ტანკები
ეძღვნება ქეთა კოვზირიძეს
ფხვიერ მიწაზეც არ ხარობენ
ისე ლამაზად,
როგორც შენს თმაში მზესუმზირები…
***
მე თუ მკითხავენ,
მთელი სამყარო
შენს მზერამდე დაიყვანება…
***
უკუნი ღამის სიჩუმეში
შენი თვალები
გაუგონარ ამბებს ჰყვებიან…
***
მითხარ, ხელები
თრთოლას როგორ გადავაჩვიო,
რომ აღარ ჰკლავდეთ
ზამთრის ქარებში
შენს ხელებთან ყოფნის სურვილი?..
***
მთელი სამყაროს გადაწვა მსურდა,
მაგრამ ვშიშობდი,
ვაი, თუ ალი შენი კაბის კალთას მოედოს?..
***
მომეცი ძალა –
ამ ცხელ ზაფხულში
უშენობის ყინვებს გავუძლო…
***
მე ვქრები, როგორც
წმინდა სანთლის
სუსტი ნათება.
იქნებ, ოდესმე (მოგინდეს და)
ისევ ამანთო…
***
შენ მშობლიური
სახლივით ხარ ჩემთვის, ძვირფასო.
მგონია, ვიცნობ,
შენს კედლებზე
ბზარს თითოეულს…
უკატეგორიო მინიმები
ოქტომბრის ღამე.
მბჟუტავი ლამპა.
მარტოობასა და ჩემ შორის
ჩამდგარა მხოლოდ
აბეზარი ღამის პეპელა…
***
მოვიდა შენი მოგზავნილი
„ისევ მიყვარხარ“
იმ ღამეს
სამჯერ
გამოვყავი ყულფიდან თავი…
პირველი სირცხვილი:
თვალცრემლიანი დედაჩემი
პლუშის დათვს კერავს,
მე რომ დავფლითე კაცთა მოდგმის გადასარჩენად…
ერთხელ დედამ
ჩემთვის ბლინების კეთებისას
დაიწვა ხელი.
ბლინების გემო არ ვიცი და
სირცხვილის მახსოვს…
ავტორის ბოლოსიტყვა:
დაე, ყველაზე უკუნ ღამეში,
შენ, დაკარგულო ადამიანო,
გზა გაგინათოს,
იმ წიგნებით
დანთებული კოცონის ალმა,
ჩვენ რომ დავწერეთ –
ყურებამდე შეყვარებულმა პოეტებმა…
κόρυφη
© არილი