პროზა

მიშა ბახსოლიანის ფანჯრიდან

ათი ტექსტები წაგიკითხავთ, მათ პერსონაჟებს კარგად იცნობთ და იმ პერსონაჟების სახლებშიც არაერთხელ ყოფილხართ სტუმრად (ან იმდენჯერ ყოფილხართ, რომ სტუმრად უკვე აღარც კი გრძნობთ თავს), მაგრამ ჯერ არ გინახავთ მათი ფანჯრები და არც ის, რასაც ისინი ხედავენ იმ ფანჯრებიდან.

ამიტომაც დაიწყო არილმა რუბრიკა – ავტორის ფანჯრიდან. მთავარი პირობაა, რომ თანამედროვე ქართველი მწერლების ტექსტებმა, რომლებსაც არილისთვის დაწერენ, მათი ფანჯრებიდან გაგვახედოს და სულ ერთია, როგორი იქნება ხედი, რომელსაც დავინახავთ. ზოგჯერ, შეიძლება, ამ ხედებმა სხვა ხედები გამოიხმოს მათი მოგონებებიდან, ზოგჯერ კი მხოლოდ ის იქნება, რაც ნამდვილად არის – საქართველოს რომელიმე ქალაქის რომელიმე ქუჩა.

მონათხრობის უკეთ აღსაქმელად სტატიებს თან დავურთავთ მათივე გადაღებულ ფოტოს – ასე მოგვიყვება ერთი კადრი და ერთი ტექსტი ამბავს იმის შესახებ, რა და როგორ ჩანს ავტორის ფანჯრიდან.

თუ დააკვირდები, დაინახავ

კაცი ხეზე ზის, სიმღერას მღერის. აბა, რა ქნას, ემღერება და გინებას ხომ არ დაიწყებს? ისე თუ დასჭირდება, გინებაც იცის, ბევრჯერ მოუსმენია ქვემოთ შეკრებილი კაცებისგან, ხმადაბლა და დამარცვლით გაუმეორებია კიდეც, მაგრამ მისთვის არასდროს არავის უგინებია, ამიტომ თვითონაც თავს იკავებს.

შიშველია, ისეთი გამხდარი და უცნაური შეფერილობის, რომ დაუკვირვებელ თვალს გამჭვირვალე ეგონება. დაკვირვებული კი ყველა ნეკნს დაითვლის და მხოლოდ მერე თუ გაახსენდება, რომ ადამიანზე ასე მიშტერება და ნეკნების თვლა უზრდელობაა, მაგრამ სხვა არაფერია საინტერესო, შორეულ მთებს ტრაქტორები ფხვნიან, ამწეკრანები კუბიკებს ერთმანეთზე ალაგებენ და ჰორიზონტს სახეს ახევენ, ამიტომ ზრდილობის ნორმებს თუ დაიკიდებს და კიდევ უფრო დააშტერდება, აღმოაჩენს, რომ სრულიად უბალნო ტანისგან განსხვავებით, კაცის უჩვეულოდ წვრილი ხელები დაფარულია ხშირი და გრძელი თმით, რომელიც თან წიწვებითაა გავსებული და ფერითაც ზუსტად წიწვებისფერია.

კაცი ისე ერწყმის გარემოს, თითქმის არ ჩანს. მისი ხტომა გაელვებაა ტოტიდან ტოტზე. გამჭვირვალე ლაქის ელვისებრი სკუპი. წკაპ და გადამხტარია. თან ძალიან პატარაა, 60-65 სანტიმეტრი თუ იქნება.

ისიც საოცრებაა, ამხელა რომ გაიზარდა, სულ ციცქნა იყო მშობლებმა ფანჯრიდან რომ მოიფრიალეს. არ ახსოვს, რომელი იყო, დედა თუ მამა, მაგრამ უფრო მამა იქნებოდა, უახლოესი ფანჯრიდან ხემდე დიდი მანძილია და ნამშობიარებ, დასუსტებულ დედას ასე შორს სროლა გაუჭირდებოდა.

იღბლად ხეზე შერჩა, რბილმა წიწვებმა დაიცვეს და შეიფარეს. შემდეგ კი, როდესაც შიმშილმა და წყურვილმა შემოუტია, გამოკვება და დაარწყულა. ისე მოეწონა, მეტი საკვები აღარც უძებნია და ხიდანაც არასდროს ჩამოსულა. მეტყველება ჩიტების მიბაძვით ისწავლა, თუმცა თავიდან ქარივით უბერავდა და უსტვენდა.

12 წლამდე მისი ერთადერთი მეგობრები ჩიტები იყვნენ: შაშვები, მერცხლები და ბეღურები. ყვავების ცოტათი ეშინოდა, მტრედებს კი საერთოდ არ უშვებდა ხეზე. როცა ბოლომდე წამოიჩიტა, მიხვდა, რომ ადამიანი იყო, მაგრამ ჩიტობას ვერ შეელია. მიწაზე მობოდიალე თანამოძმეებისკენ გულმა არ გაუწია და სანამ შეეძლო, კარგადაც იმალებოდა.

ისე ადამიანურიც მალევე ისწავლა, საოცარი სმენა ჰქონდა, კიდევ უფრო კარგი მეხსიერება. დაბადების დღიდან ყველაფერი ზედმიწევნით ახსოვდა. ყველა დღე, ფაქტი და თუნდაც ყურმოკვრით გაგონილი სიტყვა.

დღისით ფოთლებს შორის შეუმჩნევლად დაძვრებოდა და ლორთქო წიწვებს მიირთმევდა. ცოტა ჰყოფნიდა, 20-25 ცალი მთელ დღეს გადააგორებინებდა ხოლმე. ღამით უფრო იწყენდა და შივდებოდა, როცა აღარც ჩიტები ჩანდნენ  და კორპუსებიც იძინებდნენ. სიბნელეში ტოტებს შორის გაწვებოდა და სპეციალურად ხრამუნით იწყებდა ჭამას. თითქოს სიჩუმეს ებრძოდა, თვითონ ხომ არასდროს ეძინებოდა და მეტი მაინც რა უნდა ექნა.

იმ დღეს, როდესაც პირველად გაიხსნა გული და სირენასავით წვრილი ხმით ამღერდა, ყველაფერი შეიცვალა. ვინც გაიგო, გაუგო და შეიყვარა. ვიღაც ტურიპროჭებმა კი მისი დათრევა მოინდომეს, მისი რა – ფულის. ხიდან ჩამოყვანა და ხალხში გაყვანა სჭირდებაო, დაიჟინეს. რას არ პირდებოდნენ: ახალ სახლს, ფლეისთეიშენ ხუთს და აიფონ ბოლოს,  მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. სხვებზე გონიერი და მოქალაქეობრივად სწორი პოზიციის მატარებელი ჯეელები ბავშვთა სახლში წაყვანასაც უპირებდნენ, პატრულიც კი გამოიძახეს ერთი-ორჯერ, მაგრამ მათაც არაფერი გამოუვიდათ. კიდევ უფრო ბრუტალურები  ხის მოჭრით დაემუქრნენ, რამდენიმემ ხეზე აძრომა და მისი დაჭერაც სცადა, მაგრამ  რაღაცნაირად ისე დალაგდა, რომ ფეხები ვერ მოჭამეს. დარჩა ხეზე და ვისაც უყვარდა, კიდევ უფრო შეიყვარა.

ხის ქვეშ ახლაც ხალხია, უძრავად დგანან, გატრუნულები უსმენენ. უცბად ვიღაც ვერ ითმენს და შენ გაიხარე ორთაჭალის ბულბულოო, შესძახებს. კაცს სიამოვნებს, ისე გადაიკისკისებს, უფრო გადაჭიკჭიკება რომ ეთქმის და ხის წვრილ ტოტებს ხტუნვა-ხტუნვით კენწეროსკენ მიუყვება. სიმღერას არ წყვეტს, ხმას უფრო და უფრო უმატებს და ბოლოს ისე სასიამოვნოდ გასწივის,  რომ ხის ქვეშ შეკრებილ ადამიანებს ხელებზე ყველა ბეწვი უდგებათ, თავიანთ თავში ჩარბილებულები მონოტონურად მოძრაობენ და აქა-იქ ერთმანეთს ემოციურად  ეხუტებიან კიდეც. კაცი კი უმატებს და უმატებს ხმას, თითქოს პაწაწინა სხეულში ხმის გამაძლიერებლები ჰქონდეს ჩამონტაჟებული და როცა ხის წვერს მოაჯდება, ჩუმდება.

– ეჰ, რაღა ახლა მოუნდა, – ამბობს ერთი და ხეს ცოტათი შორდება.

 – რა ხდება? – კითხულობს მეორე, ახალგაზრდა ქალი, რომელიც მანამდე ხის ფონზე სელფის გადაღებას ცდილობდა.

  – მალე გააგრძელებს? – ინტერესდება მესამე, რომელიც ხესთან აშკარად პირველადაა.

– ჰეი, გააგრძელე, რა, – ასძახებს მეოთხე.

– აუ, ამისთვის გამომიყვანე? – ეჩხუბება ვიღაც გოგო ვიღაც გოგოს.

 – რა არ მოგეწონა? – უკვირს იმ ვიღაც გოგოს.

– არა, კარგია, მაგრამ უცბად მორჩა. მე მეგონა, უფრო დიდხანს გაგრძელდებოდა.

 – მოიცადეთ, გოგოებო და გააგრძელებს, – ამშვიდებთ ბებო, რომელიც ხის ქვეშ პიტნის კანფეტებს ყიდის.  – ოღონდ ცოტათი მოშორდით ხეს.

 – ოო, სად ველოდო, სამსახურში მაგვიანდება! – ბრაზობს გოგო და პირდაღებულ მეგობარს ხესთან ტოვებს. აფორიაქებულია, თითქოს რაღაც გაახსენდა. ასეა, ჩიტკაცას სიმღერა ყველაზე სხვადასხვანაირად მოქმედებს.

– დაიწყე, რა. – ბრაზდება მეოთხე და ხის ტოტებს შორის გაჭვრეტას ცდილობს –

მაგრამ აქ კვანძი გაიხსნება, პირშიმთქმელი გმირი გამოჩნდება და ყველას დაუცაცხანებს:

 – აცადეთ, ხალხო, მოსკინტვლა, რა გჭირთ, ადამიანები არა ხართ? აბა, თქვენ ჭამდეთ მთელი დღე წიწვებს, მერე ნახეთ, რა ჭკუაზე დადგებით.

ყველანი ბუზღუნით შორდებიან ხეს. ოდნავ მოშორებით, ხისკენ ზურგშექცევით დგებიან.

კაცი კი კენწეროზე ქანაობს, მსუბუქად იჭინთება და ხმადაბლა ღიღინებს.

ღამის სიჩუმე გაფანტე,

ჩუმად ოცნება გამანდე,

მხოლოდ ალერსით გამანდე

და უცბად ისე ამოისუნთქებს, ხვდები, რომ გათავისუფლდა.

სიმღერას წყვეტს და ისევ ჭიკჭიკს იწყებს.

– შენ გენაცვალე, ორთაჭალის ბულბულო. – იმეორებს ისევ ის ჯიგარი და ხელებზე აჯაგრულ თმებს ივარცხნის.

© არილი

Facebook Comments Box