტორები, მაგალითად, აბუ ნუვასი, აბუ თამამი, იმრუ-ლ-კაისი. ეს იმ საერთო კულტურულ გუმბათქვეშ მოქცევისაგან მათავისუფლებდა, რომლის ჩრდილშიც ტრადიცია, როგორც საერთო შეთანხმება, ისე მოთავსებულიყო.
– ასეთ ახალგაზრდა ასაკში როგორ განარჩევდით მათ ერთმანეთისგან?
– ძველი პოეტები ჯგუფებად იყვნენ დაყოფილნი – ზოგი მათგანი თავის პატრონს განადიდებდა, ზოგი მტრის გაკილვით იყო დაკავებული, ზოგიერთი ელეგიებს წერდა და ა.შ. პატარაობიდან ვეწინააღმდეგებოდი ამ კატეგორიებს და ვეძებდი ავტორებს, არც ერთ მათგანს რომ არ მიეკუთვნებოდნენ. ვერც იმას ვიტყვი, რომელიმე კონკრეტული კატეგორიის პოეტს ბოლომდე უარვყოფდი-მეთქი, რადგან მათაც ჰქონდათ რაღაც, რაც ისტორიულად დამკვიდრებულ კანონიკას არ ექვემდებარებოდა. მოკლედ, მომწონდა პოეზია როგორც ესთეტიკური და არა როგორც სოციალური ფენომენი. ეს თანამედროვე პოეზიასაც ეხება. დღესაც არიან კონკრეტული იდეოლოგიის მაქებარი პოეტი-მეხოტბეები, და ისეთებიც, სხვების იდეოლოგიას რომ ლანძღავენ და უტევენ.
– თანამედროვე არაბი პოეტების კითხვა როდის დაიწყეთ და რომელი ავტორები წაიკითხეთ?
– თანამედროვე პოეტებს უნივერსიტეტში გავეცანი. ერთგვარი იმიტაციის ფაზაც გავიარე. ვბაძავდი იმ დროს სახელგანთქმულ ლიბანელ საიდ ალისა და ბადავი ალ-ჯაბალის. სირიელი ნიზარ კაბანიც გამორჩეული იყო. ვიცნობდი არაერთ კარგ პოეტს, თუმცა, ჩემი, როგორც პოეტის, ჩამოყალიბებაზე თანამედროვე პოეზიას ისეთი გავლენა არ მოუხდენია, როგორიც ტრადიციამ მოახდინა.
– სირიის სოციალ-ნაციონალისტური პარტიის წევრი იყავით. ნუთუ არასდროს დაგიწერიათ იდეოლოგიის სამსახურში ჩამდგარი ლექსი?
– არა. ყოველთვის ინდივიდუალისტი პოეტი ვიყავი და ისეთ პირადულ თემებზე ვწერდი, როგორებიცაა: სიყვარული, სევდა, ბუნება და სხვ.
იმ პოეტების რიცხვს ვეკუთვნი, საკუთარ თავზე რომ წერენ. შეუძლებელია, ორ ადამიანს მსგავსი ოცნება ჰქონდეს. პოეზია მოდის ოცნებისა და სხეულის, და არა ფიქრის, მიმართულებიდან. მართალია, პოეზია აზრის გარეშე არ არსებობს, თუმცა ყოველი აზრი თუ ფიქრი სხეულგამოვლილია, ხოლო ყოველი სხეული სხვისგან დამოუკიდებელია. პოეზია მარტო იბადება. ის შემდეგ ხვდება სხვებს.
– ხშირად გითქვამთ, რომ ნამდვილი ნაწერი სხეულიდან მოდის.
– კი, ასეა.
– მაშინ დედას გარკვეული გავლენა უნდა მოეხდინა თქვენს ნამუშევარზე.
– ყველაფერი „განსაკუთრებული“ დედაჩემისგან მაქვს – სხეული, ბუნება, ემოცია, გრძნობა, და ყველაფერი „უნივერსალური“ – ინტელექტუალური, ლოგიკური – მამაჩემისგან. ყოველივე ეს ავიღე და ცხოვრებისეულ მასალას შევუხამე.
– შეგიძლიათ თქვენი პირველი საჯარო გამოსვლა გაიხსენოთ?
– 1943 წელს, 13 წლის ვიყავი, სირიამ დამოუკიდებლობა რომ მოიპოვა და პირველ პრეზიდენტად შუქრი ალ-ქუვაითლი აირჩია. ხის ქვეშ ვიჯექი (თუ არ ვცდები, ეს იყო ზეთისხილის ხე), როცა გავიგე, რომ პრეზიდენტი ჩვენს მხარეში აპირებდა ჩამოსვლას. გაგონილი მქონდა, ძველ დროს ხალიფები პოეტებს პატრონობდნენო. დავიფიცე, პრეზიდენტს ლექსს მივუძღვნი, წავალ და ხმამაღლა წავუკითხავ-მეთქი. სრულიად დარწმუნებული ვიყავი, რომ მას ჩემი ლექსი მოეწონებოდა და სკოლაში წასვლის შანსს მომცემდა.
– ის ლექსი გახსოვთ?
– სამწუხაროდ, არა. ის ლექსი სულ დამავიწყდა. კარგად მახსოვს, რომ პირველად მამას წავუკითხე. გაკვირვებული მიყურებდა. ვკითხე, მოეწონა თუ არა. მან კი მიპასუხა, რომ პრეზიდენტთან შესახვედრად წასვლას არ დამიშლიდა, თუმცა ადგილობრივი ოფიციოზის მიერ მოწყობილ ცერემონიალს ვერ დაესწრებოდა. მამა არ ემხრობოდა ჩვენს მმართველს. ფიქრობდა, რომ ის ფეოდალი იყო.
გაცვეთილი ფეხსაცმელი ჩავიცვი, ტრადიციული გლეხის მოსასხამი – ქუმბაზი მოვირგე და თავსხმაში გავეშურე პრეზიდენტთან შესახვედრად. მიღებაზე რომ მივედი, იმ კაცმა, რომელიც მამას არ მოსწონდა, ჩემზე იკითხა, ეს ვინ არისო. ამის და ამის შვილიაო, უთხრეს. ახლავე გაბრძანდეს აქედანო – არ დამენახოსო. ასე გამომაბუნძულეს გარეთ.
გადავწყვიტე, ქალაქში წავსულიყავი და იქ შევხვედროდი პრეზიდენტს. ქალაქი შორს არ იყო, მაგრამ იქ მისულმა არ ვიცოდი, საით წავსულიყავი. უცებ დიდი ბანერი დავინახე სიტყვებით „ჯაბლას მაიორი მის აღმატებულება პრეზიდენტს შეხვდება!“ ასე რომ, მაიორისკენ ავიღე გეზი. მთლად გალუმპული და ტალახში ამოსვრილი ვიყავი. ასეთ ფორმაში მივადექი მაიორს, რომლის სახელიც – იასინ ალადინი – არასოდეს დამავიწყდება. მას უყვარდა პოეზია, განსაკუთრებით კი, კლასიკური არაბული ლექსი. მაიორმა ჩემი ლექსი წამაკითხა და მითხრა, რომ ის პრეზიდენტის წინაშეც უნდა მეთქვა.
მან გამგზავნა სასახლეში, სადაც ოფიციალური პირები უნდა შეკრებილიყვნენ. იქ მთხოვეს, ხმამაღლა წამეკითხა ლექსი. მოეწონათ, ესიამოვნათ. მითხრეს, ქვემოთ ჩადი, დაელოდეო. როცა პრეზიდენტი მობრძანდა, ყველა სათითაოდ მიესალმა მას. მაგრამ ოფიციალურ პირებს სრულიად გადავავიწყდი. მხოლოდ ერთ-ერთმა მათგანმა შემნიშნა სწორედ მაშინ, როცა პრეზიდენტმა მოედანზე შეკრებილ ხალხს გადახედა და სიტყვის წარმოთქმა დააპირა. ამ კაცმა ძალიან გულწრფელად მკითხა, თუ რატომ არ წავიკითხე ლექსი. ვუთხარი, არ ვიცი-მეთქი. ახლაც მახსოვს მისი გაბრაზებული, ერთიანად აჭარხლებული სახე: „ეს სულ მმართველის ბრალია! ის თაღლითი ძაღლისშვილი!“ – კბილებიდან გამოსცრა უცნობს. მკლავში ხელი ჩამავლო და ხმამაღლა, ყველას გასაგონად წარმოთქვა: „ბატონებო! ხალხო! თქვენო აღმატებულებავ!..“ შეკრებილმა საზოგადოებამ მისკენ გაიხედა, – „ეს ბიჭი მთიანი სოფლიდან ჩამოვიდა და ახლა მათი სახელით მოგესალმებათ. გთხოვთ, მოუსმინეთ!“ ჩემთვის უცნობმა ოფიციალურმა პირმა იმ ანალოღიასთან მიმიყვანა, ხალხით სავსე მოედანს რომ გადაჰყურებდა. მე ლექსი წავიკითხე. ხალხი აჩოჩქოლდა. და როგორ ფიქრობთ, პრეზიდენტმა რა გააკეთა? ლექსის ბოლო ტაეპი გაიმეორა: „თქვენ ხართ ხმალი და ჩვენ – მისი ფარი“. შემდეგ კი ხალხს მიუბრუნდა: „როგორც ამ ბავშვმა თქვა, თქვენ გარეშე ვერაფერს გავაკეთებ!“
როცა პრეზიდენტმა გამოსვლა დაასრულა, მხარზე ხელი დამადო და მითხრა: „შესანიშნავი იყო, შვილო. რა შეგვიძლია გავაკეთოთ შენთვის?“ სკოლაში მინდა-მეთქი სწავლა. „ასეც იქნება, წახვალ სკოლაში!“ – მიპასუხა მან.
დაახლოებით ერთ კვირაში ჩვენს სახლთან ორი პოლიციელი გამოცხადდა. ბრძანება ჰქონდათ მიღებული, ტარტუსის სკოლაში წავეყვანე. ტარტუსი რა არის-მეთქი, ვიკითხე. ქალაქი ყოფილა, ჩვენი სოფლიდან მანქანით საათ-ნახევრის სავალით დაშორებული. ამ ქალაქში სირიის ტერიტორიაზე შემორჩენილი უკანასკნელი ფრანგული სკოლა-ლიცეუმი იყო თურმე, სადაც ბურჟუაზიული ელიტის წარმომადგენლები სწავლობდნენ. ცხოვრებაში პირველად ჩავჯექი ავტობუსში. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს რაღაც მიღმურ სამყაროში გავაღწიე. სკოლაში რომ დავიწყე სიარული, ჯერ კიდევ ქუმბაზი – ეროვნული სამოსი – მეცვა.
– და ასე დაიწყეთ ფრანგული განათლების მიღება. არაბული პოეზიის შესწავლას აგრძელებდით?
– ფრანგულ ლიცეუმში ამის შესაძლებლობა ნაკლებად იყო, რადგან ყველა საგანს ფრანგულად ვსწავლობდით. ერთხელ არაბულის ერთ-ერთ გაკვეთილზე თავი გამოვიჩინე და მასწავლებელს ჩემთვის კარგად ნაცნობ თემაზე შევეკამათე, თან საკუთარი არგუმენტებიც ვუთხარი. ჩემი პოზიცია დააფასეს. ამის მერე ისე მიყურებდნენ, როგორც ნამდვილ პიროვნებას.
ერთი წელიწადში ფრანგული ლიცეუმი დაიხურა და მის ნაცვლად საშუალო სკოლა გაიხსნა. მე ჯერ არავითარი საბუთი არ მქონდა, რის გამოც სკოლის დირექტორი სწავლის გაგრძელების საშუალებას არ მაძლევდა. მეუბნებოდა, ასე უცებ სამი წლის მასალას ვერ დაძლევო. ვუპასუხე, აქ აღარ იქნება სკოლა, თუ მე სწავლაზე უარს მეტყვით-მეთქი.
– დაემუქრეთ?
– ბავშვებს მოველაპარაკე და სკოლა დავხურეთ. მას შემდეგ, რაც მომცეს უფლება სამი წელი გამომეტოვებინა, ყველანი სკოლაში დავბრუნდით.
სკოლა წარმატებით დავასრულე და სახელმწიფოსგან სტიპენდია მეკუთვნოდა. ვიფიქრე, პრეზიდენტს მადლობას გადავუხდი თანხისთვის, ჩემს განათლებაში სასახლის ბიუჯეტიდან რომ დახარჯა და სახელმწიფოს ხარჯზე გავაგრძელებ-მეთქი სწავლას. ეს ჩემი უფლება იყო. ჰოდა, მივწერე წერილი – მადლობას ვუხდიდი გაწეული თანადგომისთვის და სწავლის შემდგომ დაფინანსებაზე ზრდილობიანად ვეუბნებოდი უარს. პრეზიდენტის საპასუხო წერილმაც არ დააყოვნა წრფელი, კეთილი სურვილებით. ასე რომ, სწავლა გავაგრძელე ლატაკიის უმაღლეს სკოლაში, სადაც მივიღე კიდეც დიპლომი.
– სირიის ნაციონალისტურ პარტიასთან რა ურთიერთობა გქონდათ?
– ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა მე ტარტუსში, ლიცეუმში ვსწავლობდი. იქ ჯერ კიდევ ფრანგული გარნიზონი იდგა. ერთხელ რამდენიმე მოსწავლე სკოლიდან გარიცხეს. როგორც დავადგინეთ, ამის მიზეზი ეროვნული პარტიის წევრობა ყოფილა. ისინი საფრანგეთის არმიის წინააღმდეგ პროტესტში დაადანაშაულეს. ოთხ-ხუთ მეგობართან ერთად წავედი ერთ წვეულებაზე, სადაც გარიცხული ბიჭები ვნახეთ. სეკულარისტები ვართ, სექტანტობას ვეწინააღმდეგებითო, – აგვიხსნეს მათ. ეს მეტად შთამბეჭდავი იყო. პატიოსანი, მორალური, კარგი ბიჭები ჩანდნენ. მომეწონნენ. მათი ამხანაგობისთვის საპროტესტო ლექსები დავწერე და უცებ მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერთაგანი აღმოვჩნდი.
ხალხი უკვე ცნობდა ჩემს სახელს – ვიღაც ბავშვია, თან ტრადიციული სტილის, თან პროგრესულ ლექსებს წერსო. სამი თუ ოთხი წელი ვიყავი მათთან ერთად. ვწერდი პალესტინის შესახებ. პირველი ლექსიც ალ-მუშარრადუნ („არაფრის მქონენი“) 1948 წლის ცნობილი მოვლენების დროს გამოვაქვეყნე. ის პალესტინას ეძღვნებოდა.
– სად გამოქვეყნდა პირველი ლექსი?
– ლატაკიაში გამომავალ ყოველკვირეულ ჟურნალში ალ-ირშად. სწორედ მაშინ გამოვიყენე პირველად ფსევდონიმი ადონისი.
– იქნებ გვიამბოთ ამის შესახებ, რატომ მაინც და მაინც ადონისი?
– უმაღლეს სკოლაში სწავლისას ლექსებს საკუთარი, ალი აჰმად საიდის სახელით ვწერდი და უმეტესად ლიბანის ჟურნალ-გაზეთების (ას-საიად, ალ-ანვარ და სხვ.) რედაქციებში ვაგზავნიდი ხოლმე. დიდად არავინ იჩენდა ჩემი ლექსების გამოქვეყნების ინტერესს. ერთხელ სასკოლო ჟურნალში ადონისის შესახებ მითს გადავაწყდი. პირველად მაშინ შევიტყვე, თუ როგორ შეუყვარდა ის იშთარს, როგორ შეერკინა გარეულ ტახს, რასაც ემსხვერპლა კიდეც – დაიღვარა სისხლი, რომელიც ყოველ გაზაფხულს ბრუნდება, როცა ლიბანში ფრინტას ყვავილობისას მდინარე ალ-‘ასი წითლდება ხოლმე. ამ ისტორიით მოვიხიბლე. ვთქვი, რომ ეს ჟურნალები, ლექსებს რომ არ მიბეჭდავენ, ჩემთვის გარეული ტახები არიან, ჩემს მოკვლას რომ ცდილობენ, ამიტომ ადონისი უნდა დავირქვა-მეთქი. ეს ფსევდონიმი პირველად ლექსს ალ-მუშარადდუნ (არაბ. „არაფრის მქონენი“) მივაწერე და რედაქციაში გავგზავნე. გაზეთმა ალ-ირშად, რომელიც პალესტინელების მომხრე ყოფილა, პირველ გვერდზე დაბეჭდა ის. იქვე იყო წარწერა: „ბატონ ადონისს ვთხოვთ, მოგვაკითხოს რედაქციაში მნიშვნელოვან საქმეზე.“
– მათ ალბათ გთხოვეს, თავი გაგემჟღავნებინათ.
– დიახ, სწორედ ასე იყო. ჯერ კიდევ უმაღლესი სკოლის ერთი ღარიბი სტუდენტი ვიყავი. განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას არ ვახდენდი. მაინც წავედი გაზეთის რედაქციაში. მიმღებში მჯდომმა კაცმა მკითხა, რა მინდოდა. ადონისი ვარ-მეთქი. ის კი სიტყვებით – „შენ ხარ ადონისიო?“ – განცვიფრებული წამოდგა და რედაქტორთან გაიქცა. ყველანი გაკვირვებულები იყვნენ. მახსოვს, რომ მთავარ რედაქტორს ადიბ აზარი ერქვა.
– მთელი ამ ხნის განმავლობაში რა დამოკიდებულება გაქვთ ამ სახელთან?
– მომწონს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც დედამაც ალის ნაცვლად ადონისი დამიძახა. მართალია, გაუნათლებელი ქალი იყო, მაგრამ ინსტინქტურად მიიღო ის, როგორც ჩემი სახელი. ადონისი უნივერსალური სახელია. ის აღწევს ენებში, კულტურებსა და რელიგიებში – ორგანულ კავშირშია მთელ სამყაროსთან და არა ერთ რომელიმე ერთან, ქვეყანასთან ან კულტურასთან.
– თქვენი პირველი კრებული „დალილა“ რამ შთაგაგონათ?
– პირველად სამსონის და დალილას ამბავს ბიბლიის კითხვისას გადავაწყდი. მეტად მომხიბლა ამ გონიერმა, ძლიერმა ქალმა. დალილაზე საკმაოდ გრძელი, თუმცა მარტივი ლექსი დავწერე. ლექსების ციკლი დამასკოში 1948 წელს გამოქვეყნდა. მეორე წიგნი კალათ ალ-არდ (არაბ. „დედამიწამ თქვა“) დამასკოში 1950 წელს გამოიცა, ხოლო ამ ორი წიგნიდან შერჩეული ლექსები სათაურით „პირველი ლექსები“ 1957 წელს გამოვიდა ბეირუთში (მათ შორის იყო „არაფრის მქონენიც“).
– მაშინ ჯერ კიდევ ლატაკიაში ცხოვრობდით. იქაურ ლიტერატურულ სივრცეში რა ხდებოდა?
– ლატაკია იმხანად მნიშვნელოვანი ლიტერატურული ცენტრი იყო. გამოდიოდა არაბულ ქვეყნებში ერთ-ერთი მოწინავე პოეზიის ჟურნალი ალ-კისარა (არაბ. „ბარბითი“), სადაც მოგვიანებით რამდენიმე ლექსი დავბეჭდე. გამომცემლები, რომლებმაც მაშინ წამახალისეს, თავადაც შესანიშნავი პოეტები და მწერლები იყვნენ. როდესაც მათ შევხვდი, აღმოვაჩინე, რომ ყველანი სირიის სოციალ-ნაციონალისტური პარტიის წევრები ყოფილან. ამან გადამაწყვეტინა, მეც შევერთებოდი პარტიას. ჩემთვის ერთი სიამოვნება იყო ამ განათლებულ ადამიანებთან ურთიერთობა, თავი რომ მიუძღვნეს, ერთი მხრივ, სეკულარული საზოგადოების ჩამოყალიბებასა და, მეორე მხრივ, ფრანგულ კოლონიალიზმთან დაპირისპირებას.
– ოჯახი როგორ შეხვდა პარტიაში გაწევრიანებას გადაწყვეტილებას?
– მამაჩემის რეაქცია შესანიშნავი იყო. „მისმინე, შვილო, – მითხრა მან, – მე არც ჰოს გეტყვი, არც – არას, მაგრამ ვიდრე არჩევანს გააკეთებ, კარგად აწონ-დაწონე ყველაფერი, გამოიკითხე, გამოცადე, დრო დაუთმე და ისე გადაწყვიტე.“ მას არ უთქვამს თანხმობა ან უარი. უბრალოდ გამამხნევა. სამწუხაროდ, ამის შემდეგ მალევე გარდაიცვალა. ამ ბოლო დროს გავაცნობიერე, რომ ის ჩემთვის მეგობარი უფრო იყო, ვიდრე მამა.
– ანტუნ საადას[1] როდის შეხვდით?
– პირველად ლატაკიაში შევხვდი მას. ახალგაზრდა სტუდენტი ვიყავი უცნობი სახელით. მხოლოდ მივესალმე, ადგილი დავუთმე. მივხვდი, ქარიზმატული პიროვნება რომ იყო.
მეორედ მაშინ შევხვდი, როცა ბეირუთის ამერიკის უნივერსიტეტში პოეზიის კონკურსი გამოცხადდა. კონკურსანტებს უნდა დაეწერათ ლექსი ობლობაზე. დავწერე ლექსი „ობოლი“ და გავგზავნე. პირველი პრიზი ავიღე. სწორედ მაშინ მთხოვეს, პარტიის ლიდერთან მივსულიყავი. საადის სამუშაო ოთახში შევედი, მივესალმე. კვლავ სულელურად ვიგრძენი თავი. არც კი გამოვლაპარაკებივარ. ასე, ჩვიდმეტი ან თვრამეტი წლის თუ ვიქნებოდი. მისით მეტად მოხიბლული ვიყავი, ცოტა შოკირებულიც. ძალიან ხანმოკლე შეხვედრა იყო.
მოგვიანებით უფრო მეტად დავინტერესდი ამ პარტიით და დავიწყე კითხვა. საადას იდეოლოგიისა ახლაც მჯერა – ჩვენ ვართ საზოგადოება, რომელიც ეკუთვნის ქვეყანას, სახელად სირია. ერთმანეთს ეკუთვნის ყველა აქ მცხოვრები, განურჩევლად რასისა, ეთნიკურობისა, რელიგიისა. ქურთებად, ქრისტიანებად თუ მუსლიმებად არ ვართ დაყოფილნი. ყველანი სირიელები ვართ, თუმცა რადგან ისე მოხდა, რომ არაბებმა ბოლოს ჩაიბარეს ეს მიწა, ვარაბიზირდით და სირიელი არაბები გახლავართ. არაბული ენა ჩვენი კულტურის ნომერ პირველი ნაწილია. სრულიად გახსნილები ვართ დანარჩენი მსოფლიოს მიმართ. ჩვენი კულტურა ბერძნულ-რომაულ ცივილიზაციასაც ეყრდნობა და ფინიკიურსაც – ანბანის გამომგონებელთ, თუმცა განსაკუთრებით ის ასურულ-ბაბილონური ცივილიზაციის გაგრძელებაა. ანტუნ საადას იდეოლოგიის მესამე და მთავარი პრინციპი „ხალხის“ კონცეფციის დინასტიური ისტორიის ჭრილში გააზრება იყო. ყველა ეს პუნქტი „გაერთიანებულ ისტორიულ განგრძობითობას“ უსვამს ხაზს. ამიტომაც გვაქვს საერთო ისტორია.
– როდის და რატომ დაგაპატიმრეს?
– 1955 წელს სოციალ-ნაციონალისტურ პარტიასთან კავშირის ბრალდებით დამაკავეს. მე ალეპოში ვიყავი, სავალდებულო სამხედრო სამსახურს ვიხდიდი. დამასკოში არმიის ოფიცერი და პოლიტიკოსი ადნან ალ-მალიქი მოკლეს. ამ მკვლელობაში კი პარტია დაადანაშაულეს. რეჟიმი სასტიკად გაუსწორდა მის წევრებს.
– ციხის გამოცდილებიდან რა დაგამახსოვრდათ?
– ძალიან მწარე გამოცდილება იყო. ერთი წელი გავატარე იქ და მერე კიდევ ერთი წელი – ჯარში, სამხედრო სამსახური რომ დამესრულებინა. ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მთავარი გამოცდილება იყო ციხე, თუმცა არ მიყვარს ამაზე საუბარი. ამ თემაზე საგანგებოდ შევჩერდები მემუარებში, რომელსაც ვწერ.
მოგვიანებით პარტია დავტოვე, რადგან გამოცდილებამ მასწავლა, რომ არაბულ საზოგადოებაში, ფაქტობრივად, შეუძლებელია ფუნქციური ინსტიტუციების შენება. როგორც არ უნდა შექმნა და მუდმივად გარდაქმნა ის, რაც არ უნდა შეკრული, ეთიკურად მაღალ დონეზე გამართული კავშირი იყოს, ბოლოს მაინც დაიქცევა ჩვენნაირ საზოგადოებაში, სადაც საბაზისო ათვლის წერტილებია რელიგია, სექტარიანიზმი და ეთნიკურობა. ბოლოს ნებისმიერ ინსტიტუციას თუ პოლიტიკურ პარტიას ჩაყლაპავენ პირუტყვები, რომლებსაც ის აუჯანყდება ან დაუპირისპირდება…
– როდის და როგორ შეხვდით თქვენს მეუღლეს – ხალიდა საიდს? ისიც პარტიის წევრი იყო?
– 1952 წელს დამასკოში საერთო მეგობრის, აბლა ალ-ხურის სახლში შევხვდით. ალ-ხური მაშინ რადიოწამყვანი და კულტურის წრეებში ცნობილი პიროვნება იყო, ხალიდა კი მასწავლებელთა კოლეჯში მუშაობდა. იმ დროს თავად პარტიის წევრი არ იყო, თუმცა მჭიდრო კავშირი ჰქონდა სოციალ-ნაციონალისტურ პარტიასთან, რომლის აქტიური წევრი მისი ძმა გახლდათ. თავად მოგვიანებით გაწევრიანდა პარტიაში და ჩემზე მეტადაც კი აქტიურობდა. ამის გამო ისიც იყო დაპატიმრებული – როცა საცხოვრებლად ბეირუთში გადავედი, ხალიდა მხოლოდ ექვსი თვის შემდეგ შემომიერთდა.
– ის ალბათ თქვენი ყველაზე მნიშვნელოვანი მკითხველი და კრიტიკოსია.
– არაფერს ვაქვეყნებ, სანამ ის არ წაიკითხავს. ურთიერთობის სირთულეს ურყევი მეგობრობა სძლევს. რაც უნდა მძლავრი იყოს სიყვარული, ის ვერ გაიზრდება, თუ მეგობრობით არ არის გამყარებული. ჩვენი კავშირიც, რომელიც უამრავი ცხოვრებისეული სირთულის არსებობის ფონზე დღემდე მაინც შევინარჩუნეთ, სწორედ ინტელექტუალურმა მეგობრობამ გადაარჩინა. მეგობარია ის, ვისაც შეუძლია, დაგელაპარაკოს და შენც შეგიძლია დაელაპარაკო უპირობოდ, ყველა ვითარებაში. ერთხელ აბუ ჰაიან ათ-თავჰიდიმ[2] თქვა, მეგობარი მეორე შენ ხარო.
– ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ მის აზრს თქვენი ნაწერის შესახებ სრულიად არ დათანხმებიხართ?
– არასოდეს არც ერთს არაფერი გამოგვიქვეყნებია ისე, ერთმანეთისთვის აზრი რომ არ გვეკითხა. პირველ რიგში, მე ვთხოვ, რომ იყოს კრიტიკული, წითლად გახაზოს, რაც არ მოეწონება.
– ქალიშვილებთან – არვადთან და ნინართან როგორი ურთიერთობა გაქვთ?
– ამ კითხვაზე პასუხად ერთ ამბავს გიამბობთ. უმაღლესი სკოლის დამთავრების შემდეგ არვადმა ლიბერალური ხელოვნების კოლეჯში ჩააბარა და ფრანგული ლიტერატურის შესწავლა დაიწყო. მაშინ ბევრი მისი თანატოლი მემარცხენეთა წრეებში აქტიურობდა. ერთხელაც გამენდო, კომუნისტურ პარტიაში მინდაო შესვლა. ზუსტად ისე ვუპასუხე, როგორც ერთ დროს მამაჩემმა მითხრა – არც ჰოს გეტყვი და არც არას, მაგრამ თავად რას ფიქრობ ამასთან დაკავშირებით? ვურჩიე, დამეგობრებოდა პარტიის წევრებს, დაესვა მათთვის შეკითხვები, ყურადღება მიექცია, რამდენად ახლოსაა მათი აზრი მათ ნამოქმედართან. ერთია, რაღაცის გწამდეს, და სხვაა, აკეთებდე იმას, რისიც გჯერა. საშუალება მივეცი, თავად მიეღო გადაწყვეტილება – ეს ყოველთვის საუკეთესო გზაა – ყურადღებით შეისწავლე ყველა დეტალი, ისე გადაწყვიტე-მეთქი. მან მართლაც თავად მიიღო გადაწყვეტილება – ორი-სამი თვის შემდეგ იმედგაცრუებულმა დაანება ამ პარტიას თავი.
– რამდენად ახლოს იყავით ქალიშვილებთან, როცა ისინი მოზარდები იყვნენ?
– სამწუხაროდ, არასოდეს მქონდა დრო მათთან საურთიერთოდ. სულ სახლიდან ვიყავი გასული – ან ვმოგზაურობდი, ან ვმუშაობდი, ან კიდევ ვწერდი. მათი ცხოვრება თავიდან ბოლომდე დედას მივანდვე. ჩემი მეუღლე განათლებული, მცოდნე, კრიტიკული მიდგომების ქალი იყო. იცოდა, როგორ უნდა აღეზარდა შვილები სწორად. თუმცა ვწუხვარ და ზოგჯერ ვდარდობ კიდეც იმის გამო, რომ მე და ჩემს შვილებს შორის დიდი მეგობრობა არასოდეს ყოფილა.
– ახლაც კი?
– დიახ, ახლაც ჩვენი მეგობრობა უფრო ინტელექტუალურია, ვიდრე პირადული. თუ რამე მოხდა მათ ცხოვრებაში, აუცილებლად მოვლენ, დამელაპარაკებიან. თუმცა არსებობს ისეთი ემპათია, რომელიც სცდება ლოგიკასა და მიზეზს ანუ ის ურთიერთობას, ემოციას ეფუძნება. სამწუხაროდ, ასეთი არასოდეს გვქონია, ალბათ იმიტომ, რომ ზედმეტად ვიყავი საკუთარი თავით დაკავებული.
– ვინ ხართ თქვენ?
– ჩემს სიცოცხლეში არ მაქვს ამაზე პასუხი. ჩემი სიკვდილის შემდეგაც… ალბათ სხვებმა უნდა თქვან ეს.
– სიკვდილზე ფიქრობთ ხოლმე?
– არა. ძალიან დაკავებული ვარ საამისოდ. კიდევ ბევრი მაქვს გასაკეთებელი. ისე, სიკვდილის არ მეშინია. ვიცი, მოვა, მაგრამ ახლა არ მაქვს ამაზე ფიქრის დრო.
ესაუბრა ჰუდა ფახრედდინი, ბეირუთი, 2023
[1] ანტუნ საადა (1904-1949) – მართლმადიდებელი ლიბანელი ჟურნალისტი, აქტივისტი, სირიის სოციალ-ნაციონალისტური პარტიის დამაარსებელი,.
[2] აბუ ჰაიან ათ-თავჰიდი – მე-11 საუკუნის ფილოსოფოსი, მისტიკოსი მწერალი
© არილი