ახალი ამბები

მსოფლიო ხმების ფესტივალი 2023

მწერალი თამთა მელაშვილი „პენ ამერიკის მსოფლიო ხმების ფესტივალის” მონაწილეა.

მასშტაბური საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი გაიმართება ნიუ-იორკსა და ლოს-ანჯელესში 10-13 მაისს. თამთა მონაწილეობას მიიღებს დისკუსიაში „ქალი მწერლები ომის შესახებ”.

„ომის შესახებ ძირითადად მამაკაცი ავტორები წერენ, თუმცა ქალები უფრო და უფრო ხშირად მოგვითხრობენ ამბებს კონფლიქტის ცხელი წერტილებიდან; წერენ მოთხრობებს, მემუარებს, პოეტურ კრებულებს და პიესებს ომის შესახებ… მათი შემოქმედება „ომის ლიტერატურის” მნიშვნელოვანი ნიმუშია. ეს პანელი წარმოგიდგენთ მწერლებსა და ვიზუალურ არტისტებს, რომლებიც აღწერენ საომარ კონფლიქტებს და მათ გამანადგურებელ ეფექტს საზოგადოებაზე” – ვკითხულობთ ღონისძიების აღწერაში.

ღონისძიების მოდერატორი იქნება პულიცერის პრემიის ლაურეატი პოეტი და ადამიანის უფლებათა დამცველი ქეროლაინ ფორშე. დისკუსიაში მონაწილეობას თამთა მელაშვილთან ერთად მიიღებენ აბა ბედკენი, მარჯან მოღადამი და ლუსინე ხარატიანი.

2023 წლის პროგრამის მონაწილეებს შორის არიან ოტესა მოშფე, სამანტა შვებლინი, ჯერემაია მოსი, როქსან გეი, რეიჩელ კუშნერი, გიტანჯალი შრი, მეგი სმიტი, ჰალიდ ჰოსეინი, ბენ ოკრი და სხვა.

მსოფლიო ხმების ფესტივალი 2004 წელს დააარსეს სალმან რუშდიმ, მაიკლ რობერტსმა და ესთერ ალენმა მსოფლიო ლიტერატურისა და მწერლების გასაერთიანებლად.

ფესტივალის ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ, რომ მისი დაარსება 11 სექტემბრის მოვლენებს უკავშირდება და დაარსების მიზანი იყო აშშ-ს იზოლაციონიზმის დაძლევა, ამერიკასა და მსოფლიოს შორის დიალოგის მეტი შესაძლებლობის შექმნა.

ფესტივალი ყოველწლიურად სხვადასხვა თემაზეა ფოკუსირებული. მაგალითად, წელს ხაზგასმული იქნება დიდი მწერლობისა და ამბის თხრობის მნიშვნელობა ისეთ დროს, როცა ადამიანთა ჯგუფები თავს ესხმიან სიტყვის თავისუფლებას, მოითხოვენ ცენზურის გამკაცრებასა და გაჩუმებას, რასაც მოწმობს ბოლოდროინდელი ტენდენციები. წელს ფესტივალი ასზე მეტ მწერალს გააერთიანებს 27 ქვეყნიდან და ეს შეკრება იქნება შეხსენება, რომ წიგნები და ლიტერატურა აუმჯობესებს და ცვლის ჩვენს ცხოვრებას და ეფექტური ანტიდოტია ცენზურის ეპოქაში.

ფესტივალი, გარდა უკვე ხსენებული ღონისძიებისა, კიდევ არაერთ საინტერესო დისკუსიას მოიცავს.

მაგალითად, ჯონ ირვინგის და ჩარმეინ კრეიგი ისაუბრებენ თემაზე – „ამბები, რომლებიც რჩება: მწუხარება, ლეგიტიმაცია და სექსუალური პოლიტიკა ლიტერატურაში“. ასევე გაიმართება დისკუსია თემაზე – „ქალები, ცხოვრება, თავისუფლება – ხელოვნების როლი ადამიანთა უფლებებისთვის ბრძოლაში“.

13 მაისს რამდენიმე უკრაინელი მწერალი ომის შესახებ ისაუბრებს, ასევე განხილვის საგანი იქნება თემები – „ისტორიის ჩრდილში დგომა“ და „გაქცევა ტირანიისგან“.

საინტერესოა ისიც, რომ წელს ხელოვნური ინტელექტის როლისა და შესაძლებლობების შესახებაც ილაპარაკებენ. 2022 წლის ნოემბერში OpenAI-მ გამოუშვა ChatGPT, რამაც გაახშირა დისკუსიები ხელოვნური ინტელექტის ფუნქციაზე, მისი განვითარების შედეგებზე, საფრთხეებზე… მწერლები განიხილავენ, რას შეიძლება ნიშნავდეს ლიტერატურისთვის მისი ასეთი განვითარება.

„ვიგრძენით, რომ ასეთი ტიპის დისტანცია ამერიკასა და მსოფლიოს შორის არც ამერიკისთვის იყო კარგი და არც დანარჩენი მსოფლიოსთვის“ – ამბობდა სალმან რუშდი ფესტივალის დაარსების შემდეგ.

მსოფლიო ხმების ფესტივალმა დაარსების შემდეგ ასობით ავტორი და ინტელექტუალი გააერთიანა ათეულობით ქვეყნიდან. ამ ხნის მანძილზე იგი ყოველთვის ეხმაურებოდა ძირითად ტენდენციებსა და მოვლენებს.

ფესტივალის დირექტორი აღნიშნავდა, რომ მათი მიზანი იყო წაკითხული ტექსტებისა და იმ ამბების დაკავშირება, რომლებიც საინფორმაციო გამოშვებებში ისმის, რომლებსაც სადილისას განიხილავენ მეგობრებთან, რომლებზეც სოციალურ ქსელებში წერენ და ა. შ.

წელს ძირითადი თემები იქნება კლიმატური ცვლილებები, იმიგრაცია, გენდერული უთანასწორობა, ნაციონალიზმი და დემოკრატიის მომავალი და, როგორც უკვე ვახსენეთ, შეეხებიან დრამატულ სტატისტიკას, რომელიც ბოლო დროს სკოლებსა და ბიბლიოთეკებში გააქტიურებულ ცენზურაზე მიანიშნებს. გასულ წელს ისეთი გამორჩეული ავტორების წიგნები აიკრძალა, როგორებიც არიან: ტონი მორისონი, არტ შპიგელმანი, კურტ ვონეგუტი და სხვ.

აღსანიშნავია ისიც, რომ პანდემიის შემდეგ პირველი შემთხვევაა, როცა ფესტივალი ამ ფორმატით ტარდება (2020-2021 წლებში ღონისძიებები ონლაინ ჩატარდა).

პენ ამერიკის აღმასრულებელი დირექტორის, სუზენ ნოსელის თქმით, იზოლაციონიზმმა პანდემიის დროს ახალი მნიშვნელობა შეიძინა და კრიტიკულად მნიშვნელოვანია ხალხის პირისპირ შეკრება, ყველა იმ შეკითხვის ფონზე, რომელთა პასუხებსაც ვეძებთ.

© არილი

Facebook Comments Box