ქართულ ენაში იშვიათია ისეთი ეთნიკურ-ბიოლოგიური პათოსით დატვირთული სიტყვათშეთანხმება, როგორიცაა “ქართული გენი”. თავად სიტყვა მოითხოვს, რომ გენი, ანუ ინფორმაციის ბიოლოგიური მატარებელი, სადღაც აბსტრაქტულ სივრცეში კი არა, უჯრედულ სტრუქტურებში ფიზიკურად იყოს განლაგებული. ჯერ დაუდგენელია, ნუკლეოტიდების რა მიმდევრობითაა ქართული გენი ჩაწერილი, მაგრამ აშკარაა, რომ მხოლოდ A, T, C, G ასოებით მთლად ვეფხისტყაოსანიც ვერ გამოვიდოდა.
მით უფრო, თუკი ქართველობა მართლაც გენური გზით გადადის, ევოლუციური პროცესის ნაწილიც გამოდის, სადაც მუტაცია ყოველწამიერი ტრადიციაა და მანდ უკვე დარვინიზმში გადავდივართ – ეგ კი ერესია, არ გვინდა.
მაგრამ კითხვა მაინც კითხვად რჩება: საიდან იცი, რომ ქართველი ხარ?
როცა ბავშვი იბადება: ლაზი, უდმურტი თუ კონგოლეზიელი, მისი ბიოლოგიური შემადგენელი გარემოსა და მშობლების ჯანმრთელობის ფაქტორით უფროა განპირობებული, ვიდრე გვარის ჟღერადობით.
შემდეგ კი, როცა სწავლობს ეს ბავშვი ენასა თუ სამყაროს, ნელ-ნელა იწყებს ისეთი ცნებების ათვისებასაც, როგორებიცაა – ოჯახი, სანათესავო, სამშობლო, მოდგმა.
ეს ათვისების პროცესი ნაწილობრივ თავისით ხდება, ნაწილობრივ კი შენამდე არსებული ადამიანების ნაშრომ-ნაღვაწის სხვადასხვა მარცვლების მოგროვებით.
მსოფლიო ზღაპარ-თქმულებებში არსებობს გველის სისხლის მოტივი. ჩვენთან ხოგაის მინდისთან (არ გამაჩნია ნათესაური კავშირი) ვლინდება, გერმანულ ზღაპრებში – “თეთრი გველის” ამბავში.
ეს მოტივი ამგვარია – არსებობს სიბრძნის გველი, რომლის სხეულშიც სისხლის ერთი წვეთია, რომელშიც კონცენტრირებულია მთელი ცოდნა წარსულ-მომავალზე, ცხოველების ენა და ბუნების ძახილები. თუ ეს წვეთი მიიღე, შენში სუპერნოვასავით აფეთქდება ეს ცოდნა და შეგეძლება იცხოვრო ბუნებაში ისე, როგორც სახლში.
თუმცა პრობლემაც ისაა, რომ არ იცი რომელი წვეთია და მთელი გველის შეჭმა გიწევს.
როცა ბავშვი იზრდები და იწყებ შენი წინამორბედების ენის, კულტურის, ნაწერ-ნამღერ-ნაფიქრ-ნაქვითინების ათვისებას ლუკმა-ლუკმა, მათი უმეტესობა შეიძლება იყოს უბრალოდ რბილობი. სასარგებლო და კალორიული, მაგრამ მაინც – რბილობი. თუმცა გათენდება დღე და უცებ რამეს გაიგებ, რამეს წაიკითხავ, რამეს დაინახავ და აღმოჩნდება, რომ სწორედ ეს ყოფილა ის ერთი წვეთი, რომელიც წამში ცხადყოფს ყველაფერს, გააღვიძებს შენში ისტორიულ მეხსიერებას და დოგმატური, სასკოლო დაფიდან ათვისებული წესების მაგიერ არა საზეპიროდ, არამედ უკვე ძვალ-რბილით გეცოდინება ის, თუ “ვისი გორისა ხარ”.
ასეთი გველების კოლექტიური არაცნობიერის ხვრელიდან ამოყვანა განსაკუთრებული ენით მოუბარ ადამიანებს შეუძლიათ და ერთ-ერთი მათგანი იყო დავით წერედიანი.
დავით წერედიანი მეტწილად მთარგმნელის სახელითაა ცნობილი და სამართლიანადაც – მე არ ვიცოდი, რომ გოეთე მართლა გოეთე იყო, სანამ წერედიანის თარგმანში არ წავიკითხე “თხმელნართ მეფე”. ვიიონთანაც ამივლ-ჩამივლია და არც მას ვიცნობდი, სანამ წერედიანის ხმით არ მოვისმინე “წვრილ თქმათა ბალადა”. ბევრია კიდევ ასეთი. მაგრამ ამ ყველაფრის უკან მქონდა მცირე ეჭვი: ხომ არაა ეს იმ უნიჭიერესი მუცლით მეზღაპრეს ხრიკები, რომელიც უბრალოდ ვიიონის თუ ლორკას თოჯინას ახსნევინებს პირს და საიდუმლოდ თავად საუბრობს მათ მაგიერ?
ამიტომაც წავედი და თავად წერედიანის შემოქმედება დავძებნე. რაც იქ დამხვდა, იმან არამხოლოდ ეჭვები განმიქარწყლა, არამედ კიდევ ერთი უძვირფასესი მარგალიტი მაპოვნინა – თავად დავით წერედიანი, როგორც საქართველოს პოეტი.
იყო პოეტი ნიშნავს მარტივ რამეს: ფლობდე ენას. ეს ენა, რამდენადაც უცნაურად გინდა ჟღერდეს, არ უნდა იყოს სალიტერატურო. არც უნდა იყოს სახალხო და არც იურიდიული. ეს ენა უნდა იყოს პოეტის პირადი სააშიკო სალაღობო ამხანაგთა სათრეველი შელოცვა. ბევრი მოტყუვდება და დაიწყებს კატეგორიზაციას: იტყვის, რომ გალაკტიონი სიმბოლისტების ენაზე წერდა და ხარანაული კიდევ ხალხურ ენაზე წერს. მოტყუვდნენ, რაკი ასე უფრო უმარტივდებათ – მთავარია, ჩვენ ვიცოდეთ სიმართლე. წერედიანის პოეზია ტოვებს ქართული ენის შთაბეჭდილებას. ოღონდ, იმდენად თვითმყოფადი ქართული ენის, გეგონება დედამიწის ზურგზე სხვა არცერთი ენა არსებობდეს. არქაული თუ დიალექტური ტერმინები ისეა მორგებული თანამედროვე სინტაქსს, რომ ლამისაა, ქართული ენის ესპერანტო დაარქვა და გინდა მეხუთე საუკუნეში მოგისროლონ, გინდა მეცხრამეტეში, წერედიანის ენით დაელაპარაკები და გაუგებთ ერთმანეთს.
თუმცა, ენა მაინც ინსტრუმენტია. დახვეწილი და მოვარაყებული ინსტრუმენტი რომლითაც მტერსაც მოიგერიებ და ყანასაც დახნავ, შემდეგ კი მომავლის ეთნოგრაფები ეროვნულ მუზეუმში შეინახავენ.
მაგრამ წერედიანი მუზეუმისთვის არ იმეტებს ქართულ ენას და გულდასმით უვლის მას, როგორც საგვარეულო იარაღს ანდაც ლერწმის კალამს, ამოზრდილს უშრეტი გიშრის ტბის პირას, რომელსაც ამარაგებენ სისხლის, მირონისა და მელნის მიწისქვეშა მდინარეები.
ძველი სიმღერა
ახლა, როცა ამას ვწერ, ყველა კუთხიდან ყიჟინა მესმის – ესპანეთს ვეთამაშებით.
მე მაგას ვერ ვუყურებ შესუსტებული ნერვების გამო. არ ვიცი ჯერ, რა ანგარიშით დამთავრდება, მაგრამ რა ანგარიშიც გინდა იყოს, უჩვეულოდ შესაბამისი ეპიგრაფი მიტრიალებს გონებაში:
„კარგად იბრძოდნენ
ჩვენი ვაჟები,
ყველაზე უფრო –
გურმაჩ და ჭოხან“.
ასე იწყება დავით წერედიანის ლექსი “ძველი სიმღერა”. ძველი სიმღერა არის სვანურ სოფელზე – ხალდე, რომელიც 1875 წელს მეფის რუსეთს აუჯანყდა, ტყვია-წამლის გამოფიტვამდე იბრძოლა, რის მერეც რუსეთის სადამსჯელო მისიამ გადაუარა, დაანგრია კოშკები, ვინც ვერ მოკლა, გადაასახლა და აკრძალა მანდ დასახლება – დღესაც ნასოფლარია.
32 ადამიანი 1 თვის განმავლობაში აკავებდა რუსულ არმიას, მაგრამ რესურსების სიმწირემ იჩინა თავი ბოლოს. ხალდეს მცველებს ტყვია-წამალი გამოელიათ, რის მერეც რუსულმა არმიამ მოწინავე დამცავი კოშკი ნაღმებით ააფეთქა, მერე კი შემოვიდა სოფელში და გადაწვა, გაანადგურა უკანასკნელ შენობამდე. დღესაც ნასოფლარია.
“კლდის ბზარში ჩაკიდებულო
თვალთა ნათელო, ხალდე,
თავსასთუმალთან, ძილისპირს,
იარაღივით დამდე.
რისთვის იბრძოდნენ ვაჟები,
არ გადიოდნენ ბერას,
რისთვის კიდებდნენ ციხეზე
სისხლით შეღებილ პერანგს,
რად ბრიალებდა ქონგურზე
ალმოდებული ჩოხა,
რად მოკვდნენ ასგზის ათასჯერ
ჩემი გურმაჩ და ჭოხან…”
რესურსები ვახსენე და ომში ბევრნაირი რესურსი შეიძლება იყოს: ფინანსური, ადამიანური, ტექნოლოგიური და ასე შემდეგ. მაგრამ არის კიდევ ერთი რამ, რასაც ცალკე არ აქვს სახელი. შეიძლება სულის სიმტკიცე დაერქვას, შეიძლება “გული რკინისა”, მაგრამ ყველაზე გულწრფელად და პირდაპირ მაინც წერედიანი აყალიბებს”:
“ეგებ არც ისე ძნელია,
სულის უჟამო ხდამდე
უფსკრულზე დაკიდებული
ტყვიას ტყვიაში სვამდე,
ტკივილის ძაფსღა ემაგრო,
ბოლო ხავილის ეხოს,
არა ძალა და იმედი,
სასოწარკვეთა გეყოს”
წერედიანის “ძველი სიმღერა” დიდი ხანია, რაც ვიცოდი, მაგრამ ცხადად 2023 წლის ნოემბერში გამახსენდა, როცა კირბალში საოკუპაციო ძალებმა თამაზ გინტური მოკლეს. გინტური სამშენებლო ქაფით დალუქული და აჭედილი ეკლესიის გახსნას ცდილობდა.
არ ვიცი, რაში სჭირდებოდათ რუსებს ეკლესიის აჭედვა. სამაგიეროდ ვიცით, რატომ ცდილობდა გინტური მის გაღებას – გიორგობა იყო, 6 ნოემბერი.
ეკლესია საოკუპაციო ზონაში 2018 წლიდანაა მოქცეული, მაგრამ დღესასწაულებზე სოფლის მოსახლეობა მაინც ახერხებდა ასვლას.
მერე კი სადღაც საოკუპაციო გარნიზონის ჯურღმულებში რომელიმე პოლკოვნიკმა გადაწყვიტა, რომ “მორჩა, საკმარისია” და დიდი ფიქრის გარეშე აუკრძალა ქართველებს საკუთარ სალოცავში სიარული.
„ტკივილის ძაფსღა ემაგრო,
ბოლო ხავილის ეხოს,
არა ძალა და იმედი,
სასოწარკვეთა გეყოს”
თითქოს არც არაფერი შეცვლილა – ისევ იარაღიანი რუსები, ისევ შენი სახლისა და რწმენის წართმევის მცდელობა.
რა ხდება, როცა სასოწარკვეთა გყოფნის? რა არსებად იქცევი? ან რა პირობებში მიდიხარ იმ მდგომარეობამდე, სადაც უპირობოდ უფრო ძლიერ მეტოქეს ტკივილის ბოლო ძაფამდე ებრძვი?
არის ასეთი სიტყვა ინგლისურში, რომელიც ქართულად კარგად არ ითარგმნება – Underdog. მოდის ძაღლთა ორთაბრძოლებიდან და დამარცხებულ, უფრო სუსტ ძაღლს აღნიშნავს. მაგრამ პირველადმა მნიშვნელობამ დროთა განმავლობაში სახე იცვალა და იქცა ყველა წინააღმდეგობის მიუხედავად შეუპოვარი მებრძოლის აღმნიშვნელად: გოლიათთან დაპირისპირებული დავითი, რომლის მხარეს ღმერთიც კი არაა. საქართველოს ისტორია გაჯერებულია ასეთი მონაკვეთებით, სადაც “underdog” – ის პოზიციაში გვიწევდა ყოფნა. და სწორედ მისი თვისებაა, რომ არა ძალა და იმედი – სასოწარკვეთა ეყოს.
მეორედ ხალდე გამახსენდა მაშინ, როცა გინტურის მკვლელობაზე მეტ-ნაკლებად გაჩუმებულმა ხელისუფლებამ რამდენიმე თვის მერე რუსული კანონი დააანონსა. და გამახსენდა კონკრეტული მონაკვეთი, რომელიც მანამდე კარგად არ მესმოდა:
„რაც გულში ჯავრი დაგროვდა,
ბნელში დაიწყებს ვარვარს.
ნუ რჯულზე მელაქარდები,
შენი მოყვასი არ ვარ.
მთაგაღმეთს დავიკარგები,
ქაშაგს ჩავიყრი ფუძეს,
ისლამურ მთვარეს ამოვჭრი
შენს ღალატიან გულზე.
არ მესმოდა, ქართველების და რუსების დაპირისპირებასთან ისლამური მთვარე რა შუაში იყო ან მისი ღალატიან გულზე ამოჭრა?
მერე კი ჩავხედე რუსეთის არმიის შემადგენლობას და ბევრი რამე გაირკვა:
სადამსჯელო ექსპედიციაში რუს სამხედროთა გვერდით ერთად ბევრი ქართველი „სამართალდამცავი“ იყო: გურულთა ქვეითი ასეული, კახელთა მილიციის ასეული და ბეჩოს სამხედრო ნაწილი.
ეს იყო დღეები, როცა რუსთაველზე საქართველოს რუსული კანონისგან დასაცავად გამოსულ ადამიანებს სახელისუფლებო პოლიცია და სპეცრაზმი სჯიდა, სცემდა და ციხეებში ანაწილებდა.
პარალელურად კი, შვილისხელა ხალხის ქუჩაში თრევისთვის სპეცრაზმელის ბაკანში ჩასმულ დამსჯელებს ხელისუფლება გმირობას აბრალებდა და ბონუსებით უშუშებდა “რადიკალებისგან” მიღებულ ნაკაწრებს.
არც იმაში მეპარება ეჭვი, რომ ხალდეს ამაოხრებელ ქართველებს რუსეთის იმპერიამ გულუხვად დაუფასა ერთგულება სიგელებითა და მანეთებით, და ხალხისგან კი მადლიერება მოითხოვა სტაბილურობის შენარჩუნებისთვის.
ძალიან ნაცნობი შეგრძნებაა – გაუცხოების. თითქოს, ზუსტად ასეთი ხალხი ცხოვრობს შენ მეზობლად, გხვდება მაღაზიაში და გესალმება ქუჩაში. მაგრამ იქ, სპეცრაზმელის ბალაკლავაში ჩასმული თვალები, რომლებიც უბრალოდ ხალხისგან ცალკე დარჩენილ მოქალაქეს ეძებენ, რომ ერთიან მასად მიესიონ და როგორც ამება ისრუტავს საჭმელს, ისე ჩაკარგონ თავის შავოსან რიგებში, ისეთ უცხო არსებად გეჩვენება, რომ არათუ თანამოქალაქეობა, ერთი სახეობა ვართ თუ არა – ამაზეც კი გაგიჩნდება კითხვა.
თვისტომობა გვარი არ არის.
“მთაგაღმეთს დავიკარგები, ქაშაგს ჩავიყრი ფუძეს,”
– ქაშაგი იყო ჩერქეზული ტომების ზოგადი სახელი. ჩერქეზები კი კიდევ ერთი ერია, რომელთა განადგურებაც არაერთხელ სცადა რუსეთმა.
იმპორტული იდენტობა, რომელიც ერთმორწმუნეობის გარსითაა გაფორმებული, უპირისპირდება ავთენტურს, რომელშიც შენთან სხვა მრწამსის, მაგრამ მსგავსი ხვედრის ადამიანი უფრო ბუნებრივად თანაზიარობს, ვიდრე სრულიად უცხო და ათასი ავსულობით ფეხმძიმე იმპერია.
წერედიანისთვის თვისტომობის გრძნობა ეყრდნობა არა გვარის დაბოლოებას ან სარწმუნოებას, არამედ რაღაც ისეთის სურვილს, თავისუფალი სიცოცხლისადმი ლტოლვას რაც მანდვე აქვს ჩამოყალიბებული:
განა რა ბევრი მჭირდება,
ვგრძნობდე, თვისტომნი მყვანან,
ვიცოდე, მართლა ჩემია
ჩემი სახლი და ყანა,
ღელეს ვაბრუნო წისქვილი,
მთაში ვაძოვო ძროხა,
ისევ ვაჟებად დავზარდო
ჩემი გურმაჩ და ჭოხან.
ერთი ვიდეო მახსენდება რუსეთ-უკრაინის ომის ადრეული დღეებიდან. ჯერ არც ტერიტორიული წარმატებები ჰქონდა უკრაინას და არც ცხადი საერთაშორისო მხარდაჭერა. რუსული ჭურვი მოფრინავდა ქალაქის მიმართულებით და უკრაინელი ჯარისკაცები ცდილობდნენ ჩამოგდებას. არსად მინახავს ისეთი შვება და სიხარულის ყიჟინა, რაც მათ აღმოხდათ, როცა ჭურვი ცაში აფეთქდა. ეს იყო მხოლოდ ერთი სხვა ასიათასობით ჭურვიდან, მაგრამ იმწამს ხომ გადაარჩინეს რამდენიმე ადამიანი მაინც.
მგონია, რომ ხალდეშიც ამ ერთი თვის განმავლობაში ყოველ აფეთქებულ ზარბაზანზე, ყოველ ჩამოგდებულ ცხენოსანზე ასეთი ყიჟინა უნდა გაჟღერებულიყო სვანური კოშკებიდან. რაკი ყველა შენ მიერ გადატანილი დღე იყო დღე, როცა ზურგს უკან ცოცხლები იყვნენ შენი გურმაჩ და ჭოხან.
ესაა, რისი წართმევის მცდელობასაც მოყვება ის წერტილი, რომლის შემდეგაც ერთადერთ საწვავად სასოწარკვეთა რჩება. უკანასკნელ, თვითდესტრუქციულ, მაგრამ ყველაზე რეაქტიულ ძალად. და შეუძლია ამ ძალას, რომ 32 ადამიანს შეაძლებინოს ასობით დამპყრობლის, მოღალატისა და ავაზაკის გაჩერება.
ამაზე გაგეფიქრება კიდეც: მერე რა, ხომ დამარცხდნენ? ხომ მაინც დახოცეს, გადაასახლეს და გაასწორეს მიწასთან?
ისტორიული სიშორის პერსპექტივიდან გაგეფიქრება და უტილიტარისტული აწონ-დაწონის კუთხით მართალიც იქნები.
თუმცა, შეიძლება ამ ყველაფრის მაგიერ გაგახსენდეს სტროფი, რომლითაც წერედიანი ძველ სიმღერას ასრულებს:
ისე შემყროდეს სიკვდილი,
მხარი ნუ მეგრძნოს ძმისა,
მტრისგანამც გამომეჩოქოს
დასამარხავი მიწა…
ესპანეთთან მატჩი მოსრულდა, წავაგეთ.
მაგრამ მაინც, კარგად იბრძოდნენ ჩვენი ვაჟები.
ახლა კი ლექსი სრულად:
ძველი სიმღერა
“კარგად იბრძოდნენ
ჩვენი ვაჟები,
ყველაზე უფრო –
გურმაჩ და ჭოხან.”
…
რა ჩემი საქებარია,
რასაც აქებენ სხვანი…
შემოვლე მთელი ქვეყანა,
მთელი სიგრძე და განი…
კლდის ბზარში ჩაკიდებულო
თვალთა ნათელო, ხალდე,
თავსასთუმალთან, ძილისპირს,
იარაღივით დამდე.
რისთვის იბრძოდნენ ვაჟები,
არ გადიოდნენ ბერას,
რისთვის კიდებდნენ ციხეზე
სისხლით შეღებილ პერანგს,
რად ბრიალებდა ქონგურზე
ალმოდებული ჩოხა,
რად მოკვდნენ ასგზის ათასჯერ
ჩემი გურმაჩ და ჭოხან…
– ისე შემყროდეს სიკვდილი,
მხარი ნუ მეგრძნოს ძმისა!
– მტრისგანამც გამომეჩოქოს
დასამარხავი მიწა!
ეგებ არც ისე ძნელია,
სულის უჟამო ხდამდე
უფსკრულზე დაკიდებული
ტყვიას ტყვიაში სვამდე,
ტკივილის ძაფსღა ემაგრო,
ბოლო ხავილის ეხოს,
არა ძალა და იმედი,
სასოწარკვეთა გეყოს…
ჩემს ხმაში ბზარად ჩამდგარი
მზის საგალობელს ერთვის:
„გაველ და გავხე, ვაჟებო,
ნურამც ყოფილა ჩემთვის“…
განა რა ბევრი მჭირდება,
ვგრძნობდე, თვისტომნი მყვანან,
ვიცოდე, მართლა ჩემია
ჩემი სახლი და ყანა,
ღელეს ვაბრუნო წისქვილი,
მთაში ვაძოვო ძროხა,
ისევ ვაჟებად დავზარდო
ჩემი გურმაჩ და ჭოხან…
…რაც გულში ჯავრი დაგროვდა,
ბნელში დაიწყებს ვარვარს.
ნუ რჯულზე მელაქარდები,
შენი მოყვასი არ ვარ.
მთაგაღმეთს დავიკარგები,
ქაშაგს ჩავიყრი ფუძეს,
ისლამურ მთვარეს ამოვჭრი
შენს ღალატიან გულზე.
ისე შემყროდეს სიკვდილი,
მხარი ნუ მეგრძნოს ძმისა,
მტრისგანამც გამომეჩოქოს
დასამარხავი მიწა…
© არილი