მათი ტექსტები წაგიკითხავთ, მათ პერსონაჟებს კარგად იცნობთ და იმ პერსონაჟების სახლებშიც არაერთხელ ყოფილხართ სტუმრად (ან იმდენჯერ ყოფილხართ, რომ სტუმრად უკვე აღარც კი გრძნობთ თავს), მაგრამ ჯერ არ გინახავთ მათი ფანჯრები და არც ის, რასაც ისინი ხედავენ იმ ფანჯრებიდან.
ამიტომაც იწყებს არილი ახალ რუბრიკას – ავტორის ფანჯრიდან. მთავარი პირობაა, რომ თანამედროვე ქართველი მწერლების ტექსტებმა, რომლებსაც არილისთვის დაწერენ, მათი ფანჯრებიდან გაგვახედოს და სულ ერთია, როგორი იქნება ხედი, რომელსაც დავინახავთ. ზოგჯერ, შეიძლება, ამ ხედებმა სხვა ხედები გამოიხმოს მათი მოგონებებიდან, ზოგჯერ კი მხოლოდ ის იქნება, რაც ნამდვილად არის – საქართველოს რომელიმე ქალაქის რომელიმე ქუჩა.
მონათხრობის უკეთ აღსაქმელად სტატიებს თან დავურთავთ მათივე გადაღებულ ფოტოს – ასე მოგვიყვება ერთი კადრი და ერთი ტექსტი ამბავს იმის შესახებ, რა და როგორ ჩანს ავტორის ფანჯრიდან.
ზემოთ თუ აიხედები, ჩემი ფანჯრიდან ბევრი არაფერი ჩანს – შავი კორპუსებია და ამ კორპუსებს შორის ჭუჭყიანი პერანგივით კიდია ცის ნაჭერი.
ამწამსაა მაგ ფერის, თორემ სხვა დროებში ლურჯიც ყოფილა და ვარდისფერიც კი.
სხვა მხარეს მოატარებ თვალს და აუცილებლად ვინმეს პირად სივრცეში შეიჭრები – ფარდა თუ არ აქვთ გაფარებული. ბევრჯერ მიქნია, არც ერთხელ მინახავს რამე ოდნავ საინტერესო მაინც.
ჩემს ბინაში ძალიან მცირე ოდენობით აღწევს სინათლე, – დამემოწმებიან ჩამომჭკნარი მცენარეები. ის კი არ იციან, კიდევ უფრო დაბეჩავება რომ ელით მშენებარე კორპუსის გამოისობით. ღამით თუ გაიხედე, მხოლოდ სილუეტი ჩანს ამ კორპუსის და ბარე ერთი-ორჯერ ახალგაღვიძებულზე შუასაუკუნოვან ციხედაც მომლანდებია. მით უფრო, როცა ალიონზე მუშები უკვე ქონგურებს შორის იკავებენ ადგილებს, მთვარე კი ჯერაც არ წასულა – ავტომატურად ალყის შემორტყმის იმპულსები გიჩნდება.
ოდნავ კიდევ დაბლა ქუჩაა და ამ ქუჩაზე რაც გადმოვედი, სამჯერ მოვესწარი სროლას. იქიდან ერთში, მგონი, მოკლეს ვიღაც.
მაგის მიუხედავად, ქუჩის მთავარი პრობლემა მაინც მანქანების სიჭარბე და ამ მანქანების პატრონების ეგოა, გეგონება, ყველა ბრაზიანი მძღოლი აქ მოდიოდეს სავარჯიშოდ.
თუმცა, გინდა ჩხუბი იყოს და გინდა სროლა, დიდად ჩემი ვიწრო ფანჯრები ვერც რამეს დაგანახებენ. იძულებული ხარ, ისევ აუდიო გაფორმებით დაასკვნა, ვინ ვის რა.
თუმცა, არის საათები და მზე ისე ეფინება ყველაფერს, რომ რამე ირონიულის თქმა მკრეხელობად უნდა ჩაგეთვალოს ადამიანს. ეგ ცის ნაჭერიც, ეგ მშენებარე ციხე-სიმაგრეც, დენის სადენების ნახლაფორთალი გორგლებიც, რომლებიც აუცილებლად ოდესმე ხანძარს გააჩენენ და მისთ.
სულაც, ფარდა რომ ჩამოაფარო, მაგ დროსაც კი ხვდები, რომ ახლა რაღაცა უკომპრომისოდ ლამაზი მიმდინარეობს გარეთ და შენც მოწვეული ხარ.
მოკლედ, უფრო დიდ ფანჯრებს ვისურვებდი.
© არილი