Uncategorized

მიშელ უელბეკი და ბერნარ ანრი ლევი – „საზოგადოების მტრები“

houellebecq 398488

მიმოწერა

ფრანგულიდან თარგმნა მერაბ ფიფიამ

2008 წლის 8 მაისი.

გაოგნებულ ბერნარ-ანრი ლევის არ სურს, კანტის სიშმაგეზე ისაუბროს, არც მარსელ დიუშამის ჭადრაკის პარტიების გარჩევა ეპიტნავება მაინცდამაინც, და არც ალტიუსერსა და კონტს შორის არსებულ იდუმალ მსგავსებაზე მსჯელობა, სამაგიეროდ სიამოვნებით შეიტყობდა თავად უელბეკის აზრს დედამისის მიერ დაწერილ წიგნზე.

ძვირფასო მიშელ, მე ისევ დავბრუნდი ნიუ-იორკს და ახლა სასტუმროს ნომრიდან გწერ. დღესდღეობით თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სასტუმროს ნომერი ის ერთადერთი ადგილია, სადაც თავს საუკეთესოდ ვგრძნობ (არ შეიძლება პრუსტი არ მოგაგონდეს, რომელიც ამბობდა, კი არ მახსოვს ზუსტად კაბური თუ რომელიმე კონკრეტული ადგილი ჰქონდა მხედველობაში, – სასტუმროს ნომერი ის სამყაროა, სადაც „არავინ გეჯახება“ და ტვინსაც არავინ გიბურღავსო…).

ახლა თავი მაქვს ჩარგული თქვენს წერილში და, როგორც ყოველ ჯერზე, ტვინს ვიჭყლეტ: როგორ ვუპასუხო მას? მე არ ვიცი, თქვენ როგორ ახერხებთ, მაგრამ ჩემთვის ეს ადვილი საქმე ნამდვილად არ არის.

ჩვენ არ ვსაუბრობთ ერთმანეთის პირისპირ, ამიტომ მე წარმოდგენაც კი არ მაქვს, რა სტრატეგიას მიმართავთ თქვენ.

პირადად მე, მაგალითად, თქვენი წერილის წაკითხვის შემდეგ, პასუხის მოსაფიქრებლად ერთი-ორი დღე აუცილებლად მჭირდება. ვატრიალებ ხელში, ვკითხულობ, შემდეგ ისევ ჩავუყვები ბოლომდე, ვეძებ სწორ კუთხეს, ათვლის წერტილს, ჩასაფრებული ადამიანის პოზიცია მიჭირავს, მოკლედ, ვცდილობ, არ გამომეპაროს ის საერთო წერტილი და ნიუანსები, ჩვენ რომ ასე გვაახლოებს. ამავდროულად ვცდილობ, მოვნიშნო ისიც, რაც ჩვენ რადიკალურად გვაშორებს ერთმანეთისგან, ანუ ვეძებ იმას, რაც ვიზუალურად აახლოებს, მაგრამ რეალურად აშორებს ჩვენს ეპისტოლარულ მიმოწერას.

ყოველთვის ვეკითხები საკუთარ თავს: რა გამოარჩევს ადამიანს, რა არის მისთვის უფრო მნიშვნელოვანი: რასაც ის წარმოაჩენს, მზის სინათლეზე გამოაქვს თუ რასაც რუდუნებით მალავს? ის, რასაც ის ახმოვანებს, თუ ის, რაზედაც ის სდუმს? ხმამაღალი განცხადებების გაკეთება შეიძლება მისთვის სულაც არ იყოს მიმზიდველი და მომგებიანი.

ზოგჯერ ჩემს წარმოდგენაში ვცდილობ მოვლენებს წინ გავუსწრო, ცხადია, რამდენადაც ეს შესაძლებელია. წარმოვისახავ ხოლმე თქვენს პასუხს კითხვაზე, რომლის დასმაც მე მაქვს განზრახული, მერე ვფიქრობ თქვენს პასუხზე ჩემს სავარაუდო რეაქციაზე.

სინამდვილეში მთელი ეს ჩემი მეცადინეობა მხოლოდ ერთ რამეს ემსახურება: როგორ მოვიხელთოთ, გავამძაფროთ ჩვენი საუბრის საგანი ისე, რომ ჩიხში არ მოვაქციოთ; როგორ დავხვეწოთ თამაში ისე, რომ პარტია დიდხანს გაგრძელდეს და მალე არ გამოვეთიშოთ მას: როგორ გავვარდე წინ ბურთით ისე, რომ ჩაწოდება არ დამავიწყდეს, რათა თქვენც მოგეცეთ საინტერესო „პასის“ მოფიქრების საშუალება და შეინარჩუნოთ წინ განავარდების სურვილი.

მე გწერდით, რომ ძალიან მიყვარდა ჭადრაკის თამაში.

დიახ, უამრავ პარტიაში მიმიღია მონაწილეობა, მაგრამ, თუ არ ვცდები, არ მითქვამს, რომ ხშირ შემთხვევაში ეს ხდებოდა დაუსწრებლად, როგორც მაშინ იტყოდნენ, „წერილობით“. ამგვარად ცდილობდნენ ამ ტიპის თამაშის ნაღდი, ქრონომეტრირებული თამაშისგან გამიჯვნას. ასე ვერთობოდით კლუბში, რომელიც ჩვენს ლიცეუმში იყო ჩამოყალიბებული და სადაც, ცხადია, მეც ვიყავი გაწევრიანებული. ეს ხდებოდა იმ ეპოქაში, როცა ინტერნეტისა და ელექტრონული ფოსტის ხსენებაც არ იყო. მოვიფიქრებდი ხოლმე სვლას, დავწერდი და ფოსტით ვაგზავნიდი. შემდეგ ველოდი პარტნიორის მიერ მოფიქრებულ ხრიკს. ასე და ამგვარად პარტია ერთი კვირა კი არა, ხშირად მთელი ერთი თვე შეიძლებოდა გაწელილიყო. მარსელ დიუშამს ამ „წერილობით თამაშს“ არაფერი ერჩივნა და მასთან დაწყებული პარტია წლები გრძელდებოდა ხოლმე. აქვე გეტყვით ბარემ, რომ იმხანად ის, რასაც დიუშამი აკეთებდა, ჩემს აღფრთოვანებას იწვევდა. სიცოცხლის ბოლო წლებში ეს ხელოსანი ნიუ-იორკიდან აწყობდა ეგრეთწოდებულ „ready made“ გამოფენებს. ყველაფერს თვითონ ამზადებდა, შემდეგ კი საკუთარ დას, სიუზანას მითითებებს პარიზში უგზავნიდა. ამ უკანასკნელმა ზედმიწევნით იცოდა მათი სისრულეში მოყვანა. ზუსტად იმავე პრინციპით იმართებოდა ჭადრაკის პარტიებიც. ზოგიერთები მაინც, – საუკეთესოები, მე ვიტყოდი, – მაგალითად, ჟან რეისთან, ანრი-პიერ როშესთან, ფრანსის პიკაბიასთან მან დაუსწრებლად მიიყვანა ბოლომდე. ასე პაექრობდა ეს კაცი, უკონტაქტოდ, ვითომც არაფერი. ეს, ალბათ,მისეული მანერა იყო ზედმეტად არავის შეეწუხებინა , „არავის შეენჯღრია…“.

მოკლედ გეტყვით: გონება მეკეტებოდა ჭადრაკის “წერილობით“ თამაშზე. ვგიჟდებოდი, ვფიქრობ, იმ მიზეზით, რა მიზეზითაც თავად დიუშამი. მისთვის ეს იყო უბრალო თამაში და არა მატჩი, ან რაღაც ამდაგვარი, რაც აუცილებლად შეჯიბრს გულისხმობს. მარსელი ამაში მოიაზრებდა ერთობლივი გამოგონებებისა და მოფიქრება-რეპროდუცირების უეშმაკო საშუალებას; მოკლედ, ეს იყო გონებრივი სამუშაო კითხვების ინტენსიური გამოყენებით, ტვინის ჭყლეტა პასუხებზე, ასევე – ურთიერთგამომრიცხავი ემოციების რეგულირება, ეს იყო მოულოდნელი შემობრუნებები და სტრატეგიები, გონების გაზიარებული გამონათებები, ხშირად დამალული მზაკვრული ხრიკები, ვირტუოზობა, გაცურებები…

სიამოვნებას, რომელსაც დღეს თქვენთან მიმოწერისგან ვიღებ, ნაწილობრივად იმ წარსულს მივაწერ, რომელიც ეს-ეს არის მოგიყევით. ცხადია, სულაც არ ვაპირებ შთაგონებით მონიჭებული სიხარულისა და ბედნიერების დაკნინებას. ჯერ ეს ლიტერატურული აღსარებების გაზიარების შანსი რად ღირს, ან ის სტრატეგია, რომლითაც ჩვენ ერთმანეთს ვუბიძგებთ, საიდუმლოებათა გროვაში ვიქექოთ. ძალიან მხიბლავს ასევე ის იდუმალება, ჩვენ მიერ წამოწყებულ თავგადასავალს რომ გადაჰკრავს. ჯერჯერობით წარმატებით მივიწევთ წინ, რა თქმა უნდა, მივიწევთ ნიღაბაფარებულნი. საკუთარი სამზარეულოს ხრიკების გაზიარების აუცილებლობა ჯერჯერობით არ დამდგარა, არ გვითქვამს ერთმანეთისთვის, რა სანელებლებს ვიყენებთ, კერძი რომ გემრიელი გამოგვივიდეს. რაც შეეხება მალვას, არ მახსოვს რომელ წერილში გაგიზიარეთ ჩემი მოსაზრებანი ამის შესახებ, მაგრამ არ დავიზარებ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ საიდუმლოს შენახვა, პირში წყლის დაგუბება – მწერლის ხელობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. ვახსენე ჩვენი მიდრეკილება გადაცმისა და ნიღბების მორგებისადმი, რომელიც ჩვენმა ძვირფასმა ბოდლერმა ლიტერატურული ეთიკის ქვაკუთხედად აქცია, ბარემ იმასაც გეტყვით, რომ სულ ახლახან სრულიად შემთხვევით გადავაწყდი ბრეხტის „იატაკქვეშა სამუშაოს ქებათა-ქებას“, რომელიც ჰიტლერიზმის გაფურჩქვნისა და აღმავლობა-აღზევების პერიოდში დაიწერა და რომელიც პირდაპირ ბოდლერს ეხმიანება: წაშალო საკუთარი ნაკვალევი, დაიმალო, შეიქნა ახალი, განსხვავებული პირადობები, დაივიწყო საკუთარი თავი, დაკარგო საკუთარი გვარ-სახელი და თუ ესეც არ იკმარებს, მაშინ არკადინის დარად ბიოგრაფები უნდა დაიქირაო და დაავალო მოიძიონ მოწმეები ცხოვრებისა, რომელიც მხოლოდ გაუგებრობაღა თუ იყო და აუცილებლად უნდა წაიშალოს (აქ საუბარია ორსონ უელსის გმირზე ფილმიდან “ბატონი არკადინი“ – მთარგმნ. შენ.). რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება. და მაინც, ამ სულ უფრო და უფრო მზარდ სიამოვნებას ჩვენი მიმოწერა, მისი თანმხლები გამუდმებული აზროვნება, ჩემი შეტევებისა და თქვენი შემოტევების მშფოთვარე მოლოდინი რომ მგვრის, წარსულის დაბრუნების განცდას განსაკუთრებულ პეწს სძენს. ისეთი შთაბეჭდილება მეუფლება, თითქოსდა ისევ ბავშვობისა და ყრმობის ხანაში გადავეშვი, როცა ჭადრაკის ეს დაუსრულებელი პარტიები მათრობდა და თავბრუს მხვევდა. მსოფლიო ჩემპიონმა, ჰოლანდიელმა იან ტიმანმა, ჭადრაკი „ინტელექტუალურ კრივად“ მონათლა, მაგრამ ხაზს უსვამდა, მხოლოდ საკუთარ თავსა და შენ მიერვე მოფიქრებულ სტრატეგიებს ებრძვიო.

და აი, თვალწინ მიდევს თქვენი ბოლო წერილი და გულმოდგინედ ვკითხულობ. ერთი მეორის მიყოლებით ვეცნობი თქვენს არგუმენტებს და საკუთარ თავს ვეკითხები, რომელს შევეხმიანო პირველ რიგში. იქნებ თქვენს „რელიგიას უღმერთოდ“ მივდგომოდი თავიდან, მაგრამ განა ამის დამცველად და მხარდამჭერად ოდესმე გამოვსულვარ? უკეთეს შემთხვევაში შეგიძლიათ ვოლტერს შეუამახანაგდეთ, უარეს შემთხვევაში კი – მორასს, ჩემში მოკავშირეს ნუ ეძებთ, მე არაფერ შუაში ვარ.

იქნებ დასაწყისისთვის უპრიანი ყოფილიყო თქვენი მოსაზრება კანტზე გამოგეთქვათ. კანტზე, რომლის აზრებსაც, როგორც თავად აღნიშნავთ“ არასდროს დაუტოვებია კენიგსბერგის გაუხშოებული, მაგრამ უზენაესი ჰაერი“. ჯერ ერთი, ეს მთლად სწორი ვერ არის, ეს ლეგენდა, ცნობილი ამბავია, ჩვენ ჟერმენ დე სტალმა გვიფეშქაშა, რომელიც თავისი ნაწარმოების, – „გერმანიაზე“, – ბოლო ნაწილში კანტის შესახებ რაღაცებს მიედ-მოედო. ყრმობის წლებში კანტი პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა ჯერ პასტორ ანდერშის ოჯახში, მოგვიანებით კი – კეიზერლინგებთან. საცხოვრებლად ჯერ გუმბიანენთან ახლომდებარე იუდტშიენს მიაშურა, მოგვიანებით კი ოსტეროდეში გადავიდა, მერე აღარ მახსოვს კიდევ სად, მაგრამ მთავარი აქ სხვა რამაა: როცა თქვენ შეურყეველი, ფსიქორიგიდული, ასე ვთქვათ, საათის მექანიზმივით აწყობილი, დისციპლინისადმი წარბშეუხრელად ერთგული, მანიაკალურ წესრიგსა და სიმკაცრეში გამოკეტილი, იმპერატივების, აბსტრაქციების, უნაყოფო და განსხეულებული კონცეპტუალურობის კორსეტში გამოკვართული კანტის იმიჯს ძერწავთ, თქვენ უარყოფთ მისი პიროვნებისათვის ასევე ნიშნეულ, მეტად ყურადსაღებ თვისებას, თვალს ხუჭავთ მის შფოთზე, შინაგან მღელვარებასა და შინაგან სიშმაგეზე, მე ვიტყოდი შიზოფრენიაზე. სწორედ აქ უნდა ვეძებოთ ახსნა-განმარტება, ერთ-ერთი მაინც, თუ რად სტანჯავდა ამ ადამიანს საკუთარი აზროვნების მკაცრ, გაურკვეველ არტახებში მოქცევის სურვილი: გონების კატეგორიები სხვა არაფერია თუ არა სიტყვებისგან ჩამოსხმული ერთგვარი ჯავშანი, გალავანი აღმართული იმ ქარიშხლებისა და ღვარცოფის საწინააღმდეგოდ, რომელიც აზროვნებამ შეიძლება დაგვატეხოს თავს, ეს ანტიპოდია ფილოსოფიისა, ოკულტიზმისა და სპირიტიზმისა, რომელსაც ივიწყებენ და რომელიც ასე იზიდავდა ყრმა კანტს. ეს იყო მისი მოუცილებული ცდუნება, ავადმყოფური აკვიატება. მთელი დარჩენილი ცხოვრება ცდილობდა მათთან გამკლავებას, მათ დაბრუნებაზე გაფიქრება კი შიშის ზარს ჰგვრიდა.

თავს უფლებას მივცემ, ერთი-ორი ზოგადი ფრაზა დავწერო: თქვენ ბრძანებთ, ფილოსოფიის მაინცდამაინც ბევრი არაფერი გამეგებაო, მაგრამ ამავდროულად მისადმი დამოკიდებულებაში გახასიათებთ „თავისუფლების“ ის ფორმა, რომლისაც მე ამ მომენტისათვის ცოტათი მშურს კიდევაც: მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ თამამად განაცხადოთ, წარბშეუხრელად, როგორც იტყვიან: „შოპენჰაუერი ფიქრობს, რომ…“ ან „ნიცშემ მას უპასუხა, რომ…“ ან კიდევ „მეფიქრება, რომ სპინოზას არგუმენტაციები ამ საკითხთან დაკავშირებით აბსოლუტურად უდავოა“. პროფესიონალი ფილოსოფოსისთვის მსჯელობის მსგავსი მანერა წარმოუდგენელია. მით უმეტეს ისეთი ურწმუნო თომასთვის, როგორიც მე ვარ და რომელმაც ერთხელ და სამუდამოდ ირწმუნა ის, რასაც ასე დიდხანს უჩიჩინებდნენ: ყოველი ფილოსოფიური დოქტრინა ერთი მთლიანი, შეკრული და დახურული სისტემაა. არაფერია იმაზე სახიფათო, ვიდრე ის, რომ ამ სისტემის ერთი ნაწილის გამოყოფასა და იზოლირებას ცდილობ, მას საკუთარ ბედ-იღბალს უქმნი, და არც მის გათავისება-მისაკუთრებაზე იხევ უკან, მოკლედ, მის „ციტირებას“ ახდენ. დერიდა „ეკოლ ნორმალის“ ახალი თაობის წარმომადგენლებს, რომლებსაც, როგორც ჯარში, „ახალწვეულებს“ უწოდებდნენ, პირველსავე ლექციაზე ეუბნებოდა: „არავითარი მოტივტივე მოსაზრება“ (მე ყოველგვარი კეკლუცობის გარეშე ვაცხადებ, რას არ გავიღებდი, ოღონდ საკუთარი პროფესიონალიზმი როგორმე თავიდან მომეცილებინა…), „არავითარი კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფილოსოფიური ამონარიდები“, არავითარი „ჰეგელი ან ჰაიდეგერი, გნებავთ, ჰერაკლიტე ამბობს, რომ…“ რატომ ასეთი მიდგომა? იმიტომ, რომ კონტექსტიდან, მეტსაც გეტყვით, ენობრივი გარემოდან გამოცალკევებული ეს ამონარიდი უკვე აღარ არის ორიგინალური ტექსტის აზრის მატარებელი, ის მახინჯდება, თუ საერთოდ არ გამოგეცალა ხელიდან (დარწმუნებული ვარ, შემეპასუხებით და მომახლით“ – ამას წინათ, როცა თქვენს ლევინასო-სპინოზისტურ, ეგრეთწოდებულ „გაზის ქარხანაზე“ მესაუბრებოდით, ანუ მონადოლოგიაზე უმონადოდ – სუბიექტის თქვენეულ კონცეფციაზე თქვენც იგივე არ გააკეთეთო? ცხადია, მართალი იქნებით, მაგრამ შეიძლება არც იყოთ მართალი. გეტყვით, რომ მაშინ მე, არც მეტი, არც ნაკლები, ვჩხირკედელაობდი; საკუთარ პოზიციას ვაკოწიწებდი და მოქმედება თავსმოხვეული ფიგურებით მიწევდა; თუმცა ამას არაფერი აქვს საერთო ციტირებასთან. ის სრულიად განსხვავებულ წესებს ექვემდებარება; სხვა რამეა ასევე გასაოცარი ნიჭი მავანისა, ფილოსოფილური სისტემა თავისუფალი გამონათქვამების სანავარდო მინდვრად აღიქვას, ან არანაკლებ თავისუფალი ასოციაციების სათამაშო სტადიონად. ვიმეორებ, ჩემს აღფრთოვანებას საზღვარი არ ექნებოდა, მსგავსი ნიჭის შეძენა რომ შემეძლოს…).

ოგიუსტ კონტმა ვატყობ, პირდაპირ მოგაჯადოვათ, მე კიდევ დიამეტრულად განსხვავებული მოსაზრება ჩამომიყალიბდა. ყოველთვის ეჭვის თვალით ვუყურებდი მის მოსაზრებებს საზოგადოების მეცნიერების დახმარებით გარდაქმნის შესახებ. მთლად სიმართლე თუ გაინტერესებთ, მისით სერიოზულად არც არასდროს დავინტერესებულვარ (თუმცა არა… მგონი ახლა მე ნამდვილად ვცდები). აი, ახლა ვწერ და ვხვდები, რომ ერთი პატარა ხიდი ჩემსა და კონტს, უფრო ზუსტად ჩემს თაობასა და კონტს შორის მაინც არსებობს – და ეს პატარა გამაერთიანებელი ხიდი ალტიუსერია. ალტიუსერი თავის ცნობილ სტატიაში „მხარს ვუჭერ მარქსს“ ღიად და მიუკერძოებლად საუბრობს ფრანგული ფილოსოფიური აზროვნების დაკნინებასა და სავალალო მდგომარეობაზე. 1789 წლის რევოლუციიდან დაწყებული მთელი ასოცდაათი წლის მანძილზე მისი კრიტიკის ქარცეცხლს მხოლოდ ერთი ადამიანი გადაურჩა და ეს გახლავთ ოგიუსტ კონტი; ფრანგი ფილოსოფოსების კოჰორტიდან ერთადერთი კონტი იმსახურებს ყურადღებასო, წერდა ის. ალტიუსერი ინდობს კონტს, რადგან ამ უკანასკნელს მთელი ცხოვრების მანძილზე გააფთრებული თავდასხმების მოგერიება უწევდა და საბოლოოდ „იმ უკულტურობისა და უმეცრების ცოცხალ მოწმედ“ იქცა, რომელიც ჩვენ, დღევანდელ თაობას „წილად გვერგო“: ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ალტიუსერი ისე უბრალოდ, ადამიანური თვალსაზრისით ჰგავს კონტს, როგორც ჩვეულებრივ მოკვდავებს. მათ იმდენი რამ აქვთ საზიარო – სიგიჟე… ნეიროლეპტიკების დიდი დოზები… ესკიროლის (ფრანგული ფსიქიატრიის მამა, მე-19ს.) მაგივრად დიატკინი (ფსიქოანალიტიკოსი, ფსიქოზის სპეციალისტი), ორივენი არაჩვეულებრივ წიგნებს წერდნენ, წინასწარ მოუმზადებლად, არაფრად დაგიდევდნენ ჩანიშვნებს, წერდნენ, ასე ვთქვათ, ცხელ გულზე, აღგზნებული კალმით… არ დაგავიწყდეთ რელიგიურობაც, რომელიც პირველს თავიდანვე შეეყარა, მეორეს კი – მოგვიანებით და ორივეს განსაკუთრებით რომ გაუმძაფრდათ საყვარელი ქალების – ელენასა და კლოტილდა დე ვოს გარდაცვალების შემდეგ (ალტიუსერმა თავისი ცოლი ელენ რიტმანი დაახრჩო, კლოტილდა დე ვო ოგიუსტ კონტის პლატონური სიყვარულით უყვარდა)… ორივეს კანტზე მეტად აფრთხობდა ცვლილებები, მოგზაურობანი… და რამდენ წერილს წერდნენ?.. ნიაღვარი წერილებისა… წერილები მგზნებარე, ნერვიული, პარანოიდული… წერილები, რომლებსაც თავისი დროის დიდ მოაზროვნეებს უგზავნიდნენ, მოაზროვნეებს პოზიტიური ჭეშმარიტი რწმენის მომლოდინე ტანჯულ სულებად რომ მიიჩნევდნენ… ისინი ჯერ კიდევ სიცოცხლეშივე მიიცვალნენ… საკუთარი წიგნების ტუსაღები… მეცნიერული მიდგომა მათთვის დამაწყნარებელ პერანგად გარდაიქმნა. თუ ალტიუსერის ვინმეთან შედარება შეიძლება, ეს უწინარეს ყოვლისა ოგიუსტ კონტია. შესაძლოა თვითონაც მასთან ახდენდა საკუთარი თავის იდენტიფიცირებას. დიახ, ოგიუსტ კონტთან, ინტელექტუალური განვითარების სამი სტადიის გამომგონებელთან – საოცარია, როგორ ვერავინ შეამჩნია ის მის სიცოცხლეშივე? როგორ ვერ დავინახეთ ჩვენ, მისმა მოსწავლეებმა ეს საოცარი მსგავსება, ეს აბსოლუტური ჭეშმარიტება?

დაბოლოს, თქვენი მიზანთროპია, თუ არ ვიცი რა დავარქვა ამას… პირდაპირ გეტყვით, თქვენი მოსაზრება ჩემთვის ერთდროულად გასაგებიცაა და აუტანელიც. მოკლედ აყენებთ შედეგების შეჯამების საკითხს და აცხადებთ იმ ავბედით ადამიანს ისე შევხედოთ, როგორც ბაქტერიასო და გავარკვიოთ, გამოგვივიდა თუ არა ექსპერიმენტი და საერთოდ, ღირს თუ არა მისი გაგრძელებაო. ნუთუ მართლა ასე ამაყად ჟღერს ადამიანის სახელი და სხვა ამდაგვარი რამეები; ახლა რატომ არის ჩემთვის მსგავსი მიდგომა ოდიოზური. ოდიოზურობაზე ვრცელი საუბრისაგან აქ თავს შევიკავებ. თქვენ თავად მშვენივრად გესმით, რომ საკითხის დასმის ის ფორმა, თქვენ რომ მიმართავთ, როგორ დამთრგუნველ მდგომარეობაში ჩააგდებს ადამიანს, მთელი თავისი ცხოვრება ბოსნიელთა სვე-ბედზე ფიქრსა და ზრუნვას რომ შეალია; ადამიანს, რომელიც დღე და მოსწრება იბრძვის იმისთვის, რომ ავღანეთი კოლექტიური მეხსიერებიდან არ ამოიშალოს, რომ მივიწყებას მიცემული აფრიკის ომების უსახელო, უგზო-უკვლოდ გამქრალ მსხვერპლს დღესაც იგონებდნენ. და ახლა კიდევ იმის შესახებ, თუ რატომაა ჩემთვის გასაგები და ახლობელი თქვენეული მიდგომა. ამის ახსნა არც ისე მარტივია, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს. როცა სიახლოვეს ვახსენებ, მე ვგულისხმობ კულტურას, ცივილიზაციას, სადაც ღრმად აზროვნებენ, სადაც დეტალებიც კი არ გამორჩებათ მხედველობიდან, უკირკიტებენ ბოლომდე, თითქმის აბსურდულობამდე, ბოდვამდე, სადაც აზრმა იმის შესახებ, რომ კაცობრიობა ვერ შედგა, სრული კრახი განიცადა და გაურკვეველ ნაირსახეობას დაემსგავსა, რომ აუცილებელია ყველაფრის თავიდან დაწყება, სრულიად განსხვავებულ საფუძვლებზე, იმავე მასალის გამოყენებით, მაგრამ სხვა გეგმით უკვე კარგა ხანია ღრმად გაიდგა ფესვები. ეს ის კულტურაა, საიდანაც მე მოვდივარ. კულტურა, რომელიც მზრდიდა და მკვებავდა, როცა ოცის გახლდით; მე მოგახსენებთ რევოლუციური კულტურების თეორიაზე ზოგადად, კერძოდ კი მაოიზმზე. აზრების ეს მთელი კორპუსი, ალტიუსერიზმით გაჟღენთილი, დიდი ხანია არსებობდა და მიზნად ისახავდა ისტორიის წელში გადახერხვას, ორად გაპობას, ადამიანის არსის შეცვლას მისი სულის მიზანში ამოღებით, ანუ მოაზროვნეები ცდილობდნენ, თქვენს გამოთქმას თუ დავესესხები, კორექტივების შეტანას, ადამიანების მიწებებული გროტესკული ონტოლოგიური იარლიყებისგან გაწმენდას და ფიქრობდნენ, არც მეტი, არც ნაკლები, კაცობრიობის „გაქრობა-დაღუპვაზე “იმ სახით, რა სახითაც ის აქამდე არსებობდა; აბა რა გამოვიდა ამისგან? ის რაც ახლობელი იყო შორეული გახდა? არც ისე შორეული წარსული დავიწყებას მიეცა? მაგრამ არსებობენ ადამიანები, – პირველ რიგში საკუთარ თავს ვგულისხმობ, – რომლებმაც ზურგი შეაქციეს ამ იდეებს, იმის შემდეგ, რაც თვალნათლივ დაინახეს, თუ როგორ ხდებოდა პრაქტიკაში მათი კონკრეტული ხორცშესხმა. როცა ვამბობ „კონკრეტული“, ნამდვილად კონკრეტული მაგალითები მიტრიალებს თავში, ვლაპარაკობ არა როგორც დენდიზმით შეპყრობილი ადამიანი, არც როგორც ლიტერატურულ გამოცდილებაზე: ბანგლადეშში, სადაც ენით აღუწერელ სიდუხჭირეს ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვხვდებოდი, საკუთარ თავს ნამდვილად ვეკითხებოდი, ღირდა თუ არა მსგავს პირობებში მეცხოვრა და ადამიანი მრქმეოდა, იქნებ „ნაქსალიტები“ – ადგილობრივი მაოისტები – ცამდე მართლები იყვნენ თავიანთი გიჟური, რადიკალური, წარმოშობით მაინც კამბოჯული პროექტებით – ისინი ხომ ლაბორატორიული სინჯარებიდან ადამიანის უფრო სრულყოფილი და დახვეწილი ნაირსახეობის მიღებაზე ოცნებობდნენ? იქნებ ესაა ნამდვილი დებატების დასაწყისი, მეფიქრა მე. იქნებ ეს ის ნამდვილი კითხვაა, რომელიც უნდა დაისვას? მაშინ კი გავიმხნევე თავი – აი, მივაგენი თემას, ერთდროულად ფილოსოფიურსაც და ბიოგრაფიულსაც-მეთქი, რათა განგვეახლებინა დისკუსია იმის გარშემო, რასაც კარლ კრაუსი თავის ცნობილ პიესაში „კაცობრიობის ბოლო დღეებს“ უწოდებდა და რომელმაც მე ჩემი “განკითხვის ჟამი“ შთამაგონა.

და, აი, ნომერში „მონდი“ შემომიტანეს (ამერიკულ სასტუმროებში დამკვიდრდა მომსახურება, რომელიც საშუალებას გაძლევთ ფრანგული ჟურნალ-გაზეთები გამოსვლის დღესვე იქონიოთ, ბეჭდავენ თეთრ ქაღალდზე და თითების გაშავებაზე შეგიძლიათ არ იდარდოთ) და ვკითხულობ დაუჯერებელ სტატიას დედათქვენზე და იმ წიგნზე, რომელსაც, სავარაუდოდ, სულ მალე ვიხილავთ წიგნის მაღაზიების თაროებზე…

…………………………………………………………..

ვაღიარებ, რომ სტატია იმდენად გიჟური მეჩვენა, რომ მისი ერთი ფრაზაც კი არ დავიჯერე, ეს შეუძლებელია, – ვთქვი ჩემთვის, – როგორ შეიძლება მსგავსი რამ მოხდეს?! ეს თავად მიშელის მისტიფიკაციაა. მან დედამისთან, ან ნებისმიერ კეთილისმსურველთან ერთად, მშობელ დედად რომ გაასაღა, შეთითხნა ეს ფარსი; გარი-აჟარი კუბში აყვანილი. ჩვენ ყველანი, ძველი კომედიანტები, საკუთარი წარმოდგენებისაგან დაღლილ-დაქანცულნი სადღაც, განსაკუთრებით გარის შემდეგ, მისტიფიკაციაზე ვფიქრობთ, რა თქმა უნდა, ამას ხმამაღლა არც არავინ ამბობს. ვოცნებობთ, ახალ კანში შევძვრეთ, ისე გარდავისახოთ, რომ ყველაზე გულგატეხილებს და იმედგაცრუებულებსაც კი გაოცებისაგან ენა მუცელში ჩაუვარდეთ. ხელახლა დაბადებულებსა და ახალ სამოსელში გამოწკეპილებს გვსურს, ახალი ოჯახური რომანი ან უბრალოდ რომანი გამოვაცხოთ. და, აი, რას ხედავს ჩემი თვალები. ამ თამაშში დედა ჩართულა? ის არის პირველი დარტყმის ავტორი. პროვოკაცია მთელი თავისი ატრიბუტიკით! თავხედობისა და უტიფრობის მწვერვალი! ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, დედის ფიგურა, მასთან ურთიერთობა მწერლისთვის ოდითგანვე ცენტრალური და გადამწყვეტი არ იყო? ნამდვილი ლიტერატურა მხოლოდ და მხოლოდ მაშინ იწყება, როცა დედობრივი ენის მატრიცას საკუთარი ენა გამოეყოფა და მათ შორის გარკვეული დისტანცია წარმოიქმნება. მაგრამ არ გინდა ამის მოფიქრება? როგორც ჩანს, მიშელს ეს დისტანცია უსიკვდილოდ სჭირდებოდა… მოიფიქრა კიდევაც რა როგორ და ჩანაფიქრიც სისრულეში მოიყვანა. ბრავო!

ცოტა მოგვიანებით მოვტვინე, რომ რაც სტატიაში ეწერა, სინამდვილეს შეესაბამებოდა. ეს ნამდვილად დედათქვენი აღმოჩნდა, რომელსაც ნამდვილად გადაეწყვიტა თქვენზე ამ ლექსიკით ლაპარაკი; დედათქვენი იძლეოდა ინტერვიუს, სადაც მთელი სამყაროს გასაგონად გაიძახოდა: მზად ვარ ჩემი ვაჟი სამაგალითოდ დავსაჯო, ავიღო ყავარჯენი და ისე ვურტყა, კბილები ასაკრეფი გაუხდესო. შემდეგ ვეცადე რამდენიმე ცუდი დედა მომეგონებინა ლიტერატურის ისტორიიდან, მეხსიერებიდან პირველ რიგში ვიტალი კუიფი ამოტივტივდა, მეტსახელად „დედა რემბი“ რომ შეარქვეს. ამ შიშისმომგვრელ არსებას საკუთარი ვაჟიშვილი „მომაკვდინებელ სამსალად“ მოიხსენიებდა. „ქალი უფრო შეუვალი და შეუდრეკელი, ვიდრე სამოცდაცამეტი სქელკანიანი გამოყეყეჩებული სამართლის დამცველი“. შემდეგ ფოლკოშიც გავიხსენე, ნერვალის დედა, ამას მორიაკის დედაც მოჰყვა, რომელიც ასე ოსტატურად აღგვიწერა თავის „წინაპარში“. ვიფიქრე საშინელ მადამ ოპიკზეც, რომელსაც საზოგადოებაში თბილი, თავაზიანი, მზრუნველი და შვილსგადაყოლილი დედის რეპუტაცია ჰქონდა დამკვიდრებული, სინამდვილეში კი ნამდვილი მონსტრი იყო. ისეთი გახარებული და ბედნიერ იყო, როცა მისმა საყვარელმა შარლმა მეტყველების უნარი დაკარგა; უმწეო, გაუბედურებული, დაკნინებული და ჭკუიდან შეშლილი ბოდლერის დანახვა მისთვის ნამდვილად ნეტარება იყო, ამიერიდან ის ხომ მას ვერაფერში შეეწინაღმდეგებოდა. გამეფიქრა „კურთხევაზეც,“ ბოდლერის გულის განმგმირავ ლექსზე: სასოწარკვეთილი და ღმერთზე შემწყრალი დედა ღრიალებს, მერჩივნა ათასი გველი და ორი ღრიანკალი მომევლინა ამ ქვეყნად, ვიდრე ეს უბადრუკი არსება, პოეტად რომ იწოდებაო.

ბუნდოვნად გამახსენდა, რომ ბომარშეს ტრილოგიას “სევილიელი დალაქისა“ და „ფიგაროს ქორწინების“ შემდეგ აგვირგვინებს პიესა, რომელიც მე არასდროს წამიკითხავს და რომელსაც „უღირსი დედა“ ჰქვია და სადაც, ცხადია, მსგავს რამეებზეა საუბარი; მოკლედ, გონებაში ერთგვარი ფილმი დავატრიალე; ვეცადე, მეხსიერებაში აღმედგინა ის ყველაზე საშინელი და საძაგელი, რაც ლიტერატურის ისტორიამ შემოგვინახა; თუმცა უნდა ვაღიარო, რომ დედათქვენმა ყველა უკან ჩამოიტოვა. არ ვარ დარწმუნებული, რომ დედამიწის ზურგზე მეორე ისეთი ჰარპია არსებობდეს, როგორიც დღეიდან სახელგავარდნილი დედათქვენი ლიუსი სეკალდია… თუმცა ანტიკური ხანის ბერძნულ ლიტერატურაში შეიძლება რაღაც-რაღაცები გამოიქექოს… აი, ის მონსტრი, კაციჭამია დედები თავიანთი ნაშიერებისგან რაგუს რომ იმზადებდნენ, ან შემწვარ-მოხრაკულ ნაირ-ნაირ კერძებს და ოვიდიუსთან ხშირად რომ ვხვდებით. მაგრამ თანამედროვე სამყაროში ნორმალურ ადამიანებს შორის, გულწრფელად ვაღიარებ, მსგავს ვერაფერს იპოვით. გყავდეს ცუდი დედა, ცხადია, ეს ერთი დიდი უბედურებაა, მეორე, კიდევ უფრო დიდი უბედურება კი ისაა, როცა პრესის ფურცლებიდან შეიტყობ, რომ მშობელი დედა არც მეტი, არც ნაკლები პარაზიტად, ცრუპენტელად, არამზადად და ნაძირალად მიგიჩნევს (საშინელი სიტყვა კია ეს „ნაძირალა“, რაც ძირს ეცემა და აღება რომ არ მოგინდება, მდაბალი და უგვანი)… ვფიქრობ, იდენტურს ვერც ერთი ქვეყნის ლიტერატურაში ვერ იპოვი… დაბოლოს, რასაკვირველია, ვიფიქრე თქვენზეც. დიახ, დიახ, ზუსტად თქვენზე. წარმოვიდგინე, როგორი დამწუხრებული, გულნატკენი და დამცირებული იყავით. როგორი სასოწარკვეთილი, დათრგუნული და გაცოფებული… ვხვდები, როგორი სირცხვილის გრძნობა დაგეუფლათ. გამახსენდა ყველაფერი, რასაც მამათქვენზე მიყვებოდით, თანაც რამდენს… მე მაშინვე შეგატყობინეთ, რომ თქვენი თხრობის მანერამ ძალიან ამაღელვა… დედათქვენი თქვენ არასდროს გიხსენებიათ; სიტყვაც არ დაგცდენიათ მის შესახებ. საკუთარ თავზე გავბრაზდი, რატომ არ დავინტერესდი, დედაზე რატომ არაფერი ვკითხე, რატომ მივიჩნიე ნორმალურად მსგავსი გულგრილობა-მეთქი; ვიფიქრე ჩემს საყვარელ დედაზეც, ასე რომ წააგავს რომენ გარისას ან ალბენ კოენისას; ჩემთვის ვთქვი, ღმერთო რა ბედნიერებაა – მწერლისთვის თუ არა უბრალოდ მოკვდავისთვის მაინც, ბედმა ასეთი დედა გარგუნოს; ნამდვილი ღმერთის კურთხევაც ამას ქვია, მე თუ მკითხავთ. და აი, მაშინ ვცადე, თქვენს კანში შევმძვრალიყავი და წარმომესახა, როგორია მსგავსი სიძულვილისა და აგრესიის ნიაღვრის მიერ იყო შობილი. ერთი მომენტი ისიც კი ვიფიქრე, ცუდი არ იქნება, თუ დავურეკავ-მეთქი. მსგავსი ჟესტი ჩვენი ჩვევებისთვის უცხოა, მაგრამ მაინც; არა, ნამდვილად მომინდა დარეკვა, ისე, უბრალოდ, დავურეკავ და ცოტა ენას მოვიქავებ-მეთქი; თქვენგანვე მსურდა გამეგო, როგორ უძლებდით პირად და საჯარო მიწისძვრას; მივხვდი, რომ გვიან იყო. დროში განსხვავების თუ გათვალისწინებთ, მართლა ძალიან გვიანი იყო; ამიტომაც გადავიფიქრე დარეკვა. სამაგიეროდ, დარეკვის შეუძლებლობამ წერილის დაწერისკენ მიბიძგა; და ახლა მხოლოდ ერთი სურვილი მაქვს – მოგწეროთ. ისე, ეს ამბავი მართლაც რომ გამაოგნებელია, მე ვიტყოდი უპრეცედენტო; ოიდიპოსისეული მკვლელობა, ოღონდ პირუკუ, საჯარო და იმდენად გაუგონარი, რომ ვამჯობინე დამევიწყებინა კონტიც, კანტიც, ალტიუსერიც, მიზანთროპი თაობაც, კარლ კრაუსიც და თქვენთვის გადმომეცა სიტყვა; ჭადრაკში მსგავს წინადადებას, ლოდინის პოზიცია ჰქვია.

 

2008 წლის 1 მაისი

მიშელ უელბეკი პასუხობს ბერნარ-ანრი ლევის. საუბრობს საკუთარ დედაზე, ცოტას დაზე და ასევე ზიზღით შეპყრობილ ბრბოზე, რომელიც, როგორც თვითონ ამბობს, სიცოცხლის ბოლომდე მოსვენებას არ მისცემს და შეიძლება სამარეშიც კი ჩაყვეს.

სრულ ჭეშმარიტებას ბრძანებთ: ახლა კონტზე ან ალტიუსერზე მსჯელობა რომ დამეწყო, ნამდვილად სასაცილო იქნებოდა, კიდევ უარესი – ცოტათი შიშისმომგვრელიც. დავემსგავსებოდი იმ ადამიანს, რომელიც საავადმყოფოდან სახლში ბრუნდება და გზად ტელეგრაფის ბოძებს ითვლის, რათა დაივიწყოს, რომ მეუღლე ეს-ეს არის გარდაეცვალა. ადამიანს, რომელიც მთელი ცხოვრება ითვლის და ითვლის, ხან ჟალუზების ფირფიტებს საძინებელ ოთახში, ხან ფილებს აბაზანაში და ხან კიდევ ღმერთმა უწყის რას. ეს მე მაფრთხობს იმიტომ, რომ მსგავსი რამ არაერთხელ განმიცდია: ტვინი მექანიკური ინტელექტუალური მოქმედებით ყველანაირად ცდილობს აიცდინოს ის, რაც მას შიშს გვრის; მსგავსი რამ არაერთხელ შემინიშნავს ხანდაზმულ ადამიანებშიც, მაგრამ ამისგან არც ახალგაზრდები არიან დაზღვეული.

ერთი კვირის წინ ჩემი ძაღლი, – ამჯერად მარტო გადაწყვიტა ნავარდი, – სეირნობიდან სახლში სავალალო მდგომარეობაში დაბრუნდა, არც კი ვიცი კარებამდე როგორ მოიტანა სული. უკანა ფეხები პარალიზებული ჰქონდა, ეტყობოდა, რომ თათები საშინლად სტკიოდა, გულიც აერია რამდენჯერმე. კლინიკაში გავაქანე, სადაც რამდენიმე დღით დაიტოვეს, ვეტერინარმა კორტიზონი გამოუწერა, ოპერაციის გაკეთებისგან კი თავი შეიკავა.

სწორედ ამ დროს დაირხა ჭორები დედაჩემის წიგნზე, ინტერნეტშიც გავრცელდა სტატიები;

ხელები და ფეხები ჩირქოვანი მუწუკებით დამეფარა.

დღეს ძაღლი კლინიკიდან გამოწერეს და სახლში წამოვიყვანე. სულ სძინავს. დროდადრო თავალებს გაახელს ხოლმე და მაკვირდება; მისთვის ახლა ყველაზე კარგი სრული სიმშვიდე და დასვენებაა; ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ მომენტისათვის პარალიზებული ფუნქციები ერთ დღესაც სრულად აღუდგება; თუმცა ამაში მთლად დარწმუნებული ვერ ვარ; იმავეს ვიტყოდი საკუთარ თავზეც.

გეთანხმებით, ძვირფასო ბერნარ-ანრი, როცა წერთ, რომ ამიერიდან „სახელგავარდნილი ლიუსი სეკალდის“ საქმე გაცილებით უფრო ვერაგულ და ბოროტულ ისტორიულ მოვლენებზე გვაფიქრებინებს, ვიდრე თანამედროვე ლიტერატურის უღირს და უსირცხვილო დედებზე. მე ბერძნული მითოლოგიიდან მიწისქვეშეთის ბინადარი დამზაფვრელ და ძარღვებში სისხლის გამყინავ არსებებს მოვიგონებდი; სხვებს შესაძლოა მზაკვარი ბაბაიაგა გაეხსენებინათ რუსული ხალხური ზღაპრებიდან, ჩვილი ბავშვების თავის ქალებიდან ამოღებულ ტვინს სიამოვნებით რომ მიირთმევს. ასეთი რამ ზოგიერთ აფრიკულ ტომებშიც არსებობს; და საერთოდ, მსგავსი ლეგენდები ნებისმიერ კულტურაში შეიძლება მოიძიოთ, მთავარია, რაც შეიძლება შორეულ წარსულში გადავინაცვლოთ. ეპოქაში, როცა მატრიარქატი ინარჩუნებდა შეუზღუდავ პოზიციას, როცა შთამომავლობის სიკვდილისა და სიცოცხლის უფლებას ქალი ადგენდა, როცა საკუთარი შვილების აქნისა და გადასანსვლის უფლება მხოლოდ დედებს ეკუთვნოდათ.

იცით, რისი თქმა მსურდა? ეს მამაპაპისეული, კაცობრიობის პრეისტორიული პერიოდი ისევ დაგვიბრუნდა, ჩვენ ისევ იქ აღმოვჩნდით, პოსტმოდერნული ცივილიზაცია მეტი არაფერია. დღეს დედა-შვილის დაპირისპირება უკიდურესად რადიკალურია; შეურიგებელი ანტაგონიზმი, აგრესია და შეუწყნარებლობა პირდაპირ ჩასახვის მომენტიდან იწყება. დედას, მას ერთადერთს, ძალუძს გადაწყვიტოს, დაიტოვოს ბავშვი თუ მოიშოროს. კითხვა, რომელსაც ყველაზე ხშირად მისვამდნენ ჩვენს შორის არსებულ ურთიერთობებში მეტ-ნაკლებად გარკვეული ადამიანები, ასეთია: „კი მაგრამ დედათქვენმა, რომელიც პროფესიით ექიმია და, ცხადია, ამ სფეროში არაერთი ნაცნობ-მეგობარი ჰყავს, რატომ აარიდა თავი აბორტს“; მე ამ ადამიანებზე განაწყენებული სულაც არ ვარ, მესმის, რომ კითხვას სპონტანურად, გონების დაუტანებლად მისვამდნენ; რასაკვირველია, რამდენიმე წამში ხვდებოდნენ, რაც დაუფიქრებლად წამოცდათ და საშინლად უხერხულ მდგომარეობაში ვარდებოდნენ; ამას ისე ნუ გამიგებთ, რომ აბორტის უფლების წინააღმდეგ ვილაშქრებ და საერთოდ, არც არაფრის წინააღმდეგ არ ვიმაღლებ ხმას; მე უბრალოდ ვყვები, განვმარტავ. მორჩა.

მოკლედ, დედაჩემს აბორტზე არც უფიქრია. მეტსაც გეტყვით: რამდენიმე წლის შემდეგ რეციდივი გადაიტანა, კიდევ ერთი ბავშვი შეეძინა, მაგრამ ამჯერად სხვა მამაკაცისგან, შემდეგ თავიდან მოიშორა, უფრო სწორად, უპატრონოდ მიაგდო, საკუთარი ქალიშვილი ბევრად უარეს დღეში ჩააგდო, ვიდრე მე, ერთი სიტყვით საშინლად მოექცა (თუ მეხსიერება არ მღალატობს, ოფიციალურად უარი განაცხადა დედობაზე, რის შემდეგაც გვარი სეკალდი ამოიძირკვა ჩემი დის საბუთებიდან. დიახ, მგონი ასე იყო, თუმცა დეტალების ცოდნაზე თავს ვერ დავდებ, არცა მაქვს რამის გარკვევის სურვილი. არც ჩემს დას მოგვრიდა ალბათ სიამოვნებას ამ თემაზე საუბარი).

ხშირად ქალები ორსულობისას პირდაპირ ავ თვალს არ ენახვებიან – გამოიყურებიან გადასარევად, არც იუმორის გრძნობა ღალატობთ და არც ფიზიკურ სისუსტეს უჩივიან; მე მეფიქრება, რომ ახსნა-განმარტებაც აქ უნდა ვეძებოთ. ფეხმძიმობის პერიოდი დედაჩემს ერთობ ხიბლავდა, მოგვიანებით – ძუძუთი კვება, საფენები და მილიონი სხვა რაღაცა – ნურას უკაცრავად!

ცხოვრებაში დედაჩემს იშვიათად შევხვედრივარ, ყველაზე ბევრი – თხუთმეტჯერ. ერთ დღესაც კინაღამ გული ამერია. მოვიდა და მეუბნება, შენს მალგაშელ გადიას გადავეყარე, რეუნიონზე რომ გყავდაო და დიდის ამბით მოგიკითხაო. დედაჩემს გადიის ჩემი ამბით დაინტერესება ოცდაათი წლის შემდეგ სასაცილო, შეუსაბამო და საქილიკო ეჩვენა; გადიის მოკითხვამ პირდაპირ შემძრა, ძალიან ავღელდი, არც მიცდია დედაჩემისთვის ამეხსნა, თუ რატომ.

სამწუხაროა, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ ლიუსი სეკალდის ეს ცხოვრებისეული გარბენი, მის მიერ გამოვლილი გზა, სასტიკი და დაუნდობელი თანამედროვეობით, დღევანდელობითაა დადაღული. მის ცხოვრებას მე ერთგვარ „სულიერ ზაპინგად“, ტელეარხების უწესრიგო, თითქმის ისტერიულ გადართვად მოვნათლავდი, წარმოიდგინეთ, სულ რაღაც რამდენიმე წლის მანძილზე ეს ქალი კომუნისტიც იყო, ჰინდუიზმის მიმდევარიც და მუსულიმანიც. იყო ნაკლებად მასშტაბური სისულელეებითაც გატაცებული, აი, მაგ. გურჯიევის სტილში; ჟურნალ Lire-სთვის მიცემულ ინტერვიუდან შევიტყვე, რომ ქალბატონი დღეს თავს „მართლმადიდებელ ქრისტიანად“ მიიჩნევს. სრული შოკი.

აქ ერთ რამეშია საქმე – ეს ქალი აბსოლუტურად უუნაროა, შესწიროს თავი საკუთარ შვილებს. უუნაროა აღიაროს, რომ ცას ვერ გამოეკერება და ერთ მშვენიერ დღეს თვითონ მოკვდება, მაგრამ შვილები გააგრძელებენ სიცოცხლეს.

მსგავსი მდგომარეობა დღეს საკმაოდ გავრცელებულია და არაერთი ფიქრობს დედაჩემივით. თუ ამ კუთხით შევხედავთ მდგომარეობას, ვფიქრობ, დასავლეთ ევროპის დღევანდელი დემოგრაფიული კრიზისი სულაც არ იძლევა განგაშის საბაბს; მაგრამ ისიც ცხადია, რომ მსგავსი მიდგომა მის დროს იშვიათობას წარმოადგენდა.

საბოლოო ჯამში, შემიძლია შემდეგი დასკვნა გავაკეთო: დედაჩემი აბსოლუტურად ეგოცენტრული პიროვნებაა, გონიერი, მაგრამ ამავდროულად შეზღუდული გაქანების; სერიოზულად ვერც კი ვბრაზდები მასზე. ისე ცამდე მართალია, როცა აცხადებს, რომ მე თავს ბევრად უკეთესად ბებიაჩემთან ვგრძნობდი, რომელსაც ის დღეს „ღვარძლიან პროლეტარად“ მოიხსენიებს (მე თუ მკითხავთ, ეს დეტალი მის კომუნისტურ ანგაჟირებულობას საინტერესო ელფერს სძენს). ისე ბავშვობის არაერთ ბედნიერ დღეს ჩემს ორივე ბებიას უნდა ვუმადლოდე; ჩემს დას ამ მხრივ, ვფიქრობ, მაინცდამაინც არ გაუმართლა.

დედისგან მიტოვებულს, ბავშვობის პირველ წლებზე ჩემს მეხსიერებას სულ სხვა ქალები შემორჩა; (დედაჩემის ზიზღისმომგვრელი ხატებისთვის იქ ადგილი არ დარჩენილა) მხედველობაში მყავს, რა თქმა უნდა, ბებიები, დეიდები და მამიდები, რომლებთანაც ბევრად უფრო მეტი დრო გავატარე, ვიდრე ბიოლოგიურ მშობელთან. სიტყვებისა და მეხსიერების მიღმა არსებობდა ის მალგაში გადია, შესაძლოა იყვნენ სხვებიც, მაგრამ მე მათ შესახებ ვერაფერს ვიხსენებ. ამას გარდა, მითხარით, სიყვარულზე ვინმე ცხვირს იბზუებს? ვინმე კაპრიზობს? ეწაფები, სადაც პოულობ, მორჩა!

ხედავთ, ჩემი მდგომარეობა არც ისე სავალალო და დამთრგუნველი იყო, როგორც შეიძლებოდა თქვენ თავიდან მოგჩვენებოდათ (არ არის გამორიცხული, რომ ზოგიერთი ბავშვი მგრძნობიარე, მზრუნველი და მოსიყვარულე დედის ხელშიც კი უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდეს, მაგრამ ეს ასპექტი სცილდება ჩემი წარმოსახვისა და გონებრივი შესაძლებლობების ფარგლებს). ნამდვილად გულისამრევი და გაუგონარი კი, – თქვენ მართალი ბრძანდებით, – არის დედის მიერ გადმონთხეული ღვარძლის, ლანძღვა-გინების და მუქარის ნიაღვარის ჩემზე „პრესის საშუალებით“ გადმოქცევა.

აქ შეუძლებელია მიტევებაზე საუბარი. ადამიანი გაცდა ბანალური ეგოცენტრიზმის ჩარჩოებს და თავით ფეხამდე შეუკავებელი ბოროტებისა და ღვარძლის მორევში გადაეშვა. რამდენიმე თვის წინ ჩემი დისგან მეილი მივიღე, მატყობინებდა, დედას ჩვენთან შეხვედრა სურსო. მოკლედ, საქმე უნდა გაგვერჩია, თითოეულს მოგვეხადა ხურჯინისთვის თავი და შიგთავსისთვის თავისუფლად გადმოღვრის საშუალება მიგვეცა. ბოლოს შეხვედრა საყოველთაო მიტევებით უნდა დასრულებულიყო. წესით ინციდენტის ამოწურვას არაფერი ედგა წინ. მე უარი არ მითქვამს, თუმცა განსაკუთრებული ენთუზიაზმი არ გამომიჩენია. რანდევუ, სავარაუდოდ, იანვრის მიწურულსა და თებერვლის დასაწყისში უნდა შემდგარიყო. ჩემი დის გზავნილს ხანგრძლივი დუმილი მოჰყვა; რბილად რომ ვთქვა, ძალიან კი გამიკვირდა. ახლა კი ჩემთვის ყველაფერი ნათელია. ამასობაში დედაჩემმა გამომცემელი მოიძია.

ადვილი წარმოსადგენია, რა შეიძლებოდა დედაჩემს მოეჩმახა. მოკლედ ჰყვება, თუ მონდის ჟურნალისტს ერთ ფრაზას დავესესხებით, თავის „მოგზაურობაზე საუკუნის ლაბირინთებში“ (წარმოდგენა არა მაქვს, ვინ არის ეს ფლორანს ნუავილი, მაგრამ ეტყობა, რა ჩიტიც ბრძანდება, მაგარი ბენტერა ვინმე ჩანს. ტონი კი შეურჩევია მხიარული და მოურიდებელი. ეტყობა მოილაპარაკეს: „და, მაინც მეფიქრება, რომ ეს ლიუსი სეკალდი მაგარი შეჩვენებული ვინმე უნდა იყოს“ და მსგავსი სისულელეები ყელამდე). ქალბატონის გონების ნაჟურიდან (1400 გვერდზე მეტი) ვგებულობთ, რომ თავგადასავლებითა და გატაცებებით აღსავსე ცხოვრებით უცხოვრია; ზოგჯერ მძიმე, მაგრამ მაინც საინტერესო პერიოდებიც გადაულახავს. ყველაზე გამორჩეულ და ღირებულ ადამიანებთან ჰქონია ურთიერთობა. ქვეყანა არ დარჩენილა დედამიწის ზურგზე, სადაც არ უმოგზაურია; წიგნის რედაქტირება ჟურნალისტ დემონპიონს უტვირთავს, დაახლოებით შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რა ქაქიც გამოუვიდათ – ქაქი კუბში.

საგანგაშო ის არის, რომ მსგავსი ნაბოდვარისთვის გამომცემელიც გამოიძებნა. ამას კიდევ არა უშავს. ყველაზე საშინელი ჟურნალისტები არიან – ეს მძორს დახარბებული სვავები. მათ გახსენებაზე ყოველ ჯერზე შიში მიპყრობს, აპოპლექსიამ არ მიმსხვერპლოს. დაუჯერებელი სიხარბით ეძგერნენ ყველაზე მყრალ და გულისამრევ პასაჟებს. ეს აჟიოტაჟი ხვალ-ზეგ ნამდვილად არ დასრულდება, ხმაური კიდევ დიდხანს გაგრძელდება… ბოლოს, როცა ეს უნივერსალური გამოფენა ყელში ამოუვათ, უფრო სწორად პუბლიკის გაბეზრების შეეშინდებათ, დაიწყებენ ვიშვიშს, ცხვირზე ხელს მოიჭერენ და იტყვიან: “ეს უელბეკი ისე ამყრალდა, ისე ამყრალდა, რომ სუნთქვა შეუძლებელია!“ გეგონება, ეს ყველაფერი ჩემს მიერ მოწყობილი ხრიკები იყო.

…………………………………………..

შემთხვევიდან შემთხვევამდე ურთიერთობები ჩემსა და მასმედიის ფრანგულ საშუალებებს შორის თანდათანობით უარესდებოდა; დღეს კი ტოტალურ სიძულვილში გადაიზარდა. გადაჭარბებული არ იქნება, თუ ამ ურთიერთობებს „ტოტალურ ომს“ შევადარებდი (სინამდვილეში კი ომი ნამდვილად უცნაურია: მე სრულიად განიარაღებული აღმოვჩნდი, უპრიანი იქნებოდა მეთქვა, „ჩემი ტოტალური განადგურებისათვის წამოწყებული ომი“); გასაგებია, რომ დედაჩემი არც არავის აინტერესებს, გარდა ფლორანს ნუავილისა, ცხადია, თუ ის მართლა ისეთივე შტერია, როგორც სიფათზე აწერია. დედაჩემი მხოლოდ ფარია, მისი დახმარებით მათ მე ვყავარ მიზანში ამოღებული, ჩემი მისიკვდილება სურთ. ეს ცხადზე უცხადესია და დროა ილუზიების ტყვეობიდან გავთავისუფლდე; მიზანი ამართლებს საშუალებას, მე არავინ დამინდობს; საზოგადოებრივი ცხოვრება პირადულისგან უნდა გაიმიჯნოს? მწერალი მისი შემოქმედებისგან? დღეს ეს ყველაფერი ძალიან გართულდა. აბა, რომელი ერთი აიმღვერევს გონებას ჩვენს დროში მსგავს სინატიფეებზე ფიქრით? რასაც მე ამ მომენტში განვიცდი, ალბათ, ძალიან ჰგავს იმას, რასაც შუა საუკუნეებში სამარცხვინო ბოძზე გაკრული მსჯავრდებული განიცდიდა; ამ შედარებას ხშირად მიმართავენ, მაგრამ სინამდვილეში არავინ უღრმავდება იმ საშინელებას, რომელიც დასჯის მსგავს ფორმას უკავშირდება. გაიყვანდნენ ამ მსჯავრდებულს ხალხით გადაძეძგილ მოედანზე ყველას სამზერად, ხელებშეკრულს, საგანგებო საყელოში თავგაყრილს და სახედაუცველს, და ნებისმიერს შეეძლო მიახლოებოდა, სილა გაეწნა, სახეში შეეფურთხებინა, იყვნენ უფრო მდიდარი ფანტაზიის მქონენიც.

……………………………………………

სამი წლის წინ ჟურნალისტმა დემონპიონმა მძიმე სულიერი ჭრილობა მომაყენა; ამ უკანასკნელმა რადიოეთერში, ასე ვთქვათ, სიცრუეში მამხილა: ჟურნალ „ენროკიუპტიბლისთვის“ მიცემულ ინტერვიუში თურმე მითქვამს, რომ „დედაჩემი გარდაიცვალა“; მე ვცადე სიმართლისათვის ნათელის მოფენა, უფრო ზუსტად, მოვლენათა ქრონოლოგიის აღდგენა; სინამდვილეში ეს ინფორმაცია ჩემმა დამ მომაწოდა, ჩემმა დამ კიდევ საკუთარი მამისგან შეიტყო (ის დღესაც რეუნიონზე ცხოვრობს). მე ჩემს დას ვთხოვე, დაეწერა ახსნა-განმარტებით წერილი და რედაქციაში გაეგზავნა. ასეც მოიქცა. წერილი „ენროკიუპტიბლის“ მკითხველთა რუბრიკაში მოხვდა სხვა პუბლიკაციებთან ერთად. მისთვის კაციშვილს არ მიუქცევია ყურადღება.

ამას წინათ კიდევ ვაპირებდი თქვენი რჩევა ყურად მეღო. მართლაც, ინტერესმოკლებული არ იქნებოდა, ყველა ჩემზე დაწერილი სტატია ერთად მომექუჩებინა და მათზე დაყრდნობით „მოწინააღმდეგის“ სტრატეგია შემესწავლა. ჩემს შემთხვევაში ამის გაკეთებას უკვე აღარ აქვს აზრი: მოწინააღმდეგე ყველგანაა.

……………………………………………..

კიდევ კარგი არსებობს გამონაკლისებიც; გამონაკლისები ფრიად უცნაური და ხშირ შემხვევაში ძნელად აღსაქმელი და გასაგები. მოკლედ, ეს წმინდა წყლის გამონაკლისია და სხვა არაფერი. ძალიან უცნაური კია, მაგრამ სერიოზულ ილუსტრირებულ ჟურნალებს შორის მხოლოდ „პარი მაჩს“  არ მოსვლია არც ერთხელ აზრად ჩემს პირად ცხოვრებაზე ეყბედა; აღსანიშნავია ისიც, რომ ქალთა ჟურნალებიც (ზოგიერთების ხსენებისგან თავს შევიკავებ) გასაოცრად ტაქტიანები აღმოჩდნენ. ეს ყველაფერი გავრცელებულ წარმოდგენებსა და კლიშეებს თავდაყირა აყენებს? განა ქალებს ენატანიობასა და ჭორაობაში ვინმე დასჯაბნის? საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ ჩემს შემთხვევაში დიამეტრულად განსხვავებული სურათი კი იხატება. კიდევ უფრო უცნაური ის არის, რომ “მონდი“ ამ მდაბალი, ვულგარული, პერვერსიული და უგვანო გამოხტომების უფლებას აძლევს საკუთარ თავს. „პარი მატჩი“ კი მოკრძალების, მორიდებულობისა და ელეგანტურობის კეთილშობილ მაგალითს იძლევა, მე აქ არაფერ შუაში ვარ, ფაქტი ფაქტია. ნებისმიერ კლიშეს ესა თუ ის თეორიაა ამოფარებული. ხშირ შემთხვევაში პრიმიტიული, მაგრამ მაინც თეორია, თუმცა არაა გამორიცხული, ფაქტმა კლიშეს წყალი შეუყენოს. აი, მაშინ უკვე არავინ უწყის ამ შენს კლიშეს რა მოუხერხოს, რა თავში იხალოს; ამ დროს გამოსავალს მაინც პოულობენ, ახალი თეორიის მოლოდინში მას შეეშვებიან და გვერდზე გადადებენ ხოლმე. ჩვენ ვგიჟდებით თეორეტიზებაზე, შეიძლება მთელი ჩვენი უბედურება, სწორედ ამაში მდგომარეობს. იქნებ უბრალოდ დავუშვათ, რომ ყველა ადამიანის ერთ ყალიბში მოქცევა შეუძლებელია, ბანალურია, მაგრამ ფაქტია, ჩვენ განსხვავებული თვისებებით აღჭურვილი ადამიანები გვახვევია ირგვლივ. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ფაქტების, არასტანდარტული თეორიების მხედველობაში მიღება არავის აუკრძალავს. ახლა ფიზიკურად უკეთესად რომ ვგრძნობდე თავს, ანუ მეტი ენერგია რომ მქონდეს, ჩემი კმაყოფილება უსაზღვრო იქნებოდა. მოკლედ, ასეა თუ ისე, დარწმუნებული ვარ, რომ დღეს მასმედიის საშუალებების უმრავლესობასთან დასაკარგი არაფერი მაქვს. თუმცა არა, საქმე მთლად ასე ვერ არის, ჩვენს შორის ურთიერთობები ასიმეტრიულია, ანუ ჩვენ არათანაბარ პირობებში გვიწევს შეჯახება. სწორედ რომ მათ არა აქვთ არაფერი დასაკარგი. მშვენივრად იციან, რომ ამიერიდან მათ არავითარ შემთხვევაში არ გავცემ ხმას, მე კიდევ დასაკარგი – იცოცხლე, ბევრი მაქვს. მათ გადასარევად უწყიან, რომ შესაძლოა მდგომარეობა კიდევ უფრო დამიმძიმდეს, ბევრად უფრო სერიოზული გახდეს. არა, წყალი არ გაუვა, სიტუაცია გაუარესდება.

……………………………………………

იმის თქმა ნამდვილად არ მინდა, რომ ჩემი ფიზიკური განადგურება აქვთ განზრახული, თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ისეთი ადამიანები, როგორებიც არიან: ასულინი, ჟაკობი, ნოლო, ბიუნელი სიხარულით მეცხრე ცას ეწეოდნენ ჩემი თვითმკვლელობის ამბავი რომ შეეტყოთ – სრულიად დასაშვები რამ. ვიტყოდი, მე სრულებით შევესატყვისები თვითმკვლელის ფსიქოლოგიურ პორტრეტს; ყოველ შემთხვევაში ერთ მშვენიერ დღეს თავი რომ მოვიკლა, მოულოდნელი არც არავისთვის იქნება. რადგან ჯერჯერობით თავს არ ვიკლავ, ვიცი რა მოჰგვრიდა მათ ენით აღუწერელ სიამოვნებას – შევეშვა წერას. არის კიდევ ერთი ვარიანტი. მეწერა, მაგრამ ჩემს წიგნებზე არავის ელაპარაკა; ყაბულს იქნებოდნენ, ეყბედათ ჩემს ანგარიშებზე, გადასახადებზე, პოლიტიკურ შეხედულებებზე, ალკოჰოლური სასმელებისადმი მიდრეკილებაზე, ოჯახურ სკანდალებზე, რაზეც გნებავთ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში – ჩემს წიგნებზე.

………………………………………..

ამ ორთაბრძოლაში რა თქმა უნდა ისინი გაიმარჯვებენ.

……………………………………….

კურიოზული ის გახლავთ, რომ მოვლენების მსგავს განვითარებას მე საერთოდ დიდი ხნის წინ ვგრძნობდი. მახსოვს, წინათგრძნობა გამიჩნდა ჯერ კიდევ 1996 წელს, როდესაც „ფლორის“ პრემიით დამაჯილდოვეს (იმხანად აღმავალ ფაზაში ვიმყოფებოდი). და, აი, მარკ ვაიცმანთან გაქანებულ საუბარში სრულიად უმიზეზოდ წამომცდა: „აი, ნახავთ, გავა დრო და თქვენ ყველანი შემიძულებთ!“ მარკმა საუბარი შეწყვიტა და გაკვირვებული მზერა მომაპყრო. და მე უეცრად ვიგრძენი, რომ ეს სრულიად გონებისდაუტანებლად, გაუაზრებლად წარმოთქმული ფრაზა იყო. ერთგვარი თვალის ახელის, გონების განათების ტოლფასი; ერთგვარი ინტუიტიური გასხივოსნება და მე მკვეთრად, სრულიად ნათლად დავინახე მომავალი, რომელიც მელოდა. ისე, სიმართლე გითხრათ, ინტუიციის დიდად არ მჯერა; თუმცა ვცრუობ, ძალიანაც მჯერა, მაგრამ მასში ვერაფერს ვპოულობ მისტიურს და ალქიმიურს. მივიჩნევ, რომ ინტუიტიური მოვლენები ცნობიერების უკიდურესად დაძაბული, არაპროგნოზირებადი მომენტებია მხოლოდ; არც მეტი, არც ნაკლები. ამ დროს აზროვნება ისეთი სისწრაფით ვითარდება, რომ შენ თვალ-ყურის მიდევნებასაც ვერ ასწრებ (არ ხდება რამის დემონსტრირება; არც მინიშნებებსა და წანამძღვრებზე შეიძლება ლაპარაკი). და აი, ამ წამიერ გაელვებაში მე გასაოცარი სიმკვეთრით ვიხილე, რაც დავწერე, რისი დაწერაც მსურდა და რა იქნებოდა ფასეული ჩვენი დროის ინტელექტუალების თვალში. დასკვნაც მყისიერად გამოცხვა გონებაში: ძალიან მალე ის, რასაც ვწერდი, ბევრისთვის მიუღებელი აღმოჩნდებოდა.

როცა 20005 წელს სილვენ ბურმოსთან „ინროკიუპტიბლისთვის“ ვიდეოინტერვიუ ჩავწერე, საკმაო დრო და საშუალება მქონდა ამ ყველაფერზე სერიოზულად დავფიქრებულიყავი. მე მაშინ სიტუაციის გაანალიზების ძალაც მეყო. ჩემი დასკვნა იყო ერთმნიშვნელოვანი: ბრბო ყოველთვის იმარჯვებს.

დასავლეთის საზოგადოებაში ინდივიდი შეიძლება გამოეყოს საზოგადოებას, განუდგეს მას და გარკვეული პერიოდის განმავლობაში შედარებით დამოუკიდებლად გადაადგილდეს. მაგრამ ასე ეულად დიდხანს ვერ ივლის, ბრბო ადრე თუ გვიან აუცილებლად გაიღვიძებს და გონს მოეგება; ფარიდან გაქცეულ ცხვარზე ნადირობას დაიწყებს და საბოლოოდ მაინც დაიჭერს.

ბრბო უეჭველად იძიებს შურს და ეს შურისძიება იქნება უმოწყალო, პირსისხლიანი, იმიტომ, რომ ბრბო დაფრთხა. ეს შიში შეიძლება თავიდან გაიოცოთ და ეს გასაგებიცაა. ბრბო ხომ მრავალრიცხოვანია; სინამდვილეში ის უღიმღამო და უფხო ადამიანებისგან შედგება; მათ გაცნობიერებული აქვთ თავიანთი არაფრისმაქნისობა და უუნარობა, ამიტომაც რცხვენიათ საკუთარი თავის; ცოფდებიან იმის გამო, რომ მათი უუნარობა, თუნდაც ერთი წამით, შესაძლოა ყველასთვის ხილული გახდეს. ხომ ხედავთ, რა მდგომარეობაში აღმოვჩნდი? ბრბომ დამიჭირა და ის არავითარ შემთხვევაში არ გაუშვებს ნადავლს ხელიდან – ასე იქნება ჩემზე ჩაფრენილი სიცოცხლის ბოლო წუთამდე. მას ჩემი სიკვდილიც ვერ გააჩერებს, საფლავში ჩამყვება (ვფიქრობ ჩემს, აღსასრულსაც მოჰყვება „გაცხოველებული პოლემიკა“).

…………………………………………………….

მერე, ძალიან, ძალიან გვიან ბრბო დაწყნარდება. ჩონჩხს, აბა, რა თავში იხლის?

………………………………………………

აი, ასე ვფიქრობ, ურიგო არ იყო ამის შესახებ საუბარი. მთავარია გაიაზრო, რომ არაფერი შეცვლილა და მაშინ ისეთი უბადრუკი ჟურნალის ტიტინი, როგორიც „ტელერამაა“, არარაობად მოგეჩვენებათ; ყურსაც არ შეიბერტყავთ, როცა ცდილობენ ვან გოგი და არტო თავისი დროის შეზღუდული აზროვნების მარწუხებში მოქცეული ბურჟუაზიული საზოგადოების მსხვერპლად წარმოაჩინონ; ასეთი მოხსენებით როცა გიმასპინძლდებიან, უნდა ვიგულისხმოთ, რომ მსგავსი რამ დღეს შეუძლებელია, რომ ჩვენ ბევრად უფრო განსწავლულები, ღია და ტოლერანტულები გავმხდარვართ.

თანამედროვე დევნა-ნადირობაში ახალი ისაა, რომ მონადირეებმა დაკარგეს სინდის-ნამუსი. სირცხვილის გრძნობისგან უკვე აღარავინ იტანჯება. ზედმეტია ბაასი დელიკატურობასა და ჰუმანიზმზე. მაგალითად, ჩემთვის აუტანელია ჟურნალისტ დემონპიონის მიერ მორგებული ფარისევლური კეთილგანწყობა. იმ უბედურს თავი მართლა ექსპერტი ჰგონია, დამდგარა და უსულგულოდ ნაკუწებად ფლითავს ჩემს სხეულს; შეუძლებელია ამას კაცმა მშვიდად უყუროს. პირადად ჩემში ეს ისეთივე გრძნობას აღძრავს, როგორც ნარწყევი. ნარწყევს რომ დიდხანს უყურო, შეიძლება შენც გული ამოგიტრიალდეს. ასე არ არის? აი, სისხლის დანახვას ბევრად უკეთესად ვიტან; ზიზღსაც შემიძლია გავუძლო; არ გამოვრიცხავ, რომ მშობელი დედის არყოლამ ადამიანი უფრო გააძლიეროს, მაგრამ არავის ვუსურვებ მაინც მსგავსი გზით გაკაჟებასა და გამოწრთობას; სიყვარული მე არასდროს მესახებოდა, როგორც გარდაუვალი მოცემულობა. გულწრფელად რომ გითხრათ, ბოლომდე ვერც ვერასდროს ჩავწვდი მას; მე ბოლომდე დავრჩი „ველურ“, თავისთავში ჩაკეტილ, მოუთვინიერებელ ბავშვად, რომელიც ნებისმიერ დროს მზადაა გიკბინოს.

…………………………………………………………..

ჩავთვალოთ, რომ დღეს დედა არ მყავს. ჩემთვის სინამდვილეში არც არაფერი შეცვლილა. ის არც ადრე მყოლია. თუმცა ვიცოდი, რომ ის ფიზიკურად არსებობდა (ის კია, რომ წარმოდგენა არასდროს მქონია, დედამიწის რომელ ნაწილში იმყოფებოდა). ჩემი და მას ჩემზე უფრო იშვიათად ხვდებოდა. დედა მისთვის ერთგვარი ილუზია, მოჩვენება იყო; მიუხედავად ყველაფრისა, ერთი რამ მაინც ძალიან მაოცებს. ბავშვებს, რომლებიც მამობილებისა და დედობილების ხელში გაიზარდნენ, აუცილებლად უჩნდებათ სურვილი (ეს ძირითადად მოზარდობის მიწურულს ხდება) „ნამდვილი მშობლები“ მოიძიონ; მაშინაც კი, როცა მათ ყურადღება და სიყვარული არ დაჰკლებიათ და გამზრდელთა სახლში თავს ბედნიერად გრძნობდნენ; ამ დროს მიზეზს დაეკითხები და ყველანი უნისონში გიპასუხებენ: ჩვენ გვსურს ვიცოდეთ! ნეტავი რა სურთ იცოდნენ? ზოგიერთები, – თუმცა ეს იშვიათობას წარმოადგენს, – კმაყოფილდებიან მცირე ინფორმაციით დედ-მამაზე, რამდენიმე დეტალით ბიოგრაფიიდან და ამით ამოიწურება ყველაფერი, სიღრმისეული წიაღსვლები გამორიცხულია, მაგრამ უმრავლესობა მაინც ბიოლოგიურ მშობლებთან შეხვედრას ელტვის.

პათეტიკურად, რომანტიკულად განწყობილთა თავში კი სასწაულები ტრიალებს. მათ წარმოსახვაში ეს „ნამდვილი დედა“ არც მეტი, არც ნაკლები პრინცესაა (ეს ემართებათ იმ მოზარდებს, რომლებიც მძიმე პირობებში გაიზარდნენ და „მიმღებ“ ოჯახში თავს მაინცდამაინც ბედნიერად ვერ გრძნობდნენ). ბევრი, რასაკვირველია, სხარტად აზროვნებს და ამ შეხვედრას გონივრულად, რეალურად აღიქვამს. მათ გააზრებული აქვთ, რომ ადამიანი, რომელმაც ის მიაგდო, თავიდან მოიშორა, როგორც დამტვრეული – დალეწილი, გამოუსადეგარი ავეჯი, დიდი მოწიწებისა და პატივისცემის ღირსი ვერ იქნება; ისინი უფრო ზნედაცემულ, უკვე დაჩაჩანაკებულ არსებასთან ან ნაძირალასთან შეხვედრას მოელიან. მიუხედავად ყველაფრისა, მათ სურთ, რომ ეს შეხვედრა ნებისმიერ ფასად შედგეს. ეძებენ, აზუსტებენ ინფორმაციას, უამრავ დროს კარგავენ ადმინისტრაციული ფორმალობების მოგვარებაზე.

ეს ლტოლვა, ძიებანი და შეხვედრები იშვიათად თუ გვირგვინდება ხანგრძლივი ურთიერთობით; ხშირად ყველაფერი ერთადერთი შეხვედრით ამოიწურება. რამდენიმე საათი შეიძლება სრულიად საკმარისი აღმოჩნდეს მთელი დარჩენილი ცხოვრებისათვის. თუ რა ხდება ამ რამდენიმე საათის განმავლობაში, ჩემთვის დღემდე გამოცანად, საიდუმლოდ რჩება; და მაინც, რატომღაც მგონია, რომ მე სხვებზე მეტი შანსი მაქვს მასში ჩაწვდომის.

……………………………………………

უცნაური ის გახლავთ, რომ ბავშვებს სიძულვილი კი არ იპყრობთ, არამედ სრულიად სხვა განცდები, ბევრად უფრო ცივი და ბევრად უფრო სევდიანი.

და, რა თქმა უნდა, აქ გამორიცხულია ლაპარაკი მიტევებაზე. ვაღიარებ, მე პირდაპირ გული მერევა, როცა დედაჩემი ქადაგებს, ჩვენ ერთმანეთს აუცილებლად უნდა მივუტევოთო და ასე შემეგ. როცა ცდილობს, დოსტოევსკის დაუჭიროს მხარი იმაში, რაც მე ყველაზე მეტად მაცოფებს, დედაჩემის პოზიცია ამ შემთხვევაში ჩემთვის წმინდა წყლის ტაკიმასხარაობაა, საეჭვო გემოვნების საჯარო ქილიკია და სხვა არაფერი. აი, ჩემთვის როგორია საგანთა წყობა. დანაშაული მოხდა და ჩვენ ის პატიოსნად უნდა ვაღიაროთ; ამ დანაშაულის შედეგები ჯაჭვური რეაქციის დარად, დღემდე გრძელდება. ჩვენ ასევე უნდა ვაღიაროთ, რომ ეს ბოროტებაა, რომ ის ჩვენ ჩავიდინეთ და რომ შეუძლებელია შეიცვალოს ის, რაც უკვე ჩადენილია; ჩვენ იმის აღიარებაც მოგვიწევს, რომ ეს ბოროტება ლიმიტირებულია; უსასრულო ბოროტება შეიძლება ერთ კონკრეტულ დროსა და სივრცეში შემოფარგლულ ფაქტად გარდაიქმნას; ამგვარად ჩვენ შევეცდებით მიზეზ-შედეგობრივი უსასრულო ჯაჭვის გაწყვეტას, ბოროტებისა და უბედურებათა მუდმივ რეპროდუცირებას.

მავანი უფრო შორს მიდის და ცდილობს ამ ბოროტებაში დასაყრდენი იპოვოს, რათა საკუთარი თავი გამოძერწოს; ის მშობელს უარყოფით მოდელად გარდაქმნის, მავანი კიდევ აღარ ჩერდება და კიდევ უფრო შორს გაიჭრება ხოლმე. მაგალითად, მე ვიცი, რომ ჩემმა დამ (იმედი მაქვს, მომიტევებს აქ რომ მისი სახელი ვახსენე) მუშაობაზეც კი უარი თქვა და მთელი ენერგია თავის მოწოდებას – ოჯახის დედობას შესწირა. ვიცი, რომ ამ სარბიელზე ის წარმატებულია და საერთოდ მსგავსი რამ შესაძლოა ათასიდან მხოლოდ ერთს გამოუვიდეს; მაგრამ ბოროტება შეუძლებელია ფატალურობად აღვიქვათ. ტანჯვა-წამებათა და ბოროტების ჯაჭვი შეიძლება დავამსხვრიოთ.

……………………………

თითქმის ყველა, ისინიც კი, ვისაც მსგავსი ძალა არ გააჩნია, ბიოლოგიურ მშობელთან შეხვედრისგან უზარმაზარ ცოდნასა და გამოცდილებას იღებს. ეს tat tvam asi-ის („შენ ხარ იგი“) ბნელი მხარეც სწორედ რომ ეს არის, შოპენჰაური ამ გაგებას მორალის ქვაკუთხედად მიიჩნევდა, ნათელი მხარე კი – თანაგრძნობაა, ნებისმიერ მსხვერპლთან, ნებისმიერ ტანჯულ არსებასთან ნათესაური კავშირის შეგრძნება.

ბნელი მხარე, დიახ, ნათესაური კავშირის აღიარებაა ბოროტმოქმედთან, ჯალათთან, იმასთან, ვინც ამ ქვეყანას უბედურება დაატეხა თავს.

შენ აღმოჩნდი შენი ბუნების პირისპირ: შენ და მხოლოდ და მხოლოდ შენ ხარ მისი მთავარი მსხვერპლი.

ძნელია აღწერო ის, რაც ამ დროს ხდება, მაგრამ მას არაფერი აქვს საერთო ქრისტიანულ მიმტევებლობასთან; ეს უფრო გაგებაა, სინათლის გადმოფრქვევა და გაცნობიერება. შენ საკუთარ თავში შუამავლის დახმარებით ბოროტებასა და სიკეთეს შეიცნობ, და იბადება სურვილი, რომელიც ძალიან წააგავს ლოცვას, გათავისუფლდე, რამდენადაც ეს შესაძლებელია, ქვენა გრძნობებისაგან, ბოროტი ცდუნებებისაგან.

………………………………….

ვატყობ, კიდევ ცოტაც და ახლოს მივადგები ფილოსოფიას. იმედს ვიტოვებ, რომ ეს შემოვლითი გზა მაინცდამაინც მტანჯველი არ იყო. მეფიქრება, რომ ეს მხოლოდ უბრალო გადახვევა იყო და მე ის გზა უკვე გამოვიარე საბოლოოდ! ისე, უპრიანი იქნებოდა, ყველაფერზე ფილოსოფიური თვალთახედვით გვემსჯელა, მაგრამ მე ნამდვილად არ მეყოფოდა ძალა, ყველაფერი თავიდან დამეწყო. მსურს, რაც შეიძლება სწრაფად გამოგიგზავნოთ ეს წერილი და ერთი სული მაქვს, სანამ თქვენს პასუხს მივიღებ. ერთადერთი რამ, რაც დღესდღეობით ჭეშმარიტი სიხარულით მავსებს, ვაღიარებ, ჩვენი მიმოწერაა.

2008 წლის 12 მაისი

ბერნარ-ანრი ლევი თავის საპასუხო წერილში სპინოზას სევდიანი გატაცებების თეორიაზე დაყრდნობით ბრბოს დამარცხებას წინასწარმეტყველებს.

ეს ყველაფერი მე ზედმიწევნით კარგად მომეხსენება, ძვირფასო მიშელ, ეს ჩემი კარიერის დასაწყისშივე ვიგემე, თქვენ კიდევ, ვატყობ, დაგინდეს, ასე ვთქვათ, შეგიწყალეს, სანამ პირველ რამდენიმე წიგნს გამოუშვებდით.

მე ვიცი, როგორი მოუშუშებელი ჭრილობა შეიძლება ადამიანს ცილისწამებამ, აუგმა და მტკნარმა სიცრუემ მიაყენოს. თავიდან საკუთარ თავს უჩიჩინებ: „არა უშავს, იქონიე მოთმინება, ეს ყველაფერი მალე ჩაივლის. ამ ხატებას მომდევნო წაშლის, ახალი ინფორმაცია გადაფარავს ძველს“. ნურას უკაცრავად, მსგავსი არაფერი ხდება, ყველაფერი რჩება…

© “არილი

Facebook Comments Box