ესე (თარგმანი)

მიგელ დე უნამუნო – “უკვდავების წყურვილი”

Sin título-1.jpg

ესპანურიდან თარგმნა მერი ტიტვინიძემ

        ახლა ვიმსჯელოთ უკვდავების უკვდავ წყურვილზე, თუნდაც გნოსტიკოსებმა და ინტელექტუალებმა გვიკიჟინონ, ეს ხომ რიტორიკაა და არა ფილოსოფიაო, აკი თავად ღვთაებრივი პლატონი ბრძანებდა თავის “ფედონში”, – სულის უკვდავების თაობაზე რომ ბჭობდა, – ეგებ გვერჩივნა ამისთვის ლეგენდებს ვთხზავდეთო.

უწინარეს ყოვლისა, კიდევ ერთხელ და არა უკანასკნელად გავიხსენოთ სპინოზა, ვინც ამბობდა, ყოველი არსებული იმთავითვე ესწრაფოდა უკვდავებას და ეს სწრაფვაა მისი არსებობის უპირობო აზრი, რაც გულისხმობს განუსაზღვრელ დროს, რამეთუ სულს ბოლოს და ბოლოს, ცხადად და უდავოდ, – ეგებ გაუბედავადაც, – მაინც სწადია გაგრძელდეს მისი არსებობა დაუსაბამოდ და  მან იცის თავისი მიზანიო.

განა მართლაც შეუძლებელი არ არის ჩვენი თავი წარმოვიდგინოთ არარსებულად, როგორც უნდა მოვიწადინოთ, ანდა ჩვენმა ცნობიერებამ გააცნობიეროს თავისივე სრული არაცნობიერება, თავისივე საკუთარი არარსებობა… აბა სცადე, ჩემო მკითხველო, წარმოიდგინო, რომ შენი სული ღრმა ძილშიაც კი ფხიზლობს, მერე კიდევ სცადე წარმოიდგინო ცნობიერი არაცნობიერში. ამის გაგება თუ გააზრება, უთუოდ გამოიწვევს უმძიმეს სულიერ აშლილობას, რამეთუ ჩვენ არ ძალგვიძს დავიჯეროთ ჩვენი საკუთარი არყოფნა, არარსებობა.

ჩემთვის ხილული სამყარო, თვითგადარჩენის ინსტინქტის ეს პირმშო, მეტისმეტად პატარაა, ისეთი პატარა, როგორიც გალიაა, რომლის გისოსებსაც აწყდება ჩემი შეშფოთებული სული, ჰაერი არ მყოფნის, სული ვერ მომითქვამს, უფრო და უფრო მიმძაფრდება სურვილი ვიყო მე, დავრჩე ისეთი, როგორიც ვარ და ამავე დროს ვიყო სხვაც, შევაღწიო ყოველ არსებულში – ხილული იქნება თუ უხილავი, ერთიანად მოვიცვა უკიდეგანო სივრცე და შევერთო დროის უსასრულობას. ოღონდ თუ არ ვიქნები ყველა და არ ვიქნები მარადიულად, მაშინ ეს იგივე იქნება, რომ სულ არ ვიყო. დაე, ნუ ვიქნები ყველა, მაგრამ ვიყო მე, თავად მე და ვიყო მარადიულად. ხოლო თუკი ვიქნები მე, ასევე ვიქნები ყველა სხვაც. ან ყველაფერი, ან  არაფერი!

ან ყველაფერი, ან არაფერი! აბა, სხვა რა აზრი უნდა ჰქონდეს “ser o no ser!” “to be or not to be!” “ყოფნა-არ ყოფნას!” შექსპირის ამ სიტყვებს, იმ პოეტისას, ვინც თავის “კორიოლანოსში” მარკუსს ათქმევინა, რომ უკვდავებას მარტო იმიტომ ესწრაფოდა, რომ ყოფილიყო ვითარცა ღმერთი; “he wants nothing of god but eternity” მარადიულობა! მარადიულობა! სწორედ ეს არის წყურვილი, წყურვილი მარადმყოფობისა, ის, რასაც სიყვარულს უწოდებენ, ადამიანებს შორის სიყვარულს, რამეთუ ორ ადამიანს როცა ერთმანეთი უყვარს, ეს იმას ნიშნავს, რომ ერთს უნდა უკვდავჰყოს თავისი თავი მეორეში. ის, რაც არ არის მარადიული, არც რეალურია.

სულის სიღრმიდან აღმოხდება კივილი ყველა დროის პოეტს, ცხოვრების ამ შემაძრწუნებელი სწრაფწარმავლობის მომსწრეს, პინდარეს “ჩრდილის სიზმრიდან” მოყოლებული, ვიდრე კალდერონამდე, მისი “ცხოვრება სიზმარია” გავიხსენოთ და ბოლოს შექსპირის სიტყვებამდე – “ჩვენ შექმნილი ვართ სიზმარეული ქსოვილისაგან!” ეს სიტყვები ათასწილად ტრაგიკულია, ვიდრე კასტილიედისა, რამეთუ იგი თვით ჩვენს ცხოვრებას უწოდებს სიზმარს და არა ჩვენ, მესიზმრეებს. ინგლისელი კი სწორედ ჩვენ გვიწოდებს სიზმარს, სიზმარს, რომელსაც ესიზმრება.

ამაოება და წარმავლობა ამ სამყაროსი და სიყვარული, ეს ორია გულისგული, ნიშანი ჭეშმარიტი პოეზიისა და ერთს ისე ვერ შეეხები უმალ მეორემ არ გაიჟღეროს. სწორედ სამყაროსეული წარმავლობის განცდაა ჩვენში სიყვარულს რომ აღვიძებს, რამეთუ ოდენ სიყვარულით დაიძლევა ამაოებისა და ყოველივეს წარმავლობის სიმწარე, კვლავ სიყვარულია ჩვენს ცხოვრებას სისავსისა და უკვდავების იმედს რომ უღვივებს. ასეა თუ არა, მაინც ასე გვგონია… მაგრამ კვლავ სიყვარულია ამ სამყაროს არარაობას რომ შეგვაგონებს, როცა ბედი დაუნდობელია, მაგრამ სხვა სამყაროს არსებობის იმედსაც გვაძლევს, სადაც ბედისწერა უძლურია და სადაც სუფევს თავისუფლება.

ყველაფერი ჩაივლის! ამას გვიკიჟინებენ ისინი, ვინც დაეწაფა ცხოვრების წყაროს და შესვა სულმოუთქმელად, ვინც იგემა აკრძალული ხილი ხისაგან ცნობადისა კეთილისა და ბოროტისა.

ყოფნა! ყოფნა მარადიულად! ყოფნა უსასრულოდ! წყურვილი ყოფნისა! შიმშილი ღმერთისა! წყურვილი მარადიული და უკვდავი სიყვარულისა! ყოფნა დაუსაბამოდ! ყოფნა ღმერთად!

“და შეიქმნებით ღმერთივით კეთილისა და ბოროტის შემცნობელნი…” – ნათქვამია “დაბადებაში” (III.5) და ეს უთხრა გველმა პირველ შეყვარებულ წყვილს. “თუ მხოლოდ ამ ცხოვრებაში ვართ ქრისტეს სასოებით, კაცთა შორის უსაწყალობლესნი ვართ”, – უთქვამს მოციქულს (I კორინთელთა, XV.19), და აკი მთელი რელიგიაც ისტორიულად სათავეს იღებს მიცვალებულთა კულტიდან, ანუ უკვდავების კულტიდან.

უიღბლო პორტუგალიელი ებრაელი[1], ამსტერდამში რომ დაიდო ბინა, წერდა, თავისუფალი ადამიანი არაფერზე ფიქრობს ისე ცოტას, როგორც სიკვდილზეო; მაგრამ ასეთი თავისუფალი ადამიანი ხომ მკვდარი ადამიანია, ის  ვერ გრძნობს ცხოვრების ფეთქვას, მოკლებულია სიყვარულს, მონაა თავისივე თავისუფლებისა. ფიქრი იმაზე, რომ მელოდება სიკვდილი და იმ ამოუცნობ იდუმალებაზე, თუ რა იქნება მერე, ეს არის ჩემი ცნობიერების პულსი. როცა გავცქერი ამწვანებულ ველ-მინდვრებს, ანდა ვუყურებ ჩემი მოძმის ნათელ თვალებს, მაშინ აღივსება ხოლმე ჩემი ცნობიერება სიხარულით და ვგრძნობ სულის დიასტოლას, ვირწმუნებ მომავალსაც, მაგრამ მაშინვე იდუმალი ხმა ჩამიჩურჩულებს: “დაემშვიდობე სიცოცხლეს!” არც სიკვდილის ანგელოზი დააყოვნებს, ისიც უმალ შემახებს თავის ფრთას, სულის სისტოლაც მოაწყდება ჩემი გულის-გულს და აღავსებს ღვთაებრიობის სისხლით.

პასკალის კვალად ვერც მე გამიგია რა იმ ადამიანებისა, რომლებიც გვარწმუნებენ, ვითომ სიკვდილისა სულაც არ ეშინიათ; მათი ასეთი გულდაჯერებულობა თუ უგულისყურობა, თავად მათივე უკვდავებას და მთელ მათ ცხოვრებას რომ ეხება, ჩემ გულს სულ არ ეკარება, უმალ პირიქით, მაღიზიანებს და კიდეც მაშინებს. ასეთი ადამიანები მე, ისევე როგორც პასკალს, – ვისი სიტყვებიც მოვიშველიე, – “ურჩხულებად” მეჩვენებიან.

ათასჯერ და ათასნაირად მითქვამს, ჩვენი გარდაცვლილი წინაპრების კულტი უთუოდ პირველყოფილი რელიგიების დასაბამი უნდა იყოს-მეთქი; ეგებ ტყუილად არც უთქვამთ, ვითომ ადამიანს ცხოველისაგან პირველყოვლისა ის განასხვავებს, რომ ადამიანი თავის გარდაცვლილ ნათესავებს ყოვლისმშობელ დედა მიწას მიაბარებს ხოლმე, რომ ის ერთადერთი არსებაა, ვინც მიწის ზემოთ კი არ ტოვებს, მაინც მიწას ამოაფარებს და ისე იცავს თავის მკვდრებს. მაგრამ მაინც რატომ ინახავს და რისგან იცავს მათ საბრალო ადამიანი? საწყალი ცნობიერება ალბათ საკუთარ გაქრობაზე ფიქრს გაურბის, რადგან თვითონ ხედავს, როგორ მიდის ცოცხალი არსება ამქვეყნიდან და გადაიქცევა რაღაც გაუგებარ არარად, ალბათ ასეთ დროს ებადება სურვილი, თუ იმედი, რომ არის, ან უნდა რომ იყოს სხვა ცხოვრებაც, ამქვეყნიურისგან განსხვავებული სამყოფელი. ასე და ამგვარად, ვაითუ დედამიწას დაემუქროს უზარმაზარ სასაფლაოდ გადაქცევის საშიშროება, თუკი გარდაცვლილები კვლავაც არ გარდაიცვლებიან.

მაშინ, როცა ადამიანები თავიანთთვის საცხოვრებლად მიწურებსა და ჩალის  ქოხმახებს აგებენ, ავდარი ერთბაშად რომ გაასწორებს მიწასთან, მიცვალებულთათვის მთელ ყორღანებსა თუ აკლდამებს აღმართავენ, საუკუნეებს რომ შემორჩება, ცოცხლებისთვის კი დროებითი თავშესაფარიც დიდად არ აფიქრებთ.

ეს კულტი, ოღონდ არა იმდენად სიკვდილისა, რამდენადაც უკვდავებისა, წარმოშობს და იცავს რელიგიებს. ნგრევისა და ქაოსის დროს იყო, რომ რობესპიერმა თითქმის აიძულა კონვენტი გამოეცხადებინა უზენაესის არსებობა და “სულის უკვდავების სანუგეშო პრინციპი”, რამეთუ “მოუსყიდველის” შიშისზარი იპყრობდა მარტო იმის გაფიქრებაზეც კი, რომ ერთ დღესაც თვითონაც გაიხრწნებოდა.

ავადმყოფობა? ალბათ, მაგრამ ვინც განკურნებაზე არ ზრუნავს, მას, არც ჯანმრთელობა ანაღვლებს, რამეთუ ადამიანი, უკვე ვთქვით კიდეც, ავადმყოფი ცხოველიაო. მაშინ ისიც საფიქრებელია, რომ ჯანმრთელობის ერთადერთი მდგომარეობა იყოს სიკვდილი, ხოლო ავადმყოფობა კი – თვით ცხოვრება; მაგრამ ამასთან ეს სნეულება – ცხოვრება – ამავე დროს არის კარგი ჯანმრთელობის წყაროც. სევდის, ჩვენი მოკვდავობის შეგრძნების წყვდიადიდან გამოვდივართ სხვა ცის სინათლეზე, ვითარცა დანტე გამოვიდა ჯოჯოხეთის ქვესკნელიდან, რათა კვლავ ეხილა ვარსკვლავები – e quind uscimmo a riveder le stelle.

თუ ფიქრი ჩვენს მოკვდავობაზე თავდაპირველად დაგვამწუხრებს ხოლმე, მერე და მერე კიდეც გვამხნევებს; აბა, წარმოიდგინე მკითხველო, რომ ნელ-ნელა კვდები, სინათლე თანდათან ქრება, მთელი სამყარო დუმილში ეფლობა, შენც უნებურად დადუმდები, ხელებში ღონე გეცლება, ფეხქვეშ მიწას ვეღარ გრძნობ, მოგონებები უკვალოდ ქრება, გონება გიბნელდება, ისეთი გრძნობა გეუფლება, თითქოს ყველაფერი არარაში ჩანთქმულა და შენც თან ჩაუტანიხარ, თვით ეს არარაც, ამ არყოფნის გაცნობიერებაც კი, რაღაც საყრდენად რომ გეჩვენებოდა და კიდეც ებღაუჭებოდა შენი ასევე წარმოსახვითი მე, აღარ გრჩება.

ერთი ამბავი მსმენია ვინმე საწყალ მთიბავზე, რომელიც სიკვდილს ებრძოდა თურმე საავადმყოფოს საწოლზე, მაშინ მოსულა მღვდელი, რომ ეზიარებინა, მირონის ცხება რომ დაუპირებია, მარჯვენა ხელის მუჭი ვერასგზით გაახსნევინეს, ისე ჰქონდა ჩაბღუჯული ორიოდე ჭუჭყიანი მონეტა. საცოდავი ჯერ კიდევ ვერ მიმხვდარიყო, სულ მალე აღარც ფული, აღარც ხელი და აღარც თვითონ დარჩებოდა ამ წუთისოფელში. განა ჩვენც ასე არ ვებღაუჭებით ამ წუთისოფელს, მუჭში თუ არა, გულში ხომ გვაქვს ჩაბღუჯული სიცოცხლე.

ერთხელ იყო კიდევ ერთმა ჩემმა მეგობარმა რომ გამანდო, როგორ იგრძნო თურმე სრულიად ჯანმრთელმა სიკვდილის მოახლოება, თანაც ძალადობრივი სიკვდილისა, აჩრდილივით რომ დაჰყვებოდა, თვითონ კი  სიცოცხლეზე ფიქრობდა და გადაწყვიტა, თუკი ორიოდე დღე მაინც დარჩენოდა, მოესწრო და ერთი წიგნი დაეწერა. ამაოება ამაოთა!..

თუ ჩემი სხეულის მოკვდინების მერე – ჩემი სხეულისა-მეთქი  რომ ვამბობ, ამით იმის თქმა მინდა, რომ ჩემი სხეული გამოვაცალკევო იმისგან, რაც არის ჩემი მე, – ჩემი ცნობიერება დაუბრუნდება აბსოლუტურ არაცნობიერს, საიდანაც ოდესღაც გამოვიდა, ოღონდ თუ იგივე ელოდება ყველა ჩემ ძმასა და მოძმეს ამ ცხოვრებაში, მაშინ მთელი ჩვენი ადამიანური მოდგმა სხვა არაფერი ყოფილა, თუ არა მოჩვენებათა ავბედითი პროცესია ერთი არარადან მეორე არარაში რომ მიდი-მოდის, ხოლო ადამიანურობა – ყველაზე დიდი არაადამიანურობა, რაც კი ამქვეყნად მინახავს, თუ გამიგონია, აქ კი ერთი სიმღერა უნდა მოვიშველიო:

“მუდამ, როცა კი დავფიქრდები

სიკვდილი მაინც რომ არ ამცდება,

მაშინ მიწაზე გავშლი ლაბადას

და ისევ მარტო ძილს მივენდობი.

არა! ერთადერთი და ღირსეული ნაბიჯი ის იქნებოდა, რომ პირისპირ შევხვდებოდით იმ სფინქსს, თვალი გაგვესწორებინა მისი მზერისთვის, ეგებ ასე მაინც გამოგვეცლია ძალა მისი ჯადოსთვის და დაგვეხსნა თავი მისი ჯადოსგან.

თუ ჩვენ, ყველა სასიკვდილოდ ვართ განწირულნი, მაშინ ეს ყველაფერი რიღასთვისაა? რიღასთვის? იმ სფინქსის “რიღასთვის” სულს რომ გვიღრღნის და სასოწარკვეთილებაშიც გვაგდებს, მაგრამ იმედისა და სიყვარულის გრძნობასაც რომ აღვიძებს ჩვენში!

საბრალო კაუპერის პოეზიაში იშვიათი არ არის ბედის სამდურავი სტრიქონები, მაგრამ გვხვდება ისეთი სტრიქონებიც, ეტყობა, სიგიჟისა თუ ბოდვის წუთებში დაწერილი, რომლებშიც ღმერთის შურისგების სამიზნედ მიიჩნევდა თავს და უთუოდ მაშინ აღმოხდებოდა სიტყვები – ოდენ ჯოჯოხეთი თუ მომცემს თავშესაფარს მე შეჭირვებულსო – Hell mifht afford my miseries a sheltar.

ეს პურიტანული გრძნობაა – ცოდვის გამო შიში და ბედისწერა, მაგრამ აბა წაიკითხეთ სხვაც, გაცილებით შემაძრწუნებელი სიტყვები, ოღონდ არა პურიტანული, არამედ კათოლიკური სასოწარკვეთილებით გამსჭვალული, სენანკური რომ ათქმევინებს თავის პერსონაჟს – ობერმანს: “ადამიანი განწირულია დასაღუპად, დაე ასე იყოს, დაე დავიღუპოთ, ოღონდ წინააღმდეგობა მაინც გავუწიოთ, მაგრამ თუ მაინც გველოდება არყოფნა, ის მაინც ვცადოთ, რომ ეს არ იყოს დამსახურებული” ნამდვილად; მეც ვაღიარებ, რაოდენ ძნელი არ იყოს ეს ჩემთვის, რომ სიყმაწვილის ყველაზე გულმართალი რწმენის დროსაც კი არასოდეს შევუშინებივარ ჯოჯოხეთის შემაძრწუნებელი ტანჯვის აღწერასაც, რადგან ვგრძნობდი, რომ არარა გაცილებით შემზარავი იქნებოდა, ვინც იტანჯება, ის ცხოვრობს, მას უყვარს და იმედს არ კარგავს, თუნდაც მისი სახლის კარებზე ეწეროს “დაემშვიდობე ყოველგვარ იმედს!”, გვერჩივნოს ტანჯვით ცხოვრება, ვინემ აღვესრულოთ ნეტარებაში. გულის სიღრმეში არასოდეს მჯეროდა ჯოჯოხეთის ტანჯვა-წამება, ჩემთვის ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო არარა და არყოფნის წარმოდგენა. ყოველთვის მჯეროდა და კვლავაც მჯერა, თუ ჩვენ, ყველა ვირწმუნებდით არარასაგან, არყოფნისგან ჩვენ ხსნას, ნამდვილად უკეთესები გავხდებოდით.

ასეთი მაინც რა ხიბლი აქვს ამ ცხოვრებას, la joie de vivre-ს, რაზეც ამდენს გვიჩიჩინებენ დღეს? შიმშილი ღმერთისა, წყურვილი მარადმყოფობისა, სიცოცხლისა თუ ზეარსებობისა მაინც განელდება ხოლმე ამ ცხოვრებით, ჩვენი საწყალობელი ტკბობა, ასე უკვალოდ რომ ჩაივლის. არადა სწორედ სიცოცხლის ეს შმაგი სიყვარულია, მარადიული სიყვარულია ისევ და ისევ სიკვდილს რომ მოგვანატრებს და კიდეც გვიბიძგებს მისკენ. “მე ვკვდები, ხოლო თუ ვკვდები სულ ერთიანად და სამყაროც ქრება ჩემთვის, – ვიტყვით ხოლმე – რატომ უფრო მალე არ უნდა გაქრეს, რომ კიდევ დიდხანს არ გაგრძელდეს ჩვენი ტანჯვა ამ წარმავალი და მოჩვენებითი არსებობის ეს გაუსაძლისი შეგრძნება? თუკი ცხოვრების ეს მწარე ილუზია, ცხოვრება ცხოვრებისთვის, ანდა ცხოვრება სხვათათვის, ჩვენსავით სასიკვდილოდ განწირულთათვის უკვე ვეღარ ანუგეშებს ჩემ სულს, რიღასთვის უნდა ვიცხოვრო? ჩანს რომ ისევ სიკვდილი ყოფილა ჩვენი ხსნა”. აი როგორ ქმნის შიში სამგლოვიარო საგალობლებს და სიკვდილს ხსნას უწოდებს.

ტკივილისა და სევდის პოეტი, აღსრულების პოეტი ლეოპარდი, ვინც ამოიცნო სიცრუე და დაკარგა უკვდავების რწმენის ილუზია –

“გაქრა ის უკანასკნელი სიცრუე,

მარადიული რომ მეგონა…”

და “ყოველივეს ამაოებით აღივსო მისი გული” – L’infinita vanita del tutto, როცა დარწმუნდა სიყვარულსა და სიკვდილს შორის განუყრელ კავშირში, “როგორც კი გულში სიყვარული დაიბადება, მასთან ერთად უმალვე გაჩნდება სავალალო სურვილი სიკვდილისა”. თვითმკვლელებსაც ხომ უმეტესწილად სიყვარული, ცხოვრების წყურვილი, სიცოცხლის უსაზღვროდ გაგრძელების სურვილი უბიძგებს სიკვდილისკენ, როცა დარწმუნდება ოცნებების აუხდენლობასა და სიცოცხლის წყურვილის ამაოებაში.

ეს მარადიული ტრაგედიაა და როგორც უნდა ვეცადოთ, თავს მაინც ვერ ავარიდებთ, სულ ერთია, ვერსად გავექცევით და უნებურად ვნებდებით ხოლმე, გულმშვიდი გახლდათ პლატონი, – განა გულმშვიდი? – როცა 24 საუკუნის წინ თავის დიალოგში სულის უკვდავების თაობაზე, საკუთარი სული სულ არ უხსენებია, მაგრამ უკვდავებაზე ჩვენი ოცნების ალბათობასა თუ ეგებისობაზე ასეთი ღრმააზროვანი სიტყვა კი უთქვამს – “ასეთი რისკი მშვენიერია!” მშვენიერია, უთუოდ წილის ყრაც, როცა გვგონია ალალბედზე სულის უკვდავების კენჭს ამოვიღებთ; მშვენიერია ჩვენი ბედიც, თუკი ვირწმუნებთ, რომ ჩვენი სული უკვდავია. ეს აზრი გახდა კიდეც საფუძველი პასკალის ცნობილი სანაძლეოსი. ასეთი რისკის გაწევის მცდელობაზე რომ ამაღებინონ ხელი ყოველგვარ ხერხს იშველიებენ სულის უკვდავების რწმენის დამცრობისა და აბსურდულობის დასამტკიცებლად, მაგრამ მათი მტკიცებულებები ჩემზე მაინც ვერ ახდენს შთაბეჭდილებას, რადგან ეს მხოლოდ და მხოლოდ გონების დასკვნებია და სხვა არაფერია, გულს სულ არ ეკარება. მე არ მინდა მოვკვდე, არა; არც სიკვდილი მინდა და არც ამაზე ფიქრი. მე მინდა ვიცოცხლო მარადიულად, უსასრულოდ, ვიცოცხლო მე, სწორედ მე, ისეთმა როგორიც ვარ მე და როგორსაც ვხედავ და აღვიქვამ საკუთარ თავს ახლა და აქ; ამიტომ მტანჯავს ასე სულის უკვდავების გამოცანა.

მე ვარ ცენტრი ჩემი სამყაროსი, ცენტრი მთელი უნივერსუმისა და ამიტომ ვყვირი ასეთი სასოწარკვეთილებით მიშლესთან ერთად: “ჩემი მე! ჩემ მე-ს მტაცებენ!” “რას გამორჩება კაცი, თუ მოიგებს ქვეყანას და სულს კი წააგებს.” (მათე XVI. 26) თქვენ იტყვით ეგოიზმიო? განა არის კი რამ უფრო უნივერსალური, ვიდრე ინდივიდუალობაა, რამეთუ ის, რაც ეხება ერთს, ეხება ყველას. ყოველი ცალკეული ადამიანი უფრო ძვირფასია, ვიდრე მთელი კაცობრიობა. არ შეიძლება შესწირო ერთი ყველას, პირიქით, დაე ყველამ ერთად გასწიროს თავი ერთის გულისთვის. ის, რასაც თქვენ ეგოიზმს უწოდებთ, ფსიქიკური მიზიდულობის პრინციპია, უცილობელი აქსიომაა. “გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი!” ის კი არ უთქვამთ გიყვარდეს თავი შენიო, ეს ისედაც იგულისხმება და არცაა ნათქვამი “გიყვარდეს თავი შენიო!” და მაინც ჩვენ არ ვიცით საკუთარი თავის სიყვარული.

შეეშვი მაგ შენ ახირებულ აზრს და იმაზე დაფიქრდი, რასაც გიკიჟინებენ. გასწირე საკუთარი თავი შენი შვილების გულისთვის! და შენც გასწირავ კიდეც, რადგან ისინი შენი საკუთარი შვილები არიან, შენი გამგრძელებლები. ისინი კი თავიანთი შვილებისთვის გასწირავენ, მერე ისინი თავიანთი შვილებისთვის და ასე გაგრძელდება დაუსრულებლად; უნაყოფო და უაზრო მსხვერპლშეწირვა, სრულიად უსარგებლო… ყოველი ჩვენთაგანი ამ ქვეყანაზე გაჩნდა იმისთვის, რომ განახორციელოს საკუთარი თავი, საკუთარი “მე”. მერედა რა ელოდება ყველა ჩვენ “მე”-ს? იცხოვრე სიმართლისთვის, სიკეთისა და სილამაზისთვის! მაგრამ ჩვენ კიდევ ვნახავთ მთელ ამ ფარისევლური და ყალბი პოზიციის უმართებულობასა და ამაოებას!

“შენ ხარ ის!” – იტყვიან უპანიშადები, მე კი ვამბობ: დიახ, მე ვარ ის, მე ვარ ყველა და ყველაფერი არის ჩემი, ხოლო რაკი ამ ყველაფრის ერთობლიობა არის ჩემი, მიყვარს კიდეც და მიყვარს ჩემი მოყვასიც, რამეთუ იგი არსებობს არა მხოლოდ თავისთვის, არამედ როგორც ჩემი ნაწილი, ჩემი ცნობიერების ნაწილი, ისევე როგორც მე ვარ მისი ნაწილი, ისიც არის ჩემი ნაწილი.

ოჰ, ვის შეეძლო გაეგრძელებინა ეს ნეტარი წუთები, დავეძინებინე მასში და მასში მოენიჭებინა ჩემთვის უკვდავება? ახლა და აქ, ამ მქრქალ შუქზე, ამ მყუდრო სავანეში, როცა გულში ჩამცხრალია ქარიშხალი, როცა ჩემამდე ვერ აღწევს სამყაროსეული ექო! მისძინებია დაუოკებელ სურვილს და სიზმრებსაც ვერ ხედავს, ოდენ წმინდა ჩვევა კიდევ ბოგინობს ჩემს მარადისობაში, მოგონებებთან ერთად მოკვდა იმედგაცრუება, იმედებთან ერთად კი მიიცვალა შიშიც!

და ისმის ჩვენ გასაგონად მიკიბულ-მოკიბული მითქმა-მოთქმა, უნდათ შეგვიყოლიონ და დაგვარწმუნონ, თითქოს არაფერი იკარგება, მხოლოდ იცვლება და გარდაისახება, მატერიის სულ უმცირესი ნაწილაკიც კი უკვალოდ არ ქრება, ისევე როგორც ენერგიის თვალშეუვლები გამოკრთომა; არიან ისეთებიც, რომელთაც უნდათ გვანუგეშონ. საწყალობელი ნუგეში! მე კი სულ არ მაღელვებს არც ჩემი მატერია და არც ჩემი ენერგია, რამეთუ არც ერთია ჩემი და არც მეორე, თუკი მე თვითონ არ ვიქნები უკვდავი. არა, არ მინდა გავითქვიფო იმ დიდ ყველაფერში, მატერიაა თუ ენერგია, უსაზღვროა თუ მარადიული, ანდა თუნდაც ღმერთში, ასე რომ მწყურია; მე თავად მინდა დავეუფლო ღმერთს და არა ის, რომ თვითონ დამეუფლოს მე, თავად მინდა ვიყო ღმერთი, ოღონდ ამავე დროს ვიყო მე თვითონ, ის, ვინც ახლა გელაპარაკებათ თქვენ: ჩვენ არაფერს გვარგებს მონიზმის ხრიკები, ჩვენ გვსურს უკვდავება მთლიანი და სრული და არა მისი უფერული ლანდი.

მატერიალიზმი? თქვენ გაიძახით მატერიალიზმიო? შესაძლებელია ესეც, აკი ჩვენი სულიც თავისებური მატერიაა, ის სულაც არ არის არაფერი. მე ის აზრი მაშინებს, საკუთარ სხეულს არ ჩამომაცილონ, მაგრამ კიდევ უფრო ის მაშინებს, რომ სულ არ მოვწყდე ყოველგვარ ხილულსა თუ მატერიალურს, ყოველგვარ სუბსტანციურს. ეგებ სწორედ ეს შეიძლება იმსახურებდეს მატერიალიზმის სახელს; და თუ მე მთელი ჩემი ძალითა და გრძნობით ვებღაუჭები ღმერთს, იმიტომ ვებღაუჭები, რომ მან მიხსნას სიკვდილისგან, გადმომხედოს თავისი ზეციდან, როცა სამუდამოდ დამეხუჭება თვალები, ეგებ გგონიათ, რომ თავს ვიტყუებ?” დაე ასე იყოს, ამაზე აღარაფერი ვთქვათ, დამაცადეთ ვიცხოვრო, რაკი ასე შემიძლია ცხოვრება!

უკვდავების წყურვილს სიამაყესაც უწოდებენ ხოლმე; ლეოპარდიმ კი “საზიზღარი სიამაყე” დაარქვა. ეგებ ისიც გვკითხონ, ასეთი მაინც ვინ ხართ და რანი ხართ, საზიზღარი მიწის მატლები, უკვდავებას რომ მოითხოვთო! რა დამსახურებისთვის? რა უფლებით? რა მიზნით? რა უფლებით? ანდა ვისი თუ რისი წყალობით? – ალბათ ამასაც გამოიძიებენ; – კეთილი და პატიოსანი, მაგრამ ისიც იკითხონ, რა დამსახურებისთვის გვიბოძეს სიცოცხლე? რისთვის? რა მიზნით? რა უფლებით ვცხოვრობთ? ჩვენი არსებობა იმდენადვეა უსაფუძვლო და უპირობო, როგორც მარადიული არსებობა, ასე რომ, გვირჩევნია, არაფერი ვთქვათ დამსახურებაზე, ან მიზანზე და არც უფლებაზე, თორემ ამ აბსურდების კორიანტელში შეიძლება სულ დავკარგოთ აზრი და გონება. მე არც არანაირ უფლებებს მოვითხოვ და არც დამსახურებებზე ვლაპარაკობ. მე მჭირდება ერთადერთი რამ, – ეს მიზანი ჩემშივეა, – სიცოცხლე, რაც აუცილებელია და უკამათო.

“მერედა მაინც ვინ ხარ ასეთი?” – ალბათ მკითხავენ, – მე კი ვუპასუხებდი ობერმანთან ერთად – “სამყაროსთვის – არაფერი, ჩემთვის ყველაფერი!” სიამაყეო? განა უკვდავების წყურვილი სიამაყეა? საბრალო ადამიანები! ტრაგიკულია მათი ხვედრი, რამეთუ უკვდავების თავიანთ სურვილსა და მტკიცებულებას მერხევ ნიადაგზე აგებენ, მაგრამ ისიც დიდი უგუნურობა იქნებოდა ეს სურვილი აუხდენლობის საბაბით განსაჯონ, განა ვინმეს დაუმტკიცებია მისი აუხდენლობა, ეგებ მითხრათ, გძინავსო? მაშინ მაცალეთ ვიძინო; თუკი ეს ძილია ჩემი ცხოვრება, ნურც გამაღვიძებთ. მე მწამს უკვდავების წყაროს უკვდავი სურვილი, რაც არის ჩემი სულის თვით არსი და აზრი. მაგრამ ნამდვილად კი მჯერა ეს?.. “მაინც რისთვის გინდა ეს უკვდავება?” ალბათ მკითხავთ. რისთვის? ვერც კი ვხვდები რას მეკითხებით, გულწრფელად გეუბნებით. ეს იგივეა, რომ გონებას ჰკითხოთ გონებაზე, მიზანს – მიზანზე ანდა დასაბამს – დასაბამზე, მაგრამ ამაზე ლაპარაკიც არ შეიძლება.

“წმინდა მოციქულთა საქმენი” გვამცნობენ, რომ სადაც კი გამოჩნდებოდა თურმე პავლე, ეჭვიანი იუდეველები ხალხს აქეზებდნენ, განედევნათ იგი. იკონიონსა და ლისტრაში, ლიკაონიის ქალაქებში ქვებს უშენდნენ იმ სასწაულების მიუხედავად, რაც ამ ქალაქებში მოახდინა. მაკედონიის ფილიპოსში კეტებით დასდევდნენ, თესალონიკასა და ბერეაში თავისი თანამოძმენიც კი ერიდებოდნენ, მაგრამ შევიდა იგი ათენში, ბრძენთა ამ განთქმულ ქალაქში, პლატონის კეთილშობილი სული რომ დაჰფოფინებდა და ვინც უმშვენიერესი რისკი გასწია უკვდავების მტკიცებისთვის; და იქ პავლე ეკამათებოდა ეპიკურელებს და სტოიკოსებს, რომელთაგან ერთნი იტყოდნენ “რისი თქმა უნდა ამ ყბედს?” ზოგიც გაიძახოდა – “როგორც ჩანს უცხო ღვთაებების მქადაგებელია!” (საქმენი, XVII.18) – და მოჰკიდეს ხელი და წაიყვანეს არეოპაგში, თან ეკითხებოდნენ, “შეიძლება გაგვაგებინო რა არის ეს მოძღვრება, რასაც გვიქადაგებ? რამეთუ უცნაურ რასმე გვასმენინებ, ამიტომ გვინდა ვიცოდეთ რა არის ეს” (საქმენი, XIX.20); ამას მოჰყვება დაცემის ხანის ათენელების დახასიათება, გატაცებით რომ ისმენდნენ ყოველგვარ ახალსა და საკვირველ ამბებს, “ხოლო ათენელებისა და იქ მცხოვრები უცხოელებისათვის არ არსებობდა უფრო საამო დროსტარება, ვიდრე რაიმე ახლის მოყოლა და მოსმენა.” (საქმენი. XVII.21), დიდებული თვისება, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ ბერძნებმა, მას შემდეგ, რაც ოდისევსის ამბები აითვისეს, იფიქრეს, ვითომ ღმერთები ისეთ მზაკვრულ ხრიკებს ხლართავდნენ და ადამიანებსაც იმიტომ ხოცავდნენ, რომ შთამომავლობას ჰქონოდა რამ საამბობელიო.

და აჰა, პავლე წარსდგა დახვეწილი და ზრდილი ათენელების წინაშე, ამ განათლებული და შემწყნარებელი ადამიანების წინაშე, რომლებიც ისმენენ, იღებენ და განსჯიან ყოველგვარ მოძღვრებას, არავის არც ქვებს ესვრიან და არც კეტებით დასდევენ, არც ციხეში ამწყვდევენ, იმათ, ვინც სხვა აღმსარებლობას იზიარებს. და პავლეც დგას იქ, სადაც პატივს სცემენ სინდისის თავისუფლებას, სადაც უსმენენ და ესმით ყოველგვარი აზრი თუ შეხედულება; და აღიმაღლებს იგი ხმას იქ, არეოპაგის შუაგულში და ლაპარაკობს ისე, როგორც ეკადრება განათლებულ და კულტურულ ათენელ მოქალაქეებს, ისინი გულისყურით უსმენენ, ისედაც ყოველგვარ ახალ ამბებს დახარბებულები; მაგრამ როგორც კი პავლე ახსენებს მკვდრეთით აღდგომას, მათი მოთმინებისა და მიმტევებლობის ძაფიც გაწყდება, ერთნი ქირქილებენ, მეორენი იტყვიან: “ამას სხვა დროს მოვისმენთ!” ცხადია, მეტის გაგონება აღარ უნდათ. იგივე განმეორდება კესარიაში, რომაელი პრეტორის ფელიქსის წინაშეც, ასევე შემწყნარებელი და განათლებული ადამიანისა, ვინც შეუმსუბუქა პავლეს ციხეში ყოფნის მძიმე დღეები და მასთან შეხვედრაც მოინდომა, მოისურვა მისი მოსმენა და კიდეც უსმენდა, სანამ იგი ლაპარაკობდა სამართლიანობაზე, მიმტევებლობაზე, თავშეკავებაზე, მაგრამ როგორც კი ახსენა მომავალი სამსჯავრო, შეშინებულმა ფელიქსმა ესღა უთხრა: “ახლა წადი და როცა მოვიცლი მოგიხმობ შენ.” (საქმენი,XVIV.22-25), მაგრამ როცა პავლე წარსდგა ფესტოს მმართველის, მეფე აგრიპას წინაშე და მანაც მოისმინა მისი სიტყვები მკვდრეთით აღდგომის შესახებ, შესძახა: “შმაგობ, პავლე! მეტისმეტ ცოდნას გაუშმაგებიხარ შენ!” (საქმენი, XXV.24).

ამ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა არა აქვს არის თუ არა სიმართლე არეოპაგში პავლეს წარმოთქმულ სიტყვებში, საგულისხმოა ის, რომ ამ ლამაზ ამბავში კარგად ჩანს ათენელთა მიმტევებლობა, ეთიკა და ინტელექტუალთა მოთმინების ზღვარი, მართლაც შეიძლება მშვიდადაც გისმენდნენ, ღიმილით, და კიდეც გამხნევებდნენ შეძახილებით: “საგულისხმოა!” კიდევ უკეთესი – “გონივრულია!”- ანდა “მშვენიერია!” – “რა სამწუხაროა, რომ ეს მართალი არ არის, არადა, რა დიდებულია!” – “ესეც დამაფიქრებელია!” მაგრამ საკმარისი იქნებოდა მკვდრეთით აღდგომა, ან იმქვეყნიური ცხოვრება ეხსენებინა, რომ მათი მოთმინების ფიალა აივსებოდა და სიტყვის დამთავრებასაც არავინ დაგაცლიდა: “მორჩი, ამაზე სხვა დროს ვილაპარაკოთო!” მე კი სწორედ ამაზე მინდა გელაპარაკოთ, ჩემო საწყალო ათენელებო, ჩემო სულსწრაფო ინტელექტუალებო, სწორედ თქვენ და აქ მინდა გითხრათ ჩემი სათქმელი.

და თუნდაც ეს რწმენა, უკვდავების რწმენა იყოს აბსურდული, რატომ უნდა იწვევდეს ასეთ შეუწყნარებლობას, გაცილებით მეტ შეუწყნარებლობას,

ვიდრე სხვა უფრო უარესი აბსურდულობა, რატომ უნდა აღვიძებდეს თქვენში ეს რწმენა ასეთ მტრულ დამოკიდებულებას? შიშის გამო ხომ არა? ეგებ გიჭირთ მისი გაგება და გაზიარება?

და კვლავაც მოგვიბრუნდებიან საღად მოაზროვნე ადამიანები, ისინი, თავს რომ არავის მოატყუებინებენ, კიდეც დაგვცინებენ და ჭკუასაც გვასწავლიან, ვითომ არც ასეთი გაგიჟება შეიძლებაო, ასეთი ახირება სიკეთეს არ დაგაყრითო, რამეთუ ის, რაც არ ეგების, არც მოხდებაო… გმირობა ის არისო, – ამბობენ ისინი, – შეურიგდე ბედს და რაკი მაინც არა ვართ უკვდავნი, ნურც მოვისურვებთ, დავყვეთ გონებას, სულ ნუ გადავიწურავთ იმედსაც და ნუ დავიბნელებთ ცხოვრებას, იმასაც დასძენენ – ასეთი აკვიატება ავადმყოფობააო! ავადმყოფობა, სიგიჟე, გონება… მუდამ ერთი და იგივეა! მაშ ასე: არა! მე არ დავნებდები გონებას და კიდეც ავუჯანყდები, ჩემი რწმენის ძალითა და იმედით ვეცდები შევქმნა ჩემი ღმერთი, ვინც მომანიჭებს უკვდავებას და ჩემი ნებითა და ძალით ციურ მნათობებსაც შევუცვლი გეზს, რამეთუ მჯერა: “თუ გექნებათ მდოგვის მარცვლის ოდენა რწმენა უბრძანეთ ამ მთას გადაადგილდიო და ისიც გადაადგილდება და არაფერი იქნება შეუძლებელი თქვენთვის”. (მათე, XII.20).

ესეც თქვენი ენერგიის მიმტაცებელია, – ასე უმართებულოდ უწოდა მან[2] ქრისტეს, – ვისაც უნდოდა შეერიგებინა ნიჰილიზმი არსებობისთვის ბრძოლასთან და ცხოვრების აზრსა და ფასზე გელაპარაკებათ. გული უკვდავებას სთხოვდა, გონება კი არარაზე ეჩიჩინებოდა; და ასე სასოწარკვეთილი და თავგზადაკარგული ისევ საკუთარ თავში ეძებდა ხსნას და მაინც დასწყევლა ის, ვინც ყველაზე მეტად უყვარდა. რაკი  ვერა და ვერ გახდა ქრისტე, მაშინ შერისხა ისიც. ილაჯგაწყვეტილი ოცნებობდა მარადიულ დაბრუნებაზე, მარადიულობის ამ საწყალობელ მინამსგავსზე და საკუთარი თავისადმი სიბრალულით გამსჭვალულმა შეიძულა ყოველგვარი სიბრალული. კიდევ იტყვიან მისი ფილოსოფია ძლიერთა ფილოსოფიააო. არა ასე არ არის. ჩემი სიჯანსაღე და ძალა  მაგულიანებს, რომ ვესწრაფოდე მარადიულ არსებობას, მისი ფილოსოფია კი სუსტების ფილოსოფიაა, მათი, ვინც ოცნებობს გახდეს ძლიერი; ეს არის და ეს; ოდენ სუსტები ნებდებიან სიკვდილს როგორც გარდაუვალ დასასრულს და თავისივე თავში ახშობენ უკვდავების წყურვილს, ანდა სხვა გზას ეძებენ, ოღონდ ამაზე არ იფიქრონ. ძლიერი ადამიანის უკვდავების წყურვილი სძლევს ეჭვს და ცხოვრების სისავსეც არ ანებებს შეურიგდეს სიკვდილს.

სიკვდილის ამ შემაძრწუნებელი იდუმალების წინაშე, სფინქსთან პირისპირ შეხვდრისას ადამიანი სხვადასხვანაირად იქცევა და თავსაც სხვაგვარად ინუგეშებს. ზოგჯერ ადამიანი ცხოვრებას თამაშადაც კი მიიჩნევს და ეთანხმება რენანს, ვინც ცხოვრება შეადარა თეატრალურ სანახაობას, რასაც ღმერთი თავის თავს უწყობს, ჩვენ კი უნდა დავეხმაროთ დიდ ხორეგას, რათა სპექტაკლი ბრყინვალე და შთამბეჭდავი გამოვიდეს. ასე შეიქმნა ხელოვნებიდან რელიგია და მეტაფიზიკური ბოროტების საშუალება, ასევე გამოიგონეს ის უაზრო აბდაუბდა, რასაც უწოდეს ხელოვნება ხელოვნებისთვის.

მაგრამ არ დამთავრებულა ის, ვინც გვარწმუნებს, რომ წერს, ხატავს, ძერწავს თუ მღერის საკუთარი სიამოვნებისთვის, მერე კი საზოგადოების საჩვენებლად გამოფენასაც მოაწყობს, ის ცრუობს და ცრუობს მაშინაც, როცა ხელს აწერს თავის თხზულებას, ქანდაკებას თუ სიმღერას. ცხადია, მას უნდა, რომ დარჩეს თავის სულის თუნდაც ლანდი და არ გაქრეს მისი ხსენება მომავალში. არადა დღემდეა შემონახული ანონიმური ძეგლი “ქრისტეს მიბაძვის”, რომლის ავტორს  ცხადია, სულის უკვდავება უფრო სწყუროდა, სახელის უკვდავებაზე კი სულ არ უზრუნია. მწერალი, რომელიც გვარწმუნებს ვითომ არაფრად უღირს სახელი და დიდება, ვინმე თაღლითივით ცრუობს. თურმე დანტეც, ვინც დაგვიტოვა ოცდაცამეტი ბრწყინვალე პოეზიის ნიმუში, როგორც ბოკაჩო გვიამბობს, სულაც არ ყოფილა გულგრილი სახელისა და დიდების მიმართ, თუმცა კი მის განთქმულ ქველობას ეს შეიძლება სულაც არ ეკადრება; მისი ცოდვილებიც, ჯოჯოხეთში რომ იტანჯებიან, მაინც იმაზე ოცნებობენ, იქ, დედამიწაზე, ჩვენი ხსენება სულ არ გაქრესო და ამის იმედი უნათებს მათ ჯოჯოხეთის წყვდიადს; ესეც არ იყოს, ვითომ თავისი “მონარქია” მარტო სხვათა სარგებლობისთვის კი არ შეუქმნია, საკუთარ სახელსა და პალმის რტოზეც ფიქრობდაო. აბა სხვა რა გითხრათ? ისეთი წმინდა კაციც კი, როგორიც გახლდათ სათნოებით ცნობილი ასიზელი, ვინც ამქვეყნიურ პატივმოყვარეობას არასდროს უცდუნებია, მინორიტების ორდენის უპოვართა  თემობის თანამოძმენი მაინც იხსენებდნენ მის ნათქვამს – “თქვენც ნახავთ, რა პატივით მომიხსენიებს მთელი ქვეყანაო”. თავად უფალი ჩვენი ღმერთი, ეს სამყარო რომ შექმნა, – იტყვიან ხოლმე თეოლოგები, – უწინ იმაზე ფიქრობდა, ჩემ სახელს განადიდებენო.

როცა ეჭვი მოგვეძალება და საგონებელში ჩაგვაგდებს ხოლმე, უკვდავების ჩვენ რწმენას ღრუბელივით ჩამოეფარება, მაშინ კიდევ უფრო მძაფრად და მტკივნეულად ვგრძნობთ, რადაც უნდა გვიღირდეს, გაგრძელდეს ჩვენი არსებობა, ვეცადოთ უკვდავვყოთ ჩვენი სახელი. აქედანვე იწყება ჩვენი თავგამეტებული ბრძოლა, რათა დავიმკვიდროთ ჩვენი ადგილი რჩეულთა შორის, დავრჩეთ ჩვენი კეთილისმსურველთა და მომავალი თაობის ხსოვნაში. ეს  ბრძოლა ათასწილად გაუსაძლისია, ვიდრე ბრძოლა არსებობისთვის, ამასთან ერთგვარად  ზემოქმედებს, ერთგვარ ელფერს, კილოსა თუ განწყობას უქმნის ჩვენს თანამედროვე საზოგადოებას, რომელიც თანდათან კარგავს უკვდავების შუასაუკუნეებისდროინდელ რწმენას, ესეც არ იყოს, ვის არ სწყურია დაიმკვიდროს საკუთარი თავი, თუნდაც მოჩვენებით.

როცა შიმშილის გრძნობა დაკმაყოფილებულია, ეს კი უმალ იგრძნობა, მაშინვე წამოყოფს თავს პატივმოყვარეობა, ანუ მოთხოვნილება მოიპოვონ პატივისცემა ხალხში, გააგრძელონ ცხოვრება სხვათა იმედით, ადამიანი ადვილად დათმობს ერთი ქისისთვის სიცოცხლესაც კი, მაგრამ ადვილადვე შეელევა ამ ქისას პატივმოყვარეობის დაკმაყოფილების სანაცვლოდ, ამასაც არ იკმარებს და სხვა თუ არაფერი აქვს დასაქადნი, სიღარიბითაც კი მოიწონებს თავს, ანდა სხვა გასაჭირით. ამ დროს იგი ემსგავსება ბავშვს, გაჭრილი და შეხვეული თითით რომ ყოყლოჩინობს, ოღონდ კი ყურადღება მიიქციოს, პატივმოყვარეობა ხომ სხვა არაფერია, თუ არა თავის დამკვიდრების მცდელობა.

პატივმოყვარე კაცი ემსგავსება იმ ძუნწ ვაჭარს, ვისთვისაც საშუალება, ანუ ფული ყოვლისშემძლეა და რაკი მიზანსაც ის დაუსახავს, ერთიანად მიენდობა მას, ანუ საშუალება – ფულს. უწინარეს ყოვლისა ჩვენ ის გვჭირდება, რომ სხვებმა აღიარონ ჩვენი უპირატესობა, რათა მერე ჩვენ თვითონაც ვირწმუნოთ და ამაზე ავაგოთ უკვდავების ჩვენი რწმენა, თუნდაც ჩვენი სახელის უკვდავებისა. ჩვენ უფრო გვსიამოვნებს, როცა ნიჭს შეგვიქებენ, თუკი რაიმეში გამოვავლენთ, ვიდრე ამავე საქმის სამართლიანობასა და სარგებლიანობას. ჩვენი თანამედროვეობის სულიერი სამყარო ერთიანადაა შეპყრობილი ორიგინალურობის შმაგი მანიით და უკლებლივ ყველა მარტო იმაზეა გაფაციცებული, როგორმე რაიმეში გამოიჩინოს ეს ორიგინალურობა. რატომღაც ნიჭიერი სისულელე გვირჩევნია უფერულ გონიერებას. ჯერ კიდევ რუსომ აღნიშნა ეს თავის “ემილში” – “თუმცა ფილოსოფოსების მიზანიც და დანიშნულებაც არის ჭეშმარიტების აღმოჩენა, სინამდვილეში გვეგულება კი ვინმე ამ მიზნისთვის რომ იღვწოდეს? ყოველ მათგანს კარგად მოეხსენება, რომ მისი სისტემა სხვისაზე უკეთესად არ არის ჩამოყალიბებული, მაგრამ მაინც თავისას იცავს, რაკი თავისია. არაფერი მსმენია იმაზე, ვინც შეიძლება კიდეც შეიცნო ჭეშმარიტებისა და სიყალბის არსი და უპირატესობა ყალბს არ მიაკუთვნა, თუკი მისი იყო და არა ჭეშმარიტების, სხვამ რომ მიაკვლია. განა მოიძებნება ის ფილოსოფოსი, ვინც საკუთარი სახელის განდიდების მიზნით თვით ადამიანთა მოდგმასაც კი არ შეაცდენდა! ნუთუ გეგულებათ ვინმე, ვისაც გულში მაინც ჰქონია სხვა მიზანი, თუ არა საკუთარი თავის წარმოჩენისა! ოღონდ კი თვითონ ამაღლდეს ბრბოზე და მის შეხედულებებზე, ოღონდ კი დაჩრდილოს თავისი მეტოქეები, გგონიათ სხვას რასმე ინატრებდა? მთავარია თვითონ არ ფიქრობდეს ისე, როგორც სხვები ფიქრობენ. მორწმუნეთა შორის იგი ათეისტია, ათეისტებს შორის კი მორწმუნედ მოაქვს თავი!” მაინც რაოდენი სიმართლეა ამ ნაღველნარევ აღიარებაში. ამ ჭეშმარიტად გულწრფელი ადამიანის სიტყვებში.

ჩვენი სახელის უკვდავყოფისთვის ამ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში მხოლოდ იმისთვის კი არ ვრჩებით, რომ მომავალს დავეუფლოთ, არც წარსულს ვაძლევთ მოსვენებას, მიცვალებულებსაც ვებრძვით, რამეთუ მათი აჩრდილებიც კი გზას არ აძლევენ ცოცხლებს. ჩვენ მოსვენებას არ გვაძლევს ეჭვისა და შურის გრძნობა გარდასულ დროთა გენიოსების მიმართაც კი, ჩვენამდე რომ ცხოვრობდნენ და რომელთა სახელები ლამის ისტორიულ ეტაპებადაა აღიარებული და საუკუნეებს შემორჩება. სახელისა და დიდების სამყოფელი – ზეცა არც იმდენად უკიდეგანოა, რომ ყველა მსურველი მიიღოს და დაიტიოს, რაც მეტი მოცილე გამოგვიჩნდება, მით ნაკლები ადგილი დარჩება ჩვენთვის; ესეც არ იყოს, ისინი ადამიანთა მეხსიერებაში დარჩენაშიც გვეცილებიან და ამიტომაა, რომ გამოვდივართ მათ წინააღმდეგ ჩვენც და ისინიც, ვინც ბეჯითად ჩხრეკენ ლიტერატურას და კიდეც განიკითხავენ მათ, ვინც უკვე დაიმკვიდრა სახელი და კარგადაც სარგებლობს; მაგრამ თუ ლიტერატურა მეტისმეტად გამდიდრდა ასეთი წარმატებული პიროვნებების სახელებით, ერთ დღესაც დადგება გაცხრილვის დღე და ბევრ ჩვენგანს შეიპყრობს შიში, ვაითუ საცერში დავრჩეო. როცა ყმაწვილი უდიერად ექცევა მასწავლებელს და კიდეც ეურჩება, იგი თავს იცავს. ხატმებრძოლი, ხატების დამამხობელი ის მესვეტეა, ვინც თავის თავს მიიჩნევს სახატედ. “ყოველგვარი შედარება დასაგმობიაო” – ცნობილი ანდაზაა და სინამდვილეში ასეცაა. განა ჩვენ, უკლებლივ ყველა არ ვცდილობთ გავხდეთ ერთადერთნი და უცილობელნი. აბა უთხარით ფერნანდესს, რომ იგი არის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ახალგაზრდა ესპანელებს შორის, გგონიათ ეს შექება დიდად ასიამოვნებს, თუნდაც მადლობა გადაგიხადოთ? თუ ეტყვით, რომ ის ყველაზე ნიჭიერი ესპანელია… დალახვროს ეშმაკმა!.. დიდად არც ეს გაახარებს, თუმცა ამქვეყნად ყველაზე ნიჭიერ ყმაწვილად აღიარებაც ეცოტავება. მის პატივმოყვარეობას მარტო ის დააკმაყოფილებს, თუ მას პირველობას მიანიჭებენ ყველა დროსა და სივრცეში. რამდენადაც მეტს ეცდება ადამიანი, რომ სხვებზე მაღლა დადგეს, იყოს ერთადერთი, მით უფრო მიუახლოვდება ილუზორულ, წარმოსახვით უკვდავებას, სახელის მარადიულობას, რამეთუ ერთი სახელი უთუოდ დაამცრობს მეორეს.

სწორედ ამიტომ აღვშფოთდებით ხოლმე, როცა ჩვენგან სესხულობენ, თუ გვპარავენ აზრს, ან ფრაზას, თუნდაც ნიშნეულ სახეს, ჩვენად რომ მიგვაჩნდა. რა გვეთქმის? რა დავარქვათ ამას? პლაგიატი, ქურდობა, თუ სხვა რამ? ანდა შეგვიძლია კი ჩვენი ვუწოდოთ იმას, რაც ერთხელ უკვე გაიცნო მკითხველმა? არადა, ჩვენი უნდა იყოს, რადგან რაკი ერთხელ მივაგენით, ისე ველოლიავებოდით, როგორც მონეტას, ჩვენი ბეჭედი რომ შემორჩა და არა იმ თუნდაც ოქროს მონეტას, რომელზედაც წაშლილია ჩვენი ნიშანი. ზოგჯერ ისე ხდება ხოლმე, რომ მწერალი, რომლის შემოქმედება დიდ შთაბეჭდილებას  ახდენს ხალხზე, მივიწყებულია თვითონ, მაგრამ გარკვეულ ვითარებაში მისი ავტორიტეტის მოშველიება აუცილებელია, მაშინ კი ციტატები არ შემოგველევა, თურმე რაც კი რამ შეუქმნია, ახლა ყველას კუთვნილებაა. ასეთ დროს მწერალი მოწყენილია, გულნაკლული, არც ტაშის ხმა ესმის და არც აღტაცებული ადამიანების გულხმიერება, დამარცხებულადაც კი გრძნობს თავს. აბა ჰკითხეთ ნებისმიერ მხატვარს, რა ურჩევნია, დავიწყებას მიეცეს მისი სახელი და დარჩეს მისი ქმნილება, თუ პირიქით, დარჩეს მისი სახელი და გაქრეს მისი ქმნილება, რას გიპასუხებთ, თუკი გულწრფელი იქნება. თუ ადამიანი შრომობს არა იმისთვის, რომ მოიპოვოს რამ საარსებოდ, მაშინ იმისთვის ირჯება, რომ სამუდამოდ დარჩეს თავის ნაშრომში. შრომა შრომისთვის, შრომა კი არა თამაშია, იგივეა შემოქმედებაც, მაგრამ ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ.

შეუწყნარებელია ადამიანის სწრაფვა უკვდავჰყოს თავისი ხსოვნა ნებისმიერი ხერხითა თუ საშუალებით. სწორედ ეს არის სათავე და მიზეზი შურისა, რაც ბიბლიური თქმულების თანახმად გახდა იმ დანაშაულის საბაბი, – აბელის მოკვდინებისა საკუთარი ძმის კაენის მიერ, – საიდანაც იწყება კაცობრიობის ისტორია. ეს ხომ არ ყოფილა ბრძოლა პურისათვის არსობისა, არამედ ეს იყო ბრძოლა ზეარსებობისთვის, ღმერთის მეხსიერებაში დარჩენისთვის. შური ათასწილად შემზარავია, ვიდრე შიმშილი, რამეთუ შური სულიერი შიმშილია. ალბათ ცხოვრების, არსობის პურის საკითხი რომ გადაჭრილიყო, დედამიწა ჯოჯოხეთად გადაიქცეოდა და უკვდავებისთვის ბრძოლის კიდევ უფრო სასტიკი ბრძოლის არენად.

ადამიანი სახელის გულისთვის გასწირავს სიცოცხლესაც და ბედნიერებასაც, ცხოვრებას თავისთავად. “დაე მე მოვკვდე, ოღონდ იცოცხლოს ჩემმა სახელმა!” – შესძახებს როდრიგო არიასი, – “სიდის სიჭაბუკე” რომ გვიამბობს, – სასიკვდილოდ დაჭრილი დონ დიეგო ორდონიეს დე ლარას მიერ. აკი თვითონ ადამიანი აგებს პასუხს საკუთარი სახელის წინაშე. “გამაგრდი იერონიმო, შენი სახელი კიდევ დიდხანს ემახსოვრებათ; სიკვდილი მწარეა, სამაგიეროდ სახელია უკვდავი!” – წამოიძახებს ჯერონიმო ოლჯატი, კოლა მონტანოს მოწაფე, ლამპუნიანსა და ვისკონტისთან ერთად მილანის ტირანი გალეაცო სფორცას მკვლელი. ისეთებიც ხომ მოიძებნებიან, სახელისათვის  ეშაფოტზეც რომ ავლენ, თუნდაც ასეთი სახელი სამარცხვინოც კი იყოს, avidus malae famae – უთქვამს ტაციტუსს.

ახლა ეს პოზიტივიზმიც სხვა რა არის თუ არა უკვდავების წყურვილი, თუ არა ნამდვილი, არსებითი უკვდავებისა, სახელის მოჩვენებითი უკვდავებისა მაინც?

ასეთ სწრაფვას თავისი თანმიმდევრობა მაინც აქვს. ის, ვისაც თავისი დროის ბრბოს აპლოდისმენტები არაფრად უღირს, თავისი სახელის უკვდავებას რჩეულ შთამომავალთა მეხსიერებაში მაინც ხედავს; “მომდევნო თაობა უმცირესობათა დანალექიაო”, – უთქვამს გუნოს. მას უკვდავება სურს დროში და არა სივრცეში. ბრბოს კერპებს თავად ბრბო ანგრევს, კვარცხლბეკებზე წამოჭიმულ კერპებს ის გაასწორებს ხოლმე მიწასთან, მალე აღარავის გაახსენდება; მაშინ როცა, იმას, ვინც რჩეულთა გულებს მოინადირებს, კიდევ დიდხანს არ ივიწყებენ და ეთაყვანებიან; და თუნდაც პატარა საყდარშიც უგალობდნენ ოსანას, დავიწყებას არასოდეს მიეცემიან. მხატვარი თავისი სახელის სივრცეში განვრცობას უფრო შეელევა, ვიდრე დროში, ურჩევნია იცხოვროს მცირე სივრცეში მარადიულად, ვიდრე გაიელვოს წამიერად მთელ სამყაროში, ურჩევნია იყოს მარადიული ატომი საკუთარ თავს რომ შეიცნობს, ვიდრე წამით შეიცნოს მთელი  სამყარო, იგი უსასრულობას შესწირავს მარადიულობას.

და კვლავაც ისმის და არ გვასვენებს რეფრენი: სიამაყე! აბეზარი სიამაყე! განა სიამაყე წარმართავს ჩვენს სწრაფვას, რომ დავტოვოთ ჩვენი სახელი საუკუნეებში? ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ ვილაპარაკოთ სიამოვნების წყურვილზე და ვგულისხმობდეთ გამდიდრების წყურვილს, მაგრამ გამდიდრების სურვილი ხომ სიამოვნების წყურვილი არ არის, არამედ შიშია სიღარიბის წინაშე, როცა ღარიბი იძულებულია მოიპოვოს და დაზოგოს ფული; ეს კი სახელის მოპოვების სურვილი კი არ არის,  არამედ შიშია ჯოჯოხეთისა, ის შიში, რაც შუასაუკუნეებში აიძულებდა ადამიანებს შეეფარებინათ თავი მონასტრებისთვის და იქაურ მკაცრ პირობებს შეგუებოდნენ; ასეა ჩვენ შემთხვევაშიც, სიამაყე კი არა, შიშია არარას წინაშე, როცა ვისწრაფით ვიყოთ ყველა, რაც ერთადერთ საშუალებად მიგვაჩნია, რომ გადავურჩეთ არარას. ჩვენ კი გვინდა გადავარჩინოთ თუნდაც ხსოვნა ჩვენი, მაგრამ რამდენ ხანს გაძლებს ესეც? დიდი დიდი იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც იარსებებს ადამიანთა მოდგმა. მაგრამ ის მაინც რომ შეგვძლებოდა გადაგვერჩინა ჩვენი ხსოვნა ღმერთში?

ვაღიარებ და კარგადაც მესმის, რომ ეს ყველაფერი წვრილმანებია, მაგრამ მის სიღრმეში ძევს ახალი სიცოცხლე და ოდენ სულიერი ტკივილისაგან განთავისუფლებული და განწმენდილი თუ შეძლებს შეისუნთქოს ფუჭყვავილას სურნელება და როცა ბოლომდე გამოსცლის ამ ცხოვრების ფიალას, მაშინ თუ იგრძნობს მის ფსკერზე დალექილ თაფლის გემოს. სასოწარკვეთილებას მივყავართ ნუგეშამდე.

სიცოცხლის მარადიულობის წყურვილი რომ არ დაკარგოს ადამიანმა, მით უფრო უზაკველმა ადამიანმა, უკვდავების წყურვილს რელიგიურ რწმენაში თუ მოიკლავს ისევ, ოღონდ ყველას როდი აქვს მომადლებული დაეწაფოს ამ წყაროს. ის ინსტიტუტი, რომლის უპირველესი ვალი და მიზანია დაიცვას პიროვნების სულის უკვდავების რწმენა, გახლავს კათოლიციზმი, მაგრამ კათოლიციზმმა მოინდომა ამ რწმენის  რაციონალიზება და რელიგია გადააქცია თეოლოგიად, მის საფუძვლად კი ფილოსოფია დასახა, თანაც XIII საუკუნის ფილოსოფია. ახლა ისიც ვნახოთ, რა შედეგი მოჰყვა ამას.

სალამანკა, ნოემბერი, 1911 წ.


[1] იგულისხმება სპინოზა

[2] იგულისხმება ფრიდრიხ ნიცშე

Facebook Comments Box