როცა ბეჟანი თავისი ფოცხის დასაბრუნებლად ჯამბულ მეტყევესთან მიდიოდა, მდინარის პირას ჯერ-ჯერობით არც არაფერი იყო. ორი თვის წინ ათხოვა ფოცხი და მას მერე დროდადრო ახსენებდა. ჯამბულიც დროდადრო იხსენებდა და მალევე ივიწყებდა. ახლა კი გადაწყვიტა ბეჟანმა, რომ უფოცხოდ უკან არც დაბრუნდებოდა, რაც გინდა მომხდარიყო!
არ აღმოჩნდა ამოდენა შემართება საჭირო, ათიოდე წუთი იქექებოდა ჯამბული ფარეხში, ჯერ სხვა მეზობლისგან ნათხოვები ფოცხი გამოუტანა – უკეთესი.
“ეგ ჩემი არაა, ჩემსას კბილი აკლია აიაქ” – უთხრა ბეჟანმა და გონებაში კი გაიფიქრა, რომ აგე ასეთი სამართლიანი რომ არ ყოფილიყო, ახლა ეგება გამგეობაშიც ემუშავა. დახედა ჯამბულ მეტყევემ ფოცხს, აწია წარბები, შებრუნდა ფარეხში, ისევ რამდენიმე წუთი ახრიგინებდა რკინებს და იქიდან უკვე ბეჟანის ფოცხით გამოვიდა.
“ან ეგება მთავრობაშიც” – დაამთავრა ფიქრი ბეჟანმა და წამოვიდა სახლისკენ.
როცა მობრუნებული ბეჟანი მდინარეს მიუახლოვდა, მიხვდა, რომ რაღაც არ იყო ისე. ჯერ რომ ალღო შეამჩნევს და მერე თვალი. მდინარის პირას ეგდო რაღაც ან იდო. თუმცა უფრო ეგდო. ასე თუ ისე, არ ჩანდა – რა.
სავარაუდოდ, მდინარემ ჩამოიტანა და ქვებს გამოედო ან ტოტებს. რაც უფრო უახლოვდებოდა ბეჟანი, მით უფრო ხვდებოდა, რომ თევზი არ იყო. როცა ათი ნაბიჯი აშორებდა, ის გაიფიქრა, რომ რვაფეხაა. როცა ერთ ნაბიჯში იდგა, უკვე იცოდა, რომ არც რვაფეხა იყო.
ფოცხი მიადო ფრთხილად, გადმოტრიალება უნდოდა. აწრიალდა სხეული, სადაც რკინა შეეხო, ფეთქვა დაიწყეს იასამნისფერმა ვენებმა კანისქვეშიდან.
უკან გადახტა ბეჟანი, გადააგდო ფოცხი.
მიმოიხედა ირგვლივ, არავინ ჩანდა. ისევ სხეულზე დააბრუნა მზერა.
“ეს რა ეშმაკებია” – თქვა ან გაიფიქრა. ალბათ უფრო გაიფიქრა.
ახლა უკვე სოფლის უმეტესი კაცობა იდგა მდინარესთან. ქალებიც და ბავშვებიც კი იყვნენ, მაგრამ როცა მოგვიანებით იხსენებდნენ ამ დღეს, ამბობდნენ: კაცები შეიკრიბნენო. პირველი გაკვირვებები ჩაწყნარდა, მაგრამ ქელეხის ფუსფუსი მაინც შემორჩა. ყველაზე ხშირად ეს ჟღეროდა: “იქნება თევზია მაინც, კაცო, რა იცი”. მარტო თავადგირიძეს ჰქონდა ვერსია, რომ “რაღაცა უცნაური სოკო ხო არ არის”.
გამგებელი ტელეფონს ათამაშებდა ხელში, ფიქრობდა, დაერეკა თუ არა. რომ დაერეკა, რა მოხდებოდა? მოვიდოდნენ რაიონიდან ან პირდაპირ თბილისიდან. დაათვალიერებდნენ, შეიძლება წაეყვანათ კიდეც. ეგრე იყო საჭირო ნეტა? ეგრე უნდა ექნა?
ეს ფიქრები უტრიალებდნენ თავში, ხელში კი – ტელეფონი.
გამო, ბალღო, აქეთ გეუბნები შენ! – დაუძახა ელისომ შვილიშვილს, რომელიც იმდენად ახლოსაც არ მისულა, ასე რომ გაბრაზებულიყო ბებიამისი. და მითუმეტეს ასე უხეშად მოექაჩა ხელზე. და უფრო მითუმეტეს, თავზე წამოერტყა ბეჭდიანი ხელი. მაგრამ რეზიკო ზედმეტად გაოცებული იყო, რომ ეტირა. მოგვიანებით მაინც იტირა, ახლა კი უბრალოდ მოისრისა თხემი და ჰკითხა ბებოს:
ეს, ბებო, ეს რა არი? ხბოა?
არსება ხბოს საერთოდ არაფრით ჰგავდა, თუმცა რეზიკოს თვალწინ ერთხელ ძროხამ იმშობიარა – ჭიპლარში, მომყოლის წვენებსა და სისხლ-ძარღვებში გახვეული ხბო დაეტყეპა მიწას და იწვა ასე უძრავად რამდენიმე ხანი.
რა არი და ოხრობა და ჯანდაბა, რა არი – გაბრაზებული იყო ელისო რაღაცაზე. სავარაუდოდ იმაზე, რომ თავადაც ვერ ხვდებოდა ვერაფერს.
რას აკეთებს? – მიატრიალა თავი რეზიკომ ისევ.
სხეული დროდადრო ამოძრავებდა იმას, რაც ადამიანური თვალისთვის კუდად ჩანდა, თუმცა შეიძლება არც ყოფილიყო, ხსნიდა იმას, რაც ადამიანური თვალისთვის პირად ჩანდა, თუმცა შეიძლება არც ყოფილიყო და ირგვლივ ატრიალებდა იმას, რაც ადამიანური თვალისთვის თვალად ჩანდა და, სავარაუდოდ, იყო კიდეც.
წამო აქედან, წამო, მეც რამ მომიყვანა რა! – ელისო კვლავაც გაბრაზებული იყო, უჭერდა ბრაზიან ხელს შვილიშვილს და ბრაზიანი ნაბიჯებითვე სცილდებოდა ხალხის გროვას. ცოტა შორს რომ გავიდა, მიატრიალა თავი და მიაძახა:
რას დადექით, გადააგდეთ წყალში, რო შეიკრიბეთ და დგეხართ, ჰიჰ! და განაგრძო სვლა პასუხის დაულოდებლად.
ბებიკო, რა არი ეგა? – გაიმეორა რეზიკომ კითხვა, რომელზეც პასუხად “ოხრობა და ჯანდაბა” არ ეყო, როგორც ჩანს.
რა არი და ეგაა, აი დედაშენს რო არ უჯერებ, მე რო არ მიჯერებ, ეგაა რო ღამე ფანჯარაში შემოძვრება და ჩიტოს მოგაჭამს – თქვა ელისომ.
უკვე შორს იყვნენ. მიიხედა რეზიკომ უკან. არსება არ ჩანდა, მხოლოდ ხალხი. და ხალხიც ისე იყო შეკრებილი, ისე უყურებდნენ მიწაზე ერთადერთ რაღაცას, რომ რეზიკოს ახლა გაცილებით შეეშინდა, ვიდრე როცა თავადაც ხედავდა.
თხემში წამორტყმულიც ახლა გაახსენდა. თან მძიმე ბეჭდიანი ხელით. ჩიტოს გარეშე ყოფნაც წარმოიდგინა და ამოაწვა ტირილი. მაგრამ მაინც არ უტირია.
იტირა ღამე, საწოლში, ჩუმად.
მანამდე კი არსებამ ხმა ამოუშვა. უკვე შეჩვეული ჰქონდათ თვალი სოფლის კაცებს (ასევე ქალებსა და ბავშვებს), ერთი ორი ხუმრობაც კი ითქვა ( “ეს რო შეწვა, კი იქნება გემრიელი ისეთსა ჰგავს, ჰა” და “ბესო, ბესო-მეთქი, რას დადექი მანდა, ხოჭოებს ითვლი?“ (აღსანიშნავია, რომ პირველი არსებასთან კავშირში იყო, მეორე კი არა)).
როცა არსებამ ხმა ამოუშვა, საბოლოოდ გახდა გასაგები, რომ მის წარმოშობაზე არც არავისი ვარაუდი იყო სწორი.
ხმა ჰგავდა შუშის ბოთლების ერთმანეთზე წკარუნს, ძალიან მაღალი სიხშირის, საგრძნობი ვიბრაციით და ძალიან დაწმენდილი. როგორც მოგვიანებით თავდაგირიძემ უთხრა ჟურნალისტებს:
“… ესე ვართ და უცებ რაღაცა ხმა არ მესმის? აი, ბოთლები რო აჭახუნო, ოღონდ ძაან ჩქარა ეგეთი რაღაცა. მე კიდე სოკო მეგონა”.
როცა ჟურნალისტები წავიდნენ, თავდაგირიძემ იფიქრა, რომ ბარემ დელფინისთვის შემედარებინაო. და მერე იფიქრა, რომ მაინც არ იქნებოდა სწორი შედარება.
მართალიც იყო.
მაინც დარეკა გამგებელმა. დარეკა რაიონში, ბატონ ალექსანდრე კალახმელიძესთან, რომელსაც თავად გრძელვადიანი ნაცნობობის გამო საშკას ეძახდა, გარდა იმ შემთხვევებისა. როცა რაიონულ კრებაზე ხედავდა.
საშკა, როგორაა საქმეები – დაიწყო ასე, თითქოს რიგით მეოთხე საკითხად აპირებდა არსების ხსენებას და ისიც, თუ არ დაავიწყდებოდა. ტელეფონიდან გაურკვეველი ზუზუნის ხმა გაისმა. ჩვენთვის გაურკვეველი, თორემ იმას ყურზე ჰქონდა მიდებული.
ჰო, ჰო მეც ეგრე. ბიჭო, მომისმინე, რაღაცა ისაა რა, ცხოველი თუ რაღაცა. თევზი. არ ვიცი… არა, არა, არ ვიცით რა არი რა, დღეს იპოვა აქ ერთმა, რა არი, ვერ გავიგეთ, კაია, ცუდია – ისევ ზუზუნი იყო პასუხად. გამგებელი ცდილობდა უდარდელი და თავდაჯერებული ხმის შენარჩუნებას – ჰოდა, რა ვიცი, რამე არ იყოს და გამოგზავნე, ერთი, შენი ხალხი, დახედონ. ან ექსპერტები, რა ვიცი…. (ზუზუნი) ვიცი, რო არ გყავს ექსპერტები, კაცო, ვინმე გამოგზავნე, იქნებ ახალი სახეობაა, რამე სახელს გაიკეთებ, მეც რამე შემხვდება… (ზუზუნი) – არა რას გეკაიფები, კაცო, არ მიცნობ? (ზუზუნი) მოკლედ, მე გითხარი და… არა და თბილისში დავრეკავ პირდაპირ, კაცო, განა მეშინია (უფრო გრძელი და სხვადასხვა სიხშირის ზუზუნი) – კაი კა.. კაი, ჰო, კაი! გადაწყვიტე თავად, მოკლედ…
ბატონი ალექსანდრე კალახმელიძის ამდენი ზუზუნის მიზეზი იყო ის, რომ შარშან დაახლოებით მსგავსი ამბავი მოხდა ზესტაფონის მუნიციპალიტეტში. შემოვიდა ზარი, რომ სოფელ ერწოყანაში კლდის ჩამოშლის მერე აღმოაჩინეს პრეისტორიული არსების გაქვავებული კვერცხები. ყველა აღელდა, აფორიაქდა და რაიმის გადაუმოწმებლად მერი პირადად ჩავიდა აღმოჩენის ადგილას. თუმცა მალე თავად აღმოაჩინა, რომ სოფლის მაცხოვრებლებმა ასე უბრალოდ შეიტყუეს წყალწაღებული ხიდის აღდგენის სამუშაოების გაჭიანურებაზე სალაპარაკოდ.
და კვერცხები სადაა? – იკითხა მერმა
შევწვით – დაუძახა ვიღაცამ და ატყდა სიცილი.
გაბრაზდა მერი, ჩაჯდა მანქანაში და გაბრუნდა. მთელი გზა იგინებოდა და შიგადაშიგ “გეგონება, უფრო მნიშვნელოვანი საქმეები არა მქონდეს რა, მატაკიმასხარავებენ აქ” – ამას უმატებდა. სიცილითვე შეეგებნენ მერიაში. ვიღაცამ გადარეკა და მოყვა. გაგრძელდა ეს სიცილი დიდი ხანი, გაიგეს სხვა მუნიციპალიტეტის მერებმა და კიდევ რამდენიმე თვე ატაკიმასხარავეს. მაგალითად, საერთო სადილებზე, ფურშეტებზე შემწვარ კვერცხებს გადმოუდებდნენ ხოლმე თეფშზე, მოგეწონებაო. წყრებოდა მერი, წყრებოდა უსაშველოდ.
ერთხელ კი, დაინგრეს ზეცა და, თავად მინისტრმაც გაიხუმრა, როცა ქალაქის დღეზე სიტყვით გამოდიოდა: მინდა აღვნიშნო, ძვირფასო ზესტაფონელებო, რომ ამ ადამიანს დევის წილი კი არა… დინოზავრის წილი აქვს შეტანილი მუნიციპალიტეტის აღმშენებლობაში.
იყო ფხუკუნი და სიცილი.
ასევე იყო მერის მიოკარდული ინფარქტი 3 დღის მერე.
ახალმა მერმა პირველ საქმედ ერწოყანელებს ხიდი აუშენა.
ბატონ ალექსადნრე კალახმელიძეს სრულადაც არ უნდოდა ზესტაფონის მერის ბედის გაზიარება, მითუმეტეს, რომ თავადაც უთქვამს ორიოდე ხუმრობა. ამიტომაც ჭოჭმანობდა და ზუზუნებდა. ამასთან ერთად, სკამში წრიალებდა კიდეც, თუმცა ტელეფონით ეს არ ჩანდა.
არსებამ კიდევ ერთხელ ამოუშვა ხმა – იმავნაირი და ერთ-ერთი კიდური წამოწია. “ვაიმე, მემგონი.. მე მგონი, კვდება თუ რაღაცა” – თქვა თამარა ალურიძე-გედევანიშვილისამ. მუსიკას ასწავლიდა სკოლაში, კარგად სხვათა შორის. მერე პიანინო გაუფუჭდათ და საგანიც გააუქმეს.
რაღაც ისეთი ხმაა, თითქოს შველას ითხოვს, არა?
რა შველა, ქალო, რა შველა, იცი საერთოდ რა არის? – უთხრა თამაზ გედევანიშვილმა, ქმარმა მისმა. სხვა არავინ მიმართავდა “ქალო”-თი.
წყალი მივასხათ, აბა, იქნებ ხმება – თქვა ვიღაცამ.
რამე რო მოხდეს?
რა უნდა მოხდეს?
რა ვიცი, რამე, გაცოცხლდეს, დაგვერიოს?
რატო დაგვერევა, კაცო, ჩვენ არ გადავარჩინეთ?
მდინარემ გადმოაგდო, რა გადავარჩინეთ.
რა იცი, რო მდინარემ, იქნებ და ზემოდან ჩამოვარდა?
მერე, გინდა ეგრე იყოს, ჩვენ გადავარჩინეთ??
სანამ ეს საუბრები მიდიოდა, თავდაგირიძეს უკვე წყალი მოჰქონდა. როცა მოიტანა და შორიდან შეასხა, ისინი უკვე პოლიტიკაზე კამათობდნენ.
არაფერი მომხდარა. თითქოს მოძრაობებიც კი შეანელა.
აჰა. არაფერს უშვრება.
თუ არაფერს უშვრება – თქვა თამაზ გედევანიშვილმა – გადავაგდოთ მდინარეში და წაიღოს, გრილათკარელებს გამოურიყოს, იმათ იფიქრონ.
გამგებელი ისევ ტელეფონზე ლაპარაკობდა. ამჯერად არც მისი ხმა ისმოდა, შორს იყო გასული.
რატო, კაცო, რატო გადავაგდოთ – თქვა თავდაგირიძემ, რომელიც მაინც ბოლომდე ვერ დარწმუნდა, რომ არსება სოკო არაა.
რა ვიცი, იქნება ჯადოა რამე.
ამხელა ჯადო?
ო, ამხელა არა ამხელა, რა განსხვავებაა, მომაშორეთ მეთქი! – ხმამაღლა წამოიძახა თამაზ გედევანიშვილმა, და ხალხის უმეტესობა მისი აზრის გამზიარებელი რომ არ ყოფილიყო, კი დაუძახებდა ვინმე: მოგაშოროთ რა, შენ ბოსტანში ხო არაა. მაგრამ არ დაუძახეს. წამოავლო ბეჟანის ფოცხს გედევანიშვილმა ხელი და, რაკი სულ რამდენიმე წუთით ჯგუფის უფროსის ადგილას იყო, გვერდზე მდგომს გადასცა.
მიდი, გადააგორე.
გამოართვა გვერდზე მდგომმა, გახედა თავდაგირიძეს და ანიშნა: წამო მომეხმარეო. მიუახლოვდნენ არსებას, შიშინებდა უკვე. გვერდზე მდგომა, რომელსაც ამ დროს აღარც დაეძახებოდა გვერდზე მდგომი, თავდაგირიძეს მიაწოდა ფოცხი, ერთი დამიჭირე აბაო. მერე კი რატომღაც მიწა მოსინჯა.
რა იყო? – უჩურჩულა თავდაგირიძემ.
რაღაც… – თქვა გვერდზე მდგომმა და კიდე დაადო მიწას ხელი – არაფერი, არაფერი, ვნახავ კარგად და მიდი შენ.
დააქნია თავდაგირიძემ თავი და მივიდა ყველაზე ახლოს, რაც ვინმე მისულა. წამოწია არსებამ ის, რაც დიდი ალბათობით თვალი იყო. კიდევ სამი-ოთხი ასეთი გამონაზარდი ემჩნეოდა სხეულზე. ისე მოძრაობდა, როგორც ლოკოკინა, რომელიც საფრთხის გადასვლის მერე ნიჟარიდან გამოდის.
მოუჭირა ხელი ფოცხს თავდაგირიძემ და იფიქრა, რომ საერთოდ არ უნდოდა არსების მდინარეში გადაგდება. მოსჭრა თვალი რაღაცამ. დააკვირდა და შეამჩნია, რომ სხეული მთლიანად რბილი მასა კი არ იყო, აქა-იქ პატარა ბრჭყვიალა კრისტალებიც ერია.
ერიჰა… დახედე, ერთი… – ჩაილაპარაკა.
მიდი, კაცო, რაღას ელოდები – დაუძახა გვერდზე მდგომმა, რომელიც ამ დროს ისევ მიწას უფათუნებდა ხელს, უკვე აშკარად უმიზეზოდ.
რაღაც ისინი აქვს… ხრუსტალივით – მოუტრიალდა ხალხს თავდაგირიძე.
მერე რა, კაცო? მიდი, თუ მიდიხარ! – უპასუხა გედევანიშვილმა.
სხვანაირი ხმა ამოუშვა არსებამ. ისევ მინის წკარუნი, ოღონდ ამჯერად მარტო თავდაგირიძემ გაიგო. განსხვავებაც ეგ იყო.
ისე გრძნობდა თავდაგირიძე თავს, როგორც მაშინ, როცა ბავშვობაში მამამ ქათამი დააკვლევინა. უცნაური, მურტალი გრძნობა იყო, მუცლიდან მოდიოდა – თითქოს სამი დღე საპნის გარდა არაფერი ეჭამოს.
მიიტანა ფოცხი ახლოს და…
რაშვები, კაცო, გამო აქეთ! – გაისმა.
გამგებელი მოდიოდა მყარი ნაბიჯებით. დაასრულა ტელეფონზე ლაპარაკი.
არ დაუშავდეს, კაცო, რამე, რას აკეთებთ!
აბა… – თქვა გედევანიშვილმა, ვეღარ გააგრძელა.
დაიშალეთ, დაიშალეთ – თქვა გამგებელმა. – მოვა ხალხი და წაიყვანს.
ვინ ხალხი? – იკითხა თამარა მასწავლებელმა.
ვინც საჭიროა.
სად წაიყვანენ?
სადაც საჭიროა. მანამდე უნდა სადმე შევინახოთ, გადავიტანოთ ფრთხილად, რო არ დაუზიანდეს რამე, გამიგეთ?
მოიცა და… – თქვა გედევანიშვილმა. ისევ უფროსის ხმა ჰქონდა. მაგრამ გამგებელს უფრო.
აღარანაირი მოიცა, დაიშალეთ, სამი-ოთხი კაცი დარჩეს მარტო.
სად შევინახოთ, კაცო? სახლში ხო არ შევიტანთ?
მართლაც, სად შეიძლებოდა შეენახათ. მიმოიხედა გამგებელმა.
მოვიფიქრებთ რამეს. ვინმემ რამე ის მოიტანეთ, ტაჩკა. რბილები ჩააფინეთ. შენ, შენ, დათო, შენ და ბეჟან. დარჩით თქვენ. დანარჩენები სახლებში.
დაიწყეს დაშლა აქეთ-იქით. თავდაგირიძე დარჩა. ბეჟანიც დარჩა. გვერდზე მდგომი ხალხს გაჰყვა, ოღონდ ისე, თითქოს აპირებდა დარჩენას, მაგრამ მერე ხალხის ნაკადმა გაიყოლა. გზადაგზა ხელს ისუფთავებდა უკმაყოფილოდ. თითქოს მიწა არ მოეწონა.
მამა ანდრიამ ეკლესიის წინ აგური იპოვა. წრე დაარტყა შენობას, კედელს ათვალიერებდა, საიდანმე ხომ არ გადმოვარდა. ვერ იპოვა, ყველა კედელი სრული და საღი იყო.
“- საიდან გაჩნდა ნეტა” – ფიქრობდა მამა ანდრია. არც გზა იყო სიახლოვეში, ვინმეს რომ ესროლა. არც სოფლიდან იზამდა ვინმე, რატომ უნდა ექნათ. ან რომც ჰქონოდა მიზეზი ვინმეს, ერთი აგური რა იყო?
თან არც კი ეგდო, იდო ასე უბრალოდ. ეკლესიის წინ ყვავილები ეთესა მამა ანდრიას, ნარცისები და გეორგინები, ქვების ნატეხებისგან პატარა გალავანი ჰქონდათ შემოშენებული. იქ მიიტანა, სცადა და ვერ მოარგო. მერე ეზოში ამოსასვლელ კიბეს მიაზომა. არ მოუვიდა. მერე კარის გასაჩერებლად დადო. დაიკეტა კარი. არსად ჯდებოდა აგური, არაფერს უხდებოდა. ნაძვის ბუჩქები ერტყა ეკლესიას ირგვლივ. ერთ-ერთის ძირას დადო. არც იქაურობაში ეწერებოდა, მაგრამ მიანება თავი. საქმეები ჰქონდა. კიბეზე ავიდა, ეკლესიაში უნდა შესულიყო, რომ ხალხი დაინახა შორიდან. ეკლესიისკენ მოდიოდნენ, ურიკას მოაგორებდნენ.
ჩამოვიდა მამა ანდრია კიბიდან და ჭიშკარი გახსნა.
მამაო, როგორ ხარ? – გამგებელი შემოვიდა პირველი. ურიკას ლურჯი ბრეზენტი ჰქონდა გადაფარებული.
კარგად, ივანე, ღვთის წყალობით. შენ როგორ…
მეც, მეც..
დააქნია თავი გამგებელმა. მოავლო თვალი ყვავილებს და ბუჩქებს. ბეჟანმა ურიკა შემოაგორა ეზოში. პირველ რამდენიმე ცდაზე კარში ვერ შემოატია, მერე სწორი კუთხე აიღო.
მამაო, აი ეს დაიტოვე რა. დღეს საღამომდე. ქალაქიდან მოვა ხალხი და წაიყვანს.
ახლა, როცა ურიკა გაუნძრევლად იდგა, ბრეზენტის ძალიან ფრთხილი მოძრაობა უფრო შესამჩნევი იყო.
რა მოგიტანიათ ეს… ცხოველია? – უყურებდა ურიკას მამა ანდრია.
არა – თქვა გამგებელმა და აცალა, თავად რომ ენახა.
მივიდა მამა ანდრია ურიკასთან. ბრეზენტი მოძრაობდა. მოკიდა ხელი ბრეზენტს, წამოსწია. გამგებელი გვერდიდან უყურებდა, ელოდა. მაგრამ არ გადამხტარა უკან მამა ანდრია, არც გულზე უტაცია ხელი. წარბები შეჭმუხნა უბრალოდ და ბრეზენტი ბოლომდე გადასწია.
აი, ეგ ვიპოვეთ დღეს მდინარესთან. გინახავს ეგეთი რამე?
ათვალიერებდა მამა ანდრია არსებას. ის, რაც, სავარაუდოდ, არსების თვალი იყო, აღარ ჩანდა. დიდ ფაშვს ჰგავდა ახლა. უბრალოდ ეს ფაშვიც აქამდე უცნობი ცხოველისა უნდა ყოფილიყო.
ეს რა… იცით რა არის?
აბა, საიდან, მამაო. ეგება შენ იცოდე? – თქვა ბეჟანმა. – იქნებ ბიბლიაში წერია რამე რო… რა ვიცი. წინასწარმეტყველება… – ერიდებოდა პირდაპირ თქმას ბეჟანი, მერე კი გაბედა.: რამე ეშმაკი ხო არაა, მაგას ვამბობ რა.
ეს იქნება სხვა პლანეტიდან, აი, ვამბობ მე – თქვა თავდაგირიძემ.
მოკლედ, მამაო ქალაქიდან უნდა მოვიდეს ხალხი, შეიძლება ამერიკელებიც იყვნენ, არ ვიცი, მეცნიერები ან კიდე ვინმე. მოკლედ, მანამდე იქ ხო არ დავტოვებდით, უნდა შევინახოთ, არ მოუვიდეს რამე და დავტოვებთ შენთან, ხო?
გვიან მიდიოდა ნათქვამი მამა ანდრიამდე, რამე ნაცნობის დანახვას ცდილობდა მოკლე საცეცების მოძრაობაში.
მოიცა, მოიცა, ჩემთან რატო? – აწია თავი. დანარჩენები უკვე კარში იყვნენ, კეტავდნენ.
აბა, სახლში ხო არ შევიტან – გაიცინა გამგებელმა – აბა, ჰე, მამაო, საღამოს შემოგივლი კიდე.
უნდა ეპასუხა მამა ანდრიას რაღაც. მაგალითად: “ასე არ შეიძლება, ივანე” ან “მე რა შუაში ვარ”, ან “რო გაიღვიძოს, რა ვქნა”, მაგრამ სანამ იტყოდა, არსებამ ხმა ამოუშვა, წკრიჭინი რომ სიტყვა იყოს, აი ისეთი. ახლა უკვე შეშინდა მამა ანდრია. უკან გადახტა, კედელს აეკრო და ეგონა, რომ სამჯერ გადაიწერა პირჯვარი, სინამდვილეში კი ათჯერ მაინც.
მოსაღამოვებამდე წვიმა წამოვიდა. ეკლესიაში იდგა მამა ანდრია, ფანჯრიდან უყურებდა ურიკას. უკვე გადაიკითხა იოანეს გამოცხადება, წმინდა მამათა წერილებს გადაავლო თვალი, სწავლებათა ახსნებსაც და არსად არ იყო მინიშნება, რომ ძლივს მოძრავი ლოკოკინა-ფაშვის გამოჩენა ან ანტიქრისტეს მოასწავებდა, ან სხვა ნებისმიერ რამეს. ბოლოს მივიდა დაშვებამდე, რომ ღმერთმა პირადად მას გამოუგზავნა ეს უცნაური რამ, რათა რწმენაში გამოეცადა, რათა ეჭვი შეეტანა ყოველი ცხოველის არსებობის ღვთიურ მიზეზში, რამეთუ ურიკაში უსაშველოდ უმწეო და უსაშველოდ მახინჯი ჩვილივით ჩაფენილი წვეთო სამოთხის ბაღის სურათში არანაირად ეწერებოდა. ვერც ნოეს კიდობნამდე მიაღწევდა თავისით, სიმართლე რომ ითქვას; იქამდეც, რა თქმა უნდა, ურიკით თუ არ მიიყვანეს. ეს არ ესმოდა მამა ანდრიას, რატომ გამოუგზავნა ღმერთმა ახლა და არა წლების წინ, როცა მის ახალგაზრდა გულში ეკუმენიზმის ეკალი იფურჩქნებოდა. როცა ბუდისტების და გნოსტიკოსების სწავლებებს დარცხვენილი პატივით შესცქეროდა, და რომ არა არქიმანდრიტი საველის მკაცრი, მაგრამ ღვთისნიერი “დაისჯები, ანდრო, იცოდე, ღმერთი იცი როგორია? იცი რაები უქნია? ბუდა დაგიცავს მერე?”, ეგება თავიც წარეწყმიდა.
ან იქნებ უბრალოდ გზავნილმა ჩამოაღწია გვიან, ვინ იცის. ასე თუ ისე, ახლა არსება ეკლესიის ეზოში უკვე ეშხში შესული წვიმის ქვეშ ტოკავდა.
“მეჩვენა ცხოველი უმიზეზო” – ასეთი ფრაზა მოიფიქრა მამა ანდრიამ თავისი ქადაგებებისთვის, როცა უკვე გაიაზრებდა ღვთიურ გაკვეთილს და სხვებისთვისაც მოინდომებდა გადაცემას. ფანჯრიდან უყურებდა. უფრო მშვიდად და თამამად. ახლა უკვე წვიმა მთელი ძალით უკაკუნებდა ზემოდან და ბრეზენტის ნებისმიერი მოძრაობის მიზეზად ჩანდა. წვიმა კარგი იყო, განმწმენდი, ნაცნობი.
მამა ანდრიას ცოდვების სია არ ყოფილა ძალიან გრძელი. მის სინდისზე იყო ერთი ქურდობა, თუმცა სრულიად უნებლიე, როცა ავტობუსიდან სხვისი ჩანთა ჩაიყოლა შემთხვევით. შეცდომა სახლში აღმოაჩინა, ჩანთიდან ამოლაგებულ უცხო წიგნებთან ერთად. ერთ-ერთი წიგნის სახელი იყო “გნოსისი და გამოღვიძება ნეტარი არჩილ გეწაძისა” – ავტორი არჩილ გეწაძე. გადაწყვიტა, პირველი ორი გვერდისთვის გადაევლო თვალი, თუმცა შემოეკითხა ბოლომდე. ისიც კი ითქვას, რომ სულ ოთხმოცი გვერდი იყო წიგნში, ოთხმოცი თხელი, უხარისხო გვერდი. თითო გვერდზე თიოდე ხაზი დიდი დაშორებებით. დაშორებებს შორის კი დამატებითი ახსნები, ჩაშლები, ოღონდ უკვე კალმით, რაც აშკარას ხდიდა, რომ წიგნი მამა ანდრიას თავად ნეტარი არჩილ გეწაძისგან მოეპარა.
“ აჰა, ღამე ძევს ჩემს წინ, დროის სვლით იმსჭვალება და იმსხვრევა ჩემს ქსოვილთა უჯრედები, თითქო რადიაცის ტალღით.
მხარშავს სამყარო თავის კუჭის წვენში, რომელსაც რომ ჩემი ბედისწერა ჰქვია.
არ მაქვს ნება ბრძოლის, არ მაქვს ნება ბრძოლის, რამეთუ დიდი ხარ, შენ, ღმერთო. და როგორც გენებოს, მაინც ისე გადამატრიალებ შენი საღვთო ჩანგლით შენს საღვთო თეფშზე.
ვგდავარ ცივ სამზარეულოში, გაბრუებული თამბაქოსა და ნივრისგან, სტომაქი ჩემი არ მეკუთვნის მე, სააღდგომო სუფრის გადამუშავებას ცდილობს იგი, მიბრუნებს ბოლოკის ნატეხებს, კბილებით რომ დავღეჭო უკეთ.
თვალები ჩემი მძიმეა, ფილტვები ჩემი კუპრით ამოლესილი, გული ჩემი ქონმოცული, ყველა ასო ჩემი სხეულის გადარჩენას ცდილობს, მის გამოგლეჯას დროისგან.
მე კი ვდგავარ სამზარეულოში და განვიცდი სამყაროს მხოლოდ სულით, რამეთუ ხორცი ჩემი ზედმეტადაა დაკავებული მონელებით, არ ვზრუნავ მის სიკეთეზე, არ ვზრუნავ მის სილამაზეზე.
და რაწამს გადაწყვეტს იგი, რომ ჩემს გაძღომით გამძორებულ ტვინს მეტი სიცხადე მიანიჭოს, გადავასხავ მამლის ბულიონს სამჯერ გათენებამდე, რათა არც ძილი მომეცეს, არც თვითკმაყოფილება.
ესე არს ასკეზა ნეტარი არჩილ გეწაძისა და გამოხდა სულისა სხეულისგან, როგორც დამჭკნარი ვაშლებისგან ჭაჭის.”
“დახე, ერთი”-ს წამოიძახებდა ხოლმე მამა ანდრია, წყრომად გულისხმობდა. მაგრამ არ გამოსდიოდა – ეხალისებოდა კითხვა. მერე კი თავის ქნევით გადადო წიგნი. გვიანი იყო, ილოცა და მიიძინა.
არ კი იცოდა, რომ მის ნათხემში, სადაც წმინდა ლოცვები არ კადრულობდნენ დაბანაკებას, ნეტარი არჩილ გეწაძის სწავლებამ მოახერხა დალექვა.
და ეს იყო მამა ანდრიას მეორე დიდი ცოდვა.
თუმცა, როგორც ვახსენეთ, არქიმანდრიტი საველის მტკიცე ხელმა დროზე იხსნა იგი ერესის წყვდიადისგან.
მაგრამ კიდევ იყო რაღაც. ცოდვა არ ყოფილა – არც ერთ საღვთო წიგნში არ ეწერა ცოდვად, მიუხედავად ამისა, მაინც იყო და აწვალებდა მამა ანდრიას.
13 წლის როცა იყო, ირაკლი როცა ერქვა და ბაბუამ სიგარეტის მოსატანად გაგზავნა სოფლის მაღაზიაში, გუბურის პირას შეჩერდა. ლელქაშებს წააწკიპა თავები წკეპლით, ჭინჭრები გაროზგა, ქვაზე ახტა, კენჭი ისროლა წყალში.
გუბურის ირგვლივ ისხდნენ ბაყაყები და მუცლით მეზღაპრეებივით პირის გაუღებლად ბერავდნენ ყიყინის ბუშტებს. ირაკლი ჩაიმუხლა ქვაზე და მწვანე, ხავსმოდებულ წყალში საკუთარ ანარეკლს თვალი ამოსთხარა. დაინახა – მოცოცავდა მისკენ რაღაც. ბაყაყი იყო, ოღონც ჯერ კიდე თავკომბალობის კუდი ბოლომდე არ მოუშორებია. ფეხებიც განუვითარებელი ჰქონდა. ჯერ ერთს აკრობდა ქვას, მერე მეორეს, მერე მესამეს, მერე მეოთხეს. მერე ისვენებდა. უაზრო იყო და საცოდავი. ირაკლიმაც აიღო და ჯოხი დაარტყა წინა ფეხში. ბაყაყი აფორიაქდა, აჩქარდა, მაგრამ დაზიანებულმა ფეხმა უმტყუნა და წყალში გადავარდა. გაშეშებული ჩაიძირა, მუცლით ზემოთ.
ბევრს ფიქრობდა მერე ირაკლი. მამა ანდრიაც ბევრს ფიქრობდა. ვერც ერთი ვერ მივიდა პასუხამდე, რატომ მოიქცა მაშინ ასე.
მოგვიანებით, როცა სული ფსალმუნებით ამოივსო, ყველაფერს მოეფინა ქრისტეს ნათელი და მშვიდობა. მხოლოდ უაზრო მახინჯი კუდმობმული ბაყაყი დარჩა ჩრდილში, რამეთუ ნათხემში იმალებოდა, ნათხემში კი, როგორც უკვე ვახსენეთ, ფსალმუნები ვერ აღწევდნენ.
და როცა რამდენიმე წლის წინ სხვაგან მსახურობდა, მრევლს ერთი კაცი გამოეყო ყბაშეხვეული ბავშვით. სთხოვა ცალკე საუბარი. უთხრა, რომ მის შვილს კისერზე, ყელზე და ყბაზე გამონაზარდები უჩნდება. უთხრა, რომ ექიმთან შეამოწმა, ლიმფური ანთება დაუდგინეს და გამოუშვეს – მეტის ფული არ ჰქონდა. შეხსნა ყბიდან სახვევი, გამოუჩინა. ნაოჭიანი კოპები გამოსდიოდა ბავშვს კისრიდან, შეწითლებული, ანთებული.
“აესენი აქვს, მამაო, და არ ვიცი, ვინმე ბერი ხომ არიცი რო” – ამბობდა კაცი და აგრძელებდა რაღაცებს.
მამა ანდრია კი უყურებდა ბავშვს და გრძნობდა, როგორ იღვიძებდა კუდიანი ბაყაყი მის კეფაში. საცოდავი, უსუსური, ლორწოიანი. ისევ სინათლეზე ცდილობდა ამოძრომას და მამა ანდრიასაც ისევ უჩნდებოდა სურვილი, ამჯერად ყველა ფეხი მიეჭყლიტა მისთვის და ბნელ წყალში ჩაებრუნებინა სამუდამოდ, სადაც იყო მისი ადგილი.
რაღაც უპასუხა ბავშვის მამას, მანუგეშებელი. რკინის ჯვარი აწია მკერდიდან, ამთხვია ორივე. მერე კი ყელზე მიადო ბავშვს. ცოტა შეკრთა ის ჯვრის სიცივისგან. “არაფერია, არაფერი. ჯვარია, ის ხო არა” – შეამხნევა მამამისმა. წმინდა პანტელეიმონის ლოცვას ამბობდა მამა ანდრია და თავადაც რომ ვერ ხვდებოდა, ისე აჭერდა რკინის ჯვარს შესიებებზე. ბავშვი წრიალებდა, მაგრამ ითმენდა. სწორი, ცივი რკინა იყო ჯვარი, ვერცხლისფერი, წმინდა. სტაფილოსფერ-ყვითელი იყო გამონაზარდი, ავი ხის სოკო. ხელი აჭერდა, ხელს უნდოდა გასრესა, მამა ანდრიას – არა. მამა ანდრია ლოცვას ამბობდა. მერე კი მოაშორა და დალოცა ორივე.
ბრეზენტის ერთ ჯიბეში ბევრი წვიმა დაგროვდა, დაამძიმა და გადაძვრა. არსება ნახევრად უკვე წყალში იდო. მთლიანადაც იქნებოდა, ურიკა გახვრეტილი რომ არ ყოფილიყო.
მამა ანდრია გამოვიდა ეკლესიიდან. წვიმა თითქმის მიილია, წვრილ-წვრილ წვეთებსღა ყრიდა ხეებიდან და კრამიტებიდან. ურიკის ჟანგიანი ბზარიდან იცლებოდა წყალი.
უცნაურად იქცეოდა არსების კანი. მცირე ფორები ეხსნებოდა სხეულზე და ისევ ეკეტებოდა – ბუშტები ამოდუღებულ ფაფაში. არც ჩანდა შორიდან. როცა მამა ანდრია მიუახლოვდა, შეამჩნია, რომ იქ იწყებდა სხეული ასეთ ქცევას, საიდანაც წყალი შორდებოდა. შეიძლება სუნთქვას ცდილობდა. შეიძლება არც. მაგრამ მამა ანდრიამ იფიქრა, რომ სუნთქვას ცდილობდა.
გამგებელმა თქვა, რომ საღამოს მოვიდოდა ხალხი წასაღებად. საღამო ახლოს არ ყოფილა, ღრუბლებს კი თავიდან გაწვიმება-არგაწვიმების ჭოჭმანი ეტყობოდათ. მოკიდა მამა ანდრიამ ურიკას ხელი და ფანჩატურისკენ წაიღო.
ფანჩატური ააშენეს სამი წლის წინ, როცა არქიმანდრიტი საველი ახალგარემონტებულ ეკლესიას ეწვია. ორი ზამთარი გამოიარა ფანჩატურმა, მაგრამ ცისფერი, გალაქული საღებავი ისევე წმინდად ედო. კიევის ლავრაში იყო საველი ნამსახურები და ღვთისნიერ სიბრძნეებთან ერთად იქაური ჩაის სმის სიამეზეც უყვებოდა ანდრიას, ჯერ კიდევ სემინარიის წლებში.
“ფინჯანში კი არა, იქ ესეთ დაბალ ფიალაში ისხამ ჩაის, კოვზით მურაბა გიკავია, წირვა მისრულებულია, მზე კი ჩადის.” – არქიმანდრიტის ნოსტალგია ანდრიაზეც გადმოდიოდა, ამიტომაც ააშენებინა ფანჩატური. თავადაც უნდოდა ასე.
ალუბლების ხეები ერტყა ირგვლივ ფანჩატურს და როცა გაზაფხულზე ყვავილობა იწყებოდა, მამა ანდრია, ღმერთმა აპატიოს და, წირვებსაც ვერ უდებდა გულს ბოლომდე.
საველის ჩამოსვლისას დიდ ხანს ვერ გაჩერდნენ, საღებავის სუნი ტრიალებდა ჯერაც. მას მერე კიდევ რამდენჯერმე მოიწვია მამა ანდრიამ არქიმანდრიტი, მაგრამ იმას არ ეცალა.
მიაგორა ურიკა, მიაყენა შესასვლელთან და როგორც კი კარის საკეტი მოხსნა, გულში გაიფიქრა:
“არა, არა, არ ივარგებს ასე”. ჯერ გაიფიქრა და მერე მიხვდა, რას გულისხმობდა.
არ ივარგებს ასე, არ სჭირდება ეს სიბინძურე ფანჩატურში. არ სჭირდება არც ეკლესიაში. წლებია თავს ევლება ყოველ ბუჩქს და ყოველ კუთხეს, ღამღამობით რჩება ხოლმე, რომ მორეცხოს იატაკი, სასანთლეები დაწმინდოს, არ ივარგებს ასე, არაა ღმერთის სახლი ასეთი საძაგლობებისთვის, შეურაცხყოფაა ამ უბედურის არსებობა, მდაბიო ნაგლეჯია ხორცის, საიდან მოაგნო, რატომ ხსნის თავის ფორებს, რატომ ცდილობს ჰაერის ჩაყლაპვას, რატომ მიიჩნევს თავს ღირსად თავისი უწმინდური, უსუსური სახებით სამყარო დაამძიმოს, ამას ფიქრობს მამა ანდრია და უნდა ახლა, რომ ჰქონდეს მის სიტყვას ღვთაებრივი ძალა, ლეღვის ხის გამხმობი, სოდომის შემმუსრველი, უნდა, რომ უთხრას მას: “განიქმენ” და ეს უაზრო არსებაც შეიჭმუხნოს მარილმიყრილი ლოქორასავით, დაიწვას ან დადნეს, უნდა, რომ ჰქონდეს ასეთი ძალა, მაგრამ არ აქვს, სამაგიეროდ ბაღის სეკატორი აქვს, რომლითაც კედრის ბუჩქებს ავ ტოტებს აჭრის, ვარდის ყვავილებს სარეველებს აცლის, მაშ, იყოს ბაღის სეკატორი მისი რისხვისა და წმინდა ნების იარაღი და აი იღებს მამა ანდრია ფანჩატურის სკამიდან მას და აი მიდის ურიკისკენ სადაც ელის ის, უფრო უმწეო, ვიდრე მდინარის ტალღებზე კალათით მონაოსნე ჩვილი მოსე, უღმერთო სამყაროს მუცელმოშლილი ნაყოფი, თავკომბალა.
თამარა ალურიძე-გედევანიშვილისა უკეთეს ქორწინებაში რომ ყოფილიყო, ალბათ ახლა ქმართან ერთად ამ უჩვეულო სტუმარზე ილაპარაკებდა. როცა ორ დღეში სოფელში ჟურნალისტები ჩამოვიდნენ, ასე უნდოდა არსების მოხსენიება – “ჩვენი უჩვეულო სტუმარი”, თუმცა ინტერვიუ მხოლოდ გამგებელსა და თავდაგირიძეს ჩამოართვეს.
თამარა ალურიძე-გედევანიშვილისა ტრომბონისტ ზაქარიას რომ გაჰყოლოდა, ალბათ ახლა იმ უცნაური ხმების რხევებზე ილაპარაკებდნენ, რასაც არსება გამოსცემდა. თუმცა, ტრომბონისტი ზაქარია ნახევრად ქურთი იყო და თამარას მშობლებმა იმდენად არ მოუწონეს შვილს არჩევანი, რომ კონსერვატორია დაატოვებინეს და მამისეულ სოფელში მუსიკის მასწავლებლად დააბრუნეს.
თამარა ალურიძე-გედევანიშვილისთვის ეს სახლი არა მუდმივი საცხოვრებელი, არამედ ზაფხულის გასატარებელი და ბავშვობის მოგონებების გასაცოცხლებელი ადგილი იქნებოდა. შვილს თავის ძველ წიგნებს გადმოულაგებდა, “დაშნა და ბრინჯაოს ფრინველი, აი ეს წაიკითხე, მოგეწონება” – ეტყოდა, მერე კი აივანზე გავიდოდა, სადაც თავის ტრომბონისტ ზაქარიას ნახავდა მზესუმზირის გროვის გვერდით.
“იცი” – იტყოდა თამარა ალურიძე-გედევანიშვილისა. “იცი, მთელი დღე ვფიქრობდი იმაზე…”
“მეც” – იტყოდა ზაქარია.
“მგონი, ყოველ ჯერზე, როცა ხმა ამოიღო…”
“რეგისტრი ეცემოდა, ხო? მეც მაგაზე ვიფიქრე!”
“კი, ძალიან, ძალიან ნელა, თითქოს იცლებაო…”
“გგონია, რომ…” – იტყოდა ზაქარია.
“მგონი, კვდებოდა” – უპასუხებდა თამარა ალურიძე-გედევანიშვილისა, უკეთეს ქორწინებაში რომ ყოფილიყო. მაგრამ რაკი არ იყო, უბრალოდ სარეცხი გაკიდა.
“მგონი, კვდება” – იფიქრა მამა ანდრიამ, სანამ არსებას სეკატორს შეახებდა. არავითარი ხმა აღარ ყოფილა. რომც ყოფილიყო, მამა ანდრიას მუსიკალური სმენა არც ჰქონდა, მაგაზე რომ შეეტყო. მაგრამ მაინც იფიქრა. ასევე იფიქრა, რომ ყოველ არსებას, რომელიც სიკვდილის პირასაა, აქვს ერთი დიდი საერთო რამ: აღარ ჰგავს ცოცხალს. ზუსტად ისევე, როგორც აღარ ჰგავდა ცოცხალს არქიმანდრიტი საველი, როცა მამა ანდრიამ შარშან იხილა – დასვენებული საპანაშვიდო წირვის გულში, ცვილისფერი ხელებითა და ჩაცვენილი თვალებით. მაგრამ ცვილისფერი ხელები საველის მუდამ ჰქონდა. ჩაცვენილი თვალებიც მუდამ ჰქონდა. უბრალოდ, როცა ცოცხალი იყო, ეკუთვნოდა ისინი.
კიდე ბევრი რამ იფიქრა მამა ანდრიამ ერთბაშად. იმდენად ერთბაშად, რომ ერთ დიდ ცოდნად შეუდედდა ტვინში, რომ ეს რაღაც აქამდე ცოცხალი იყო, რომ მისი გასიებული უფორმო გვამი ცოტა ხნის წინ სიცოცხლეს შეიცავდა. სიცოცხლე ხსნიდა მცირე ფორებს, სიცოცხლე ამოძრავებდა საცეცებს, სიცოცხლე აწკრიალებდა ბროლის მძივებს. ახლა კი, როცა ამ ძალისგან დაცარიელდა, მამა ანდრიას აღარ ჰქონდა სურვილი მისი დაზიანების, აღარც ეზიზღებოდა, თითქოს უცნაურობა და სიუცხოვე სიცოცხლესთან ერთად გაქრა. ახლა უკვე იცოდა მამა ანდრიამ, რა იყო არსება – იგი იყო მკვდარი.
სველ კიბეზე ჩამოჯდა. მხრებზე ფანჩატურის სახურავიდან წვეთები ეცემოდა. ეზოში გამგებელი გამოჩნდა. სხვა ტანსაცმელი ეცვა უკვე, უფრო გაუთოებული.
აგვიანებენ, მამაო, ისინი, მანქანა გაუფუჭდათ, თუ რაცაა, არ ვიცი. როდის აპირებ შენ სახლში წასვლას?
ჯერ არა, ივანე.
მოკლედ, მერე ვიფიქრე, რო ესე შემოგიხრიგინეთ პირდაპირ, ეგება გადიოდი ან რამე, მოკლედ, თავდაგირიძემ ბოსელი გამოითავისუფლა და მე დავიტოვებო, შენ რო აღარ შეგაწუხოთ რა. რას შვრება ისე? ჩუმადაა?
ურიკას მოკიდა გამგებელმა ხელი.
არაა საჭირო – თქვა მამა ანდრიამ – დავიტოვებ მე.
ხო მარა შეგაწუხებენ, მამაო, იქნებ კამერებიც იყოს.
არა უშავს.
მიმოიხედა გამგებელმა, რაღაცის თქმას ცდილობდა.
კაი, გეტყვი პირდაპირ რა, შეიძლება ტელევიზია ჩამოიყვანონ და ესე ვიფიქრე, ეკლესიაში რო გადაიღონ, ვინმეს რამე ის არ ეგონოს რა, ხო ხვდები.
არ ეგონებათ, ვეტყვი.
ცოტა ხანი იჭოჭმანა გამგებელმა კიდე, ორიოდე ფოთოლი მოწყვიტა ალუბლის ხიდან.
კაი, მოკლედ, თუ რაცაა არი.
თქვა და გაბრუნდა. ჭიშკრის ხმა გაიგო მამა ანდრიამ. არ ჩანდა გამგებელი, მერე შორს გზაზე გამოჩნდა და მერე ისევ დაიკარგა.
წამოდგა, მოკიდა ხელი ურიკას და მიაგორა ეკლესიასთან.
იფიქრა, რომ არქიმანდრიტი საველი ცოცხალი რომ ყოფილიყო, ასეთ რამეს ეტყოდა ალბათ: “არა, შვილო, ხომ არ გადაირიე. რა იცი შენ, სულიერია, არაა სულიერი. ციყვი რომ ნახო მკვდარი, აუგებ წესს? ნუ შეურაცხყოფ ღმერთის წესებს, შვილო, ეგ არაა ჩვენი, ეგ აგე ინდუსების რჯულია”.
ასეთ რამეს იტყოდა, ალბათ მეტი მაგალითით. მაგრამ არქიმანდრიტი საველი ცოცხალი არ იყო, მამა ანდრია კი იყო.
ააგორა კიბეზე ურიკა, შეიტანა ეკლესიაში და მიკეტა კარი.
© არილი