პორტრეტი,  ხსოვნა

მილან კუნდერას უკანასკნელი ხუმრობა

„როცა პატარა ბიჭი ვიყავი, ვოცნებობდი ჯადოსნურ საცხზე, რომელიც უხილავად მაქცევდა. მერე ზრდასრული გავხდი, წერა დავიწყე და მინდოდა, წარმატებული ვყოფილიყავი. ახლა წარმატებული ვარ და მინდა, მქონდეს საცხი, რომელიც უხილავად მაქცევს…“

11 ივლისს მილან კუნდერა გარდაიცვალა – მწერალი, რომელსაც აშინებდა სამყარო, სადაც ადამიანებს გაგებას განსჯა ერჩივნათ, შეკითხვების დასმას კი – პასუხების გაცემა. თანამედროვე სამყაროს ხმაურში, როგორც ჩანს, მაინც ჟღერდა იმ კაცის ხმა, რომელსაც მიაჩნდა, რომ მწერლობის მიზანი სიმართლის ქადაგება კი არა, მისი აღმოჩენა იყო, ხოლო ადამიანის ბრძოლა ძალაუფლების წინააღმდეგ ჰგავდა მოგონებების ბრძოლას დავიწყებასთან.  

მილან კუნდერა 1929 წელს დაიბადა, ჩეხოსლოვაკიაში და 18 წლის ასაკში შეუერთდა კომუნისტურ პარტიას. ნაცისტური ოკუპაციისა და ჰოლოკოსტის ფონზე, დამაიმედებელი ჩანდა ის, რასაც სოციალიზმი ჰპირდებოდა ხალხს.

„16 წლის ვიყავი, როცა მარქსი წავიკითხე. კომუნიზმმა ისე მომხიბლა, როგორც სტრავინსკი, პიკასო და სიურრეალიზმი მხიბლავდა. ის გვპირდებოდა დიდებულ, სასწაულებრივ გარდასახვას, სრულიად ახალ და განსხვავებულ სამყაროს. მაგრამ, სინამდვილეში, კომუნისტებმა ჩემი ქვეყანა დაიპყრეს და ტერორი გაამეფეს. 19 წლის ვიყავი. მწარე გამოცდილებით გავიგე, რა იყო ფანატიზმი და დოგმატიზმი. ვისწავლე, რას ნიშნავს ძალაუფლებით მოწამვლა.“ – წერდა კუნდერა მოგვიანებით.

პარტიიდან 1950 წელს გამოაძევეს „ანტიპარტიული მოქმედებების“ გამო. საბოლოოდ კი სამშობლოს დატოვება მოუწია და საფრანგეთში გადავიდა საცხოვრებლად.

1982 წელს The New York Times-ში გამოქვეყნებულ წერილში მილან კუნდერა არაერთ დასამახსოვრებელ რამეს ამბობს რომანების და ზოგადად წერისადმი მისი დამოკიდებულების შესახებ.

მაგალითად, წერილში ვკითხულობთ, რომ კუნდერა არასოდეს იყენებდა რომანებს სოციალური მდგომარეობის აღსაწერად – სტალინიზმი რომ კრიმინალური სისტემა იყო, საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, ამიტომაც საჭირო არაა ამის თქმა რომანის საშუალებით. რომანი ადამიანის ყოფიერების უცნობ მხარეს უნდა ამჟღავნებდეს. მისი მიზანი ცხადი ჭეშმარიტების კი არა, ისეთი რამის ჩვენება უნდა იყოს, რისი დანახვაც მანამ არ იყო შესაძლებელი, – წერს ის.

„რომანი არ ამჟღავნებს არანაირ სიმართლეს, არანაირ მორალურობას. ეს სხვების საქმეა: პოლიტიკური პარტიების ლიდერების, პრეზიდენტების, ტერორისტების, სასულიერო პირების, რევოლუციონერებისა და ჟურნალისტების.  რომანი მოდერნულ დროს იბადება, როცა ადამიანი აღმოაჩენს, რამდენად რთულია სიმართლის მოხელთება და როგორი ფარდობითია მისი ცხოვრების ასპექტები“.

ეს პრინციპები მის რომანებშიც იჩენდა თავს – ორაზროვნება და პარადოქსულობა ყოველთვის იყო კუნდერას ტექსტების მახასიათებელი.

კუნდერას მიაჩნდა, რომ ადამიანებისა და ცივილიზაციების იდენტობა ყოველთვის აირეკლებოდა იმაში, რასაც ისინი გონებით ქმნიდნენ – ესე იგი, კულტურაში. ამ თემაზე ინტერვიუებშიც ხშირად საუბრობდა ხოლმე.

ერთხელ სთხოვეს, საკუთარი თავი დაეხასიათებინა და პასუხად ასეთი რამ თქვა: „ჩემს ცხოვრებაში (ყველას ცხოვრებაში) ასობით მოტივია, ასობით თემა და არ ვიცი, რომელია მათგან მნიშვნელოვანი“.

იმავეს თქმა შეგვიძლია მის რომანებზეც – მათში უამრავი მოტივი და თემაა და ძნელია, განსაზღვრო, რომელია მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი.

გასაკვირი არაა, რომ ხშირად ეკითხებოდნენ სახლის, სამშობლოს ცნებაზეც. ერთ-ერთ ასეთ შეკითხვას კუნდერა პასუხობს:

„სახლი ორაზროვანი რამეა ჩემთვის. მაინტერესებს, ჩვენი შეხედულება სახლზე, საბოლოოდ, ილუზია და მითი ხომ არ არის, ამ მითის მსხვერპლნი ხომ არ ვართ; მაინტერესებს, ჩვენი შეხედულება, რომ ფესვები გვაქვს, უბრალოდ ფიქცია ხომ არ არის, რომელსაც ვეჭიდებით. […] საბინა ჩეხოსლოვაკიას ტოვებს, რათა ფესვებისგან გათავისუფლდეს. მას ეს ფესვები ახრჩობს. სახლიდან გაქცევა უნდა, მაგრამ რას ნიშნავს სახლიდან გაქცევა? ოჯახისგან გაქცევას, მჩაგვრელი ქვეყნისგან გაქცევას თუ – ყოფის სიმძიმისგან? ტერეზასთვის კი ყველაფერი, რაც სახლს მიღმაა, ცარიელია და მკვდარი.“

„ავტორი წერს რომანს. რომანი ცვლის მის ცხოვრებას. როცა 1965 წელს „ხუმრობის“ ხელნაწერი პრაღის გამომცემლობაში მივიტანე, არავის სჯეროდა, რომ დაიბეჭდებოდა. მისი სული მიუღებელი იყო კომუნისტური რეჟიმისათვის.“ – იხსენებდა წლების შემდეგ კუნდერა. პირველი რომანიდან უკანასკნელამდე, ცხადია, ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ უცვლელი დარჩა ის საკითხები, რომლებიც, როგორც ავტორს, განსაკუთრებით აღელვებდა და რომლებიც დღესაც მნიშვნელოვანია. კუნდერა ცდილობდა, გაერკვია, რა აკავშირებდა ლოკალურსა და გლობალურს, კონკრეტულსა და უნივერსალურს; როგორც კრიტიკოსები წერენ, კუნდერასთან ისმოდა ბოკაჩოს, სერვანტესისა და რაბლეს სიცილის ექო და სწორხაზოვან, ცალსახა პასუხებს უპირისპირდებოდა შეკითხვების პოლიფონია.

აღელვებდა რომანის ბედიც თანამედროვე მსოფლიოში: „სერვანტესიდან დაწყებული, რომანის პირველადი, ძირითადი ნიშანიც ეს არის: ის უნიკალური, განუმეორებელი ქმნილებაა, ერთი ავტორის წარმოსახვისგან განუყოფელი. დაწერამდე არავის შეეძლო დონ კიხოტის წარმოდგენა. ის თავისთავად მოულოდნელი იყო და მოულოდნელობის ხიბლის გარეშე არც ერთი დიდი რომანული პერსონაჟი (და არცერთი დიდი რომანი) არასდროს ყოფილა დამაჯერებელი.

რომანის ხელოვნების დაბადება ავტორის უფლებების გაცნობიერებასა და მათ გააფთრებულ დაცვას დაუკავშირდა. რომანისტი მისი ნაწარმოების ერთადერთი ბატონ-პატრონია, თავად ის არის მისივე ნაწარმოები. ეს კი ყოველთვის ასე არ იყო და ყოველთვის ასე არ იქნება. მაგრამ როცა ის დღე დადგება, მაშინ სერვანტესის მემკვიდრეობა – რომანის ხელოვნება, არსებობას შეწყვეტს.“

მისი სიკვდილის შემდეგ უამრავი სტატია დაიწერა. მათ ნაწილს იდენტური სათაური ჰქონდა – „მილან კუნდერას უკანასკნელი ხუმრობა“. ალბათ, სწორედ ასეთი, ერთდროულად სევდიანი და ირონიული სათაური შეეფერება ყველაზე მეტად ამ მწერალს. მწერალს, რომელიც ბავშვობაში უხილაობაზე ოცნებობდა, ზრდასრულობისას კი ამბობდა, რომ ცხოვრება, რომლის დამალვასაც ვერ მოახერხებ სხვებისგან, ჯოჯოხეთია.

ერთგან წერდა: „თავგადასავალი გაგებულია როგორც ღირებულება. თუ იტყვი – „თავგადასავლების გარეშე ვიცხოვრე“, ეს ნიშნავს, რომ დამარცხდი, არა?“

მისი ბიოგრაფიის გათვალისწინებით, კუნდერა ყველაფერია, გარდა დამარცხებულისა.

© არილი

Facebook Comments Box