ახალი წიგნები,  თარგმანი,  რეცენზია

მიხეილ ციხელაშვილი – თანამედროვე ქართველი ავტორები უცხო ენებზე

georgian books

არგენტინა, ლიტვა, ისლანდია, ახალი ზელანდია – ეს იმ ქვეყნების მცირე ჩამონათვალია, რომლებმაც ბოლო წლებში ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე, სტუმარი ქვეყნის სტატუსით, საკუთარი კლასიკური თუ თანამედროვე ლიტერატურა წარადგინეს, ძალიან მალე კი მათ რიცხვში საქართველოც ჩაეწერება.

დიდი დაკვირვება არ სჭირდება იმას, რომ ფრანკფურტის ბაზრობა ძირითადად მაინც გამომცემელთა და აგენტთა ბაზრობაა და აქ სხვადასხვა ქვეყნებიდან უმეტესად იმისთვის ჩამოდიან, რომ უფრო კარგად გაეცნონ იმას, თუ რა იწერება და რა იყიდება ბაზრობიდან ბაზრობამდე, რა სიახლეებია და ვისი სახელები ჩნდება მსოფლიო ლიტერატურულ რუკაზე, მაგრამ, ფაქტია, რომ თავად ბაზრობაც ახდენს გავლენას ამა თუ იმ ქვეყნის ლიტერატურაზე და ვინც კარგად იყენებს ფრანკფურტში სტუმრობის შანსს, მსოფლიოში თავის ლიტერატურულ ნიშნულსაც ამყარებს, აღადგენს ან სულაც – აჩენს. ეს კი თავისთავად ზრდის ქვეყანაში მოღვაწე ავტორთა ცნობადობასა და წარმატებას. ჩვენც ყველას გვსურს, რომ ქართველი მწერლები უცხოელ მკითხველთა ხელში აღმოჩნდნენ, თუმცა ამისათვის მინიმუმ ერთი მთავარი მოთხოვნა მაინც უნდა იქნას დაკმაყოფილებული – ისინი სხვადასხვა ენებზე უნდა ითარგმნონ.

ამ პროცესის მხარდასაჭერად, 2013 წელს განხორციელებული ორი პროექტია აღსანიშნავი: ერთი მხრივ, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ სამჯერ უფრო მეტი ბიუჯეტი გამოყო სხვადასხვა ქართული წიგნის უცხოური თარგმანებისთვის (როგორც სამინისტროში ამბობენ, 2014 წელს ბიუჯეტი მილიონ ლარამდე გაიზრდება), მეორე მხრივ კი პროცესი წაახალისა TBC ბანკმაც, რომელმაც ლიტერატურულ პრემიაზე „საბა“ ახალი ნომინაცია დაამატა – „ქართული ნაწარმოების საუკეთესო უცხოური თარგმანი“. მიუხედავად ამისა, ბოლო წლების განმავლობაში მიღწეული შედეგი არცთუ ისე სახარბიელოა, თუნდაც იმ ფონზე, რომ 300 000-იანი ისლანდია ასობით ნათარგმნი წიგნით წარდგა ფრანკფურტში, მაშინ როცა ჩვენ, ოთხმილიონიანი და უძველესი ლიტერატურული ტრადიციების მქონე ქვეყანა, ჯერ ამ შედეგის ნახევარსაც არ მივახლოვებულვართ.

რა ითარგმნა და გამოიცა ბოლო წლებში და რამდენი წიგნია საჭირო, რომ ფრანკფურტში სტუმრობა წარმატებული გამოდგეს? ამ კითხვაზე რთულია პასუხის გაცემა, თუმცა ბოლო სამი წლის მონაგარის გადასახედად დიდი დრო ნამდვილად არ დაგვჭირდება; პირველ რიგში ლაშა ბუღაძის „ნავიგატორის“ წარმატება უნდა გაგვახსენდეს BBC-ს რადიოპიესების კონკურსში. ტექსტი მაია ყიასაშვილმა თარგმნა და მისი წყალობით ქართველმა ავტორმა პირველად მოახერხა კონკურსის მთავარი ჯილდოს მოპოვება.

„ნავიგატორს“ ფეხდაფეხ მიჰყვა თამთა მელაშვილის „გათვლა“, რომელიც, საბედნიეროდ, სრულიად ახალი ხილი გამოდგა ევროპისათვის. წიგნმა გარკვეულწილად მოახერხა და ქართული ლიტერატურული ბაზრისადმი ინტერესი ისევ შემოატრიალა. ყველაზე დიდ წარმატებას კი ფრანკფურტის წლევანდელ ბაზრობაზე მიაღწია, სადაც Abzählen – როგორც მას გერმანულ თარგმანში ჰქვია – 2013 წლის საუკეთესო ახალგაზრდულ წიგნად დაასახელეს. „გათვლა“ Unionsverlag-მა გამოსცა, ნათია მიქელაძე-ბახსოლიანის თარგმანში. სხვათა შორის, ეს ის ქალბატონია, რომელმაც 2006 წელს გამომცემლობა Pendo-სთვის გერმანულად აკა მორჩილაძის „სანტა-ესპერანსა“ თარგმნა და ამ შრომებისათვის  „საბას“ ახალი ნომინაციის პირველი გამარჯვებულიც სრულიად დამსახურებულად გახდა.

„გათვლას“ შემდეგ, 2012 წლიდან ქართული ნაწარმოებების უცხო ენებზე თარგმნა ახალ ტემპს კრეფს; თუკი ანთოლოგიებიდან აქამდე მხოლოდ მანანა თანდაშვილის მიერ გერმანულად თარგმნილი Georgische Gegenwartsliteratur 2011 გვქონდა, ჯერ 2012 წლის მაისში ამერიკულმა Dalkey Archive Press-მა განახორციელა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამოცემა (Contemporary Georgian Fiction  2012),  მოგვიანებით, 2013 წლის თებერვალში კი, ლაიპციგის წიგნის ბაზრობისთვის გერმანულად ქართველ პროზაიკოს ქალთა ანთოლოგიაც „იაგუარების ტექნო“ ითარგმნა. 2013 წლის მიწურულს მნიშვნელოვანი კრებული შეადგინეს შვედეთშიც. ქართული მოთხრობების ანთოლოგია „Goris Fästning“ Tranan-მა გამოსცა. მოთხრობები გამომცემელმა ბაკურ სულაკაურმა შეარჩია, თარგმანი კი თავის თავზე თამარ მაისურაძემ აიღო.

2012 წლის აგვისტოში გერმანიაში გამოიცა დათო ბარბაქაძის ერთ დროს გახმაურებული ტექსტი „ტრფობა წამებულთა“. წიგნი შტეფი და არჩილ ხოტივარებმა თარგმნეს.

არაერთ ენაზე ითარგმნა #1 ქართული ბესტსელერიც – დათო ტურაშვილის „ჯინსების თაობა“. წიგნი ჯერ საქართველოშივე გამოიცა ინგლისურ და რუსულ ენებზე “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის” მიერ, მოგვიანებით კი თვითმფრინავის ბიჭების საქმე თურქეთში, ჰოლანდიასა და ხორვატიაში დაისტამბა. სულ ბოლოს კი, 2013 წლის მიწურულს, წიგნი იტალიურმა Palombi Editori-მაც გამოსცა. „ჯინსების თაობის“ გამოცემაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს გერმანულ მხარესთანაც.

2011 წლის პოლონური და რუსული გამოცემების შემდეგ, ზაზა ბურჭულაძის adibas-ს ამჯერად უკვე აშშ-შიც წაიკითხავენ. გურამ სანიკიძის ნათარგმნ რომანს 2014 წლის იანვარში Dalkey Archive Press გამოსცემს. აღნიშნული გამომცემლობა ზაზა ბურჭულაძესთან ერთად მკითხველს კიდევ სამ ქართველ ავტორს წარუდგენს: ზურაბ ქარუმიძეს – ინგლისურენოვანი რომანით Dagny or a Love Feast, აკა მორჩილაძეს – წიგნით „მოგზაურობა ყარაბაღში“ და ლაშა ბუღაძეს  – „ლიტერატურული ექსპრესით“. „ლიტერატურული ექსპრესი“ ინგლისურ ენაზე უკვე გამოიცა საქართველოშიც, მაია ყიასაშვილის თარგმანით.

თანამედროვე ავტორებთან ერთად, საზღვრებს გარეთ მე-20 საუკუნის ორი კლასიკოსი ავტორიც გავიდა. ქართველოლოგ დონალდ რეიფილდის მიერ ნათარგმნი ოთარ ჭილაძის „გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“ ჯერ კიდევ 2012 წელს გამოსცა ბრიტანულმა Garnett Press-მა. 2013 წლის ივნისში კი იმავე გამომცემლობაში რეიფილდის მორიგი თარგმანი – ჭილაძის „აველუმი“ – გამოიცა. ამავე თაობის წარმომადგენლებიდან, რამდენიმე კვირის წინ, დეკემბრის დასაწყისში, ჯემალ ქარჩხაძის „ანტონიო და დავითის“ წაკითხვაც გახდა შესაძლებელი – ამჯერად უკვე შვედურ ენაზე.

აღნიშნული წიგნების უმეტესობა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ გამოყოფილი ბიუჯეტის საშუალებით ითარგმნა. ჯამში 21 თარგმანი დაფინანსდა, რომელთა შორისაც 15 უკვე წიგნადაც გამოიცა. ზაზა ბურჭულაძის „გასაბერი ანგელოზი“ ფრანგულმა გამომცემლობამ L’Age d’Homme-მ დასტამბა, გერმანიაში ანა კორძაია-სამადაშვილის „მე მარგარიტა“ და ბესო ხვედელიძის „ფერფლის გემო“ ითარგმნა, შვედეთის უდიდესი გამომცემლობა BONNIER-ის შვილობილმა 2244-მა კი, რომელიც შავიზღვისპირა ლიტერატურის ერთ-ერთი უმთავრესი გამავრცელებელია სკანდინავიაში, მკითხველს აკა მორჩილაძის „ძველი გულებისა და ხმლისა“ წარუდგინა. წიგნს თარგმანში Spegelriket, ანუ „სარკის სამეფო“ ჰქვია. გამოიცა მაგარ ყდაში, სუპერით. ნაბეჭდი ვერსიის გარდა, წიგნის ელექტრონულ ფორმატში შეძენაც არის შესაძლებელი.

2013 წელი წარმატებული გამოდგა დავით დეფისთვისაც, რომლის ორი მოთხრობა („სკამი“ და „იასამნისფერი ლეკვი თეთრ ტილოზე) და სამი რომანი („ბაღები და ეშმაკთა სამკვიდრო“, „სიტყვები, სიტყვები, სიტყვები“ და „დილა სასწაულების წინ“) ბრაზილიაში გამომცემლობა Lumme-მ პორტუგალიურად  გამოსცა. 2014 წელს ბრაზილიაშივე გამოიცემა კიდევ ორი ძალიან კარგი ქართული წიგნი: ახალგაზრდა ილუსტრატორების სოფო კირთაძისა და ეკა ტაბლიაშვილის მიერ შექმნილი „ზოლემია“ და „პატარა ობობას საათი“.

2014-ში საზღვარს გადაკვეთს აკა მორჩილაძის კიდევ ერთი რომანი; აზერბაიჯანში მადათოვის ტრილოგიის პირველი წიგნი „გადაფრენა მადათოვზე და უკან“ გამოვა. ასევე ცნობილია, რომ იტალიურმა Delvecio-მ 2013 წელს obOle-ს გამოცემის უფლებები შეიძინა, აი, თავად წიგნი როდის გამოიცემა, ეს მხოლოდ ამ გამომცემლობაში იციან.

სამინისტროს მომავალი წლის პროექტების ნაწილიდან უკვე გამზადდა ერლომ ახვლედიანის წიგნის „კოღო ქალაქში“ ფრანგული თარგმანი და ზაზა ბურჭულაძის „გასაბერი ანგელოზის“ გერმანული თარგმანი. ტექსტების გამოცემებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს რამდენიმე ევროპულ გამომცემლობასთან.

მოკლედ, როგორც იტყვიან, „ყინული დაიძრა“, აწი უკვე სამინისტროზე, მწერლებსა და გამომცემლობებზეა ყველაფერი დამოკიდებული.  ჩვენს სტუმრობამდე რომ დიდი დრო აღარ დარჩა, ესეც არაა რთული მისახვედრი, ამიტომაც ისღა დაგვრჩენია თვალი ვადევნოთ ლიტერატურაში მიმდინარე პროცესებს და იმედი ვიქონიოთ, რომ ეს პროცესი ტემპს გააათმაგებს და ფრანკფურტში ბევრი ახალი თარგმანით გავემგზავრებით.

2011

ანთოლოგია, Georgische Gegenwartsliteratur,  გერმანია, მანანა თანდაშვილი, Reichert Verlag, 2011.

ზაზა ბურჭულაძე, adibas, პოლონეთი, მაგდალენა ნოვაკოვსკა, Claroscuro, 2011.

ზაზა ბურჭულაძე, adibas, რუსეთი, გურამ სანიკიძე, Ад Маргинем Пресс, 2011.

გალაკტიონ ტაბიძე , რჩეული პოემები, დიდი ბრიტანეთი, ინესა მერებაშვილი, Nottingham: Critical, Cultural and Communications Press, 2011.

ლაშა ბუღაძე, ნავიგატორი, დიდი ბრიტანეთი, მაია ყიასაშვილი, ნაწარმოები არ გამოცემულა, ითარგმნა მხოლოდ კონკურსისათვის, 2011.

ხალხური, ქართული ზღაპრები, საფრანგეთი, მაია ვარსიმაშვილი, Paris: l’Harmattan, 2011.

2012

ოთარ ჭილაძე, გზაზე ერთი კაცი მიდიოდა, დიდი ბრიტანეთი, დონალდ რეიფილდი, Garnett Press, 2012.

ანთოლოგია, Contemporary Georgian Fiction , აშშ, ელიზაბეთ ჰეივეი, Dalkey Archive Press, 2012.

ზურა ქიქოძე & გაგა ნახუცრიშვილი, მუუ, საფრანგეთი, ნათია ფარცხალაძე, L’espace d’un instant, 2012.

დათო ტურაშვილი, ჯინსების თაობა, თურქეთი, ფაჰრეტინ ჩილოღლუ, EZGI kitabevi, 2012.

თამთა მელაშვილი, გათვლა, გერმანია, ნათია მიქელაძე-ბახსოლიანი, Unionsverlag, 2012.

დათო ბარბაქაძე, ტრფობა წამებულთა, გერმანია, შტეფი და არჩილ ხოტივარები, SuKuLTuR-Verlag, 2012.

ირმა შიოლაშვილი, ლექსების კრებული “ფოთლების ხიდი”, გერმანია, ირმა ქიმერიძე, იოაჰიმ ბრიცე, POP-Verlag, 2012.

2013

ანა კორძაია სამადაშვილი, მე მარგარიტა, გერმანია, სიბილა ჰეინცე, Verlag Hans Schiler, 2013.

ზაზა ბურჭულაძე, გასაბერი ანგელოზი, საფრანგეთი, თამარა ყუბანეიშვილი, L’Age d’Homme, 2013.

ბესო ხვედელიძე, მოთხრობების კრებული “ფერფლის გემო”, გერმანია, მანანა თანდაშვილი, Erata, 2013.

დათო ტურაშვილი, ჯინსების თაობა, ჰოლანდია, ინგრიდ დეგრაევე, Cossee, 2013.

დათო ტურაშვილი, ჯინსების თაობა, ხორვატია, ლაურა შაკაია, Sandorf, 2013.

დათო ტურაშვილი, ჯინსების თაობა, იტალია, ქეთევან ჩარკვიანი, Palombi Editori, 2014.

ანთოლოგია, “იაგუარების ტექნო”, გერმანია, მანანა თანდაშვილი, იოსტ გიპერტი, Frankfurter Verlagsanstalt, 2013.

ვაჟა-ფშაველა, პოემები, დიდი ბრიტანეთი, დონალდ რეიფილდი, საქართველო, 2013.

ვაჟა-ფშაველა, პოემები, გერმანია, ჰ. გიუნტერი, რუთ ნოიქომი, საქართველო, 2013.

ვაჟა-ფშაველა, პოემები, საფრანგეთი, გასტონ ბუაჩიძე, საქართველო, 2013.

შოთა რუსთაველი, ვეფხისტყაოსანი, საფრანგეთი, სერგი წულაძე, საქართველო, 2013.

შოთა რუსთაველი, ვეფხისტყაოსანი, დიდი ბრიტანეთი, მარჯორი უორდროპი, საქართველო, 2013.

ანთოლოგია, “გორის ციხე”, შვედეთი, თამარ მაისურაძე, Tranan, 2013.

ოთარ ჭილაძე, აველუმი, დიდი ბრიტანეთი, დონალდ რეიფილდი, Garnett Press, 2013.

აკა მორჩილაძე, ძველი გულებისა და ხმლისა, შვედეთი, თამარ მაისურაძე, 2244 (Bonnier), 2013.

ჰაინალკა ბაბირაკი, კავკასიური საქართველო, უნგრეთი, ავტორმა ტექსტი უნგრულ ენაზე დაწერა, L’Harmattan Kiadó, 2013.

დავით დეფი, სკამი, ბრაზილია, ფაბიო ბენსუსენი, Lumme, 2013.

დავით დეფი, დილა სასწაულების წინ, ბრაზილია, ფაბიო ბენსუსენი, Lumme, 2013.

დავით დეფი, იასამნისფერი ლეკვი თეთრ ტილოზე, ბრაზილია, ფაბიო ბენსუსენი, Lumme, 2013.

დავით დეფი, სიტყვები სიტყვები სიტყვები, ბრაზილია, ამარილის ანჩიეტა, ლუჩია ჰუგუენეი, ეკლაირ ანტონიო ალმეიდა ფილო, Lumme, 2013.

დავით დეფი, ბაღები და ეშმაკთა სამკვიდრო, ბრაზილია, ამარილის ანჩიეტა, ლუჩია ჰუგუენეი, ეკლაირ ანტონიო ალმეიდა ფილო, Lumme, 2013.

ჯემალ ქარჩხაძე, ანტონიო და დავითი, შვედეთი, ნილს ჰოკანსონი, Ruin, 2013.

2014

ზაზა ბურჭულაძე, adibas, აშშ, გურამ სანიკიძე, Dalkey Archive Press, 2014.

ზურაბ ქარუმიძე, Dagny or a Love Feast, აშშ, ავტორმა ტექსტი ინგლისურ ენაზე დაწერა, Dalkey Archive Press, 2014.

ლაშა ბუღაძე, ლიტერატურული ექსპრესი, აშშ, მაია ყიასაშვილი, Dalkey Archive Press, 2014.

აკა მორჩილაძე, მოგზაურობა ყარაბაღში, აშშ, ელიზაბეთ ჰეივეი, Dalkey Archive Press, 2014.

აკა მორჩილაძე , გადაფრენა მადათოვზე და უკან, აზერბაიჯანი, მთარგმნელი არ არის ცნობილი, ელატორანი, 2014.

სოფო კირთაძე, ზოლემია, ბრაზილია, Herta educacao LTDA, 2014.

ეკა ტაბლიაშვილი, პატარა ობობას საათი, ბრაზილია, Herta educacao LTDA, 2014.

აკა მორჩილაძე, obOle, იტალია, Delvecio.

ერლომ ახვლედიანი, კოღო ქალაქში, საფრანგეთი.

ზაზა ბურჭულაძე, გასაბერი ანგელოზი, გერმანია.

© “არილი

Facebook Comments Box